28 სექტემბერი, 2023 წელი,
საქმე №ას- 168-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შ.გ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, დამსაქმებელი ან სააგენტო) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ნოემბრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც შ.გ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის 2019 წლის 23 დეკემბრის N04-880/კ ბრძანება; სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის - 3600 ლარის (კანონით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით) გადახდა დაეკისრა.
კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:
1.1. კასატორის მტკიცებით, დასაქმებული დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა კანონიერად, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ა“ და „ო“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ კი, სრულად არ გამოიკვლია და შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც შედეგად მოჰყვა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება (იხ. საკასაციო საჩივარი).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტში თანამშრომელთა დანიშვნის შესახებ 2018 წლის 9 ოქტომბრის N04-597/კ ბრძანებით, მოსარჩელე 2018 წლის 10 ოქტომბრიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტში, უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნა და მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება - 900 ლარით განისაზღვრა.
4.4. დამსაქმებლის 2019 წლის 23 დეკემბრის ბრძანებით, საშტატო განრიგისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 24 იანვრის N04/-197/ო ბრძანებაში, განხორციელდა ცვლილება და დამტკიცდა ახალი საშტატო ნუსხა, რომელშიც დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტი არ გათვალისწინებულა.
4.5. 2019 წლის 20 დეკემბრის N04-22593 ბრძანებით, დამსაქმებელმა მოსარჩელეს აცნობა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ა“ და „ო“ ქვეპუნქტებისა და 38.2 მუხლის საფუძველზე, 2019 წლის დეკემბრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე.
4.6 დამსაქმებლის 2019 წლის 23 დეკემბრის ბრძანებით, მოსარჩელე 2019 წლის 26 დეკემბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მიეცა კომპენსაცია - 1411,20 ლარი.
5. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი შედეგის - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 2.1 (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ) და 2.2 (შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით), 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება), 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) (სადავო ბრძანების გამოცემისას არსებული რედაქცია), (სადავო ბრძანების გამოცემის მომენტისთვის მოქმედი რედაქცია) ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.
6. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ბრძანების მიხედვით, მოსარჩელის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო რეორგანიზაცია, რაც ემყარება სადავო ბრძანების გამოცემის დროისათვის მოქმედ სშკ-ის 37.1 მუხლის „ა“ და (რომლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის, სამუშაო ძალის შემცირებას (სშკ-ის მოქმედი რედაქციით 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) „ო“ ქვეპუნქტებს (სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას).
7. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, რეორგანიზაცია დასაქმებულთა სამსახურიდან განთავისუფლების თავისთავადი საფუძველი არ არის, არამედ, საჭიროა, ცვლილებები წარმოშობდეს სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობას (შდრ. სუსგ. №ას-224-224-2018).
8. საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი).
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს მყარად დადგენილ პრაქტიკაზე, რომელიც შრომით დავებში მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს - შრომითი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს.
მოსარჩელე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას, შესაბამისად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ნების გამოვლენა განაპირობა სამუშაო ძალის შემცირებამ, კადრების ოპტიმიზაციამ, ფინანსურმა სიძნელეებმა, დამსაქმებელს ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი.
8.1. დამსაქმებელმა რეორგანიზაციის საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს კუმულაციურად უნდა დაასაბუთოს და დაამტკიცოს შემდეგი წინაპირობები: ის აუცილებლობა, რომელიც შესაძლოა ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდეს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისათვის; შტატების რეალურად და კანონთან შესაბამისად შემცირების ფაქტი - კერძოდ, რეორგანიზაციის ფაქტობრივად განხორციელება კანონის შესაბამისად ისე, რომ პროცესში არ მოხდეს თვალთმაქცურად არასასურველი მუშაკების განთავისუფლება (შდრ. სუსგ №ას-1329-2018, 22.02.2019წ). დამსაქმებელმა უნდა წარმოაჩინოს თანმიმდევრული სურათი, რომელიც გონიერ დამკვირვებელს დაარწმუნებს მთელი ამ პროცესის სისწორესა და კანონიერებაში.
8.2. სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოში“ რეორგანიზაციის წარმართვას საფუძვლად დაედო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც დევნილთა და ეკომიგრანტთა საკითხებთან დაკავშირებული კომპეტენციები ამოღებულ იქნა აღნიშნული სააგენტოს უფლებამოსილების სფეროდან და გადაეცა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს.
8.3. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასა და განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის N487 დადგენილების მე-3 მუხლით დადგინდა, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების შეუფერხებლად განხორციელებისა და პროცესების უწყვეტობის მიზნით, ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულმა უფლებამონაცვლე ორგანიზაციებმა, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შესაბამისი თანამშრომლების (შტატით დასაქმებულ და/ან შტატგარეშე მომუშავეთა) უკონკურსოდ გადაყვანა/დანიშვნა შესაბამის თანამდებობებზე, არაუგვიანეს 2019 წლის 31 დეკემბრისა.
8.4. ამდენად, საგულისხმოა კანონმდებლის ნება - თანამშრომელთა განთავისუფლების ნაცვლად მათ მიერ საქმიანობის ახლადფორმირებულ სააგენტოში გაგრძელების შესახებ, რაც ნორმატიულადაც აისახა ხსენებულ დადგენილებაში.
8.5. კანონმდებელს, რეორგანიზაციის დაგეგმვისას, ამავე რეორგანიზაციის მიზნების გათვალისწინებით, ერთმნიშვნელოვნად ჰქონდა გაცხადებული, რომ ორგანიზაციული ცვლილებები საკადრო შემცირებებს საფუძვლად არ უნდა დადებოდა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, რეორგანიზაციის განმახორციელებელი სუბიექტის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს პოზიცია, რომ ორგანიზაციულმა ცვლილებებმა განაპირობა სამუშაო ძალის შემცირება, დაუსაბუთებელია.
8.6. ამასთან, მართალია, დევნილთა და ეკომიგრანტთა საკითხებთან დაკავშირებული უფლებამოსილებების ჩამორთმევამ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ობიექტურად გაუქარწყლა ამ სფეროში დასაქმებულთა ყოლის საჭიროება, თუმცა შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტა ერთადერთ გამართლებულ გადაწყვეტილებას ნამდვილად არ წარმოადგენს, ვინაიდან დამსაქმებლის უფლებამოსილების სფეროდან კანონმდებელმა გარკვეული ფუნქციები ამოიღო, მაგრამ არა ამ უფლებამოსილებათა გაუქმების, არამედ მესამე პირზე გადაცემის გზით, შესაბამისად, თუ მოპასუხე სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობაზე აპელირებს მარტოოდენ საკუთარი პერსპექტივიდან - ბუნებრივია, დევნილთა და ეკომიგრანტთა საკითხებთან დაკავშირებული ფუნქციების განმახორციელებელი თანამშრომლები უშუალოდ სოციალური მომსახურების სააგენტოს აღარ ესაჭიროებოდა, მაგრამ ასეთი საჭიროება წარმოეშვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, რომელსაც კანონმდებლობით დაუწესდა ვალდებულება, აღნიშნული შრომითი საჭიროება შეევსო სოციალური მომსახურების სააგენტოში შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანის გზით შესაბამის თანამდებობებზე.
8.7. დაგენილია, რომ ორივე სააგენტო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირია და უფლებამოსილებათა გადაცემის პროცესიც ერთობლივ და კოორდინირებულ საქმიანობას უნდა დაფუძნებოდა, მათ შორის თანამშრომელთა შენარჩუნების კომპონენტშიც. მით უმეტეს, რომ საკანონმდებლო დონეზე განმტკიცებულმა თანამშრომლების შენარჩუნების ინტერესმა გარკვეული სამოქმედო გეგმა და ქცევის სტანდარტი დაუსახა როგორც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ისე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, თუმცა აღნიშნულის საპირისპიროდ დამსაქმებელმა სსიპ სოციალური მომსახურის სააგენტომ დასაქმებულის საშტატო ერთეულის გაუქმება მოახდინა იმ დროს, როდესაც უფლებამონაცვლე სააგენტოში საკადრო ცვლილებების განხორციელების პროცესი დასრულებული იყო;
კერძოდ, უდავოა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის №01-109/ნ ბრძანების თანახმად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ფუნქციონირება დაიწყო 2019 წლის 1 დეკემბრიდან, ხოლო დამსაქმებლის მიერ გამოცემული სადავო ბრძანებითა და მის მიერ განხორციელებული რეორგანიზაციის გზით დასაქმებული სამსახურიდან 2019 წლის 26 დეკემბრიდან გათავისუფლდა.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კეთილსინდისიერება კერძოსამართლებრივ ურთიერთობათა ქვაკუთხედი და კანონით პირდაპირ განუსაზღვრელ უფლება-მოვალეობათა სამართლიანი ბალანსირების ნორმატიული ინსტრუმენტია, რომელიც ემსახურება სამართლიანი შედეგების დადგომას და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებას (იხ. სუსგ №ას-23-18-2011).
კეთილსინდისიერების პრინციპი ურთერთობის მონაწილეთა ქცევის მართლზომიერების საზომია და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი სუბორდინაციული ურთიერთობების მოწესრიგებისას, როგორიც შრომითი ურთიერთობაა. დამსაქმებელს, რომელიც ისედაც დომინირებულ პოზიციაშია დასაქმებულთან მიმართებით, მართებს შრომითი ურთიერთობის მთელ პერიოდში და განსაკუთრებით, ურთიერთობის დასრულების ეტაპზე, გულისხმიერად ეკდებოდეს დაქვემდებარებულთა შრომით უფლებებს და სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას იყოს საფუძვლიანად დარწმუნებული, რომ ურთიერთობის შეწყვეტა არის ,,Ultima Ratio", ესე იგი, ერთადერთი გონივრული და უკიდურესად საჭირო ღონისძიება.
10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ კეთილსინდისიერების ვალდებულება შესრულებულად მიიჩნეოდა იმ შემთხვევაში, თუ კასატორის მხრიდან წარმოდგენილი იქნებოდა მტკიცებულებები, რომ საკუთარ დასაქმებულთა უკონკურსო გადაყვანის მიზნებისათვის გარკვეულ ღონისძიებებს მიმართა - შესთავაზა სააგენტოს არსებული კადრები და რეკომენდაცია გაუწია მათ გადაყვანას, ამ მიმართულებით აწარმოა კომუნიკაცია და კონსულტაციები, ხოლო აღნიშნული ძალისხმევის მიუხედავად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს თანამშრომელთა სრული შემადგენლობით უკონკურსოდ გადაყვანის ნება არ გამოუვლენია.
საქმის მასალებში არ მოიპოვება არავითარი მტკიცებულება მოსარჩელესთან მიმართებით ზემოაღნიშნული სტანდარტის შესაბამისად კასატორის მოქმედების დასადასტურებლად, უფრო მეტიც, უდავოა, რომ სხვა თანამშრომლები, გარდა მოსარჩელისა, სშკ-ის 37-ე მუხლის ,,ე" ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის N04-840/კ ბრძანებით 2019 წლის 1 დეკემბრიდან და ამასთანავე 2019 წლის 29 ნოემბრის N03–2/ო ბრძანებით მოხდა მათი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში უკონკურსოდ/გადაყვანა დანიშვნა.
შესაბამისად, ვლინდებოდა მოპასუხის ქცევის კეთილსინდისიერებასთან შეუსაბამობა, რამაც განაპირობა საწყის ეტაპზე მოსარჩელის დატოვება მისი სტრუქტურის დაქვემდებარებაში, ხოლო შემდგომ გათავისუფლება რეორგანიზაციის საფუძვლით.
11. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სადავო ბრძანების უკანონოდ მიჩნევა გულისხმობს საქართველოს შრომის კოდექსის 38.8 მუხლით (მოქმედი რედაქციის 48.8 მუხლი) გათვალისწინებული იურიდიული შედეგების დადგომასაც - პირვანდელ სამუშაოზე აღდგენის, ან ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფის ან კომპენსაციის გადახდის სახით.
11.1. განსახილველ შემთხვევაში, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ არსებობს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გამო მოსარჩელისათვის კომპენსაციის ანაზღაურების საფუძველი. კერძოდ, საქართველოს შრომის კოდექსის 38.8 (სშკ-ის მოქმდი რედაქციით 48-ე მუხლი) თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
მითითებული ნორმის გამოყენების საკითხზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთა საქმეზე განმარტა შემდეგი: „დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დასახელებულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება.
სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს „პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (შდრ. სუსგ Nას-951-901-2015, 29.01.2016წ.; N ას-931-881-2015., 29.01.2015წ).
11.2. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სშკ-ი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც, გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა (შდრ. სუსგ-ები საქმე №ას-792-2019, 18 თებერვალი, 2021; №ას-536-2021, 21 სექტემბერი, 2021). ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური სოციალური და ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, გვ. 272).
კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში, სპეციალური ნორმით გათვალისწინებული დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან.
კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული სამართლებრივი საკითხი განეკუთვნება სასამართლოს დისკრეციის სფეროს, რა დროსაც, გათვალისწინებული უნდა იქნეს კომპენსირების მიზანი. კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომაც, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და მანვე (კომპენსაციის ოდენობამ) უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა, რითაც კომპენსაცია განსხვავდება ზიანის ანაზღაურებისას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისგან (შდრ. სუსგ-ები №ას-1208-2018, 18 თებერვალი, 2021 წელი; Nას-727-680-2017, 15 სექტემბერი, 2017 წელი; Nას-353-338-2016, 03.05.2016წ).
11.3. უდავოა, რომ მოსარჩელესთან რომელიც უვადო შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა დამსაქმებელთან, შრომითი ურთიერთობა არამართლზომიერად შეწყდა, დასაქმების ხანგრძლივობის, გათავისუფლების უკანონობის ხარისხის, ასევე შრომითი ხელშეკრულების უვადო ხასიათის, ხელფასის ოდენობისა და მოპასუხის მიერ გათავისუფლების შემდეგ დასაქმებულისთვის გადახდილი კომპენსაცის, ორი თვის თანამდებობრივი სარგოს გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს სამართლიანი და გონივრული ანაზღაურების სახით, მართებულად დაეკისრა კომპენსაციის - 3600 ლარის, მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა.
12. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში დაადგინა, რომ დამსაქმებლისთვის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონით მინიჭებული უფლება (ხელშეკრულებიდან გასვლა) უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (სსკ-ის 115-ე მუხლი), (იხ. სუსგ-ები №ას-1155-1086-2015, 2016 წლის 2 თებერვლის განჩინება; №ას-545-513-2012, 2012 წლის 5 ოქტომბრის განჩინება; № ას-549-517-2010, 2010 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება, № ას-545-513-2012, 2012 წლის 5 ოქტომბრის განჩინება).
13. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
15. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო მოთხოვნა #05624, გადახდის თარიღი 18.04.2023წ), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს“ (ს/ნ ......) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო მოთხოვნა #05624, გადახდის თარიღი 18.04.2023წ), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე