Facebook Twitter

28 სექტემბერი, 2023 წელი,

საქმე №ას-280-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - მ.გ–ი, გ.ო–ვა, ა.ო–ვა, ლ.ო–ვა (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ხ.ბ.ს–ო“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქ.თბილისში, ....... მდებარე უძრავი ნივთი (შემდეგში - უძრავი ნივთი, უძრავი ქონება ან სადავო ქონება) სს „ხ.ბ.ს–ოს“ (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, მესაკუთრე, ბანკი) საკუთრებაა.

2. უძრავი ქონება მ.გ–ის (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან პირველი კასატორი), გ.ო–ვას (შემდეგში - მეორე მოპასუხე ან მეორე კასატორი), ა.ო–ვასა და (შემდეგში - მესამე მოპასუხე ან მესამე კასატორი) და ლ.ო–ვას (შემდეგში - მეოთხე მოპასუხე ან მეოთხე კასატორი) მფლობელობაშია.

3. სადავო ქონების მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით მესაკუთრემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 11 იანვრის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

7.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ მოპასუხეთა მიერ სადავო ქონების მფლობელობის ფაქტის დადასტურება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოსარჩელემ შეძლო, რაც მოპასუხეებმა ვერ გააქარწყლეს.

7.2. ზემომითითითებული გარემოების დადგენილად ცნობისას სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო შემდეგი მტკიცებულებები:

7.2.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 20 დეკემბრის გასაუბრების ოქმი, რომლის თანახმადაც, ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის მეოთხე სამმართველოს უფლებამოსილი თანამშრომლები 2021 წლის 3 ივნისს სადავო მისამართზე გამოცხადდნენ და სათანადო ოქმი შეადგინეს. ოქმის მიხედვით, მართლწესრიგის ოფიცერი გაესაუბრა სადავო მისამართზე მცხოვრებ მეორე მოპასუხეს, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე მეუღლესთან (პირველ მოპასუხესთან) და შვილებთან (მესამე მოპასუხე და მეოთხე მოპასუხე) ერთად ცხოვრობს. მეორე მოპასუხის განმარტებითვე, სადავო მისამართზე მდებარე მისი საცხოვრებელი სახლი იძულებით აუქციონზე გაიყიდა და აუქციონის შედეგებთან დაკავშირებით დავას აპირებს. ოქმზე მითითებულია, რომ მეორე მოპასუხე ოქმის შინაარსს გაეცნო და უარი განაცხადა ხელმოწერაზე;

7.2.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2022 წლის 17 იანვარს გაცემული ინფორმაცია, რომლის შესაბამისად, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის მიხედვით, 2022 წლის 14 იანვრის მონაცემებით 2021 წლის 27 აპრილიდან - დღემდე სადავო მისამართზე რეგისტრაცია უფიქსირდებათ მესამე მოპასუხეს და მეოთხე მოპასუხეს.

7.2.3. საქმეზე წარმოდგენილი, მოპასუხეთათვის სარჩელის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, 2021 წლის 10 ნოემბერს მოსარჩელის რწმუნებულის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მოპასუხისათვის სარჩელის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის თანახმად, პირველი მოპასუხისათვის გაგზავნილი დოკუმენტები 2021 წლის 4 ნოემბერს სადავო მისამართზე ჩაჰბარდა ადრესატის შვილს, მეოთხე მოპასუხეს. 2022 წლის 10 მარტს იმავე მისამართზე ჩაჰბარდა გზავნილი მეორე მოპასუხეს, ხოლო სხვა მოპასუხეების გზავნილებზე მითითებულია, რომ ოჯახის წევრმა უარი განაცხადა გზავნილის მიღებაზე.

7.3. ზემომითითებული გარემოებების გათვალისწინებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 168-ე, 170-172-ე მუხლებიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ სარჩელი კანონშესაბამისად მიიჩნია და მისი დაკმაყოფილების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა საკასაციო საჩივარი წარმოადგინეს, ამ განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:

- კასატორები არამართლზომიერი მფლობელები არ არიან, ისინი სადავო ქონებაში არ ცხოვრობენ და ხსენებული ქონებით არ სარგებლობენ. გაუგებარია, თუ რა მტკიცებულებების საფუძველზე ჩათვალა სასამართლომ საპირისიპირო მოცემულობა დადგენილად. ეს გარემოება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. შესაბამისად, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 162-ე მუხლი.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 აპრილის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

10. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება განაპირობა.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსათვის ისინი სავალდებულოა.

12. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ, საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

13. განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172.1 მუხლი. ამ ნორმის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

მოსარჩელე სადავო ქონების მესაკუთრეა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

რაც შეეხება უძრავ ქონებაზე მოპასუხეთა მფლობელობის არსებობას, გასაჩივრებული განჩინებით ეს გარემოება სააპელაციო სასამართლომ დამტკიცებულად ცნო, ხოლო მოპასუხეებმა მისი გამომრიცხველი სათანადო მტკიცებულება სასამართლოს ვერ წარუდგინეს, რის გამოც საკასაციო პალატისათვის იგი სავალდებულოა (სსსკ-ის 407.2 მუხლი).

ზემოთ მოყვანილი დასკვნის საპირწონედ ვერ გამოდგება კასატორთა მიერ იმაზე მითითება, რომ ისინი უძრავი ქონების მფლობელები არ არიან. საკასაციო პალატა აღნიშნულ ერგუმენტს ვერ გაიზიარებს და საპასუხოდ განმარტავს შემდეგს:

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეთა სადავო ქონების მფლობელებად მიჩნევის შესახებ სააპელაციო სასამართლოს დასკვნას საფუძვლად დაედო გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული არა ერთი რომელიმე კონკრეტული გარემოება, არამედ ხსენებული დასკვნა თითოეული ამ გარემოების ერთობლიობაში შეფასებას დაეფუძნა. აღნიშნული მიდგომა პალატისათვის სრულიად გასაზიარებელია (სსსკ-ის 105-ე მუხლი) იმ პირობებში, როდესაც საწინააღმდეგო გარემოების არსებობა მოპასუხეებს არ დაუმტკიცებიათ.

სადავო მისამართზე შედგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 20 დეკემბრის გასაუბრების ოქმი (სადაც ასახულია მოპასუხის განმარტება იმის თაობაზე, რომ აღნიშნულ მისამართზე მეუღლესთან (პირველ მოპასუხესთან) და შვილებთან (მესამე მოპასუხე და მეოთხე მოპასუხე) ერთად ცხოვრობს, სადავო მისამართზე მდებარე მისი საცხოვრებელი სახლი იძულებით აუქციონზე გაიყიდა და აუქციონის შედეგებთან დაკავშირებით დავას აპირებს), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2022 წლის 17 იანვარს გაცემული ინფორმაცია (რომლის შესაბამისად, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის მიხედვით, 2022 წლის 14 იანვრის მონაცემებით 2021 წლის 27 აპრილიდან - დღემდე სადავო მისამართზე რეგისტრაცია უფიქსირდებათ მესამე მოპასუხეს და მეოთხე მოპასუხეს), მოპასუხეთათვის სარჩელის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულებები (2021 წლის 10 ნოემბერს მოსარჩელის რწმუნებულის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მოპასუხისათვის სარჩელის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის თანახმად, პირველი მოპასუხისათვის გაგზავნილი დოკუმენტები 2021 წლის 4 ნოემბერს სადავო მისამართზე ჩაჰბარდა ადრესატის შვილს, მეოთხე მოპასუხეს. 2022 წლის 10 მარტს იმავე მისამართზე ჩაჰბარდა გზავნილი მეორე მოპასუხეს, ხოლო სხვა მოპასუხეების გზავნილებზე მითითებულია, რომ ოჯახის წევრმა უარი განაცხადა გზავნილის მიღებაზე) - საკმარისი მტკიცებულებებია იმის დასასაბუთებლად, რომ მოპასუხეები უძრავი ქონების მფლობელები არიან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას სადავო ქონების მფლობელებად მოპასუხეების მიჩნევის შესახებ. სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხეებმა ვერ შეძლეს საკუთარი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ქონებაზე მათი მფლობელობის მართლზომიერება. ეს გარემოება ადასტურებს, რომ არსებობს უკანონო მფლობელობიდან მესაკუთრის მიერ ნივთის გამოთხოვისათვის კანონით დადგენილი წინაპირობები, კერძოდ: სადავო ქონების მესაკუთრე მოსარჩელეა, ხოლო მოპასუხეებს არ აქვთ მისი ფლობის უფლება.

14. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, ვინაიდან არსებობს სსკ-ის 172.1 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.

15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-577-2019, 2020 წლის 28 თებერვლის განჩინება; №ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება; №ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება). სადავო საკითხის ამგვარად გადაწყვეტა სრულ შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან (მაგალითისათვის იხ.: მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი; იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, §124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII; პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ, დიდი პალატა, N42527/98, §83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII)).

16. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

18. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.გ–ის, გ.ო–ვას, ა.ო–ვასა და ლ.ო–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. მ.გ–ს (პ/ნ ......), გ.ო–ვას (......), ა.ო–ვასა (პ/ნ ......) და ლ.ო–ვას (........) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გ.ჟ–ის (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადასახადო დავალება #2641, გადახდის თარიღი - 11.04.2023 („ბანკში საგადასახადო დავალების მიღების/შესრულების თარიღი“; 10.04.2023 („წარდგენის თარიღი“) 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე