Facebook Twitter

საქმე №ას-604-2023 1 ივნისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი - შპს „ა.ჯ.დ.ჯ–ია“

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „შ–ო“

გასაჩივრებული განჩინებები - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტისა და 2023 წლის 10 მაისის განჩინებები

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

საჩივრის დავის საგანი - საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 დეკემბრის განჩინებით:

1.1. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შპს „ა.ჯ.დ.ჯ–იას“ (შემდეგში - საარბიტრაჟო მოსარჩელე, განმცხადებელი ან საჩივრის ავტორი) განცხადება დაკმაყოფილდა;

1.2. ყადაღა დაედო საქართველოში საბანკო საქმიანობის განხორციელებაზე ლიცენზიების უფლების მქონე ყველა საბანკო დაწესებულებაში 41 080 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ფარგლებში შპს „შ–ოს“ (შემდეგში - მოწინააღმდეგე მხარე ან საწარმო) საბანკო ანგარიშებზე რიცხულ ფულად სახსრებსა და ამ უკანასკნელის მაღაზიაში განლაგებულ საწარმოს მოძრავ ქონებას.

2. ზემომითითებული განჩინება მოწინააღმდეგე მხარემ საჩივრით გაასაჩივრა და ხსენებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 17 მარტის განჩინებით უცვლელად დარჩა.

4. 2023 წლის 20 მარტს მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებული ღონისძიების გაუქმება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ შპს „თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის“ 2023 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით განმცხადებლის საარბიტრაჟო სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განჩინებით:

- საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ მოწინაამდეგე მხარის განცხადება დაკმაყოფილდა;

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა, კერძოდ, ყადაღა მოეხსნა საქართველოში საბანკო საქმიანობის განხორციელებაზე ლიცენზიების მქონე ყველა საბანკო დაწესებულებაში 41 080 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ფარგლებში საწარმოს საბანკო ანგარიშებზე რიცხულ ფულად სახსრებსა და ამ უკანასკნელის მაღაზიაში განლაგებულ სწარმოს მოძრავ ქონებას.

6. 2023 წლის 23 მარტის განჩინება განმცხადებელმა საჩივრით გაასაჩივრა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 მაისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოიგზავნა შემდეგი დასაბუთებით:

7.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება მხოლოდ კონკრეტულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად და მისი მოქმედების გავრცელებას, თუნდაც იმავე მხარეებს შორის მიმდინარე სხვა დავაზე ან მომავალში განსახილველ სხვა სარჩელზე, მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება ყოველი კონკრეტული დავის სამართლებრივი თავისებურებების გათვალისწინებით და მიმართულია კონკრეტული მოთხოვნით (მოთხოვნებით) აღძრულ სარჩელზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ხელის შესაწყობად. ამ მოცემულობამ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაშიც ჰპოვა ასახვა და ერთმნიშვნელოვნად მიეთითა, რომ თუ არ არსებობს სარჩელი (მის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა), ვერ იარსებებს ამ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში - სსსკ-ის 1991 მუხლი).

7.2. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში - სპეციალური კანონი) 42-ე მუხლის მე-2 -მე-5 პუნქტების შესაბამისად, განმცხადებელს აქვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის უფლება, მაგრამ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება დამოკიდებული არ არის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების რეალიზებაზე, რომლითაც სამომავლოდ შეიძლება მხარემ ისარგებლოს ან არა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საკასაციო პალატის განხილვის საგანია, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების შესახებ მოწინააღმდეგე მხარის განცხადების კანონიერება.

9. განსახილველი საკითხის სწორად გადასაწყვეტად, პირველ რიგში საყურადღებოა, სსსკ-ის 1991 მუხლის შინაარსი, რომლითაც დადგენილია შემდეგი: სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

10. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფი და ეფექტური საპროცესოსამართლებრივი გარანტიაა.

სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს.

ამდენად, მისი მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.

11. იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად სამოქალაქო პროცესი საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურებთან არის დაკავშირებული, არსებობს რისკი, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დავის საგანი განადგურდეს, გასხვისდეს, უფლებრივად დაიტვირთოს ან სხვაგვარად შეეშალოს ხელი საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სწორედ ამ საფრთხეების პრევენციას ემსახურება.

12. სამოქალაქო საქმეზე მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელება მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს წარმოადგენს, ამავე დროს, მართლმსაჯულების ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული მექანიზმები, რომლებიც ემსახურება სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფას, ასევე ემსახურება უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზანს - მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების უზრუნველყოფას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

13. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ერთმნიშვნელოვნადაა დადასტურებული, რომ შპს „თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის“ 2023 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით განმცხადებლის საარბიტრაჟო სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

14. ზემოაღნიშნული მსჯელობის და შექმნილი ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით გამოკვეთილია საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მის უზრუნველსაყოფად იმავე სასამართლოს მიერ გამოყენებული ღონისძიების გაუქმების აუცილებლობა, რაც საარბიტრაჟო მოსარჩელის (განმცხადებლის) მიერ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების რეალიზაციასთან არ არის დაკავშირებული.

აქედან გამომდინარე, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე განჩინებები კანონიერია და მათი გაუქმების წინაპირობები არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ა.ჯ.დ.ჯ–იას“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტისა და 2023 წლის 10 მაისის განჩინებები;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე