21 სექტემბერი, 2023 წელი,
საქმე №ას-684-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი - შპს „ზ.თ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.გ–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის და 24 მაისის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:
1.1. ლ.გ–ის (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ შპს ,,ზ.თ–ის" (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, განმცხადებელი, საჩივრის ავტორი) მიერ აღძრული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
1.2. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მათ შორის, ....., .........., ........ და ........ საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავ ქონებებზე (შემდეგში - სადავო ქონებები ან სადავო ნივთები) დადგენილი შეზღუდვები.
1.3. ამავდროულად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 31 აგვისტოსა და 2021 წლის 31 მაისის განჩინებებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 მარტის განჩინებით, მოპასუხის განცხადება დაკმაყოფილდა და, ამ უკანასკნელისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაღაურების უზრუნველსაყოფად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე მოსარჩელეს 139 200 აშშ დოლარის შეტანა დაევალა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 მარტის განჩინებით, დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 მარტის განჩინებით გაუქმდა ამავე სასამართლოს 2020 წლის 3 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების, მათ შორის, სადავო ნივთების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
5. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 მარტის განჩინებაზე მოპასუხემ საჩივარი წარადგინა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 აპრილის განჩინებით დაუსაბუთებლობის გამო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადაიგზავნა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 18 მაისის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინებები უცვლელად დარჩა.
8. 2023 წლის 19 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა მ.თამაზაშვილმა და მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ იშუამდგომლა, კერძოდ, სადავო ქონებებზე ძირითადი სააპელაციო (სასარჩელო) მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გასხვისებისა და მესამე პირების სასარგებლოდ ვალდებულებით დატვირთვის აკრძალვის გამოყენება ითხოვა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 მაისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ მოსარჩელის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
10. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 მაისის განჩინება მოსარჩელემ საჩივრით გაასაჩივრა.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 მაისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოიგზავნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, სადავო ნივთებზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ აპელანტის შუამდგომლობის საფუძვლიანობა.
13. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანზე საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაშია განმარტებული, კერძოდ:
სსსკ-ის XXIII თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფი და ეფექტური საპროცესოსამართლებრივი გარანტიაა. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს.
ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია, მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.
სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კონცენტრირებულია სსსკ-ის 191-ე მუხლში, კერძოდ კი, იმ წინადადებაში, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებას.
ყველა საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე.
მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ კონკრეტული გარემოებების არსებობა, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას (შდრ. იხ. სუსგ №ას-467-2019, 28.02.2020; №ას-1302-2019, 26.12.2019).
საკასაციო პალატის ზემოთ მოყვანილი განმარტებებიდან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა მხარემ სასამართლოს უნდა დაუსაბუთოს შემდეგი გარემოების არსებობა: მის მიერ შემოთავაზებული უძრავი ქონება, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების ეფექტურად და დაუბრკოლებლად აღსრულების აუცილებელი წინაპირობაა.
14. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი განცხადების შინაარსი საფუძველს არ ქმნის დასკვნისთვის, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებულ სადავო ქონებებზე საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების დაწესება სასამართლო გადაწყვეტილების ეფექტურად და დაუბრკოლებელი აღსრულების აუცილებელ და ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს.
14.1. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ უზრუნველყოფის აღძვრის მოთხოვნით წარდგენილი განცხადება კონკრეტული საპროცესო ღონისძიების გამოყენების აუცილებელ არგუმენტაციას არ შეიცავს, რაც სსსკ-ის 191-ე მუხლის დანაწესიდან (რაზეც ზემოთ განიმარტა) გამომდინარე ქმნის განცხადების უარყოფის საფუძველს.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, საპროცესო უზრუნველყოფის გამოყენების მოთხოვნის განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების მითითების მინიმალურ საპროცესო სტანდარტს; ამასთან, უნდა შეიცავდეს იმგვარი ხასიათის გარემოებების ჩამონათვალს, რომლის გაანალიზების შედეგად სასამართლო, უკიდურეს შემთხვევაში ვარაუდის დონეზე დარწმუნდება უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გამოყენების საჭიროებაში, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ აქვს ადგილი.
14.2. გარდა ზემოაღნიშნულისა, განსახილველი საკითხის შეფასებისას, საყურადღებოა, საქმის მასალებით გამოკვეთილი შემდეგი გარემოებები:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 მარტის განჩინებით გაუქმდა ამავე სასამართლოს 2020 წლის 3 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების, მათ შორის, სადავო ნივთების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
- სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 მარტის განჩინებაზე მოპასუხემ საჩივარი წარადგინა.
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 აპრილის განჩინებით დაუსაბუთებლობის გამო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადაიგზავნა, ხოლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 18 მაისის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განჩინებები უცვლელად დარჩა.
- განსახილველი შუამდგომლობა მოსარჩელემ 2023 წლის 19 მაისს აღძრა, რომლითაც ის სარჩელის უზრუნველსაყოფად სადავო ნივთების გასხვისებისა და მესამე პირების სასარგებლოდ მათი ვალდებულებით დატვირთვის აკრძალვის თაობაზე შუამდგომლობს.
ზემომითითებული ფაქტობრივი მოცემულობა შემდეგი გარემოების მაუწყებელია:
განსახილველი შუამდგომლობით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოთხოვნილია მოპასუხის იგივე ქონებაზე, რომელზეც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 მარტის განჩინებით საპროცესოსამართლებრივი შეზღუდვა გაუქმდა და რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 18 მაისის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული.
ამდენად, სადავო ნივთებზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ამავე სასამართლოს 2023 წლის 27 მარტის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით გაუქმებულია ხოლო განჩინების კანონიერება დადასტურებულია საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 18 მაისის განჩინებით; ამავე დასაბუთების გათვალისწინებით საკასაციო პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია ხელახლა და/ან განსხვავებული შინაარსით იმსჯელოს იგივე ფორმატის საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე მათ შორის სსსკ-ის 266-ე მუხლის დეფინიციის გათვალისწინებით.
ამასთან, განსახილველი შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 აგვისტოს განჩინების ძირითად ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული არგუმენტებისგან განსხვავებულ, რაიმე არსებითად ახალ გარემოებას არ შეიცავს, რაც სსსკ-ის 191.1 მუხლის შემადგენლობას შექმნიდა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ხელახალი გამოყენების მოთხოვნას დაასაბუთებდა.
15. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ გამოდგება საჩივრის ავტორის მიერ იმ გარემოებაზე მითითებაც, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით მათი სააპელაციო საჩივარი (სარჩელი) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ლ.გ–ს შპს "ზ.თ–ის" სასარგებლოდ 420 კვ.მ. უძრავი ქონების გადაცემა დაევალა.
მოცემული საკითხის შეფასებისას შემდეგი გარემოებებია საყურადღებო, კერძოდ:
ა).თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება, რაც იმ დასკვნის შესაძლებლობას გამორიცხავს, რომ ხსენებული გადაწყვეტილებით მიღებული პროცესუალური შედეგი საბოლოოა და არ შეიცვლება;
ბ).განსახილველ საქმეზე განმცხადებლის მიერ აღძრული სარჩელის უზრუნველყოფას მოპასუხის საკუთრებაში აღრიცხულ სხვა არაერთ უძრავ ქონებაზე გამოყენებული საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიება ემსახურება, რისი მხედველობაში მიღებაც საკასაციო პალატას უქმნის შინაგან რწმენას იმის თაობაზე, რომ საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას ხელი არ შეეშლება.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ აკმაყოფილებს წარმოდგენილ საჩივარს და გასაჩივრებულ განჩინებას უცვლელად ტოვებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4, 264.3-ე, 419-ე, 420-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ზ.თ–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 და 24 მაისის განჩინებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე