5 ოქტომბერი, 2023 წელი,
საქმე №ას - 770-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ს.გ–ა (მოსარჩელე)
მოპასუხე - შპს „ბ–ი
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სსიპ შემოსავლების სამსახური (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განჩინებას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ამ გადაწყვეტილებით ს.გ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მყიდველი) მოთხოვნა შპს „ბ–ისა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე ან გამყიდველი) და მეორე მოპასუხის წინააღმდეგ მესაკუთრედ ცნობისა და ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე დაკმაყოფილდა; მოსარჩელე ცნობილ იქნა ბათუმში, ........ მდებარე უძრავი ქონების ს/კ-ით .........; ........ და ....... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება ან უძრავი ქონება) მესაკუთრედ და აღნიშნული ქონება შემსოავლების სამსახურის 2016 წლის 9 დეკემბრის #2016/081-921/1 ბრძანებით წარმოქმნილი ყადაღისაგან გათავისუფლდა;
საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:
1.1. კასატორის მტკიცებით, საქმეში დაცული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო ქონების მესაკუთრე პირველი მოპასუხეა რომელის დავალიანება ბიუჯეტის წინაშე - 100676.88 ლარია, ამავე საფუძვლით, კანონის მოითხოვნათა დაცვით ქონებას დაედო ყადაღა. კასატორის მიმართ არსებული დავალიანება გადახდილი არ არის და ასეთ ვითარებაში იმ ქონების ყადაღისგან გათავისუფლება, რომელზეც ყადაღაა გავრცელებული წაახალისებს არაკეთილსინდისიერ გადამხდელებს.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. 2013 წლის 12 თებერვალს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის უძრავ ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო, რომლის თანახმად, გამყიდველმა იკისრა დაეშენებინა და თანხის გადახდის სანაცვლოდ უზრუნველეყო მოსარჩელისთვის საკუთრების უფლების გადაცემა 138 კვ.მ. ნივთზე. სახელდობრ, საცხოვრებელი სახლის მე-3 სადარბაზოს მე-5 სართულზე, არსებულ 138 კვ.მ. ფართზე, რომლის ნახევრის ხედი (მინიმუმ 50 კვ.მ.) გამოდის .... ქუჩაზე, ხოლო მყიდველმა უძრავი ქონების 1 კვ.მ. ღირებულების საფასურად 525 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება იკისრა.
4.4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილება), მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; პირველ მოპასუხეს დაევალა საჯარო რეესტრში მოსარჩელეს როგორც მომავალ მესაკუთრეს, დაურეგისტრიროს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება და უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ბინების ნომრებით, სარდაფისა და საცხოვრებელი ფართების მითითებით.
კერძოდ, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ბათუმში, .......... ქუჩა, N29-ში მდებარე ნივთზე (ფართობი 138 კვ.მ.) და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (გაფორმებული 12.02.2013წ.) გადასაცემ 32,80 კვ.მ. ნივთზე მიანიჭოს საკუთრების უფლება.
4.4.1. დაუსწრებელი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
4.5. შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 9 დეკემბრის #2016/081-921/1 ბრძანებით, სადავო უძრავ ქონებას დაედო ყადაღა.
4.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 27 და 30 აპრილის გადაწყვეტილებებით, საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობზე მოსარჩელის მოთხოვნა, უძრავ ქონებაზე შეზღუდვის/ყადაღის არსებობის გამო, უარყოფილ იქნა.
5. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 (თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით. სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს) პუნქტების დანაწესზე, რომლითაც დადგენილია აღსრულების საგანზე მესამე პირის უფლების დაცვის გარანტია.
კერძოდ, აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ შემთხვევაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სარჩელი სასამართლოში მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ ქონების ყადაღისგან გათავისუფლების მოთხოვნით.
6. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებისა და აღნიშნული ქონების ყადაღისგან გათავისუფლების მოთხოვნების კანონიერება.
მოსარჩელის მოთხოვნა, სწორედ დასახელებული ნორმის ( „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი) დანაწესით გათვალისწინებული ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებას ეხებოდა, კერძოდ, ის ამტკიცებდა, რომ დაყადაღებული უძრავი ქონება იყო მისი საკუთრება.
7. კასატორის ძირითადი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ მოვალეს გააჩნდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რის გამოც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის დეფინიციით, განხორციელდა იმ ქონების დაყადაღება, რომელიც საჯარო რეესტრში მოვალის საკუთრებადაა რეგისტრირებული (სსკ-ის 311-ე-312ე მუხლები).
7.1. კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო უარყოფს და მის ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობაზე, კერძოდ, მხარეთა შორის არსებული ნარდობის ხელშეკრულებით ((ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური; თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები. სსკ-ის 629 მუხლი) პირველმა მოპასუხემ მოსარჩელის სასარგებლოდ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის ნება გამოავლინა, მოსარჩელემ კი, მასზე მომავალი საკუთრების უფლება მოიპოვა.
არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ, არაერთ განჩინებასა თუ გადაწყვეტილებაში საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „ნასყიდობის ხელშეკრულება მიმართულია უკვე არსებული ქონების გადაცემასთან და, განსხვავებით ნარდობის ხელშეკრულებისაგან, ქონების წარმოება - დამზადებასთან დაკავშირებულ ურთიერთობას არ აწესრიგებს. ნარდობის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შრომითი საქმიანობის შედეგი“ (შდრ. იხ. სუსგ №ას-879-2018, 23.07.2019). როგორც აღნიშნულ საქმეებზე საკასაციო პალატამ მიუთითა, „ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაურის გადახდის სანაცვლოდ, ამხანაგობამ იკისრა ვალდებულება, ამავე ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობებით აეშენებინა და მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაეცა წინასწარ განსაზღვრული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები. აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ხელშეკრულებებს ნარდობის ხელშეკრულების შინაარსი აქვთ“ (შდრ. სუსგ №ას-1162-1091-2012, 7.03.2013).
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში დაცული მტკიცებულებების მიხედვით აშკარაა, რომ პირველმა მოპასუხემ უძრავი ნივთის აშენებისა და მოსარჩელისათვის მისი საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება იკისრა, რაც სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული, ნარდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმების და კერძოდ 629.1 მუხლის გამოყენების წინაპირობას წარმოადგენს.
7.2. კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელ გადაწყვტილების საფუძველზე (ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება), პირველ მოპასუხეს დაევალა საჯარო რეესტრში მოსარჩელეს როგორც მომავალ მესაკუთრეს, დაურეგისტრიროს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება და უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ბინების ნომრებით, სარდაფისა და საცხოვრებელი ფართების მითითებით. ამავდროულად, ბათუმში, .......... ქუჩა, N29-ში მდებარე ნივთზე (ფართობი 138 კვ.მ.) და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (გაფორმებული 12.02.2013წ.) გადასაცემ 32,80 კვ.მ. ნივთზე მოსარჩელეს მიანიჭოს საკუთრების უფლება.
8. საკასაციო პალატის დასკვნით, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარმატებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე დაამტკიცებდა, დაყადაღებულ ნივთზე საკუთრების უფლების საფუძვლიანობას.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია სადავო უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების არსებობის ფაქტი, რასაც სრულად იზიარებს საკასაციო სასამართლო და მიუთითებს, რომ მენარდის მიერ აშენებულ სადავო ბინაზე შემკვეთი მისთვის საკუთრების გადაცემის მოთხოვნის უფლებითაა აღჭურვილი, გამომდინარე სსკ-ის 629.2 მუხლის პირველი წინადადების დანაწესიდან - თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე.
საყურადღებოა, რომ ს.გ–ას, როგორც დამკვეთის უფლება საკუთრებაში მიიღოს მენარდისთვის შეკვეთილი ნივთი დადასტურებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზეც. ამრიგად, მესაკუთრედ ცნობის ნაწილში სახეზეა სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისთვის საჭირო ყველა წინაპირობა და იგი ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
9. ვინაიდან სახეზეა სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების წანამძღვრები, მენარდის საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული ყადაღისგან აღნიშნული ნივთების განთავისუფლების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველიც გამოიკვეთა; გამომდინარე სსკ-ის 170.1 (მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას), 172-ე (მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით) მუხლებიდან.
10. საკასაციო პალატა მხარეთა ყურადღებას მიაპყრობს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკაზე, კერძოდ, ამ კატეგორიის დავებზე სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება (იხ., სუსგ №ას-1210-2021, 30 ივნისი, 2022 წელი).
11. წინამდებარე სამართლებრივი დავის ერთ ერთი ძირითადი საკვანძო საკითხი იმაშიც მდგომარეობს, რომ ვინაიდან სადავო უძრავი ქონება კვლავ ირიცხება მენარდის სახელზე, მართებულია თუ არა მასზე შეზღუდვის დადგენა მოვალის - მოპასუხე შპს-ს ვალდებულებების არსებობის გამო.
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე შესაბამისი უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით დადებული გარიგება. გარიგება ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული გარიგებები ძალაში შედის ამ გარიგებებით განსაზღვრული უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან (სსკ-ის 3111 მუხლის პირველი და მესამე ნაწილები). უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (სსკ-ის 183-ე მუხლი). (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, სანივთო (ქონებრივი) სამართალი, თბილისი, 2018, 3111 -ე მუხლის კომენტარი, გვ. 618-619).
13. სანივთო სამართლებრივი გარიგებიდან წარმოშობილი უფლება ექვემდებარება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. პირი ვერ ჩაითვლება ქონების მესაკუთრედ, თუ აღნიშნული უფლება რეგისტრირებული არ არის საჯარო რეესტრში. სანივთო სამართლებრივი უფლების მოპოვების ასახვა საჯარო რეესტრში საკანონმდებლო დანაწესია და, პირველ რიგში, მესამე პირთა უფლებების დაცვასა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას ემსახურება, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ წერილობითი ფორმის დაცვით დადებული სანივთო სამართლებრივი გარიგება რეგისტრაციის გარეშე (რეგისტრაციამდე) არ წარმოშობს უფლება-მოვალეობებს უშუალოდ გარიგების მონაწილეებისათვის (იხ. სუსგ №ას-534-507-2014, 29 ივნისი, 2015 წელი).
14. მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ დამკვეთი, რომელსაც მენარდის მიმართ ფულადი ვალდებულება სრულად აქვს შესრულებული სსკ-ის 629.2 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე მენარდის მიერ აშენებულ სადავო ბინაზე საკუთრების გადაცემის მოთხოვნის უფლებით არის აღჭურვილი.
15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მესაკუთრისათვის მისი განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების – აკრძალვას.
რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის, ხოლო უძრავ ქონებაში განთავსებულ მოძრავ ნივთებზე ყადაღის დადება – ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის საფუძველზე. უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისათვის დადგენილი წესით. ყადაღის დადების ან გაუქმების აქტი/მიმართვა დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს. ბათილია ყადაღადადებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა გარიგება („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 631 მუხლი). ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, უძრავ ნივთზე ყადაღის არსებობა გამორიცხავს ამ ნივთზე მესაკუთრის ცვლილებას (იხ. საქმე №ას-1963-2018, 14 ნოემბერი, 2019 წელი).
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 631.1, 44-ე და 63.1 მუხლების ანალიზის მიხედვით, ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ ქონებას და ზიანის ანაზღაურებაც უნდა განხორციელდეს მხოლოდ მოვალის იმ ქონებიდან, რომელზეც, ამ კანონის თანახმად, შეიძლება მიექცეს აღსრულება.
საყურადღებოა, რომ უძრავ ნივთს ყადაღა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 09 დეკემბრის ბრძანებით დაედო მაშინ როდესაც მოსარჩელეს ამავე ქონებაზე საკუთრების უფლება ნარდობის ხელშეკრულების პირობების შესრულების და ზემომითითებული სასამართლოს გადაწყვეტილების ((ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება), ) საფუძველზე გაცილებით ადრე წარმოეშვა.
17. საკასაციო პალატის დასკვნით დასაბუთებულია მოსარჩელის მსჯელობა, რომ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული შეზღუდვის გამო, ხელი ეშლება, თავისუფლად განახორციელოს სამოქალაქო უფლება და საკუთრებაში დაირეგისტრიროს მისივე დაკვეთით, საკუთარი ხარჯებით, წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე აშენებული, საცხოვრებელი ბინა.
ამდენად, აშკარაა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე მოპასუხე შპს-ის სახელზე რეგისტრირებული სადავო უძრავი ქონების დაყადაღებით, ხელყოფილია მოსარჩელის კანონიერი ინტერესები (შდრ: სუსგ №ას-1210-2021, 30 ივნისი, 2022 წ.) რადგან კასატორი შესაძლოა დაზარალდეს მოპასუხის იმ ვალდებულების გამო, რომლებთანაც სამართლებრივი კავშირში არ გააჩნია, რის გამოც ეს ნივთი უნდა გათავისუფლებულიყო ყადაღისაგან, სპეციალური კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
20. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, რადგან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე