Facebook Twitter

საქმე №ას-1401-2022 15 მარტი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ი.ა–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შემოსავლების სამსახური, შპს ,,დ.დ.ო–სი’’, შპს „ე–ი“, შპს ,,წ.ჰ–ი“ (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - მესაკუთრედ ცნობა, უძრავი ნივთის ყადაღისგან განთავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2008 წლის 25 ივლისს, შპს „დ.დ.ო–სსა“ (შემდეგში - პირველი მოპასუხე, მენარდე, საწარმო) და ი.ა–ს (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი ან შემკვეთი) შორის ნარდობის ხელშეკრულება (შემდეგში - ნარდობის ხელშეკრულება, ხელშეკრულება ან სადავო ხელშეკრულება) დაიდო.

2. ხელშეკრულებით მენარდემ შემკვეთისათვის მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მე-14 ბლოკის მე-3 სადარბაზოს მე-7 სართულზე მდებარე 118.19კვ.მ მშენებარე ბინის (შემდეგში - უძრავი ნივთი, უძრავი ქონება ან სადავო ბინა) საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება იკისრა, რის სანაცვლოდაც შემკვეთს მენარდისათვის 47 276 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა.

3. შემკვეთმა მენარდეს შეთანხმებული საზღაური გადაუხადა და 2010 წლის 27 ივლისს მხარეთა შორის „უძრავი ქონების სამომავლო საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულება (შემდეგში - მეორე ხელშეკრულება) დაიდო.

4. მეორე ხელშეკრულებით შემკვეთს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისთანავე უნდა წარმოშობოდა. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში უფლების წინასწარი რეგისტრაცია განახორციელა და სადავო ბინის მომავალ მესაკუთრედ დარეგისტრირდა.

5. მენარდის საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად სსიპ შემოსავლების სამსახურის (შემდეგში - მეორე მოპასუხე ან შემოსავლების სამსახური) 2010 წლის 6 დეკემბრის ბრძანებით უძრავ ნივთს ყადაღა დაედო.

6. მენარდის, შემოსავლების სამსახურის, ,,შპს ე–ისა“ (შემდეგში - მესამე მოპასუხე) და შპს ,,წ.ჰ–ის“ (შემდეგში - მეოთხე მოპასუხე) წინააღმდეგ შემკვეთმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც სადავო ბინის მესაკუთრედ ცნობა და უძრავი ქონების ყადაღისგან განთავისუფლება მოითხოვა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე უძრავი ნივთის მესაკუთრედ იქნა ცნობილი და ხსენებული ქონება ყადაღისგან გათავისუფლდა.

8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით შემოსავლების სამსახურმა გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით:

- შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

- პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა;

- სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე გადაწყვეტილების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანი იქნებოდა, თუკი იგი სადავო ბინაზე მისი საკუთრების უფლების არსებობას დაამტკიცებდა. ამ დასკვნის საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში - სპეციალური კანონის) 40.1 მუხლზე, 631 მუხლის პირველ პუნქტსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 170.1, 172-ე მუხლებზე მიუთითა.

9.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სსკ-ის 629-ე მუხლის (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) შინაარსის გათვალისწინებით შემკვეთსა და მენარდეს შორის ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა არსებობდა. სადავო ხელშეკრულებით მოსარჩელეს მენარდის მიმართ მოთხოვნის უფლება წარმოეშვა, თუმცა სადავო ნივთზე საკუთრება მას არ შეუძენია, შემდეგი გარემოებების გამო:

9.2.1. სსკ-ის 183.1 მუხლის მიხედვით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

მოსარჩელეს მენარდისგან სადავო ნივთზე არც საკუთრების უფლება არ მიუღია და არც საჯარო რეესტრში მესაკუთრედ არ დარეგისტრირებულა. ხელშეკრულებებიდან ჩანდა, რომ მენარდეს მოსარჩელისათვის სადავო ნივთი საკუთრებაში არა ხელშეკრულების დადების მომენტში, არამედ „შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისთანავე“ უნდა გადაეცა. ქ.თბილისში, ....... მდებარე სახლი კი, რომლის არსებით შემადგენელ ნაწილსაც სადავო ბინა შეადგენდა, ექსპლუატაციაში მიღებული არ ყოფილა, იგი მშენებარე იყო, რაც იმას გულისხმობდა, რომ მენარდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო არ ჯერ არ შეუსრულებია. გარდა ამისა, საჯარო რეესტრის მონაცემებით უძრავი ქონების მესაკუთრე კვლავ მენარდე იყო, ხოლო მოსარჩელეს მასზე მხოლოდ უფლების წინასწარი რეგისტრაცია ჰქონდა შესრულებული.

9.2.2. სსკ-ის 316.1 მუხლიდან (ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება მოსთხოვოს) გამომდინარე, ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება კრედიტორს, მხოლოდ, მოვალის და, არა - მესამე პირის მიმართ გააჩნია.

9.2.3. სპეციალური კანონის 12.2 მუხლის თანახმად, უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია გამორიცხავს გარიგების საფუძველზე ამ ნივთზე რაიმე სხვა უფლების რეგისტრაციას და საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

შესაბამისად, უფლების წინასწარი რეგისტრაცია ამ უფლების შეძენას არ ნიშნავს, საჯაროსამართლებრივი მიზნებისათვის იგი კრედიტორის მოთხოვნას ადასტურებს და მას მოვალის არაკეთილსინდისიერი მოქმედებებისგან იცავს.

რაკი საჯარო რეესტში მოსარჩელე უძრავი ნივთის „მომავალ მესაკუთრედ“ დარეგისტრირდა, ეს იმაზე მიუთითებდა, რომ მან უფლების წინასწარი რეგისტრაცია შეასრულა, რაც არა მოსარჩელის საკუთრების, არამედ მენარდის მიმართ მისი მოთხოვნის უფლებას ადასტურებდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე სადავო ნივთის მესაკუთრე არ იყო და სპეციალური კანონის 631 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მენარდე მას სადავო ბინაზე საკუთრებას ვერც გადასცემდა.

10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი მოსარჩელემ შემოიტანა, ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

საკასაციო საჩივარი შემდეგნაირადაა დასაბუთებული:

10.1. ნასყიდობის ხელშეკრულებების ნაცვლად სადავო ხელშეკრულებებს სასამართლო ნარდობის ხელშეკრულებებად მოიხსენიებს, რაც არასწორია. სსკ-ის 505-ე მუხლის მიხედვით, განვადებით ნასყიდობისას გამყიდველი ვალდებულია მყიდველს ნივთი ფასის გადახდამდე გადასცეს. ნივთის ფასის გადახდა მყიდველის მიერ ნაწილ-ნაწილ, დროის განსაზღვრულ შუალედში ხდება.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ თანხა გადაიხადა, უძრავ ქონებას დაეუფლა და გარკვეული სარემონტო სამუშაო ჩაატარა, რაც შემოსავლების სამსახურის მიერ უძრავი ნივთის დაყადაღებამდე განხორცილდა.

10.2. იგივე კორპუსში მცხოვრები მეზობლები იგივე საფუძვლით სასამართლოში დავობენ. საცხოვრებელ ბინებზე ისინიც მომავალ მესაკუთრეებად დარეგისტრირდნენ, ხოლო სასამართლომ მათი სარჩელები დააკმაყოფილა და მომავალ მესაკუთრეებად აღიარა. სადავო საკითხზე სასამართლო პრაქტიკაც არსებობს, რაც სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

2023 წლის 1 მარტის განჩინებით, სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დაადგინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

12. საკასაციო პალატის მიერ განსახილველი საკითხი შემდეგია: რამდენად კანონიერია მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ბინის მესაკუთრედ ცნობისა და უძრავი ქონების ყადაღისგან განთავისუფლების თაობაზე.

13. სარჩელის კანონიერების გასარკვევად, უწინარესად, უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის საკითხია დასადგენი, ე.ი. განსასაზღვრია, არსებობს თუ არა ამ ნივთის მესაკუთრედ მოსარჩელის ცნობის კანონით გათვალისწინებული საფუძველი.

14. დასმულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, პირველ რიგში, მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დადებული სახელშეკრულებო ურთიერთობაა შესაფასებელი.

არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ, მრავალ განჩინებასა თუ გადაწყვეტილებაში საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „ნასყიდობის ხელშეკრულება მიმართულია უკვე არსებული ქონების გადაცემასთან და, განსხვავებით ნარდობის ხელშეკრულებისაგან, ქონების წარმოება - დამზადებასთან დაკავშირებულ ურთიერთობას არ აწესრიგებს. ნარდობის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შრომითი საქმიანობის შედეგი“ (შდრ. იხ. სუსგ №ას-879-2018, 23.07.2019). როგორც აღნიშნულ საქმეებზე საკასაციო პალატამ მიუთითა, „ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაურის გადახდის სანაცვლოდ, ამხანაგობამ იკისრა ვალდებულება, ამავე ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობებით აეშენებინა და მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაეცა წინასწარ განსაზღვრული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები. აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ხელშეკრულებებს ნარდობის ხელშეკრულების შინაარსი აქვთ“ (შდრ. სუსგ №ას-1162-1091-2012, 7.03.2013).

მოცემულ შემთხვევაში, სადავო ხელშეკრულებების მიხედვით აშკარაა, რომ პირველმა მოპასუხემ უძრავი ნივთის აშენებისა და მოსარჩელისათვის მისი საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება იკისრა, რაც ნარდობის ხელშეკრულების ცნების მომწესრიგებელი სსკ-ის 629.1 მუხლის (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) შინაარს შეესაბამება.

15. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით სადავო სამართალურთიერთობის ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობად შეფასების ნაწილში სააპელაციო სასამართლოსეული მსჯელობა გასაზიარებელია, თუმცა პალატისათვის გასაზიარებელი არაა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საქმეზე დამდგარი პროცესუალური შედეგი, კერძოდ, მესაკუთრედ ცნობისა და უძრავი ნივთის ყადაღისგან განთავისუფლების შესახებ შემკვეთის სარჩელის უარყოფა.

15.1.1. რაკი მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა არსებობდა, შესაბამისად, მესაკუთრედ ცნობის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 629.2 მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგების ქვეშ უნდა მოექცეს.

დასახელებული მუხლის პირველი წინადადების შინაარსი ასეთია: თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე.

განსახილველი საკითხის შეფასებისას საქმეზე დადგენილი შემდეგი გარემოებებია საყურადღებო:

- ნარდობის ხელშეკრულებით მენარდემ შემკვეთისათვის სადავო ბინის საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება იკისრა, რის სანაცვლოდაც შემკვეთს მენარდისათვის 47 276 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა.

- შემკვეთმა მენარდეს შეთანხმებული საზღაური გადაუხადა და 2010 წლის 27 ივლისს მხარეთა შორის „უძრავი ქონების სამომავლო საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ“ მეორე ხელშეკრულება დაიდო.

- მეორე ხელშეკრულების საფუძველზე შემკვეთი სადავო ბინის მომავალ მესაკუთრედ დარეგისტრირდა.

- მენარდის საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 6 დეკემბრის ბრძანებით უძრავ ნივთს ყადაღა დაედო.

15.1.2. საკასაციო პალატის განსჯით, შექმნილი ფაქტობრივი მოცემულობა იმის მაუწყებელია, რომ მენარდის მიერ აშენებულ სადავო ბინაზე შემკვეთი საკუთრების უფლების მისთვის გადაცემის მოთხოვნის უფლებით აღიჭურვა, გამომდინარე სსკ-ის 629.2 მუხლის პირველი წინადადების დანაწესიდან - თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე.

კანონის დასახელებული ნორმის შინაარსი მკაფიოდ მიუთითებს, რომ შემკვეთს საკუთრება ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დამზადებულ ნაკეთობაზე გადაეცემა. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ხსენებული ნორმით გათვალისწინებული საკუთრების წარმოშობა შესაბამისი ნაკეთობის დამზადებასთანაა დაკავშირებული, რაც კონკრეტულ შემთხვევაში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის (სადაც სადავო ბინაა განთავსებული) აშენების ვალდებულების შესრულებაში გამოიხატება და მოცემული ნორმის მიზნისათვის საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღებას არ უკავშირდება.

ამრიგად, მესაკუთრედ ცნობის ნაწილში სარჩელი სამართლებრივად ვარგისია და დაკმაყოფილებას ექვემდებარება.

16. რაკი სადავო ბინაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება დადგინდა, მენარდის საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ყადაღისგან აღნიშნული ბინის განთავისუფლების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველიც გამოიკვეთა, გამომდინარე სსკ-ის 170.1 (მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას), 172-ე (მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით) მუხლებიდან, ასევე, სპეციალური კანონის 32.1 მუხლისა (თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ) და 631 მუხლის პირველი პუნქტის (უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მესაკუთრისათვის მისი განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების – აკრძალვის გამოცხადებას. რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის, ხოლო უძრავ ქონებაში განთავსებულ მოძრავ ნივთებზე ყადაღის დადება – ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის საფუძველზე. უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისათვის დადგენილი წესით. ყადაღის დადების ან გაუქმების აქტი/მიმართვა დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს) დანაწესებიდან.

17. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის განაწილების საკითხის შეფასებისას შემდეგი გარემოებებია გასათვალისწინებელი:

პირველმა მოპასუხემ და მეოთხე მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი ცნეს; რაც შეეხება მესამე მოპასუხეს, ეს უკანასკნელი სასამართლო სხდომაზე სარჩელს არ დაეთანხმა, თუმცა არც შესაგებელი არ წარუდგენია და არც დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე არ მიუთითებია; პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა ლ.საბაშვილის მიერ გადახდილი 3000 ლარიდან 2 900 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟი, რადგან პირველ მოთხოვნასთან მიმართებით მოპასუხემ სარჩელი ცნო; მეორე სასარჩელო მოთხოვნაზე, როგორც არაქონებრივ მოთხოვნაზე, მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარით გადაიხადა, რასაც ემატება ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი 50 ლარი.

შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ მეორე მოპასუხეს უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ პირველი და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ჯამურად 6 150 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-8, 53-ე, 264.3, 257.1, 253-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ი.ა–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ი.ა–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

3.1. ი.ა–ი ცნობილ იქნეს თბილისში, ............. მდებარე #78-ე ბინის (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #......) მესაკუთრედ;

3.2. თბილისში, ........ მდებარე #78-ე ბინა (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #......) გათავისუფლდეს ყადაღისგან (მომართვა #38268, 24.052013 წელი; სააღსრულებო წარმოება #A13076185, 12.062017 წელი);

4. სსიპ შემოსავლების სამსახურს ი.ა–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ პირველი და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ჯამურად 6 150 ლარი.

5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე