27 აპრილი, 2023 წელი,
საქმე №ას-1914-2018 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – შპს „პ.“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – სს „სს.ბ–ი“, ხ.კ–ი
მესამე პირები - ც.კ–ძე, ტ.დ–ძე, ჟ.ხ–ი, მ.ც–ძე, ო.ფ–ის უფლებამონაცვლე - დ.ჩ–ვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხის შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2012 წლის 10 თებერვალს, სს „სს.ბ–სა“ (შემდეგში - პირველი მოპასუხე, კრედიტორი ან ბანკი) და შპს „პ.-ს“ (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი ან მოვალე) შორის საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება დაიდო, რომლითაც ბანკმა მოსარჩელეს საკრედიტო ლიმიტი 500 000 აშშ დოლარით განუსაზღვრა.
2. საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე 2012 წლის 14 თებერვლის ხელშეკრულებითა (შემდეგში - პირველი საკრედიტო ხელშეკრულება) და 2013 წლის 31 იანვრის ხელშეკრულებით (შემდეგში - მეორე საკრედიტო ხელშეკრულება) მოვალემ კრედიტორისგან 85 000 და 250 000 აშშ დოლარი ისესხა.
3. 2013 წლის 13 აგვისტოს ბანკმა მოსარჩელეს სესხად 350 000 აშშ დოლარი გადასცა, რომელიც 2013 წლის 31 იანვარს აღებული სესხის
რეფინანსირებისა და საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნით გაიცა.
4. 2014 წლის 31 მარტს, ერთი მხრივ, კრედიტორსა და, მეორე მხრივ, ტ.დ–ძეს, მ.შ–ძეს, ჟ.ხ–ს, მ.ც–ძესა და ო.ფ–ს (შემდეგში - მესამე პირები ან იპოთეკარები) შორის იპოთეკის ხელშეკრულებები (შემდეგში - იპოთეკის ხელშეკრულებები) დაიდო, რომლითაც მოვალის მიერ 2012 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველყოფა განხორციელდა.
5. იპოთეკის ხელშეკრულებათა 8.2.1 პუნქტის მიხედვით, ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მხარეები სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით ნოტარიუსისთვის მიმართვის თაობაზე შეთანხმდნენ. იპოთეკის ყველა ხელშეკრულება მხარეებმა სანოტარო წესით დაამოწმეს და ნოტარიუსმა მათ სანოტარო აქტით სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები განუმარტა.
6. მოვალის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო ბანკმა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოსთხოვა.
7. 2015 წლის 25 მაისს, ნოტარიუსმა ხ.კალანდარიშვილმა (მეორე მოპასუხე ან ნოტარიუსი) კრედიტორის სახელზე სააღსრულებო ფურცელი (შემდეგში - სააღსრულებო ფურცელი ან სადავო სააღსრულებო ფურცელი) გასცა, რომლითაც იპოთეკით დატვირთული ქონება რეალიზაციას დაექვემდებარა და რომლის მე-8 პუნქტითაც აღსასრულებელი მოთხოვნის მოცულობა 308 524.2 აშშ დოლარით განისაზღვრა.
8. 2015 წლის 23 ივნისს, ერთ-ერთი იპოთეკარი, მ.შ–ძე გარდაიცვალა და მისი სამკვიდრო ც.კ–ძემ მიიღო, 2017 წლის 7 ივლისს კი, გარდაიცვალა ო.ფ–ი, რომლის სამკვიდრო მიიღო დ.ჩ–ვამ.
9. მოპასუხეთა წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 25 მაისს მის წინააღმდეგ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა და აღნიშნული სააღსრულებო ფურცლით გადასახდელი თანხის (308 524.2 აშშ დოლარი) 100 000 აშშ დოლარამდე შემცირება მოითხოვა.
10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით:
10.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
10.2. ნოტარიუსის 2015 წლის 25 მაისის სააღსრულებო ფურცლის მერვე პუნქტი („აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა“) გაუქმდა, ხოლო სხვა ნაწილში სააღსრულებო ფურცელი უცვლელად დარჩა;
10.3. დავის საგნის არარსებობის გამო დაკისრებული თანხის შემცირების შესახებ მოთხოვნის ნაწილში სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა.
11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კრედიტორმა და მოვალემ.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით:
- კრედიტორის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მოვალის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა;
- მოვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
12.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, უფრო მეტიც, მის მიერ წარმოდგენილი შპს „ე-ა–ის“ 2015 წლის 17 ნოემბრის დასკვნის თანახმადაც, კრედიტორის წინაშე მოვალის დავალიანება 170 000 აშშ დოლარია. ამავდროულად, ხსენებული დასკვნა დაუსაბუთებელი და ბუნდოვანია. დასკვნის მიხედვით შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ რატომ მიიჩნია აუდიტორმა, რომ მოვალისათვის დარიცხული ძირითადი თანხა, საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო „სინამდვილეს არ შეესაბამებოდა“ და მოსარჩელისათვის მთლიანობაში დასარიცხი თანხა „მიახლოებით“ 170 000 აშშ დოლარს შეადგენდა. აუდიტორის მითითებითვე, თანხა მხოლოდ მოვალის მიერ მიწოდებული „ინფორმაციებისა და მტკიცებულებების“ საფუძველზე დაიანგარიშა და მათ ნამდვილობაზე პასუხს არ აგებდა. ამდენად, სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.
12.2. რაკი მოპასუხე ბანკის მიმართ ვალდებულება მოსარჩელემ არაჯეროვნად შეასრულა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 301.1 მუხლისა და 302-ე მუხლის 31 ნაწილის საფუძველზე კრედიტორი სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით ნოტარიუსისათვის მიმართვის უფლებით აღიჭურვა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ყურადღება შემდეგ გარემოებებზე მიაქცია:
მოპასუხის მიმართ მოსარჩელის ვალდებულება ნოტარიუსს არ განუსაზღვრავს და მისი შესრულება არ დაუკისრებია. სადავო სააღსრულებო ფურცლის მე-6 პუნქტით მხოლოდ იპოთეკის საგნის აუქციონზე იძულებითი რეალიზაცია დადგინდა. აქედან გამომდინარე, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღმასრულებელი ქონების რეალიზაციას განახორციელებს, რომლის მესაკუთრე მოსარჩელე არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე შესასრულებელი ვალდებულება მოსარჩელის ინტერესებს უშუალოდ არ შეეხება. მართალია, სააღსრულებო ფურცლის მე-8 პუნქტში აღსასრულებლი ვალდებულების მოცულობაცაა მითითებული, მაგრამ აღნიშნულიდან არ გამომდინარეობს, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს 308 524.2 აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს.
13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოვალემ საკასაციო საჩივარი წარმოადგინა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორის მითითებით, ნოტარიუსმა საქმის რეალური მდგომარეობა არ გადაამოწმა, მხოლოდ ბანკის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ენდო და სადავო სააღსრულებო ფურცელი გასცა, რომლის გაცემის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა; ამასთან, საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება კასაატორმა ჯეროვნად შეასრულა და მიღებული კრედიტი სრულად აანაზღაურა.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებულ დასაშვებობის შესამოწმებლად.
2022 წლის 14 აპრილის განჩინებით საკასაციო სასამართლომ, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დაადგინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
15. საკასაციო პალატის განხილვის საგანია, თუ რამდენად კანონიერია ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმებისა და აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე გადასახდელი თანხის (308 524.2 აშშ დოლარის) 100 000 აშშ დოლარამდე შემცირების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნები.
16. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დამტკიცებულად ცნო მოცემული დავისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოება: საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება მოპასუხის მიმართ მოსარჩელემ არაჯეროვნად შეასრულა. აღნიშნული დასკვნის დამასაბუთებელი არგუმენტები სააპელაციო სასამართლომ მართებულად ჩამოაყალიბა, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს.
16.1. სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (სსსკ-ის მე-4 (მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ) და 102-ე (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებაები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მუხლები). შესაბამისად, სასამართლოში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება.
საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს (სსსკ-ის 105.2 მუხლი (სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ).
16.2. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილია, რომ:
- 2014 წლის 31 მარტის შეთანხმების თანახმად, მოპასუხის წინაშე ვალდებულება კასატორს 2014 წლის 6 ოქტომბრამდე უნდა შეესრულებინა, კერძოდ: 2014 წლის 31 მარტიდან 5 თვის განმავლობაში მოსარჩელეს ყოველთვიურად ძირითადი თანხა, 7 000 აშშ დოლარი და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი უნდა გადაეხადა, ხოლო, სესხის დარჩენილი თანხა და პირგასამტეხლო 2014 წლის 6 ოქტომბერს უნდა დაეფარა.
- მას შემდეგ, რაც ზემომითითებული ვალდებულება მოსარჩელემ ვერ შეასრულა, მხარეებმა სესხის დაფარვის ახალი გრაფიკი შეადგინეს, რომლითაც ასანაზღაურებელი ძირითადი თანხა 228 712.9 აშშ დოლარით, ხოლო სარგებელი 84 562.6 აშშ დოლარით განისაზღვრა.
მითითებული ვალდებულება კასატორს 2015 წლის 5 მაისამდე უნდა შეესრულებინა, მაგრამ მოსარჩელეს ვალდებულება არც ამ ვადამდე შეუსრულებია.
სსსკ-ის 407.2 მუხლის (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) დანაწესიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული გარემოებები საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა, რამდენადაც კასატორს მათთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
16.3. მოცემულ შემთხვევაში, აშკარაა, რომ ფულადი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
ასეთი ხასიათის მტკიცებულებად ვერ განიხილება შპს „ე-ა–ის“ 2015 წლის 17 ნოემბრის დასკვნაც, რომლითაც სადავო სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხის სისწორეა შემოწმებული.
პირველ რიგში, აღნიშნული დასკვნა სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხის უსწორობის დამასაბუთებელ მკაფიო და დამაჯერებელ არგუმენტაციას არ შეიცავს. მეორეც, დასკვნის შემდგენი აუდიტორი, რომელმაც მიიჩნია, რომ ჯამურად მოსარჩელისათვის დასარიცხი თანხა დაახლოებით 170 000 აშშ დოლარს შეადგენდა, თავადვე აღნიშნავს, რომ აუდიტორული შემოწმება (თანხის გაანგარიშება) მოსარჩელის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და მტკიცებულებების საფუძველზე შეასრულა და მათ ნამდვილობაზე პასუხს არ აგებდა.
ამდენად, ნათელია, რომ აუდიტორის ზემოაღნიშნული დასკვნა მტკიცებულებათა სანდოობის მინიმალურ კრიტერიუმსაც ვერ აკმაყოფილებს, რაც მისი შინაარსობრივი მხარის გაზიარების შესაძლებლობას გამორიცხავს. აქედან გამომდინარე, სააღსრულებო ფურცლით მოსარჩელისათვის დაკისრებული თანხის შემცირების შესახებ მოთხოვნა წარუმატებელია და მოცემულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა კანონშესაბამისად იქნა უარყოფილი.
17. რაც შეეხება საკასაციო პალატის მიერ განსახილველ მეორე საკითხს - სააღსრულებო ფურცლის გაუქმების შესახებ მოთხოვნის მართლზომიერებას, მოცემული საკითხის გაანალიზებისას შემდეგი გარემოებებია საყურადღებო, სახელდობრ:
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში ნოტარიუსმა სააღსრულებო ფურცელი გასცა კრედიტორ სს „სს.ბ–ის“ მოთხოვნის საფუძველზე, მისი კანონიერების შესწავლა პირდაპირ და უშუალოდ უკავშირდება დასახელებული სააღსრულებო ფურცლის მიღების ფაქტობრივი წინაპირობების გამოკვლევას.
პალატის მოსაზრებით, მხარეთა შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების ნამდვილობა, მართალია, გულისხმობს ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლებამოსილების არსებობას, თუმცა სააღსრულებო ფურცლის კანონიერების შემოწმებისას „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე და 40-ე მუხლებით განსაზღვრული ფორმალური პროცედურების დაცვის გარდა, აუცილებელია, შეფასდეს სააღსრულებო ფურცლის გამოცემის მატერიალური წინაპირობის - აღსასრულებელი, ნამდვილი მოთხოვნის არსებობა.
ასეთი მოთხოვნა კი მოვალის მიერ ძირითადი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით ან არასათანადო შესრულებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რაც მოცემულ შემთხვევაში თვალნათელია.
პალატა ხაზს უსვამს, რომ თავად კასატორის სასარჩელო მოთხოვნაც მხოლოდ საკრედიტო ვალდებულების ნაწილის შესრულებულად აღიარებისკენაა მიმართული და ვალდებულების სრული მოცულობით შესრულებაზე მითითებას არ შეიცავს; აქედან გამომდინარე კრედიტორის მიმართ შეუსრულებელი ვალდებულების და შესაბამისად, სააღსრულებო ფურცლის გამოცემის ძირითადი მატერიალური წინაპირობის არსებობა გამოკვეთილია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას საფუძვლად დაედო სსკ-ის 302-ე მუხლის 31 ნაწილისა და სპეციალური კანონის (ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის) 38-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული მოწესრიგება.
საკასაციო სასამართლო მოიხმობს ზემომითითებული ნორმის დეფინიციას, რომელიც განსაზღვრავს, რომ:
„ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები“.
განსახილველ შემთხვევაში, მოხმობილი ნორმის დანაწესი განხორციელებულია, რადგან მხარეთა შორის გაფორმებულ გარიგებაში (იპოთეკის ხელშეკრულებები) გამოვლენილია ნება ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ.
მსგავს შემთხვევებში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ სანოტარო წესით დადასტურებულ აქტზე ხელმოწერისას, მხარე გაცნობილია და გააზრებული აქვს ხელშეკრულების შინაარსი. ამის საწინააღმდეგო გარემოება უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებით. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, სამოქალაქო პალატას ვერ წარუდგინა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ გარიგების მხარემ ნოტარიუსისგან ჯეროვანი განმარტება ვერ მიიღო.
18. კონკრეტულ შემთხვევაში, რაკი კასატორის მიერ აღძრული სარჩელიდან გამომდინარე განსახილველი საქმის ფარგლებში სასამართლომ დაადგინა მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე რეალიზაციის შეთანხმების არსებობის ფაქტი, აღნიშნულის გათვალისწინებით სადავო სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის დადგენა საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, რაც ხსენებული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების თაობაზე კასატორის მეორე მოთხოვნასაც ასევე აცლის საფუძველს.
19. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა). კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, მოსარჩელემ, ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომელიც მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს, ხოლო მოპასუხემ დაადასტურა ყველა ის გარემოება, რომელიც მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას განაპირობებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობას, რომ მოსარჩელემ სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებებით ვერ შეძლო მოთხოვნის წარმომშობი სამართლებრივი საფუძვლების (მტკიცების საგანში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების) დადასტურება, რის გამოც საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს.
20. მოცემულ საქმეზე საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის გადახდა კასატორს გადაუვადდა, აქედან გამომდინარე, მას უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 408.3, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „პ.-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. შპს „პ.-ს“ (ს/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი -TRESGE22, მიმღების ანგარიშის ნომერი - 200122900, სახაზინო კოდი - 3 0077 3150) სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის გადახდა;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
მირანდა ერემაძე
ლევან მიქაბერიძე