20 დეკემბერი, 2022 წელი,
საქმე №ას-104-2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - თ.ქ–ძე, დ.გ–ა, გ.გ–ია, გ.ც–ია, თ.მ–ვა, მ.ც–ია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს ,,კ.ბ–ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორთა მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2015 წლის 30 ივლისს, სს „კ.ბ–სა“ (შემდეგში: მოსარჩელე, კრედიტორი, ბანკი) და თ.ქ–ძეს (შემდეგში: პირველი მოპასუხე, პირველი კასატორი, მსესხებელი, მოვალე) შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (შემდეგში: საკრედიტო ხელშეკრულება, ხელშეკრულება) დაიდო, რომლითაც მოსარჩელემ მსესხებელს 5 000 აშშ დოლარის კრედიტი გადასცა, 36 თვით, 2018 წლის 6 აგვისტოს ჩათვლით, თვეში - 2.35% საპროცენტო სარგებლით.
2. ხელშეკრულების 7.1 პუნქტით, გადახდის გრაფიკით განსაზღვრული ასანაზღაურებელი თანხისა და მისი გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის ანაზღაურებაზე უარი ხელშეკრულების დარღვევადაა მიჩნეული.
3. ხელშეკრულების 7.4 პუნქტის მიხედვით, მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა გარიგების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორს მსესხებელთან გაფორმებული ყველა სესხის ვადამდე დაფარვისა და ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული ზარალის (ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტის, ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისიოს, გადაუხდელობის გამო ყოველ გადაცილებულ დღეზე დარიცხული ჯარიმის და სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო პრემიის გადასახდელების) ანაზღაურების დაუყოვნებლივ ერთდროულად მოთხოვნის უფლება აქვს.
4. ხელშეკრულების მე-8 პუნქტით მხარეებმა ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში თავიანთი უფლება-მოვალეობები გაითვალისწინეს, კერძოდ, 8.1 პუნქტით გამსესხებელს უფლება აქვს, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, თუ მსესხებელი წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერ პირობას არღვევს; 8.2 პუნქტით, გამსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს გადასახდელად დარჩენილი ძირი თანხა მთლიანად, ხელშეკრულების თანდართული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო პრემიის გადასახდელები და ამ ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდისთვის დარიცხული ჯარიმა; 8.3 პუნქტით, წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტა დასაშვებია მხართა შეთანხმებით. ამ შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ გადაიხადოს გადასახდელად დარჩენილი ძირი თანხა მთლიანად, მომსახურების საკომისიო, ხელშეკრულების თანდართული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო პრემიის გადასახდელები და ამ ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდისთვის დარიცხული ჯარიმა.
5. 2015 წლის 30 ივლისს, გ.გ–იასა (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მეორე კასატორი, პირველი თავდები) და კრედიტორს შორის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც მსესხებლის სასესხო ვალდებულებაზე მეორე მოპასუხემ სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა.
6. 2015 წლის 30 ივლისს, კრედიტორმა იგივე შინაარსის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები გააფორმა, ერთის მხრივ, გ.ც–იასთან (შემდეგში: მესამე მოპასუხე, მესამე კასატორი, მეორე თავდები) და, მეორეს მხრივ, დ.გ–ასთან (შემდეგში: მეოთხე მოპასუხე, მეოთხე კასატორი, მესამე თავდები).
7. მ.ც–იასა (შემდეგში: მეხუთე მოპასუხე, მეხუთე კასატორი, მეოთხე თავდები) და თ.მ–ვთან (შემდეგში: მეექვსე მოპასუხე, მეექვსე კასატორი, მეხუთე თავდები) ბანკმა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება 2017 წლის 30 მარტს გააფორმა, რომლითაც ამავე პირებმა ვალდებულება იკისრეს, რომ მსესხებლის მიერ 2015 წლის 30 ივლისს ნაკისრ სასესხო ვალდებულებაზე სოლიდარულად ეგოთ პასუხი, ხოლო თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად თითოეულმა 14 000 ლარზე მიუთითა.
8. 2017 წლის 31 მარტს, კრედიტორსა და მოვალეს შორის საკრედიტო ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელიც გადახდის გრაფიკს, საპროცენტო განაკვეთსა და სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადას შეეხო.
შეთანხმებაში მხარეებმა დააფიქსირეს, რომ 2017 წლის 31 მარტის მდგომარეობით მსესხებლის დავალიანება 3 365.17 აშშ დოლარს შეადგენდა, რომლის გადახდაც გარიგებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად უნდა შესრულებულიყო, რომელიც ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა 48 თვით, კერძოდ, 2021 წლის 6 მარტის ჩათვლით განისაზღვრა. საკრედიტო ხელშეკრულების დანარჩენი პუნქტები უცვლელად დარჩა.
9. მსესხებელმა ბოლო გადახდა 2017 წლის 30 ივნისს შეასრულა, რის გამოც ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, კრედიტორმა მასთან ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა.
10. 2017 წლის 1 აგვისტოს მოპასუხეებს გამაფრთხილებელი წერილები გაეგზავნათ, რომლითაც ეცნობათ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები მოვალემ დაარღვია და დავალიანების დაფარვა ეთხოვათ.
11. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 5 617.34 აშშ დოლარის დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით მოპასუხეთა წინააღმდეგ ბანკმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
12. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, კრედიტორის სასარგებლოდ მოპასუხეებს სოლიდარულად 5 617.34 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრათ.
13. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებმა ნაწილობრივ გაასაჩივრეს, კერძოდ, სესხის ძირი თანხის - 3 239.85 აშშ დოლარის ნაწილში მათ სარჩელი ცნეს, ხოლო დანარჩენი დავალიანების დაკისრების ნაწილში ამ გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.
14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით:
- მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- 5 617.34 აშშ დოლარიდან 2 043.3 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;
- კრედიტორის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- 2017 წლის 6 ივნისიდან მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის (3 239.85 აშშ დოლარის) სრულად დაფარვამდე, მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, ამავე თანხის (3 239.85 აშშ დოლარის) გარიგებით გათვალისწინებული ყოველთვიური პროცენტის ანაზღაურება დაეკისრათ.
14.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-10 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ საფუძვლიანი იყო, ამასთან, იგი უნდა დაკმაყოფილებულიყო კრედიტის ძირითადი თანხის დაფარვამდე პერიოდისთვის გადასახდელი სარგებლის მოვალისათვის დაკისრების ნაწილში.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბანკის სასარგებლოდ მოპასუხეებს სესხის გადაუხდელი თანხის (3 239.85 აშშ დოლარი) სახელშეკრულებო ყოველთვიური პროცენტის ანაზღაურება უნდა დაკისრებოდათ 2017 წლის 6 ივნისიდან მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის სრულად დაფარვამდე; რადგან სარგებლის (პროცენტის) დაკისრებას სამართლებრივი საფუძველი მხოლოდ ძირითადი დავალიანების სრულად გასტუმრებამდე გააჩნია.
14.2. დავის მოსაწესრიგებლად სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 327.1, 623-624-ე, 867-868-ე, 394-ე, 408.1, 411-ე, 412-ე მუხლები გამოიყენა.
15. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით მოპასუხეებმა გაასაჩივრეს, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს, შემდეგი დასაბუთებით:
15.1. სასამართლომ იურიდიულად არასაკმარისად დაასაბუთა, თუ რა საფუძვლით დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად სიცოცხლის დაზღვევის, ჯარიმისა და საკომისიოს თანხის მოპასუხეთათვის დაკისრების ნაწილში.
15.2. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რადგან კრედიტორის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანით ვალდებულების დარღვევის გამო პროცენტის დინება წყდება.
მოქმედი კანონმდებლობით ზიანის ანაზღაურების სხვადასხვა საფუძვლებია დადგენილი, რომელთაგან ერთ-ერთია, მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი, თუმცა ზიანის სავარაუდო ოდენობა გონივრულობის კრიტერიუმით დგინდება და კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევი პირის სუბიექტური შესაძლებლობებით არ განისაზღვრება.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 6 მარტის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო პალატამ მითითებული საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო და დაადგინა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
17. პირველ რიგში, პალატა მიუთითებს სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველ წინადადებაზე, რომლის შინაარსით: საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, პალატისათვის ამოსავალი წერტილია სწორედ კასატორთა მიერ სადავოდ გამხდარი მოთხოვნა.
შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შემდეგია: წარმატებულია თუ არა სარჩელი გადაუხდელი სესხის ძირი თანხის, 3 239.85 აშშ დოლარის ყოველთვიური პროცენტის ვალდებულების შესრულებამდე დაკისრებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა თანხების (მათ შორის, სიცოცხლის დაზღვევის, ჯარიმის, საკომისიოს) მოპასუხეთათვის გადახდევინების ნაწილში.
18. განსახილველი მოთხოვნის უმთავრეს ფაქტობრივ საფუძვლად მოსარჩელემ საკრედიტო ხელშეკრულებაზე მიუთითა, რომელზე დაყრდნობითაც პროცენტის ანაზღაურება 2 043.36 აშშ დოლარის ფარგლებში მოითხოვა.
დასახელებული თანხა 2017 წლის 6 ივნისიდან (მოვალის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტის გადაუხდელობის თარიღიდან) 2021 წლის 6 მარტამდე (ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულების საბოლოო თარიღი) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის ჯამს შეადგენს.
19. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს სარჩელში მითითებული ოდენობის პროცენტის გადახდა დაეკისრათ.
დასახელებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ გააუქმა და ახალი გადაწყვეტილებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური პროცენტის ანაზღაურების შესახებ სარჩელი იმგვარად დააკმაყოფილა, რომ სარგებელი მოპასუხეებს კრედიტის ძირითადი თანხის დაფარვამდე სრული პერიოდის განმავლობაში დაეკისრათ, რაც შემდეგი ძირითადი მოსაზრებით დაასაბუთა, კერძოდ:
სარგებლის მოპასუხეთათვის დაკისრება საფუძვლიანია მხოლოდ კრედიტის ძირითადი თანხის დაფარვამდე პერიოდისთვის რადგან ძირი თანხის დაფარვამდე კრედიტის სახით გაცემული თანხის გამოყენების შეუძლებლობა საკრედიტო დაწესებულებისათვის მიიჩნევა, როგორც ამ თანხის ბრუნვის შედეგად მისაღები შემოსავლის დაკარგვის საფუძველი. რაც შეეხება ძირითადი თანხის დაბრუნების შემდგომ პერიოდს, ამ შემთხვევაში სარგებლის გადახდის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, შესაძლო ზიანზე არსებული ვარაუდის უსაფუძვლობიდან გამომდინარე.
ზემოაღნიშნული დასაბუთებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მთელი სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში გაწერილი გრაფიკის შესაბამისად სარგებლის (პროცენტის) დაკისრებას მხოლოდ ძირითადი დავალიანების გადახდამდე გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, ხოლო ძირი დავალიანების ანაზღაურების შემდგომი პერიოდისათვის ეს მოთხოვნა კანონშეუსაბამოა.
20. სააპელაციო სასამართლოს ზემოთ მოყვანილ მსჯელობას საკასაციო პალატას სრულად ვერ გაიზიარებს, რასაც შემდეგი არგუმენტებით ასაბუთებს:
20.1. სადავო საკითხის შეფასებისას, საქმის მასალებით დადგენილი რამდენიმე გარემოებაა საყურადღებო, სახელდობრ:
1). წარმოდგენილი სარჩელით კრედიტორმა მოითხოვა მოპასუხეთათვის მხოლოდ 2 043.36 აშშ დოლარის სარგებლის, როგორც საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტით სარგებლობის სრული პერიოდისთვის გადასახდელი პროცენტის მოპასუხეთათვის დაკისრება (იხ. სარჩელი, ს.ფ. 2-18).
2). 2015 წლის 30 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულების 7.1 პუნქტით, გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადასახდელი თანხისა და გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა, ხელშეკრულების დარღვევადაა მიჩნეული.
ხელშეკრულების 7.4 პუნქტის მიხედვით, მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორს მსესხებელთან გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტის, ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისიოს, გადაუხდელობის გამო ყოველ გადაცილებულ დღეზე დარიცხული ჯარიმის და სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო პრემიის გადასახდელების) ვადამდე დაფარვისა და ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურების დაუყოვნებლივ ერთდროულად მოთხოვნის უფლება გააჩნია.
ამავე ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, კრედიტორს უფლება აქვს, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, თუ მსესხებელი წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერ პირობას არღვევს, ხოლო 8.2 პუნქტის მიხედვით, გამსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს გადასახდელად დარჩენილი ძირი თანხა მთლიანად, ხელშეკრულების თანდართული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო პრემიის გადასახდელები და ამ ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდისთვის დარიცხული ჯარიმა (იხ. ს.ფ. 22).
3). 2017 წლის 31 მარტს, საკრედიტო ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც გადახდის გრაფიკს, საპროცენტო განაკვეთსა და სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადას შეეხო. შეთანხმებაში მხარეებმა დააფიქსირეს, რომ 2017 წლის 31 მარტის მდგომარეობით მსესხებლის დავალიანება 3 365.17 აშშ დოლარს შეადგენდა, რომლის გადახდაც გარიგებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად უნდა შესრულებულიყო, რაც ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა 48 თვით, კერძოდ, 2021 წლის 6 მარტის ჩათვლით განისაზღვრა. საკრედიტო ხელშეკრულების დანარჩენი პუნქტები უცვლელად დარჩა.
შექმნილი ფაქტობრივი მოცემულობიდან შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ შემდეგი დასკვნები:
საბანკო კრედიტის სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილეებმა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევები იმთავითვე განსაზღვრეს, მათ შორის მოიაზრება - გადახდის გრაფიკით განსაზღვრული ყოველთვიურად ასანაზღაურებელი თანხის გადაუხდელობა (ხელშეკრულების 7.1 პუნქტი).
ამავდროულად, ხელშეკრულებითვე მხარეები შეთანხმდნენ გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგებზე, კერძოდ, ასეთ შემთხვევაში, კრედიტორი, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლებით, ხოლო, მოვალე, სასეხო დავალიანების, მათ შორის, ხელშეკრულების თანდართული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებლის მთლიანად გადახდის ვალდებულებით აღიჭურვა.
ამრიგად, მსესხებლის მიერ ნაკისრი რომელიმე ვალდებულების დარღვევისა და აღნიშნული საფუძვლით კრედიტორის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას, მხარეები წერილობით შეთანხმებული იყვნენ პოტენციურად ასამოქმედებელ ფინანსურ სანქციაზე, რაც მსესხებლის მიერ სასესხო დავალიანების დაუყოვნებლივ ანაზღაურებაში მდგომარეობს და სხვა გადასახდელებთან ერთად ხელშეკრულების თანდართული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებლის სრულად დაფარვას გულისხმობს.
ზემომითითებული სანქციის არსი მსესხებლის მიერ დავალიანების გადაუხდელობის გამო კრედიტორისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში მდგომარეობს და მისი მიზანი ამ უკანასკნელის დარღვეული უფლების აღდგენაა.
20.2. საკასაციო პალატის განსჯით, ფინანსურ სანქციაზე მხარეთა შორის შეთანხმებული გარიგების პირობა კანონშესაბამისია. ზიანის ანაზღაურების ზოგადი წესი სსკ-ის 394.1 მუხლითაა განმტკიცებული, რომლითაც დადგენილია შემდეგი: მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
ზიანის ანაზღაურება შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მაგალითად: პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (408.1 მუხლი), მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება (411-ე მუხლი) და ა.შ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთ საქმეზე ჩამოყალიბებული განმარტებების მიხედვით, სსკ-ის 408.1, 411-ე და 412-ე მუხლების ძირითადი შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans).
სსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა, მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.
მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან.
პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (შდრ. იხ. სუსგ №ას-459-438-2015, 7.10.15წ.; №ას-54-54-2018, 13.02.2018წ.). მიუღებელი შემოსავალი ექვემდებარება ანაზღაურებას, თუკი კრედიტორი დაასაბუთებს, რომ იგი ამ ოდენობით ანაზღაურებას მიიღებდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში და ეს მოვალისათვის სავარაუდო უნდა ყოფილიყო (შდრ. იხ. სუსგ №ას-107-2019, 13.03.2020წ.).
ამავდროულად, არსებობს საკასაციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკა, ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებულ ზიანზე. იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრულია საპროცენტო განაკვეთი, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს გვაროვნული ნივთი - ფული, ხოლო კრედიტორის სამეწარმეო საქმიანობა სასყიდლიანი კრედიტის გაცემაა, სსკ-ის 411-ე მუხლის წინაპირობების არსებობა დადასტურებულად მიიჩნევა (შდრ. იხ. სუსგ №ას-107-2019, 13.03.2020წ.).
ფული ყოველთვის შემოსავლის წყაროა, ვინაიდან, მესაკუთრეს შეუძლია შესძინოს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ - საბანკო პროცენტის სახით გარკვეული პერიოდული შემოსავალი. ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა კრედიტორს ყოველთვის ზიანს აყენებს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, არც ზიანის მიყენების ფაქტისა და არც მისი ოდენობის დადგენას განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება (შდრ. იხ. სუსგ №ას-962-2020, 23.12.2020წ.; №ას-566-2020, 29.09.2020წ.; №ას-992-950-2013, 4.03.2014წ.; №ას-1843-2018, 5.04.2019წ.).
თუკი მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორი) მხარეზეა (იხ. სუსგ №ას-459-438-2015, 7.10.15წ.), ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საქმეები განსხვავებული მიდგომით ხასიათდება.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების 20.1 პუნქტში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სსსკ-ის 407.2 მუხლიდან (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) გამომდინარე საკასაციო პალატისთვის სავალდებულოა, ქმნის საფუძველს პროცენტის დაკისრების ნაწილში სარჩელის იმგვარად დაკმაყოფილებისთვის, როგორც მოსარჩელის მოთხოვნაშია ჩამოყალიბებული;
კერძოდ, კრედიტორის სასარგებლოდ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს გადაუხდელი ძირი თანხის (3 239.85 აშშ დოლარის) სარგებლის მთლიანი ჯამი, რომელიც მოიცავს მხოლოდ ვალდებულების დარღვევიდან (2017 წლის 6 ივნისი) ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულების საბოლოო თარიღისთვის (2021 წლის 6 მარტამდე) მხარეთა შორის შეთანხმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტის ჯამს და არითმეტიკულად 2 043.36 აშშ დოლარია.
ზემომითითებული მსჯელობის უარსაყოფად ვერ გამოდგება სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული მსჯელობა იმის თაობაზე, რომ კრედიტის ძირითადი თანხის დაფარვამდე პერიოდში ამ ნივთის გამოყენების შეუძლებლობა საკრედიტო დაწესებულებისათვის მიიჩნევა, როგორც აღნიშნული თანხის ბრუნვის შედეგად მისაღები შემოსავლის დაკარგვის საფუძველი, ხოლო ძირითადი თანხის დაბრუნების შემდგომ პერიოდში სარგებლის მოთხოვნა დაუსაბუთებელია შესაძლო ზიანზე არსებული ვარაუდის უსაფუძვლობის გამო. როგორც ზემოთ განიმარტა, მიუღებელი შემოსავალი ანაზღაურებას ექვემდებარება, თუკი კრედიტორი დაასაბუთებს, რომ იგი ამ ოდენობით ანაზღაურებას მიიღებდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში და ეს მოვალისათვის სავარაუდო უნდა ყოფილიყო.
რაკი კონკრეტულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მსესხებელს კრედიტი ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის მიხედვით უნდა დაეფარა, რაც ხელშეკრულების მოქმედების ვადასთან თანხვედრაშია და რასაც მსესხებელი ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაეთანხმა, შესაბამისად, გამოკვეთილია ზიანის ანაზღაურებისათვის კანონით გათვალისწინებული ფაქტობრივი შემადგენლობა: მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პროცენტის ანაზღაურებას მოპასუხე მიიღებდა ვალდებულების ჯეროვნად შესრულების პირობებში და ეს მოვალისათვის სავარაუდო უნდა ყოფილიყო.
20.3. სადავო საკითხის შეფასებისას სსსკ-ის 248-ე მუხლის იმპერატიული დათქმაც გასათვალისწინებელია. ამ მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. მითითებული ნორმის დანაწესი არა მარტო პირველი ინსტანციის, არამედ, სააპელაციო და საკასაციო განხილვის წესებზეც ვრცელდება, რამდენადაც, ამავე კოდექსის 384-ე და 409-ე მუხლების თანახმად, ზემდგომი სასამართლო უფლებამოსილია, გადაწყვეტილება მხოლოდ მხარის მოთხოვნის ფარგლებში შეცვალოს, ხოლო საქმის ზემდგომ სასამართლოში განხილვისას დავის საგნის გადიდება დაუშვებელია (სსსკ-ის 381-ე და 406-ე მუხლები) (შდრ. იხ.: სუსგ. №ას-883-2021, 9.12.2021; №ას-863-813-2015, 17.12.2015).
მოთხოვნის ფარგლებში სასამართლოს მოქმედების ვალდებულებაზე საკასაციო სასამართლო სხვა საქმეზეც მიუთითებს, რომლის მიხედვითაც, დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ (სსსკ-ის 3.1), ამდენად, როგორც სასამართლოში დავის დაწყება, ისე მოთხოვნის ჩამოყალიბება თუ დავის საგნის განსაზღვრა, მხოლოდ მხარის პრეროგატივაა, სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში სასამართლოს როლი განისაზღვრება მხარეთა მიერ განსაზღვრული მოთხოვნის საფუძვლიანობის მათ მიერვე წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში გამოკვლევასა და სამართლებრივ შეფასებაში. ამ მოსაზრებას სსსკ-ის 248-ე მუხლი უდევს საფუძვლად (იხ. სუსგ №ას-934-2020, 25.03.2021).
საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს მიეკუთვნა, ის რაც მას არ მოუთხოვია, კერძოდ, რაკი ამ უკანასკნელმა სარჩელში სარგებლის სახით 2 043.36 აშშ დოლარის ანაზღაურება მოითხოვა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელის იმ სახით დაკმაყოფილება, რომ სარგებელი მოპასუხეებს კრედიტის ძირითადი თანხის დაფარვამდე მთელი პერიოდისთვის დაეკისროთ, არასწორია და, სსსკ-ის 248-ე მუხლით დადგენილი მოწესრიგების ფარგლებს სცილდება.
20.4 საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მოსარჩელის მოთხონა შემოფარგლულია კონკრეტული დროის მონაკვეთში დასარიცხი სარგებლის (პროცენტის) ანაზღაურებით.
მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეებს სარგებელი დაეკისროთ მხოლოდ 2017 წლის 6 ივნისიდან 2021 წლის 6 მარტამდე; სასარჩელო მოთხოვნის ამგვარი სახით ფორმულირება ცხადია ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს 2021 წლის 6 მარტის შემდეგ პერიოდში სარგებლის დაკისრების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების ფორმულირება აღნიშნულ ნაწილში შემდეგია: მოპასუხეებს სარგებლის დაგახდა დაეკისროთ „მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის 3239.85 აშშ დოლარის სრულად დაფარვამდე“.
აშკარაა, რომ კასატორების მხრიდან ძირი თანხის გადახდის ვალდებულება, როგორც მინიმუმ, საკასაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროისთვის შესრულებული არაა. ასეთ ვითარებაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული ფორმულირების გაზიარების პირობებში მოსარჩელე სარგებელს მიიღებს არა მხოლოდ 2021 წლის 6 მარტამდე არამედ მის შემდგომ პერიოდშიც ვინაიდან საკასაციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2022 წლის 20 დეკემბერია, და ამ თარიღისთვის კრედიტორის მიმართ ვალდებულება სრულად შესრულებული არაა.
21. რაც შეეხება სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის, ჯარიმისა და საკომისიოს მოპასუხეთათვის დაკისრების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მართლზომიერებას, პალატის მოსაზრებით, გადაწყვეტილების ეს ნაწილი გასაზიარებელია, რამდენადაც კრედიტორის მიერ სადავო გარიგების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში ანაზღაურებას ექვემდებარება ხელშეკრულების დარჩენილი პერიოდის არა მარტო პროცენტი, არამედ სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიაც, ჯარიმაც და საკომისიოც, რაზეც ამავე ხელშეკრულებით მხარეთა შორის შეთანხმება დადასტურებულია.
ამ მიზნით სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა საკრედიტო ხელშეკრულების 7.1, 7.4, 8.1, 8.2 და 8.3 პუნქტებზე, საიდანაც ცალსახად გამომდინარეობს მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევისა და აღნიშნული საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტისას, მოვალის მხრიდან, როგორც დარჩენილი ძირი თანხის, ასევე, ხელშეკრულების თანდართული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებლის, მომსახურების საკომისიოს, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიისა და ჯარიმის გადახდის ვალდებულება.
22. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 404-ე, 408.3, 409-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თ.ქ–ძის, დ.გ–ას, გ.გ–იას, გ.ც–იას, თ.მ–ვასა და მ.ც–იას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილების 1-4 პუნქტები და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული;
3. მოსარჩელე სს „კ.ბ–ის“ სასარგებლოდ მოპასუხეებს: თ.ქ–ძეს, გ.გ–იას, გ.ც–იას, დ.გ–ას, მ.ც–იასა და თ.მ–ვას დაეკისროთ სესხის გადაუხდელი ძირი თანხის, 3 239.85 აშშ დოლარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური პროცენტის, 2 043.36 აშშ დოლარის გადახდა, გადახდის დროისათვის არსებული შესაბამისი კურსით ლარებში.
4. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩეს;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე