საქმე №ას-1358-2020 8 დეკემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები - ,,ამხანაგობა ვ.უ–ის“ წევრები: დ.ქ–ძე, ე.ბ–ძე, ე.ლ–ია, ვ.გ–ძე, ლ.ა–ძე, მ.ხ–ი, ქ.ჭ–ი, ზ.გ–ძე, გ.მ–ია, ქ.უ–ი, ლ.გ–ძე, ქ.გ–ძე, მ.გ–ძე, რ.გ–ძე (ო.გ–ძის უფლებამონაცვლეები), რ.ნ–ი (ამხანაგობის თავმჯდომარე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.გ–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
კერძო საჩივრის დავის საგანი - გადაწყვეტილების აღსრულების წესის შეცვლა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2007 წლის 10 იანვარს, გ.გ–სა (შემდეგში - განმცხადებელი ან კრედიტორი) და ქეთევან ადეიშვილს (შემდეგში: მსესხებელი, მოვალე, ამხანაგობის თავმჯდომარე), როგორც ამხანაგობა „ვ.უ–ის“ (შემდეგში - ამხანაგობა) თავმჯდომარეს შორის ნოტარიულად დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (შემდეგში - სადავო ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) დაიდო, რომლითაც ამხანაგობის თავმჯდომარეს სესხად 11 000 აშშ დოლარი გადაეცა. სესხი სამი თვით გაიცა და 2007 წლის 10 აპრილის ჩათვლით უნდა დაბრუნებულიყო.
2. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ქ.თბილისში, ....... ქუჩის №7-ში მდებარე უძრავ ქონებაში ამხანაგობის კუთვნილი 80/95-დი ნაწილი (შემდეგში - იპოთეკის საგანი, უძრავი ქონება ან სადავო უძრავი ქონება), რაც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა.
3. 2009 წლის 2 მარტს, მოვალის მიერ სადავო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კრედიტორის მიმართვის საფუძველზე სპს „ბ. და პ–ის“ „საქართველოს მუდმივმოქმედმა არბიტრაჟმა“ სარბიტრაჟო გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც სარბიტრაჟო პრეტენზია სრულად დაკმაყოფილდა და კრედიტორის სასარგებლოდ ამხანაგობის თავმჯდომარეს სესხის ძირითადი თანხის, 11 000 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს, საარბიტრაჟო მოსაკრებლისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის გადახდა დაეკისრა.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილებითვე განისაზღვრა, რომ დავალიანების დაფარვა ამხანაგობის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონების იძულებით აუქციონის წესით რეალიზაციის გზით უნდა შესრულებულიყო.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა და მის საფუძველზე სააღსრულებო ფურცელი გაიცა.
4. 2009 წლის 14 აპრილს, სპს „ბ. და პ–ის“ „საქართველოს მუდმივმოქმედმა არბიტრაჟმა“ აღსრულების წესის შეცვლის თაობაზე განკარგულება მიიღო, რომლითაც კრედიტორის წარმომადგენელ მ.ლ–ის განცხადება დაკმაყოფილდა, დასახელებულ საქმეზე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით განსაზღვრული აღსრულების წესი შეიცვალა და ამხანაგობის თავმჯდომარეზე დაკისრებული თანხების გადახდევინების მიქცევა მოვალის პირად ქონებაზე დადგინდა.
ზემომითითებული განკარგულება კანონიერ ძალაში შევიდა და შეცვლილი აღსრულების წესის შესაბამისად 2009 წლის 2 მარტის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე 2009 წლის 15 აპრილს სააღსრულებო ფურცელი გაიცა.
5. 2009 წლის 2 მარტის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება დღემდე აღსრულებული არ არის.
6. 2019 წლის 28 იანვარს, კრედიტორმა აღსრულების წესის შეცვლის შესახებ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.
ხსენებულ განჩინებაზე კრედიტორმა კერძო საჩივარი შეიტანა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით კრედიტორის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით კრედიტორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საარბიტრაჟო საასამართლოს 2009 წლის 2 მარტის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება განისაზღვრა ამხანაგობა "ვ.უ–ის" სახელზე რიცხულ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის გზით.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ამხანაგობის წევრებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და აღსრულების წესის შეცვლაზე უარის თქმის შესახებ კრედიტორის განცხადების უარყოფა მოითხოვეს, შემდეგი დასაბუთებით:
8.1. უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის შესახებ სადავო ხელშეკრულება უკანონოა, ამხანაგობის წევრებს ამხანაგობის საკუთრებაში არსებული ქონების იპოთეკით დატვირთვის უფლება მოვალისათვის არ მიუნიჭებიათ. ამხანაგობის დაფუძნების ხელშეკრულების 5.7 პუნქტის თანახმად, ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ფართების სარგებლობისა და განკარგვის წესების დადგენა ამხანაგობის წევრთა საერთო კრების კომპეტენციაა.
აქედან გამომდინარე, ამხანაგობის კუთვნილი ქონების იპოთეკით დატვირთვა ამხანაგობის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე იყო შესაძლებელი, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
საგულისხმოა, რომ მოვალეს სესხი ამხანაგობის მიზნებისათვის არ გამოუყენებია, რის გამოც პასუხისგებაშიც მიეცა და სასჯელიც მოიხადა. მოვალის მიერ დანაშაულის ჩადენის გამო დაზარალებულად იქნენ ცნობილი ამხანაგობის წევრები და კრედიტორი.
8.2. მოცემულ შემთხვევაში, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების წესი თავად კრედიტორის მოთხოვნით უკვე შეცვლილია, აღნიშნულის შესახებ განკარგულება კანონიერ ძალაშია შესული და მასზე სააღსრულებო ფურცელიც გაცემულია. რაკი აღსრულების წესის შეცვლას უკვე ადგილი ჰქონდა, მისი ხელმეორედ შეცვლა უკანონოა და სამოქალაქო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან არ გამომდინარეობს.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 4 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 414-416-ე მუხლების საფუძველზე კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დასაბუთებელია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
10. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების წესის შეცვლის შესახებ კრედიტორის შუამდგომლობის დასაბუთებულობა.
11. ზემოაღნიშნული შუამდგომლობის ძირითადი ფაქტობრივი საფუძველი მდგომარეობს შემდეგში:
2007 წლის 10 იანვარს, კრედიტორსა და მოვალეს, როგორც ამხანაგობის თავმჯდომარეს შორის სადავო ხელშეკრულება დაიდო, რომლითაც ამხანაგობის თავმჯდომარეს სესხად 11 000 აშშ დოლარი გადაეცა. სესხი სამი თვით გაიცა და 2007 წლის 10 აპრილის ჩათვლით უნდა დაბრუნებულიყო;
სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ამხანაგობის კუთვნილი სადავო უძრავი ქონება, რაც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა;
2009 წლის 2 მარტის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით კრედიტორის სარბიტრაჟო პრეტენზია სრულად დაკმაყოფილდა და ამ უკანასკნელის სასარგებლოდ ამხანაგობის თავმჯდომარეს სესხის ძირითადი თანხის, 11 000 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს, საარბიტრაჟო მოსაკრებლისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის გადახდა დაეკისრა.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილებითვე განისაზღვრა, რომ დავალიანების დაფარვა ამხანაგობის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონების იძულებით აუქციონის წესით რეალიზაციის გზით უნდა შესრულებულიყო. ხსენებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა და მის საფუძველზე სააღსრულებო ფურცელიც გაიცა;
ამავე არბიტრაჟის 2009 წლის 14 აპრილის განკარგულებით კრედიტორის წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა, დასახელებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით განსაზღვრული აღსრულების წესი შეიცვალა და ამხანაგობის თავმჯდომარეზე დაკისრებული თანხის გადახდის მიზნით განისაზღვრა მოვალის პირადი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა.
ეს განკარგულება კანონიერ ძალაში შევიდა და შეცვლილი აღსრულების წესის შესაბამისად 2009 წლის 2 მარტის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე 2009 წლის 15 აპრილს სააღსრულებო ფურცელი გაიცა;
2009 წლის 2 მარტის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება დღემდე აღსრულებული არ არის.
12. შუამდგომლობის სამართლებრივი საფუძველი სსსკ-ის 263.1 მუხლშია წარმოდგენილი, რომლის შინაარსიც ასეთია: სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.
მითითებული ნორმა, ემსახურება რა გადაწყვეტილების აღსრულებას, გულისხმობს სასამართლოს კომპეტენციას, გამოტანილი გადაწყვეტილების ფარგლებში იმსჯელოს მისი აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლაზე. ნორმის შინაარსიდან ნათლად იკვეთება კანონის დათქმა, რომ სასამართლოს შეუძლია შეცვალოს უკვე დადგენილი აღსრულების საშუალება და წესი.
13. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ, თავად სააღსრულებო სისტემის არსებობის მიზანი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული, აღსრულებას დაქვემდებრებული აქტების სისრულეში მოყვანაა.
სააღსრულებო სამართლის უმთავრეს პრინციპს კი სწრაფი, ეფექტიანი და რაც უმთავრესია, კანონშესაბამისი აღსრულების განხორციელება წარმოადგენს. სააღსრულებო სისტემას წაეყენება ეფექტიანი აღსრულების მოთხოვნა იმდენად, რამდენადაც კრედიტორმა ისედაც დიდი დრო დაკარგა უფლების აღსადგენად და მოთხოვნის აღსასრულებლად... აღსრულების პროცესი მოქნილობით უნდა ხასიათდებოდეს და უსაფუძვლო დაბრკოლებებს არ უნდა ქმნიდეს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში (იხ. სუსგ №ბს-476-464(კ-13), 24 აპრილი, 2014 წელი).
14. ეროვნული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების სახელმწიფოს მიერ აღუსრულებლობის ან აღსრულების გაჭიანურების გამო არაერთი საჩივარია განხილული სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ.
გადაწყვეტილებებში ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება, რომელიც კონვენციის არცერთ დებულებაში არ არის მოცემული, კონვენციის ორგანოების მიერ განმარტებული იქნა, როგორც „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილი მე-6 (§1) მუხლის გაგებით (იხ. Hornsby c. Grèce, 19 mars 1997, §40, Recueil 1997-II; აპოსტილი საქართველოს წინააღმდეგ, №40765/02, §37, 28 ნოემბერი, 2006 წელი).
სასამართლოს განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სასამართლოსთვის მიმართვის უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობა ხელს შეუწყობდა იმას, რომ სასამართლოს საბოლოო, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩენილიყო ერთი მხარის საზიანოდ.
გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურება შეიძლება გამართლებულ იქნას მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებებით, მაგრამ ზიანს არ უნდა აყენებდეს მე-6 მუხლით დაცული უფლების არსს.
(იხ. დადიანი და მაჩაბელი საქართველოს წინააღმდეგ, №8252/08, §43, 12 ივნისი, 2012 წელი; შპს „ამატ.ჯი“ და მებაღიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, №2507/03, §47,27 სექტემბერი, 2005 წელი; შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ, №28537/02, §42, 27 დეკემბერი, 2005 წელი).
15. ზემოაღნიშნულ მსჯელობაზე დაყრდნობით სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების აღუსრულებლობის გამო ადგილი აქვს სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას.
ამრიგად, ეფექტური აღსრულების განხორციელების აუცილებლობა დადგენილია როგორც ეროვნული, ასევე ევროპული სასამართლო პრაქტიკით და იგი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში.
როგორც აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში 2009 წლის 02 მარტს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების წესის შეცვლის შესახებ კრედიტორის მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნა რაც აშკარად მეტყველებს გადაწყვეტილების მიმღები და სხვა სტრუქტურების მზაობაზე გაატარონ ქმედითი ღონისძიებები გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, რომლის აღუსრულებლობა ამავე ორგანოებისგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოებებითაა შეფერხებული.
16. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო დარწმუნდეს იმაში, რომ დაწესებული შესაძლებლობით (კონკრეტულ შემთხვევაში აღსრულების საშუალების წესის რამდენჯერმე შეცვლით) არ დაირღვევა მეორე მხარის უფლებები. ვინაიდან კრედიტორის ყოველი მოთხოვნის საფუძველზე, სათანადო და მყარი არგუმენტების წარმოდგენის გარეშე გადაწყვეტილების აღსრულების წესის ხშირი ცვლა ვერ მოვა შესაბამისობაში ევროკონვენციის მე-6 მუხლთან, არ მოემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და არ იარსებებს პროპორციულობის გონივრული კავშირი დასახულ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებებს შორის.
17. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს მხარეთა მიერ წარმოდგენილ რამდენიმე არგუმენტზეც: საქმეზე დადგენილია, რომ სადავო ხელშეკრულება გაფორმდა კრედიტორსა და მოვალეს, როგორც ამხანაგობის თავმჯდომარეს შორის ხოლო მის უზრუნველსაყოფად იპოთეკით ამხანაგობის კუთვნილი სადავო უძრავი ქონება დაიტვირთა.
გარდა ამისა, საქმის მასალებითვეა დადგენილი, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით, რომლის აღსრულების წესის შეცვლაზეც განმცხადებელი შუამდგომლობს, კრედიტორის სასარგებლოდ თანხის გადახდა ამხანაგობის თავმჯდომარეს აქვს დაკისრებული, აღნიშნული დავალიანების დაფარვა კი, ამხანაგობის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონების იძულებით აუქციონის წესით რეალიზაციის გზითაა გადაწყვეტილი; თუმცა კრედიტორის განცხადების საფუძველზე მითითებული აღსრულების წესი ერთხელ უკვე შეიცვალა და ამხანაგობის თავმჯდომარეზე დაკისრებული თანხის გადახდევინების მიქცევა მოვალის პირად ქონებაზე დადგინდა. სახეცვლილი ფორმით გადაწყვეტილების აღსრულება არ განხორციელებულა.
შექმნილი ფაქტობრივი მოცემულობა, რაც სსსკ-ის 407.2 (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) და 420-ე (კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით) მუხლების დანაწესიდან გამომდინარე საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა და იმის მაუწყებელია, რომ მოცემული დავის მოსაწესრიგებლად, მნიშვნელოვანია, რამდენიმე საკვანძო საკითხის სწორად განსაზღვრა:
სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას, მსესხებელი მოქმედებდა თუ არა, როგორც ამხანაგობის უფლებამოსილი წარმომადგენელი;
შესაბამისად, არსებობს თუ არა სასესხო ვალდებულების შესრულებაზე სსკ-ის 937.1 (ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს) მუხლით გათვალისწინებული ამხანაგობის პასუხისმგებლობის წარმოშობის ლეგიტიმური საფუძველი.
14. მოცემული საკითხის შეფასებისას, საქმეზე გამოკვეთილი რამდენიმე გარემოებაა საყურადღებო, სახელდობრ:
1). განმცხადებლის მიერ მითითებული 2009 წლის 2 მარტის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების წესი, რომლითაც დავალიანების დაფარვა ამხანაგობის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონების იძულებით აუქციონის წესით რეალიზაციის გზით დადგინდა, არბიტრაჟის 2009 წლის 14 აპრილის განკარგულებით შეიცვალა და აღსრულება მსესხებლის პირად ქონებაზე მიექცა, რაზეც სააღსრულებო ფურცელიც გაიცა, რომელიც არ აღსრულებულა (ს.ფ. 14-20, 21, 22-23, 24, 67);
2). თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182.3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტითა და 362.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მოვალე დამნაშავედ იქნა ცნობილი და თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
დასახელებული განაჩენის მიხედვით, ამხანაგობის სხვა წევრებთან ერთად დაზარალებულად კრედიტორიც იქნა ცნობილი;
3). 2015 წლის 10 იანვარს მოვალე გარდაიცვალა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ამ უკანასკნელის უფლებამონაცვლედ მისი პირველი რიგის მემკვიდრე ჩაება;
4). თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სადავო ხელშეკრულების საფუძველზე ამხანაგობის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნით აღძრული კრედიტორის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ეს გადაწყვეტილება კრედიტორს არ გაუსაჩივრებია იგი კანონიერ ძალაშია შესული.
5). საქმეზე წარმოდგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2019 წლის 17 იანვარს მიღებული განჩინება, რომელიც სსსკ-ის 264.3 მუხლიდან გამომდინარე კანონიერ ძალაშია შესული და რომლითაც დადგენილია, რომ ამხანაგობის წევრთა საერთო კრებას თავმჯდომარისათვის ამხანაგობის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის უფლებამოსილება არ მიუნიჭებია, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით, სსკ-ის 54-ე და 59-ე მუხლების საფუძველზე იპოთეკით უზრუნველყოფის ნაწილში სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველია. რაკი ამხანაგობის წევრთა საერთო კრებას თავმჯდომარისათვის ამხანაგობის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის უფლებამოსილება არ მიუნიჭებია, ამიტომ დასახელებულ საქმეზე საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ იპოთეკით უზრუნველყოფის ნაწილში სადავო ხელშეკრულება ბათილად ცნობას ექვემდებარებოდა (სსკ-ის 54-ე და 59-ე მუხლები).
ზემომითითებულ საქმეზე საკასაციო პალატის განხილვის საგანი სწორედ ამხანაგობა „ვ.უ–ის“ წევრთა მიერ აღძრული სარჩელის კანონიერება წარმოადგენდა, რომლითაც მოსარჩელეებმა ქ.თბილისში, ....... ქ.№7-ში მდებარე ამხანაგობის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების უფლებრივი დატვირთვისგან განთავისუფლება მოითხოვეს. აქედან გამომდინარე, დასახელებული სამოქალაქო საქმის დავის საგანი, განსახილველის მსგავსად, იგივე მისამართზე მდებარე ქონებაზე ამხანაგობის სახელით დადებული იპოთეკის ხელშეკრულების კანონიერება იყო.
15. სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (სსსკ-ის მე-4 (მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ) და 102-ე (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებაები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს) მუხლები).
ამდენად, სასამართლოში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება. საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს (სსსკ-ის 105.2 მუხლი (სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ).
16. პალატის განსჯით, წინამდებარე განჩინების მე-14 პუნქტში აღწერილი გარემოებების ერთობლიობა საკასაციო სასამართლოს უყალიბებს შინაგან რწმენას იმის თაობაზე, რომ ამხანაგობის ქონებაზე იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას მოვალე ამხანაგობის სახელით არ მოქმედებდა (როგორც ზემოთნახსენებს საკასაციო სასამართლოს განჩინებითაა დადგენილი).
რაკი კუთვნილი ქონების იპოთეკით დატვირთვის უფლება ამხანაგობას მსესხებლისათვის არ მიუნიჭებია, აქედან გამომდინარე, სამართლებრივად ვარგისად ვერც კრედიტორის შუამდგომლობა ვერ მიიჩნევა, რომელიც მსესხებლისათვის, როგორც ამხანაგობის თავმჯდომარისათვის სასესხო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად არბიტრაჟის გადაწყვეტილებით დადგენილი აღსრულების წესის იმგვარად შეცვლას შეეხება, რომლითაც აღნიშნული დავალიანების დაფარვა ამხანაგობის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონების იძულებით აუქციონის წესით რეალიზაციის გზით უნდა შესრულდეს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად და პალატა მსჯელობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილ რელევანტურ არგუმენტებზე (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
17. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და აღსრულების წესის შეცვლის შესახებ გ.გ–ის შუამდგომლობას დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ,,ამხანაგობა ვ.უ–ის“ წევრების: დ.ქ–ძის, ე.ბ–ძის, ე.ლ–იას, ვ.გ–ძის, ლ.ა–ძის, მ.ხ–ის, ქ.ჭ–ის, ზ.გ–ძის, გ.მ–იას, ქ.უ–ის, ლ.გ–ძის, ქ.გ–ძის, მ.გ–ძის, რ.გ–ძისა (ო.გ–ძის უფლებამონაცვლეები) და რ.ნ–ის (ამხანაგობის თავმჯდომარე) კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინება;
3. სპს „ბ. და პ–ის“ „საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ 2009 წლის 2 მარტის სარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების წესის შეცვლის შესახებ გ.გ–ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
მირანდა ერემაძე
ლევან მიქაბერიძე