Facebook Twitter

საქმე №ა-3821-შ-96-2023 10 ოქტომბერი, 2023 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – რ.ა–ნი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.მ. (მოპასუხე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებისა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის, კრასნოდარის მხარის, კროპოტკინის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება #2-1208/2022 და ამავე სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინება, უსწორობის გასწორების თაობაზე

დავის საგანი – ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და ალიმენტის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარება/აღსრულების შესახებ შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსეთის ფედერაციის, კრასნოდარის მხარის, კროპოტკინის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 აგვისტოს #2-1208/2022 დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება) რ.ა–ნის (შემდეგში: მოსარჩელე, შუამდგომლობის ავტორი ან ბავშვის დედა) სარჩელი ნ.მ–ის (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან ბავშვის მამა) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა; 2016 წლის 16 ივლისს დაბადებული მ. ნ. ძე ა–სთვის (შემდეგში: ბავშვი ან არასრულწლოვანი), დედასთან ერთად საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა კრასნოდარის მხარე, კავკაზსკი რაიონი, ქალაქი კროპოტკინი, .......; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად კრასნოდარის მხარეში ბავშვებისთვის დადგენილი საარსებო მინიმუმის 1/2 ოდენობის ალიმენტის გადახდა მყარი ფულადი თანხით არასრულწლოვანი ბავშვის სარჩენად, 2022 წლის 28 ივნისიდან მის სრულწლოვანებამდე; მყარი ფულადი თანხის ალიმენტის ინდექსაცია უნდა მოხდეს კრასნოდარის მხარეში ბავშვისთვის დადგენილი საარსებო მინიმუმის ზრდის პროპორციულად; გადაწყვეტილება ალიმენტის გადახდევინების ნაწილში დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.

2. უცხო ქვეყნის სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ამავე სასამართლოს 2022 წლის 30 აგვისტოს #2-1208/2022 დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა გასწორდა და მიეთითა მოპასუხის გვარი - მ. ნ. მ–ის ძე.

3. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2023 წლის 14 ივლისს, შუამდგომლობით მომართა მოსარჩელის წარმომადგენელმა ცირა მაისურაძემ და უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარება-აღსრულება მოითხოვა.

4. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და რუსეთის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივლისის განჩინებით არასრულწლოვნის დედის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული. აღნიშნული განჩინება შუამდგომლობასა და თანდართულ დოკუმენტებთან ერთად მოწინააღმდეგე მხარეს, მოსაზრების წარმოსადგენად, გაეგზავნა.

6. 2023 წლის 26 ივლისს, მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა მოსაზრებით მომართა საკასაციო სასამართლოს და განმარტა, რომ მოპასუხისათვის უცნობი იყო ზემოთ აღნიშნული სასამართლო პროცესის შესახებ, მას არცერთი საპროცესო დოკუმენტი არ ჩაჰბარებია და არც საბოლოო გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა მისცემია. გადაწყვეტილების შესაბამისად ადრესატის მიერ მიუღებელი შეკვეთილი წერილები, რომლებზეც დასმული იყო შტამპი „შენახვის ვადის ამოწურვის გამო“ არ ეწინააღმდეგება შეკვეთილი წერილების ჩაბარების მოქმედ წესებს და შეიძლება შეფასდეს, როგორც კავშირგაბმულობის ორგანოს მიერ სათანადოდ ინფორმირებულობა იმის თაობაზე, რომ ადრესატები არ მივიდნენ შეკვეთილი წერილების წამოსაღებად. გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული იმის შესახებ გაეგზავნა და ჩაჰბარდა თუ არა მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები, ან რამდენჯერ გაეგზავნა სასამართლო უწყება სხდომის შესახებ. ასევე, უცნობია თუ რა მისამართზე გაიგზავნა სასამართლო უწყებები და სწორად იყო თუ არა მითითებული ადრესატის გვარი.

7. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით 2022 წლის 20 დეკემბერს ბავშვის დედამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ ჰააგის 1980 წლის კონვენციის შესაბამისად ბავშვის არამართლზომიერად გადაადგილებულ პირად ცნობა და რუსეთის ფედერაციაში დაბრუნება.

8. ბავშვის მამის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში უცხო ქვეყნის სასამართლომ იმგვარად მიიღო გადაწყვეტილება ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ, რომ უგულვებელყო მცირეწლოვნის ინტერესები, არ მოუსმინა ბავშვს, მისი არსებობითაც კი არ დაინტერესდა, პროცესში არ მონაწილეობდა ოჯახისა და ბავშვების საკითხების წარმომადგენელი, არ მომზადებულა დასკვნა იმის შესახებ მოემსახურებოდა თუ არა სასამართლო გადაწყვეტილება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. მით უფრო, რომ იმ საცხოვრებელ მისამართზე, რომელიც უცხო ქვეყნის სასამართლომ განსაზღვრა არასრულწლოვანი ნამყოფიც კი არაა, ხოლო დედასთან 5 წელია არ უცხოვრია. არასრულწლოვანი 1 წლის და 8 თვის იყო საქართველოში რომ იქნა ჩამოყვანილი, რადგან დედას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მასზე ზრუნვა არ შეეძლო. ბავშვმა სკოლამდელი აღზრდა საქართველოში გაიარა და შუამდგომლობის განხილვის დროს ახალციხის #2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეა, დადის ქართულ ცეკვებზე, განსაკუთრებული მიჯაჭვულობა აღმზრდელი ბებიის მიმართ აქვს. 5 წლის განმავლობაში დედამ მხოლოდ ორჯერ მოახერხა საქართველოში ჩამოსვლა ბავშვის სანახავად. ბავშვი ინტეგრირებულია თავის საცხოვრებელ გარემოში, თავის ასაკთან შედარებით განვითარებულია და ჰყავს მეგობრები. ამ ყოველივეს დასადასტურებლად წარმოდგენილია ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის დასკვნები.

9. მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატის განმარტებით უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიაზე, ცნობა-აღსრულება არ უნდა მოხდეს, რადგან ბავშვის მამა უცხო ქვეყანაში გამართული სასამართლოს შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა, ასევე, გადაწყვეტილება უხეშად ლახავს არასრულწლოვნის ინტერესებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზებით მივიდა დასკვნამდე, რომ არასრულწლოვნის დედის შუამდგომლობა, რომლითაც მოთხოვნილია საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს 2022 წლის 30 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინების აღიარება/აღსრულება უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

10. უცხო ქვეყნის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ უნდა იქნეს იმ ნაწილში, რომლითაც ბავშვის დედასთან ერთად საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა კრასნოდარის მხარე, კავკაზსკი რაიონი, ქალაქი კროპოტკინი, ....... და უცხო ქვეყნის სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინება, რომლითაც ამავე სასამართლოს 2022 წლის 30 აგვისტოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა გასწორდა და მიეთითა მოპასუხის გვარი - მ.ნ. მ–ის ძე. ხოლო მოსარჩელის შუამდგომლობის მოთხოვნა უცხო ქვეყნის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ განუხილველად უნდა დარჩეს.

11. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, იმ პროცესუალურ საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვის სპეციფიკურ მოწესრიგებას ეხება და განმარტავს, რომ ამ კატეგორიის შუამდგომლობის განხილვა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68-ე (უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო (მე-5 ნაწილი)) და 70-ე („1. სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. 2. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ. 3. შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება“) მუხლებს ეფუძნება და არ განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების იმ წესებით, რაც სასარჩელო წარმოებას გულისხმობს, თუმცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) ცალკეული დებულებები გამოიყენება სწორედ იმ საკითხების შესამოწმებლად, რაც საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობას და/ან აღსრულებას უკავშირდება და საჯარო მართლწესრიგთან შესაბამისობის დადგენის მიხედვით უნდა შეფასდეს. უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულება სხვა ქვეყანაში ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რომელთა მიმართებით ეს სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს. „უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა ნიშნავს იმას, რომ თავისი ძალმოსილებით და სამართლებრივი შედეგებით იგი უთანაბრდება იმ სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომელმაც ცნო ეს გადაწყვეტილება“ (იხ. თენგიზ ლილუაშვილი, საერთაშორისო კერძო სამართალი, თბილისი, 2001 , გამომცემლობა „ჯი სი აი“, გვ.157).

12. სპეციალური კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.

13. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდეგში - მინსკის კონვენცია) პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.

14. მინსკის კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, კონვენციის 51-ე-55-ე მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.

15. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულების საკითხის განხილვამდე აუცილებელია, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეამოწმოს მისი დასაშვებობა, კონკრეტულ შემთხვევაში კი, შედის თუ არა შუამდგომლობაში დასმული საკითხის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციაში, გააჩნია თუ არა შუამდგომლობის ავტორს იურიდიული ინტერესი და ა.შ.

16. გადაწყვეტილების ცნობის (აღიარების) საგანს წარმოადგენს არა ზოგადად კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც მართლმსაჯულების აქტი, არამედ მისი გარკვეული სამართლებრივი თვისების მოქმედების გავრცელება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე (იხ. ბაკურ ლილუაშვილი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება საქართველოში, თბილისი, 2009). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართალში მოქმედი „გათანაბრების თეორიის“ თანახმად, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნეს და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი და ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის თანასწორუფლებიანობის მოსაზრებას. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ან უცხოური საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქმე გვაქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური აქტის მოქმედების გაფართოებასთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მის ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები. ამიტომაც უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის პრობლემის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, თუ რა კრიტერიუმების არსებობას უკავშირებს გადაწყვეტილების ცნობას შესაბამისი ქვეყნის სასამართლო. ამგვარი კრიტერიუმები კი სხვადასხვაა. შესაძლებელია გადაწყვეტილების ცნობისას მოცემული ქვეყნის კანონმდებლობა ან მის მიერ გაფორმებული ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმება პირდაპირ ჩამოთვლიდეს კონკრეტულ პრინციპებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, ამ საკითხთან მიმართებით საერთაშორისო სამოქალაქო პროცესში გავრცელება ჰპოვა ე.წ. „სარკისებური ასახვის პრინციპმა“, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების მცნობ სასამართლოს სარკისებურად გადააქვს თავისი ქვეყნის წესები გადაწყვეტილების მიღების კომპეტენციის შესახებ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

17. საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ე.წ. ზემდგომ ინსტანციას უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობის შემოწმების თვალსაზრისით, რადგან კიდევ ერთი დამატებითი ინსტანციით არსებითად არ იხილავს საქართველოს ტერიტორიაზე საცნობ გადაწყვეტილებას, არამედ მისი მსჯელობა მხოლოდ იმ საფუძვლების გარკვევით შემოიფარგლება, თუ რამდენად არსებობს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იურიდიული ძალის სხვა ქვეყანაში გავრცელებისათვის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივ საფუძველში იგულისხმება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების გავრცელება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელმაც უნდა ცნოს ეს გადაწყვეტილება, ხოლო სამართლებრივ საფუძველში მოიაზრება საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმები, რომლითაც ხორციელდება ცნობა/აღსრულების შემოწმება/განხილვა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარებით ახდენს ამ გადაწყვეტილებით დაცული მხარის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ცნობას, რომლის რეალიზაციის იურიდიული შედეგი უნდა გავრცელდეს საქართველოში (შეად. სუსგ N ა-3968-შ-107-2019, 14.02.2020წ.).

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, რაც იმას გულისხმობს, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.

19. მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ სასამართლო, რომელიც განიხილავს ხელშემკვრელი მხარის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს, შემოიფარგლება კონვენციით გათვალისწინებული წინაპირობების შემოწმებით. შესაბამისად, ცნობა-აღსრულების პროცედურის მიმართ გამოიყენება კონკრეტული ხელშემკვრელი მხარის საპროცესო-სამართლებრივი ნორმები, ხოლო ცნობა-აღსრულების სხვა საკითხებზე ვრცელდება კონვენციის მე-3 თავის დებულებები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური სამართლის დანაწესის მიუხედავად, სსსკ-ის პირველი მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო პროცესუალური მოქმედებების განხორციელების თვალსაზრისით ხელმძღვანელობს ამავე კოდექსით, რომლის მე-4 მუხლი ადგენს მხარეთა შეჯიბრებითობის წარმართვის ვალდებულებას, ხოლო მე-5 მუხლი - საქმის თანასწორობის საწყისზე განხილვის აუცილებლობას.

20. მინსკის კონვენციის მე-19 მუხლის თანახმად, სამართლებრივი დახმარების თხოვნა შეიძლება უარყოფილი იქნეს, თუ ასეთი დახმარების გაწევა ზიანს მოუტანს იმ ხელშემკვრელი მხარის სუვერენიტეტს ან უშიშროებას, რომელსაც წაუყენეს მოთხოვნა ან ეწინააღმდეგება მის კანონმდებლობას (ანალოგიურ დებულებებს ითვალისწინებს სპეციალური საქართველოს კანონის 64-ე მუხლი).

21. სპეციალური კანონის მე-8 მუხლის თანახმად, საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხეს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მეურვეობისა და მზრუნველობის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მეურვე, მზრუნველი ან პირი, რომელსაც მეურვეობა ან მზრუნველობა ესაჭიროება, საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს“. საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ პროცესის ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს. სპეციალური კანონის 49-ე მუხლის თანახმად კი, „მშობლებსა და შვილებს შორის არსებული პირადი და ქონებრივი ურთიერთობები, მშობლის მზრუნველობის ჩათვლით, ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, სადაც ბავშვს აქვს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. ამავე დროს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, რომელსაც ბავშვი განეკუთვნება“.

22. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ არ არსებობს წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმის საფუძველი, რადგან სპეციალური კანონის მოთხოვნების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.

23. საკასაციო სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ იგი უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ საქმის განხილვაზე მიწვეული არ ყოფილა, აღნიშნავს, რომ მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 52-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღიარებისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარის თქმა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე არ მონაწილეობდა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახების შესახებ შეტყობინება.

24. იმავე შინაარსის ნორმას შეიცავს სპეციალური კანონი, რომლის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები. იმავე კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები.

25. უცხო ქვეყნის სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოპასუხე სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა, თუმცა მისი ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ სათანადოდ იყო ინფორმირებული. მან სასამართლოს არ აცნობა გამოუცხადებლობის მიზეზები. უცხო ქვეყნის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიხედვით ადრესატის მიერ მიუღებელი შეკვეთილი წერილები, რომლებზეც დასმული იყო შტამპი „შენახვის ვადის ამოწურვის გამო“ არ ეწინააღმდეგება შეკვეთილი წერილების ჩაბარების მოქმედ წესებს და შეიძლება შეფასდეს, როგორც კავშირგაბმულობის ორგანოს მიერ სათანადოდ ინფორმირებულობა იმის თაობაზე, რომ ადრესატები არ მივიდნენ შეკვეთილი წერილების წამოსაღებად. უცხო ქვეყნის სასამართლო აღნიშნავს, გარდა ამისა, ინფორმაცია მოცემული საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ყველასათვის ხელმისაწვდომად იყო განთავსებული სასამართლოს ოფიციალურ გვერდზე ინტერნეტის ქსელში.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ მოპასუხე ჯეროვნად და სათანადო წესით იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის ადგილის, დროის, მხარეებისა და დავის საგნის შესახებ, ამ გარემოების გაქარწყლება კი მოპასუხის ტვირთია, რაც მან ვერ შეძლო.

27. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე, განსახილველი შუამდგომლობის დასაბუთებულობის კვლევის დროს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება, მხარისათვის უწყების ჩაბარების თაობაზე, ქმნის გაქარწყლებად პრეზუმფციას, რომლის გაბათილება, ამ შემთხვევაში, სტანდარტული მტკიცებულებით ვერ მოხდება. მნიშვნელოვანია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მიეცეს საკუთარი პოზიციის დამტკიცების, ანუ პრეზუმფციის, როგორც ვარაუდის, გაქარწყლების შესაძლებლობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, სრულად იქნა უზრუნველყოფილი მოპასუხისათვის (მოწინააღმდეგე მხარისათვის), თუმცა, მან ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის შუამდგომლობის ავტორისათვის გადაკისრება (შეადრ.სუსგ-ებს: N ა-2021-შ-52-2016, 21.10.2016წ; N ა-4744-შ-119-2017, 30.05.2018 წ.; N ა-5069-შ-130-2017, 26.04.2018 წ.).

28. „მოპასუხის სათანადო წესით მოწვევასთან მიმართებით მნიშვნელოვანია, რომ, როდესაც შუამდგომლობას თან ერთვის მოპასუხის მოწვევის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, წარმოიშობა გაბათილებადი პრეზუმფცია (rebuttable presumption), რომ მოპასუხე მოწვეული იყო სასამართლო განხილვაზე. მოპასუხეს აქვს შესაძლებლობა, წარმოადგინოს დამატებითი მტკიცებულებები, რათა ეს პრეზუმფცია გააბათილოს და მტკიცების ტვირთი კვლავ მოსარჩელეზე გადაიტანოს“ (საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარება სამოქალაქო საქმეებზე, პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი, 2018 წ. გვ:110). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულების წარდგენა, რაც გააქარწყლებდა გადაწყვეტილებით დადასტურებულ ფაქტს, რომ მოწინააღმდეგე მხარე სათანადოდ იყო ინფორმირებული საქმის განხილვის შესახებ.

29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან დებულებებს შეიცავს „ბავშვის უფლებათა კონვენცია“, რომლის მე-3 მუხლის მიხედვით, ბავშვთა მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური დაცვის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება უნდა დაეთმოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია, რაც იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი უალტერნატივოდ იმის დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ: სუსგ-ები N ას-1062-996-2012, 22.01.2013წ ; N ას-53-51-2016, 06.07.2016წ; N ას-1139-1095-2016, 25.09.2017წ, N ას-604-563-2017, 13.10.2017წ; N ას-163-2021, 28.05.2021წ.).

30. საქართველომ 2019 წლის 20 სექტემბერს მიიღო ბავშვის უფლებათა კოდექსი (კანონი N 5004), რომელიც იმავე წლის 27 სექტემბრიდან (საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნების თარიღი; სარეგისტრაციო კოდი 010100000...) ამოქმედდა და მისი მოწესრიგების საგანია ბავშვის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის ფუნქციონირების სამართლებრივ საფუძვლების განსაზღვრა (მუხლი 2.1), ხოლო ბავშვის საუკეთესო ინტერესები განიმარტება, როგორც ბავშვის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, საზოგადოებრივი, ზნეობრივი და სხვა ინტერესები, რომლებსაც პრიორიტეტულად განსაზღვრავს მშობელი ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, მისი მონაწილეობით და მისი მოსაზრების გათვალისწინებით (მუხლი 3, „თ“ ქვეპუნქტი).

31. განსახილველ შემთხვევაში უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ არასრულწლოვანის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი რუსეთია; ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ბავშვი მამამ დედის ნებართვის გარეშე გაიყვანა ქვეყნიდან და აღარ დააბრუნა. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომელიც ამ განჩინების პირველ პუნქტშია ასახული, ადგენს იმ სამართლებრივ შედეგს, რაზედაც სასამართლომ იმსჯელა (სსსკ-ის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით: „გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე“). საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების აღიარება შესაძლებელია იმ სამართლებრივი შედეგის (გადაწყვეტილების) მიხედვით, რაც მის დადგენილებით (სარეზოლუციო) ნაწილშია ასახული. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ასახა ის დასკვნები, რაც ბავშვის საცხოვრებელ ადგილის განსაზღვრას ეხება. დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ფარგლებს გარეთ არ აღსრულებულა, ვინაიდან ფაქტობრივი ვითარება შეიცვალა, მამამ ბავშვი რუსეთიდან გაიყვანა, საქართველოში წამოიყვანა და დედას აღარ აქვს კავშირი შვილთან. უცხო ქვეყნის სასამართლოს თავის გადაწყვეტილებაში საქართველოდან ბავშვის დედის მიერ გაყვანის შესახებ მოთხოვნა არ უხსენებია. ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მამის საცხოვრებელი ადგილი საქართველოშია უდავოა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ვითარებაში უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულება ვერ მოხდება.

32. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ბავშვს აძლევს უფლებას, მის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედებისას ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, შეფასდეს და უპირველესი ყურადღება დაეთმოს მის საუკეთესო/ჭეშმარიტ ინტერესებს როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო სფეროში. ამასთან, იგი ასახავს კონვენციის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს. ბავშვის უფლებათა კომიტეტმა (,,კომიტეტი”) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი მიიჩნია კონვენციის ოთხი ზოგადი პრინციპიდან ერთ-ერთად ბავშვის ყველა უფლების განმარტებისა და განხორციელებისათვის და იყენებს მას, როგორც დინამიკურ ცნებას, რომელიც მოითხოვს კონკრეტული კონტექსტის შესატყვის შეფასებას. ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა გავრცელდეს ყველა საკითხზე, რომელიც შეეხება ბავშვებს, და უნდა იქნეს გათვალისწინებული კონვენციასა თუ ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებს შორის ნებისმიერი შესაძლო წინააღმდეგობის გადასაწყვეტად. ყურადღება უნდა მიექცეს გადაწყვეტის ისეთი შესაძლო გზების განსაზღვრას, რომლებიც შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტრესებს. ეს გულისხმობს იმას, რომ განხორციელების ღონისძიებების შემუშავებისას სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება, დაადგინონ ყველა ბავშვის, მათ შორის მოწყვლადი ბავშვების, საუკეთესო ინტერესები (შეად. სუსგ-ას N ას-163-2021, 28.05.2021წ.).

33. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას; სამართლის ნორმის განმარტებისას გამოყენებული უნდა იქნეს ის განმარტება, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ყველაზე მეტად შეესაბამება, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად (მუხლი 5.4); სახელმწიფო იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოებმა, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა ბავშვის საუკეთესო ინტერესები განსაზღვრონ და მათი სავალდებულო შეფასება განახორციელონ შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ა) ბავშვის აზრის მოსმენა და სათანადოდ გათვალისწინება (მუხლი 5.5).

34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილება განსაზღვრავს მხოლოდ არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელ ადგილს, შესაბამისად, გადაწყვეტილების მცნობი სასამართლო ვერ გასცდება საცნობი გადაწყვეტილების ფარგლებს და ვერ დაადგენს ახალ სამართლებრივ შედეგს. გადაწყვეტილების ცნობის საკითხის განხილვისას, ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი ცხოვრობს საქართველოში მამასთან ერთად, საცნობი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ არის მითითებული, რომ არასრულწლოვანი ბავშვი არის არამართლზომიერად დაკავებული ან გადაადგილებული და რომ დაბრუნებული უნდა იქნეს რუსეთის ტერიტორიაზე (ამიტომაც საკასაციო სასამართლო, ამ საკითხებთან დაკავშირებით არსებითად აღარ იმსჯელებს არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესთან მიმართებით) შესაბამისად, მოსარჩელის შუამდგომლობა არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში უცხო ქვეყნის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად, რადგან შინაარსობრივად არ წარმოადგენს იმ სახის გადაწყვეტილებას, რომელიც საჭიროებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ აღსრულების შესახებ რაიმე აქტის (განჩინება, გადაწყვეტილება) გამოტანას.

35. რაც შეეხება იმას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილება სარჩელი არამართლზომიერად გადაადგილებული და დაკავებული ბავშვის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების თაობაზე, უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შემაფერხებელი გარემოება ვერ გახდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე, 52-ე, 54-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ.ა–ნის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს:

2.1. რუსეთის ფედერაციის, კრასნოდარის მხარის, კროპოტკინის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 აგვისტოს #2-1208/2022 დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც რ.ა–ნის სარჩელი ნ.მ–ის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა; 2016 წლის 16 ივლისს დაბადებული მ. ნ. ძე ა–სთვის, დედასთან ერთად საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა კრასნოდარის მხარე, კავკაზსკი რაიონი, ქალაქი კროპოტკინი, .......;

2.2. რუსეთის ფედერაციის, კრასნოდარის მხარის, კროპოტკინის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინება, რომლითაც ამავე სასამართლოს 2022 წლის 30 აგვისტოს #2-1208/2022 დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა გასწორდა და მიეთითა მოპასუხის გვარი - მ.ნ. მ–ის ძე;

3. რ.ა–ნის შუამდგომლობა, რუსეთის ფედერაციის, კრასნოდარის მხარის, კროპოტკინის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 აგვისტოს #2-1208/2022 დაუსწრებელი გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების ნაწილში დარჩეს განუხილველად;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე