Facebook Twitter

საქმე №ა-4575-შ-131-2023 28 სექტემბერი, 2023 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – კ.გ–ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის, თათრეთის რესპუბლიკის, ყაზანის პრივოლჟის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმე #2-4146/13

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსეთის ფედერაციის, თათრეთის რესპუბლიკის, ყაზანის პრივოლჟის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით კ.ვ. ასული გ–ძის განცხადება დაკმაყოფილდა და ქმედუუნაროდ იქნა ცნობილი 1995 წლის 6 სექტემბერს დაბადებული ლ.გ. ასული ჯ–ძე, რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ყაზანი, .........

2. ქ. ყაზანის პრივოლჟის რაიონის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით ქმედუუნარო ლ. ჯ–ძის მეურვედ დაინიშნა კ.გ–ძე.

3. კ.გ–ძის წარმომადგენელმა მ.კ–ძემ, 2023 წლის 11 სექტემბერს, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და რუსეთის ფედერაციის, თათრეთის რესპუბლიკის, ყაზანის პრივოლჟის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მოითხოვა.

4. რუსეთის ფედერაციის, თათრეთის რესპუბლიკის, ყაზანის პრივოლჟის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ იგი არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 სექტემბრის განჩინებით კ.გ–ძის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ კ.გ–ძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.

8. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდგომში - მინსკის კონვენცია) პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.

9. რუსეთის ფედერაციის, თათრეთის რესპუბლიკის, ყაზანის პრივოლჟის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილების ცნობისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ უნდა დაადგინოს დაცულია თუ არა მინსკის კონვენციით გათვალისწინებული პირობები.

10. მინსკის კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, კონვენციის 51-ე-55-ე მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლომ შუამდგომლობა განიხილა მინსკის კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს მინსკის კონვენციის 51-ე-52-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს.

12. საკასაციო სასამართლო მინსკის კონვენციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტზე მიუთითებს, რომლის თანახმად პირის შეზღუდულ ქმედუნარიანად ან ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ საქმეებზე, წინამდებარე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, კომპეტენტური არის იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლო, რომლის მოქალაქეც არის აღნიშნული პირი.

13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით განმარტებულია, რომ ქმედუნარიანობის აბსოლუტური და ბლანკეტური ჩამორთმევა უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას წარმოადგენს, რომელიც გულისხმობს პირის ავტონომიურობის დაკარგვას ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროში. პირი სრულად კარგავს დამოუკიდებელი და თავისუფალი მოქმედების უფლებას. მეტიც, ქმედუნარიანობის ჩამორთმევა ხდება განუსაზღვრელი ვადით. შესაბამისად, პირის უფლებაში ასეთი ინტენსივობის ჩარევა განპირობებული უნდა იყოს უაღრესად მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის არსებობით და უნდა წარმოადგენდეს ამ მიზნის მიღწევის ყველაზე ნაკლებად მზღუდველ საშუალებას. საკონსტიტუციო სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია, ქმედუნარიანი კონტრაჰენტის დაცვის მიზნით, გარკვეული სამართლებრივი საშუალებების შექმნას, თუმცა ის რეგულაცია, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დადგენილი, უფლების შეზღუდვის არაპროპორციულ საშუალებას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს. სახელმწიფო ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში პოზიტიური მოქმედებებით უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტერესების დაცვა. შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის მქონე პირის მეურვით უზრუნველყოფა ამ ვალდებულების ერთ-ერთ გამოხატულებას წარმოადგენს.

14. საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 20 მარტს დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც განსაზღვრავდა ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმას. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მის საფუძველზე რამდენიმე კანონქვემდებარე აქტი დაამტკიცა. ცვლილებების შედეგად დაფუძნდა მხარდაჭერის სისტემა, რომელიც პირისთვის მხარდაჭერის ინდივიდუალური შეფასებით განსაზღვრული საჭიროების მიხედვით დანიშვნას გულისხმობს (იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიში).

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კ.გ–ძის შუამდგომლობას ერთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება ლ. ჯ–ძის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე განცხადების განხილვა/გადაწყვეტისათვის აუცილებელი დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე, რომლის თანახმადაც კ.გ–ძეს რუსეთის ფედერაციის, თათრეთის რესპუბლიკის, ყაზანის პრივოლჟის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების წარდგენა დაევალა.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფომ უარი განაცხადა პირის ქმედუუნაროდ ცნობის ფორმით მისთვის გარკვეულ საკითხებში გადაწყვეტილების მიღების აკრძალვაზე და შემოიღო მხარადაჭერის ინსტიტუტი, კ.გ–ძის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის, თათრეთის რესპუბლიკის, ყაზანის პრივოლჟის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, რათა არ დაირღვეს ლ. ჯ–ძის უფლება უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობის გამო, რომელმაც ის სამართლებრივი ინსტიტუტი გამოიყენა, რაც ქართულ სამართლებრივ სივრცეში წინანდელი სახით აღარ არსებობს, თუმცა მას ითვალისწინებს მინსკის კონვენცია, რომლის ხელშემკვრელიც საქართველოა და არსობრივად პირზე მეურვეობის განხორციელების ინსტიტუტია, შესაბამისად, მისი მხარდაჭერის სისტემას ადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-55-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ.გ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს რუსეთის ფედერაციის, თათრეთის რესპუბლიკის, ყაზანის პრივოლჟის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც კ.ვ. ასული გ–ძის განცხადება დაკმაყოფილდა და ქმედუუნაროდ იქნა ცნობილი 1995 წლის 6 სექტემბერს დაბადებული ლ.გ. ასული ჯ–ძე, რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ყაზანი, ........;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური