საქმე №ა-6576-შ-161-2022 6 ოქტომბერი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ე.ხ–ვა
მოწინააღმდეგე მხარე – ტ.ხ–ვი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – თურქმენეთის, ქ. აშხაბადის კოპეტდაგსკის ოლქის (ეტრაპის)სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილება
დავის საგანი – ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა/აღსრულების შესახებ შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თურქმენეთის, ქ. აშხაბადის კოპეტდაგსკის ოლქის (ეტრაპის) სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) ე.ხ–ვას (შემდეგში: მოსარჩელე, შუამდგომლობის ავტორი ან ბავშვის დედა) სარჩელი დაკმაყოფილდა; 2015 წლის 25 ოქტომბერს დაბადებული ტ.ტ. ძე ხ–ვის (შემდეგში: ბავშვი ან არასრულწლოვანი) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი, ქ. აშხაბადი, ......., ბინა 8; ტ.ხ–ვის (შემდეგში: მოპასუხე ან ბავშვის მამა) სარჩელი, ბავშვის საცხოვრებლად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე, ე.ხ–ვასა და მესამე პირის - ქ. აშხაბადის კოპეტდაგსკის ოლქის (ეტრაპის) "ხიაკიმლიკის" (ადმინისტრაციის) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიმართ, უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა. თურქმენეთის, ქ. აშხაბადის კოპეტდაგსკის ოლქის (ეტრაპის) 2019 წლის 28 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილებით ბავშვი მამისაგან დედას გადაეცა აღსაზრდელად.
2. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მხარეებმა 2012 წელს შექმნეს ოჯახი, ხოლო 2015 წლის 10 სექტემბერს ქ. აშხაბადში დაარეგისტრირეს ქორწინება. 2015 წლის 25 ოქტომბერს წყვილს ვაჟი - ტ. შეეძინა. იმავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2018 წლის 24 თებერვალს მოსარჩელე საცხოვრებელი სახლიდან გამოვიდა თავისი საქმეების გამო, არასრულწლოვანი შვილი კი მამასთან დარჩა მათ საცხოვრებელ ადგილზე. შინ დაბრუნებულმა მოსარჩელემ აღმოაჩინა, რომ შვილი და მოპასუხე აღარ იმყოფებოდნენ მათ საცხოვერებელ ადგილას, ამის შემდეგ ბავშვის დედამ შეიტყო, რომ მამამ ბავშვი დედის ნებართვის გარეშე რუსეთის ფედერაციაში წაიყვანა;
2.1. არასრულწლოვნის დედამ შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოებს მიმართა იმ საფუძვლით, რომ მამამ მისი ნებართვის გარეშე არასრულწლოვანი შვილი სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ გაიყვანა, თუმცა, ამ მიმართვებმა არავითარი შედეგი არ გამოიღო. მოსარჩელემ 2018 წლის მარტსა და მაისში მიმართა ქ. აშხაბადის საოლქო სასამართლოებს ბავშვის წართმევის გამო, თუმცა სარჩელი წარმოებაში არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ უცნობი იყო მოპასუხის მისამართი;
2.2. ბავშვის დედა გაემგზავრა რუსეთის ფედერაციაში და მიმართა მოსკოვის ოლქის ქ. ხიმკის სასამართლოს ბავშვის ადგილსამყოფელის დადგენის მოთხოვნით. მის სასარჩელო მოთხოვნაზე 2018 წლის 18 დეკემბერს საქმის განხილვა შეწყდა იმის გამო, რომ ძალაში შევიდა ბავშვის მამის მიერ აღძრულ სარჩელზე სარატოვის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე. ამ საქმის განხილვაზე მიწვეული არ ყოფილა არასრულწლოვნის დედა, შესაბამისად, იმაზე მითითებით, რომ მას შეუძლია ბავშვის აღზრდა და რჩენა, ბავშვის დედამ გადაწყვეტილების გაუქმება და არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მოითხოვა;
2.3. თავის მხრივ, ბავშვის მამა არ დაეთანხმა დედის მოთხოვნას და მის წინააღმდეგ შეგებებული სარჩელი წარადგინა. ბავშვის მამის განმარტებით, ბავშვის დედა დედობრივ მოვალეობებს ვერ ასრულებდა, ხოლო იმის გამო, რომ ბავშვი ავად გახდა და ექიმის რჩევით იგი ქ. მინსკში უნდა წაეყვანა, დედამ კი უარი განაცხადა მათთან ერთად წასვლაზე, ბავშვის მამა ვალდებული გახდა, შვილთან ერთად ქ. აშხაბადიდან გამგზავრებულიყო;
2.4. სასამართლო განხილვაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სარჩელის დაკმაყოფილებას და შეგებებული სარჩელის უარყოფას. შეგებებული სარჩელის ავტორმა (ბავშვის მამამ) მოითხოვა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება და ძირითადი სარჩელის უარყოფა.
2.5. უცხო ქვეყნის სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა (მათი წარმომადგენლების), ასევე მოწმეთა განმარტებები და დაასკვნა, რომ საკმარისი საფუძველი არსებობს არასრულწლოვანის დედის სარჩელის დაკმაყოფილებისა და არასრულწლოვანის მამის სარჩელის უარყოფისათვის.
3. საქმის მასალებში წარმოდგენილია სარატოვის ოლქის სასამართლო აღმასრულებელთა ფედერალური სამსახურის სამმართველოს 2022 წლის 9 ივნისის დადგენილება, რომლის მიხედვით, მოპასუხე (ბავშვის მამა) რუსეთიდან საქართველოში გაემგზავრა და დარეგისტრირდა ქ. ბათუმში შემდეგ მისამართზე: ..........
4. საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2022 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, შუამდგომლობით მომართა მოსარჩელემ და უცხო ქვეყნის სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებისა და იმავე სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება მოითხოვა.
5. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული. განჩინებისა და თანდართული დოკუმენტების ასლები მოსაზრების წარმოსადგენად არაერთხელ გაეგზავნა ბავშვის მამას, თუმცა უშედეგოდ.
7. საქმის მასალებში მითითებულ მისამართზე (იხ. მე-3 პუნქტი) არასრულწლოვნის მამისათვის სამჯერ გაგზავნილი სასამართლო გზავნილი დაბრუნდა უკუგზავნილებით, რომლებშიც მითითებულია, რომ კურიერმა მისამართი ვერ მოიძია.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მარტის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა მოწინააღმდეგე მხარისათვის, იმავე მისამართზე, გზავნილის ჩაბარება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივ ი.შ–ძის განმარტებით, მოპასუხისათვის გზავნილი ჩაბარება ვერ მოხერხდა, რადგან იგი არაერთხელ გამოცხადდა სასამართლოს მიერ მითითებულ მისამართზე, თუმცა ბინა დაკეტილი იყო.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივლისის განჩინებით არასრულწლოვნის მამას მის წინააღმდეგ წარმოდგენილი შუამდგომლობის თაობაზე საჯარო შეტყობინების გზით ეცნობა.
10. მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო სასამართლოსათვის არც მოსაზრებით მოუმართავს და არც საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა მოუთხოვია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზებით მივიდა დასკვნამდე, რომ არასრულწლოვნის დედის შუამდგომლობა, რომლითაც მოთხოვნილია საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებისა და იმავე სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
11. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს იმ ნაწილში, რომლითაც ბავშვის დედის სარჩელი ბავშვის მამის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა და 2015 წლის 25 ოქტომბერს დაბადებული არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი, ქ. აშხაბადი, ......; ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს უცხო ქვეყნის სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილება, რომლითაც ბავშვი მამისაგან დედას აღსაზრდელად გადაეცა. ხოლო მოსარჩელის შუამდგომლობის მოთხოვნა უცხო ქვეყნის სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებისა და იმავე სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ განუხილველად უნდა დარჩეს.
12. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, იმ პროცესუალურ საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვის სპეციფიკურ მოწესრიგებას ეხება და განმარტავს, რომ ამ კატეგორიის შუამდგომლობის განხილვა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68-ე (უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო (მე-5 ნაწილი)) და 70-ე („1. სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. 2. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ. 3. შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება“) მუხლებს ეფუძნება და არ განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების იმ წესებით, რაც სასარჩელო წარმოებას გულისხმობს, თუმცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) ცალკეული დებულებები გამოიყენება სწორედ იმ საკითხების შესამოწმებლად, რაც საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობას და/ან აღსრულებას უკავშირდება და საჯარო მართლწესრიგთან შესაბამისობის დადგენის მიხედვით უნდა შეფასდეს. უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულება სხვა ქვეყანაში ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რომელთა მიმართებით ეს სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს. „უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა ნიშნავს იმას, რომ თავისი ძალმოსილებით და სამართლებრივი შედეგებით იგი უთანაბრდება იმ სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომელმაც ცნო ეს გადაწყვეტილება“ (იხ. თენგიზ ლილუაშვილი, საერთაშორისო კერძო სამართალი, თბილისი, 2001 , გამომცემლობა „ჯი სი აი“, გვ.157).
13. სპეციალური კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.
14. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდეგში - მინსკის კონვენცია) პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.
15. მინსკის კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, კონვენციის 51-ე-55-ე მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.
16. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულების საკითხის განხილვამდე აუცილებელია, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეამოწმოს მისი დასაშვებობა, კონკრეტულ შემთხვევაში კი, შედის თუ არა შუამდგომლობაში დასმული საკითხის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციაში, გააჩნია თუ არა შუამდგომლობის ავტორს იურიდიული ინტერესი და ა.შ.
17. გადაწყვეტილების ცნობის (აღიარების) საგანს წარმოადგენს არა ზოგადად კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც მართლმსაჯულების აქტი, არამედ მისი გარკვეული სამართლებრივი თვისების მოქმედების გავრცელება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე (იხ. ბაკურ ლილუაშვილი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება საქართველოში, თბილისი, 2009). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართალში მოქმედი „გათანაბრების თეორიის“ თანახმად, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნეს და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი და ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის თანასწორუფლებიანობის მოსაზრებას. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ან უცხოური საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქმე გვაქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური აქტის მოქმედების გაფართოებასთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მის ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები. ამიტომაც უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის პრობლემის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, თუ რა კრიტერიუმების არსებობას უკავშირებს გადაწყვეტილების ცნობას შესაბამისი ქვეყნის სასამართლო. ამგვარი კრიტერიუმები კი სხვადასხვაა. შესაძლებელია გადაწყვეტილების ცნობისას მოცემული ქვეყნის კანონმდებლობა ან მის მიერ გაფორმებული ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმება პირდაპირ ჩამოთვლიდეს კონკრეტულ პრინციპებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, ამ საკითხთან მიმართებით საერთაშორისო სამოქალაქო პროცესში გავრცელება ჰპოვა ე.წ. „სარკისებური ასახვის პრინციპმა“, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების მცნობ სასამართლოს სარკისებურად გადააქვს თავისი ქვეყნის წესები გადაწყვეტილების მიღების კომპეტენციის შესახებ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაზე.
18. საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ე.წ. ზემდგომ ინსტანციას უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობის შემოწმების თვალსაზრისით, რადგან კიდევ ერთი დამატებითი ინსტანციით არსებითად არ იხილავს საქართველოს ტერიტორიაზე საცნობ გადაწყვეტილებას, არამედ მისი მსჯელობა მხოლოდ იმ საფუძვლების გარკვევით შემოიფარგლება, თუ რამდენად არსებობს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იურიდიული ძალის სხვა ქვეყანაში გავრცელებისათვის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივ საფუძველში იგულისხმება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების გავრცელება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელმაც უნდა ცნოს ეს გადაწყვეტილება, ხოლო სამართლებრივ საფუძველში მოიაზრება საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმები, რომლითაც ხორციელდება ცნობა/აღსრულების შემოწმება/განხილვა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარებით ახდენს ამ გადაწყვეტილებით დაცული მხარის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ცნობას, რომლის რეალიზაციის იურიდიული შედეგი უნდა გავრცელდეს საქართველოში (შეად. სუსგ N ა-3968-შ-107-2019, 14.02.2020წ.).
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, რაც იმას გულისხმობს, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
20. მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ სასამართლო, რომელიც განიხილავს ხელშემკვრელი მხარის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს, შემოიფარგლება კონვენციით გათვალისწინებული წინაპირობების შემოწმებით. შესაბამისად, ცნობა-აღსრულების პროცედურის მიმართ გამოიყენება კონკრეტული ხელშემკვრელი მხარის საპროცესო-სამართლებრივი ნორმები, ხოლო ცნობა-აღსრულების სხვა საკითხებზე ვრცელდება კონვენციის მე-3 თავის დებულებები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური სამართლის დანაწესის მიუხედავად, სსსკ-ის პირველი მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო პროცესუალური მოქმედებების განხორციელების თვალსაზრისით ხელმძღვანელობს ამავე კოდექსით, რომლის მე-4 მუხლი ადგენს მხარეთა შეჯიბრებითობის წარმართვის ვალდებულებას, ხოლო, მე-5 მუხლი - საქმის თანასწორობის საწყისზე განხილვის აუცილებლობას.
21. მინსკის კონვენციის მე-19 მუხლის თანახმად, სამართლებრივი დახმარების თხოვნა შეიძლება უარყოფილი იქნეს, თუ ასეთი დახმარების გაწევა ზიანს მოუტანს იმ ხელშემკვრელი მხარის სუვერენიტეტს ან უშიშროებას, რომელსაც წაუყენეს მოთხოვნა ან ეწინააღმდეგება მის კანონმდებლობას (ანალოგიურ დებულებებს ითვალისწინებს სპეციალური საქართველოს კანონის 64-ე მუხლი).
22. სპეციალური კანონის მე-8 მუხლის თანახმად, საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხეს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მეურვეობისა და მზრუნველობის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მეურვე, მზრუნველი ან პირი, რომელსაც მეურვეობა ან მზრუნველობა ესაჭიროება, საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს“. საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ პროცესის ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს. სპეციალური კანონის 49-ე მუხლის თანახმად კი, „მშობლებსა და შვილებს შორის არსებული პირადი და ქონებრივი ურთიერთობები, მშობლის მზრუნველობის ჩათვლით, ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, სადაც ბავშვს აქვს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. ამავე დროს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, რომელსაც ბავშვი განეკუთვნება“.
23. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ არ არსებობს წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმის საფუძველი, რადგან სპეციალური კანონის მოთხოვნების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან დებულებებს შეიცავს „ბავშვის უფლებათა კონვენცია“, რომლის მე-3 მუხლის მიხედვით, ბავშვთა მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური დაცვის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება უნდა დაეთმოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია, რაც იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი უალტერნატივოდ იმის დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ: სუსგ-ები N ას-1062-996-2012, 22.01.2013წ ; N ას-53-51-2016, 06.07.2016წ; N ას-1139-1095-2016, 25.09.2017წ, N ას-604-563-2017, 13.10.2017წ; N ას-163-2021, 28.05.2021წ.).
25. საქართველომ 2019 წლის 20 სექტემბერს მიიღო ბავშვის უფლებათა კოდექსი (კანონი N 5004), რომელიც იმავე წლის 27 სექტემბრიდან (საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნების თარიღი; სარეგისტრაციო კოდი 010100000.05.001.019579) ამოქმედდა და მისი მოწესრიგების საგანია ბავშვის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის ფუნქციონირების სამართლებრივ საფუძვლების განსაზღვრა (მუხლი 2.1), ხოლო ბავშვის საუკეთესო ინტერესები განიმარტება, როგორც ბავშვის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, საზოგადოებრივი, ზნეობრივი და სხვა ინტერესები, რომლებსაც პრიორიტეტულად განსაზღვრავს მშობელი ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, მისი მონაწილეობით და მისი მოსაზრების გათვალისწინებით (მუხლი 3, „თ“ ქვეპუნქტი).
26.განსახილველ შემთხვევაში უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ არასრულწლოვანის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი თურქმენეთია; ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ბავშვი მამამ დედის ნებართვის გარეშე გაიყვანა ქვეყნიდან და აღარ დააბრუნა. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომელიც ამ განჩინების პირველ პუნქტშია ასახული, ადგენს იმ სამართლებრივ შედეგს, რაზედაც სასამართლომ იმსჯელა (სსსკ-ის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით: „გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე“). საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა შესაძლებელია იმ სამართლებრივი შედეგის (გადაწყვეტილების) მიხედვით, რაც მის დადგენილებით (სარეზოლუციო) ნაწილშია ასახული. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ასახა ის დასკვნები, რაც ბავშვის საცხოვრებელ ადგილის განსაზღვრას და ბავშვის მამისაგან დედისათვის გადაცემას ეხება. დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ფარგლებს გარეთ არ აღსრულებულა, ვინაიდან ფაქტობრივი ვითარება შეიცვალა, მამამ ბავშვი რუსეთიდან გაიყვანა, საქართველოში დარეგისტრირდა საცხოვრებლად და დედას აღარ აქვს კავშირი შვილთან, სწორედ ამიტომ სააღსრულებო ფურცელი დაუბრუნდა მოსარჩელეს შეუსრულებელი სახით. უცხო ქვეყნის სასამართლოს თავის გადაწყვეტილებაში ბავშვის საქართველოში ყოფნის ფაქტი და საქართველოდან ბავშვის დედის მიერ გაყვანის შესახებ მოთხოვნა არ უხსენებია. ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მამის საცხოვრებელი ადგილი საქართველოშია რეგისტრირებული წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებულ დოკუმენტშია დადასტურებული. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ვითარებაში უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულება ვერ მოხდება.
27. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ბავშვს აძლევს უფლებას, მის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედებისას ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, შეფასდეს და უპირველესი ყურადღება დაეთმოს მის საუკეთესო/ჭეშმარიტ ინტერესებს როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო სფეროში. ამასთან, იგი ასახავს კონვენციის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს. ბავშვის უფლებათა კომიტეტმა (,,კომიტეტი”) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი მიიჩნია კონვენციის ოთხი ზოგადი პრინციპიდან ერთ-ერთად ბავშვის ყველა უფლების განმარტებისა და განხორციელებისათვის და იყენებს მას, როგორც დინამიკურ ცნებას, რომელიც მოითხოვს კონკრეტული კონტექსტის შესატყვის შეფასებას. ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა გავრცელდეს ყველა საკითხზე, რომელიც შეეხება ბავშვებს, და უნდა იქნეს გათვალისწინებული კონვენციასა თუ ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებს შორის ნებისმიერი შესაძლო წინააღმდეგობის გადასაწყვეტად. ყურადღება უნდა მიექცეს გადაწყვეტის ისეთი შესაძლო გზების განსაზღვრას, რომლებიც შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტრესებს. ეს გულისხმობს იმას, რომ განხორციელების ღონისძიებების შემუშავებისას სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება, დაადგინონ ყველა ბავშვის, მათ შორის მოწყვლადი ბავშვების, საუკეთესო ინტერესები (შეად. სუსგ-ას N ას-163-2021, 28.05.2021წ.).
28. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას; სამართლის ნორმის განმარტებისას გამოყენებული უნდა იქნეს ის განმარტება, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ყველაზე მეტად შეესაბამება, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად (მუხლი 5.4); სახელმწიფო იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოებმა, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა ბავშვის საუკეთესო ინტერესები განსაზღვრონ და მათი სავალდებულო შეფასება განახორციელონ შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ა) ბავშვის აზრის მოსმენა და სათანადოდ გათვალისწინება (მუხლი 5.5).
29.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილება განსაზღვრავს მხოლოდ არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელ ადგილს, შესაბამისად, გადაწყვეტილების მცნობი სასამართლო ვერ გასცდება საცნობი გადაწყვეტილების ფარგლებს და ვერ დაადგენს ახალ სამართლებრივ შედეგს. გადაწყვეტილების ცნობის საკითხის განხილვისას, ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი ცხოვრობს საქართველოში მამასთან ერთად, საცნობი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ არის მითითებული, რომ არასრულწლოვანი ბავშვი არის არამართლზომიერად დაკავებული ან გადაადგილებული და რომ დაბრუნებული უნდა იქნეს თურქმენეთის ტერიტორიაზე (ამიტომაც საკასაციო სასამართლო, ამ საკითხებთან დაკავშირებით არსებითად აღარ იმსჯელებს არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესთან მიმართებით) შესაბამისად, მოსარჩელის შუამდგომლობა არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად, რადგან შინაარსობრივად არ წარმოადგენს იმ სახის გადაწყვეტილებას, რომელიც საჭიროებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ აღსრულების შესახებ რაიმე აქტის (განჩინება, გადაწყვეტილება) გამოტანას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე, 52-ე, 54-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.ხ–ვას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს თურქმენეთის, ქ. აშხაბადის კოპეტდაგსკის ოლქის (ეტრაპის) სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც 2015 წლის 25 ოქტომბერს დაბადებული ტ.ტ. ძე ხ–ვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი, ქ. აშხაბადი, ....... და თურქმენეთის, ქ. აშხაბადის კოპეტდაგსკის ოლქის (ეტრაპის) სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილება, რომლითაც ბავშვი მამისაგან დედას აღსაზრდელად გადაეცა;
3. ე.ხ–ვას შუამდგომლობა, თურქმენეთის, ქ. აშხაბადის კოპეტდაგსკის ოლქის (ეტრაპის) სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებისა და იმავე სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების ნაწილში დარჩეს განუხილველად;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური