საქმე №ას-461-2023 21 ივლისი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ნ.მ. (თავდაპირველი სარჩელით მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.ბ–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე), თ.დ–ი (შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით გ.ბ–ის (შემდეგში: მოსარჩელე ან შეგებებული სარჩელით მოპასუხე) სარჩელი ნ.მ–ის (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 27 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა; მოპასუხის შეგეგებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელემ მოპასუხეს, 2019 წლის 4 დეკემბერს, სს ,,ს.ბ–ში“ გახსნილი ანგარიშიდან გადაურიცხა თანხები სამ ნაწილად: 10 000 აშშ დოლარი, 7000 აშშ დოლარი, 10 000 აშშ დოლარი. გადარიცხვის დანიშნულებაში მითითებულია პირადი გადარიცხვა;
3.2. მოპასუხე დაქორწინებულია კანადის მოქალაქე გ.ი.მ–თან და ქორწინების შემდეგ მიენიჭა გვარი მ.;
3.3. მოპასუხე, 2019 წლის მდგომარეობით, შპს ,,ნ.ს–ი იურიდიული კომპანია - N.“-ის 100%-იანი წილის მფლობელი და მის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი - დირექტორი იყო;
3.4. შპს ,,ნ.ს–ის იურიდიული კომპანია - N.“-ის, 2019 წლის 12 დეკემბრის კრების ოქმის თანახმად გადაწყდა, რომ 100 % წილის მფლობელი მოპასუხე თავის წილს მოსარჩელეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცემდა. ასევე, შპს ,,ნ.ს–ის იურიდიული კომპანია - N.“ შეიცვლებოდა ახალი სახელწოდებით - შპს ,,ჯ.ჰ.ფ.ს–ო“. დირექტორის თანამდებობიდან მოპასუხე გათავისუფლდებოდა და მის ნაცვლად მოსარჩელე დაინიშნებოდა. აღნიშნული ცვლილებები 13.12.2019 წელს სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა;
3.5. შპს ,,ნ.ს–ის იურიდიული კომპანია - ე.პ.ე“-ის, 2019 წლის 12 დეკემბრის კრების ოქმის თანახმად გადაწყდა, რომ 100 % წილის მფლობელი მოპასუხე თავის წილს თ.დ–ს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცემდა. შპს ,,ნ.ს–ის იურიდიული კომპანია - ე. პ. ე“ შეიცვლებოდა ახალი სახელწოდებით - შპს ,,ი.ს.ქ.“. დირექტორის თანამდებობიდან მოპასუხე გათავისუფლდებოდა და მის ნაცვლად თ.დ–ი დაინიშნებოდა. აღნიშნული ცვლილებები, 14.12.2019 წელს, სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა;
3.6. მოსარჩელემ და თ.დ–მა მიმართეს შემოსავლების სამსახურს მოთხოვნით, გაეცათ ინფორმაცია მათ სახელზე არსებული კომპანიების შესახებ;
3.7. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობების თანახმად, 16.04.2021 წლის მდგომარეობით, შპს ,,ჯ.ჰ.ფ.ს–ოსა“ და შპს ,,ი.ს.ქ–ის“ საქმიანობის მაჩვენებელი სტატუსია - ,,პასიური“. ასევე 2021 წლის 16 აპრილის მდგომარეობით შპს ,,ჯ.ჰ.ფ.ს–ოს“ მიერ, 12.12.2019 წლიდან 16.04.2021 წლის ჩათვლით ბიუჯეტში გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. ასევე 06.03.2021 წლიდან - 16.04.2021 წლის ჩათვლით ბიუჯეტში გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. ასევე, 2021 წლის 16 აპრილის მდგომარეობით შპს ,,ი.ს.ქ–ის“ მიერ, 17.05.2017 წლიდან 16.04.2021 წლის ჩათვლით, ბიუჯეტში გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. ასევე 12.12.2019 წლიდან - 16.04.2021 წლის ჩათვლით ბიუჯეტში გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება;
3.8. სს ,,ვ.ბ.ჯ–ას“ მიერ, 21.04.2021 წელს, გაცემული ცნობის თანახმად დგინდება, რომ სს ,,ვ.ბ.ჯ–აში“ შპს ,,ნ.ს–ის იურიდიული კომპანია - ე. პ. ს“-ის სახელზე, 17.05.2017 წლის მდგომარეობით, გახსნილი ყველა ანგარიშსწორების ანგარიში დახურულია და გახსნის დღიდან ბრუნვები არც ერთ ვალუტაში არ ფიქსირდება. ამასთან, ანგარიშების გახსნის თარიღია - 17.05.2017 წელი, ხოლო დახურვის 03.09.2019 წელი;
3.9. სს ,,თ.ბ–ის“ მიერ, 19.04.2021 წელს, გაცემული ცნობის თანახმად დგინდება, რომ სს ,,თ.ბ–ში“ შპს ,,ი.ს.ქ.ი“, 17.04.2021 წლის მდგომარეობით, მხოლოდ ერთ ანგარიშს ფლობდა. ანგარიშის გახსნის თარიღია - 17.05.2017 წელი, დახურვის თარიღი - 27.07.2017 წელი, ხოლო ნაშთი - 0.00;
3.10. 2020 წლის 17 აპრილის შეთანხმების თანახმად, რომელიც ხელმოწერილია მოსარჩელის სახელით ირკვევა: ,,ერთი მხრივ, მოსარჩელე და, მეორე მხრივ, მოპასუხე შევთანხმდით შემდეგ პირობებზე: მოსარჩელემ მოპასუხეს სს „ს.ბ–ის“ ანგარიშზე 2019 წლის 5 დეკემბერს ჩაურიცხა 27 000 აშშ დოლარი, ხოლო მოპასუხემ 2019 წლის 12 დეკემბერს მოსარჩელეს და თ.დ–ს გადასცა კომპანიები შპს „ნ.ს–ის იურიდიული კომპანია - N.“ და შპს „ნ.ს–ის იურიდიული კომპანია ე.პ.ე“, რომელიც შემდეგ ჩამოყალიბდა შპს „ჯ.ჰ.ფ.ს–ოდ“ და შპს „ი.ს.ქ.ად“. „მხარეები ვთანხმდებით, რომ ორივე კომპანიის ღირებულება შეადგენს 40 000 აშშ დოლარს, 13 000 აშშ დოლარის გადახდა უნდა მომხდარიყო 2020 წლის თებერვლის ბოლოს 24 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, თუმცა ვერ მოხერხდა თანხის დროულად დაბრუნება, ამიტომ თანხის დაბრუნების ვადამ გადაიწია 2020 წლის 14 მაისს. შეთანხმების თანახმად, 2020 წლის 14 მაისს თანხის სრულყოფილად არ დაფარვის შემთხვევაში მოპასუხეს აქვს უფლება მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ან/და სააღსრულებო ბიუროს გამარტივებული წესით სესხის დაფარვის მოთხოვნით. საქართველოში არსებული პანდემიიდან გამომდინარე შეთანხმება შედგენილია სამივე მხარის თანხმობით, ელექტრონული წესით სამ ეგზემპლიარად, რომელსაც ვაწერთ ხელს და რომელსაც ენიჭება იურიდიული ძალა“;
3.11. 2020 წლის 31 მაისის ვალის აღიარების ხელშეკრულების თანახმად, რომელიც ასევე ხელმოწერილია მოსარჩელისა და თ.დ–ის სახელით ირკვევა: „მე გ.ბ–ი და თ.დ–ი ვაღიარებთ, რომ 2019 წლის 12 დეკემბერს ნ.მ–ისაგან ჩვენივე თხოვნით გადავიფორმეთ ორი კომპანია: შპს ,,ნ.ს–ის იურიდიული კომპანია N.“ და შპს ,,ნ.ს–ის იურიდიული კომპანია ე.პ.ე“, რომელიც შემდეგ ჩვენი სურვილით ჩამოყალიბდა შპს ,,ჯ.ჰ.ფ.ს–ოდ“ და შპს ,,ი.ს.ქ–ად“, რომელსაც დღემდე ვიყენებთ პირადი ინტერესებისთვის. „ჩვენ ნ.მ–ისგან მივიღეთ ზემოხსენებული კომპანიები და 50 პროექტი, რომლის საერთო ღირებულებაც შევთავაზეთ 40 000 აშშ დოლარი. 2019 წლის 04 დეკემბერს ნ.მ.ის ანგარიშზე, წინასწარი შეთანხმების გარეშე, ჩავრიცხეთ 27 000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 13000 აშშ დოლარი უნდა დაგვებრუნებინა 2020 წლის 24 -დან 28 თებერვლამდე, თუმცა 2020 წლის 17 აპრილს შევთანხმდით ჩვენს მიერ ვალის დაბრუნება მომხდარიყო 2020 წლის 14 მაისს. 2019 წლის 19 დეკემბერს მე გ.ბ–მა და თ.დ–მა ნ.მ–ისაგან ვისესხეთ 1300 აშშ დოლარი, პირადი ინტერესებისათვის. ჩვენ ნ.მ–ის მიმართ გვაქვს ფინანსური დავალიანება 14800 აშშ დოლარი, რომელსაც დავფარავთ 2020 წლის 20 ივლისს”. „ჩვენს მიერ 2020 წლის 20 ივლისს სრულყოფილად ვალის არ დაბრუნების შემთხვევაში ნ.მ–ს აქვს უფლება სარჩელით მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ან/და თბილისის სააღსრულებო ბიუროს თანხის დაკისრების და სესხის დაფარვის მოთხოვნით. ჩვენ ნ.მ–ის მიმართ არ გაგვაჩნია არავითარი სახის პრეტენზია კომპანიებთან, პროექტების და ფინანსების მიმართ არც ეხლა და არც მომავალში არ გვექნება“. „ვალის აღიარება შედგენილია ქართულ ენაზე, მესამე პირის ზეწოლის და მუქარის გარეშე, ჩვენივე თანხმობით 4 ეგზემპლარად, რომელსაც ვესწრებით სამივე მხარე, წავიკითხეთ სამივემ, ვეთანხმებით პირობებს და ვაწერთ ხელს, რომელსაც ენიჭება იურიდიული ძალა. ვალის აღიარების ორი ასლი დედნის სახით რჩება ნ.მ.თან, ხოლო თითო ასლი გვრჩება ჩვენ გ.ბ–ს და თ.დ–ს. მხარეებს გვენიჭება უფლება, ვალის აღიარების ეს დოკუმენტი სურვილის შემთხვევაში დავამოწმოთ ნოტარიულად“;
3.12. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში: ექსპერტიზის ბიურო) 2022 წლის 26 იანვრის დასკვნის თანახმად დგინდება, რომ 2020 წლის 31 მაისით დათარიღებული ვალის აღიარების ხელშეკრულებების პირველ და მეორე ფურცლებზე განთავსებული გ.ბ–ის და თ.დ–ის სახელით შესრულებული ხელმოწერები არ არის შესრულებული საწერი საშუალებით და არ არის გადატანილი კომპიუტერზე, სკანერის და პრინტერის გამოყენებით, არამედ დატანილია ხელმოწერების ფაქსიმილიეთ (ხელმოწერების შტამპები);
3.13. 2022 წლის 16 მარტის დადგენილებებით დაზარალებულად ცნობის შესახებ დგინდება, რომ 2021 წლის 5 მარტს, შსს პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პირველ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, მოსარჩელის მიმართ განხორციელებული დიდი ოდენობით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;
3.14. დადგენილების მიხედვით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მოსარჩელემ და მისმა მეუღლემ თ.დ–მა კანადაში წასასვლელი ვიზის მოპოვებასა და გამგზავრებაში დახმარება სთხოვეს ნაცნობს - მოპასუხეს, რომელმაც დახმარება აღუთქვა ცოლ-ქმარს და სანაცვლოდ მოსთხოვა ფულადი თანხის - 40 000 აშშ დოლარის გადახდა. შეთანხმებული თანხიდან მოსარჩელემ და მისმა მეუღლემ საწყის ეტაპზე შეძლეს მხოლოდ 27 000 აშშ დოლარის მობილიზება, ხოლო დარჩენილი - 13 000 აშშ დოლარის გადახდაზე შეთანხმდნენ მოგვიანებით. ზემოაღნიშნული 27 000 აშშ დოლარი მოსარჩელემ თავისი კუთვნილი სს ,,ს.ბ–ის“ ანგარიშიდან სამ ნაწილად გადაურიცხა მოპასუხეს სს ,,ს.ბ–ის“ ანგარიშზე. შეთანხმების მიუხედავად, მოპასუხემ არ შეასრულა დანაპირები, რის შედეგადაც მოსარჩელესა და მის მეუღლეს მიადგათ 27 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში, დიდი ოდენობით, ქონებრივი ზიანი, რის გამოც არსებობს მათი დაზარალებულად ცნობის საფუძველი, რასაც ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები: მოსარჩელის, მისი მეუღლისა და მოპასუხის გამოკითხვის ოქმები, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა;
3.15. მოსარჩელე და მისი მეუღლე ცნობილ იქნენ დაზარალებულებად;
3.16. სს ,,ს.ბ–ის“ მიერ, 01.04.2021 წელს, გაცემული ცნობის თანახმად დგინდება, რომ სს ,,ს.ბ–ში“ მოპასუხის სახელზე არსებულ ანგარიშებზე 01.10.2019 წლიდან 30.03.2021 წლის ჩათვლით თანხის ჩარიცხვა/გადარიცხვა - გადმომრიცხავის დასახელება - ,,ალანი“ არ ფიქსირდება;
3.17. მოსარჩელემ და მისმა მეუღლემ კანადის ვიზის მიღება და კანადაში გამგზავრება ვერ მოახერხეს;
3.18. სმს შეტყობინებების ამონაბეჭდებით დგინდება, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ ჰქონდათ ინტენსიური მიმოწერა. აღნიშნული მიმოწერა, მიმოწერის ფაქტი და მისი შინაარსი მოპასუხის მხრიდან სადავოდ არ არის გამხდარი. ხოლო მოცემული შეტყობინებების ძირითადი შინაარსით იკვეთება, რომ მოსარჩელე სთხოვს მოპასუხეს მის მიერ უშედეგოდ გადარიცხული 27 000 აშშ დოლარის უკან დაბრუნებას, რამდენადაც, მისი და მისი მეუღლის კანადაში გამგზავრება ვერ მოხერხდა. ამასთან, მას არაერთი სმს შეტყობინება აქვს გაგზავნილი მსგავსი შინაარსით და დაჟინებით ითხოვს გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას, ასევე აღნიშნავს, რომ სესხის ვადაში დაუბრუნებლობის გამო უწევს პროცენტების გადახდა და ა.შ.;
3.19. რაც შეეხება „ვალის აღიარების ხელშეკრულებას“ ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ზემოაღნიშნულ დოკუმენტზე ცოცხლად შესრულებული ხელმოწერა არ არის დაფიქსირებული, იგი არის ფაქსიმილე. შესაბამისად, მითითებულ დოკუმენტზე, სარწმუნოდ და უტყუარად არ დასტურდება სადავო ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ ამ სადავოდ გამხდარი დოკუმენტით მოსარჩელის და მისი მეუღლის მიერ განხორციელდა დავალიანების აღიარება და რომ სახეზეა დავალიანების გადახდის შესახებ მათი ნების გამოვლენის უტყუარი ფაქტი. განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიურად შეჯამების შედეგად,სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელისა და მისი მეუღლის განმარტება, რომ კომპანიების შეძენა განხორციელდა ფორმალურად, აღნიშნული ემსახურებოდა, ისევ და ისევ კანადაში მათი გამგზავრების მიზანს. საქმის მასალებით, ასევე არ დასტურდება, თუ რა ღირებულება შეიძლებოდა ჰქონოდა კომპანიებს, რომლებსაც წლების განმავლობაში ბრუნვა არ აქვთ და მათი სტატუსი პასიურია, 17.05.2017 წლიდან 16.04.2021 წლის ჩათვლით ბიუჯეტში გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება, ასევე 12.12.2019 წლიდან - 16.04.2021 წლის ჩათვლით ბიუჯეტში გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაციაც არ მოიპოვება. ამასთან, 2022 წლის 16 მარტის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების მიხედვით, 2021 წლის 05 მარტს, შსს პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პირველ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, მოსარჩელის მიმართ განხორციელებული დიდი ოდენობით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მხულის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს აღძრული აქვს კონდიქციური სარჩელი და მოპასუხისაგან ითხოვს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებულის უკან დაბრუნებას, კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომ მოპასუხე უზრუნველყოფდა ისეთი მოწვევის გაკეთებას, რომ კანადის საკონსულო აუცილებლად მისცემდა ვიზას, რომელიც დაეხმარებოდა კანადაში გამგზავრებაში, რა საფუძვლითაც მან მოპასუხეს თანხა გადასცა, თუმცა მოპასუხემ არ შეასრულა პირობა და არც თანხა დაუბრუნა მოსარჩელეს. ამდენად, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით უნდა მოწესრიგდეს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად) (შეადრ. სუსგ N ას-194-2022, 22.06.2022 წ.; #ას-218-218-2018, 23.03.2018 წ.).
5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ დაადასტურა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება, რაც მოპასუხემ ვერ შეძლო.
6. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ სადავოდ გამხდარი ვალის აღიარების ხელშეკრულებაზე მხარეთა ნების გამოვლენის ფაქტი, უტყუარად და სარწმუნოდ, საქმის მასალებით არ დადასტურდა. ხოლო საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და შეფასების შედეგად, განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიურად შეჯამების და მათი ლოგიკური ბმის საფუძველზე სასამართლო მართებულად მივიდა დასკვნამდე, რომ მხარეთა შორის არსებობდა ზეპირსიტყვიერი შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, დახმარებოდა მოსარჩელესა და მის მეუღლეს კანადის ვიზის მიღებასა და კანადაში გამგზავრებაში, რის სანაცვლოდაც მოსარჩელემ მოპასუხეს 27 000 აშშ დოლარი ჩაურიცხა. შესაბამისად, შეგებებული სარჩელი, როგორც უსაფუძვლო, მართებულად არ დაკმაყოფილდა, ხოლო ძირითადი სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ძირითადი სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
7.2. კასატორის განმარტებით, მას მოსარჩელის მიმართ არანაირი ვალდებულება არ გააჩნია, პირიქით, მოსარჩელეს აქვს მოპასუხის ვალი, რაზედაც აღძრულია შეგებებული სარჩელი;
7.3. კასატორმა აღნიშნა, რომ მის მეგობარს არტურ ბატოიანს ჰქონდა პრობლემები მოსარჩელის (შეგებებული სარჩელით მოპასუხის) დედასთან მარინე ბერუაშვილთან, რომელიც აპროცენტებდა თანხებს. კასატორმა მოსარჩელე ამ დროს გაიცნო. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს უთხრა, რომ ვინმე ხათუნა და სამირა უკეთებდნენ საბუთებს კანადაში გასამგზავრებლად და სთხოვა, რომ კანადაში წასასვლელად სჭირდებოდა წარმატებული კომპანიები მას და მის მეუღლეს, შესაბამისად, მხარეთა შორის დაიწყო მოლაპარაკება კომპანიების მიყიდვაზე და შეთანხმებაც მიღწეული იქნა.
7.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ივნისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად გამოაქვს დასკვნა, რომ მოპასუხის (შეგებებული სარჩელით მოსარჩელის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
12. თავდაპირველი მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი ნორმა (სსკ-ის 976-ე მუხლი) წარმოადგენს. როგორც საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა და მხარის მიერ სარჩელის დამფუძნებელ ნორმად კანონის ამა თუ იმ დანაწესის მითითება არ არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასამართლოსათვის ხელისშემშლელი. სამართალში დამკვიდრებულია პრინციპი “jura novit curia“ (სასამართლომ იცის კანონი). მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომელიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს (იხ. სუსგ-ები: Nას-559-2019; Nას-1426-2018; Nას-1322-2018).
13. სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ- კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად კონდიქციური დანაწესების (სსკ-ის 976-991-ე მუხლები) გამოყენების უმთავრესი წინაპირობა მის სუბსიდიურობაში ვლინდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების წესები მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად გვევლინება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო, მოვლენათა დინამიკის გათვალისწინებით, დაასკვნის, რომ გამორიცხულია სხვა უფრო სპეციალური ნორმის გამოყენება (მაგ: პოსესორული ან ვინდიკაციური სარჩელები (სანივთო სამართალი), სარჩელი ვალდებულების შესრულების შესახებ (როგორც პირველადი, ისე _ მეორადი მოთხოვნები) და სხვა) - (იხ. სუსგ-ები: Nას-774-723-2017, 11.10.2017 წ.; N ას-794-794-2018, 11.09.2018; N ას-1021-2019, 20.12.2019წ.).
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით რეგულირებულია ე.წ. „შესრულების კონდიქცია“ და ამგვარი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელემ უნდა მიუთითოს სამართლებრივი სიკეთის გადაცემის ფაქტზე, ასევე მხარეთა შორის ვალდებულების არარსებობაზე (იხ. სუსგ №ას-653-621-2013, 27.04.2015 წ.). ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ხდება მოთხოვნის სხვა საფუძვლებთან სუბსიდიურად, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი (მოთხოვნათა კონკურენცია), უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის ნორმების, როგორც მოთხოვნის საფუძვლის, გამოყენება ბოლოს უნდა განხორციელდეს ანუ მას შემდეგ, რაც გამოირიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძვლებიდან (იხ. სუსგ №ას-1249-1269-2011, 04.04.2012 წ.). საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს რომ 979-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.
16.მოსარჩელის სასარგებლოდ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის მოპასუხისათვის დაკისრებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილ იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე”... უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, რათა უზრუნველჰყოს არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღება და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემა. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას“ (შეადრ: სუსგ N ას-390-390-2018, 15.05.2018 წ).
17. „კონდიქციური ვალდებულების არსებობისას, არ გაითვალისწინება არც კონტრაჰენტის კეთილსინდისიერება და არც ბრალეულობა. ამ ვალდებულების მიზანი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადანაცვლებულ მატერიალურ/არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეთა ისე აღდგენაა, რომელიც იარსებებდა, რომ არ შექმნილიყო კონდიქციური ვალდებულების მახასიათებელი წინაპირობები. ქონებრივი წონასწორობის აღდგენის მიზნით, კანონი “განსაზღვრავს უსაფუძვლოდ გადაცემულის დაბრუნებას, რათა ხელი შეეწყოს სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას და ბრუნვის მონაწილე რომელიმე მხარე იმგვარ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს, რომელსაც სამართლებრივი წინაპირობები გამდიდრების ეტაპზე არ გააჩნია“ (ახალაძე მ., უსაფუძვლო გამდიდრება 2015-2018 წლის პირველი ნახევარი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გამომცემლობა, თბილისი, 2019, 32 ).
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს 27 000 აშშ დოლარი გადაურიცხა. ამ ფაქტს მოპასუხეც ადასტურებს. საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელემ და მისმა მეუღლემ კანადის ვიზის აღება და კანადაში გამგზავრება ვერ შეძლეს, რაშიც მათ მოპასუხე უნდა დახმარებოდა. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ საქმეში უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ქრონოლოგიურმა განვითარებამ და ურთიერთმიმართებამ ცხადი გახადა მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადაცემული თანხის სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის ფაქტი, რომელიც „გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში“, შესაბამისად, თანხა მართებულად დაუბრუნდა მოსარჩელეს.
19. კასატორის მიერ მითითებული პრეტენზიები ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს, რომლებიც კონდიქციური მოთხოვნის დაკმაყოფილებას დაედო საფუძვლად.
20. ამასთან, კასატორის პრეტენზიას ე.წ. ვალის აღიარების ხელწერილთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და სააპელაციო სასამართლოს, ამ განჩინების მე-6 პუნქტში მოხმობილ, შეფასებაზე მიუთითებს. სადავოდ გამხდარი ვალის აღიარების ხელშეკრულებაზე მხარეთა ნების გამოვლენის ფაქტი, უტყუარად და სარწმუნოდ, საქმის მასალებით არ დადასტურდა. ხოლო საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და შეფასების შედეგად, განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიურად გაანალიზებისა და მათი ლოგიკური ბმის შეჯამების შედეგად, სასამართლო მართებულად მივიდა დასკვნამდე, რომ მხარეთა შორის არსებობდა ზეპირსიტყვიერი შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, დახმარებოდა მოსარჩელესა და მის მეუღლეს კანადის ვიზის მიღებასა და კანადაში გამგზავრებაში, რის სანაცვლოდაც მოსარჩელემ მოპასუხეს 27 000 აშშ დოლარი ჩაურიცხა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ 27 000 აშშ დოლარი გადახდილია სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და ექვემდებარება დაბრუნებას, უსაფუძვლო გამდიდრების წესების შესაბამისად. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხის შეგებებული სარჩელის (14 800 აშშ დოლარის დაკისრების) დაკმაყოფილების წინაპირობები.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
22. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.მ.ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ნ.მ.ს (პ/ნ .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს, მ.ბ–ძის (პ/ნ .........) მიერ, საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3510 ლარის (საგადახდო დავალება N2264, გადახდის თარიღი 2023 წლის 27 ივნისი), 70% – 2457 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური