საქმე №ას-758-2023 29 სექტემბერი, 2023 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – გ.ც–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „კ.მ.ც–ი“, გ.ი–ვა, ნ.დ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – გარიგების ბათლად ცნობა, წილის რეგისტრაცია
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით გ.ც–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
1.1. მოსარჩელემ მოითხოვა შპს ,,კ.მ.ც–ის“ (შემდეგში: მოპასუხე საწარმო ან პირველი მოპასუხე) 09.02.2017 წლის N2/2017 პარტნიორთა კრების ოქმის/პარტნიორის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, 09.02.2017 წელს ამავე მოპასუხე საწარმოსა და გ. ი–ას (შემდეგში: მეორე მოპასუხე) შორის გაფორმებული, შპს ,,რ.ც–ში“ 50% წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
1.2. მეორე მოპასუხესა და ნ.დ–ძეს (შემდეგში: მესამე მოპასუხე) შორის 13.02.2018 წელს შპს ,,რ.ც–ის“ კაპიტალში 100% წილის უსასყიდლოდ დათმობის (ჩუქების) ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
1.3. შპს ,,რ.ც–ში“ მესამე მოპასუხის კუთვნილი 100% წილიდან 50% წილის მოპასუხე საწარმოს (პირველი მოპასუხის) საკუთრებად აღრიცხვა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით, სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ მოსარჩელის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განჩინებით, შესაბამისად უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ სადავო სამართალურთიერთობის გადასაწყვეტად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა:
3.1. 16.07.2009 წელს დაფუძნდა შპს „კ.კ.მ. და გ.ს.ს.ს.დ–ა“, რომლის დამფუძნებელ პარტნიორებს წარმოადგენდნენ თ.ქ–ძე - 40%-ით, ლ.ქ–ძე - 40%-ით და გ.ც–ძე - 20%-ით (განსახილველ დავაში მოსარჩელე/აპელანტი);
3.2. 2019 წლის 5 აპრილის მდგომარეობით შპს ,,კ.კ.მ. და გ.ს.ს.ს.დ–ის“ წილები გადანაწილებული იყო შემდეგი პროპორციულობით: 25%-ის მფლობელს წარმოადგენს ა.ქ–ძე, 25%-ის - დ.ბ–ძე, 15 %-ის - ე.გ–ძე, 25%- ის მოსარჩელე (აპელანტი), 10%-ის - ლ.ქ–ძე, ხოლო კომპანიის დირექტორი არის ა.ქ–ძე;
3.3. 12.02.2010 წელს დაფუძნდა შპს „კ.მ.ც–ი“, რომელიც წინამდებარე დავაში პირველი მოპასუხეა. მოპასუხე საწარმოს 100% წილის მფლობელს და დამფუძნებელს წარმოადგენდა სახელმწიფო;
3.4. 2019 წლის 5 აპრილის მდგომარეობით მოპასუხე საწარმოს 100% წილის მფლობელს წარმოადგენს შპს ,,კ., კ. მ. და გ.ს.ს.ს.დ–ბა“, რომლის დირექტორი არის ა.ქ–ძე;
3.5. წინამდებარე დავის მოპასუხე საწარმოს წესდების მე-7 მუხლით, საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოა პარტნიორთა კრება. ამავე მუხლის მე-6 პუნქტით, პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებებს იღებს ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 47-ე მუხლის შესაბამისად და ასევე შემდეგ საკითხებზე: 1) საზოგადოების განვითარების ბიზნეს - გეგმის დამტკიცება; 2) საზოგადოების დირექტორის დანიშვნა და გამოწვევა; 3) დირექტორის ანგარიშების დამტკიცება; 4) დირექტორის შრომის ანაზღაურება და მისთვის ხარჯების განსაზღვრა; 5) დამოუკიდებელი აუდიტორის მოწვევა; 6) ფილიალების შექმნა და ლიკვიდაცია; 7) ინვესტიციების ოდენობის განსაზღვრა; 8) დამატებითი შენატანების მოცულობისა და შეტანის ვადების განსაზღვრა; 9) წარმოების სახეებისა და სამეურნეო საქმიანობის დაწყება და მათი შეწყვეტა; 10) ქონების შეძენა, გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, რაც სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს; 11) საზოგადოების ქონების გირაოთი (იპოთეკით) დატვირთვა; 12) საზოგადოების ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ფორმებით გადაცემა, გასხვისება, ჩამოწერა; 13) კრედიტებისა და სასესხო საშუალებების აღება; 14) საზოგადოების მოთხოვნის უფლების გადაცემა (დათმობა) - მომსახურება და სხვა მსგავსი; 15) იმ ინვესტიციების შესახებ საკითხების გადაწყვეტა, რომელთა ღირებულება ცალკე ან მთლიანად ერთ სამეურნეო წელიწადში აღემატება პარტნიორთა კრების მიერ დადგენილ ოდენობას; 16) სესხებისა და კრედიტების აღება, რომლებიც ცალკე ან მთლიანად აღემატება პარტნიორთა კრების მიერ დადგენილ ოდენობას; 17) პროკურის გაცემა და გაუქმება; 18) წლიური შედეგების დამტკიცება და მათი გამოყენება; 19) საზოგადოების ლიკვიდაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
3.6. განსახილველი დავის პირველი მოპასუხე საწარმოსა და მეორე მოპასუხის (იხ. 1.1 ქვეპუნქტი) 50-50%-იანი თანამონაწილეობით დაფუძნდა შპს ,,რ.ც–ი“;
3.7. 2017 წლის 9 თებერვალს გაიმართა პირველი მოპასუხე საწარმოს პარტნიორთა კრება, რომელსაც ესწრებოდა 100% წილის მესაკუთრე პარტნიორი შპს ,,კ.კ.მ. და გ.ს.ს.ს.დ–ა“, წარმოდგენილი თ.ქ–ძის მიერ. კრებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება შპს ,,რ.ც–ის“ 50% წილის მეორე მოპასუხეზე გასხვისების შესახებ. წილის ნასყიდობის ფასად განისაზღვრა 1 600 000 ლარი (ყველა გადასახადის ჩათვლით);
3.8. შპს „კ.კ.მ. და გ.ს.ს.ს.დ–ის“ პარტნიორთა კრების 2017 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით, საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორის და დირექტორის - თ.ქ–ძის გარდაცვალების გამო, საზოგადოების ახალ დირექტორად დაინიშნა ა.ქ–ძე;
3.9 პარტნიორთა კრებაზე განხილული იქნა საზოგადოების და შვილობილი საწარმოს მიმდინარე წლის საქმიანობა, განხორციელებული და განსახორციელებელი ტრანზაქციები/ხელშეკრულებები, ასევე საზოგადოების და შვილობილი საწაროს მიერ გასული წლების განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები;
3.10 განსახილველი დავის მეორე მოპასუხემ მისი კუთვნილი 100% წილი შპს ,,რ.ც–ში“ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა მესამე მოპასუხეს, შესაბამისად, ცვლილება განხორციელდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში ამ შპს-ის მესაკუთრედ აღირიცხა მესამე მოპასუხე. შპს ,,რ.ც–ის“ დირექტორი არის მეორე მოპასუხე.
4. სააპელაციო სასამართლომ მის მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისათვის, განმარტა, რომ განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს შპს „კ.კ.მ. და გ.ს.ს.ს.დ–ის ცენტრი“-ს დირექტორს ჰქონდა თუ არა პარტნიორთა მხრიდან მინიჭებული უფლებამოსილება, განეკარგა პირველი მოპასუხე საწარმოს წილი.
5. სადავო პერიოდში მოქმედი ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით. მეორე პუნქტის მიხედვით, პარტნიორთა საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. საწარმოს ყოველ პარტნიორს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში – დირექტორსაც, შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. მოწვევის მიღებიდან 3 დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ დღის წესრიგში დამატებათა შეტანა. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება (ესწრებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე არ გამოცხადდება (გამოცხადდებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). იმავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს შემდეგ საკითხებზე: ე) ვალდებულებათა აღება, რომლებიც ცალკე ან მთლიანად აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს; ვ) ვალდებულებათა უზრუნველყოფა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას და რომელთა ღირებულება აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს. იმავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას.
6. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი სპეციალური კანონის 47-ე მუხლის მიხედვით, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. პარტნიორთა კრების კომპეტენცია, კრების ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით. დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ასევე მოპასუხე საწარმოს წესდების მე-7 მუხლის (პარტნიორთა კრება) 6.10-ე პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებას იღებს ასევე ისეთ საკითხზე, როგორიცაა ,,ქონების შეძენა, გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, რაც სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს’’(იხ. წინამდებარე განჩინების 3.5 ქვეპუნქტი);
7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი სპეციალური კანონის 9.1-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს. ამავე კანონის 9.2-ე მუხლის შესაბამისად, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. კანონის 9.3-ე მუხლის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
8. ზემოხსნებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის/აპელანტის მსჯელობა ამ ნაწილში და დაასკვნა, რომ მოპასუხე საწარმოს, რომლის 100% წილის მფლობელს წარმოადგენდა შპს ,,კ.კ.მ. და გ.ს.ს.ს.დ–ა“, უფლება არ ჰქონდა ამ უკანასკნელის პარტნიორთა კრების მოწვევისა და პარტნიორთა თანხმობის გარეშე მიეღო გადაწყვეტილება შპს ,,რ.ც–ის“ 50% წილის მეორე მოპასუხეზე გასხვისების შესახებ. სასამართლოს შეფასებით, საწარმოში წილის 50%-ის გასხვისება სცილდება საწარმოს ჩვეულებრივ საქმიანობას და საწარმოს წესდების შესაბამისად ამ გადაწყვეტილების მიღებას სჭირდებოდა პარტნიორთა კრების მოწვევა და კრებაზე გადაწყვეტილების მიღება ან უკიდურეს შემთხვევაში, შესაძლებელია დირექტორს თვითონ მიეღო ასეთი გადაწყვეტილება, თუ მას ექნებოდა პარტნიორთა კრების უფლებამოსილი წევრების (საჭირო რაოდენობის ხმების მქონე პირების) კანონით დადგენილი წესით გაცემული მინდობილობა ამ საკითხის ერთპიროვნულად გადაწყვეტის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილში არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ თითქოს 2017 წლის 9 თებერვალს გაიმართა მოპასუხე საწარმოს პარტნიორთა კრება, რომელსაც ესწრებოდა 100% წილის მესაკუთრე პარტნიორი შპს ,,კ.კ.მ. და გ.ს.ს.ს.დ–ა“, წარმოდგენილი თ.ქ–ძის მიერ. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ თ.ქ–ძის მიერ გადაწყვეტილების მიღება არ ადასტურებს იმას, რომ თითქოს ჩატარდა და სადავო საკითხი თითქოს განიხილა მოპასუხე საწარმოს 100% წილის მესაკუთრე პარტნიორმა, ანუ შპს ,,კ.კ.მ. და გ.ს.ს.ს.დ–ის“ პარტნიორთა კრებამ. საქმის მასალებით არ დგინდება კრების მოწვევის, ჩატარებისა და წილის კრებაზე გასხვისების ფაქტი. შესაბამისად, კრების მოწვევისა და პარტნიორთა თანხმობის გარეშე 50% წილის ერთპიროვნულად გასხვისება დირექტორის მიერ ეწინააღმდეგება ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საწარმოს წესდებით დადგენილ მოთხოვნებს და ამით ილახება საწარმოს პარტნიორი ფიზიკური პირის - ამ შემთხვევაში მოსარჩელის/აპელანტის უფლება, დასწრებოდა და მონაწილეობა მიეღო პარტნიორთა კრებაზე წილის გასხვისების საკითხის განხილვაში. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ 2017 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება საზოგადოების 50% წილის გასხვისების შესახებ არ შეესაბამება იმხანად მოქმედი სპეციალური კანონის მოთხოვნებს და მოპასუხე საწარმოს წესდებას.
9. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს აპელანტის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.
10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 128-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნებასურვილზე (იხ. სუსგ-ები: №ას-158-154-2016, 10.02.2017 წ; №ას-934-899- 2016, 14.02.2017წ.);
11. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს შპს-ის პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი ექცევა ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების სფეროში. სადავო პერიოდში მოქმედი სპეციალური კანონის მე-15 მუხლის თანახმად: 1. ამ კანონის მიხედვით პრეტენზიების ხანდაზმულობის ზოგადი ვადა არის ხუთი წელი, რომელიც აითვლება მათი წარმოშობიდან, თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს. 2. დაუშვებელია პარტნიორთა კრების, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრება შესაბამისი ოქმის შედგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრება (სხდომა) მოწვეულ იქნა ან ჩატარდა კანონის ან წესდების ნორმათა უხეში დარღვევით; ამ შემთხვევაში გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა ერთი წელია. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე უთითებს, რომ 09.02.2017 წელს გამართულ პარტნიორთა კრებას ესწრებოდა 100%-იანი წილის მესაკუთრე პარტნიორი შპს „კ., კ.მ. და გ.ს.ს.ს.დ–ა“, წარმოდგენილი დირექტორის - თ.ქ–ძის სახით და სწორედ ის აწერს ხელს პარტნიორთა კრების ოქმს/გადაწყვეტილებას, რითაც დარღვეულია დირექტორის მიერ წარმოდგენილი შპს-ის წესდების 9.1.9 ქვეპუნქტი. წესდების თანახმად, წილის გასხვისებისათვის საჭიროა ყველა პარტნიორისგან თანხმობის მიღება;
12. მოსარჩელის (აპელანტის) მიერ გასაჩივრებულია პარტნიორთა კრების ოქმი/გადაწყვეტილება. სააპელაციო სასაამართლომ დაადგინა, რომ მითითებული ოქმი/გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საზოგადოების წესდების დარღვევით, შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადა, კერძოდ, სპეციალური კანონის მე-15 მუხლის დანაწესი, რომლის სააფუძველზე დაუშვებელია პარტნიორთა კრების, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრება შესაბამისი ოქმის შედგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრება (სხდომა) მოწვეულ იქნა ან ჩატარდა კანონის ან წესდების ნორმათა უხეში დარღვევით. ამ შემთხვევაში გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა ერთი წელია. მოსარჩელე დავობს კრების მოწვევისა და ჩატარების უკანონობაზე, რის გამოც გამოყენებული უნდა იქნეს ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადა. საქმის მასალებით უდავოდ არის დადგენილი, რომ სადავო პარტნიორთა კრების ოქმი/გადაწყვეტილება მიღებულია 2017 წლის 9 თებერვალს, ხოლო სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2020 წლის 11 თებერვალს, ანუ სამი წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი სარჩელი ხანდაზმულია, რაც გამორიცხავს მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
13.2. კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებისას სააპელაციო სასამართლოს მიერ ხანდაზმულობის სპეციალური ვადის გამოყენება, კერძოდ, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, არასწორია და სასამართლოს უნდა გამოეყენებინა უძრავ ნივთებზე დადებული გარიგების ხანდაზმულობის ვადა, რა შემთხვევაშიც სარჩელი დაკმაყოფილდებოდა;
13.3. ხანდაზმულობა ფაქტობრივი გარემოებაა და არა სამართლებრივი, შესაბამისად, სასამართლოს საკუთარი ინიციატივით არ შეეძლო ხანდაზმულობის ვადის კვლევაში შესვლა, რადგან აღნიშნული ეწინააღმდეგება შეჯიბრებითობის პრინციპს. მოპასუხის პოზიცია ხანდაზმულობის თაობაზე წარმოდგენილია ზოგადად და არ არის მითითებული კონკრეტული თარიღი, საიდან აითვლება;
13.4. მოსარჩელე სულ ასაჩივრებდა სადავო გარიგებებს (ზოგი სარჩელი განუხილველი დარჩა, ბოლო სარჩელი მიმდინარე საქმეა), რასაც მოპასუხეც ადასტურებს, შესაბამისად, ამ უკანასკნელის მტკიცების ტვირთს განეკუთვნება კონკრეტული თარიღების მითითება და ასევე უნდა დადგენილიყო, როდის შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დინება და რა ვადით. მოსარჩელე მხარე ხანდაზმულობასთან მიმართებით არ შედიოდა უფრო მეტ დეტალიზაციაში მოპასუხესთან, რადგან ეს ამ უკანასკნელის დასამტკიცებელი იყო. სასამართლოს არ უნდა დაედგინა არასრულყოფილად წარმოდგენილი ფაქტი, წინააღმდეგ შემთხვევაში დადასტურდებოდა, რომ სარჩელის წარდგენის ვადა არ დაურღვევია მოსარჩელეს. გასაჩივრებული განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს.
13.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად გამოაქვს დასკვნა, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით და გასაჩივრებული განჩინება შეესაბამება გამოყენებულ საკანონდებლო მოწესრიგებას და საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: N ას-833-2020, 30.06.2022წ; N ას-1319-2018, 21.05.2018წ; N ას-240-228-2016, 28.09.2016წ.).
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული და დადგენილი აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის და სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით სავსებით მართებულად აქვს გამოყენებული სადავო გარიგებების გაფორმების პერიოდში მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი.
18. კასატორის პრეტენზია, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლი და უნდა გამოეყენებინა უძრავ ნივთებზე დადებული გარიგების ხანდაზმულობის ვადა, სრულიად დაუსაბუთებელია, რადგან სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სამეწარმეო საზოგადოების წილის გასხვისებაზე არაუფლებამოსილი პირის -პარტნიორთა კრების ოქმის/გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და აქედან გამომდინარე, შემდგომი ტრანზაქციების, კერძოდ, მეორე მოპასუხესთან დადებული საწარმოს წილის ნაყიდობის ხელშეკრულების, მეორე და მესამე მოპასუხეებს (მეუღლეებს) შორის დადებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ (ჩუქებით) გადაცემის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და პირველი მოპასუხისათვის (საწარმოსათვის) კუთვნილი წილის დაბრუნება. საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სასარჩელო მოთხოვნის განუხორციელებადობის გამო, ხანდაზმულობის მოტივით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომლებიც წინამდებარე განჩინების 10-12 პუნქტებშია ასახული და უძრავი ქონებიდან გამომდინარე 6 წლიან ხანდაზმულობის ვადაზე კასატორის მითითება (სსკ-ის 129.1-ე მუხლი) დაუსაბუთებლად და არაკვალიფიციურად მიაჩნია.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სამოქალაქო საპროცესო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპებია, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს მოსარჩელისა და მოპასუხისათვის თანაბარი პროცესუალური შესაძლებლობების მინიჭებას. შეჯიბრებითობის პრინციპი ეფუძნება მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას, აღიჭურვონ სათანადო საპროცესო ინსტრუმენტებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 01.12.2017 წლის №2/6/746 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.09.2016 წლის № 1/8/594 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-28).
20. მხარეთა ნამდვილი შეჯიბრება რეალურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ იყვნენ ამ შეჯიბრებაში მონაწილე მხარეები თანასწორი. მხარეთა პროცესუალური თანასწორობის პრინციპით არის განმსჭვალული საპროცესო კანონმდებლობის თითქმის ყოველი ნორმა, დაწყებული საქმის მომზადების სტადიით და დამთავრებული გადაწყვეტილების გამოტანითა და მისი გასაჩივრებით (იხ. სუსგ-ები: N ას-313-2021, 30.06.2021წ; N ას-1055-2020. 20.09.2022წ.). შეჯიბრებითობის პრინციპი სამოქალაქო საქმის გადაწყვეტის ქვაკუთხედს წარმოადგენს, მისი არა მხოლოდ მხარეთა, არამედ სასამართლოს მხრიდან განუხრელი დაცვა პირდაპირ და უშუალო ინდიკატორად გვევლინება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებისა. სწორედ შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე ხდება მხარეთა შედავების საფუძვლიანობის კვლევა და მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების სადავო და უდავო ფაქტებად კვალიფიცირება (სუსგ-ები: N ას-1100-1057-2016, 09.06.2017წ; N ას-1340-1260-2017, 07.03.2018წ; N ას-1055-2020. 20.09.2022წ.). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონვენციის მე-6 მუხლის კონტექსტში საქმის შემოწმებისას, განსაკუთრებულ ყურადღებას, როგორც წესი, სწორედ მხარეთა თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვას უთმობს (მესხიშვილი ქეთევან, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, თეორია და სასამართლო პრაქტიკა, ტომი I, თბილისი, 2020, გვ.220).
21. მოსარჩელის სტადიის შემდეგ მოწმდება მოპასუხის შედავების კავლიფიციურობა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში. მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი, ასევე, დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპის ერთგვარი გამოხატულებაა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია, ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავასა და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან (სუსგ-ები: N ას-108-2021, 22.04.2021წ; N ას-301-301-2018, 14.12.2021წ.). შესაგებლის შინაარსიდან უნდა მიხვდეს მოსამართლე, რომელია უდავო და რომელია სადავო მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები. შესაგებლის ინსტიტუტი, სარჩელის ინსტიტუტთან ერთად ერთგვარი გზამკვლევია მტკიცების სტადიისა, რომელზე გადასვლაც არ ხდება, ვიდრე არ ამოიწურება მხარეთა პოზიციების (სარჩელი; შესაგებელი; მოპასუხის მხრიდან არსებითი შედავების შემთხვევაში მოსარჩელის პასუხი და ა.შ.) ურთიერთგაცვლა და უდავო გარემოებების იდენტიფიცირება (სუსგ_ები: N ას-108-2021, 22.04.2021წ; N ას-1055-2020. 20.09.2022წ. ).
22. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია, მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას, ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად მიიჩნევა. მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენით გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე N ას-664-635-2016, 02.03.2017 წ; ასევე: სუსგ-ები: №ას-132-2019, 30.06.2021წ; N ას-1055-2020. 20.09.2022წ.).
23. კასატორის პოზიცია, რომ ხანდაზმულობა ფაქტობრივი გარემოებაა და არა სამართლებრივი (იხ. წინამდებარე განჩინების 13.3 ქვეპუნქტი) გასაზიარებელია, თუმცა, მის მიერ განვითარებული მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლოს საკუთარი ინიციატივით არ შეეძლო ხანდაზმულობის ვადის კვლევაში შესვლა, რადგან მოპასუხის პოზიცია ხანდაზმულობის თაობაზე წარმოდგენილია ზოგადად და არ არის მითითებული კონკრეტული თარიღი, საიდან აითვლება, არ არის სწორი და დასაბუთებული მტკიცება, რადგან სააპელაციო სასამართლოს საკუთარი ინიციატივით არ უმსჯელია ამ ფაქტობრივ გარემოებაზე. კასატორის ამ პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს მოპასუხე საწარმოს მიერ წარდგენილ წერილობით შესაგებელზე, რადგან სწორედ ამ საწარმოს პარტნიორთა კრების გასაჩივრების ხანდაზმულობა დაადგინა სააპელაციო სასამართლომ და განმარტავს, რომ მოპასუხე საწარმომ არათუ შედავება განახორციელა ხანდაზმულობის გამო სასარჩელო მოთხოვნის განუხორციელებადობაზე მითითებით, არამედ, კვალიფიციურად დაასაბუთა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა სწორედ სპეციალური კანონის მიხედვით, ასევე, ზოგადად სახელშეკრულებო მოთხოვნათა სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის მოშველიებითაც (იხ. შესაგებელი-ტ.1, ს.ფ.67).
24. კასატორის მორიგი მტკიცება, რომ მას არ აქვს გაშვებული სარჩელის აძღვრის ხანდაზმულობის ვადა (იხ. წინამდებარე განჩინების 13.4 ქვეპუნქტი) და მოსარჩელეს არასწორად დაეკისრა მტკიცების ტვირთი, ასევე დაუსაბუთებელია ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით და ვერ აბათილებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნებს, რადგან მოსარჩელეს არ წარუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომ სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნით ადრე იყო აღძრული სარჩელი, რომელიც განუხილველად დარჩა სასამართლოს მიერ და შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა განსხვავებულად უნდა აითვალოს.
25. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში; მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ბოელინგი/ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა.
26. მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირისაკენ მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა, საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილებაა. მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა.
27 .მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველი სხვადასხვა ცნებებია და მათი აღრევა არიდებული უნდა იქნეს. ამ გამიჯვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნათა შორის არჩევანის უფლება, მოსარჩელის უფლებამოსილებაა, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დამფუძნებელი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა შორის ერთ-ერთის მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაცაა (იხ. ბოელინგი /ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 42.).
28. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.
29. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). მოსარჩელის სტადიის შემდეგ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოპასუხის სტადია, რაც მოსაჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების პასუხად შესაგებელში შედავებული გარემოებების კვალიფიციურობაზეა დამოკიდებული.
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო კრების ოქმის მიღების კანონიერების შემოწმების მიზნით გამოიყენება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის იმხანად მოქმედი მე-15 მუხლი, რომელიც ხანდაზმულობის სპეციალურ ვადებს აწესებს და სპეციალური კანონიდან წარმოშობილი პრეტენზიის (მოთხოვნის) განხორციელების საფუძვლით უნდა შეფასდეს. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ ისეთ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისას, რომელიც სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, გამოყენებული უნდა იქნეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით (ამ კანონის მიხედვით პრეტენზიების ხანდაზმულობის ზოგადი ვადა არის ხუთი წელი, რომელიც აითვლება მათი წარმოშობიდან, თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს) გათვალისწინებული ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტით (დაუშვებელია პარტნიორთა კრების, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრება შესაბამისი ოქმის შედგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრება (სხდომა) მოწვეულ იქნა ან ჩატარდა კანონის ან წესდების ნორმათა უხეში დარღვევით; ამ შემთხვევაში გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა ერთი წელია“. საქმის მასალებით უდავოდ არის დადგენილი, რომ სადავო პარტნიორთა კრების ოქმი/გადაწყვეტილება მიღებულია 2017 წლის 9 თებერვალს, ხოლო სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2020 წლის 11 თებერვალს, ანუ სამი წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად დაასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი სარჩელი ხანდაზმულია, რაც გამორიცხავს მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას. (სხვა მარავალთა შორის იხ. სუსგ-ები: N ას-1310-1249-2014, 6.03.2015 წ., N ას-1047-1004-2014, 19.03.2015 წ; Nას- 1319-2018, 21.05.2021წ. Nას-833-2020, 30.06.2022წ;).
31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
33. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მსგავს საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არსებობს, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება (იხ. წინამდებარე განჩინების 20-23 და 30-ე პუნქტები).
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
35. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ც–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. გ.ც–ძეს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6000 ლარის (საგადახდო დავალება N17716170032, გადახდის თარიღი 2023 წლის 4 ივლისი), 70% – 4200 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური