საქმე №ას-812-2023 29 სექტემბერი, 2023 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – თ.ფ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.რ–ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – მიუღებელი სარჩოს გადახდის დაკისრება, სარჩოს ოდენობის გაზრდა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ.ფ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, სარჩენი პირი, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი სს „ს.რ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე ან კომპანია), რომლითაც მოსარჩელის სასარგებლოდ მოთხოვნილი იყო: სარჩოს სახით მიღებულ და მისაღებ თანხას შორის სხვაობის - ხელზე მისაღები 12 316.5 ლარისა და 2022 წლის ნოემბრიდან, ყოველთვიურად, სარჩოს სახით ხელზე მისაღები 792 ლარის მოპასუხე კომპანიისათვის დაკისრება, არ დაკმაყოფილდა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინებით და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა:
3.1. მოსარჩელის (აპელანტის) მეუღლე რ.ფ–ი (დაბადებული 1931 წლის 5 მარტს) წლების მანძილზე მუშაობდა მოპასუხე კომპანიაში სამტრედიის „ე.“ ლანჩხუთის №5 ბრიგადის ელ. მონტიორად. 1971 წლის 02 აგვისტოს სადგურ ჯაპანას სარკინიგზო ქსელზე ჩატარებული მუშაობის დროს მოყვა დიდი ძაბვის ქვეშ და ადგილზე გარდაიცვალა;
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხე კომპანიას მასთან დასაქმებული პირის მეუღლის, როგორც სარჩენის (ანუ მოსარჩელის), სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიური სარჩოს გადახდა, 2010 წლის აპრილის თვიდან, დასავლეთის ელექტრომომარაგების სამმართველოს მე-5 ჯგუფის ელექტრომონტიორის ხელფასის 90%-ის ოდენობით, გადახდის დროისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით;
3.3. აპელანტის განმარტებით, 2016 წლის აპრილიდან, იგი მოპასუხისაგან სარჩოს სახით ყოველთვიურად 450 ლარს იღებს;
3.4. მოპასუხე კომოპანიაში დასავლეთის ელექტრომონტიორის სამმართველოს მე-5 თანრიგის (რანგის) ელექტრომონტიორის თვიური სარგო 2017 წლის იანვრიდან შეადგენდა 625 ლარს, 2019 წლის 1 დეკემბრიდან - 690 ლარს, ხოლო 2021 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე - 880 ლარს შეადგენს.
3.5. აპელანტმა (სარჩენმა პირმა) 2022 წლის 10 მაისს წერილობით მიმართა მოპასუხე კომპანიის გენერალურ დირექტორს და მოითხოვა, 2017 წლის იანვრის თვის შემდგომ პერიოდში, დასავლეთის ელექტრომონტიორის სამმართველოს მე-5 თანრიგის (რანგის) ელექტრომონტიორის ხელფასის ზრდის პროპორციულად, მიუღებელი სარჩოს ანაზღაურება. ამ განცხადებაზე აპელანტს პასუხი არ მიუღია.
4. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, უპირველეს ყოვლისა, სწორად უნდა განისაზღვროს, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი (მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა). მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ- სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით. იგი ამოწმებს, რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, მის მიერ დასახელებული გარემოებები ქმნიან თუ არა დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით (იხ. სუსგ N ას-53-49-2017, 07.04.2017 წ.).
5. მოცემულ შემთხვევაში აპელანტი მოითხოვს, მის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის სასამართლოს გადაწყვეტილებით უკვე დაკისრებული სარჩოს ოდენობის გაზრდას და მიუღებელი სარჩოს ანაზღაურებას, შესაბამისად, ამ მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 992-ე, 408-ე და 411-ე მუხლები.
6. სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისათვის. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამდენად, დასახელებული მუხლები და მათი განმარტების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მყარი პრაქტიკა მიუთითებს, რომ ნორმათა მიზანია უფლებადარღვეული პირის მდგომარეობის იმგვარი აღდგენა, რაც უზრუნველყოფს ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობის მიღწევას. სარჩოს გადაანგარიშების მიზანს დაზარალებულისათვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსება წარმოადგენს, რაც დაზარალებულმა მიიღო დაზიანების (უბედური შემთხვევის) გამო, რაც იმას ნიშნავს, რომ მხედველობაშია მისაღები ზოგადი კრიტერიუმი დაზარალებულის მხრიდან აქტიური შრომისუნარიანობის შესახებ (იხ. სუსგ Nას-52-48-2017, 26.10.2018 წ.).
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს ხელფასის გაზრდის პერიოდისათვის აპელანტის მეუღლის შრომისუნარიანობის დადგენა საწარმოო ტრავმის არარსებობის პირობებში, ვინაიდან ზიანის ანაზღაურების ოდენობის დასადგენად მნიშვნელოვანია შეფასდეს, თუ როდემდე და რა ოდენობით არის ვალდებული საწარმო, გადაუხადოს დაზარალებულს კომპენსაცია. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მართებულად შეფასდეს, თუ როდემდე იქნებოდა დასაქმებული პირი მოპასუხე ორგანიზაციაში, რათა განისაზღვროს პასუხისმგებელი სუბიექტის ვალდებულება დაზარალებულისათვის სარჩოს ანაზღაურების თაობაზე.
8. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 65 წელი პენსიის დანიშვნის საფუძველია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო, პრეზუმირებულია, რომ მარჩენალი (აპელანტის მეუღლე) იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე, რომელიც 65 წელს შეადგენს. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია სამუშაოს სპეციფიკა და საქმის წარმოების დროისათვის არსებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობა და ა.შ. დადგენილია, რომ 2017 წლისათვის აპელანტის მეუღლე- რ.ფ–ი იქნებოდა 86 წლის. მართალია, მოქმედი შრომის კანონმდებლობა, საპენსიო ასაკის მიღწევას არ მიიჩნევს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის უპირობო საფუძვლად, თუმცა თუ 65 წლამდე დაზარალებულის მუშაობის პრეზუმფცია მოქმედებს და ზიანის მიმყენებელი ვალდებულია, სარჩოს სახით აუნაზღაუროს მას ზიანი, საპენსიო ასაკის მიღწევისას იცვლება პრეზუმფციის შინაარსი და იგი მოქმედებს საწინააღმდეგო მნიშვნელობით. ვარაუდის ჭრილში განიხილება დაზარალებულის მუშაობის პერსპექტივა და ამგვარი საგამონაკლისო შემთხვევის დადასტურების მოვალეობა დაზარალებულის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს. ამის დადასტურება კი შესაძლებელია მხოლოდ იმ ფარგლებში, რაც გონივრულად არის მოსალოდნელი კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.
9. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც დასაქმებული (მარჩენალი) 2017 წლისთვის უდავოდ წარმოადგენდა საპენსიო ასაკს მიღწეულ სუბიექტს, არსებობდა მისი იმ მდგომარეობაში ჩაყენების საფუძველი, რაც ზიანის მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში იქნებოდა სახეზე. ის გარემოება, რომ რ.ფ–ი 1971 წელს მუშაობდა მოპასუხე კომპანიაში, თავის მხრივ, უპირობოდ არ გულისხმობს, რომ ზიანის არარსებობის პირობებში, იგი გააგრძელბდა მუშაობას და მიიღებდა ხელფასს 86 წლის ასაკშიც. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ხელფასის ზრდის მოტივით არ არსებობს აპელანტისთვის, როგორც აწ გარდაცვლილი მარჩენალის მეუღლისათვის (სარჩენი პირისათვის), უკვე დანიშნული სარჩოს გადაანგარიშების შესაძლებლობა.
10. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ სარჩელით მოთხოვნილი ზიანი არ წარმოადგენს მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო, მისი მოქმედების უშუალო შედეგს, რადგან ვარაუდი იმისა, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, რ.ფ–ი სადავო პერიოდშიც იმუშავებდა მოპასუხე კომპანიაში და დამსაქმებელთან მოქმედი თანამშრომლების ხელფასების ცვლილებები მასზეც გავრცელდებოდა, დაუსაბუთებელია. გაზრდილი ოდენობით სარჩოს დაკისრების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, საგულისხმოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს უახლესი პრაქტიკა, სადაც განმარტებულია, რომ დასაქმებულის სასარგებლოდ სარჩოს გადახდის ვალდებულება საწარმოს ეკისრება დაზარალებულის სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო, დაკისრებული სარჩო ხელფასის ზრდის შესაბამისად გადაანგარიშებას აღარ ექვემდებარება მას შემდეგ, რაც დაზარალებული საპენსიო ასაკს მიაღწევს (იხ. სუსგ-ები: N ას-1216-1141-2015, 03.06.2016 წ; N ას-1220- 1145-2015, 03.06.2016 წ; N ას-799-766-2016, 08.05.2017 წ; N ას-1180-1141-2016, 07.04.2017 წ.). ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის შესახებ დასაბუთებული და კანონიერია.
11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
11.1. მოსარჩელემ (სარჩენმა პირმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა იმ დასაბუთებით, რომ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, მოპასუხე კომპანიის სისტემაში ელექტრომონტიორის საქმიანობას შეძლებს თუ არა 65 წელს გადაცილებული პირი, ეკისრება არა დაზარალებულ მხარეს, არამედ- დამსაქმებელს. საპენსიო ასაკს მიღწეული პირი, მიუხედავად მისი წლოვანებისა, ყოველთვის ცდილობს გააგრძელოს საქმიანობა თავისი სპეციალობის ან უფრო მსუბუქი სამუშაოს შესრულებით, თუ მას ჯანმრთელობის მდგომარეობა უწყობს ხელს. დამსაქმებლის პრეროგატივაა შეაფასოს და გაუგრძელოს საქმიანობის უფლება კონკრეტულ სპეციალისტს საწარმოს მოთხოვნილების აუცილებლობის გათვალისწინებით;
11.2. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს ეკისრება მტკიცების ტვირთი, თუ რა სამართლებრივი თუ სხვა მოტივაციით შეუწყვეტდა ის უმაღლესი თანრიგის (მე-5 თანრიგი) ელექტრომონტიორს შრომით ხელშეკრულებას. რაც შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებას, მოცემული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, არ უნდა იქნეს გამოყენებული მისი განმარტებები, ვინაიდან მითითებული საქმეები სხვა კატეგორიას განეკუთვნება. სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები, არასწორად მოითხოვა მოსარჩელე მხარისგან ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც დაზარალებულ მხარეს არ ევალებოდა. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული, უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა.
11.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ მოსარჩელის (სარჩენი პირის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ის დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
15. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
16. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხე კომპანიისათვის სსკ-ის 1006-ე მუხლის საფუძველზე სარჩოს გაზრდილი (გადაანგარიშებული) დაკისრებაზე უარის თქმის მართლზომიერება. დასახელებული ნორმა ადგენს ქცევის წესს, რომლითაც დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტების საფუძველზე, მნიშვნელოვანია შეფასდეს, როდემდეა ძალაში რჩენის ვალდებულება და განსახილველ შემთხვევაში რამდენად არსებობს მარჩენალდაკარგული მოსარჩელისათვის მოქმედი ელექტრომონტრიორის ხელფასის მიხედვით სარჩოს (მათ შორის, სარჩოს სახით მიღებულ და მისაღებ თანხას შორის სხვაობის) გადაანგარიშების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
17. სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად იმსჯელა მარჩენალის ვალდებულებაზე, ერჩინა მის კმაყოფაზე არსებული პირები და შეაფასა, თუ როდემდე იქნებოდა ვალდებული მოპასუხე კომპანიაში დასაქმებული პირი ერჩინა მისი მეუღლე, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
18. მოცემულ დავაზე დადგენილია წინამდებარე განჩინების 3.1-3.5 ქვეპუნქტებში ასახული ფატქობრივი გარემოებები, რომელთაც სავსებით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სააპელაციო სასამართლომ (იხ. 5-10 პუნქტები), ამასთან, მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილია მყარი პრაქტიკა, რომლის საფუძველზე, განმარტებულია, როგორც სარჩოს გადაანგარიშების დაუშვებლობის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები, ისე, საქმის გარემოებების შეფასების ის კრიტერიუმები, როდესაც შრომისუნარდაკარგული პირის ან მარჩენალის მიერ მუშაობის შესაძლებლობის პრეზუმფციაა დაშვებული. განსახილველი დავის ერთ-ერთ ანალოგიურ შემთხვევასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მართებულად შეფასდეს, თუ როდემდე იქნებოდა ვალდებული ზიანის მიმყენებელი გადაეხადა კომპენსაცია დაზარალებულისათვის“ (იხ. სუსგ-ები: N ას-789-746-2015, 22,01.2016წ; N ას-1220-1145-2016, 05.06.2016წ). საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია: „ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო, პრეზუმირებულია, რომ ელმავლის მემანქანის თანაშემწე იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე, რომელიც იმხანად მოქმედი შრომის კოდექსის (1973 წლის 28 ივნისის რედაქციით) მიხედვით, მამაკაცებისათვის 65 წელს შეადგენდა. ამ ეტაპზე, საკასაციო სასამართლო აღარ ავითარებს მსჯელობას, გარკვეული კატეგორიის მუშაკთა შესაძლო ასაკობრივ შეზღუდვაზე, შესასრულებელი სამუშაოს სპეფიციკიდან გამომდინარე, რადგან ამ ფაქტზე შედავება კასატორს არ წარმოუდგენია სასამართლო განხილვის არცერთ ეტაპზე“. (იხ. სუსგ N 789-746-2015, 22.01.2016წ.).
19. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ სარჩოს გადააგარიშების მიზანი დაზარალებულისთვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსებაა, რომელიც მიიღო დაზიანების გამო, რაც ნიშნავს, რომ გასათვალისწინებელია ზოგადი კრიტერიუმი დაზარალებულის მხრიდან აქტიური შრომისუნარიანობის შესახებ. რაც შეეხება ამ მუხლის მეორე ნაწილს, იგი მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურების ოდენობის დასადგენად მნიშვნელოვანია შეფასდეს, რა დრომდეა ვალდებული საწარმო გადაუხადოს დაზარალებულს კომპენსაცია (იხ. სუსგ-ები: N ას-169-497-09, 24.07.2009წ; N ას-939-889-2015, 13.11.2015წ; N 789-746-2015, 22.01.2016წ; N ას-84-80-2016, 11.03.2016 წ; წ; N ას-1220-1145-2016, 05.06.2016წ; N ას-1810-2018, 31.05.2019წ; N ას-1514-2018, 10.07. 2020წ; N ას-1708-2019, 24.12.2020წ; N ას-1404-2019, 13.04.2021წ; N ას-1149-2021, 26.10.2022 წ; N ას-62-2023, 16.03.2023წ.).
20. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ იმსჯელა, რომ ზიანის ანაზღაურების სამართალში, როდესაც საქმე ეხება შრომისუნარიანობის შემცირებას ან დაკარგვას, ეს „არ განისაზღვრება აბსტრაქტულად, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, არამედ, კონკრეტულად, რეალური შემოსავლის დაკარგვის მიხედვით. თუ დაზიანების გამო დაზარალებული ვეღარ ახერხებს შემოსავლის მომტანი საქმიანობის გაგრძელებას, ზიანის ანუ სარჩოს ოდენობის გამოთვლისათვის გადამწყვეტია, თუ რამდენად შეუძლია მას, გამოიყენოს შერჩენილი შრომის უნარი. ანაზღაურებადია ასევე მთელი ის ზიანი, რაც დაზარალებულს ადგება, შრომისუნარიანობის ნაწილობრივ შენარჩუნების ან აღდგენის მიუხედავად, ახალი სამუშაოს პოვნის შეუძლებლობით. თვითდასაქმებულისა და დაქირავებული მუშაკის შემთხვევაში მოქმედებს ვარაუდი, რომ დაზიანების გარეშე ის განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა შესაბამის ხელფასს“ (იხ. რუსიაშვილი გიორგი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ჭანტურია (რედ.), 2019, მუხლი 408, ველი 29). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასაქმებულის სასარგებლოდ სარჩოს გადახდის ვალდებულება ეკისრება დამსაქმებელს სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო დაკისრებული სარჩო ხელფასის ზრდის შესაბამისად გადაანგარიშებას აღარ ექვემდებარება, მას შემდეგ, რაც დაზარალებული საპენსიო ასაკს მიაღწევს. (იხ. სუსგ-ები Nას-349-349-2018 18.06.2020წ; Nას-1216-1141-2015, 03.06.2016წ; Nას-1220-1145-2015 03.06.2016 წ; Nას-799-766-2016, 08.05.2017 წ; Nას-1180-1141-2016, 07.04.2017 წ; Nას-269-2022, 31.05.2022 წ; N ას-62-2023, 16.03.2023წ.).
21. ერთ-ერთ საქმეზე, სადაც დადგინდა, რომ სარჩელის აღძვრის დროისათვის მოსარჩელე 60 წლის იყო და მან დაკარგა 60%-ით პროფესიული საქმიანობის უნარი შრომითი მოვალეობის შესრულების დროს, საკასაციო სასამართლო განმარტა, რომ არ იყო გასაზიარებელი დამსაქმებლის მტკიცება იმის თაობაზე, რომ დასაქმებულის სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე (სადგურის მორიგედ მუშაობდა საწარმოო ტრავმის მიღებამდე), ის ვერ შეინარჩუნებდა იმ სპეციკიურ უნარებს და ჯანმრთელობის იმავე მდგომარეობას, როგორც ადრე ჰქონდა (დასახიჩრებამდე) და საპენსიო ასაკის მიღწევამდე ვერ გაივლიდა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ სპეციალურ შემოწმებას. საკასაციო სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ დადგენილი წესით გადამოწმების შედეგად როგორი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექნებოდა დასაქმებულს, ეს მხოლოდ სავარაუდო საკითხია და ობიექტურად ვერ იქნა გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებით. ამ საქმეზე დამსაქმებელი კომპანიის საკასაციო პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ასეთ შემთხვევაში არ მოქმედებს პრეზუმფცია, რომ დასაქმებული ვერ გაივლიდა შემოწმებას; რომ არა პროფესიული შრომისუნარიანობის უვადოდ დაკარგვა, დასაქმებულს შეეძლო არა მხოლოდ ემუშავა, არამედ კარიერული დაწინაურების პრინციპითაც ესარგებლა და საკუთარი შრომით არათუ მის მიერ მანამდე დაკავებულ პოზიციაზე განსაზღვრული და შემდეგ გაზრდილი ოდენობის ხელფასი, არამედ უფრო მეტი ანაზღაურება გამოემუშავებნია. ამდენად, ყველა ვარაუდი იმ პირის სასარგებლოდ მოქმედებს, რომელსაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, საწარმოო ტრავმის შედეგად დაუზიანდა ჯანმრთელობა და მოეშალა შრომის უნარი ნაწილობრივ ან სრულად.
22. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების საფუძველზე, სავსებით სწორი მსჯელობა და დასკვნებია გამოტანლი იმავე სასამართლოს მიერ. კასატორის პრეტენზია მტკიცების ტვირთის არასწორ განაწილებასა და 86 წლის ასაკშიც მარჩენალის ყველა შემთხვევაში მუშაობის და მოქმედი პოზიციის შესატყვისი ანაზღაურების მიღების ვარაუდის თაობაზე დაუსაბუთებელია და უსაფუძვლო, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვის დასაშვებად ცნობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი წინაპირობა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება, როგორც კანონიერი და დასაბუთებული, უცვლელად უნდა დარჩეს.
23. კასატორი კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ფ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური