საქმე №ას-831-2023 29 სექტემბერი, 2023 weli,
ას-831-2023 რობაქიძე ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს "ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ი" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.რ–ძე, ჯ.რ–ძე (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით ნ.რ–ძის (შემდეგში: პირველი მოსარჩელე) და ჯ.რ–ძის (შემდეგში: მეორე მოსარჩელე) სარჩელი შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან კომპანია), ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ 34 000 ლარის გადახდა დაეკისრა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელეების თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ..... (762.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობა N1, საერთო ფართი 201.0 კვ.მ. საკადასტრო კოდი ......);
3.2. მოპასუხე კომპანიის მუდმივმოქმედი ფილიალი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ..... აწარმოებდა სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას. მშენებლობის პროცესში ხდებოდა მიწისქვეშა აფეთქებები;
3.3. მოსარჩელეების კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები, ძირითადად, გამოწვეულია მოპასუხის მიერ N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოებით;
3.4. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში: ექსპერტიზის ბიურო) მიერ, 2017 წლის 8 მარტს გაცემული დასკვნა (ექსპერტიზის კვლევის საგანი იყო ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ....., მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობის დადგენა და დაზიანების გამომწვევი მიზეზები, კერძოდ, კი დაზიანებები გამოწვეული იყო თუ არა გვირაბის სამშენებლო სამუშაოებით, აფეთქებებით). საექსპერტო კვლევა ჩატარებული აქვს ექსპერტ ნ.გ–ას - კ.ზ–ის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის (დეპარტამენტის) სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის სამმართველოს ექსპერტს, სპეციალობით მუშაობის 45 წლის სტაჟით;
3.5. ექსპერტიზის ბიუროს 2017 წლის 8 მარტის N001276217 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ..... მდებარე მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. შენობაზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით და ასევე - ასაკობრივი ცვეთით. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები ძირითადად მე-2 ხარისხისაა, თუმცა შენობის მარჯვენა ტორსული ფასადის მხრიდან მიშენებულ ნაწილში (რომელიც მეორე მოსარჩელეს ეკუთვნის) წარმოქმნილი დაზიანებები - მე-3 ხარისხის. მე-2 ხარისხით დაზიანებული შენობა შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისია, თუმცა საჭიროებს დაკვირვებას. ამ მიზნით ბზარწარმოქმნის ადგილებზე, შენობის შიდა სივრცეში გაიკრას თაბაშირის, ხოლო გარეთ ქვიშა-ცემენტის ხსნარის ყარაულები (მანიშნები). მარჯვენა ტორსული ფასადის მხრიდან მიშენებული ნაწილის შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. მისი შემდგომი ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის საჭიროა აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება შესაბამისად დამუშავებული პროექტის მიხედვით;
3.6. ექსპერტიზის დასკვნის კვლევითი ნაწილის მიხედვით დგინდება, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ..... მდებარე ორსართულიანი სახლი აშენებულია გასული საუკუნის 70-იან წლებში. შენობის უკანა და გვერდით ფასადზე მოწყობილი არ არის სარინელის სისტემა, რის გამოც წლების განმავლობაში ატმოსფერული ნალექები ჩაედინება გრუნტში, რაც იწვევს საძირკვლის ქვეშ გრუნტის გაწყლიანებას. პირველი მოსარჩელის ფართი: უკანა ფასადზე მარცხენა კუთხესთან ბეტონის კედელი ეროზირებულია, ბათქაშის ნაწილი მოცილებულია. მოხსნილია წყალდენის ღარის (ჟოლობის) ვერტიკალური ლითონის მილის ბოლო ნაწილი, რის გამოც სველდება კედელი, რაც იწვევს მის დაზიანებას. მარცხენა ტორსულ ფასადზე კედლის მთელ სიმაღლეზე გაჩენილია ბეწვისებურიდან 5 მმ-მდე გახსნილობით, ვერტიკალური ბზარი. წინა ფასადზე კუთხესთან პირველ სართულზე ბეტონის კედელი დაზიანებულია. პირველ სართულზე შიდა კედლებში ბზარები არ ფიქსირდება. მეორე სართულზე შუშაბანდში კედელი დაცილებულია იატაკს. კუთხეში გაჩენილია ვერტიკალური ბზარი. ორივე ოთახში ფიქსირდება მცირე გახსნილობით, როგორც დახრილი, ისე ვერტიკალური ბზარები. ისინი ამ ეტაპზე საფრთხის შემცველი არ არიან. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით დაზიანებები ძირითადად II ხარისხისაა. მეორე მოსარჩელის ფართი: მიშენებული ნაწილის გვერდით და წინა ფასადებზე ფიქსირდება დაზიანებები - კარის ჩარჩო კარიანად ჩამოვარდნილია. სავარაუდოდ, კედელი ჩამოინგრა. ფანჯრის თავზე ბეტონის ზღუდარი დაბზარულია. რაფის ქვეშ და კუთხესთან კედელი გახსნილია. პირველ სართულზე შიდა კედლებზე მოწყობილია პლასტიკატის ფილები. აქედან გამომდინარე ბზარები, ძირითადად, არ ფიქსირდება. მარნის ოთახში კარებთან გაჩენილია ვერტიკალური ბზარი. მეორე სართულზე, შუშაბანდში, კუთხესთან გაჩენილია ვერტიკალური ბზარი. ორივე ოთახში ფიქსირდება მცირე გახსნილობით, როგორც დახრილი, ისე ჰორიზონტალური ბზარები. ისინი ამ ეტაპზე საფრთხის შემცველი არ არიან. დაზიანებულია სახურავის საფარი, საიდანაც ატმოსფერული ნალექების ზემოქმედების შედეგად ჩამოდის წყალი, ზიანდება ჭერი. მობინადრის ინფორმაციით 2012 წელს რკინიგზის გვირაბის გაყვანისას აფეთქებითი სამუშაოების შედეგად, მიშენებული ნაწილის გადახურვის მონოლითური ბეტონის ფილა და კარების ქვეშ ბეტონი ჩამოინგრა. დაზიანდა სახურავი. მათი ძალებით აღდგენა ვერ მოხერხდა. მიშენებული ნაწილი სავალალო მდგომარეობაშია, საფრთხის შემცველია. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით დაზიანებები ძირითადად II-III ხარისხისაა. დასკვნაში აღწერილი ბზარების მდებარეობა და სხვადასხვა მიმართულება მიუთითებს იმაზე, რომ ისინი გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით არის გამოწვეული, როგორც იმავე სოფელში არსებული მრავალი სახლის დაზიანება, რომლებიც, როგორც ექსპერტი დასკვნაში მიუთითებს, მათ მიერ იქნა შესწავლილი 2012-2013 წლებში. შენობა სეისმურ ნორმებთან შეუსაბამოა: არ გააჩნია ანტისეისმური რკინა-ბეტონის სარტყელი; მეორე სართულზე კედლის სისქე 20 სმ-ია. კედლის სიმაღლის შეფარდება მის სისქესთან 290/20=14,5>10, რაც მოქმედი სეისმური ნორმებით დაუშვებელია;
3.7. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი კომპანია ,,ე–ის“ დასკვნები ვერ აქარწყლებს ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებულ ზემოთ აღნიშნულ დასკვნას. კერძოდ, კომპანია ,,ე–ის“ მიერ გაცემული დასკვნა „აფეთქებადი ვიბრაციის მონაცემების შეფასება სოფელ ..... მდებარე მე-9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის სამშენებლო ობიექტისათვის“ (EXORIXI S.A.) ზოგადი ხასიათისაა. აღნიშნული დასკვნით შეფასდა აფეთქებების ზემოქმედების ზონა და გვირაბის აფეთქებით გამოწვეული ზიანის რისკი შენობებისათვის. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული დასკვნებით არ მომხდარა კონკრეტული შენობა-ნაგებობების კვლევა, არ შესწავლილა მოსარჩელე მხარის კუთვნილი შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, არ განხორციელებულა მასზე ფაქტობრივი ზემოქმედების დაკვირვება, მისი ხანგრძლივობის შესწავლა და, რაც მთავარია, შენობა- ნაგებობების მდგომარეობის, კერძოდ, მათი სეისმომედეგობის გათვალისწინებით, დამდგარ ზიანთან აფეთქებების მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა;
3.8. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ,,ე–ის“ დასკვნის შინაარსიდან ირკვევა, რომ დასკვნა შეეხება ზოგადად სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და არ არის მიღებული კონკრეტული უძრავი ნივთების გამოკვლევის შედეგად. მოპასუხის მითითება, რომ კომპანია "ე–ის" დასკვნით აფეთქებები წარმოებდა დაშვებული ნორმების ფარგლებში, რასაც არ შეეძლო გამოეწვია სახლების დაზიანება - ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან, ეს აფეთქებები იყო მრავალჯერადი სიხშირის და არა ერთჯერადი, რაც იწვევდა ნიადაგის ჯდენითი პროცესების პროვოცირებას, შესაბამისად, დაზიანებების წარმოშობას;
3.9. ამასთან, კომპანია ,,ე–ის“ დასკვნის თანახმად, სადავო სახლი მდებარეობს N9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის დასავლეთ მხარეს. დახრილი მანძილი გვირაბის ღერძის უახლოეს წერტილსა და საცხოვრებელ სახლს შორის არის 170 მეტრი, ხოლო ჰორიზონტალური მანძილი არის 495 მეტრი ზემოქმედების ზონის უახლოესი წერტილიდან სახლამდე. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული არ აქარწყლებს კონკრეტული სახლის ადგილზე დათვალიერების და დაზიანებების შესწავლის საფუძველზე შედგენილ ექსპერტიზის ბიუროს ცალსახა დასკვნას, რომ მოსარჩელის სახლზე დაზიანებების წარმოქმნა, ძირითადად, გამოწვეულია N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული სამუშაოებით;
3.10. ქ–ის ტერიტორიაზე N9 სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის აფეთქებები, დაიწყო 2012 წლის ივლისიდან, „ე–ის“ დასკვნა კი ასახავს აფეთქებების შედეგად წარმოშობილი ვიბრაციების მონიტორინგის მიმდინარეობას მხოლოდ 09.10.2012 წლიდან. ამდენად, საქმის მასალებში არ მოიპოვება ინფორმაცია, თუ რა სიხშირის და რა სიმძლავრის აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა 2012 წლის ივლისიდან - 2012 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით;
3.11. რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მეორე დასკვნას (2021 წელს 1 ივლისის საექსპერტო დასკვნა №0717.1.056), როგორც მასშია აღნიშნული, იგი შედგენილია სამთო- სამონტაჟო-აფეთქებადი საქმის საკონსულტაციო და საინჟინრო მომსახურების კომპანია ,,ე–ის" 2017 წლის ივლისში შედგენილი დასკვნის ანგარიშებზე დაყრდნობით;
3.12. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებით, ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა. არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი;
3.13. ამდენად, მოპასუხე კომპანიას, ვიდრე მსგავსი მასშტაბის მშენებლობას დაიწყებდა, უნდა გამოეკვლია რისკის ზონაში მყოფი მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების მდგომარეობა, რათა შემდგომ მარტივად ყოფილიყო აღქმადი, თუ რა დაზიანებები გამოიწვია წარმოებულმა მშენებლობამ, ან საერთოდ გამოიწვია თუ არა ის, საქმის მასალებით კი მსგავსი კვლევის ჩატარება არ დასტურდება; აღნიშნული მოპასუხის მტკიცების ტვირთზე ნეგატიურ გავლენას ახდენს და მის მიერ წარმოდგენილი ზოგადი ხასიათის დასკვნით შევსებული ვერ იქნება.
4. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 992-ე მუხლზე მიუთითა, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი.
5. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 172-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით ხდება. სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული გარემოების (მოპასუხის ქმედებით ზიანის მიყენების ფაქტი) დასადასტურებლად სასამართლოში წარადგინა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, მოპასუხე მხარემ კი სათანადო მტკიცებულებებით ვერ შეძლო ამ დასკვნებით დადგენილი ფაქტების უარყოფა (სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლები).
7. ზიანის ოდენობასთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ზიანის ოდენობის განსაზღვრა მხოლოდ აღდგენა- გაძლიერების პროექტის მიხედვით, შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის შედგენის შემდეგ, არის შესაძლებელი. ამ მიზნით მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა შპს "თ.ჯ. ა–ის" მიერ გაცემული აუდიტის დასკვნა, რომლის თანახმად, მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამაგრების, შეკეთებისა და აღდგენითი სამუშაოებისათვის საჭირო თანხაა 47 280 ლარი.
8. რაიონულმა სასამართლომ ზიანის ოდენობაზე მსჯელობისას, მოსარჩელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი დაზიანებები საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში მითითებულ დაზიანებებს შეადარა და დაასკვნა, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა, რაც მოსარჩელეებს უნდა მიკუთვნებოდათ, უნდა შემცირებულიყო 34 000 ლარამდე.
9. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ზიანის ოდენობა თანაბრალეულობის პრინციპის გათვალისწინებით უნდა დაანგარიშდეს. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში მითითებული იყო ზიანის გამომწვევ სხვა მიზეზზეც (ასაკობრივი ცვეთა და ატმოსფერული ნალექები), ამასთან, ამავე დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ მოსარჩელეების სახლზე არსებული დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც საინჟინრო დასკვნის თანახმად მოსარჩელეების კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაზიანების მხოლოდ ერთი მიზეზი შეიძლება შეერაცხოს ბრალად მოპასუხე მხარეს, ამასთან, დადგენილი არ არის თითოეული ფაქტორის პროპორცია დამდგარ ზიანში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად განისაზღვრა მოპასუხის მიერ მოსარჩელეებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა 34 000 ლარით.
10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
10.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხე კომპანიამ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
10.2. კასატორის განმარტებით, მას მოსარჩელეთა კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანებაში ბრალი არ მიუძღვის, ასეთი გარემოების დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.
10.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 აგვისტოს განჩინებით მოპასუხე კომპანიის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
13. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და დავა სამართლებრივად მართებულად შეაფასა (სსკ-ის 992-ე, 408.1-ე, 409-ე მუხლები).
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიუთითებენ მათზე. კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე, რომელიც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია. დასახელებული ნორმა ითვალისწინებს დელიქტურ პასუხისმგებლობას, რომელიც დგება ზიანის მიყენების შედეგად. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტებს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედების უშუალო შედეგი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა (იხ. სუსგ N ას-809-776-2016, 04.04.2017წ) .
15. მოსარჩელეთა მიერ თავიანთი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. სუსგ Nას-72-72-2018, 15.02.2018).
16. დადგენილია, რომ მოსარჩელემ, თავისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა ექსპერტიზის დასკვნა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი.
17. „ექსპერტიზის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. იმის მიხედვით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოებაა დასადგენი. თავად ექსპერტი კი პროცესის მონაწილე დამხმარე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ექსპერტიზის საჭიროება საქმეზე დასადგენი გარემოებების თავისებურებიდან გამომდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობითი შედეგი პასუხს სცემს სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით მხარეთა ანდა სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს“ (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-99,102, 106-107, 112-113. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი) - იხ. სუსგ Nას-45-2021, 22.04.2021წ.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე, შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).
19. მოსარჩელეთა სამართლებრივი პრეტენზიის დასადასტურებლად მითითებული მტკიცებულებების საპირწონე ფაქტების დადასტურების ვალდებულება მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, თუმცა მოცემული დავის ფარგლებში მოპასუხემ ვერ უზრუნველყო იმგვარ გარემოებებზე მითითება/მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც საქმეში წარმოდგენილ დასკვნებს გააქარწყლებდა.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეს (კასატორს) მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის გასაბათილებლად სათანადო წერილობითი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით კასატორს სასამართლოსათვის შეეძლო წარედგინა მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელეთა მიერ წარდგენილ დასკვნას ეჭვქვეშ დააყენებდა, სასამართლოს კი დაარწმუნებდა, რომ კომპანიის მიერ სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში სამუშაოების (აფეთქებების) ჩატარებისას მოსარჩელეთა კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანებაში ბრალი მოპასუხეს არ მიუძღვის. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. თუ მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, არსებული ზიანი ანაზღაურდება სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობისაა ეს ზიანი ან რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობა დამდგარ შედეგში. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როდესაც კრედიტორი თავადაც არის პასუხისმგებელი დამდგარი შედეგისათვის (სსკ-ის 415-ე მუხლი), ,,თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში - თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი). პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ შედეგთან. ამრიგად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: N ას-85-2021, 24.12.2021წ; N ას-601-2022, 29.09.2022წ.).
22. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას (იხ. ამ განჩინების 7-9 პუნქტები) და განმარტავს, რომ შპს "თ.ჯ. ა–ის" მიერ მომზადებული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შეეხება მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამაგრება-შეკეთებისათვის ჩასატარებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვას, ხოლო მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობებზე არსებული ზიანის ხარისხი, ასევე მათი შემდგომი ნორმალური ექსპლუატაციისათვის აუცილებელი აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარების საჭიროება დადასტურებულია ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს შესაბამისი მტკიცებულებები, რაც მოსარჩელეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს ზიანის ოდენობასთან მიმართებით გააქარწყლებდა, სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შეად. სუსგ-ებს: N ას-482-2019, 31.05.2019; N ას-280-280-2018, 18.07.2018; N ას-189-189-2018, 23.03.2018; N ას-1052-2019, 20.12.2019წ; N ას-1388-2019, 26.03.2020წ; N ას- 204-2020, 24.06.2020წ., ას-184-2023, 21.04.2023 წ.).
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
26. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ს" (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1700 ლარის (საგადახდო დავალება N143, გადახდის თარიღი 2023 წლის 27 ივლისი), 70% – 1190 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური