Facebook Twitter

ბს-308-293(გ-06) 5 ივლისი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. სხირტლაძე,

ნ. ქადაგიძე

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა და ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთაAკოლეგიებსAშორის ლ. ვ-ის სასარჩელო მოთხოვნის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავა.

აღწერილობითი ნაწილი:

2005წ. 16 ივნისს ლ. ვ-მ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹4 განყოფილების მიმართ და მოპასუხისათვის _ შვილის მ. ჩ-ს დაბადების აქტის ჩანაწერიდან მე-19 გრაფის “ა” პუნქტში მითითებული ჩანაწერის ამორიცხვის დავალება და დაბადების აქტში მითითებული მონაცემების მიხედვით, მ. ჩ-ს მამობის დადგენა მოითხოვა.

თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹4 განყოფილების 16.06.2005წ. ¹128 დასკვნის შესაბამისად, ლ. ვ-ის მოთხოვნა არასრულწლოვან მ. ჩ-ს დაბადების აქტის ჩანაწერებში დაბადების ადგილის _ “თბილისის” “მოსკოვზე” შესწორების შესახებ და დედის გრაფაში გვარის _ “ჩ-ს” “ვ-ზე” შეცვლის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შეიცვალა ბავშვის დაბადების ადგილი და “თბილისის” ნაცვლად მიეთითა “მოსკოვი”, ხოლო მოთხოვნას დედის გრაფაში გვარის შეცვლაზე ლ. ვ-ს უარი ეთქვა.

სასამართლოში წარმოდგენილ იქნა ნოტარიულად დამოწმებული მ. ჩ-ს თანხმობა, რომლის მიხედვითაც დასტურდებოდა, რომ იგი ლ. ვ-სთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა, ...წ. ... მარტს მათ შეეძინათ შვილი _ მ. და იგი თანხმობას აცხადებდა, რომ მის შვილს მისი გვარი _ “ჩ-ა” ეტარებინა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 28 ოქტომბრის განჩინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული საქმე ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას არ წარმოადგენდა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლიდან არ გამომდინარეობდა და ლ. ვ-ის სარჩელი განსახილველად უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას უნდა დაქვემდებარებოდა.

2006წ. 16 თებერვალს ლ. ვ-მ დაზუსტებული სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და მოპასუხე თბილისის სარის ¹4 განყოფილებისათვის მ. ჩ-ს დაბადების სარეგისტრაციო ჩანაწერებში დედის მონაცემებში შესწორების შეტანის დავალება მოითხოვა, რომლის მიხედვითაც მ. ჩ-ს დედად ლ. ვ-ე იქნებოდა მითითებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006წ. 6 მარტის განჩინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ დავა არა სამოქალაქო, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარეობდა და საქმეც შესაბამისად ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა განხილულიყო, ვინაიდან იგი საჯარო კანონმდებლობიდან გამომდინარეობდა, ამასთან, სარჩელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ იყო აღძრული ამ უკანასკნელისათვის ქმედების განხორციელების დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ლ. ვ-ის სარჩელი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობის საკითხის გასარკვევად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას გადაუგზავნა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა და ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების განჩინებებს და მიიჩნევს, რომ ლ. ვ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას უნდა დაექვემდებაროს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად დავის საგანი განსაზღვრა, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კერძოდ კი, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს.

მოცემულ შემთხვევაში ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ ლ. ვ-ის სასარჩელო მოთხოვნას თავდაპირველად მ. ჩ-სათვის მამობის დადგენა და მის დაბადების აქტში დედის გრაფაში გვარის “ჩ-ს” “ვ-თი” შეცვლა წარმოადგენდა იმ საფუძვლით, რომ ლ. ვ-სა და მ. ჩ-ს შორის ქორწინება რეგისტრირებული არ ყოფილა, შესაბამისად, მეუღლის გვარს ვერ მიიღებდა. საქმის სასამართლოში განხილვისას წარმოდგენილ იქნა სანოტარო წესით დამოწმებული მ. ჩ-ს თანხმობა, რომლის მიხედვითაც დადასტურებულია, რომ იგი და ლ. ვ-ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ, მათ 1995 წელს შეეძინათ ქალიშვილი _ მ. და იგი თანხმობას აცხადებდა, რომ მას მისი გვარი _ “ჩ-ა” ეტარებინა. საქმის განსჯადობით სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისათვის გადაგზავნის შემდეგ, ლ. ვ-მ სასამართლოში დაზუსტებული სარჩელი წარადგინა და მოპასუხის _ თბილისის ¹4 სარეგისტრაციო სამსახურისათვის მ. ჩ-ს დაბადების სარეგისტრაციო ჩანაწერებში შესწორების შეტანა მოითხოვა, რომლითაც დედის მონაცემები ჩაიწერებოდა შემდეგნაირად: “დედა _ ლ. ვ-ე”.A

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დღეისათვის დავის საგანი მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალება, კერძოდ, რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილების შეტანაა, რომელიც “სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” კანონის შესაბამისად რეგულირდება და იგი უდავოდ ადმინისტრაციულ კანონმდებლობას წარმოადგენს. ამდენად, სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2 მუხლის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სარჩელი და იგი სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე დავად ვერ ჩაითვლება.

ამრიგად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ლ. ვ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას უნდა დაექვემდებაროს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 და 26.3 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ვ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას უნდა დაექვემდებაროს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.