საქმე №ას-1009-2023 29 სექტემბერი, 2023 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს "მ–ი" (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, სამინისტრო ან შემსყიდველი) სარჩელი შპს „მ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, კომპანია ან მიმწოდებელი), პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2 024.96 ლარის გადახდა დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 თებერვლის განჩინებით სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2020 წლის 4 თებერვალს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N69 ხელშეკრულება. ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტს წარმოადგენდა სამინისტროს ბალანსზე რიცხული TOYOTA-ს და LEXUS-ის მარკის სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება, აღნიშნულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტით გათვალისწინებული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალების გამოყენებით. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 1 020 000 ლარს და ძალაში იყო 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით;
3.2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.3. პუნქტის შესაბამისად, საგარანტიო პერიოდში ავტომანქანის სათადარიგო ნაწილზე/გაწეულ მომსახურებაზე დეფექტის/ნაკლის/წუნის/ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე, მისი მოქმედების დასრულების შემდგომ, მიმწოდებელი ვალდებული იყო შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადაში (მაგრამ არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა) ნაკლის/წუნის გამოსწორების მიზნით შეეცვალა იგი ახალი სათადარიგო ნაწილით, შემსყიდველის მხრიდან დამატებით დანახარჯების გაწევის გარეშე;
3.3. ხელშეკრულების 9.3 პუნქტით მხარეთა მიერ შეთანხმებულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.15%;
3.4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N69 ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA HIACE“ სახელმწიფო ნომრით ....., 2020 წლის 24 თებერვალს, ძარაზე სამღებრო-სათუნუქე სამუშაოების საწარმოებლად, ასევე, წინა-უკანა საქარე და გვერდითი მინების შეცვლის მიზნით, შევიდა მოპასუხე კომპანიის სერვისცენტრში. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2020 წლის 24 თებერვალსვე შედგა დეფექტური აქტი. ავტომობილისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების პრეისკურანტში დამატების მიზნით, 2020 წლის 19 მარტს, მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმების ოქმი N 12. მიმწოდებელი, ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მე-6 ქვეპუნქტის შესაბამისად, ვალდებული იყო, დეფექტური აქტით გათვალისწინებული მომსახურება გაეწია, 2020 წლის 19 მარტიდან - 25 კალენდარული დღის განმავლობაში - არაუგვიანეს, 2020 წლის 13 აპრილისა;
3.5. ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2020 წლის 13 აპრილისა, გაწეულ იქნა 2020 წლის 3 აგვისტოს - 112 კალენდარული დღის დაგვიანებით;
3.6. მიმწოდებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ვადაგადაცილებით, ხოლო ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ 112 დღე შეადგინა. მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლო დაანგარიშდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 1 020 000 ლარის 0.15%-ით, რაც 171 360 ლარს შეადგენს;
3.7. საქმეში წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს აქტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთების ღირებულებამ 12 053.32 ლარი შეადგინა;
3.8. მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში დარიცხული პირგასამტეხლო მიმწოდებელ კომპანიას შემსყიდველი სამინისტროსათვის არ აუნაზღაურებია.
4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა შესრულებულიყო დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
5. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
6. სსკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას.
7. საკასაციო სასამართლომ არაერთ სამოქალაქო დავაზე განმარტა, „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება, და რაც მთავარია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ.“ (იხ. სუსგ-ები: N ას-450-2023, 24.04.2023წ; N ას-590-2022, 03.06.2022წ; N ას-708-678-2016, 27.01.2017 წ.; N ას-1199-1127-2015, 13.04.2016 წ.; N ას-222-209-2015, 06.05.2015 წ.).
8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, პირგასამტეხლოს, როგორც მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სსკ-ის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, ვინაიდან სამუშაოთა ნაწილის ვადის დარღვევით შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. იგი, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას და, მეორე მხრივ, მოვალეს უკვე შესრულებული ვალდებულების ნაწილში აკისრებს პასუხისმგებლობას. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლო დაანგარიშებულ უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. N ას-774-2023, 12.09.2023წ; N ას-626-2023, 7.-7.2023წ; N ას-238-2023, 6.07.2023წ; N ას-164-160-2016, 28.06.2016 წ.;N ას-581-2019, 31.07.2019 წ.).
9. განსახილველ შემთხვევაში, ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მოსარჩელის ინტერესის გათვალისწინებით, ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს ვალდებულების შეუსრულებლობით რაიმე სახის ზიანი არ მიუღია (მოსარჩელეს არ მიუთითებია ასეთ გარემოებაზე), ხოლო შესრულებული სამუშაოს ღირებულება 12 053.32 ლარს შეადგენდა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო (ხელშეკრულების საერთო ღირებულების - 1 020 000 ლარის 0,15% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) - 171 360 ლარი, არაგონივრულია და სცილდება სსკ-ის 8.3-ე მუხლით დადგენილ ქცევის სტანდარტს (სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები).
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნია, რომ სახეზეა შეთანხმებული პირგასამტეხლოს, როგორც შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის, შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა -2 024.96 ლარი (შესასრულებელი ვალდებულების ღირებულების - 12 053.32 ლარის - 0.15% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) სავსებით უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციას და შეესაბამება მოპასუხის მიერ დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის, პასუხისმგებლობის სახით დაწესებულ საზღაურს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის პრეტენზია საფუძველს მოკლებულია და უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
11.1. შემსყიდველმა სამინისტრომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
11.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის (შემსყიდველის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
14. კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა დაუსაბუთებლად შეამცირეს.
15. საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას, უპირველესად, მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე მიუთითებს. ვინაიდან სსსკ-ის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
16. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრასთან მიმართებით და ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაზე, რაც ვალდებულების შეუსრულებლობით ან ვალდებულების დარღვევით გამოიხატება. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გაანგარიშებას (იხ. ამ განჩინების მე-10 პუნქტი) და მიიჩნევს, რომ მის გასაბათილებლად კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები არ წარმოუდგენია. კასატორის მტკიცებით, მოპასუხემ ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, რის გამოც მას ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო სრულად უნდა დაეკისროს. კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს, რომ „საკასაციო სასამართლო მხარს უჭერს მიდგომას, რომ პირგასამტეხლო დაანგარიშებული იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან“ (იხ. სუსგ-ები: N ას-164-160-2016, 28.07.2016წ., პუნქტი 68; N ას-971-2019, 28.20.2019წ; N ას-1056-2021, 17.12.2021წ; N ას-905-2021, 12.01.2022წ; N ას-585-2021, 06.06.2022წ; N ას-598-2019, 06.05.,2022წ; N ას-1312022, 17.05.2022წ; N ას-649-2022, 18.10.2022წ; N ას-238-2023, 6.07.2023წ; N ას-626-2023, 7.-7.2023წ; N ას-774-2023, 12.09.2023წ;) .
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და „აიძულებს“ ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ N ას-428-428-2018, 13.07.2018 წ.).
18. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ N ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).
19. სსკ-ის 420-ე მუხლის (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, დასახელებული დანაწესი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. ამ კრიტერიუმებში იგულისხმება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.
20. საკასაციო სასამართლო უპირველესად შეაფასებს, თუ რამდენად კვალიფიციურად შეედავაც მოპასუხე მის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელს და განმარტავს, რომ სასამართლო მხოლოდ კვალიფიციური შედავების არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. კასატორის პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო მისსავე პრაქტიკას მოიხმობს, სადაც განმარტებულია, რომ როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების შეფასება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა... თუ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნა კვალიფიციური შედავების ფორმით არ მოხდება, მაშინ სასამართლოს ხელთ აქვს მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა (ჩიტაშვილი ნათია; პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf; ასევე შეად. სუსგ-ებს: N ას-827-2021, 03.12.2021წ; N ას-384-2020, 28.03.2022წ; N ას-51-2021, 01.04.2022წ; N ას-1098-2021, 26.07.2022წ.).
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგადაც, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, როგორიცაა: სახელშეკრულებო ურთიერთობათა მხარეები, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხი, დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხე და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაკისრებულ პირგასამტეხლოს შეაფასებს როგორც შეუსაბამოდ მაღალს, მან უნდა განსაზღვროს პირგასამტეხლოს ისეთი ოდენობა, რომელიც იქნება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. რაც შეეხება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოს განსაზღვრას, აღნიშნულიც ასევე უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზემოთ მითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად.
22. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს განსაზღვრისას მართებულად მიიღო მხედველობაში ის გარემოება, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლო დაერიცხა არა შეუსრულებელი (დაგვიანებული) ვალდებულების მოცულობის, არამედ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, რომელიც სახელშეკრულებო ვალდებულების კომპენსირებისათვის ადეკვატურ და გონივრულ ოდენობას არ წარმოადგენს, მით უფრო, ვალდებულების დარღვევის ხასიათის, დროში განგრძობადობისა და დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით (შეადრ. სუსგ-ას Nას-429-2020, 20.07.2022 წ.).
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლო დაანგარიშებულ უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების დარღვევიდან (იხ. სუსგ-ები: N ას-164-160-2016; Nას-581-2019; Nას-249-2021; N ას-238-2023; N ას-626-2023; N ას-774-2023;).
24. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
25. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური