საქმე №ას-1179-2023 13 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი(თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – თ.მ–ი (წარმომადგენელი დ.ც–ძე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ს–ას უფლებამონაცვლე შ.გ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განჩინება და, მისი უცვლელად დატოვების შესახებ, იმავე სასამართლოს 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 მარტის განჩინებით ლ.ს–ას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა. ყადაღა დაედო ქ. თბილისში, .......... მდებარე ½ წილ უძრავ ქონებას, რომელიც რეგისტრირებულია მოპასუხე თ.მ–ის (პირადი N ......) სახელზე, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდია N ......
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ლ.ს–ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
3. მოპასუხე თ.მ–ს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 400 (ოთხასი) აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა 2013 წლის 22 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე და ასევე - პირგასამტეხლოს გადახდა 400 აშშ დოლარის 0.3 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანიდან -2016 წლის 7 მარტიდან ვალდებულების შესრულებამდე.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ.ს–ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, კერძოდ, მოპასუხისათვის დამატებით 2600 (ორი ათას ექვსასი) აშშ დოლარისა დაკისრება და, პირგასამტეხლოს სახით, 3000 აშშ დოლარის ყოველდღიური 0,3%-ის დაკისრება გადაწყვეტილების გამოტანიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივლისის განჩინებით შ.გ–ძე ცნობილ იქნა ლ.ს–ას უფლებამონაცვლედ, რისი მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველიც არის მოთხოვნის დათმობა. ამავე სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის განჩინებით ლ.ს–ას უფლებამონაცვლის- შ.გ–ძის სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის შესახებ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 მარტის განჩინების საფუძველზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ქ. თბილისში, ..... მდებარე ½ წილ უძრავ ქონებას, რომელიც რეგისტრირებულია მოპასუხის საკუთრებად (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი).
7. მოპასუხემ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსა 3000 (სამი ათასი) აშშ დოლარი (სს „ბ.რ–ა“ ცენტრალურის ს/ც N 17 (დიღომი), ბანკის კოდი: REPLGE22, ანგარიშის N GE74BR0000000033150001USD, სალაროს შემოსავლის ოდერი 12840404, გადახდის თარიღი 24.03.2017), რაც დარჩა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე, ხოლო ნოტარიუს მ.გ–ძის სადეპოზიტო ანგარიშზე (სს „პ.ბ–ი“; კოდი MIBGGE22, სადეპოზიტო ანგარიში NG89PC0133600100058379) შეტანილი 400 აშშ დოლარი და 71.83 ლარი- ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე, მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ლ.ს–ას უფლებამონაცვლის-შ.გ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ.გ–ძემ, რაც განუხილველი დარჩა, როგორც დაუშვებელი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით (საქმე N ას-40-40-2018).
10. 2023 წლის 23 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მოპასუხე თ.მ–ის წარმომადგენელმა დ.ც–ძემ, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და (იხ. წინამდებარე განჩინების 6-7 პუნქტები) სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსებული, მოპასუხის კუთვნილი, 3000 (სამი ათასი) აშშ დოლარის დაბრუნება მოითხოვა.
11. მოპასუხის განმცხადებლის მითითებით, დავის მოსარჩელემ-ლ.ს–ამ სადავო მოთხოვნის უფლება მოჩვენებითად დაუთმო შ.გ–ძეს, რომელიც საქმეში მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ჩაერთო მხოლოდ იმ მიზნით, რომ ლ.ს–ას თავიდან აერიდებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. თუმცა, ზემდგომი ინსტანციის ორივე სასამართლომ უცვლელად დატოვა ლ.ს–ას სარჩელზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელის სასარგებლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილებული სარჩელის ფარგლებში მიკუთვნებული თანხა აიღო ლ.ს–ამ. მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრებით აღნიშნული გარემოებითა და საფუძვლით შეწყდა ყოველგავრი სამართლებრივი პრეტენზია და დავა მხარეთა შორის.
12. განმცხადებლის მითითებით საკასაციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 23 თებერვალს მოსარჩელის უფლებამონაცვლის - შ.გ–ძის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე განჩინების მიღებიდან ხუთ დღეში ეს უკანასკნელი (მოთხოვნის მიმღები) გარდაიცვალა. 2018 წლის 22 მარტს მოსარჩელემ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მისთვის მიკუთვნებული თანხა გაიტანა სანოტარო ბიუროდან -ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშიდან (იხ. წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტი).
13. მოპასუხის წარმომადგენლმა მიუთითა, რომ მის მიერ ნოტარიუსთა პალატიდან მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით დგინდება, რომ 2023 წლის 20 ივნისის მდგომარეობით, მოსარჩელის აწ გარდაცვლილი უფლებამონაცვლის- შ.გ–ძის მემკვიდრეობის მისაღებად არავის მიუმართავს. მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრებით, ყველა ზემოხსენებული გარემოება საკმარის ფაქტობრივ წინაპირობას წარმოადგენს საიმისოდ, რომ გაუქმდეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება და ამ განჩინების საფუძველზე სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე აკუმულირებული 3000 (სამი ათასი) აშშ დოლარი, როგორც მოპასუხის კუთვნილი, მასვე დაუბრუდეს.
14. თბილისის სააპელაციო სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განჩინებით მოპასუხე (მოვალე) თ.მ–ის წარმომადგენლის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
15. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 191- ე მუხლის პირველ ნაწილზე „მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე“ დაყრდნობით განმარტა, რომ მითითებული ნორმის შინაასრიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულება, სასამართლოს მიერ იმ ღონისძიებათა მიღება, რომელიც გარანტირებულს ხდის სარჩელის მოთხოვნის რეალიზაციას სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში. სარჩელის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ შესაძლოა მოპასუხე, სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
16. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის წარმომადგენლის მოთხოვნა მიმართულია სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული 3000 (სამი ათასი) აშშ დოლარის დაბრუნებისკენ.
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით დადგინდა, რომ მოპასუხის მიერ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი 3000 (სამი ათასი) აშშ დოლარის და ნოტარიუს მ.გ–ძის სადეპოზიტო ანგარიშზე შტანილი 400 აშშ დოლარი და 71.83 ლარი- დარჩებოდა სადეპოზიტო ანგარიშებზე, მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
18. 2018 წლის 22 მარტს დეპონირებული ფულის, ფასიანი ქაღალდების გადაცემის აქტით დასტურდება, რომ ლ.გ-ს–ამ მიმართა ნოტარიუს მ.გ–ძეს და მოსთხოვა დეპონირებული თანხის (402.40 აშშ დოლარსა და 71.83 ლარის) გადაცემის შესახებ აქტის შედგენა და მისი დამოწმება. ამავე აქტით დასტურდება, რომ 2018 წლის 22 მარტს 402.40 აშშ დოლარის გატანა მოხდა ნოტარიუს მ.გ–ძის მიერ, ლ.გ-ს–ას განცხადების საფუძველზე, ხოლო 71.83 ლარი არ გაუტანია ლ.გ-ს–ას, რადგან სანოტარო მომსახურების საზღაური, რომელიც 82.42 ლარს შეადგენს, აღემატება დეპონირებულ თანხას.
19. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივლისის განჩინებით შ.გ–ძე ცნობილ იქნა მოსაჩელე ლ.ს–ას უფლებამონაცვლედ. 2018 წლის 2 მარტის სანოტარო აქტის თანახმად კი ნოტარიუსთან დეპონირებული თანხა გაიტანა ლ.ს–ამ (უფლების დამთმობმა), რომელიც მოცემულ დავაში აღარ წარმოადგენს უფლებამოსილ პირს (კრედიტორს). შესაბამისად, ამ ეტაპზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის აღსრულების უზრუნველსაყოფადაც მოხდა თანხის როგორც სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის, ისე ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშებზე განთავსება, არ არის აღსრულებული.
20. სააპელაციო სასამართლომ იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხე თ.მ–ისათვის, როგორც მოვალისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული 400 აშშ დოლარის გარდა, მოვალეს (მოპასუხე თ.მ–ს) ასევე დაეკისრა 400 აშშ დოლარის 0.3 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანიდან - 2016 წლის 7 მარტიდან ვალდებულების შესრულებამდე.
21. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებითაც გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა, გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევებისა“. განსახილველ საქმეზე არ დგინდება, რომ ამ ნაწილში გადაწყვეტილება აღსრულებულია ან სააღსრულებო ბიუროში დაწყებულია საქმის წარმოება.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი, რადგან გადაწყვეტილება, რომლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნითაც არის მიღებული ეს განჩინება, ჯერ არ აღსრულებულა. ამასთან არ გასულა ამ გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის /შემდეგში: სსკ/ 142.1-ე მუხლის თანახმად “სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება”).
23. მოპასუხის წარმომადგენლის განცხადებაში მითითებული გარემოების პასუხად, სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მოცემულ საქმეში მოსარჩელის უფლებამონაცვლის- კრედიტორის შ.გ–ძის გარდაცვალება, რა თქმა უნდა, ავტომატურად ვერ გამოიწვევს საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას, რადგან უფლებამონაცვლეობა დასაშვებია საქმის წარმოების ყველა ეტაპზე, მათ შორის - აღსრულების დროსაც. არც ის გარემოება ცვლის საქმის ვითარებას, რომ გარდაცვლილი კრედიტორის (მოსარჩელის უფლებამონაცვლის) მემკვიდრეობის მისაღებად ნოტარიუსისათვის არავის მიუმართავს, რადგან სსკ-ის 1421.2 მუხლის თანახმად არსებობს სამკვიდროს მიღების მეორე გზაც (სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით ან მართვით მიღება). შესაბამისად, მოპასუხის წარმომადგენლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
24. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განჩინებაზე მოპასუხის წარმომადგენელმა იმავე წლის 26 ივლისს საჩივარი წარადგინა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი განჩინების მიღებით, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით.
25. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის წარმომადგენლის საჩივარი ამავე სასამართლოს 2023 წლის 17 ივლისის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა და საჩივარი, საქმის მასალებთან, გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას სსსკ-ის 197-ე პრიმა მუხლის საფუძველზე.
26. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებებსა და სამართლებრივ დასკვნებზე, რომლებიც წინამდებარე განჩინების 1-23 პუნქტებშია ასახული და აღნიშნა, რომ საჩივრის ავტორს არ მიუთითებია რაიმე ისეთ გარემოებაზე, რაც შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების შესახებ მისი განცხადების დაკმაყოფილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მოპასუხის საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საჩივარი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
27. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIL თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
28. საკასაციო სასამართლო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე“.
29. მოცემულ შემთხვევაში კრედიტორის უფლებამონაცვლე დადგენილია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, კერძოდ, მოსარჩელე ლ.ს–ას მიერ შ.გ–ძისათვის მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივლისის განჩინებით სამოქალაქო საქმეზე N 2ბ/1792-16 შ.გ–ძის ლ.ს–ას უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ (იხ. 2016 წლის 27 ივნისის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება და სააპელაციო სასამართლოს განჩინება - ტ.1, ს.ფ. 26 და ს.ფ. 35-36).
30. დადგენილია ასევე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ლ.ს–ას უფლებამონაცვლის-შ.გ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება. ხოლო კრედიტორის უფლებამონაცვლის- შ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველი დარჩა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით (საქმე N ას-40-40-2018).
31. საკასაციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 23 თებერვალს განჩინების მიღებიდან რამდენიმე დღეში კრედიტორის უფლებამონაცვლე- შ.გ–ძე (დაბადებული 1954 წლის 12 მარტს; პირადი N ........) გარდაიცვალა 2018 წლის 27 თებერვალს (იხ. გარდაცვალების მოწმობა N .... -ტ.2, ს.ფ.134).
32. მოპასუხის, რომელიც მოცემულ შემთხვევაში კრედიტორის უფლებამონაცვლის მოვალეა, წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა კრედიტორის გარდაცვალების მოწმობა და ასევე საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან, 2023 წლის 20 ივნისის მდგომარეობით მოძიებული ინფორმაცია (N16/6663), რომლის მიხედვითაც ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი შ.გ–ძის (პირადი N ....) სამემკვიდრეო საქმისწარმოების მიმდინარეობის თაობაზე და ამ მტკიცებულებებზე მითითებით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და (იხ. წინამდებარე განჩინების 6-7 პუნქტები) სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსებული, მოპასუხის კუთვნილი, 3000 (სამი ათასი) აშშ დოლარის დაბრუნება.
33. მოცემულ საქმეზე ასევე დადგენილია, რომ ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე მოვალემ-თ.მ–მა (რომელიც მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი საჩივრის ავტორია) მოახდინა 402.40 აშშ დოლარისა და 71.83 ლარის დეპონირება, რადგან კრედიტორი ლ.ს–ა არ იღებდა შესრულებას. მოსარჩელე ლ.ს–ამ (რომელმაც 2016 წლის 27 ივნისს მოთხოვნის უფლება დაუთმო შ.გ–ძეს), მას შემდეგ, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატამ 2018 წლის 23 თებერვალს კრედიტორის უფლებამონაცვლის შ.გ–ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო განუხილველად დატოვა, ერთ თვეში - 2018 წლის 22 მარტს მიმართა ნოტარიუს მ.გ–ძეს და მოითხოვა მის სასარგებლოდ დეპონირებული თანხის გადაცემა. 2018 წლის 22 მარტის N 180304436 სანოტარო აქტის მიხედვით, მოვალის მიერ დეპონირებული თანხიდან 402.40 აშშ დოლარი ნოტარიუსმა მ.გ–ძემ გაიტანა ლ.გ-ს–ას განცხადების საფუძველზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 232-235), ხოლო 2018 წლის 22 მარტის N 180304445 სანოტარო აქტის მიხედვით, დეპონირებული თანხის გატანის დღისათვის 71.83 ლარი დარჩა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე, რადგან სანოტარო მომსახურების საზღაური აღემატებოდა დეპონირებულ თანხას და შეადგენდა 82.24 ლარს, ამასთან მიეთითა, რომ დეპონირებული თანხის 71.83 ლარის შენახვის ვადაა 17 თვე (იხ. ტ.1, ს.ფ. 236-239).
34. მოცემულ შემთხვევაში არ არის გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რადგან კრედიტორი (უფლების მიმღები) შ.გ–ძე გარდაცვლილია შესაბამისად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (ნორმის დეფინცია იხ. წინამდებარე განჩინების 28-ე პუნქტში) სააღსრულებო წარმოება არ დაწყებულა. „სააღსრულებო ფურცელი კრედიტორს ეძლევა მისი თხოვნით, რაც ნიშნავს, რომ აღსრულების დაწყება-არდაწყების საკითხი მთლიანად კრედიტორის ნებაზეა დამოკიდებული“ (იხ. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის კომენტარი, ნაწილი I; შალვა ქურდაძე, გიორგი ქურდაძე, ნინო ხუნაშვილი, ზურაბ ჭყონია; თბილისი-2018წ; გვ. 219).
35. „სააღსრულებო წარმოების მხარეებია კრედიტორი და მოვალე, რომლებიც წარმოშობილი სამართალურთიერთობების (სააღსრულებო წარმოების) ძირითადი სუბიექტებია (მონაწილეებია) და ეს გასაგებიცაა, ვინაიდან მათ გარეშე არანაირი სააღსრულებო წარმოება არ შეიძლება არსებობდეს. კრედიტორისა და მოვალის გარეშე სააღსრულებო წარმოებაში წარმოშობილი სამართალურთიერთობები აზრს დაკარგავდა. მხარეთა იურიდიულ მოქმედებებზეა დამოკიდებული სამოქალაქო პროცესის მოცემული სტადიის მიმდინარეობა. მათ, როგორც სააღსრულებო მოქმედებების შედეგებით მატერიალურად დაინტერესბულ პირებს, მინიჭებული აქვთ განკარგვითი უფლებები, რომლებიც უკავშირდება სააღსრულებო წარმოების დაწყებას, მიმდინარეობას და შეწყვეტას. მაგალითად, სააღსრულებო წარმოების დაწყება, როგორც წესი, ხორციელდება კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის (სააღსრულებო დოკუმენტის) აღსასრულებლად წარდგენის გზით. კრედიტორს უფლება აქვს ითხოვოს სააღსრულებო მოქმედებათა გადადება. მას შეუძლია უარი თქვას გადახდევინებაზე, ითხოვოს სააღსრულებო დოკუმენტის დაბრუნება, მოვალეს შეუძლია სააღსრულებო დოკუმენტის მთლიანად ან ნაწილობრივ ნებაყოფლობით შესრულება, მხარეებს შეუძლიათ მორიგდნენ“ (იხ. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის კომენტარი, ნაწილი I; შალვა ქურდაძე, გიორგი ქურდაძე, ნინო ხუნაშვილი, ზურაბ ჭყონია; თბილისი-2018წ; გვ. 102).
36. საკასაციო სასამართლო მისსავე განმარტებას მოიხმობს, რომ იძულებითი აღსრულება კომპლექსური ღონისძიებების ერთობლიობაა და მხოლოდ ამ ღონისძიებათა გატარების შემდეგ შეიძლება დადგინდეს, რომ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია (N ას-742-2021, 2.12.2021წ.). განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნის უფლების მქონე კრედიტორი გარდაცვლილია და ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში მისი გარდაცვალებიდან -2018 წლის 27 თებერვლიდან 2023 წლის 20 ივნისის მდგომარეობით, არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი კრედიტორის შ.გ–ძის (პირადი N ......) სამემკვიდრეო საქმისწარმოების მიმდინარეობის თაობაზე. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სავსებით მართებულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მითითება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ისევე როგორც სსკ-ის 142-ე მუხლის პირველ ნაწილზე. ასევე, სრულიად კანონშესაბამისია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოცემულ საქმეში მოსარჩელის უფლებამონაცვლის- კრედიტორის შ.გ–ძის გარდაცვალება ავტომატურად ვერ გამოიწვევს საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას, რადგან უფლებამონაცვლეობა დასაშვებია საქმის წარმოების ყველა ეტაპზე, მათ შორის - აღსრულების დროსაც (იხ. წინამდებარე განჩინების 21-23 პუნქტები).
37. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლოს შეფასებით მოცემული ფაქტობრივი ვითარება არაორდინარულია იმ თვალსაზრისით, რომ უნდა შეფასდეს, თუ რა დრომდეა ვალდებული მოვალე გარდაცვლილი კრედიტორის შესაძლო უფლებამონაცვლის „გამოჩენას დაელოდოს“ და სამართლებრივად რა მექანიზმი რჩება მას, რადგან სასამართლო კონტროლის ფუნქცია სწორედ მხარეთა უფლებებისა და მოვალეობების დაბალანსებაში ვლინდება. საკასაციო სასამართლო მოცემულ შემთხვევაში არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ არც ის გარემოება ცვლის საქმის ვითარებას, რომ გარდაცვლილი კრედიტორის (მოსარჩელის უფლებამონაცვლის) მემკვიდრეობის მისაღებად ნოტარიუსისათვის არავის მიუმართავს, რადგან სსკ-ის 1421.2 მუხლის თანახმად არსებობს სამკვიდროს მიღების მეორე გზაც (სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით ან მართვით მიღება).
38. საკასაციო სასამართლოს შესაფასებელია მოცემული კონკრეტული შემთხვევა, ანუ იმ დაშვებით, რომ შესაძლოა კრედიტორის მემკვიდრეებმა ფაქტობრივი ფლობით ან მართვით მიიღეს სამკვიდრო და არ მიუმართავთ ნოტარიუსისათვის განცხადებით, რაც ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრზე მესამე პირთა (მათ შორის შესაძლო კრედიტორთა, მოვალეთა და ა.შ.) სხვა პირთა ხელმისაწვდომობასაც გულისხმობს, რამდენად შეიძლება მოვალის საწინააღმდეგოდ იქნეს გამოყენებული და მას დაევალოს, რომ ვალდებულების შესასრულებლად ეძებოს კრედიტორის სავარაუდო მემკვიდრეები. ამ ვითარების განზოგადებულად წარმოსაჩენად ისიც გასათვალისწინებელია, რომ კრედიტორის უფლებამონაცვლეებს შესაძლოა მოვალის მიმართ ჰქონდეთ მოთხოვნის უფლება, როგორც გარდაცვლილი კრედიტორის მემკვიდრეებს, თუმცა, რადგან სამემკვიდრეო მასა მოიცავს, როგორც აქტივებს, ისე პასივებს, ასევე თეორიულად დასაშვებია, რომ არ სურდეთ მემკვიდრეობის მიღება, რადგან მამკვიდრებელს სხვა პირთა წინაშე შესასრულებელი ისეთი ვალდებულებები დარჩა, რაც მის მემკვიდრეებზე გადადის და შესასრულებლად მძიმე ტვირთია.
39. საკასაციო სასამართლოს მხედველობის მიღმა არ რჩება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის ის დანაწესები, რომლებიც აღსრულების შეწყვეტისა და შეჩერების (მუხლები 34 და 36) რეგულირების ნაწილში კონკრეტული დანაწესების სახით არის კანონმდებლის მიერ დადგენილი, თუმცა, როგორც აღინიშნა, განსახილველი საქმე არ განეკუთვნება სტანდარტულ შემთხვევას, რადგან შესაფასებელია მოვალის დაცვის რა ინსტრუმენტი არსებობს, როდესაც მის წინააღმდეგ აღსასრულებელი გადაწყვეტილების კრედიტორი გარდაიცვალა, ხოლო მისი შესაძლო უფლებამონაცვლეები არ არის გამოვლენილი გარდაცვალებიდან 5 წელზე მეტი ხნის გასვლის შემდეგაც, როგორც მოცემულ კონკრეტულ საქმეზეა და საკმარისია თუ არა მოვალის მტკიცების ტვირთის ფარგლებში სამემკვიდრეო ელექტრონული რეესტრიდან წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რათა მოვალემ შეძლოს იმ თანხის გამოტანა, რომელიც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში დეპონირებული იქნა საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე. მოცემული შემთხვევა იმ თვალსაზრისითაც არის შესაფასებელი, რომ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებული მოთხოვნის - 400 აშშ დოლარის ფარგლებში, შ.გ–ძისათვის მოთხოვნის უფლების დათმობამდე, მოსარჩელე ლ.ს–ამ, როგორც კრედიტორმა, ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშიდან გაიტანა მის სასარგებლოდ მოვალე თ.მ–ის მიერ შეტანილი თანხა. სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის სააპელაციო და საკასაციო წესით გასაჩივრება წარუმატებლად დასრულდა და კრედიტორის უფლებამონაცვლემ - შ.გ–ძემ ვერ მიიღო სასურველი იურიდიული შედეგი. კრედიტორის უფლებამონაცვლე გარდაიცვალა საკასაციო სასამართლოს მიერ განჩინების მიღებიდან (2018 წლის 23 თებერვალს, რითაც დასრულდა საქმისწარმოება და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა) რამდენიმე დღეში 2018 წლის 27 თებერვალს.
40. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, გარდა მოსარჩელე ლ.ს–ას სასარგებლოდ დაკმაყოფილებული 400 აშშ დოლარისა, რომელიც ამ უკანასკნელმა გაიტანა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშიდან, ასევე მოვალეს - თ.მ–ს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 400 აშშ დოლარის 0.3 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანიდან -2016 წლის 7 მარტიდან ვალდებულების შესრულებამდე. უფლების დამთმობმა ლ.ს–ამ მოვალე თ.მ–ისადმი მოთხოვნა 3000 აშშ დოლარზე, 2016 წლის 27 ივნისს სრულად დაუთმო შ.გ–ძეს და ამ უკანასკნელმა დაიკავა კრედიტორის ადგილი სამართლებრივ ურთიერთობაში. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24.2-ე ნაწილის მიხედვით „იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებითაც გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა, გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევებისა“. როგორც უკვე აღინიშნა, კრედიტორს არ მიუმართავს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, ის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 დღეში გარდაიცვალა და არც მის სავარაუდო უფლებამონაცვლეებზე იძებნება სამემკვდრეო რეესტრში ჩანაწერი. თუ გაზიარებული იქნება მსჯელობა, რომ მოვალე უნდა „დაელოდოს“ ან „ვალდებულია მოძებნოს“, თუ ვინ მიიღო მემკვიდრეობა ფაქტობრივი ფლობით ან მართვით, დამოუკიდებელი დავის საგანი იქნება სააღსრულებო წარმოების დაწყების დღე და ამ დღიდან სააღსრულებო წარმოების დაწყების თარიღი და ამ დღიდან კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე დარიცხული სარგებელი ან/და საურავი, მისი შეწყვეტა. საკასაციო სასამართლო ამ მსჯელობის დასაბუთების მიზნით დამატებით მოიხმობს სსსკ-ის 281-ე მუხლის, რომელიც საქმის წარმოების შეჩერების ვადებს აწესრიგებს, „ა“ ქვეპუნქტს, რომლის მიხედვით, ამავე კოდექსის 279-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას, ეს არის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც კანონის მიხედვით საქმის წარმოება შეჩერდება „გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია ერთწლიანი ვადის გასვლამდე მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი (პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცვლე). თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, საქმის წარმოება შეწყდება. მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს ერთწლიანი ვადა არა უმეტეს 6 თვით“.
41. „უფლებამონაცვლეობა მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობებში ანუ სადავო უფლების გადასვლა ერთი პირიდან მეორეზე (მაგალითად, მემკვიდრეობის გახსნის დროს) არის საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველი, მაგრამ არა მისი სავალდებულო შედეგი. ეს იმას ნიშნავს, რომ უფლებამონაცვლის მიერ მისი წინამორბედის ადგილის დაკავება სამოქალაქო პროცესში დამოკიდებულია თვით უფლებამონაცვლის ნებაზე: დაიკავოს თუ არა საქმიდან გასული მოსარჩელის ადგილი პროცესში-ეს მთლიანად დამოკიდებულია ამ გასული მოსარჩელის უფლებამონაცვლის ნება-სურვილზე. ამ მხრივ განსხვავებული მდგომარეობა უჭირავს მოპასუხის უფლებამონაცვლეს, რომელიც უნდა ჩაებას პროცესში, თუ ამას მოსარჩელე ან მისი უფლებამონაცვლე მოითხოვს“ (იხ. თენგიზ ლილუაშვილი, ვალერი ხრუსტალი-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი; გვ.469-470; თბილისი, 2004წ.).
42. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოვალემ საკმარისი მტკიცებულებები წარადგინა, საკუთარი საჩივრის მოთხოვნის დასასაბუთებლად და შეასრულა მტკიცების ის კანონისმიერი და გონივრული ტვირთი, რაც შექმნილ კონკრეტულ ვითარებას უკავშირდება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხე თ.მ–ის წარმომადგენლის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განჩინება, რომლითაც მოპასუხე (მოვალე) თ.მ–ის წარმომადგენლის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ასევე, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განჩინების უცვლელად დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი განჩინება. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება: „თ.მ–ის მიერ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი 3000 აშშ დოლარი (სს „ბ.რ–ა“ ცენტრალურის ს/ც N 17 (დიღომი), ბანკის კოდი: REPLGE22, ანგარიშის N GE74BR0000000033150001USD, სალაროს შემოსავლის ორდერი 12840404, გადახდის თარიღი 24.03.2017), დარჩეს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე...“. სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან თ.მ–ს (პირადი N .....) დაუბრუნდეს 3000 (სამი ათასი) აშშ დოლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 191-ე, 194-ე, 197-ე, 1971-ე, 199-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.მ–ის წარმომადგენლის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განჩინება, რომლითაც მოპასუხე თ.მ–ის წარმომადგენლის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განჩინების უცვლელად დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი განჩინება.
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება: „თ.მ–ის მიერ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი 3000 აშშ დოლარი (სს „ბ.რ–ა“ ცენტრალურის ს/ც N 17 (დიღომი), ბანკის კოდი: REPLGE22, ანგარიშის N GE74BR0000000033150001USD, სალაროს შემოსავლის ორდერი 12840404, გადახდის თარიღი 24.03.2017), დარჩეს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე...“.
4. სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან თ.მ–ს (პირადი N .....) დაუბრუნდეს 3000 (სამი ათასი) აშშ დოლარი.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
მ. ერემაძე