საქმე №ას-1480-2019 11 სექტემბერი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ–ა“, მ.ჟ–ა, ააიპ საქართველოს ფ-ს.კ. „დ“ (მოსარჩელეები)
მესამე პირები – სსიპ შემოსავლების სამსახური, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – იურიდიული პირის ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფ საწარმოდ სამეწარმეო რეესტრში აღდგენა (ფაქტის დადგენა)
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება (სარჩელის უარყოფა)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ბ–ა ?“-ის, ააიპ საქართველოს ფ-ს.კ. „დ“-სა და მ.ჟ–ას სარჩელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ, იურიდიული პირის არსებობის ფაქტის დადგენისა და იურიდიული პირის რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. დავაში მონაწილეობდნენ მესამე პირები - სსიპ შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივლისის განჩინებით შპს „ბ–ა ?“-ის, ააიპ საქართველოს ფ-ს.კ. „დ“-სა და მ.ჟ–ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. თბილისის მერიამ, 1992 წლის 21 ოქტომბერს, დაარეგისტრირა შპს ს.კ. "თ.დ–ო" სარეგისტრაციო ნომრით 1279. წესდების თანახმად, საწარმოს დამფუძნებლები იყვნენ რესპუბლიკური ფ - ს.კ. "დ", შპს "ბ–ა ?" და მ.ჟ–ა;
3.2. საფეხბურთო კლუბი, სახელწოდებით „თ.დ–ო“, მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში 1996-2001 წლებში, ამავე წლებში იგი ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული ოთხჯერ გახდა, ასევე, უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებში ყოველწლიურად მონაწილეობდა (იხ. სარჩელი ტ.1, ს.ფ. 1-21, ასევე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 25.10.2014 წ. წერილი, ს.ფ. 224);
3.3. ს.კ. რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურში საიდენტიფიკაციო კოდით ....., მას მინიჭებული აქვს მოქმედი გადამხდელის სტატუსი. საფეხბურთო კლუბის სამართლებრივ ფორმად მითითებულია - სხვა, საგადასახადო რეგისტრაციისა და საიდენტიფიკაციო კოდის მინიჭების თარიღად 01/01/1997, მოდიფიკაცია - აქტიური (იხ. ტ.1, ს.ფ. 227). შემოსავლების სამსახურში საფეხბურთო კლუბის მოდიფიკაციად „აქტიური“ და გადამხდელის სტატუსად „მოქმედი“ განსაზღვრა იმითაა განპირობებული, რომ კლუბს აქვს საგადასახადო ვალდებულებები;
3.4. პარტნიორთა კრების 2013 წლის 11 ნოემბრის ოქმით დამტკიცდა შპს "ს.კ. თ.დ–ოს" წესდების ახალი რედაქცია. საფეხბურთო კლუბის დამფუძნებელმა შპს-ამ, ააიპ-მა და ფიზიკური პირის წარმომადგენელმა, 2013 წლის 12 ნოემბერს, სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით მიმართეს საჯარო რეესტრის სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურს და მოითხოვეს მეწარმეთა და არამესწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში (შემდეგში სამეწარმეო რეესტრი) შპს-ისა და მისი ახალი წესდების რეგისტრაცია;
3.5. სამეწარმეო რეესტრმა განმცხადებელთა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
3.5.1. შპს (ს/კ .......) ს/ნ-ით 1279 რეგისტრირებულია ქ. თბილისის მერიის დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ 1992 წლის 21 ოქტომბერს. მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდეგში მეწარმეთა კანონი ან სპეციალური კანონი), რომელიც ამოქმედდა 1995 წლის 1 მარტს. საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის N578 დადგენილების (შემდეგში პარლამენტის N578 დადგენილება) შესაბამისად, ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე კერძო (სამოქალაქო) სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები, მეწარმეთა კანონის მოთხოვნების შესაბამისად, დაექვემდებარა ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის 1 იანვრამდე;
3.5.2. ამავე დადგენილებით განისაზღვრა ხელახალი რეგისტრაციისათვის გათვალისწინებულ ვადაში რეგისტრაციის გაუვლელობის სამართლებრივი შედეგები, რომლის შესაბამისადაც, მოცემულ შემთხვევაში მოქმედებს მეწარმეთა შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის 5.8 მუხლით გათვალისწინებული წესები - "თუ საწარმო რეგისტრირებულია, მაგრამ იგი არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს ან ეს პირობები მოგვიანებით ისპობა, რეგისტრაცია უქმდება, თუკი ეს ხარვეზი სამი თვის ვადაში არ იქნება გამოსწორებული. რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს აგრეთვე საზოგადოების ნებისმიერი პარტნიორის ან ნებისმიერი მესამე პირის სარჩელის საფუძველზე";
3.5.3. პარლამენტის №578-ე დადგენილებით, ზემოთ მითითებული სამართლებრივი შედეგის დადგომის დამოუკიდებელ, ინდივიდუალურ საფუძვლად განისაზღვრა ხელახალი რეგისტრაციისათვის ამავე დადგენილებით გათვალისწინებული ვადის უშედეგოდ გაშვება. აქედან გამომდინარე, რადგან არ დასტურდებოდა საწარმოს (ს/კ ......) მიერ ხელახალი რეგისტრაციის გავლის ფაქტი, მისი რეგისტრაცია, კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე ითვლებოდა გაუქმებულად;
3.6. სამეწარმეო რეესტრში არ არის დაცული საფეხბურთო კლუბის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, არ დგინდება მისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისა და ხელახალი რეგისტრაციის ფაქტი. შემოსავლების სამსახურის საარქივო სამმართველოში ამავე საფეხბურთო კლუბის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების ამსახველი ჩანაწერის ასლი არ არის დაცული. 1992 წლის 21 ოქტომბერს დაფუძნებული ს.კ. „მეწარმეთა კანონის“ მოთხოვნის შესაბამისად, ექვემდებარებოდა ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის 1 სექტემბრამდე და ამ ვადაში მას ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია. შესაბამისად, მითითებული საფეხბურთო კლუბის რეგისტრაცია, კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ითვლება გაუქმებულად. ს.კ. გაუქმდა, მაგრამ საწარმო გადავიდა ლიკვიდაციის რეჟიმში, რაც დასტურდება შპს-ის ტურნირებში მონაწილეობით და მისი ფინანსთა სამინისტროში მოქმედი გადამხდელის სტატუსით რეგისტრირებით, ხოლო დამფუძნებლებმა (იხ. ამ გადაწყვეტილების 3.1 ქვეპუნქტი) 2013 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით შეწყვიტეს ლიკვიდაციის რეჟიმი და აქტიურ სუბიექტად აქციეს შპს (იხ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები - პ.3.2.5, ტ.1, ს.ფ. 251);
3.7. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2002 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით იმსჯელა ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ დამფუძნებელთაგან შპს-ის დირექტორის განცხადებაზე საფეხბურთო კლუბის ხელახალი რეგისტრაციის შესახებ და განმარტა: "საწარმოთა ხელახალი რეგისტრაციის ვადის ამოწურვა ნიშნავდა ხელახალი რეგისტრაციის განხორციელების შეუძლებლობას და რეგისტრაციის გაუქმების დადგომას. როდესაც სახელმწიფო ორგანო, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი ადგენდა საწარმოთა ხელახალი რეგისტრაციის ვადას, არ შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ აღნიშნულ ვადას მნიშვნელობა არ ჰქონდა და საწარმოთა ხელახალი რეგისტრაცია შეიძლება განხორციელებულიყო ამ ვადის გასვლის შემდეგაც. კანონმდებლის მიერ რეგისტრაციისა და ხელახალი რეგისტრაციის წესის განსაზღვრა დაკავშირებული იყო საზოგადოებრივი, სახელმწიფო და თითოეული მოქალაქის ინტერესთან. მისი მიზანი არის, აღკვეთოს საწარმოს შექმნისას არსებული ნებისმიერი კანონის დარღვევა, ხელი შეუწყოს საგადასახადო სისტემის ეფექტურ მუშაობას, დაიცვას სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა";
3.8. საფეხბურთო კლუბის სამმა დამფუძნებელმა - შპს-ამ, ააიპ-მა და ფიზიკურმა პირმა 2014 წლის 7 ივლისს აღიარებითი სარჩელი აღძრეს სასამართლოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ, იურიდიული პირის არსებობის ფაქტის დადგენისა და იურიდიული პირის რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნით. მოსარჩელემ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 24-ე, 25.4-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 180-ე, მე-80.3 მუხლები;
3.9. მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების გამომრიცხავი შესაგებელი წარადგინა, მიუთითა მეწარმეთა კანონზე, პარლამენტის N578 დადგენილებაზე, სუსგ-ზე N 3კ/661-02 და საწარმოს მიერ სავალდებულო ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობის გამო, კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგებზე (იხ. შესაგებელი, ტ.1., ს.ფ. 129-138);
3.10. „მეწარმეთა კანონში“ 2009 წლის 3 ნოემბერს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, 2010 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა სამეწარმეო რეესტრისა და კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრისა და მასთან დაცული შესაბამისი მონაცემების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემის უზრუნველყოფა;
3.11. ს.კ. (ს/კ ......) რეგისტრირებულია ქ. თბილისის მერიის დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ 1992 წლის 21 ოქტომბერს (რეგისტრაციის ნომერი N1279). სუბიექტის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია (მათ შორის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურში არ არის დაცული. შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის (საფეხბურთო კლუბის 1992 წლის წესდება) საფუძველზე არ დგინდება ზემოაღნიშნული სუბიექტისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისა და ხელახალი რეგისტრაციის ფაქტი;
3.12. 1992 წლის 21 ოქტომბერს დაფუძნებული ს.კ. (სარეგისტრაციო ნომრით 1279, საიდენტიფიკაციო კოდით .....) „მეწარმეთა კანონის“ მოთხოვნის შესაბამისად ექვემდებარებოდა ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის 1 სექტემბრამდე და ამ ვადაში მას ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია. შესაბამისად, საფეხბურთო კლუბის რეგისტრაცია, კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ითვლებოდა გაუქმებულად.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მარტის განჩინებით (საქმე N ას-1015-958) შპს „ბ–ა ?“-ის, ააიპ საქართველოს ფ-ს.კ. „დ“-სა და მ.ჟ–ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის ხელახლა განსახილველად.
4.1. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ რეგიტრაციასავალდებულო ფაქტებს განეკუთვნება, როგორც საწარმოს დაფუძნება, ისე მისი გაუქმება; კორპორაციულად ორგანიზებული კაპიტალური საზოგადოებები, რომელთაგან კასატორი, შპს-ის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით, დარეგისტრირდა 1992 წელს, ხელახალ რეგისტრაციას ექვემდებარებოდა მეწარმეთა კანონის ამოქმედებიდან (1995 წლის 1 მარტი) 1996 წლის 1 იანვრამდე, N 578-ე დადგენილების საფუძველზე. დადგენილების მე-2 და მე-3 პუნქტის შეუსრულებლობის, ანუ ხელახალი რეგისტრაციის 1996 წლის 1 იანვრამდე გაუვლელობის შემთხვევაში, გამოიყენებოდა მეწარმეთა კანონის 5.8 მუხლით (1996 წლის რედაქციით) მოქმედი წესები. მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი ეხებოდა საწარმოს მიერ ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში, მეწარმეთა კანონის 5.8-ე მუხლის გამოყენების საფუძველზე იმის განმარტებას, რომ იურიდიული პირის გაუქმება იმას ნიშნავს, რომ საწარმო აღარ არსებობს სამოქალაქო ბრუნვაში, როგორც სუბიექტი, თუ გაუქმების შემდეგ, ჯერ კიდევ არსებობს იურიდიული პირი, რადგან იგი არ ამოშლილა სამეწარმეო რეესტრიდან;
4.2. აღნიშნულ გარემოებებზე მსჯელობისას, საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ სადავო გარემოებაზე, რომ საფეხბურთო კლუბი გაუქმდა, მაგრამ საწარმო გადავიდა ლიკვიდაციის რეჟიმში (იხ. ტ.1, ს.ფ. 251, 3.2.5 ქვეპუნქტი) და სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაზე, რომ იურიდიული პირის, რომელმაც ხელახალი რეგისტრაცია არ გაიარა, რეგისტრაცია გაუქმებულია /ამჟამად არ არის რეგისტრირებული/ (იხ. ტ.2, ს.ფ. 90, მეოთხე აბზაცი); შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დასადგენია ფაქტი, ობიექტურად ირიცხება თუ არა სამეწარმეო რეესტრში საფეხბურთო კლუბი ლიკვიდაციის რეჟიმში, თუ ამოშლილია იგი რეესტრიდან, ანუ კონსტიტუციური ნიშანი, რომელიც საწარმოს იურიდიული არსებობის შეწყვეტას უკავშირდება აღრიცხულია რეესტრში. საკასაციო სასამართლოს სასმართლებრივი მითითების მიხედვით, აღნიშნული საკითხის დამატებით გამოკვლევას მნიშვნელობა აქვს, რადგან სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობის შემდეგ, საწარმოს მონაწილეობა ტურნირებში და მოსარჩელის მიერ მითითებული სხვა გარემოებები, ეხებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2002 წლის გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდს და ამჟამად ვერ გახდებოდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, თუმცა, დასადგენია, რა სტატუსით მონაწილეობდა საფეხბურთო კლუბი, თუკი იგი ხელახალი რეგისტრაციის შემდეგ უკვე გაუქმდა. აღნიშნული საკითხი კასატორის იმ პრეტენზიის საპასუხოდაც არის დამატებით გამოსაკვლევი, რომელიც მითითებულია საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის განჩინების 38.1 ქვეპუნქტში, კერძოდ: „სუბიექტი არ ამოშლილა რეესტრიდან, ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობა, არ ნიშნავს საწარმოს ავტომატურ გაქრობას სამართლებრივი სივრციდან, 1996-2001 წლებში საფეხბურთო კლუბი მონაწილეობდა საერთაშორიო ტურნირებსა და ჩემპიონატებში, კომპენსაციას იღებდა უეფა-დან; კასატორის იურიდიული ინტერესია სამეწარმეო რეესტრში იურიდიული პირის აღდგენა, რათა ქმედუნარიანი გახდეს საწარმო, შეასრულოს მესამე პირთა წინაშე ვალდებულებები, თუკი ასეთი არსებობს. საწარმოს ხელახალ რეგისტრაციას ხელი შეუშალეს იმხანად მოქმედმა პოლიტიკურმა პირებმა, კერძოდ, 10 %-იანმა პარტნიორმა. აღიარებითი სარჩელი არის ერთადერთი სამართლებრივი გზა, რომლითაც საწარმო განახორციელებს მესამე პირთა წინაშე მოთხოვნებს და თავს დაიცავს ვალდებულებებისაგან, როგორც სუბიექტი; დასადგენია 1996 წლიდან გაქრა სამართლებრივი სივრციდან საწარმო თუ 2002 წელს უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან“.
4.3. საკასაციო სასამართლოს მითითებით დამატებით კვლევას საჭიროებდა საფეხბურთო კლუბის გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ფაქტთან დაკავშირებული საკითხი, რადგან საგადასახადო კოდექსის (საქმის განხილვის დროს მოქმედი რედაქციით, რადგან კასატორი აქტიური გადამხდელის სტატუსით ირიცხება) მე-20 მუხლით გადასახადის გადამხდელად მიიჩნევა პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება, ხოლო 21-ე მუხლით, რომელზეც საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, ზეპირი მოსმენით დანიშნულ სხდომაზე, მესამე პირმაც გაამახვილა ყურადღება, განსაზღვრულია საწარმოს ცნება. დასახელებული ნორმის პირველი ნაწილით, „საწარმოდ ითვლება შემდეგი წარმონაქმნები, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ან შექმნილი არიან ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირები; ბ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი კორპორაციები, კომპანიები, ფირმები და სხვა მსგავსი წარმონაქმნები, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა იურიდიული პირის სტატუსი, აგრეთვე უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება; გ) გაერთიანებები, ამხანაგობები და სხვა მსგავსი წარმონაქმნები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით“. საკასაციო სასამართლომ თავის განჩინებაში მიუთითა, რომ დაუდგენელია და დამატებით კვლევას საჭიროებს საკითხი იმის თაობაზე, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ 05.07.2002წ. გადაწყვეტილების მიღების დროისათვის, საფეხბურთო კლუბს, როგორც შპს-ას ანუ კაპიტალურ საზოგადოებას, ჯერ კიდევ ჰქონდა დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტისადმი და დღემდე ერიცხება იგი. დღეს რა სტატუსით სარგებლობს საფეხბურთო კლუბი, მის მიერ ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობა, როგორც იურიდიული პირის გაუქმება, ნიშნავს თუ არა იმას, რომ დღეს იგი განიხილება, როგორც წარმონაქმნი, რომელსაც არ აქვს იურიდიული პირის სტატუსი და ასეთ წარმონაქმნად მისაჩნევად, რა სამართლებრივი საფუძველი არსებობს, ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობა აუქმებს იურიდიულ პირს, როგორც სამართლის სუბიექტს, თუ გადააქცევს მას წარმონაქმნად, რომელიც არ არის იურიდიული პირი, მაგრამ საგადასახადო ვალდებულებები აქვს. აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია, რათა დადგინდეს, მესამე პირთა წინაშე არსებული ვალდებულებებისა თუ მოთხოვნების გამო, რა სახის სუბიექტად შეძლებს მონაწილეობას ურთიერთობებში საფეხბურთო კლუბი, თუ იგი აღარ არსებობს სამოქალაქო ბრუნვაში;
4.4. საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლის მეორე ნაწილით (საკასაციო სასამართლოს განჩინების მიღების დროისათვის მოქმედი რედაქციით, ანუ 27.05.2016 N5144 ცვლილებამდე, რადგან ამჟამად არსებულ დავალიანებას ეხება საკითხი): „გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო რეგისტრაციას (აღრიცხვას), გარდა იმ პირებისა, რომელთა რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო), ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით“. ცხადია, გადასახადის გადახდა საჯარო მართლწესრიგის საკითხია, მაგრამ განსახილველ დავაში საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ სააპელაციო სასამართლო მესამე პირის - შემოსავლების სამსახურის განმარტებაზე უთითებს და აღნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაედასტურებინა, რამდენად სწორად იყო მითითებული საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების თარიღი საფეხბურთო კლუბისათვის, რადგან საარქივო სამმართველოში არ იყო დაცული ინფორმაცია პირის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. აღნიშნულის თაობაზე, საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ მარეგისტრირებელი ორგანოების ვალდებულება, უზრუნველჰყონ რეგისტრირებული მონაცემების შენახვა, მონაცემთა სისწორის სადავოობის შემთხვევაში, არ შეიძლება გახდეს რეგისტრირებული პირის მტკიცების ტვირთი, რამდენად სწორად და რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა მისი რეგისტრაცია, რა საფუძველზე მიენიჭა საიდენტიფიკაციო ნომერი და სხვ. მით უფრო, რომ ამგვარი ვალდებულება კანონითაა დადგენილი;
4.5. საწარმოთა ხელახალი რეგისტრაციის სამართლებრივ ბუნებაზე მსჯელობას ასახავს სააპელაციო სასამართლო თავის განჩინებაში და, სსსკ-ის მე-10 მუხლის საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, სუსგ-ზე N 3კ/661-02, 05.07.02წ., როგორც ე.წ. მყარ პრეზუმფციათა კატეგორიაზე უთითებს. ცხადია, დასაბუთებულია მასში ასახული მსჯელობა, რომ საწარმოთა ხელახალი რეგისტრაციის ვადას კონკრეტული მნიშვნელობა და სამართლებრივი შედეგები დაუკავშირა კანონმდებელმა. მოხმობილ გადაწყვეტილებაში, მასშივე მითითებული მიზნიდან გამომდინარე, ისევე, როგორც პარლამენტის N 578-ე დადგენილებაში არ არის ასახული, ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობა, როგორც გაუქმება, რა ფორმით უნდა ასახულიყო მესამე პირთათვის, რომლებიც დაცული უნდა ყოფილიყვნენ სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო ბრუნვაში. სსკ-ის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი და სსსკ-ის მე-80 მუხლის მე-3 პუნქტი განამტკიცებს რეგისტრაციის კონსტიტუციურ მნიშვნელობას;
4.6. ანალოგიურ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია: „საქართველოს პარლამენტის 1996 წ. 28 ივნისის დადგენილების შესაბამისად, 1995წ. 1 მარტამდე კერძო სამოქალაქო სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები დაექვემდებარა 1996წ. 31 დეკემბრამდე ხელახალ რეგისტრაციას. კანონის შესაბამისად, ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენებოდა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 5.8 მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ე.ი. რეგისტრაცია ჩაითვლებოდა გაუქმებულად. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, 1996 წ. 30 აგვისტოს განხორციელდა შპს „შ.-ს“ ხელახალი რეგისტრაცია, მაგრამ იგი გაუქმდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1996 წ. 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, რომელიც არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია. აქედან გამომდინარე, ასევე უდავოდაა დადგენილი, რომ შპს „შ-ს“ ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია, იგი, როგორც იურიდიული პირი, 1996 წ. 31 დეკემბრიდან არ ფუნქციონირებს ანუ მისი რეგისტრაცია გაუქმებულია. რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია, დანიშნოს ლიკვიდატორები და დაიწყოს სალიკვიდაციო პროცესი. ამ პროცესში უნდა დადგინდეს საზოგადოების კრედიტორები, საზოგადოების დარჩენილი ქონება უნდა გამოიხატოს ფულად თანხაში. კანონით დადგენილი წესის შესაბამისად(სკ-ის 387-ე მუხლი), უნდა დაკმაყოფილდნენ კრედიტორები, ხოლო დარჩენილი ქონება განაწილდეს საზოგადოების ყოფილ პარტნიორებსა და გარდაცვლილი პარტნიორის მემკვიდრეზე საზოგადოებაში მათი წილი შესაბამისად“ (სუსგ N ას- 768-1393-03, 19.05.2004წ.). საკასაციო სასამართლოს დასახელებული პრეცედენტი სწორედ იმ პოზიციას განამტკიცებს, რომ კანონით დადგენილი წესით ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობა, რაც საწარმოს გაუქმების სამართლებრივი შედეგის გამომწვევია, სალიკვიდაციო პროცედურების დაწყების მაუწყებელია. მოცემულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია, რომ ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობა საწარმოს, როგორც უფლებაუნარიანი და ქმედუნარიანი სუბიექტის სხვა სამართლებრივ რეჟიმში - სალიკვიდაციო პროცესში გადასვლას ნიშნავს.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,,ბ–ა 92’’-ის, მ.ჟ–ას, სსიპ საქართველოს ფ-ს.კ. ,,დ–ს’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს ,,ბ–ა ?’’-ის, მ.ჟ–ას, სსიპ საქართველოს ფ-ს.კ. ,,დ–ს’’ დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა; 1992 წლის 21 ოქტომბერს დაფუძნებული შპს ს.კ. ,,თ.დ–ო’’ აღიარებული იქნა ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფ მოქმედ იურიდიულ პირად.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა შემდეგი სამართლებრივი საკითხები:
6.1. თბილისის მერიამ, 1992 წლის 21 ოქტომბერს, დაარეგისტრირა შპს ს.კ. "თ.დ–ო" სარეგისტრაციო ნომრით 1279. წესდების თანახმად, საწარმოს დამფუძნებლები იყვნენ რესპუბლიკური ფ-ს.კ. "დ", შპს "ბ–ა ?" და მ.ჟ–ა (ტ. 1; ს.ფ. 22-32 - შპს ს.კ. "თ.დ–ოს" 1992 წლის წესდება);
6.2. 1994 წლის 28 ოქტომბერს მიღებულ იქნა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც ახლებურად განისაზღვრა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის წესი და პირობები. კანონი ამოქმედდა 1995 წლის 1 მარტს. საქართველოს პარლამენტის 28.10.1994 წლის N 578 დადგენილების შესაბამისად, ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე კერძო (სამოქალაქო) სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები დაექვემდებარენ ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის 1 იანვრამდე. ამავე დადგენილებით განისაზღვრა ხელახალი რეგისტრაციისათვის გათვალისწინებულ ვადაში რეგისტრაციის გაუვლელობის სამართლებრივი შედეგები, რომლის შესაბამისადაც ამოქმედდებოდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის 5.8 მუხლით გათვალისწინებული წესები, რაც რეგისტრაციის გაუქმებას ნიშნავდა. კერძოდ, აღნიშნული ნორმა ადგენდა ქცევის შემდეგ წესს: თუ საწარმო რეგისტრირებულია, მაგრამ იგი არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს, ან ეს პირობები მოგვიანებით ისპობა, რეგისტრაცია უქმდება, თუკი ეს ხარვეზი სამი თვის ვადაში არ იქნება გამოსწორებული. რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს აგრეთვე საზოგადოების ნებისმიერი პარტნიორის ან ნებისმიერი მესამე პირის მიერ სარჩელის საფუძველზე;
6.3. ნორმატიულად განსაზღვრულ ვადაში შპს საფეხბურთო კლუბ "თ.დ–ოს" ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია;
6.4. შპს ს.კ. "თ.დ–ოს" ერთ-ერთი პარტნიორის - შპს „ბ–ა ?“-ის დირექტორმა მ. რ–მა 2001 წლის ივლისში მიმართა სასამართლოს სამეწარმეო რეესტრში შპს ს.კ. „თ.დ–ოს“ რეგისტრაციის მოთხოვნით. 26.07.2001 წლის გადაწყვეტილებით მოთხოვნა ხელახალი რეგისტრაციის შესახებ არ დაკმაყოფილდა;
6.5. სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პარტნიორმა შპს „ბ–ა ?“-მა;
6.6. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა 18.04.2002 წლის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „ბ–ა ?“-ის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 26.07.2001 წლის გადაწყვეტილება და განცხადება რეგისტრაციის მიზნით დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ტ. 1., ს.ფ.44,45);
6.7. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა 18.04.2002 წლის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა უკვე ფ-ს. კ. „დ–მ“ და მოითხოვა საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საწარმოს ხელახალ რეგისტრაციაზე უარის თქმა;
6.8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.07.2002 წლის გადაწყვეტილებით ფ-ს.კ. „დ–ს“ წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა 18.04.2002 წლის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს „ბ–ა ?“-ის დირექტორის განცხადება შპს ს.კ.„თ.დ–ოს“ ხელახალ რეგისტრაციაზე არ დაკმაყოფილდა (ტ. 1, ს.ფ.196-202);
6.9. ს.კ. „თ.დ–ო“, მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში 1996-2001 წლებში, ამავე წლებში იგი ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული ოთხჯერ გახდა, ასევე, უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებში მონაწილეობდა ყოველწლიურად (ტ. 1; ს.ფ. 224 - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 25.10.2014წ. წერილი);
6.10. ს.კ. რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურში საიდენტიფიკაციო კოდით N....., მას მინიჭებული აქვს მოქმედი გადამხდელის სტატუსი. საფეხბურთო კლუბის სამართლებრივ ფორმად მითითებულია - სხვა, საგადასახადო რეგისტრაციისა და საიდენტიფიკაციო კოდის მინიჭების თარიღად 01/01/1997, მოდიფიკაცია - აქტიური (ტ. 1; ს.ფ.227 - ინფორმაცია საგადასახადო რეგისტაციის შესახებ);
6.11. შემოსავლების სამსახურში საფეხბურთო კლუბის მოდიფიკაციად „აქტიური“ და გადამხდელის სტატუსად „მოქმედი“ განსაზღვრა იმით იყო განპირობებული, რომ კლუბს გააჩნდა საგადასახადო ვალდებულებები (ტ. 1; ს.ფ. 64-65 - შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია);
6.12. 2019 წლის 7 ივლისის შედარების აქტის თანახმად, საფეხბურთო კლუბს საგადასახადო დავალიანება არ ერიცხებოდა. არსებული დავალიანება ჩამოწერილი იქნა როგორც 2005 წლის 1 იანვრის მდგომარეობით აღიარებული და შეუსრულებელი ვალდებულება (იხ. ტ. 2, 19.07.2019წ ოქმი დანართით);
6.13. პარტნიორთა კრების 2013 წლის 11 ნოემბრის ოქმით დამტკიცდა შპს ს.კ. „თ.დ–ოს" წესდების ახალი რედაქცია. საფეხბურთო კლუბის დამფუძნებლებმა, 2013 წლის 12 ნოემბერს, სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით მიმართეს საჯარო რეესტრის სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურს და მოითხოვეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შპს-ისა და მისი ახალი წესდების რეგისტრაცია (ტ. 1; ს.ფ. 46 - პარტნიორთა კრების ოქმი; ს.ფ. 33 - წესდება; ს.ფ. 82 - ერთობლივი განცხადება);
6.14. სამეწარმეო რეესტრმა განმცხადებელთა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. საფუძვლად მიუთითა 1994 წლის 28 ოქტომბერს მიღებული „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის N578 დადგენილებით ხელახალი რეგისტრაციისათვის დადგენილი ვადის უშედეგოდ გაშვება;
6.15. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურში დაცული არ არის შპს ს.კ. "თ.დ–ოს" სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, არ დგინდება მისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების და ხელახალი რეგისტრაციის ფაქტი (ტ. 1; ს.ფ. 98 - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 19 ნოემბრის პასუხი);
6.16. შპს ს.კ. "თ.დ–ოს" სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების ამსახველი ჩანაწერის ასლი, ასევე არ არის დაცული შემოსავლების სამსახურის საარქივო სამმართველოში (ტ. 1; ს.ფ. 156 - შემოსავლების სამსახურის პასუხი);
6.17. თავდაპირველად, წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელეები მოითხოვდნენ: 1) დადგენილი (აღიარებული) იქნეს, რომ 1992 წლის 21 ოქტომბერს დაფუძნებული შპს ს.კ. "თ.დ–ო" (სარეგისტრაციო ნომრით 1279, საიდენტიფიკაციო კოდით .....) წარმოადგენს მოქმედ იურიდიულ პირს და სამეწარმეო სუბიექტს; 2) 1992 წლის 21 ოქტომბერს დაფუძნებული შპს ს.კ. "თ.დ–ო" (სარეგისტრაციო ნომრით 1279, საიდენტიფიკაციო კოდით ........) აღდგენილი იქნეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში;
6.18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.01.2017 წლის სხდომაზე, მოსარჩელე მხარემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და, საბოლოოდ მოითხოვა: 1992 წლის 21 ოქტომბერს დაფუძნებული შპს ს.კ. ,,თ.დ–ო’’ აღიარებული იქნეს ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფ მოქმედ იურიდიულ პირად. აღინიშნა, რომ აღიარების შემდეგ დამფუძნებლები ხელახლა გაივლიან ლიკვიდაციის პროცესის დასრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს და თავიდან მიმართავენ სამეწარმეო რეესტრს, ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით;
6.19. სააპელაციო სასამართლოს კვლევის საგანი იყო საკითხი იმის თაობაზე, საწარმოს მიერ ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობის პირობებში, მეწარმეთა კანონის 5.8 მუხლის საფუძველზე, იურიდიული პირის გაუქმება ნიშნავს თუ არა იმას, რომ საწარმო აღარ არსებობს სამოქალაქო ბრუნვაში, როგორც სუბიექტი, თუ გაუქმების შემდეგ, ჯერ კიდევ არსებობს იურიდიული პირი, რადგან იგი არ ამოშლილა სამეწარმეო რეესტრიდან;
6.20. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსკ-ის 25.4-ე მუხლის თანახმად, იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მისი რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება მისი ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის რეგისტრაციის მომენტიდან. სსსკ-ის მე-80 მუხლი განსაზღვრავს რა საპროცესო უფლებაუნარიანობის ცნებას, პირდაპირ ადგენს, რომ იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა რეგისტრაციის მომენტიდან და შეწყდება მისი ლიკვიდაციის რეგისტრაციის მომენტიდან (შდრ. მე-80.3 მუხლი). ამდენად, კანონმდებელი ცალსახად ადგენს, რომ იურიდიული პირის უფლებაუნარიანობის შეწყვეტა ხდება იურიდიული პირის ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. აღნიშნული კი გულისხმობს სწორედ იმას, რომ იურიდიულ პირს უფლებაუნარიანობა გააჩნია და იგი, როგორც სამეწარმეო სუბიექტი არსებობს იქამდე, ვიდრე არ მოხდება მისი გაუქმების რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში (ანუ ამოშლა სამეწარმეო რეესტრიდან);
6.21. საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება და ამოშლა რეესტრიდან საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. იგი გულისხმობს სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყებას, ლიკვიდატორების დანიშვნას და სხვა. გაუქმებაში არ იგულისხმება სამეწარმეო სუბიექტის არსებობის სრული მოსპობა, მისი გაქრობა სამართლებრივი სივრციდან, არამედ საზოგადოების გაუქმებიდან მის სრულ მოსპობამდე არის დროის მონაკვეთი, რომლის დროსაც ხორციელდება საზოგადოების საქმეების დამთავრება, საზოგადოების მიერ კრედიტორული თუ დებიტორული მოთხოვნების განხორციელება. იმისათვის, რომ გაუქმებული საზოგადოება მივიდეს თავისი არსებობის საბოლოო შეწყვეტამდე, უნდა განხორციელდეს მისი სალიკვიდაციო წარმოება. ანუ, დროის მიხედვით, საზოგადოების არსებობის სრული დამთავრება ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც განხორციელებულია ლიკვიდაცია და დამთავრებულია საწარმოს რეალიზებადი ქონების დანაწილება. შესაბამისად, გაუქმება დროის მიხედვით ყოველთვის წინ უსწრებს არსებობის დამთავრებას;
6.22. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რეგიტრაციასავალდებულო ფაქტებს განეკუთვნება, როგორც საწარმოს დაფუძნება, ისე მისი გაუქმება. კორპორაციულად ორგანიზებული კაპიტალური საზოგადოებები, რომელთაგან აპელანტი, შპს-ის ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმით, დარეგისტრირდა 1992 წელს, ხელახალ რეგისტრაციას ექვემდებარებოდა მეწარმეთა კანონის ამოქმედებიდან (1995 წლის 1 მარტი) 1996 წლის 1 იანვრამდე, N578-ე დადგენილების საფუძველზე. დადგენილების მე-2 და მე-3 პუნქტის შეუსრულებლობის, ანუ ხელახალი რეგისტრაციის 1996 წლის 1 იანვრამდე გაუვლელობის შემთხვევაში, გამოიყენებოდა მეწარმეთა კანონის 5.8. მუხლით (1996 წლის რედაქციით) დადგენილი წესები, ანუ რეგისტრაცია გაუქმებულად ცხადდებოდა;
6.23. ამ კუთხით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ს.კ. გაუქმდა, მაგრამ საწარმო გადავიდა ლიკვიდაციის რეჟიმში. შესაბამისად, დასადგენია ფაქტი, ირიცხება თუ არა სამეწარმეო რეესტრში ს.კ. ლიკვიდაციის რეჟიმში, თუ ამოშლილია იგი რეესტრიდან, ანუ კონსტიტუციური ნიშანი, რომელიც საწარმოს იურიდიული არსებობის შეწყვეტას უკავშირდება აღრიცხულია რეესტრში;
6.24. დადგენილია, რომ ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობის შემდეგ, რაც გახდა რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი, საფეხბურთო კლუბი, სახელწოდებით „თ.დ–ო“, მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში 1996-2001 წლებში, ამავე წლებში იგი ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული იყო ოთხჯერ, ასევე, უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებში მონაწილეობდა ყოველწლიურად (ტ.1; ს.ფ. 224 - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 25.10.2014წ. წერილი). აღნიშნული ადასტურებს იმ გარემოებას, რომ კლუბი განაგრძობდა არსებობას და რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ არ გამქრალა სამართლებრივი სივრციდან;
6.25. მართალია, საკასაციო სასამართლოს 05.07.2002 წლის გადაწყვეტილებით შპს „ბ–ა ?“-ის დირექტორის განცხადება შპს ს.კ. „თ.დ–ოს“ ხელახალი რეგისტრაციის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო კლუბის ზემოხსენებულ აქტივობებს ადგილი ჰქონდა ამ გადაწყვეტილების მიღებამდე - 1996-2001 წლებში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებას მოცემული დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ იმყოფებოდა თუ არა კლუბი ლიკვიდაციის რეჟიმში და ამოშლილი იყო თუ არა სამეწარმეო რეესტრიდან, არ დაუდგენია;
6.26. ანალოგიურ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ: „საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 28 ივნისის დადგენილების შესაბამისად, 1995 წლის 1 მარტამდე კერძო სამოქალაქო სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები დაექვემდებარა 1996 წ. 31 დეკემბრამდე ხელახალ რეგისტრაციას. კანონის შესაბამისად, ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენებოდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 5.8 მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ე.ი. რეგისტრაცია ჩაითვლებოდა გაუქმებულად. ასევე უდავოდაა დადგენილი, რომ შპს „შ-ს“ ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია, იგი, როგორც იურიდიული პირი, 1996 წ. 31 დეკემბრიდან არ ფუნქციონირებს, ანუ მისი რეგისტრაცია გაუქმებულია. რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში კი, სასამართლო ვალდებულია, დანიშნოს ლიკვიდატორები და დაიწყოს სალიკვიდაციო პროცესი. ამ პროცესში უნდა დადგინდეს საზოგადოების კრედიტორები, საზოგადოების დარჩენილი ქონება უნდა გამოიხატოს ფულად თანხაში. კანონით დადგენილი წესის შესაბამისად (სკ-ის 387-ე მუხლი), უნდა დაკმაყოფილდნენ კრედიტორები, ხოლო დარჩენილი ქონება განაწილდეს საზოგადოების ყოფილ პარტნიორებსა და გარდაცვლილი პარტნიორის მემკვიდრეზე საზოგადოებაში მათი წილის შესაბამისად“ (სუსგ Nას-768-1393-03, 19.05.2004წ.);
6.27. საკასაციო სასამართლოს დასახელებული პრეცედენტი სწორედ იმ პოზიციას განამტკიცებს, რომ კანონით დადგენილი წესით ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობა, რაც საწარმოს გაუქმების სამართლებრივი შედეგის გამომწვევია, სალიკვიდაციო პროცედურების დაწყების მაუწყებელია. მოცემულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია, რომ ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობა საწარმოს, როგორც უფლებაუნარიანი და ქმედუნარიანი სუბიექტის სხვა სამართლებრივ რეჟიმში - სალიკვიდაციო პროცესში გადასვლას ნიშნავს (სუსგ Nას-1015-958-2015, 18.03.2016წ);
6.28. აღნიშნული დასკვნა ასევე ეფუძნება სხვადასხვა ევროპული ქვეყნის სამართლის მაგალითებს. მათ შორის გერმანიის კანონმდებლობის თანახმად, გაუქმებული კომპანიები კვლავაც განაგრძობენ არსებობას იმდენად, რამდენადაც აღნიშნული საჭიროა მათი კაპიტალის ლიკვიდაციის მიზნებისათვის. გაუქმებული კომპანიები შეიძლება შერწყმის ან გაყოფის მონაწილე პირები აღმოჩნდნენ. გერმანული კანონმდებლობა ითვალისწინებს იმ კომპანიის არსებობის გახანგძლივებას, რომელიც უკვე გაუქმებულია ათწლეულების განმავლობაში. ივარაუდება, რომ, როდესაც კომპანიის ამოცანა იცვლება გაუქმების შედეგად, ორგანიზაციის მიზანი შეიძლება კვლავ შეიცვალოს კომპანიის აღდგენის მოტივით. გაუქმებული კომპანიის აღდგენის გადაწყვეტილება ძალაში შედის მხოლოდ მაშინ, როდესაც ის რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.
6.29. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა დადგენილად მიჩნეულ გარემოებებზე და განმარტა, რომ სარეგისტრაციო სამსახურში შპს ს.კ. "თ.დ–ოს" სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოუძიებლობის გამო არ შეიძლება მტკიცების ტვირთის რეგისტრირებულ პირზე გადატანის საფუძველი გახდეს, რადგან სწორედ მარეგისტრირებელი ორგანოების ვალდებულებაა, უზრუნველყონ რეგისტრირებული მონაცემების შენახვა, ხოლო მონაცემთა სისწორის სადავოობის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი, კანონის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანოების მხარეზეა. მანამდე კი, მოქმედებს საწარმოს რეგისტრაციის პრეზუმფცია და თუნდაც შეცდომით დარეგისტრირებული საწარმო ითვლება უშეცდომოდ რეგისტრირებულად, მით უმეტეს, დადგენილია და სადავო არ არის, რომ შპს ს.კ. ,,თ.დ–ოს“, როგორც სუბიექტის არსებობა დადასტურებულია 1996-2001 წლებში მისი აქტიური სპორტული საქმიანობით, ვიდრე 2001 წლის გაზაფხულზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ არ შეუწყვიტა მას ფედერაციის სუბიექტის სტატუსი და არ გაუუქმა ადგილი საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში;
6.30. ყოველივე აღნიშნული ადასტურებს ,,კლუბის’’ ლიკვიდაციის რეჟიმში ყოფნას. ამასთან, ვინაიდან, ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ეს გადაწყვეტილება არ დარეგისტრირებულა რეესტრში, სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა იურიდიული პირის ლიკვიდაციის რეჟიმში ყოფნისა და მისი მოქმედ იურიდიულ პირად აღიარების თაობაზე;
6.31. რაც შეეხება საფეხბურთო კლუბის გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის საკითხებს და ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობის გამო იურიდიული პირის გაუქმება, ნიშნავს თუ არა იმას, რომ დღეს იგი განიხილება, როგორც წარმონაქმნი, რომელსაც არ აქვს იურიდიული პირის სტატუსი, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა: საგადასახადო კოდექსის მე-20 მუხლით გადასახადის გადამხდელად მიიჩნევა პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება, ხოლო 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, „საწარმოდ ითვლება შემდეგი წარმონაქმნები, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ან შექმნილი არიან ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირები; ბ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი კორპორაციები, კომპანიები, ფირმები და სხვა მსგავსი წარმონაქმნები, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა იურიდიული პირის სტატუსი, აგრეთვე უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება; გ) გაერთიანებები, ამხანაგობები და სხვა მსგავსი წარმონაქმნები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით“;
6.32. ამდენად, გადასახადის გადამხდელად საგადასახადო ორგანოში პირი აღირიცხება, მიუხედავად თავისი სტატუსისა, თუ გააჩნია ბიუჯეტთან ანგარიშწორების ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საფეხბურთო კლუბს 2004 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა დავალიანება სულ 19 016 136 ლარი, რაც ამნისტირებული იქნა, როგორც აღიარებული და შეუსრულებელი ვალდებულება და, 2019 წლის 7 ივლისის მდგომარეობით, საფეხბურთო კლუბს საგადასახადო დავალიანება არ ერიცხება (იხ.შედარების აქტები, ტ. 2. 19.07.2019წ სხდომის ოქმის დანართი), ანუ, კლუბს 1996-2019 წლებში ჰქონდა მოქმედი გადამხდელის სტატუსი, მოდიფიკაცია აქტიური;
6.33. რაც შეეხება იურიდიული პირისათვის სტატუსის გაუქმებას/შეცვლას, ამ საკითხს საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის არსებითი მნიშნელობა არ გააჩნია, თუმცა აღნიშნული ცვლილება ასახვას ჰპოვებს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათში;
6.34. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნის (1992 წლის 21 ოქტომბერს დაფუძნებული შპს ს.კ. ,,თ.დ–ო’’ აღიარებული იქნეს ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფ მოქმედ იურიდიულ პირად) განხილვისას გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საკითხი იმის თაობაზე, თუ რამდენად ნამდვილი ინტერესი გააჩნია ამ მოთხოვნის მიმართ მოსარჩელეს და თუნდაც მის მიერ მითითებული გარემოებების გაზიარების შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებით მიიღწევა თუ არა იურიდიული ინტერესი - დარღვეული უფლების ეფექტური დაცვა, ანუ აღიარებითი სარჩელის წარმატებულობა, თანახმად სსსკ-ის 180-ე მუხლისა, გამართლებულია იურიდიული ინტერესის ნამდვილობით;
6.35. იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ, მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ- სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა;
6.36. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ იყოს სამოქალაქო ბრუნვის აქტიური მონაწილე და დაიცვას საზოგადოების უფლებები და ინტერესები, რაც შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ მოქმედ იურიდიულ პირად აღიარებისა და რეგისტრაციის აღდგენის პირობებში. კერძოდ, მოსარჩელეს მითითებით, მას აქვს კონკრეტული მოთხოვნები მესამე პირების მიმართ. ამასთან, ცალსახაა, რომ ოთხგზის საქართველოს ჩემპიონს და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილე კლუბს ფეხბურთელებთან გააჩნდა მოქმედი კონტრაქტები, გააჩნდა შესაბამისი საწვრთნელი ბაზები, სატრანსპორტო საშუალებები, კლუბის სასაქონლო ნიშანი და სხვა აქტივები, რომლითაც დღეს მესამე პირები სარგებლობენ;
6.37. ამდენად, დასტურდება, რომ მოსარჩელეებს გააჩნიათ ნამდვილი იურიდიული ინტერესი სასარჩელო მოთხოვნის მიმართ. შესაბამისად, 1992 წლის 21 ოქტომბერს დაფუძნებული შპს ს.კ. ,,თ.დ–ო’’ (საიდენტიფიკაციო კოდი 202051377) აღიარებული უნდა იქნეს ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი მოქმედ იურიდიულ პირად, რაც სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის აღდგენის საფუძველია.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. მოპასუხე სააგენტომ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
7.2. კასატორის ვრცელი საკასაციო პრეტენზია (იხ. საკასაციო საჩივარი- ტ.2,ს.ფ.500-523) შემდეგ ძირითად არგუმენტებს ეყრდნობა:
7.2.1. სასამართლო ერთმანეთისგან ვერ მიჯნავს რეგისტრაციის გაუქმებას და ლიკვიდაციას;
7.2.2. მოსარჩელე იურიდიული პირი მიჩნეული იქნა ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფ სუბიექტად საკანონმდებლო საფუძვლის გარეშე; სადავო პერიოდის შემდგომ მოქმედ საკანონმდებლო მოწესრიგებას ეფუძნება გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება. სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივად დაუსაბუთებლად მიაჩნია, რომ რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ სუბიექტი გადადის ლიკვიდაციის რეჟიმში, თუმცა, გაურკვეველია რომელი კანონმდებლობის მიხედვით-ძალადაკარგული „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის საფუძველზე, თუ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონით ისე, რომ ამ კანონით არც კი დაფუძნებულა. ლიკვიდაცია გულისხმობს კანონით დადგენილი საფუძვლების არსებობისას იურიდიული პირის რეგისტრაციის გაუქმებას. მოცემულ შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი პარტნიორთა კრების ოქმი იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ, ასევე გასათვალისწინებელია ლიკვიდაციის წარმოებაზე უფლებამოსილი პირები;
7.2.3 მოსარჩელეს არ აქვს იურიდიული ინტერესი დასაბუთებული, რადგან ის ამტკიცებს, რომ მისი ლიკვიდაციის რეჟიმში აღდგენის შემთხვევაში, დააკმაყოფილებს კრედიტორთა მოთხოვნებს, თუმცა, საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება კრედიტორთა თაობაზე, ასევე, აღსანიშნავია, რომ რეგისტრირებული მონაცემების შესაბამისად, სუბიექტს არ გააჩნია ქონება, არც ქონების დამადასტურებელი მტკიცებულებაა საქმეში წარმოდგენილი. მოპასუხე სააგენტომ სასამართლო სხდომაზე წარადგინა 2019 წლის 22 და 23 იანვრის წერილები, რომლებითაც დასტურდება, რომ საფეხბურთო კლუბს ქონება არ გააჩნია, მოსარჩელე ვერც იმაზე უთითებს, თუ 18 წლის განმავლობაში (სასამართლოს 2002 წლის გადაწყვეტილებიდან) რა სალიკვიდაციო პროცედურებს ახორციელებდა და ახორციელებს, მიუხედავად ამისა, სასამართლო სუბიექტს უპიროდ მიიჩნევს ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფად;
7.2.4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, სასამართლოს წარმოუდგენლად მიაჩნია რეგისტრაციის გაუქმება ლიკვიდაციის გარეშე, თუმცა, როგორც სადავო პერიოდში, ისე მოქმედი კანონის მიხედვით ლიკვიდაციის რეჟიმის გარეშე აუქმებს გაკოტრების საქმის წარმოებისას (გადახდისუუნარობისას) სუბიექტის რეგისტრაციას. ასევე, სასამართლოს 2002 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით საფეხბურთო კლუბის საქმეზე ხელახალი რეგისტრაცის ვადის უშედეგოდ გაშვება რეგისტრაციის გაუქმების ერთ-ერთ დამოუკიდებელ პირობად განიმარტა. კანონით ლიკვიდაციაც რეგისტრაციასავალდებულო ფაქტია და ვინაიდან სუბიექტი კანონით არ შექმნილა და სამეწარმეო რეესტრში არ დარეგისტრირებულა, შესაბამისად, ვერც მისი ლიკვიდაციის რეჟიმში რეგისტრაცია განხორციელდებოდა. სასამართლო მხოლოდ უცხო ქვეყნის მაგალითების მოყვანით ასაბუთებს ლიკვიდაციის რეჟიმში სუბიექტის არსებობას და იგნორირებას უკეთებს სადავო ურთიერთობის დროს მოქმედ კანონს- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონს, რომელიც პირდაპირ აწესრიგებს კონკრეტულ საკითხს. ამდენად, როდესაც კანონი პირდაპირ არეგულირებს კონკრეტულ საკითხს (სპეციალური ნორმა) სასამართლომ არ უნდა გამოიყენოს კანონის ან სამართლის ანალოგია, რაც განსაზღვრულია სსკ-ის მე-7 მუხლით.
7.2.5. მოსარჩელე კლუბი წარმოადგენდა „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონით შექმნილ სუბიექტს, რომელსაც 1994 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის N 578 დადგენილების მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, ევალებოდა ხელახალი რეგისტრაციის გავლა, რაც გულისხმობდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული სუბიექტების „მეწარმეთა შესახებ“ კანონთან შესაბამისობაში მოყვანას. იმის გათვალისწინებით, რომ კლუბს არ გაუვლია რეგისტრაცია, რასაც არც თვითონ უარყოფს, ის ითვლება გაუქმებულად, რასაც ადასტურებს 2002 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება N 3კ/661-02, რომელიც გამოტანილია სწორედ მოსარჩელე იურიდიული პირის სამეწარმეო რეესტრში აღდგენასთან დაკავშირებით. შესაბამისად, არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია, რომ სუბიექტი გაუქმებულია და მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის დავალება არ მოხდა. ეს გადაწყვეტილება პრეიუდიციული მნიშვნელობისაა და ამ მიმართებით სსსკ-ის მე-10 მუხლის გათვალისწინებაა მნიშვნელოვანი, რომლის თანახმად, „კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს“;
7.2.6. მოსარჩელე იურიდიული პირი არ წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ“ კანონით შექმნილ სუბიექტს, ამ კანონით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რაც იყო, სწორედ სამეწარმეო რეესტრის შედგენაა, რასაც ადრინდელი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა და მას არც იმ მნიშვნელობას ანიჭებდა, რომელიც რეესტრს საბაზრო ეკონომიკის პირობებში აქვს. „თ.დ–ო“ არ დარეგისტრირებულა, შესაბამისად მეწარმეთა კანონის (1996 წლის რედაქცია) საფუძველზე „ამ კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობათა სუბიექტი, წარმოიშობა მხოლოდ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან“;
7.2.7. კასატორი არ იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას და დასკვნას იმის თაობაზე, რომ საფეხბურთო კლუბი, როგორც სუბიექტი, 2001 წლამდე არსებობდა და ამ მიმართებით უთითებს, რომ საფეხბურთო კლუბის მონაწილოება ჩემპიონატებში იმ პირობებში, როდესაც სუბიექტი გაუქმებულია და არ არსებობს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, თუნდაც არსებობდეს კრედიტორული მოთხოვნები, ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა დამფუძნებლებს ეკისრებათ სოლიდარულად. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-2 მუხლის 2.5 ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ „თუ რეგისტრაციამდე საზოგადეობის სახელით რაიმე მოქმედება განხორციელდა, ამ მოქმედების შემსრულებლები და დამფუძნებლები პასუხს აგებენ პერსონალურად, როგორც სოლიდარული მოვალეები, ამ მოქმედებით წარმოშობილი ყველა ვალდებულებისათვის. ეს პასუხისმგებლობა ძალაში რჩება საზოგადოების რეგისტრაციის შემდეგაც“. ამდენად, გაუქმებული სუბიექტის მიერ განხორციელებული ქმედება (საქმიანობა) უთანაბრდება სწორედ რეგისტრაციამდე საზოგადოების სახელით ქმედების განხორციელებას და აღნიშნული ქმედებისათვის პასუხისმგებლობა დამფუძნებლებს ეკისრებათ, როგორც სოლიდარულ მოვალეებს.
7.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოპასუხე სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო, არსებითად განხილვის მიზნით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რადგან საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითი განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხე სააგენტოს საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ დასაბუთებელია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
8. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასებით დასაბუთებულია საკასაციო პრეტენზია, რომ მოცემულ საქმეზე არ დასტურდება მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რაც, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წინამდებარე დავის საბოლოო სამართლებრივ შედეგზე ახდენს გავლენას, რის გამოც სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არ არსებობს საქმეზე დამატებით გამოსაკვლევი და დასადგენი გარემოებები, რომლებიც შეიძლება სარჩელის წარმატების პერსპექტივას უკავშირდებოდეს, რადგან საკასაციო სასამართლომ კონკრეტული საკითხების კვლევის მიზნით, სავალდებულო სამართლებრივი მითითებებით, ერთხელ უკვე დააბრუნა სააპელაციო სასამართლოში განსახილველი საქმე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები სავსებით მკაფიო და საკმარისია შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად.
9. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, იმას აღნიშნავს, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება მოპასუხე სააგენტოს საკასაციო პრეტენზიებს, რომლებიც წინამდებარე გადაწყვეტილების 7.2.1-7.2.2 და 7.2.4-7.2.7 ქვეპუნქტებშია ასახული და განმარტავს, რომ „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის საფუძველზე შექმნილ სუბიექტს - იურიდიულ პირს, რომელსაც, საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის N 578 დადგენილების მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, დაევალა ხელახალი რეგისტრაციის გავლა, რაც გულისხმობდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული სუბიექტების „მეწარმეთა შესახებ“ კანონთან შესაბამისობაში მოყვანას, კანონმდებელმა გამოავლინა ნება, რომ პარლამენტის დადგენილებით დამტკიცებული პროცედურით ახალი კანონის მოქმედების სფეროში მოქცეულიყო ადრე რეგისტრირებული ყველა სუბიექტი და ეს იმ ერთიან პროცესად წარმოაჩინა, რომელიც უკვე (ადრე მოქმედი კანონით) რეგისტრირებულ პირებს ფუნქციონირებისა და ქმედებების გაგრძელების საშუალებას მისცემდა. რაც შეეხება მითითებული ნორმატიული აქტების საფუძველზე ადრე რეგისტრირებული იურიდიული პირების მიერ ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში მათ ლიკვიდაციის რეჟიმში გადასვლას, ამის თაობაზე, საკასაციო სასამართლომ ჯერ კიდევ 2004 წელს განმარტა, რომ „საქართველოს პარლამენტის 1996 წ. 28 ივნისის დადგენილების შესაბამისად, 1995წ. 1 მარტამდე კერძო სამოქალაქო სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები დაექვემდებარა 1996წ. 31 დეკემბრამდე ხელახალ რეგისტრაციას. კანონის შესაბამისად, ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენებოდა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 5.8 მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ე.ი. რეგისტრაცია ჩაითვლებოდა გაუქმებულად. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, 1996 წ. 30 აგვისტოს განხორციელდა შპს „შ.-ს“ ხელახალი რეგისტრაცია, მაგრამ იგი გაუქმდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1996 წ. 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, რომელიც არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია. აქედან გამომდინარე, ასევე უდავოდაა დადგენილი, რომ შპს „შ-ს“ ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია, იგი, როგორც იურიდიული პირი, 1996 წ. 31 დეკემბრიდან არ ფუნქციონირებს ანუ მისი რეგისტრაცია გაუქმებულია. რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია, დანიშნოს ლიკვიდატორები და დაიწყოს სალიკვიდაციო პროცესი. ამ პროცესში უნდა დადგინდეს საზოგადოების კრედიტორები, საზოგადოების დარჩენილი ქონება უნდა გამოიხატოს ფულად თანხაში. კანონით დადგენილი წესის შესაბამისად (სკ-ის 387-ე მუხლი), უნდა დაკმაყოფილდნენ კრედიტორები, ხოლო დარჩენილი ქონება განაწილდეს საზოგადოების ყოფილ პარტნიორებსა და გარდაცვლილი პარტნიორის მემკვიდრეზე საზოგადოებაში მათი წილი შესაბამისად“ (სუსგ N ას- 768-1393-03, 19.05.2004წ.). საკასაციო სასამართლომ 2016 წლის 18 მარტის განჩინებაში (საქმე N ას-1015-958-2015) განმარტა, რომ დასახელებული პრეცედენტი სწორედ იმ პოზიციას განამტკიცებს, რომ კანონით დადგენილი წესით ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობა, რაც საწარმოს გაუქმების სამართლებრივი შედეგის გამომწვევია, სალიკვიდაციო პროცედურების დაწყების მაუწყებელია. მოცემულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია, რომ ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობა საწარმოს, როგორც უფლებაუნარიანი და ქმედუნარიანი სუბიექტის სხვა სამართლებრივ რეჟიმში - სალიკვიდაციო პროცესში გადასვლას ნიშნავს (პუნქტი 47). ამ მიმართებით საკასაციო სასამართლომ ამავე განჩინებაში მიმოიხილა ევროპული კორპორაციული სამართლის გამოცდილება, როგორც გაუქმებული იურიდიული პირის ფუნქციონირების გახანგრძლივების ევროპული მოდელი, კერძოდ:
9.1. ჰოლანდიური კანონის შესაბამისად დაარსებული იურიდიული პირი შეიძლება გაუქმდეს, ქვემოთ მითითებული გარემოებების შემთხვევაში (ნიდერლანდების სამოქალაქო კოდექსის (DCC) მუხლი 2:19):
- საერთო კრებაზე მიღებული დადგენილებით ან, თუ იურიდიული პირი ფონდია და წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით;
- იმ მოვლენის დადგომის შემთხვევაში, რომელიც წესდების თანახმად იწვევს გაუქმებას და რა გარემოებაც არ წარმოადგენს დადგენილებას ან აქტს, რომლის მიზანიც გაუქმებაა;
- მას შემდეგ, რაც იგი გაკოტრებულად გამოცხადდა, ან მისი ქონებრივი მდგომარეობის გამო, გაკოტრდა ან გადახდისუუნარო გახდა;
- იმ შემთხვევაში, როდესაც იურიდიული პირი ფონდი ან კავშირია, თუ მას აღარ ჰყავს წევრები;
- სავაჭრო და სამრეწველო პალატის განკარგულებით;
- სასამართლო გადაწყვეტილებით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.,კომპანიამ უნდა შეწყვიტოს არსებობა (i) მისი გაუქმების დროს, თუ იმ პერიოდისთვის მას არ გააჩნია რაიმე ქონება (DCC მუხლი 19(4)), ან (ii) ლიკვიდაციის შემთხვევაში, იმ დროს, როდესაც დასრულდება ლიკვიდაცია, ე.ი. მაშინ, როდესაც ლიკვიდატორს აღარ აქვს ქონება (DCC მუხლი 19(6)). ნიდერლანდებში იურიდიული პირი გაუქმების შემდეგ არსებობას განაგრძობს იმ ფარგლებში, რაც საჭიროა მისი კაპიტალის ლიკვიდაციის მიზნებისთვის. გაუქმება იურიდიულ პირს მიზანს უცვლის და მისი მიზანი ხდება გაუქმებული იურიდიული პირის ლიკვიდაცია; გაუქმებული იურიდიული პირი ლიკვიდაციის პროცესშია. ჰააგის სააპელაციო სასამართლო ემხრობა (სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა როტერდამის სასამართლოს გადაწყვეტილების (როტერდამის სასამართლო, 2006 წლის 12 იანვარი/JOR 2006, no.62) შემდეგ, სადაც სასამართლომ დაადგინა, რომ სამართალწარმოების მხარე - სავაჭრო პალატა, კანონის მიხედვით ვალდებული იყო, წარედგინა მოთხოვნა იმ გადაწყვეტილების რეგისტრაციის შესახებ, რითიც უარს აცხადებდა კომპანიის გაუქმების შესახებ მოთხოვნაზე, ვინაიდან საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ ზიანი მიადგა სამართლებრივ განჭვრეტადობას და საჯარო რეესტრის სანდოობას. აპელაციაში გასაჩივრებისას, ჰააგის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა (30 January 2007/JOR 2007, no. 66), რომ სასამართლო უფლებამოსილია მხოლოდ გაუქმების შეწყვეტის შესახებ, რაც ეფუძნება კონკრეტულ პირობებში შეტანილ საჩივარს და გაუქმებული კომპანიის გახანგძლივებულ არსებობას) გაუქმებული იურიდიული პირის არსებობის შეზღუდულ გაგრძელებას, რაც დამტკიცებული უნდა იყოს სასამართლოს მიერ კონკრეტული პირობების მიხედვით. ნიდერლანდების კანონმდებლობა ითვალისწინებს გაუქმებული კომპანიის შერწყმის ან გაყოფის შესაძლებლობას. იურიდიულ პირს აქვს ეს უფლებამოსილება მიუხედავად იმისა, თუ რა საფუძვლით გაუქმდა.
9.2. გარდა ნიდერლანდებში არსებული გაუქმების საფუძვლებისა, ფრანგული კომპანია შეიძლება გაუქმდეს იმ ვადის გასვლის შემდეგ, რა ვადითაც იგი დაფუძნდა (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს ვადა იურიდიული აქტის მეშვეობით გახანგრძლივდა) ან მისი მიზნის შესრულებით ან გაუქმებით (სამოქალაქო კოდექსის მუხლი 1844-5, 1844-7 და 1844-8); აუცილებლად უნდა მოხდეს გაუქმებული ფრანგული კომპანიის ლიკვიდაცია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა (i) შერწყმის მეშვეობით ის სხვა კომპანია ხდება, (ii) გაყოფის მეშვეობით მისი ქონება გადაეცემა სხვა კომპანიას ან (iii) ან ჰყავს ერთი აქციონერი, რა შემთხვევაშიც კომპანიის აქტივები გადადის აღნიშნული პირის ხელში. გაუქმებულ კომპანიას უფლება არ აქვს განახორციელოს შერწყმა ან გაყოფა, რის შედეგადაც მასში გაერთიანდება სხვა კომპანია ან იგი მოიპოვებს სხვა კომპანიის კაპიტალს. გაუქმებული კომპანიის კორპორაციული უფლებამოსილება განაგრძობს არსებობას მისი ქონების ლიკვიდაციის სასარგებლოდ, სანამ ლიკვიდაციის პროცესის დასრულება საჯაროდ მოხდება. კომპანიის წესდების თანახმად, განსაზღვრული ვადის ამოწურვის შედეგად საწარმოს გაუქმების შემთხვევაში, აქციონერებს არ შეუძლიათ მითითებული პერიოდის გახანგრძლივება და არც აღნიშნული ვადისთვის უკუძალის მინიჭება. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს ცალსახა სამართლებრივ დებულებებს, რომელიც ადგენს, რომ გაუქმებაზე უარის თქმა დაუშვებელია, დოქტრინა არ იძლევა გაუქმებაზე უარის თქმის შესაძლებლობას. გაუქმებული კომპანიის აქციონერებს ერთსულოვანი დადგენილებითაც აღარ აქვთ უფლებამოსილება, გადაწყვიტონ, რომ ლიკვიდაცია არ განხორციელდება.
9.3. გერმანიის სამართალში შემდეგი საფუძვლები გამოიყენება:
- კავშირის წესდებაში მითითებული პერიოდის გასვლა;
- რაც შეეხება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ კომპანიის მიზნის მიღწევა აღარ არის შესაძლებელი;
- საფონდო ბირჟის კაპიტალთან დაკავშირებით გადახდისუუნარობის პროცედურის დაწყება და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიმართ გაკოტრების პროცედურის დაწყება;
- სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც კაპიტალის მდგომარეობის საფუძველზე, უარს აცხადებს გადახდისუუნარობის პროცედურის დაწყებაზე;
- მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც ხარვეზებს ადგენს საფონდო ბირჟის ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წესდებაში. გაუქმებული კომპანიები კვლავაც განაგრძობენ არსებობას იმდენად, რამდენადაც აღნიშნული საჭიროა მათი კაპიტალის ლიკვიდაციის მიზნებისათვის. გაუქმებული კომპანიები შეიძლება შერწყმის ან გაყოფის მონაწილე პირები აღმოჩნდნენ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი კომპანიების არსებობის გახანგრძლივება გადაწყდება. კერძოდ, გერმანიაში დასაშვებად მიიჩნევა გაუქმებული კომპანიების არსებობის გახანგძლივება. გარკვეულ პირობებში, წინამდებარე წესი შესაძლებელია არ იყოს ნებადართული. მაგალითად, კომპანია, რომელიც დაიშალა არასაკმარისი კაპიტალის გამო, შესაძლებელია ხელახლა იყოს რეგისტრირებული ახალი ფინანსური აქტივების აღმოჩენის შემდეგ. იგივე წესი გამოიყენება იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც უკვე გაუქმდნენ იმის გამო, რომ მათ არ ჰქონდათ სადამფუძნებლო წესდება. კომპანიის არსებობის გახანგრძლივება შეიძლება გადაწყდეს ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით იმ პირობით, რომ დივიდენდების განაწილება ლიკვიდაციის შემდეგ არ დაწყებულა. გერმანული კანონმდებლობა ითვალისწინებს იმ კომპანიის არსებობის გახანგძლივებას, რომელიც უკვე გაუქმებულია ათწლეულების განმავლობაში. აღნიშნული გარემოება ეფუძნება იმ არგუმენტს, რომ არც ინდივიდუალური აქციონერი და არც აქციონერთა უმცირესობა არ არის უფლებამოსილი იმ კომპანიის ლიკვიდაციის შესახებ, რომელიც უკვე გაუქმებულია. ივარაუდება, რომ, როდესაც კომპანიის ამოცანა იცვლება გაუქმების შედეგად, ორგანიზაციის მიზანი შეიძლება კვლავ შეიცვალოს კომპანიის აღდგენის მოტივით. გაუქმებული კომპანიის აღდგენის გადაწყვეტილება ძალაში შედის მხოლოდ მაშინ, როდესაც ის რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.
9.4. ინგლისის და უელსის კანონმდებლობის თანახმად, დაარსებული კომპანიები შეიძლება გაუქმდეს შემდეგი საფუძვლებით:
- რეგისტრაციის გაუქმებით ან კომპანიის რეგისტრატორების ინიციატივით;
- კომპანიის მოთხოვნის თანახმად, კომპანიის რეგისტრატორის მიერ რეგისტრაციის გაუქმებით;
- საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება, სადაც დადგენილია, რომ გავიდა კავშირის წესდებით გათვალისწინებული დროის ის პერიოდი, რა პერიოდითაც დაფუძნდა კომპანია.
9.5. ბელგიური კომპანია გაუქმების შემდეგ ლიკვიდაციის მიზნისთვის აგრძელებს არსებობას. იგი ფუნქციონირებას წყვეტს ლიკვიდაციის დასრულების დროს. ლიკვიდაცია მთავრდება მას შემდეგ, რაც საერთო კრება ლიკვიდატორს მისცემს თავისი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას ან სასამართლო გადაწყვეტილებით კომპანიის გაუქმების შემთხვევაში, ვინაიდან ლიკვიდაციის პროცესს დასრულებულად სასამართლო აცხადებს. ბელგიის მეწარმეთა შესახებ აქტი, გაუქმებაზე უარის თქმის კონკრეტულ ნორმატიულ შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. გაუქმებული კომპანია უფლებამოსილია, იყოს იურიდიული შერწყმის ან გაყოფის მონაწილე, რის შედეგადაც იგი არსებობას შეწყვეტს, იმის გათვალისწინებით, რომ მას პარტნიორებისთვის ჯერ არ დაუწყია კაპიტალის გადანაწილება. შერწყმა არ გულისხმობს იმას, რომ გაუქმებული კომპანიის შეწყვეტის პროცესზე უარის თქმა შესაძლებელია, ვინაიდან შერწყმის მონაწილე კომპანია, რომელიც შერწყმის შედეგად არსებობას შეწყვეტს, გაუქმებულად მიიჩნევა, მისი ქონების ლიკვიდაციის შედეგების გარეშე.
9.6. გაუქმებული ესპანური კომპანია კვლავ აგრძელებს არსებობას, მისი აქტივების ლიკვიდაციის განმავლობაში. გაუქმებული ესპანური კომპანია შეიძლება იყოს საწარმოთა შერწყმის და გაყოფის პროცესის მონაწილე იმ პირობით, რომ ჯერ კიდევ არ დაწყებულა საწესდებო კაპიტალის აქციონერებს შორის განაწილება ან შესაბამისად, აღნიშნული კაპიტალის კომპანიის წევრებისადმი დაბრუნების პროცესი. The Ley 2/1995 de Sociedades de responsabilidad limitada (`LSRL') და the Ley 27/1999 de Cooperativas (`LC') მკაფიოდ განსაზღვრავს შპს-სა და კოოპერატივის მიმართ, რომ კომპანიის გაუქმება შეიძლება შეწყვეტილი იქნეს. გაუქმებული შპს-ის პარტნიორთა კრება უფლებამოსილია აღადგინოს შპს-ის ფუნქციონირება, რამდენადაც გაუქმების საფუძველი აღარ არსებობს. ამასთან, სააქციო კაპიტალი არ არის საწესდებო კაპიტალზე ნაკლები და ლიკვიდაციის შემდეგ, დივიდენდების განაწილება ჯერ არ დაწყებულა. შპს-ის ფუნქციონირების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნას წესდებაში შეტანილი ცვლილებების მოთხოვნების შესაბამისად და ხმათა დადგენილი უმრავლესობით. მაგრამ, თუ კომპანია კანონის მოქმედების შედეგად გაუქმდა, მაშინ დადგენილება მისი განახლების შესახებ ვერ იქნება მიღებული. წესდებაში განსაზღვრული ვადების გასვლის შემდეგ, თუ მანამდე არ მოხდება ვადის გაგრძელება და შესაბამისი გადაწყვეტილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, შპს კანონის მოთხოვნების შესაბამისად გაუქმდება და აღარ იქნება შესაძლებელი მისი აღდგენა.
9.7. იტალიაში, კომპანიის დირექტორები ინარჩუნებენ საწარმოს მართვის ძალაუფლებას „კომპანიის მთლიანობისა და კაპიტალის ღირებულების შენარჩუნების მიზნით“ იმ მომენტიდან, როდესაც მათ ეცნობებათ კომპანიის გაუქმების შესახებ და როცა ლიკვიდატორები დაინიშნებიან. ლიკვიდაციის პროცესის დროს, კომპანიის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესის მარეგულირებელი დებულებები კვლავ ძალაში რჩება, სადაც შესაძლებელია. გაუქმებული კომპანია შეიძლება იყოს შერწყმის ან გაყოფის პროცესის მონაწილე მხარე იმ პირობით, რომ მას ჯერ კიდევ არ დაუწყია თავისი კაპიტალის განაწილება აქციონერებისადმი. გაუქმებულ კომპანიას შეუძლია შეწყვიტოს გაუქმების პროცესი ლიკვიდაციის პროცედურის დასრულებამდე, საერთო კრების დადგენილებით, თუ გაუქმების საფუძველი აღარ არსებობს.;
9.8. ინგლისური კომპანიები ბიზნეს საქმიანობას წყვეტენ იმ მომენტში, როცა იგი უქმდება. მაგრამ კომერციული საქმიანობა შეიძლება დროებით განახლდეს კომპანიის ლიკვიდაციის მიზნებისთვის. დირექტორთა კორპორატიული შესაძლებლობები და უფლებამოსილებები დამოუკიდებელი რჩება მანამ, სანამ კომპანია შეწყვეტს არსებობას. გაერთიანებულ სამეფოს არ განუხორციელებია ევროპული საბჭოს მესამე დირექტივის იმპლემენტაცია თავის სამართლებრივ სისტემაში და არ იცნობს სამართლებრივი შერწყმის ან გაყოფის კონცეფციას. სასამართლოს შეუძლია გააუქმოს ინგლისური კომპანიის შეწყვეტის პროცესი, რომელიც გაუქმდა ორი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც კომპანიამ შეწყვიტა არსებობა, ლიკვიდატორის ან იმ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელსაც სასამართლო დაინტერესებულ პირად მიიჩნევს. კერძოდ, ასეთი პირები შეიძლება იყვნენ: აქციონერი ან კრედიტორი. საჩივარი წარმოდგენილი უნდა იყოს ორი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პრესაში გამოქვეყნებული იქნება რეგისტრაციის გაუქმების შესახებ განცხადება. თუ სასამართლო გააუქმებს კომპანიის შეწყვეტის პროცესს, კომპანიამ შესაძლებელია გააგრძელოს ფუნქციონირება და რეგისტრირებულ იქნეს მარეგისტრირებელ ორგანოში (იხ. European Company Law - Wolters Kluwer, Law& Business, 2008; Continiuation of the Legal Entity that has been Dissolved in an European Perspective);
10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასაზიარებელია მოპასუხის საკასაციო პრეტენზია, რომ უზენაესმა სასამართლომ ჯერ კიდევ საქმის ხელახლა განხილვის დაბრუნების ეტაპზე (იხ. სუსგ N ას-1015-958-2015), სავალდებულო სამართლებრივი მითითებებით, ევროპული საკორპორაციო რეგულირების მოხმობით (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 9.1-9.8 ქვეპუნქტები) ლიკვიდაციის რეჟიმში აღდგენის საფუძვლად ქონების არსებობაზე გაამახვილა ყურადღება (იხ. საკასაციო საჩივარი- ტ.2, ს.ფ.513-514). საკასაციო სასამართლო მისივე განჩინების სამართლებრივი მითითებას მოიხმობს, რომლითაც სააპელაციო სასამართლოს დაევალა გამოეკვლია და დაედგინა „საკითხი იმის თაობაზე, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ 05.07.2002წ. გადაწყვეტილების მიღებისას, საფეხბურთო კლუბს, როგორც შპს-ს ანუ კაპიტალურ საზოგადოებას, ჰქონდა დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტისადმი და დღემდე ერიცხება იგი. დღეს რა სტატუსით სარგებლობს საფეხბურთო კლუბი, მის მიერ ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობა, როგორც იურიდიული პირის გაუქმება, ნიშნავს თუ არა იმას, რომ დღეს იგი განიხილება, როგორც წარმონაქმნი, რომელსაც არ აქვს იურიდიული პირის სტატუსი და ასეთ წარმონაქმნად მისაჩნევად, რა სამართლებრივი საფუძველი არსებობს, ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობა აუქმებს იურიდიულ პირს, როგორც სამართლის სუბიექტს თუ გადააქცევს მას წარმონაქმნად, რომელიც არ არის იურიდიული პირი, მაგრამ საგადასახადო ვალდებულებები აქვს. აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია, რათა დადგინდეს, მესამე პირთა წინაშე არსებული ვალდებულებებისა თუ მოთხოვნების გამო, რა სახის სუბიექტად შეძლებს მონაწილეობას ურთიერთობებში საფეხბურთო კლუბი, თუ იგი აღარ არსებობს სამოქალაქო ბრუნვაში“ (იხ. სუსგ N ას-1015-958-2015; პუნქტი 44)“.
11. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურში საფეხბურთო კლუბის მოდიფიკაციად „აქტიური“ და გადამხდელის სტატუსად „მოქმედი“ განსაზღვრა იმით იყო განპირობებული, რომ კლუბს გააჩნდა საგადასახადო ვალდებულებები (ტ. 1; ს.ფ. 64-65 - შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია). საკასაციო სასამართლოს მიერ საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების შემდეგ და ამავე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის, დადგინდა, რომ 2019 წლის 7 ივლისის შედარების აქტის თანახმად, საფეხბურთო კლუბს საგადასახადო დავალიანება არ ერიცხებოდა. არსებული დავალიანება ჩამოწერილი იქნა როგორც 2005 წლის 1 იანვრის მდგომარეობით აღიარებული და შეუსრულებელი ვალდებულება (იხ. ტ. 2, 19.07.2019წ. ოქმი დანართით; ასევე- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება- ტ.2, ს.ფ.472). ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ შეიცვალა ფაქტობრივი ვითარება, მოსარჩელის მიმართ აღარ არსებობს რაიმე სახის კრედიტორული მოთხოვნა, შესაბამისად, შესამოწმებელია, თვითონ, როგორც კრედიტორს, რომელი მოთხოვნები და ვის მიმართ გააჩნია და რა ქონებას ფლობს.
12. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელეს აქვს კონკრეტული მოთხოვნები მესამე პირების მიმართ, რადგან საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომ მას გააჩნია რაიმე ქონება, მეტიც, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ სარჩელზე თანდართულ წერილში მითითებულია, რომ საფეხბურთო კლუბს „ჩამოერთვა გუნდის ფეხბურთელები და მათზე რიცხული ქონებაც“ (იხ. ტ.1, ს.ფ.61)., თუმცა, საქმის საკასაციო სასამართლოს მიერ ქვემდგომ სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების ეტაპზე მოსარჩელე უთითებდა, რომ ის იყო კონკრეტული მოთხოვნის მოვალე, ასევე, სარჩელის დაზუსტებამდე აღძრული მოთხოვნის იურიდიული ინტერესი იყო, რომ მოსარჩელე განახორციელებდა საკუთარ მოთხოვნებსა და შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს (იხ. სარჩელი- ტ.1,ს.ფ.3), თუმცა, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მის მიერ ხელახალი რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ და რამდენიმეწლიანი სასამართლო განხილვის პროცესში მოსარჩელის კუთვნილი რაიმე ქონება აღმოჩნდა, რაც მას საფუძველს მისცემდა დაედასტურებინა ნამდვილი იურიდიული ინტერესი იურიდიული პირის არსებობის გახანგრძლივებისათვის, მისი ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე. ზოგადად ლიკვიდაციის პროცესი იმით მთავრდება, რომ საწარმო ამოიშლება სამეწარმეო რეესტრიდან და იურიდიულად აღარ არსებობს (იხ. Tax and Duty Manual, Collection Manual Liquidation of Companies and other Company Law issues Document updated June 2023; https://www.revenue.ie/en/tax-professionals/tdm/collection/insolvency/liquidation.pdf).
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ევროკონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი - ყოველ ფიზიკურ პირს ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება- ასევე მოიცავს მატერიალური ინტერესის არსებობას, როგორც საკუთრების უფლებით დაცვის ობიექტს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის მიერ 1983 წელს საქმეში: Bramelid and Malmström v. Sweden (განაცხადის N. 8588/79, 8589/79; 1983); იხ.აგრეთვე; შპს „J.A.Pye (Oxford) და შპს “J.A. Pye ( Oxford) Land” გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, განაცხადის N. 44302/02, §61, 30 აგვისტო, 2007). „იურიდიული პირის ქონება, იურიდიული პირის, როგორც სამართლის სუბიექტის საკუთრებაა და არა მისი დამფუძნებლების ან მასში მონაწილე პირების“ (იხ. ბ.ზოიძე, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, თბილისი, 2007, გვ.115). „მესაკუთრესა და ნივთს შორის არსებული ურთიერთობა ვერ განხორციელდება, თუ არ არსებობს ამ ურთიერთობისადმი ყველას პატივისცემა. საკუთრების სანივთო უფლების რეალიზაცია შესაძლებელია სუბიექტისა და ობიექტის ურთიერთობის დონეზე. პატივისცემას ექვემდებარება საკუთრების როგორც სუბსტანცია, ისე მისი შინაარსი (იხ. ბ.ზოიძე, სამართლის პრაქტიკული ყოფიერების შემეცნების ცდა უპირატესად ადამიანის უფლებათა ჭრილში, თბილისი, 2013, გვ.224; იხ. სუსგ N ას-698-2023, 24.07.2023წ.).
14. საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი, ამასთან, ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა დაბრუნების შემდეგ, მოსარჩელემ საკუთარი სასარჩელო მოთხოვნა შემდეგნაირად დააზუსტა: 1992 წლის 21 ოქტომბერს დაფუძნებული შპს ს.კ. ,,თ.დ–ო’’ აღიარებული იქნეს ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფ მოქმედ იურიდიულ პირად. აღინიშნა, რომ აღიარების შემდეგ დამფუძნებლები ხელახლა გაივლიან ლიკვიდაციის პროცესის დასრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს და თავიდან მიმართავენ სამეწარმეო რეესტრს, ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 6.18 ქვეპუნქტი; ასევე- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება- ტ.2, ს.ფ.468).
15. საკასაციო სასამართლო, აღიარებითი სარჩელის იურიდიულ ბუნებაზე გაამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს მისი ინტერესიდან, რომ აღიარებული იქნეს ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფ მოქმედ იურიდიულ პირად. ამ მიმართებით ნამდვილი იურიდიული ინტერესის შეფასებისათვის საკასაციო სასამართლო მოიხმობს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებაში (საქმე № ას-664-635-2016) ასახულ დებულებებს: „სსსკ-ის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი შემდეგი კრიტერიუმები: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ.პალატის გადაწყვეტილების 226-227-ე პუნქტები.). იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით (სხვა მრავალთა შორის იხ.სუსგ-ები: Nას-698-2023, 24.07.2023წ; N ას-1257-2022, 26.06.2023 წ; ).
16. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია არც ქონება, ის არც სხვა კრედიტორის მოთხოვნის მოვალეა, შესაბამისად, რადგან ლიკვიდაციის პროცესის ძირითადი ამოცანა კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილებაა, მოსარჩელის ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფ სუბიუქტად აღდგენის წინაპირობა არ არსებობს. რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას, რომ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ, დამფუძნებლები თავიდან მიმართავენ სამეწარმეო რეესტრს ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით, აღნიშნულს საფუძველი აქვს გამოცლილი, რადგან ლიკვიდაციის მქონის სტატუსის მინიჭების საფუძველი არ არსებობს, ხოლო ლიკვიდაციის პროცესთან დაკავშირებით, როგორც ევროპული საკორპორაციო მიდგომა, ისე მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტატორები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ „...ლიკვიდაციის პროცესში სამეწარმეო საზოგადოება შეინარჩუნებს იურიდიული პირის სტატუსს და ატარებს თავის საფირმო სახელწოდებას, თუმცა სპეციალური დანამატით ‒ „ლიკვიდაციის პროცესში“. ასევე, ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სამეწარმეო საზოგადოების ორგანოები ინარჩუნებენ თავიანთ უფლებამოსილებებს. აქედან გამონაკლისი იქნება მხოლოდ ხელმძღვანელი პირები, რომლებსაც ლიკვიდატორების რეგისტრაციისთანავე შეუწყდებათ ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება“ (იხ. გიორგი ჯუღელი, გიორგი გიგუაშვილი განმარტებები მეწარმეთა შესახებ კანონის პროექტზე; გვ.110-111; თბილისი, 2021წ.; <http://lawlibrary.info/ge/books/GIZ_-Draft-Law-on-Entrepreneurs_2021.pdf>). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგაც კი შესაძლოა მოხდეს შპს-ის არსებობის შემდგომი გაგრძელება (გახანგრძლივება), რისთვისაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, დარჩება თუ არა სალიკვიდაციო მასაში რაიმე ქონება ან არის თუ არა სხვისი კრედიტორული მოთხოვნის მოვალე, რაც მისი ნამდვილი იურიდიული ინტერესის დასადასტურებლად არის მნიშვნელოვანი. თუ ლიკვიდაციის დასრულების შემდეგ შპს-ას აღარ დარჩება არავითარი ქონება და არც სხვისი მოვალეა, მაშინ იგი უნდა ამოიშალოს რეესტრიდან. მოცემულ შემთხვევაში არათუ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ საწარმოს არსებობის გახანგრძლივების მიმართ, არამედ, დადგენილ ვადაში ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობის შემდეგ, ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფ საწარმოდ აღდგენის თაობაზე, არ დადასტურდა მოსარჩელე მხარის ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რის გამოც, აღიარებითი სარჩელი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების გზით.
17. სსსკ-ის 55.2-ე მუხლის თანახმად მოსარჩელეებს, სახელმწიფო ბაჟის, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა დაეკისრებათ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 411-ე, 257.3-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს "ბ–ას", მ.ჟ–ას და ააიპ საქართველოს ფ-ს.კ. "დ–ს" სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. შპს "ბ–ას", მ.ჟ–ას და ააიპ საქართველოს ფ-ს.კ. "დ–ს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის გადახდა;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური