საქმე №ას-1102-2023 18 სექტემბერი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ლ.უ–ნი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ჩ–ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული შემოსავლის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე.ჩ–ას სარჩელი მოპასუხე ლ.უ–ის მიმართ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ.უ–ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კერძო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინების ასლი, გაეგზავნა ლ.უ–ს მის მიერ მითითებულ მისამართზე (ზუგდიდი, .......) და 2023 წლის 5 მაისს ჩაჰბარდა მითითებულ მისამართზე მყოფ პირს ნ.კ–იას, რაც დასტურდება ამ უკანასკნელის ხელმოწერით უკუგზავნილზე (ტ. 1, ს.ფ. 277). შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 6 მაისიდან და ამოიწურა ამავე წლის 17 მაისს (ოთხშაბათი). საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო საჩივარი შეტანილია 2023 წლის 16 აგვისტოს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ აღნიშნული განჩინება კურიერმა ჩააბარა კერძო საჩივრის ავტორთან მცხოვრებ ფსიქიკურად ავადმყოფ პირს ზ.გ–ძეს, რომლის მხარდამჭერიც არის ლ.უ–ი. განმცხადებლის განმარტებით, აღნიშნულმა პირმა სასამართლოს გზავნილი ოთახში დამალა და კერძო საჩივრის ავტორმა მხოლოდ 2023 წლის 12 აგვისტოს იპოვა აღნიშნული გზავნილი.
სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება. კერძოდ საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინების ასლი, გაეგზავნა ლ.უ–ს მის მიერ მითითებულ მისამართზე (ზუგდიდი, ........) და 2023 წლის 5 მაისს ჩაჰბარდა მითითებულ მისამართზე მყოფ პირს ნ.კ–ას, რაც დასტურდება ამ უკანასკნელის ხელმოწერით უკუგზავნილზე (ტ. 1, ს.ფ. 277).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინეს კერძო საჩივარი, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 416-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.უ–ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინებაზე, განუხილველად იქნეს დატოვებული;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი