Facebook Twitter

საქმე №ას-527-2023 15 სექტემბერი, 2023 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „კ.ვ–ზე“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ.ს–ძე, ზ.ვ–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „კ.ვ–ზე“-ს სარჩელი თ.ს–ძისა და ზ.ვ–ძის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 მარტის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 მაისის განჩინებით კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა, 8000 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.

ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელს, ი.ა–ს ჩაბარდა 2023 წლის 2 ივნისს.

2023 წლის 9 ივნისს, უზენაეს სასამართლოს მომართა კასატორის და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის 7 დღით გაგრძელება, რადგან კლინიკა 2023 წლის 15 ივნისამდე ელოდება ჯანმრთელობის დაცვის სამინისტოდან შესაბამისი თანხის ანაზღაურებას და განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოსწორება ვერ შეძლო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით, კასატორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების ვადა 7 დღით.

აღნიშნული განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელს ი.ა–ს ჩაბარდა 2023 წლის 29 ივნისს.

2023 წლის 5 ივლისს კასატორის წარმომადგენელმა მომართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გაგრძელება, ვინაიდან კლინიკას ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსგან არ მიუღია შესაბამისი ანაზღაურება, ამავდროულად კლინიკაში მიმდინარეობს შემოწმება და ვერ ღებულობენ პაციენტებს სამინისტროსგან დამოუკიდებლად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კლინიკა დამოკიდებულია სამინისტროსგან საბიუჯეტო თანხების ჩარიცხვაზე, რომელიც გაჭიანურდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივლისის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და 7 დღით გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადა.

საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი, ფოსტის მეშვეობით, კასატორის წარმომადგენელს ი.ა–ს გაეგზავნა, მის მიერ მითითებულ მისამართზე, და ჩაბარდა ადვოკატს გ.გ–ს 2023 წლის 1 აგვისტოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივლისის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და 7 დღით გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადა.

საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება, სსსკ-ის 70-ე და 74-ე მუხლების შესაბამისად, კასატორის წარმომადგენელს ი.ა–ს გაეგზავნა, მის მიერ მითითებულ მისამართზე, და ჩაბარდა ადვოკატს გ.გ–ს 2023 წლის 1 აგვისტოს.

დადგენილია, რომ კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 7 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 2 აგვისტოს და ამოიწურა ამავე წლის 8 აგვისტოს (სამშაბათი). ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2023 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "კ.ვ–ზე"-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი