საქმე №ას-339-2023 22 სექტემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „გ.რ–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.მ–ი (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში - მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება (ძირითად სარჩელში), ზიანის ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ა.მ–იმ (შემდგომ – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „გ.რ–ის“ (შემდგომ – მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი, კასატორი) მიმართ 447590,30 ლარის, 1500 აშშდოლარის, ასევე, 2019 წლის 28 ივნისიდან დავალიანების სრულ გადახდამდე ზიანის სახით დავალიანების - 447 590.30 ლარის წლიური 11%-ის გადახდის შესახებ.( იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, ტ.2, ს.ფ.29-30).
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის ნოემბერში მხარეები ზეპირად შეთანხმდნენ საერთო პროექტის შესრულებაზე, რომლის საგანს წარმოადგენდა ქ.ქუთაისში, ........ სასტუმროს მშენებლობა. პროექტის ფარგლებში მოსარჩელეს უნდა მოეხდინა 450 000 აშშ დოლარის ინვესტირება, რომლითაც მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (როგორც მოპასუხე აცხადებდა) აშენდებოდა სასტუმრო, ჩატარდებოდა რემონტი, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და სასტუმროს ინვენტარით აღჭურვა.
3. 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით მოსარჩელემ მოპასუხის საბანკო ანგარიშზე უფლებამოსილი პირების მეშვეობით შეიტანა სულ 447 590,3 ლარი და 1500 აშშ დოლარი. თანხის შეტანის დანიშნულებაში მიეთითა „საინვესტიციო თანხა, ა.მ–ი“.
4. მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, ამ ინვესტიციის ხარჯზე აეშენებინა სასტუმრო მის საკუთრებაში არსებულ 603კვ.მ ნაკვეთზე, მიეღო მშენებლობის ნებართვა, ჩაეტარებინა რემონტი, აღეჭურვა ინვენტარით, კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია. ასევე, პროექტის ფარგლებში მხარეთა თანასაკუთრება გახდებოდა დამატებით ორი მიწის ნაკვეთი იმავე მისამართზე. მხარეთა შეთანხმებით, აღნიშნული ინვესტიციის სანაცვლოდ, მოსარჩელეს თანასაკუთრებაში გადაეცემოდა მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობის 35%.
5. თანხის შეტანას მოპასუხის ანგარიშზე ახდენდა მოსარჩელის მიერ უფლებამოსილი პირი - თ.ც–ძე. ორ შემთხვევაში კი მიწოდებული საინვესტიციო თანხა შეიტანა თავად კომპანიის დირექტორმა.
6. 2019 წლის ივნისში მოსარჩელემ აღმოაჩინა, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც აშენდა შენობა-ნაგებობა, არ წარმოადგენდა მოპასუხის საკუთრებას და იყო მისი წარმომადგენლის ბებიის საკუთრება. მოპასუხეს მხოლოდ აღნაგობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული მასთან 50 წლის ვადით. პროექტში ჩართული მეორე ნაკვეთიც ირიცხებოდა ამავე პირის სახელზე, ხოლო 6599კვ.მ მესამე ნაკვეთი საერთოდ არ აღმოჩნდა რეგისტრირებული და მასზე ირიცხებოდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
7. ზეპირი შეთანხმებით, უნდა აშენებულიყო 4 სართული ქვემოთ და 3 სართული ნიშნულს ზემოთ, თუმცა, მოსარჩელესთან შეუთანხმებლად, მოპასუხემ ერთი სართული დაამატება ისე, რომ მასზე არც ხარჯთაღრიცხვა და არც მშენებლობის ნებართვა არ არსებობს. მოპასუხემ უსაფუძვლოდ მოითხოვა დამატებით ინვესტიცია 150 000 აშშ დოლარი და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 2 მიწის ნაკვეთის შეძენა დამატებით, რაზეც მხარეები შეთანხმებული არ ყოფილან. შესაბამისად, ინვესტიციის გაზრდა არ ყოფილა შეთანხმებული მხარეებს შორის და არც მოსარჩელის 35%, თანასაკუთრების სანაცვლოდ. ინვესტიციის განხორციელების საფუძველი სწორედ მიწის საკუთრებაში არსებობა იყო, სხვა ვითარებაში კი მოსარჩელე არ განახორციელებდა ინვესტირებას.
8. 2019 წლის წერილში მოპასუხე წერდა მოსარჩელეს, რომ ის საკუთრების უფლებით ფლობდა მიწის ნაკვეთს, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ამასთან, არსებული მშენებლობა არაა შესაბამისობაში ნებართვასთან და მისი მოცულობის გაზრდის გამო, შეთანხმებული 450000 აშშ დოლარის ინვესტიცია არაა საკმარისი პროექტის დასრულებისათვის, ასევე, არ არსებობს ხარჯთაღრიცხვა და უცნობია რა ხარჯებთან არის დაკავშირებული გაზრდილი მშენებლობა. არც მიწის ნაკვეთი და არც შენობა-ნაგებობის 35% არ არის აღრიცხული მოსარჩელის და მოპასუხის თანასაკუთრებაში ისე, როგორც იყო შეთანხმებული. მოპასუხემ შეცდომაში შეიყვანა მოსარჩელე, თითქოს მიწის ნაკვეთები იყო მისი საკუთრება.
9. მოსარჩელე თანახმა იყო, მომხდარიყო მხარეებს შორის ურთიერთობის დარეგულირება, გაფორმებულიყო საინვესტიციო ხელშეკრულება, კომპანიის წესდება და მომხდარიყო პარტნიორთა შეთანხმება, თანახმა იყო ინვესტიციის გაზრდაზე, თუ მოხდებოდა მისი წილის გაზრდაც, რაზეც მოპასუხე მხარემ უარი განაცხადა.
10. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, შესაბამისად, ის უფლებამოსილია, მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა.
11. გარდა ამისა, მოპასუხემ უარი განუცხადა თანხის დაბრუნებაზე, რითაც მოსარჩელეს ადგება ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით. ამ პერიოდის განმავლობაში სადავო თანხის ბანკის დეპოზიტზე/ანაბარზე განთავსებით მიიღებდა გარანტირებულ შემოსავალს. მოსარჩელის მიერ თანხის დაბანდება სწორედ შემოსავლის მიღების მიზნით ხდებოდა. ასეთ შემთხვევაში ის გარანტირებულად მიიღებდა თანხის წლიურ 11%-ს, რაც წლიურად შეადგენს 49234,933 ლარს, ხოლო თვეში 4102,91 ლარს, რომლის გადახდაც ასევე უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
მოპასუხისა და შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია:
12. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ხოლო სასამართლოს სხდომაზე კი მიუთითა, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობდა ერთობლივი საქმიანობიდან. მათ შეთანხმება არ დაურღვევიათ, არსებული მდგომარეობა იმთავითვე ცნობილი იყო მოსარჩელისათვის. ამასთან, მოპასუხემ ჩარიცხული თანხები სრულად გამოიყენა სასტუმროს მშენებლობისათვის. მოსარჩელის მიერ გაღებული თანხები იყო ინვესტიცია და არა სესხი და მისი დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. მოპასუხემ ასევე შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა ზეპირი საინვესტიციო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევითა და საინვესტიციო თანხის არასტაბილური მიწოდებით შეგებებული სარჩელის ავტორისათვის მიყენებული ზიანის - 579 716 ლარის გადახდა, ასევე, მოცდენითა და სამუშაოების შეჩერებით გამოწვეული ყოველდღიური ზიანის - 2480 ლარის ანაზღაურება 2019 წლის 25 მაისიდან 28 ივნისამდე, სასამართლოში სარჩელის აღძვრის პერიოდისათვის, 33 დღეზე, სულ - 81840 ლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
13. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით როგორც ძირითადი, ისე შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ორივე მხარემ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა და ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 447590,30 ლარისა და 1500 აშშდოლარის ანაზღაურება, მოპასუხის სააპელაციო საჩივარს ეთქვა უარი, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
15. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2018 წლის ოქტომბერში მხარეებს შორის ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მოსარჩელე გადარიცხავდა 450000 აშშ დოლარს ქ.ქუთაისში, .......... ქ. №7-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე 4-სართულიანი სასტუმროს მშენებლობისათვის, რომელსაც გაუძღვებოდა მოპასუხე. სანაცვლოდ, მოსარჩელეს საკუთრებაში უნდა მიეღო შენობისა და მიწის ნაკვეთის 25 % (ან 35 %).
16. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შეთანხმება მოიცავდა უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის და შენობის) საკუთრებაში გადაცემას, ის არ იყო გაფორმებული წერილობითი ფორმით და მხარეებმა მხოლოდ ზეპირად მოილაპარაკეს.
17. საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად, ქ. ქუთაისში, .......... ქუჩასა და რაიონული მნიშვნელობის საპროექტო პარკს შორის მდებარე ტერიტორია (ნაკვეთი 1-1-1-1), ს/კ №.........., 679 კვ.მ დაზუსტებული ფართი და ნაკვეთი 2, ს/კ. №.........., 613 კვ.მ დაზუსტებული ფართი რეგისტრირებულია მოპასუხის საკუთრებად, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ვალდებულებებით მესამე პირების მიმართ.
18. ქ. ქუთაისში, .......... ქ. №7-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 603 კვ.მ, ს/კ №..........რეგისტრირებულია ნ.ქ–ძის საკუთრებად. მის სახელზე ირიცხება ამავე მისამართზე მდებარე 599.30 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ №..........2018 წლის 21 აგვისტოს ფიზიკურ პირ ნ.ქ–ძესა და მოპასუხე კომპანიის დირექტორთ.კ–ას შორის გაფორმდა აღნაგობის ხელშეკრულება 50 წლის ვადით, ქ. ქუთაისში, .......... ქ. №7-ში მდებარე 603 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ს/კ .........., შენობა-ნაგებობის (სასტუმროს) აღმართვის პირობით.
19. ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2018 წლის 17 აგვისტოს №ბ02.02182296 ბრძანებით, ნ.ქ–ძის განცხადების საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა მიწის ნაკვეთზე საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტის (სასტუმრო) ასაშენებლად, წარდგენილი პროექტის შესაბამისად.
20. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხეს მოსარჩელისაგან 2018 წლის 19 ნოემბრიდან 2019 წლის ივნისამდე მიღებული აქვს 156 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. სარჩელს ერთვის „ანგარიშზე შემოსავლის დოკუმენტები“, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს გადაურიცხა შემდეგი თანხა: 2018 წლის 22 ნოემბერს - 52 250,40 ლარი; 2018 წლის 30 ნოემბერს - 5340 ლარი; 2018 წლის 06 დეკემბერს - 21 200 ლარი; 2018 წლის 13 დეკემბერს - 15 930 ლარი; 2018 წლის 19 დეკემბერს - 10620 ლარი; 2018 წლის 26 დეკემბერს - 7980 ლარი; 2018 წლის 27 დეკემბერს - 18 068 ლარი; 2019 წლის 08 იანვარს - 26 334 ლარი; 2019 წლის 21 იანვარს - 18 447 ლარი; 2019 წლის 23 იანვარს - 6637,50 ლარი; 2019 წლის პირველ თებერვალს - 7950 ლარი; 2019 წლის 6 თებერვალს - 10 580 ლარი; 2019 წლის 12 თებერვალს - 26 278,60 ლარი; 2019 წლის 22 თებერვალს - 3978 ლარი; 2019 წლის 25 თებერვალს - 39 926 ლარი; 2019 წლის 4 მარტს - 13 282,95 ლარი; 2019 წლის 11 მარტს - 2680 ლარი; 2019 წლის 25 მარტს - 21 416 ლარი; 2019 წლის 18 მარტს - 29 774,80 ლარი; 2019 წლის 10 აპრილს - 37 632 ლარი; 2019 წლის 22 აპრილს - 8085 ლარი; 2019 წლის 24 აპრილს - 18 858 ლარი; 2019 წლის 28 მაისს - 13 915 ლარი; 2019 წლის 15 მარტს - 22 700 ლარი; 2019 წლის 15 მარტს 1500 აშშ დოლარი.
21. მითითებული თანხის ჯამი მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის ოდენობას შეესაბამება.
22. საქმეში წარმოდგენილი აქტებისა და ფოტოსურათების მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ დაიწყო სამუშაოები სასტუმროს მშენებლობისათვის, 2018 წლის პირველი ნოემბრისათვის დასრულებული იყო მიწის სამუშაოები, მომდევნო ეტაპის მშენებლობის განსახორციელებლად. შესაბამისად, გაგრძელდა სამუშაოები მე-4 სართულის მზიდი კონსტრუქციების მოწყობის ჩათვლით.
23. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოპასუხეს უარი უთხრა 2020 წლის 26 მარტს ქ. ქუთაისში, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდები: ..........; ..........; .......; ........) მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის მიზნით, განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის შეთანხმებასა და განაშენიანების ინტენსივობის კ2 კოეფიციენტის 3,5-მდე გაზრდაზე ამ პარამეტრის ფარგლებშიწარდგენილი დასაბუთების საფუძველზე. საბჭოს სხდომის №1-11/20 ოქმის საფუძველზე განიმარტა, რომ ტერიტორიაზე შესაძლებელია წინა საბჭოს რეკომენდაციით განსაზღვრულ გეგმარებით არეალზე გდგ-ს დამუშავება განხორციელდეს საცხოვრებელი ზონა-4-ით დადგენილი პარამეტრებით და პირობებით. შესაბამისად გდგ-ს ინიცირება და დავალების გაცემაც შესაძლებელია სზ-4-ის საფუძველზე.
24. დღეის მდგომარეობით შენობა-ნაგებობა არის 6 სართული.
25. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) მე-4 მუხლის პირველი ნაწილით, 102-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ხელშეკრულების ნამდვილობისათვის რაიმე განსაკუთრებული ფორმის დაცვა საჭირო არ არის. ხელშეკრულება ძალაში მას შემდეგ შედის, რაც მხარეები შესაბამის პირობებზე, თუნდაც ზეპირი მოლაპარაკებების გზით, შეთანხმდებიან. ხელშეკრულების დასადებად, ცალკეულ შემთხვევაში, ზეპირი მოლაპარაკებებით შესაბამისი პირობების განსაზღვრაც არ არის აუცილებელი. შესაძლოა, მხარეთა კონკლუდენტური ქმედებებიდანაც ირკვეოდეს, რომ მათ შორის ხელშეკრულება დაიდო.
26. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ხელშეკრულების ფორმასთან დაკავშირებითაც მოქმედებს სახელშეკრულებო ფორმის თავისუფლების პრინციპი, თუმცა ეს პრინციპი შეუზღუდავი არ არის. ცალკეულ შემთხვევებში კანონი ადგენს ფორმას, რომლის დაცვაც კონკრეტული ტიპის ხელშეკრულებების ნამდვილობისათვის აუცილებელია. მხარეებსაც შეუძლიათ, გაითვალისწინონ ხელშეკრულების რაიმე ფორმა, როგორც მისი ძალაში შესვლის აუცილებელი წინაპირობა. კანონმდებელი გარკვეულ წესებს ხელშეკრულების ფორმასთან დაკავშირებით ისეთ შემთხვევებში განსაზღვრავს, როდესაც თავად სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად არის ამის საჭიროება და ფორმის დაწესებას შესაბამისი მიზანი გააჩნია.
27. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (შემდგომში სსკ-ი) განსაზღვრავს ხელშეკრულების ტიპებს, რომელთა ნამდვილობისათვის საჭიროა, რომ ისინი დაიდოს წერილობითი ფორმით. თავის მხრივ, წერილობითი ფორმა იყოფა რთულ (სანოტარო) წერილობით და მარტივ წერილობით ფორმებად. ამასთან, როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევას სავალდებულოდ ადგენს, ამით მას სურს განსაზღვრული მიზნის მიღწევა. იმპერატიული ნორმები ასახავენ კანონმდებლის მიდგომას კონკრეტული ქცევის მიზანსა და მიზანშეწონილობაზე. მართლმსაჯულება კანონმდებლის განზრახვას ვერ გასცდება მაშინაც კი, როდესაც კანონმდებლის მიერ სამართლის ნორმის შინაარსის დაკონკრეტებისა და ლეგიტიმური ცვლილებებისათვის კანონში ღია სივრცეა დატოვებული. იმპერატიული ნორმების დადგენის შემთხვევაში კანონმდებელი ქცევის მხოლოდ ამ სახით განხორციელების სავალდებულოობას ადგენს და მათ არსებობას, როგორც წესი, სხვა ზოგადსამართლებრივ პრინციპებთან ერთად საფუძვლად უდევს სამართლებრივი უსაფრთხოებისა და კერძო სფეროში ნდობის დაცვის პრინციპი. უძრავ ნივთზე დადებული ვალდებულებითი გარიგების ფორმასავალდებულოობა ნათლად წარმოაჩენს კანონმდებლის მიზანს - უძრავი ნივთების სპეციალურ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევით ხელი შეუწყოს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას (იხ. სუსგ 14.07.2021, საქმე №ას-174-2021).
28. სააპელაციო პალატის განმარტებით, სსკ-ის 323-ე მუხლი, თავისი ბუნებით, იმპერატიული ნორმაა, რომლის მიზანი, როგორც ზოგადად ყველა იმპერატიული ნორმების შემთხვევაში ხდება, კერძო უფლებათა დაცვის უზრუნველყოფაშია. წერილობითი ფორმის დროს სავალდებულოა წერილობით მომზადებულ დოკუმენტზე მხარეთა მიერ საკუთარი ხელმოწერები. როგორც წესი, მთელი ხელშეკრულება მოითხოვს წერილობით ფორმას, თუკი მისი ერთი დებულება მაინც წერილობით უნდა გაფორმდეს. მაგალითად, თუკი ნარდობის ხელშეკრულებით ერთ-ერთმა მონაწილემ იკისრა უძრავი ნივთის გადაცემის ვალდებულება, მაშინ მთელი ხელშეკრულება წერილობით უნდა გაფორმდეს.
29. ნამდვილი გარიგებისგან განსხვავებით, გარიგება ბათილია, თუკი მას შედეგად არ მოჰყვება გარიგების მონაწილეების მიერ დასახული მიზანი იმის გამო, რომ მოქმედი სამართალი გამოვლენილ ნებასა და განხორციელებულ ქმედებას სამართლებრივად უვარგისად მიიჩნევს. ასეთი გარიგება არ წარმოშობს დასახულ სამართლებრივ შედეგებს არც მხარეთათვის და არც მესამე პირთათვის.
30. ფორმის დაუცველად დადებული გარიგება უცილოდ ბათილი (არარა) გარიგებაა და იგი ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან. ასეთ შემთხვევაში ბათილობა კანონით არის განსაზღვრული და მისი გამოსწორების შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს. გარიგების ბათილობის სამართლებრივი შედეგია ზიანის ანაზღაურება ან გარიგების საფუძველზე მიღებულის უკან დაბრუნება.
31. როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარეთა შორის არსებული შეთანხმება გულისხმობდა უძრავ ნივთზე საკუთრების, ერთი მხრივ, გადაცემას, ხოლო, მეორე მხრივ, შეძენას. შეთანხმება არ ყოფილა გაფორმებული წერილობითი ფორმით.
32. სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მხარეთა შორის 2018 წლის ოქტომბერში მიღწეული ზეპირი შეთანხმება, რომლის თანახმად მოსარჩელეს უნდა გადმოერიცხა 450 000 აშშ დოლარი, ქ. ქუთაისში, .......... ქ. №7-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე 4-სართულიანი სასტუმროს მშენებლობისათვის, რომელსაც გაუძღვებოდა მოპასუხე, თანხის გადმორიცხვის სანაცვლოდ კი, მოსარჩელეს უნდა მიეღო საკუთრებაში შენობისა და მიწის ნაკვეთის 25% (ან 35 %) ბათილია, როგორც აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება. მითითებული გარიგების ბათილად ცნობის პირობებში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს შესრულების კონდიქცია წარმოადგენს, რაც სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარეობს.
33. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 447 590,3 ლარისა და 1500 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმები. ამ სარჩელის ფარგლებში დასადგენია, ადგილი აქვს თუ არა, ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე, რომელიც, თავის მხრივ, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის მის დაბრუნებას.
34. სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიზნიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ, მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე.
35. ამავე კოდექსის 982.1 მუხლის თანახმად პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.
36. განსახილველ შემთხვევაში ის გარიგება, რომელიც საფუძვლად ედო მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის თანხის გადარიცხვას, ბათილად იქნა ცნობილი. შესაბამისად, მოპასუხემ ის უსაფუძვლოდ მიიღო და გამდიდრდა. მითითებულის გათვალისწინებით მოსარჩელის მოთხოვნა სრულად გამომდინარეობს სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 979-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან და უნდა დაკმაყოფილდეს.
37. რაც შეეხება მოპასუხის შეგებებული სარჩელის მოთხოვნას მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურების სახით თანხის დაკისრების შესახებ, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მხარეთა შორის ზეპირი ფორმით არსებული გარიგების ბათილად ცნობის გამო, შეგებებული სარჩელის მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა. მოპასუხეს არაფერი გადაუცია მოსარჩელისათვის, შესაბამისად, დაბრუნების ვალდებულებაც ვერ დადგინდება.
38. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში არსებითად სწორია და უცვლელად უნდა იქნას დატოვებული.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
39. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
40. კასატორმა მიიჩნია, რომ არსებობს სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. ამავდროულად, მოცემული საკასაციო საჩივრის განხილვა მნიშნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლოს პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. სააპელაციო პალატამ დაარღვია სსსკ-ის მე-5 მუხლისა და 105-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესები და არ იმსჯელა მოპასუხის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე.
41. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სსკ-ის 323-ე და 54-ე მუხლები, ხოლო არამართლზომიერად არ იხელმძღვანელა 329-ე მუხლით. წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო პალატა დაადგენდა, რომ მოსარჩელის მიმართ წინადადება, 450 000 აშშ დოლარის გადარიცხვის შემდეგ მოპასუხეს აეშენებინა 4-სართულიანი სასტუმრო და ნ.ქ–ძესთან დაედო აღნაგობის ხელშეკრულება, წარმოადგენდა ოფერტს ერთობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
42. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტები ასევე ადასტურებდა, რომ 2018 წლის 22 ნოემბერს 52 250 ლარისა და შემდგომ პერიოდულად 2019 წლის ივნისამდე 156 000 აშშ დოლარის მოპასუხის ანგარიშზე ჩარიცხვით მოსარჩელემ განახორციელა აქცეპტი. სააპელაციო სასამართლოს სათანადოდ არ შეუფასებია არც მოპასუხის მიერ 2019 წლის აპრილში ელექტრონულად გადაგზავნილი საინვესტიციო ხელშეკრულება შეცვლილი პირობებით, რომელიც წარმოადგენდა ახალ ოფერტს და მასზე თანხმობის განუცხადებლობა არ აძლევდა უფლებას მოსარჩელეს, ნოემბრის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობის შესაბამისად, სასტუმროს მშენებლობისა და მოწყობისათვის არ ჩაერიცხა დარჩენილი 292 500 აშშ დოლარი.
43. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატას უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 938-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადება, რადგან მოცემულ შემთხვევაში აშკარაა ზიანის მიყენების ფაქტი, 10 თვეში 2019 წლის სექტემბრამდე ასაშენებელი და ექსპლუატაციაში მისაღები სასტუმრო ჯერაც დაუსრულებელია. შესაბამისად, მოპასუხეს ზიანი მიადგა არა მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, არამედ შემდგომი პერიოდისათვისაც მიუღებელი შემოსავლის სახით. გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ არ გამოიყენა არც 992-ე მუხლი და უგულებელყო 391-ე მუხლის, 394-ე მუხლის პირველისა და 57-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესები.
44. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებული შეთანხებით, თანხის გადარიცხვის სანაცვლოდ, მოსარჩელეს საკუთრებაში უნდა მიეღო შენობისა და მიწის ნაკევთის 25% (35%). საქმეში წარმოდგენილ არცერთ საინვესტიციო ხელშეკრულებაში სასტუმროს ქვეშ არსებული მიწის მოპასუხის საკუთრებაში გადაცემა ნახსენები არ არის, პირიქით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნ.ქ–ძის კუთვნილი მიწის ნაკვეთი აღნაგობის უფლებით დაიტვირთებოდა. მიწის საკუთრებაში გადაცემის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა დაფიქსირებულია მხოლოდ მოპასუხის მიერ მისთვის გადაგზავნილი 2019 წლის 10 მაისის წერილის საპასუხოდ, სატელეფონო შეტყობინებით მოსარჩელემ დაადასტურა მზაობა 2019 წლის აპრილში საინვესტიციო ხელშეკრულების შესრულებაზე გარკვეული კორექტირებით, თუმცა მოგვიანებით მოსარჩელემ შეცვალა საკუთარი პოზიცია და სარჩელი აღძრა სასამართლოში.
45. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 20223 წლის 22 ივნისის განჩინებით ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის სამართლებრივი საფუძვლით (საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას).
46. წინამდებარე საქმეზე უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინებით მხარეთა შორის მორიგების მიღწევის მიზნით დაინიშნა საკასაციო საჩივრის ზეპირი განხილვა სასამართლოს სხდომაზე იმავე წლის 12 ივლისს და მხარეებს მიეცათ გონივრული დრო მორიგების მიაღწევად, თუმცა, მხარეთა შორის მორიგება ვერ შედგა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
47. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
48. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება).
49. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის ოქტომბერში მხარეებს შორის არსებული ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მოსარჩელე 450000 აშშ დოლარს გადარიცხავდა ქ.ქუთაისში, .......... ქ.№7-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე 4-სართულიანი სასტუმროს მშენებლობისათვის, რომელსაც გაუძღვებოდა მოპასუხე.
50. მოპასუხეს მოსარჩელისაგან 2018 წლის 19 ნოემბრიდან 2019 წლის ივნისამდე მიღებული აქვს 156 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. სარჩელს ერთვის „ანგარიშზე შემოსავლის დოკუმენტები“, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს გადაურიცხა შემდეგი თანხა: 2018 წლის 22 ნოემბერს - 52 250,40 ლარი; 2018 წლის 30 ნოემბერს - 5340 ლარი; 2018 წლის 06 დეკემბერს - 21 200 ლარი; 2018 წლის 13 დეკემბერს - 15 930 ლარი; 2018 წლის 19 დეკემბერს - 10620 ლარი; 2018 წლის 26 დეკემბერს - 7980 ლარი; 2018 წლის 27 დეკემბერს - 18 068 ლარი; 2019 წლის 08 იანვარს - 26 334 ლარი; 2019 წლის 21 იანვარს - 18 447 ლარი; 2019 წლის 23 იანვარს - 6637,50 ლარი; 2019 წლის პირველ თებერვალს - 7950 ლარი; 2019 წლის 6 თებერვალს - 10 580 ლარი; 2019 წლის 12 თებერვალს - 26 278,60 ლარი; 2019 წლის 22 თებერვალს - 3978 ლარი; 2019 წლის 25 თებერვალს - 39 926 ლარი; 2019 წლის 4 მარტს - 13 282,95 ლარი; 2019 წლის 11 მარტს - 2680 ლარი; 2019 წლის 25 მარტს - 21 416 ლარი; 2019 წლის 18 მარტს - 29 774,80 ლარი; 2019 წლის 10 აპრილს - 37 632 ლარი; 2019 წლის 22 აპრილს - 8085 ლარი; 2019 წლის 24 აპრილს - 18 858 ლარი; 2019 წლის 28 მაისს - 13 915 ლარი; 2019 წლის 15 მარტს - 22 700 ლარი; 2019 წლის 15 მარტს 1500 აშშ დოლარი. მითითებული თანხის ჯამი მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის ოდენობას შეესაბამება.
51. ქ.ქუთაისში, .......... ქუჩასა და რაიონული მნიშვნელობის საპროექტო პარკს შორის მდებარე ტერიტორია (ნაკვეთი 1-1-1-1), ს/კ: №.........., 679 კვ.მ დაზუსტებული ფართი და ნაკვეთი 2, ს/კ: №.........., 613 კვ.მ დაზუსტებული ფართი რეგისტრირებულია მოპასუხის საკუთრებად, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ვალდებულებებით მესამე პირების მიმართ.
52. ქ.ქუთაისში, .......... ქ.№7-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 603 კვ.მ, ს/კ №..........რეგისტრირებულია ნ.ქ–ძის საკუთრებად. მის სახელზე ირიცხება ამავე მისამართზე მდებარე 599.30 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ: №..........
53. 2018 წლის 21 აგვისტოს ფიზიკურ პირ ნ.ქ–ძესა და მოპასუხე კომპანიის დირექტორ თ.კ–ას შორის გაფორმდა აღნაგობის ხელშეკრულება 50 წლის ვადით, ქ. ქუთაისში, .......... ქ. №7-ში მდებარე 603 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ს/კ .........., შენობა-ნაგებობის (სასტუმროს) აღმართვის პირობით.
54. ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2018 წლის 17 აგვისტოს №ბ02.02182296 ბრძანებით, ნ.ქ–ძის განცხადების საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა მიწის ნაკვეთზე საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტის (სასტუმრო) ასაშენებლად, წარდგენილი პროექტის შესაბამისად.
55. მოპასუხემ დაიწყო სამუშაოები სასტუმროს მშენებლობისათვის, 2018 წლის პირველი ნოემბრისათვის დასრულებული იყო მიწის სამუშაოები, მომდევნო ეტაპის მშენებლობის განსახორციელებლად. შესაბამისად, გაგრძელდა სამუშაოები მე-4 სართულის მზიდი კონსტრუქციების მოწყობის ჩათვლით.
56. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოპასუხეს უარი უთხრა 2020 წლის 26 მარტს ქ. ქუთაისში, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (ს/კ: ..........; ..........; .......; .........) მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის მიზნით, განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის შეთანხმებასა და განაშენიანების ინტენსივობის კ2 კოეფიციენტის 3,5-მდე გაზრდაზე ამ პარამეტრის ფარგლებში წარდგენილი დასაბუთების საფუძველზე. საბჭოს სხდომის №1-11/20 ოქმის საფუძველზე განიმარტა, რომ ტერიტორიაზე შესაძლებელია წინა საბჭოს რეკომენდაციით განსაზღვრულ გეგმარებით არეალზე გდგ-ს დამუშავება განხორციელდეს საცხოვრებელი ზონა-4-ით დადგენილი პარამეტრებით და პირობებით. შესაბამისად გდგ-ს ინიცირება და დავალების გაცემაც შესაძლებელია სზ-4-ის საფუძველზე.
57. შენობა-ნაგებობა არის 6 სართული.
58. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა, გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
59. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
60. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა. სადავო ურთიერთობის შეფასებისას, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო არაა შებოჭილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებით, შესაბამისად, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გამოარკვევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, იგი ვალდებულია, ეს გარემოებები თავად შეაფასოს სამართლებრივად სწორად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
61. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80.).
62. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს, იმ საკითხის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შემოაწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით).
63. წინამდებარე საქმეში თავდაპირველი სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისათვის 447590,30 ლარის, 1500 აშშდოლარის, ასევე, 2019 წლის 28 ივნისიდან დავალიანების სრულ გადახდამდე ზიანის სახით დავალიანების - 447 590.30 ლარის წლიური 11%-ის გადახდის დაკისრება, რასაც მოპასუხემ დაუპირიპირა შეგებებული სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ, რაც შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით განპირობებული ზეპირი საინვესტიციო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევითა და საინვესტიციო თანხის არასტაბილური მიწოდებით.
64. მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ უარყო თავდაპირველი და შეგებებული სარჩელები, რაც ნაწილობრივ შეცვალა სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 447590,30 ლარის და 1500 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება, ხოლო შეგებებული სარჩელის უარყოფის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
65. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაცია, რაც მითითებულია ამავე განჩინების პპ: 16, 32-36 -შია მითითებული, იმაში მდგომარეობს, რომ მხარეთა შორის არსებული შეთანხმება გულისხმობდა უძრავ ნივთზე საკუთრების, ერთი მხრივ, გადაცემას, ხოლო, მეორე მხრივ, შეძენას. შეთანხმება არ ყოფილა გაფორმებული წერილობითი ფორმით, რაც სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია, როგორც აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება. გარიგების ბათილად ცნობის პირობებში, თავდაპირველი სარჩელით მოთხოვნილი 447590,30 ლარისა და 1500 აშშდოლარის მოპასუხისათვის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლად მითითებული იქნა სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.
66. რაც შეეხება შეგებებული სარჩელის უარყოფის ნაწილში წარდგენილ მოპასუხის სააპელაციო პრეტენზიას (იხ., ამ განჩინების პ.38), სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ზეპირი ფორმით არსებული გარიგების ბათილად ცნობის გამო, შეგებებული სარჩელის მოთხოვნას მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურების სახით თანხის დაკისრების შესახებ, სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა. მოპასუხეს არაფერი გადაუცია მოსარჩელისათვის, შესაბამისად, დაბრუნების ვალდებულებაც ვერ დადგინდება.
67. საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველი საკასაციო პრეტენზია წარმოდგენილი იქნა, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეუფასებლობის საპროცესო სამართლებრივი საფუძვლით [სსსკ-ის 105-ე, 407.1, 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 396-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი].
68. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატას უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 938-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადება, რადგან მოცემულ შემთხვევაში, აშკარაა ზიანის მიყენების ფაქტი, 10 თვეში 2019 წლის სექტემბრამდე ასაშენებელი და ექსპლუატაციაში მისაღები სასტუმრო ჯერაც დაუსრულებელია. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, არასწორადაა დადგენილი, რომ მხარეთა შორის არსებული შეთანხებით, თანხის გადარიცხვის სანაცვლოდ, მოსარჩელეს საკუთრებაში უნდა მიეღო შენობისა და მიწის ნაკევთის 25% (35%). საქმეში წარმოდგენილ არცერთ საინვესტიციო ხელშეკრულებაში სასტუმროს ქვეშ არსებული მიწის მოპასუხის საკუთრებაში გადაცემა ნახსენები არ არის, პირიქით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნ.ქ–ძის კუთვნილი მიწის ნაკვეთი აღნაგობის უფლებით დაიტვირთებოდა. მიწის საკუთრებაში გადაცემის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა დაფიქსირებულია მხოლოდ მოპასუხის მიერ მისთვის გადაგზავნილი 2019 წლის 10 მაისის წერილის საპასუხოდ, სატელეფონო შეტყობინებით მოსარჩელემ დაადასტურა მზაობა 2019 წლის აპრილში საინვესტიციო ხელშეკრულების შესრულებაზე გარკვეული კორექტირებით (იხ., ამ განჩინების პ: 43, 45).
69. საკასაციო სასამართლო ეთანხმება პრინციპს, რომ მოთხოვნის საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. ამგვარი მიდგომა გამომდინარეობს სამართალაში დამკვიდრებული პრინციპიდან: „jura novit curia“ (სასამართლომ იცის კანონი).
70. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ, კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. საკასაციო პალატა განამარტავს, რომ სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ყველაზე ნათლად ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება.
71. ხელშეკრულების თავისუფლება ეფუძნება მხარეთა სურვილს, დაამყარონ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების თავისუფლება ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ხელშეკრულების დადების თავისუფლება; ბ) ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება (შდრ: ირმა გელაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III მუხლი 319, ველი 8, თბილისი, 2019; სერგი ჯორბენაძე, ხელშეკრულების თავისუფლება სამოქალაქო სამართალში, თბილისი, 2017, გვ.103.; ეკატერინე ბაღიშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III მუხლი 327, ველი 3, თბილისი, 2019).
72. მხარეთა ავტონომიურობის პრინციპს აშკარად ასახავს ზემოხსენებული ნორმით აღიარებული კერძო სამართლის სუბიექტთა უფლება – დადონ ისეთი ხელშეკრულება, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის ვალდებულებითი სამართლით გათვალისწინებულ ხელშეკრულებათა სახეები ამომწურავი არ არის და მხარეებს, ამავე კოდექსის განხილული ნორმის შესაბამისად, ხელშეკრულების თავისუფლების ფარგლებში, შეუძლიათ, დადონ მათთვის სასურველი შინაარსის და კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ხელშეკრულება.
73. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო სამართლის სუბიექტთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის გადამწყვეტია ამ სუბიექტთა ნამდვილი ნების გამოვლენა, რომლის საფუძველზე დადგენილი ფაქტების სამართლებრივი კვალიფიკაცია სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს.
74. განსახილველ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები მასზედ, რომ მხარეებს შორის ზეპირი ფორმით დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ისინი შეთანხმდნენ: ა.მ–ი განახორციელებდა 450000 აშშ დოლარის გადმორიცხვას შპს ,,გრანდ რესპექთისთვის’’, მიწის ნაკვეთის შეძენისა და 4 სართულიანი (3 სართული ზემოთ და 1 სართული ქვემოთ) სასტუმროს ასაშენებლად, ხოლო კომპანია (მოპასუხე) აწარმოებდა მშენებლობას ამ მიწის ნაკვეთზე 10 თვის განმავლობაში, დაასრულებდა მას.
75. ასევე დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელემ კომპანიას გადმოურიცხა 447590.0 ლარი (156 000 აშშ დოლარი) და 1500 აშშ დოლარი, და არა შეთანხმებული 450000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
76. შენობის აშენება 10 თვეში ვერ დასრულდა. ამჟამად შენობა ექვსსართულიანია (5 სართული ზემოთ და 1 სართული ქვემოთ-0). შესაბამისად გაზრდილია მისი ღირებულებაც, რაც შეადგენს 600000 აშშ დოლარს.
77. მხარეთა შორის სადავოა მათ შორის არსებული შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობა, შეუსრულებლობის განმაპირობებელი მიზეზები და დამდგარი შედეგი.
78. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხელშეკრულებათა განმარტების სფეციფიკა განპირობებულია ურთიერთობათა ორმხრივი (მრავალმხრივი) ხასიათით, დისპოზიციური ნორმების გამოყენებით, სავაჭრო და საქმიანი ჩვეულებებითა და ტრადიციებით, მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით, იმპერატიული ნორმების მოთხოვნათა გათვალისწინების აუცილებლობით და ა.შ. ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარსის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს.
79. სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს.
80. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა სსკ-ის 930-ე მუხლის მიხედვით, უნდა შეფასდეს როგორც ერთობლივი საქმიანობა. მითითებული ნორმის შესაბამისად, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს, ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად. ხოლო ამავე კოდექსის 932-ე მუხლის მიხედვით - მონაწილეებმა უნდა შეიტანონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესატანები. თუ ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შესატანის ოდენობა, თითოეული მონაწილე მოვალეა შეიტანოს იგი თანაბრად. შესატანი შეიძლება შეტანილ იქნეს როგორც ქონებით, ასევე მომსახურების გაწევით. თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, შესატანები წარმოადგენს მონაწილეთა საერთო საკუთრებას.
81. ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო კოდექსი არ აკონკრეტებს ხელშეკრულების ამ ტიპისათვის განსაზღვრული მიზნის შინაარსს. ამდენად, გარიგების მხარეთა ინტერესს, შესაძლებელია, წარმოადგენდეს კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი მიზანი, მათ შორის, გარკვეული მოგების მიღების სურვილი. საერთო მიზნის არსებობა გარიგების მთავარ წინაპირობას წარმოადგენს. ამხანაგობის წევრთა უფლება-ვალდებულებები ემსგავსება ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ურთიერთობებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ისეთ უფლება-ვალდებულებებს, რაც დამახასიათებელია კოლექტიური გაერთიანებისათვის, რომელსაც ახასიათებს კორპორაციული სტრუქტურის ისეთი თვისებები, რომელიც მოიცავს, როგორც ორგანიზაციულ, ასევე, ქონებრივ ელემენტებს. ზუსტად ასეთი ტიპის გაერთიანება წარმოადგენს გარკვეულწილად იმ საშუალებათა ერთობას, რითაც საბოლოოდ უზრუნველყოფილია ამ გაერთიანების მონაწილეთა მიერ დასახული მიზნის მიღწევა. ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების თავისებურება იმაში ვლინდება, რომ დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მონაწილე პირთა ერთობლივი საქმიანობით“ ( იხ. სუსგ №ას-866-808-2017, 17 ოქტომბერი, 2017 წელი).
82. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის მიღწეული ზეპირი შეთანხმებით დგინდება ურთიერთობის ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებად შეფასების არსებითი ნიშნები, კერძოდ: სუბიექტები ისახავენ ერთიან (საერთო) მიზანს; ასრულებენ ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელ მოქმედებებს; შენატანების საფუძველზე საერთო წილობრივი საკუთრების ქონებას ქმნიან; საქმიანობიდან წარმოშობილი ზიანისა და ხარჯების განაწილებას ერთობლივად კისრულობენ და ინაწილებენ მიღებულ შედეგებს. ირკვევა, რომ ზეპირი ხელშეკრულება მოიცავს მოსარჩელის ფინანსების საფუძველზე, მოპასუხის მიერ მომსახურების გაწევას, მიწის ნაკვეთზე მშენებლობის განხორციელებას და მისი დასრულების შემდეგ მასზე წილის შეძენის პირობებს. თავდაპირველი მოსარჩელის განმარტებებიდან დგინდება, რომ მიერ ზეპირი ფორმით დადებული ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, იგი დათანხმდა ამხანაგობის ხელშეკრულების პირობებს და სხვა წევრებთან ერთად გაერთიანდა იმავე მიზნის მისაღწევად, ამასთანავე, იკისრა შესატანის შეტანის ვალდებულება, რაც საერთო მიზნის მიღწევის საშუალებაა (სსკ-ის 932-ე მუხლი).
83. ამასთან, კასატორი აპელირებს სსკ-ის 938-ე მუხლზე, რომლის მიხედვით თუ ხელშეკრულება პირდაპირ არ განსაზღვრავს ერთობლივი საქმიანობის ვადას, ყოველ მონაწილეს ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას ერთობლივ საქმიანობაში მონაწილეობაზე. ხელშეკრულებიდან გასვლა დაუშვებელია ისეთ დროს ან ისეთ გარემოებაში, რომელიც საზიანო იქნება ერთობლივი საქმიანობისათვის. თუ მონაწილეთა შეთანხმებით განსაზღვრულია ერთობლივი საქმიანობის ვადა, ხელშეკრულებიდან გასვლა დაიშვება მხოლოდ პატივსადები მიზეზების არსებობისას. სამოქალაქო კოდექსის 937-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
84. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. ( სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლები). სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი).
85. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეში მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს გადახდილი თანხისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელე აცხადებს, რომ ხელშეკრულება დადებულია მოტყუებით, ამიტომაც ცალმხრივად გადის ხელშეკრულებიდან და მოითხოვს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.
86. საკასაციო პალატას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონტექსტში მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში შეფასებას საჭიროებს თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელის პოზიცია, კერძოდ, იგი გარიგების ბათილად ცნობას მოითხოვს მოტყუების საფუძველზე თუ ითხოვს ხელშეკრულებიდან გასვლას. სსკ-ის 81-ე მუხლიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება შეცილების ადრესატის მიერ სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევის დადასტურება, ხომ არ ამტკიცებს მოსარჩელე გარიგების მოტყუებით დადების ფაქტს და ამ საფუძვლით ხომ არ ეცილება ხელშეკრულებას, ასევე, უნდა შემოწმდეს გარიგების კონკრეტული საფუძვლით შეცილების ნამდვილობა, რამეთუ საცილო გარიგების მიმართ არანამდვილი შეცილების განხორციელება ამ გარიგებას იურიდიული ძალმოსილებით აღჭურავს (შდრ: სუსგ №ას-1170-1125-2016, 13 ივნისი, 2017).
87. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გარიგების ბათილობის ლეგალურ დეფინიციას სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს და მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ განსაზღვრული პირობების დარღვევით დადებულ გარიგებებს ბათილად აღიარებს. ამიტომ ბათილობის ცნება და შინაარსი კანონის ნორმებისა და ლიტერატურაში არსებული მოსაზრებების ანალიზის საფუძველზე უნდა განისაზღვროს. (შდრ. ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 54, ველი5, თბილისი, 2017). ბათილია გარიგება, თუ ის არ იწვევს გარიგების მონაწილეების მიერ დასახულ სამართლებრივი შედეგის დადგომას. გარიგების ბათილობა კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგია, ამიტომ გარიგების ბათილობის მიზეზები, მოსალოდნელი შედეგები, გარიგების ნაკლის გამოსწორების ჩათვლით, კანონით განისაზღვრება. ამის შესაბამისად ერთმანეთისაგან განსხვავდება ბათილი გარიგების სახეები.
88. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბათილი გარიგების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საცილო გარიგება. საცილო გარიგება დადების მომენტში ნამდვილია, მაგრამ შეცილების შედეგად კარგავს იურიდიულ ძალას, ე.ი ხდება ბათილი. საცილო გარიგება შეცილების გამო ბათილად ჩაითვლება არა შეცილების მომენტიდან, არამედ მისი დადების მომენტიდან. საცილო გარიგების გავრცელებული შემთხვევებია შეცდომით, მოტყუებით ან იძულებით დადებული გარიგებები (შდრ. ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 54, ველი12, თბილისი, 2017).
89. საკასაციო პალატა მიუთითებს, როგორც შეცდომით, ისე მოტყუებით დადებული გარიგებისას ნების ნაკლს მხარის არასწორი წარმოდგენა განაპირობებს დასადები გარიგების არსთან თუ შინაარსთან დაკავშირებით, ასევე, იმ გარემოებების არასწორი აღქმა, რაც გარიგების დადებას საფუძვლად დაედო, მაგრამ მათ შორის, არსებობს არსებითი განსხვავება, კერძოდ, მართალია, მოტყუებით დადებული გარიგებებისას, მხარე შეცდომის საფუძველზე შედის სამართალურთიერთობაში, მაგრამ ეს შეცდომა გამოწვეულია მეორე მხარის ქმედებით, ანუ, შეცდომით დადებული გარიგებისას, ხელშეკრულების კონტრაჰენტი კეთილსინდისიერია ნების ნაკლთან მიმართებით და მოდავე მხარის მცდარი წარმოდგენა მის მიერ გარკვეული მონაცემების დამალვით ან არასწორი ინფორმაციის მიწოდებით არ არის განპირობებული. შეცდომა მოცემულია მაშინ, როდესაც პირის რეალური და გამოხატული ნება ერთმანეთს არ ემთხვევა. სხვანაირად რომ ვთქვათ, შეცდომა არის მხარის მცდარი წარმოდგენა შემთხვევის შემადგენლობაზე.
90. შეცილების სამართლებრივი შედეგი არის გარიგების სრული ან ნაწილობრივი ბათილობა. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეებს განხორციელებული აქვთ შესრულებები, მათი უკან დაბრუნება ხდება უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით.
91. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სარჩელსა და შესაგებლში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, შესაფასებელია, მხარეთა შორის ურთიერთობა მიჩნეულ უნდა იქნეს თუ არა მოტყუებით დადებულ ხელშეკრულებად.
92. საკასაციო სასამართლოს განმარტავს, რომ მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის საკითხს არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 81-82-ე მუხლები, რომელთა თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად. მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ – მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას. კანონის მითითებული დანაწესის შესაბამისად, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება. მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა, შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი (იხ. სუსგ-ები: №ას-182-171-2014,16 ივნისი, 2014 წ; 20.01.2016წ.; №ას-1117-1051-2015, 20 იანვარი, 2016 წ.;№1126-2021, 29 მაისი, 2023 წ.). ის, ვინც იყენებს შეცილების უფლებას, უნდა დაამტკიცოს მოტყუების ფაქტის არსებობა, მისი არსებითობა და მიზეზობრივი კავშირი მოტყუებასა და ნების გამოვლენას შორის.
93. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 938-ე მუხლი ითვალისწინებს ამხანაგობიდან გასვლის სპეციალურ წესს (იხ. სუსგ №ას-180-2020, 08 აპრილი, 2021 წ. პ.31). თუმცა, მისი წინაპირობები სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს არ გამოუკვლევია. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ერთობლივი საქმიანობის წევრების ინტერესები მიმართულია საერთო მიზნის მიღწევისაკენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთის მიმართ ისინი არ შეიძლება გამოდიოდნენ როგორც კრედიტორი და მოვალე. ზუსტად ეს წარმოადგენს იმ შემთხვევას, როდესაც უნდა გავმიჯნოთ საერთო საქმიანობის მიზნის მისაღწევად ამხანაგობის წევრების უფლებები და ნაკისრი ვალდებულებები იმ უფლება-ვალდებულებებისაგან, რომელიც შემდეგ მათ წარმოეშობათ ერთმანეთის მიმართ, კერძოდ, ერთ შემთხვევაში, საერთო საქმიანობასთან დაკავშირებით, კეთილსინდისიერად შესრულების მოთხოვნის უფლება აქვს თითოულ მონაწილეს ერთობლივი საქმიანობის ყოველი მონაწილისაგან (სსკ-ის 935-ე მუხლის მე-2 ნაწილი), მეორე შემთხვევაში, ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს (სსკ-ის 937-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადება). ამ უკანასკნელ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულია დანაწესი, რომლის თანახმად, პასუხისმგებლობის საკითხი დგება ერთმანეთის მიმართ.
94. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა არ იწვევს ხელშეკრულების ბათილობას, უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას იწვევს ვალდებულებითი ურთიერთობის სამართლებრივი საფუძვლის ბათილობა. ამ ორ სამართლებრივ ინსტიტუტს შორის განსხვავება უფრო მნისვნელოვანია პასუხისმგებლობის განსაზღვრის ნაწილში. ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოვალეს შეიძლება დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც. უსაფუძვლო გამდიდრების შემთხვევაში კი, ურთიერთობა, როგორც წესი, შემოიფარგლება მხარეთათვის მიღებულის უკან დაბრუნებით (იხ. ლია შატბერაშვილი, უსაფუძვლო გამდიდრება; სამართლიანი სამართალი? ჟურნალი „სამართალი“ №6-7, 2000 წ, გვ.41.
95. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილია ნაწილობრივ დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია (შედავება).
96. იქიდან გამომდინარე, რომ მხარეეთა შორის წარმოშობილ ურთიერთობა საკასაციო სასამართლოს მიერ მიჩნეული იქნა ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობა) ხელშეკრულებად, თავდაპირველი სარჩელი და მისგან გამომდინარე შეგებებული სარჩელის წინაპირობები სწორედ ამ სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებშია შესაფასებელი (კერძოდ, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობების თუ მოტყუებით დადებული ხელშეკრულების ბათილობის წინაპირობების არსებობა (თავდაპირველი სარჩელის მოთხოვნის ფარგლებში), ხოლო ზიანის ანაზღაურების საფუძვლების არსებობა შეგებებული სარჩელის ფარგლებში).
97. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
98. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად დგინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) დადაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ.
99. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, რაც მისი გაუქმების საფუძველია, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ხოლო სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
100.სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ მხარეთა შორის ზეპირი შეთანხმება ფორმის დაუცვლეობის საფუძვლით ბათილ გარიგებად ჩათვალა და გარიგების ბათილად ცნობის პირობებში, თავდაპირველი სარჩელით მოთხოვნილი 447590,30 ლარისა და 1500 აშშდოლარის მოპასუხისათვის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, ხოლო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით წარმოდგენილი შეგებებული სარჩელის გამომრიცხველ გარემოებად მხარეთა შორის ზეპირი ფორმით არსებული გარიგების ბათილად ცნობა მიიჩნია (იხ., ამ განჩინების პ.38).
101.სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავად მიიღოს გადაწყვეტილება დავაზე, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებაში მოცემული მსჯელობების შესაბამისად, უნდა შეამოწმოს მხარეთა მოთხოვნის წინაპირობები და საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი კვლევის შედეგად, განსაზღვროს უფლების საკითხი.
102. ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებით საქმის წარმოება არ დასრულებულა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ (სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით), ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 53-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „გ.რ–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სააპელაციო სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე