Facebook Twitter

საქმე №ას-359-2023 13 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – კ.მ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ყ–ი (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში - მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, საკუთრების უფლების აღრიცხვა (ძირითადი სარჩელით), უკანონო მფლობელობიდან სატრანსპორტო საშუალების გამოთხოვა (შეგებებული სარჩელით)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. თ.ყ–მა (შემდგომში – თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე, აპელანტი) სარჩელი აღძრა სასამართლოში კ.მ–ის (შემდგომში – მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუსის მიერ 2020 წლის 20 სექტემბრის №200767570 გაცემული სამკვიდრო მოწმობა თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელის (მემკვიდრის) მიერ უძრავი ქონების - 9,88 კვ.მ-ისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების მემკვიდრეობით მიღების ნაწილში. თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე აღირიცხოს საჯარო რეესტრში ზემოხსენებული 9,88 კვ.მ-ისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ.

სარჩელის საფუძვლები:

2. თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელის განმარტებით, 2020 წლის 27 მარტს ბ.მ–თან (შემდგომ - სარჩენი) გააფორმა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. მოცემული გარიგების თანახმად, მარჩენალს ევალებოდა, სარჩენი პირის გარდაცვალებამდე მისი მოვლა-პატრონობა, საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო ინვენტარით უზრუნველყოფა, სამედიცინო მომსახურების ხარჯის დაფარვა, კომუნალური გადასახადების გადახდა, სარჩენი პირის გარდაცვალების შემდგომ მისი დაკრძალვის ხარჯების უზრუნველყოფა. სანაცვლოდ, მარჩენალს - მოსარჩელეს უნდა მიეღო ბ.მ–ის საკუთრებაში არსებული, ერთიან მისამართზე მდებარე უძრავი ქონება - ბინა და სარდაფი.

3. აღსანიშნავია, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება დადებულია 2020 წლის 27 მარტს, თუმცა მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვლა-პატრონობის ურთიერთობა, ფაქტობრივად, უკანასკნელი 10 წლის მანძილზე მიმდინარეობდა, რაც დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით. მოსარჩელე (რომელიც სარჩენის დისშვილია) და მისი მეუღლე, ბოლო 10 წლის მანძილზე ყოველდღიურად უვლიდნენ და არჩენდნენ სარჩენს, ამარაგებდნენ საკვებით, უწევდნენ სამედიცინო და მედიკამენტურ დახმარებას, დაჰყავდათ იგი დასასვენებლად, უხდიდნენ კომუნალურ გადასახადებს და სხვა. წლების მანძილზე, მხარეებს შორის ჩამოყალიბდა განსაკუთრებული ნდობა და სიყვარული, შესაბამისად, სარჩენმა თავად სთხოვა მოპასუხეს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების წერილობით გაფორმება.

4. 2020 წლის 28 მარტს სარჩენის გარდაცვალების შემდეგ მისი მემკვიდრის, შვილიშვილის - მოპასუხის სახელზე, ნოტარიუსმა გასცა 2020 წლის 20 სექტემბრის №200767570 სამკვიდრო მოწმობა (მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისათვის უკვე გარდაცვლილი გახლდათ მამკვიდრებლის შვილი, მოპასუხის დედა). მოცემული დოკუმენტის თანახმად, მემკვიდრემ მიიღო მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონება, მათ შორის, სადავო 9,88 კვ.მ. აღიშნული ჩანაწერი მოკლებულია სამართლებრივ-ფაქტობრივ საფუძველს, რადგან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით, მამკვიდრებლის (სარჩენის) გარდაცვალების შემდეგ მოცემული ქონება მოსარჩელის საკუთრება უნდა გამხდარიყო. სამკვიდრო მასაში არ უნდა შევიდეს ის ნივთები, რაზეც საკუთრების უფლება სხვა პირს აქვს წარმოშობილი. სადავო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობაში არსებული ჩანაწერი მემკვიდრეს უფლებას აძლევს, ხსნებული ქონება საჯარო რეესტრში თავის ბალანსზე აღირიცხოს. ასეთ შემთხვევაში, ცხადია, უკანონოდ ილახება მოსარჩელის სამართლებრივი ინტერესი, რადგან სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება, სამისდღეშიო ხელშეკრულების თანახმად, მას ეკუთვნის.

5. ამავდროულად, 2018 წლის პირველ იანვარს, საახალწლოდ სარჩენმა ზეპირი ჩუქების გარიგების საფუძველზე მოსარჩელეს აჩუქა მის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება. მოსარჩელეს არ ჰქონდა მართვის მოწმობა, შესაბამისად, ამ პერიოდის მანძილზე მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებით სარგებლობდა მისი მეუღლე. ამდენად, არ შეიძლება სამკვიდრო მასაში შევიდეს ის ქონება, რომელიც გარდაცვალების მომენტისათვის მამკვიდრებელს არ ეკუთვნოდა. ამჟამად ავტომობილი კვლავ სარჩენის სახელზეა და იმყოფება ავტოსადგომზე (იხ. სარჩელი, ს.ფ.10).

მოპასუხისა და შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია:

6. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სამისდღეშიო ხელშეკრულება გაფორმდა უკანონოდ, სარჩენის გარდაცვალების შემდეგ, რის გამოც იგი ბათილია. თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელის მიერ მოწვეული მოწმეები არ ცხოვრობენ სადავო ქონების მისამართზე, შესაბამისად, მათი განმარტება სარწმუნოდ ვერ ჩაითვლება. სარჩენის გარდაცვალების შემდეგ სადავო ავტომანქანაზე ზეპირი ჩუქების ხელშეკრულების დადების ფაქტის დადგენა შეუძლებელია. ამასთან, თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელეს არც მეუღლე და არც შვილი არ ჰყავს (იხ. შესაგებელი, ს.ფ.78).

7. მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა მოსარჩელის უკანონო მფლობელობიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკა - მოდელი ტოიოტა RAV4, სანომრე ნისანი - …., ფერი - შავი, საიდენტიფიკაციო ნომერი .....) გამოთხოვა და მისთვის გადაცემა.

8. შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ მიუთითა, რომ მემკვიდრეობით თავისი პაპისაგან - ბ.მ–ისაგან, სხვა ქონებებთან ერთად, მიიღო აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება, რაზეც ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა. თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელის მიერ აღძრულია სარჩელი ამ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომელშიც მითითებულია, რომ ფლობს ზემოაღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას.

9. თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ფლობს სამკვიდროში შესულ ზემოაღნიშნულ ავტომანქანას, რადგან დადასტურებულია მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტი. შეგებებული სარჩელით მოპასუხე, რომ უკანონო მფლობელია და არავითარი ჩუქებით არ აქვს მიღებული ეს სატრანსპორტო საშუალება, დასტურდება აგრეთვე შესაგებელში მითითებული არგუმენტებით და ფაქტებით თავდაპირველი სარჩელის წინააღმდეგ (იხ. ს.ფ. 96-99).

10. თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელემ შეგებებულ სარჩელზე წარადგინა შესაგებელი, რომლითაც არ ცნო შეგებებული სარჩელი და მიუთითა, რომ აღნიშნული ავტომანქანა მამკვიდრებელმა - ბ.მ–მა, სიცოცხლეშივე აჩუქა თ.ყ–ს 2018 წლის 01 იანვარს ზეპირი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. ვინაიდან დასაჩუქრებულს არ გააჩნდა მართვის მოწმობა, გადაცემული სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობდა დასაჩუქრებულის მეუღლე. შესაბამისად, სამკვიდროში არ შედის ის ქონება, რომელიც გარდაცვალების მომენტისათვის არ ეკუთვნოდა მამკვიდრებელს. სადავო ავტომანქანა კვლავ რეგისტრირებულია მამკვიდრებლის - ბ.მ–ის სახელზე და იმყოფება ავტოსადგომზე. ნოტარიუსმა უზუსტობა დაუშვა, რადგან ავტომანქანა ფორმალურად შსს-ში კვლავ მამკვიდრებლის სახელზე ირიცხებოდა. ძირითადი სარჩელით სადავოდაა გამხდარი სამკვიდრო მოწმობის ჩანაწერი ავტომანქანის საკუთრების უფლებაზე. შესაბამისად, საკუთრების უფლება ზეპირი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გაააჩნია თ.ყ–ს, რასაც დაადასტურებენ მოწმეები. ამიტომაც არ უნდა დაკმაყოფილდეს შეგებებული ვინდიკაციური სარჩელი (იხ. ს.ფ. 124-127).

11. საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

12. თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო ავტომანქანა გამოთხოვილ იქნა თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელის უკანონო მფლობელობიდან, რაც თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა, ძირითადი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუსის მიერ 2020 წლის 20 სექტემბერს გაცემული №200767570 სამკვიდრო მოწმობა მოპასუხის (მემკვიდრის) მიერ სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალების მემკვიდრეობით მიღების ნაწილში, თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე ცნობილ იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ, ხოლო შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების/შეცვლის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა. პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რამაც იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა.

15. თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნაა სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, სადავო ავტომობილზე ჩუქების ხელშეკრულების დადებულად ცნობა და მესაკუთრედ აღიარება. ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ-ი) 524-ე და 1328-ე მუხლები.

16. აპელანტის/მოსარჩელის ძირითადი სააპელაციო პრეტენზია მამკვიდრებელსა და დასაჩუქრებულს (აპელანტს) შორის დადებულ ზეპირ ჩუქების ხელშეკრულებას ემყარება, რომელზე მითითებითაც აპელანტი მიიჩნევს, რომ სადავო ავტომანქანა მის საკუთრებას წარმოადგენს და იგი სამკვიდრო მასაში არ უნდა შესულიყო. სააპელაციო პალატის განმარტებით, იმისათვის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ნაწილში დაკმაყოფილდეს, უნდა დადგინდეს, რომ მხარეებს შორის ჩუქების ხელშეკრულება დაიდო და ამ ხელშეკრულებით სადავო ავტომანქანა მფლობელობაში გადაეცა მოსარჩელეს.

17. სააპელაციო პალატამ მოიხმო სსკ-ის 525-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის დროსაც დაცული უნდა იქნეს ამავე კოდექსის 186-ე მუხლის მოთხოვნებიც. ამ შემთხვევაში, კანონდებელი მხოლოდ გადაცემით ჩუქების ხელშეკრულებას აღიარებს და ჩუქებას რეალური ხელშეკრულებების კატეგორიას მიაკუთვნებს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, gccc.tsu.ge, 525-ე მუხლის კომენტარი, ზ. ძლიერიშვილი).

18. ზოგადი წესის თანახმად, ჩუქება განკარგვითი ხელშეკრულების ნაირსახეობაა და სსკ-ის 525-ე მუხლის შესაბამისად, დასაჩუქრებული საჩუქარზე საკუთრების უფლებას ნივთის გადაცემის მომენტიდან მოიპოვებს (იხ. სუსგ-ები Nას-1392-2020, 30 ივნისი 2021წ.; Nას-205-2019, 24 ოქტომბერი, 2019წ). ამ ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, მოძრავ ნივთებთან დაკავშირებით, დასაჩუქრებულის თანხმობის გამოხატვა ხდება ნაჩუქარი ნივთის მიღებით (იხ. ზ. ძლიერიშვილი, ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებათა სამართლებრივი ბუნება, თბილისი, 2010 წ., გვ.227).

19. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსკ-ის 186-ე მუხლის მიხედვით, მესაკუთრემ ნივთი უნდა გადასცეს დასაჩუქრებულს. ნივთის გადაცემის სახეები მოცემულია მითითებული ნორმის მეორე ნაწილში. გადაცემა ნიშნავს, ნივთის შემძენისათვის პირდაპირი მფლობელობის მინიჭებას, თუმცა სსკ-ის 186-ე მუხლით განსაზღვრული გადაცემა უფრო მეტის მომცველია, ვიდრე მხოლოდ ნივთზე პირდაპირი მფლობელობა, 155-ე მუხლის პირველი ნაწილის გაგებით, ნივთზე პირდაპირი მფლობელობის გადაცემა ნიშნავს მესაკუთრის მიერ ნივთზე მფლობელობის სრულ და საბოლოო დაკარგვას ისე, რომ არ არსებობს რაიმე გარემოება ან სიმბოლური ქმედება, რომელიც საეჭვოს ხდის მფლობელობის გადაცემას. ნივთის მფლობელობაში გადაცემა მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ნივთის ფაქტობრივ გადაცემას თან სდევს მხარეების ფაქტობრივი კონსენსუსი - მესაკუთრის მიერ მფლობელობის გადაცემისა და შემძენის მიერ მფლობელობის მიღების ნება.

20. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო ფაქტის დადგენისას არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, კერძოდ, დაუსაბუთებლად არ გაიზიარა თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელის მოწმეთა ჩვენებები. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას, სასამართლო ვალდებულია, ისევე, როგორც სხვა სახის მტკიცებულება, მოწმის ჩვენება შეაფასოს მისი შინაარსისა და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით, იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების (მხარეებთან დამოკიდებულება, ფიზიკური მდგომარეობა, ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მოწმის ჩვენებაზე და სხვა) გათვალისწინებით, რომელიც ამ მტკიცებულებისათვისაა დამახასიათებელი და სწორედ ამ გზით მიიღოს სადავო ფაქტობრივი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ გადაწყვეტილება.

21. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეზე მოწმეებად დაკითხული პირების განმარტებებზე, კერძოდ: გ.მ–ის განმარტებით: „ბ. გავიცანი 2012-2013 წელს დ–გან და თ–გან... 2020 წელს ვნახე ბოლოს, თ.და დ. უვლიდნენ ბ–ს, ზრუნავდნენ მასზე...ბ–ს ტარება აღარ შეეძლო, ბოლოს მოუვიდა შეჯახება...2018 წლის ახალ წელს ავედი დ–თან სახლში, იქ მოვიდა ბ–ც, ხშირად მოდიოდა სტუმრად... თ. უთხრა „ხომ არ უნდა მოვკვდე ამ მანქანაში, აღარ შემიძლია ტარება, „პრავა“ აიღე და გქონდეს მანქანაო“...გასაღებიც მისცა, გყავდეს ეს მანქანა შენო...2018 წლის შემდეგ დ. ხმარობდა ამ მანქანას...დ. და თ.ალბათ 2010 წლიდან არიან ცოლ-ქმარი...(იხ.17.01.2022 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 14:48:27 წუთიდან). ზ.დ–ძის განარტებით: „დ. ბავშვობიდან ვიცნობთ...ბ–ს ვიცნობ 2015-2016 წლიდან, დ. მოყავდა ხოლმე სამსახურში, ამანათებს აგზავნიდა მოსკოვში დღესასწაულებზე... 2018 წელს 1 იანვარს, ჩემმა მეგობარმა დამპატიჟა თ–ს ოჯახში, იქ იყო ბ–ც, სუფრაზე რომ ვიჯექით, ბ–მ ამოიღო გასაღები, ტექპასპორტი, მიაწოდა თ–ს და უთხრა, „მე ისედაც ყველაფერი შენთვის მინდა და ეს მანქანაც შენია, აიღე მართვის მოწმობა, დ–ს არ სცალია ჩემთვის, მუშაობს და შენ მატარეო“.. დ. და თ.ცოლ-ქმარი არიან დაახლოებით 2012 წლიდან...ჩემთან სამსახურში მოდიოდნენ RAV4-ით...ბ. არ სვამდა სასმელს...მე როცა ვნახულობდი, სულ დ. იჯდა საჭესთან... მანქანა შავი ფერის იყო (იხ.17.01.2022 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 15:07:38, 15:10: 23 წუთიდან). ი.ჩ–ძის განმარტებით: „ქობულეთში გავიცანი თ.და ბატონი ბ.... მერე აქაც მქონდა ურთიერთობა...8-9 წელია გვაქვს ურთიერთობა...2018 ან 2019 წლის ზაფხული იყო, აგვისტოს თვე, ბატონ ბ–სთან ვსაუბრობდი და მითხრა შენც არ იცი ტარებაო, მაგრამ რად გინდაო, მანქანა ვაჩუქე თ–ო და ტარება, რომ ისწავლოს „ვერ დავწერე ჯვარიო“...შავი ჯიპი იყო, მარკა არ ვიცი... დ. და თ.ცოლ-ქმარი არიან, რაც ვიცნობ იმის მერე ვიცი, რომ დ. თ–ის მეუღლეა (იხ.17.01.2022 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 15:21:25 წუთიდან). ნ.გ–ის განმარტებით: „თ. ჩემი ბავშვობის მეგობარია...დ. თ–ის მეუღლეა...ბ.მ–ს ვიცნობდი ვიდეო ზარებიდან, თ., რომ ელაპარაკებოდა, ტელეფონში ვესალმებოდი...ვიცოდი, რომ ბიძა და დისშვილი იყვნენ ერთმანეთისთვის... მანქანაზე მაშინ გავიგე, როცა ახალი წელი მივულოცე, 2 იანვარი იყო, თ–ამ მითხრა, რომ ბიძაჩემმა მანქანა მაჩუქაო (იხ.17.01.2022 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 15:28:45 წუთიდან).

22. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, ვინაიდან ავტომობილი წარმოადგენს მოძრავ ნივთს, მისი განკარგვის ნამდვილობა სსკ-ის 186-ე მუხლის ფარგლებში უნდა შეფასდეს და სამოქალაქო უფლების წარმოშობისათვის ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი უფლების შსს-ს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაცია არ არის სავალდებულო (იხ. სუსგ-ებები: Nას-914-954-2011, 27 ოქტომბერი, 2011 წელი; №ას-658-625-2014, 5 დეკემბერი, 2014 წელი). მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტების და მოწმეთა ჩვენებების ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე, პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მამკვიდრებელის მიერ მისთვის სადავო ავტომობილის ჩუქების ფაქტი. ამასთან, სადავო არ არის, რომ ავტომობილი მოსარჩელის მფლობელობაშია, რამდენადაც მოპასუხის მოთხოვნა სადავო ავტომობილის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვაა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული, დადგენილი ფაქტის გამაქარწყლებელ საპირწონე მტკიცებულებებზე მოპასუხემ ვერ მიუთითა.

23. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მამკვიდრებელმა ხსენებული ავტომობილი სიცოცხლეში აჩუქა მოსარჩელეს, რაც სსკ-ის 1328-ე მუხლის შესაბამისად, ნივთის სამკვიდრო მასისათვის კუთვნილებას გამორიცხავს. ვინაიდან სადავო ავტომობილი სამკვიდრო მოწმობით მოპასუხემ მიიღო, რომელიც ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ეკუთვნოდა მოსარჩელეს, არსებობს ამ ნაწილში მოპასუხეზე 2020 წლის 20 სექტემბრის გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილობისა და თანმდევი სასარჩელო მოთხოვნის (მესაკუთრედ ცნობის) დაკმაყოფილების საფუძველი. შესაბამისად, სააპელაციო პალატის დასკვნით, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ნოტარიუსის მიერ გაცემული N200767570 სამკვიდრო მოწმობა მოპასუხის (მემკვიდრის) მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების მემკვიდრეობით მიღების ნაწილში და მოსარჩელე ცნობილ უნდა იქნეს სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ.

24. შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. პალატამ განმარტა, განსახილველ შემთხვევაში არ არის დაცული სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წინაპირობები, კერძოდ, მოსარჩელე არ არის სადავო ავტომობილის მესაკუთრე. ამასთან, ვინაიდან დაკმაყოფილდა სარჩელი, სადავო ავტომობილზე სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის ნაწილში, შეგებებული სარჩელი ამ ავტომობილის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე წარუმატებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

25. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

26. კასატორმა მიუთითა სსკ-ის 525-ე მუხლის, 155-ე მუხლის პირველი ნაწილის, 186-ე მუხლის პირველი ნაწილის, 158-ე მუხლის დანაწესებზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა და შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი. საქმის მასალებიდან არ ირკვევა, რომ სარჩენმა მოსარჩელეს სადავო ავტომანქანა აჩუქა და ფაქტობრივ მფლობელობაში გადასცა. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული მოწმეთა ჩვენებებიდან გამომდინარეობს, რომ სარჩენს ავტომანქანის ტარება პირადად აღარ შეეძლო და მოსარჩელეს სთხოვდა მართვის მოწმობის აღებას, რათა სადავო სატრანსპორტო საშუალებით სარჩენი ეტარებინა. ნივთის მესაკუთრედ კი თავად რჩებოდა. მოწმეებმა სასამართლოს საკუთარი შეფასება გადასცეს, როდესაც ნივთის მოსარჩელისათვის ჩუქებაზე საუბრობდნენ (გადასცა მოსარჩელეს გასაღები, მოსთხოვა მართვის მოწმობის აღება და სარჩენის ტარება), თუმცა უშუალოდ ჩუქების ფაქტი ვერ დაადასტურეს. ჯარიმები სადავო მანქანასთან დაკავშირებით მოსდიოდა სარჩენს. მოწმეების ნაწილმა ვერ მიუთითა იმ ბინის მდებარეობა, სადაც ჩუქება განხორციელდა და ვერც ავტომობილის ფერი დაასახელეს. მოწმეები მოსარჩელის ოჯახის ახლობლები იყვნენ და სუბიექტურ ინფორმაციას აწვდიდნენ სასამართლოს. არცერთი მოწმე არ წარმოადგენდა სარჩენის სამეგობროს წრეს.

27. ამასთან მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა. ერთი მხრივ, ისინი უთითებდნენ, რომ მანქანა მოსარჩელეს გადაეცა, რადგან დ.ჭ–ძეს არ ეცალა, მეორე მხრივ კი, განმარტავდნენ, რომ ნივთით 2018 წლიდან დ.ჭ–იძე სარგებლობდა.

28. კასატორი მიუთითებს, რომ ერთ-ერთ მოწმეს - გ.მ–ს, მანქანის ფერიც კი აერია და მიუთითა, რომ მანქანა იყო ნაცრისფერი, რაზეც მოსარჩელის წარმომადგენლებმა, იმისათვის, რომ გამოესწორებინათ სიტუაცია, განმარტეს, რომ მოწმემ მიუთითა ავტომანქანის გასაღების და არა ავტომანქანის ფერზე, თუმცა კი შეკითხვა დასმული იყო ავტომანქანის ფერთან დაკავშირებით. სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ის სუბიექტური გარემოება, რომ თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას ამყარებდა მხოლოდ იმ მოწმეებზე, რომლებიც მოსარჩელის ოჯახის ახლობლები იყვნენ და არ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ მოწმე იყო ყოფილი სამართალდამცველი და მას ავტომანქანის ფერი, რომელზედაც იძლეოდა ჩვენებას, არ უნდა შეშლოდა, თუ ეს ავტომანქანა საერთოდ ნანახი ჰყავდა.

29. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა მოწმე ზ.დ–ძის ჩვენების იმ ნაწილზე, კერძოდ, „სუფრაზე რომ ვიჯექით, ბ–მ ამოიღო გასაღები, ტექპასპორტი, მიაწოდა თ–ს და უთხრა, „მე ისედაც ყველაფერი შენთვის მინდა და ეს მანქანაც შენია, აიღე მართვის მოწმობა, დ–ს არ სცალია ჩემთვის, მუშაობს და შენ მატარეო“... აღნიშნული ჩვენების შინაარსი კი ადასტურებს, რომ რომ ბ.მ–ს არ გაუჩუქებია ავტომანქანა, ვინაიდან მართვის მოწმობის აღებისაკენ მოუწოდა თ.ყ–ს, რათა იგი მომსახურებოდა ბ.მ–ს მისივე მანქანით, რაც ვერ ჩაითვლება ჩუქებად. მოწმის ჩვენების მიხედვით, ბ.მ–მა ავტომანქანის გასაღები და ტექ. პასპორტი თ.ყ–ს მხოლოდ იმიტომ გადასცა, რომ ისევ ბ.მ–ი ეტარებინა და მომსახურებოდა მძღოლის სახით.

30. კასატორი აღნიშნავს, რომ მოწმეთა ჩვენებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო, ვინაიდან ისინი ერთის მხრივ მიუთითებენ, რომ ბ.მ–მა სადავო ავტომანქანა იმიტომ გადასცა თ.ყ–ს, რომ დ–ს არ სცალია, მუშაობს და შენ მატარეო, თანაც ამის პარარელურად მიუთითებენ, რომ 2018 წლის შემდეგ დ. იყენებდა ამ მანქანას (იხ. მოწმე გ.მ–ის ჩვენება). ჩვენებების ურთიერთწინააღმდეგობა მდგომარეობს იმაში, რომ მოწმის ჩვენების მიხედვით, ბ.მ–მა ავტომანქანა ჯერ დ. ჭ–ძეს გადასცა, ხოლო შემდეგ კი თ.ყ–ს იმ მოტივით, რომ დ. მუშაობდა, ბ.სთვის აღარ ეცალა და მიუხედავად ამისა, მოწმე ჩვენებაში მაინც უთითებს, რომ 2018 წლის შემდეგ მანქანას დ. იყენებდა. ეს მსჯელობა არალოგიკურია.

31. კასატორი მიუთითებს, რომ მოწმეები - ი.ჩ–ძე და ნ.გ–ი არაპირდაპირი მოწმეები არიან, ჩუქების ფაქტს ვერ ადასტურებენ და მათი განმარტება არ უნდა იქნეს გათვალისწინებული.

32. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 5 დეკემბრის №ას-658-625-2014 და №ას-914-954-2011 გადაწყვეტილებაზე, რომლებიც მოცემული დავის მიმართ არარელევანტურია, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილებებიდან დგინდება, რომ ავტომანქანებზე დადებული ნასყიდობის გარიგებები უდავოა, ხოლო სადავოა მხოლოდ თანხის გადაუხდელობის გამო ნივთის უკან დაბრუნება. განსახილველ შემთხვევაში კი სადავოა ზეპირი გარიგების არსებობა, ხოლო მოწმეთა ჩვენებები კი ურთიერთსაწინააღმდეგოა და მათი გაზიარება შეუძლებელია.

33. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელის მიერ სადავო ავტომანქანის ფლობის ფაქტი არასწორად შეაფასა ჩუქების დამადასტურებლად, ვინაიდან მოსარჩელე ნივთს უკანონოდ ფლობდა.

34. კასატორმა აღნიშნა, რომ დ.ჭ–ძე არ წარმოადგენს მოსარჩელის მეუღლეს. მათ ფიქტიური ქორწინება გააფორმეს მხოლოდ ამ დავის პერიოდში, 2021 წელს.

35. კასატორის მოსაზრებით, სარჩენს სადავო ავტომობილი სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით არ გაუთვალისწინებია (აღნიშნული ხელშეკრულების კანონიერება სასამართლო წესითაა სადავოდ გამხდარი) და მოსარჩელისათვის ნივთის ჩუქება რომ სდომოდა, იმგვარად გააფორმებდა ჩუქებას, რომ მოსარჩელეს შემდგომ ჩუქების ფაქტი სადავოდ არ გახდომოდა.

36. კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2017 წლის # 511 დადგენილებაზე „ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე, რომელიც ამოქმედდა 2018 წლის პირველი იანვრიდან, ხოლო ნაწილი კი (დადგენილების მე-3 მუხლი) 2018 წლის 1-ლი ივლისიდან. ამდენად, თუ ბ.მ–მა საკუთრებაში გადასცა სადავო ავტომანქანა თ.ყ–ს, ავტომანქანის ტექნიკურ დათვალიერებაც მესაკუთრეს უნდა განეხორციელებინა, რისი დამადასტურებელი მტკიცებულება კი, თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. ასევე არ დასტურდება, რომ პირადად დ.ჭ–ძე ყოფილა დაჯარიმებული. არ დასტურდება მანქანასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება, რაც საკუთრებას დაადასტურებდა, მაგალითად, მანქანის სათადარიგო ნაწილის შეძენა, ტექნიკური შემოწმების გავლა, თუნდაც დ.ჭ–ძის მიერ ჯარიმების გადახდა, როგორც ამას თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე მიუთითებს. შესაბამისად, გასაზიარებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

37. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

38. საკასაციო სასამართლომ, 2023 წლის 24 ივლისს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, იმსჯელა რა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობაზე, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კერძოდ, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. სსსკ-ის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განხილულ უნდა იქნეს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე.

39. საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 24 ივლისის განჩინება მოდავე მხარეებს ჩაბარდათ კანონით დადგენილი წესით. კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

40. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

41. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა, გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

42. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

43. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა.

44. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუსის მიერ 2020 წლის 20 სექტემბრის №200767570 გაცემული სამკვიდრო მოწმობა მოსარჩელის (მემკვიდრის) მიერ უძრავი ქონების - 9,88 კვ.მ-ის მემკვიდრეობით მიღების ნაწილში და მოსარჩელე აღირიცხოს საჯარო რეესტრში ზემოხსენებული 9,88 კვ.მ-ის მესაკუთრედ, ამიტომ საკასაციო პალატა კასატორის (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) საკასაციო საჩივრის ფარგლებში იმჯელებს მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნა, ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუსის მიერ გაცემული N200767570 სამკვიდრო მოწმობა მოპასუხის (მემკვიდრის) მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების მემკვიდრეობით მიღების ნაწილში და მოსარჩელე ცნობილ იქნეს სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ და არ დაკამყოფილდა შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნა, უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

45. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავებების საფუძვლიანობა, კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება კანონდარღვევას, რადგან სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევით.

46. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

47. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ არც სააპელაციო და არც საკასაციო სასამართლო არაა შებოჭილი სააპელაციო თუ საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევებით და ისინი ამოწმებენ გადაწყვეტილებას მატერიალურსამართლებრივი ნორმების სწორად გამოყენების თვალსაზრისით. თუ ასეთი შემოწმების შედეგად სასამართლო იმ დასკვნას გამოიტანს, რომ საჩივრის მოთხოვნა გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ არა საჩივარში მითითებული, არამედ მატერიალურსამართლებრივი ნორმის (კანონის) სხვა დარღვევის გამო, სასამართლომ უნდა გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება.იმ შემთხვევაში კი, თუ არასწორი სამართლებრივი შეფასების შედეგად, ანუ კანონის (სსსკ-ის 393.2 მუხლის) დარღვევით მიღებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შესაძლებელია სხვაგვარი სამართლებრივი შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, თავისი განჩინებით ძალაში დატოვოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ან ამ გადაწყვეტილების შეცვლით მიიღოს ახალი გადაწყვეტილება (სსსკ-ის 386-ე მუხლი). ასეთივე შესაძლებლობითაა აღჭურვილი საკასაციო სასამართლოც, კერძოდ, მას შეუძლია, არ გააუქმოს გადაწყვეტილება და ძალაში დატოვოს იგი (სსსკ-ის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) ან ახალი გადაწყვეტილებით დაადგინოს სხვა სამართლებრივი შედეგი (სსსკ-ის 411-ე მუხლი).

48. საკასაციო სასამართლო ეთანხმება პრინციპს, რომ მოთხოვნის საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა და მხარის მიერ სარჩელის დამფუძნებელ ნორმად კანონის ამა თუ იმ დანაწესის მითითება, არ არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასამართლოსათვის ხელისშემშლელი. ამგვარი მიდგომა გამომდინარეობს სამართალაში დამკვიდრებული პრინციპიდან: „jura novit curia“ (სასამართლომ იცის კანონი).

49. თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელის ძირითადი პრეტენზია მამკვიდრებელსა და დასაჩუქრებულს შორის დადებულ ზეპირ ჩუქების ხელშეკრულებას ემყარება, რომელზე მითითებითაც თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ავტომანქანა მის საკუთრებას წარმოადგენს და იგი სამკვიდრო მასაში არ უნდა შესულიყო.

50. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნის - სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, სადავო ავტომობილზე ჩუქების ხელშეკრულების დადებულად ცნობა და მესაკუთრედ აღიარება, სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ-ი) 524-ე (ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით), 525 I-ლი (მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან) მუხლები, ხოლო შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნის - თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელის უკანონო მფლობელობიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოთხოვა, სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 170 I-ლი (მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.), 172 I-ლი (მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.) და 1328 I-ლი (სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდროს აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის) მუხლები.

51. საკასაციო პალატა აღნიშნავს, იმისათვის, რომ თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელის აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, უნდა დადგინდეს, დაიდო თუ არა ჩუქების ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებით სადავო ავტომანქანა საკუთრებაში გადაეცა თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელეს.

52. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

53. განსახილველ საქმეში, რამდენადაც მხარეებს შორის სადავოა ჩუქების ხელშეკრულების არსებობა, ამიტომაც საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს შესაბამის საკანონმდებლო დანაწესებზე:

54. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ, კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ყველაზე ნათლად ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება.

55. ხელშეკრულების თავისუფლება ეფუძნება მხარეთა სურვილს, დაამყარონ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების თავისუფლება ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ხელშეკრულების დადების თავისუფლება; ბ) ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება (შდრ: ირმა გელაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III მუხლი 319, ველი 8, თბილისი, 2019; სერგი ჯორბენაძე, ხელშეკრულების თავისუფლება სამოქალაქო სამართალში, თბილისი, 2017, გვ.103.; ეკატერინე ბაღიშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III მუხლი 327, ველი 3, თბილისი, 2019).

56. კანონმდებლობა ითვალისწინებს ქონების საკუთრებაში გადაცემის ისეთ ხელშეკრულებას როგორიცაა ჩუქება, რომელიც განკარგვითი ხასიათისაა და შედეგად შემძენისათვის საკუთრების უფლების გადაცემას იწვევს.

57. ჩუქების ხელშეკრულების ერთ-ერთი უმთავრესი თავისებურება მისი უსასყიდლო ხასიათია, რაც ნიშნავს იმას, რომ მჩუქებელს არ შეუძლია, მოითხოვოს სამაგიერო დაკმაყოფილება მის მიერ გაცემული საჩუქრის გამო (იხ. დამატებით: ზურაბ ძლიერიშვილი, ჩუქება და სამისდღეშიო რჩენა, თბილისი, 2018 წ., გვ.25). ჩუქების დანიშნულებას წარმოადგენს დასაჩუქრებულის ქონების გაზრდა და, შესაბამისად, მჩუქებლის ქონების შემცირება. (შდრ: სუსგ-ები: №ას-402-2021, 04 ნოემბერი, 2021 წ., პ.158; №ას-709-2021, 19 ოქტომბერი, 2021 წ., პ.58-59.).

58. ჩუქების ხელშეკრულების უსასყიდლო ხასიათი მის ძირითად მაკვალიფიცირებელ წინაპირობას წარმოადგენს. იურიდიული თვალსაზრისით უსასყიდლობა იმაში ვლინდება, რომ საჩუქარი არ არის განსაზღვრული ეკვივალენტურობის მატარებელი. ჩუქების მოტივს, რომელიც ზოგჯერ შეიძლება ანგარებითაც იყოს განპირობებული, იურიდიული თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ჩუქების მოტივი ძირითადად გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან. ჩუქების დანიშნულებას წარმოადგენს დასაჩუქრებულის ქონების გაზრდა და, შესაბამისად, მჩუქებლის ქონების შემცირება.

59. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების დადება და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების წარმოშობა მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევით ხორციელდება. თითოეული ადამიანი თავისი სამართლებრივი სივრცის გამგებელია და მისი თანხმობის გარეშე არავის აქვს ამ სივრცეში შეღწევის უფლება. ჩუქების შემთხვევაშიც მხარეთა მიერ გამიზნული სამართლებრივი შედეგების მისაღწევად, ადგილი უნდა ჰქონდეს მხარეთა კონსესუსს. ჩუქება, როგორც ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება, უნდა აკმაყოფილებდეს ხელშეკრულების ნამდვილობისათვის წაყენებულ მოთხოვნებს.

60. საკასაციო პალატა განმარტავს, როდესაც საკითხი ეხება ჩუქების ხელშეკრულებას, მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს ჩუქების ხელშეკრულების დადებისას მხარეთა ნების განმსაზღვრელი ორი ძირითადი კრიტერიუმი: მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა და გამჩუქებლის მატერიალური მდგომარეობა. ფაქტობრივი გარემოებები უნდა დადგინდეს ამ კრიტერიუმების არსებობის შეფასების კუთხით, ხოლო დასახელებული კრიტერიუმების შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ანალოგიურ გარემოებებში გონიერი ადამიანის ქცევის სტანდარტი.

61. ამ თვალსაზრისით, პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებამდე მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა, რაც, როგორც წესი, განაპირობებს მჩუქებლის მიერ ჩუქების ხელშეკრულების დადების მოტივის ჩამოყალიბებას. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩუქების მოტივი ყოველთვის გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან. ამგვარი ურთიერთობები კი, როგორც წესი, გარკვეული დროის განმავლობაში ყალიბდება და საფუძვლად უდევს მხარეთა შორის არსებული მადლიერება, კეთილგანწყობა, ან დამკვიდრებული ჩვეულებებით დადგენილი ერთგვარი მორალური ვალდებულება.

62. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა მარტო შეთანხმება არაა საკმარისი ჩუქებისათვის. საჭიროა საჩუქრის რეალურად გადაცემა დასაჩუქრებულისათვის. სწორედ ამ მომენტიდან უნდა ჩაითვალოს ჩუქების ხელშეკრულება დადებულად, ამიტომაც ჩუქების ხელშეკრულება რეალური ხასიათისაა.

63. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ჩუქების ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირად, ისე წერილობით. ჩვეულებრივ, მოძრავი ნივთების ჩუქება ხდება ზეპირი ფორმით, ხოლო უძრავი ქონებისა - წერილობით. კანონის მიერ ჩუქების ხელშეკრულების ფორმის განსაზღვრის ზოგად საფუძვლად აღიარებულია კონკრეტულ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის წესი.

64. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 525 I მუხლის თანახმად, მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან, რომლის დროსაც დაცული უნდა იქნეს სსკ-ის 186-ე მუხლის მოთხოვნებიც. ცალსახაა, რომ აღნიშნულ შემთხვევაში კანონმდებელი მხოლოდ გადაცემით ჩუქების ხელშეკრულებას აღიარებს და ჩუქებას რეალური ხელშეკრულებების კატეგორიას მიაკუთვნებს (შდრ: სუსგ-ები: №ას-1392-2020, 03 ივნისი, 2021 წ., პ.9.1; №ას-205-2019, 24 ოქტომბერი, 2019 წ., პ.17). ერთ-ერთ საქმეზე სასამართლომ აღნიშნა, რომ ვერ დადასტურდა სსკ-ის 525-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სადავო ავტომანქანის შეგებებული სარჩელით მოსარჩელისათვის საჩუქრად გადაცემის ფაქტი (შდრ: სუსგ №1181-1442-09, 15 აპრილი, 2010 წ.).

65. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80.).

66. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო სამართლის სუბიექტთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის გადამწყვეტია ამ სუბიექტთა ნამდვილი ნების გამოვლენა, რომლის საფუძველზე დადგენილი ფაქტების სამართლებრივი კვალიფიკაცია სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს.

67. კასატორის პრეტენზია მიემართება იმას, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა და შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და საქმეში არსებული მტკიცებულებები (იხ. საკასაციო საჩივარი, წინამდებარე გადაწყვეტილების პ. 26-36).

68. საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველი საკასაციო პრეტენზიები წარმოდგენილი იქნა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეუფასებლობის საპროცესო სამართლებრივი საფუძვლით [სსსკ-ის 105-ე, 407.1, 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 396-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი].

69. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

70. ფაქტების დამტკიცების პროცესი საკმაოდ დეტალურად რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, განსაზღვრულია მტკიცების საშუალებათა (მტკიცებულებათა) წრე, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, ამ მტკიცებულებათა დასაშვებობა და განკუთვნადობა, მტკიცების ტვირთის (მოვალეობის) განაწილება მხარეთა შორის, ანუ რომელმა მხარემ რა გარემოება უნდა დაამტკიცოს, მტკიცებულებათა გამოკვლევის წესი, მტკიცებულებათა შეფასების ზოგადი წესები და ა.შ. (იხ. დამატებით: ილონა გაგუა, მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე, თბილისი, 2020 წ, გვ. 17).

71. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარისთქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება (იხ. დამატებით: ზურაბ ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართლის ცალკეული საკითხები, თბილისი, 2007 წ., გვ. 13). შესაბამისად, სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანია მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობის ფაქტები, რომლებზეც მიუთითებენ მხარეები თავიანთი მოთხოვნების (შესაგებლის) დასაბუთება–გამართლების მიზნით (იხ. დამატებით: თენგიზ ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, თბილისი, 2005 წ., გვ.215.).

72. „სამართლებრივი დავისას სამოქალაქო საქმის განმხილველ მოსამართლეს ორი ამოცანა აქვს დასაძლევი: პირველ რიგში, მან უნდა გამოარკვიოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. მეორე რიგში კი, მოსამართლემ სამართლებრივად უნდა შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და დაადგინოს, არსებობს თუ არა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას, მაშინ სარჩელი უკვე ამ საფუძველზევე არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასეთ შემთხვევაში მოსამართლეს არა აქვს უფლება, საკუთარი ინიციატივით მოიძიოს სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი გარემოებები და შეაგროვოს მტკიცებულებები. თუ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულია ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ადასტურებენ მოთხოვნის არსებობას, მაშინ უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, ამ გარემოებების არსებობის უარყოფა“ (იხ. თომას ჰერმანი, მტკიცებულებითი სამართალი, GIZ, თბილისი, 2016 წ., გვ.3-4).

73. „მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს“ (იხ. ჰაინ. ბოელინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბილისი, 2004 წ., გვ.64).

74. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა ნამდვილი შეჯიბრება რეალურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ იყვნენ ამ შეჯიბრებაში მონაწილე მხარეები თანასწორნი. სასამართლო, ვერ გამოიტანს გადაწყვეტილებას, თუ მან არ მოუსმინა ორივე დაპირისპირებულ მხარეს ან არ მისცა მათ შესაძლებლობა გამოიყენონ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და მექანიზმი თავიანთი პოზიციის გასამართლებლად, თავიანთი უფლებების დასაცავად.

75. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე, ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.

76. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“ (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIZ), 2013წ., გვ.19.). კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.

77. შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე. სსსკ-ის 102.1 მუხლის ზოგადი დათქმიდან გამომდინარე, უფლების შემწყვეტი, შემაფერხებელი და გამომრიცხველი შესაგებლის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს.

78. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელის მიერ მოწვეული მოწმეები არ ცხოვრობენ სადავო ქონების მისამართზე, შესაბამისად, მათი განმარტება სარწმუნოდ ვერ ჩაითვლება. სარჩენის გარდაცვალების შემდეგ სადავო ავტომანქანაზე ზეპირი ჩუქების ხელშეკრულების დადების ფაქტის დადგენა შეუძლებელია. მოპასუხემ მემკვიდრეობით თავისი პაპისაგან - ბ.მ–ისაგან, სხვა ქონებებთან ერთად, მიიღო აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება, რაზეც ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა. მოსარჩელე რომ უკანონო მფლობელია და არავითარი ჩუქებით არ აქვს მიღებული ეს სატრანსპორტო საშუალება, დასტურდება შესაგებელში მითითებული არგუმენტებით და ფაქტებით სარჩელის წინააღმდეგ (იხ. შესაგებელი).

79. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ვინაიდან ავტომანქანა წარმოადგენს მოძრავ ნივთს, მისი განკარგვის ნამდვილობა სსკ-ის 186-ე მუხლის ფარგლებში უნდა შეფასდეს და სამოქალაქო უფლების წარმოშობისათვის ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი უფლების შსს-ს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაცია არ არის სავალდებულო.

80. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 186-ე მუხლის მიხედვით, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელი წინაპირობაა ნამდვილი უფლება და ამ უფლების საფუძველზე ნივთის შემძენისათვის გადაცემა (იხ. დამატებით: ლევან თორთლაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, მუხლი 186, ველი 9, თბილისი, 2018 წ.). ნივთის გადაცემის სახეები მოცემულია მითითებული ნორმის მეორე ნაწილში. გადაცემა ნიშნავს, ნივთის შემძენისათვის პირდაპირი მფლობელობის მინიჭებას, თუმცა სსკ-ის 186-ე მუხლით განსაზღვრული გადაცემა უფრო მეტის მომცველია, ვიდრე მხოლოდ ნივთზე პირდაპირი მფლობელობა. სსკ-ის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის გაგებით, ნივთზე პირდაპირი მფლობელობის გადაცემა ნიშნავს მესაკუთრის მიერ ნივთზე მფლობელობის სრულ და საბოლოო დაკარგვას ისე, რომ არ არსებობს რაიმე გარემოება ან სიმბოლური ქმედება, რომელიც საეჭვოს ხდის მფლობელობის გადაცემას. ნივთის მფლობელობაში გადაცემა მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ნივთის ფაქტობრივ გადაცემას თან სდევს მხარეების ფაქტობრივი კონსენსუსი - მესაკუთრის მიერ მფლობელობის გადაცემისა და შემძენის მიერ მფლობელობის მიღების ნება.

81. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო ფაქტის დადგენისას არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, კერძოდ, დაუსაბუთებლად არ გაიზიარა თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელის მოწმეთა ჩვენებები. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას, სასამართლო ვალდებულია, ისევე, როგორც სხვა სახის მტკიცებულება, მოწმის ჩვენება შეაფასოს მისი შინაარსისა და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით, იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების (მხარეებთან დამოკიდებულება, ფიზიკური მდგომარეობა, ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მოწმის ჩვენებაზე და სხვა) გათვალისწინებით, რომელიც ამ მტკიცებულებისათვისაა დამახასიათებელი და სწორედ ამ გზით მიიღოს სადავო ფაქტობრივი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ გადაწყვეტილება.

82. განსახილველ საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ არ არსებობს სადავო ავტომანქანაზე წერილობითი ფორმით დადებული ჩუქების ხელშეკრულება, ამიტომაც საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს მტკიცებულების სახეზე, როგორიცაა მოწმის ჩვენება. სსსკ-ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ.

83. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც შეეხება „მტკიცებულებათა დასაშვებობას“ ადგენს ქცევის იმგვარ წესს, რომლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში, რადგან საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ავტომანქანის ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობისათვის კანონით დადგენილ სავალდებულო წერილობით ფორმას, ამიტომაც არ არსებობს სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მოწესრიგების გამოყენების საჭიროება, შესაბამისად, საადვო გარემოებების დასადასტურებლად დასაშვებია მოწმის ჩვენება, თუმცა ყველა მტკიცებულება უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და აგრეთვე, იმ თვალსაზრისით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოების დადასტურებაა ამ მტკიცებულებებით შესაძლებელი.

84. საკასაციო პალატა განმარტავს, მოწმე იმით განსხვავდება პროცესის მონაწილე სხვა სუბიექტებისაგან, რომ მას არ გააჩნია საქმის შედეგის მიმართ იურიდიული დაინტერესება. ამდენად, მოწმე არის საქმის მიმართ იურიდიული ინტერესის არმქონე პირი. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, ნებისმიერ შემთხვევაში, მოწმეთა კომპეტენცია, პირველ რიგში ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად წესრიგდება (იხ. Lüdi v. Switzerland, გადაწყვეტილება 15.06.1992, სერია A, N238, გვ. 20, პარაგრაფი 43 და Schuler-Zgraggen v. Switzerland, გადაწყვეტილება 24.06.1993. სერია N263, გვ.21. პარაგრაფი 66, https:/hudoc.echr.coe.int).

85. სსსკ-ის 105-ე და 140-ე მუხლების ანალიზიდან კი, გამომდინარეობს, რომ მოწმის ჩვენების მიღებისას ეროვნულმა სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორით, რაც ამ მტკიცებულების იურიდიულ ბუნებას ახლავს, მათ შორისაა მოწმის, როგორც სუბიექტის დამოუკიდებლობა მხარეთა შორის სადავო ფაქტებისა და მოვლენების მიმართ. სწორედ ამ კრიტერიუმებით განისაზღვრება ჩვენებაში გადმოცემული ფაქტების იურიდიული სანდოობა (იხ. დამატებით: ილონა გაგუა, მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო სამართლებრივ დავებზე, თბილისი, 2020 წ., გვ. 77.).

86. კასატორი მიუთითებს, რომ ყველა მოწმე დაკავშირებულია თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელესთან, აგრეთვე მათ ჩვენებებში არის წინააღმდეგობაც, რაც ობიექტურად გავლენას ახდენს მათ მიერ მიუკერძოებელი ჩვენების მიცემის შესაძლებლობაზე და ამცირებს აღნიშნული მოწმეების ჩვენებების, როგორც მტკიცებულებების, იურიდიულ სანდოობას (იხ. საკასაციო საჩივარი).

87. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეზე მოწმეებად დაკითხული პირების განმარტებებზე, კერძოდ: გ.მ–ის განმარტებით: „ბ. გავიცანი 2012-2013 წელს დ–გან და თ–გან... 2020 წელს ვნახე ბოლოს, თ. და დ. უვლიდნენ ბ.ს, ზრუნავდნენ მასზე...ბ–ს ტარება აღარ შეეძლო, ბოლოს მოუვიდა შეჯახება...2018 წლის ახალ წელს ავედი დ–თან სახლში, იქ მოვიდა ბ.ც, ხშირად მოდიოდა სტუმრად... თ–მ უთხრა „ხომ არ უნდა მოვკვდე ამ მანქანაში, აღარ შემიძლია ტარება, „პრავა“ აიღე და გქონდეს მანქანაო“...გასაღებიც მისცა, გყავდეს ეს მანქანა შენო...2018 წლის შემდეგ დ. ხმარობდა ამ მანქანას...დ. და თ.ალბათ 2010 წლიდან არიან ცოლ-ქმარი...(იხ.17.01.2022 წლის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 14:48:27 წუთიდან). ზ.დ–ძის განმარტებით: „დ–ს ბავშვობიდან ვიცნობთ...ბ–ს ვიცნობ 2015-2016 წლიდან, დ–ს მოყავდა ხოლმე სამსახურში, ამანათებს აგზავნიდა მოსკოვში დღესასწაულებზე... 2018 წელს 1 იანვარს, ჩემმა მეგობარმა დამპატიჟა თ. ოჯახში, იქ იყო ბ–ც, სუფრაზე რომ ვიჯექით, ბ–მ ამოიღო გასაღები, ტექპასპორტი, მიაწოდა თ–ს და უთხრა, „მე ისედაც ყველაფერი შენთვის მინდა და ეს მანქანაც შენია, აიღე მართვის მოწმობა, დ–ს არ სცალია ჩემთვის, მუშაობს და შენ მატარეო“.. დ. და თ.ცოლ-ქმარი არიან დაახლოებით 2012 წლიდან...ჩემთან სამსახურში მოდიოდნენ RAV4-ით...ბ. არ სვამდა სასმელს...მე როცა ვნახულობდი, სულ დ. იჯდა საჭესთან... მანქანა შავი ფერის იყო (იხ.17.01.2022 წლის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 15:07:38, 15:10: 23 წუთიდან). ი.ჩ–ძის განმარტებით: „ქობულეთში გავიცანი თ.და ბატონი ბ.... მერე აქაც მქონდა ურთიერთობა...8-9 წელია გვაქვს ურთიერთობა...2018 ან 2019 წლის ზაფხული იყო, აგვისტოს თვე, ბატონ ბ–სთან ვსაუბრობდი და მითხრა შენც არ იცი ტარებაო, მაგრამ რად გინდაო, მანქანა ვაჩუქე თ–ო და ტარება, რომ ისწავლოს „ვერ დავწერე ჯვარიო“...შავი ჯიპი იყო, მარკა არ ვიცი... დ. და თ.ცოლ-ქმარი არიან, რაც ვიცნობ იმის მერე ვიცი, რომ დ. თ–ის მეუღლეა (იხ.17.01.2022 წლის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 15:21:25 წუთიდან). ნ.გ–ის განმარტებით: „თ. ჩემი ბავშვობის მეგობარია...დ. თ–ის მეუღლეა...ბ.მ–ს ვიცნობდი ვიდეო ზარებიდან, თ–ა, რომ ელაპარაკებოდა, ტელეფონში ვესალმებოდი...ვიცოდი, რომ ბიძა და დისშვილი იყვნენ ერთმანეთისთვის... მანქანაზე მაშინ გავიგე, როცა ახალი წელი მივულოცე, 2 იანვარი იყო, თამუნამ მითხრა, რომ ბიძაჩემმა მანქანა მაჩუქაო (იხ.17.01.2022 წლის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 15:28:45 წუთიდან) (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების პ. 21).

88. კასატორი მიუთითებს, საქმის მასალებიდან არ ირკვევა, რომ სარჩენმა მოსარჩელეს სადავო ავტომანქანა აჩუქა. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული მოწმეთა ჩვენებებიდან გამომდინარეობს, რომ სარჩენს ავტომანქანის ტარება პირადად აღარ შეეძლო და მოსარჩელეს სთხოვდა მართვის მოწმობის აღებას, რათა სადავო სატრანსპორტო საშუალებით სარჩენი ეტარებინა. ნივთის მესაკუთრედ კი თავად რჩებოდა. მოწმეებმა სასამართლოს საკუთარი შეფასება გადასცეს, როდესაც ნივთის მოსარჩელისათვის ჩუქებაზე საუბრობდნენ (გადასცა მოსარჩელეს გასაღები, მოსთხოვა მართვის მოწმობის აღება და სარჩენის ტარება), თუმცა უშუალოდ ჩუქების ფაქტი ვერ დაადასტურეს. ჯარიმები სადავო მანქანასთან დაკავშირებით მოსდიოდა სარჩენს. მოწმეების ნაწილმა ვერ მიუთითა იმ ბინის მდებარეობა, სადაც ჩუქება განხორციელდა და ვერც ავტომობილის ფერი დაასახელეს. მოწმეები მოსარჩელის ოჯახის ახლობლები იყვნენ და სუბიექტურ ინფორმაციას აწვდიდნენ სასამართლოს. არცერთი მოწმე არ წარმოადგენდა სარჩენის სამეგობროს წრეს. ამასთან მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა. ერთი მხრივ, ისინი უთითებდნენ, რომ მანქანა მოსარჩელეს გადაეცა, რადგან დ.ჭ–ძეს არ ეცალა, მეორე მხრივ კი, განმარტავდნენ, რომ ნივთით 2018 წლიდან დ.ჭ–ძე სარგებლობდა (იხ. საკასაციო საჩივარი, წინამდებარე გადაწყვეტილების პ. 26-27).

89. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიის ფარგლებში იმსჯელებს თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელის ინიციატივით დაკითხული მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებზე იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად დასტურდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება - ზეპირი ფორმით ჩუქების ხელშეკრულების დადება და არის თუ არა მოწმეთა ჩვენებებში წინააღმდეგობა.

90. კასატორის მიუთითებს, რომ მოწმეები - ი.ჩ–ძე და ნ.გ–ი ოჯახის ახლობლები იყვნენ და სუბიექტურ ინფორმაციას აწვდიდნენ სასამართლოს, იმავდროულად არაპირდაპირი მოწმეები არიან, ჩუქების ფაქტს ვერ ადასტურებენ და მათი განმარტება არ უნდა იქნეს გათვალისწინებული.

91. კასატორის აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს წინამდებარე გადაწყვეტილების პ.21 დადგენილ გარემოებაზე, კერძოდ, ი.ჩ–ძის განმარტებით: „ქობულეთში გავიცანი თ.და ბატონი ბ.... მერე აქაც მქონდა ურთიერთობა...8-9 წელია გვაქვს ურთიერთობა...2018 ან 2019 წლის ზაფხული იყო, აგვისტოს თვე, ბატონ ბ–სთან ვსაუბრობდი და მითხრა შენც არ იცი ტარებაო, მაგრამ რად გინდაო, მანქანა ვაჩუქე თ–ო და ტარება, რომ ისწავლოს „ვერ დავწერე ჯვარიო“...შავი ჯიპი იყო, მარკა არ ვიცი... დ. და თ.ცოლ-ქმარი არიან, რაც ვიცნობ იმის მერე ვიცი, რომ დ. თ–ის მეუღლეა (იხ.17.01.2022 წლის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 15:21:25 წუთიდან). ნ.გ–ის განმარტებით: „თ. ჩემი ბავშვობის მეგობარია...დ. თ–ის მეუღლეა...ბ.მ–ს ვიცნობდი ვიდეო ზარებიდან, თ–ნა, რომ ელაპარაკებოდა, ტელეფონში ვესალმებოდი...ვიცოდი, რომ ბიძა და დისშვილი იყვნენ ერთმანეთისთვის... მანქანაზე მაშინ გავიგე, როცა ახალი წელი მივულოცე, 2 იანვარი იყო, თ–მ მითხრა, რომ ბიძაჩემმა მანქანა მაჩუქაო (იხ.17.01.2022 წლის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 15:28:45 წუთიდან) (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების პ. 21).

92. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ ნ.გ–ის ჩვენება, ვერ იქნება მიჩნეული მოწმის ჩვენებად, შემდეგ გარემოებათა გამო:

93. ნ.გ–ის განმარტებით: „მანქანაზე მაშინ გავიგე, როცა ახალი წელი მივულოცე, 2 იანვარი იყო, თამუნამ მითხრა, რომ ბიძაჩემმა მანქანა მაჩუქაო“ (იხ.17.01.2022 წლის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 15:28:45 წუთიდან). აღნიშნულიდან კი დგინდება, რომ ნ.გ–ი უშუალოდ არ შესწრებია სადავო ავტომანქანის ჩუქების ფაქტს, არამედ ამის შესახებ შეიტყო თვითონ თ.ყ–ისაგან. შესაბამისად, ინფორმაციის წყარო, რომელზე დაყრდნობითაც ნ.გ–ი მიუთითებს სადავო სამართალურთიერთობის დასადასტურებლად, საკასაციო პალატის შეფასებით სხვა არაფერია, თუ არა თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელის ვერბალური ახსნა-განმარტება.

94. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ი.ჩ–ძის ჩვენებით, ასევე უტყუარად არ დასტურდება სადავო ჩუქების ხელშეკრულების დადება, რადგან მოწმე უშუალოდ არ შესწრებია ჩუქების ხელშეკრულების დადების ფაქტს და მეორეც, ზუსტად ვერ იხსენებს, როდის განუცხადა გამჩუქებელმა სადავო ავტომანქანის საჩუქრად გადაცემის შესახებ „2018 ან 2019 წლის ზაფხული იყო, აგვისტოს თვე, ბატონ ბ–სთან ვსაუბრობდი“. (იხ.17.01.2022 წლის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 15:28:45 წუთიდან).

95. კასატორი მიუთითებს, რომ ერთ-ერთ მოწმეს - გ.მ–ს, მანქანის ფერიც კი აერია და მიუთითა, რომ მანქანა იყო ნაცრისფერი, რაზეც მოსარჩელის წარმომადგენლებმა, იმისათვის, რომ გამოესწორებინათ სიტუაცია, განმარტეს, რომ მოწმემ მიუთითა ავტომანქანის გასაღების და არა ავტომანქანის ფერზე, თუმცა კი შეკითხვა დასმული იყო ავტომანქანის ფერთან დაკავშირებით. სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ის სუბიექტური გარემოება, რომ თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას ამყარებდა მხოლოდ იმ მოწმეებზე, რომლებიც მოსარჩელის ოჯახის ახლობლები იყვნენ და არ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ მოწმე იყო ყოფილი სამართალდამცველი და მას ავტომანქანის ფერი, რომელზედაც იძლეოდა ჩვენებას, არ უნდა შეშლოდა, თუ ეს ავტომანქანა საერთოდ ნანახი ჰყავდა.

96. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა მოწმე ზ.დ–ძის ჩვენების ნაწილზე, კერძოდ, „სუფრაზე რომ ვიჯექით, ბ.მ ამოიღო გასაღები, ტექპასპორტი, მიაწოდა თ– და უთხრა, „მე ისედაც ყველაფერი შენთვის მინდა და ეს მანქანაც შენია, აიღე მართვის მოწმობა, დ– არ სცალია ჩემთვის, მუშაობს და შენ მატარეო“...

97. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიის ფარგლებში ყურადღებას გაამახვილებს ზ.დ–ძის ჩვენებაძე: „დ–ს ბავშვობიდან ვიცნობთ...ბ–ს ვიცნობ 2015-2016 წლიდან, დ–ს მოყავდა ხოლმე სამსახურში, ამანათებს აგზავნიდა მოსკოვში დღესასწაულებზე... 2018 წელს 1 იანვარს, ჩემმა მეგობარმა დამპატიჟა თ. ოჯახში, იქ იყო ბ–ც, სუფრაზე რომ ვიჯექით, ბ.მ ამოიღო გასაღები, ტექპასპორტი, მიაწოდა თ–ს და უთხრა, „მე ისედაც ყველაფერი შენთვის მინდა და ეს მანქანაც შენია, აიღე მართვის მოწმობა, დ– ს არ სცალია ჩემთვის, მუშაობს და შენ მატარეო“.. დ. და თ.ცოლ-ქმარი არიან დაახლოებით 2012 წლიდან...ჩემთან სამსახურში მოდიოდნენ RAV4-ით...ბ. არ სვამდა სასმელს...მე როცა ვნახულობდი, სულ დ. იჯდა საჭესთან... მანქანა შავი ფერის იყო (იხ.17.01.2022 წლის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 15:07:38, 15:10: 23 წუთიდან).

98. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ აღნიშნული ჩვენების შინაარსი იმას ადასტურებს, რომ რომ ბ.მ–ს არ გაუჩუქებია ავტომანქანა, ვინაიდან მართვის მოწმობის აღებისაკენ მოუწოდა თ.ყ–ს, რათა იგი მომსახურებოდა ბ.მ–ს მისივე მანქანით, რაც ვერ ჩაითვლება ჩუქებად. მოწმის ჩვენების მიხედვით, ბ.მ–მა ავტომანქანის გასაღები და ტექ. პასპორტი თ.ყ–ს მხოლოდ იმიტომ გადასცა, რომ რადგან მუშაობის გამო დ–ს არ სცალია ბ.მ–ისათვის, თ.ყ–ს ისევ ბ.მ–ი ეტარებინა და მომსახურებოდა მძღოლის სახით.

99. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის იმ პრეტენზიასაც, რაც უკავშირდება თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელის ინიციატივით დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების წინააღმდეგობას. მოწმეები ერთის მხრივ მიუთითებენ, რომ ბ.მ–მა სადავო ავტომანქანა იმიტომ გადასცა თ.ყ–ს, რომ დ–ს არ ცალია, მუშაობს და შენ მატარეო, თანაც ამის პარარელურად მიუთითებენ, რომ 2018 წლის შემდეგ დ. იყენებდა ამ მანქანას (იხ. გ.მ–ის და ზ.დ–ძის ჩვენება) (იხ.17.01.2022 წლის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი).

100. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის იმ პრეტენზიასც, თუ ბ.მ–მა საკუთრებაში გადასცა სადავო ავტომანქანა თ.ყ–ს, ავტომანქანის ტექნიკურ დათვალიერებაც მესაკუთრეს უნდა განეხორციელებინა, რისი დამადასტურებელი მტკიცებულება კი, თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. ასევე არ დასტურდება, რომ პირადად დ.ჭ–ძე ყოფილა დაჯარიმებული. არ დასტურდება მანქანასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება, რაც საკუთრებას დაადასტურებდა, მაგალითად, მანქანის სათადარიგო ნაწილის შეძენა, ტექნიკური შემოწმების გავლა, თუნდაც დ.ჭ–ძის მიერ ჯარიმების გადახდა, როგორც ამას თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე მიუთითებს.

101. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა ჩუქების ხელშეკრულების დადების ნაწილში წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეეტნზია.

102. საკასაციო პალატა იმსჯელებს, კასატორის პრეტენზიაზე, რომელიც უკავშირდება სააპელაციო სასამართლოს მიერ შეგებებული სარჩელის უარყოფას.

103. კასატორმა შეგებებული სარჩელით მოითხოვა თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელის უკანონო მფლობელობიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკა - მოდელი ტოიოტა RAV4, სანომრე ნიშანი - ……., ფერი - შავი, საიდენტიფიკაციო ნომერი ..., გამოთხოვა და მისთვის გადაცემა.

104. შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ მიუთითა, რომ მემკვიდრეობით თავისი პაპისაგან - ბ.მ–ისაგან, სხვა ქონებებთან ერთად, მიიღო აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება, რაზეც ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა. თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელის მიერ აღძრულია სარჩელი ამ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომელშიც მითითებულია, რომ ფლობს ზემოაღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას. თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ფლობს სამკვიდროში შესულ ზემოაღნიშნულ ავტომანქანას, რადგან დადასტურებულია მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტი. შეგებებული სარჩელით მოპასუხე, რომ უკანონო მფლობელია და არავითარი ჩუქებით არ აქვს მიღებული ეს სატრანსპორტო საშუალება, დასტურდება აგრეთვე შესაგებელში მითითებული არგუმენტებით და ფაქტებით თავდაპირველი სარჩელის წინააღმდეგ. (იხ. შეგებებული სარჩელი,ს.ფ. 96-99).

105. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხოლო შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 170 I-ლი (მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.), 172 I-ლი (მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.) და 1328 I-ლი (სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდროს აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის) მუხლები.

106. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ. დამატებით: თ– ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019 წ.,თბილისი, გვ. 245).

107. არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

108. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვიდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირის არამართლზომიერ მფლობელობაში (შდრ: სუსგ-ები: №ას-1005-2023, 03 ოქტომბერი, 2023 წ.,პ.39;).

109. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის დანაწესზე, რომლითაც განსაზღვრულია საკუთრების უფლების შინაარსი. „სამართლებრივი სახელმწიფო ეფუძნება ადამიანის, როგორც უმთავრესი ფასეულობის არა მხოლოდ აღიარებას, არამედ რეალურ უზრუნველყოფას ძირითადი უფლებებით სრულყოფილად და ეფექტურად სარგებლობის გარანტიების გზით. ფასეულობათა კონსტიტუციური სისტემა დაფუძნებულია ძირითადი უფლებების პრიორიტეტსა და პატივისცემაზე“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №2/3/423.) „საქართველოს კონსტიტუციით დაცულია არა მხოლოდ საკუთრება, არამედ მისი შეძენაც და გასხვისებაც. საკუთრების შინაარსა და ფარგლებს განსაზღვრავს არა კანონი, არამედ სამართლებრივი წესრიგი“ (იხ. ბ.ზოიძე, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, თბილისი, 2007, გვ.97).

110. „საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება არა მარტო ინდივიდის არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/384). ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალქო ბრუნვას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №3/1/512). „საქართველოს კონსტიტუცით დაცვის სუბიექტია კერძო პირთა საკუთრება, როგორი ფუნქციური დატვირთვაც არ უნდა ჰქონდეს მას, სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად იქნება გამოყენებული თუ არასამეწარმეო მიზნებისათვის. საკუთრება უპირობოდ დაცული ფასეულობაა, იმის მიუხედავად, თუ რა ღირებულების მფლობელობაა სახეზე და რა სოციალური ტვირთის მატარებელია იგი“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/411).

111. „საკუთრების განკარგვის თავისუფლებასთან გვაქვს საქმე, როცა ეს განკარგვა მესაკუთრის თავისუფალი ნების შედეგად ხდება და იგი წარმოადგენს სუვერენული უფლების რეალიზაციის გამოვლინებას.“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/384). “საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მხოლოდ კანონიერი გზით მოპოვებული საკუთრება. საკუთრება კანონიერად მაშინ ჩაითვლება, თუ ის შეძენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით.“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №2/5/309). „საკუთრების კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო ბოჭვის ნებისმიერ შემთხვევაში საკუთრების არსება უნდა შენარჩუნდეს და მისი შინაგანი შინაარსი არ უნდა დაზიანდეს“ (იხ. ბესარიონ ზოიძე, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, თბილისი, 2007, გვ.105).

112. კასატორს სადავოდ არ გაუხდია და სააპელაციო სასამართლომაც დადგენილად ჩათვალა, რომ აპელანტი სადავო ქონებას ფლობდა. რაც შეეხება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას, რომ მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ შეგებებული სარჩელით მოპასუხემ სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება დადასტურდებოდა.

113. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამასთან, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.

114. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2020 წლის 28 მარტს სადავო ავტომანქანის მესაკუთრის ბ.მ–ის გარდაცვალების შემდეგ მისი მემკვიდრის - შვილიშვილის ( კასატორი) სახელზე, ნოტარიუსმა გასცა 2020 წლის 20 სექტემბრის №200767570 სამკვიდრო მოწმობა (მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისათვის უკვე გარდაცვლილი გახლდათ მამკვიდრებლის შვილი, მოპასუხის დედა). მოცემული დოკუმენტის თანახმად, მემკვიდრემ მიიღო მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონება, მათ შორის, სადავო ავტომანქანა. რადგან არ დადასტურდა მამკვიდრებლის მიერ ზეპირი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელისათვის სადავო ავტომანქანის ჩუქების ფაქტი, სსკ-ის 1328-ე მუხლის შესაბამისად, სადავო ავტომანქანა წარმოადგენს სამკვიდრო ქონებას. საქმეში არსებული მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება კასატორის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტი. შესაბამისად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სახეზეა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები. ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

115. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის ნაწილშიც წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეეტნზია.

116. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, რაც მისი გაუქმების საფუძველია, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ხოლო სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

საკასაციო პალატის მიერ საპროცესო ხარჯების განაწილება:

117. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკამყოფილებულია.

118. ვინაიდან საკსაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო კასატორი სსსკ-ის 46-ე მუხლის „ე“ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, შესაბამისად კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს თ.ყ–ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე 750 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და,

გადაწყვიტა:

1. კ.მ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. თ.ყ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. კ.მ–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს. გამოთხოვილ იქნეს თ.ყ–ის უკანონო მფლობელობიდან ავტოსატრანსპორტო საშუალება (მარკა/მოდელი - ტოიოტა RAV4, სანომრე ნიშანი -.., ფერი - შავი, საიდენტიფიკაციო ნომერი - …..) და გადაეცეს კ.მ–ს;

5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით (სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც კ.მ–ს (პ/ნ ....) აეკრძალა ქალაქი თბილისი, .........., ფართი 9.88 კვ.მ. გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №.......); კ.მ–ს აეკრძალა-შემდეგი სატრანსპორტო საშუალების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა: მარკა/მოდელი - ტოიოტა RAV4, სანომრე ნიშანი -…, ფერი - შავი, საიდენტიფიკაციო ნომერი - ……;

6. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 05 აპრილის განჩინებით (სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება;

7. თ.ყ–ს საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 750 ლარის გადახდა;

8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე