საქმე №ას-735-2023 20 სექტემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით
კასატორი – შპს „მ-ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ-ას“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ ზიანის - 59 200 ლარისა და ახალი გენერატორის მონტაჟთან დაკავშირებული ხარჯის 1524.32 ლარის ანაზღაურების შესახებ. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ექსპერტიზის ხარჯის - 100 ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 18 დეკემბერს მხარეთა შორის დადებული №439 ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მიმწოდებლისგან - მოპასუხისაგან მცხეთის რაიონული სასამართლოსთვის შეიძინა გენერატორი „AKSA APD70A“. ხელშეკრულების 7.3 მუხლის მიხედვით, გენერატორზე მოქმედებდა 5-წლიანი გარანტია. აღნიშნულ დანადგარს ექსპლუატაციას უწევდნენ კვალიფიცირებული პირები, კერძოდ, ჯერ 2016 წლის 13 იანვრის №44 ხელშეკრულების საფუძველზე ტექნიკურ მხარდაჭერას ახორციელებდა შპს „გ…“ (შემდგომ - პირველი შპს) და შემდგომ, 2018 წლის 26 იანვრის №48 ხელშეკრულების საფუძველზე - შპს „ე–ი“ (შემდგომ - მეორე შპს). მათი მომსახურების პერიოდში გენერატორს რამდენჯერმე ჩაუტარდა ტექნიკური დათვალიერება, გამოიცვალა საწვავის მილები, შეიცვალა ზეთი და ფილტრები. ზემოაღნიშნული კომპანიის წარმომადგენლების გარდა, გენერატორთან დაშვება ექსპლუატაციის მიზნით, სხვა პირებს არ ჰქონდათ. საწვავს ამატებდნენ მხოლოდ მცხეთის რაიონული სასამართლოს თანამშრომლები.
3. 2018 წლის 6 ნოემბერს ზემოაღნიშნული გენერატორის ძრავი გამოვიდა მწყობრიდან, რის გამოც 2018 წლის 9 ნოემბერს №03-7495 წერილით დეპარტამენტმა მიმართა მიმწოდებელს და მოსთხოვა გარანტიის ფარგლებში საჭირო ღონისძიებების განხორციელება, რაზეც 2018 წლის 13 ნოემბერს მიიღო პასუხი, რომ დაზიანება გამოწვეული იყო არასწორი ექსპლუატაციით, შესაბამისად, გარანტიის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა.
4. მოპასუხის წერილის საფუძველზე დეპარტამენტმა 2018 წლის 15 ნოემბრის №06-7665 წერილობით მიმართა მომსახურების გამწევ მეორე შპს-ს და მოსთხოვა რეაგირება, რაზეც 2018 წლის 29 ნოემბერს მეორე შპს-მ განმარტა, რომ იგი ტექნიკურ ზედამხედველობასა და მომსახურებას კეთილსინდისიერად, ყველა ნორმის დაცვით ახდენდა, შესაბამისად, გენერატორის დაზიანებაზე ვერ აიღებდა პასუხისმგებლობას.
5. ექსპლუატაციის გამწევი პირების გარდა, გენერატორთან დაშვებაზე სხვა პირების გამოსარიცხად, 2018 წლის 6 დეკემბერს N06-8244 წერილით მოსარჩელემ მიმართა მცხეთის რაიონული სასამართლოს მენეჯერს. აღნიშნულ წერილზე პასუხად, იმავე წლის 11 დეკემბერს მცხეთის რაიონული სასამართლოს მენეჯერმა წერილობით აცნობა, რომ გენერატორთან სასამართლოს თანამშრომლებს შეხება ჰქონდათ მხოლოდ საწვავის ჩასხმის დროს, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში მომსახურებას უწევდნენ მეორე შპს-ს წარმომადგენლები.
6. მოსარჩელის განმარტებით, გაითვალისწინა ის შესაძლო რეალობა, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს მუშაობა შეიძლება შეფერხებულიყო, ელექტროენერგიის გათიშვის გამო, ამასთან, რადგან იმ ეტაპზე გენერატორის დაზიანებაზე პასუხისმგებელი პირის დადგენა ვერ ხდებოდა, ზემოაღნიშნული გენერატორის დემონტაჟის შემდეგ დამონტაჟდა სხვა გენერატორი. მითითებული სამუშაოები განახორციელა მეორე შპს-მ, შესაბამისი ღირებულების (1524.32 ლარი) სანაცვლოდ. გენერატორის დაზიანების მიზეზის დასადგენად, 2019 წლის 14 იანვარს მოსარჩელემ მიმართა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ბიუროს“.
7. 2020 წლის 28 მაისს ექსპერტიზის ბიუროს N5002686020 დასკვნით, არასწორი ექსპლუატაციის გამო, დაზიანება გამოირიცხა. ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, 2020 წლის პირველ ივნისს N06-3395 წერილით მოსარჩელემ კვლავ მიმართა მოპასუხეს და მოსთხოვა ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, თუმცა 2020 წლის 17 ივნისს მოპასუხემ უარი განაცხადა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
8. სასამართლო დავისათვის მომზადების პროცესში მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, ჩატარდა ბაზრის კვლევა იმავე მახასიათებლების მქონე გენერატორის მიმდინარე ღირებულების დასადგენად. ბაზრის კვლევაში დაინტერესება გამოთქვა სამმა კომპანიამ, რომელთა მიერ განხორციელებულ შეთავაზებებს შორის ყველაზე მაღალმა ფასმა, 2020 წლის 19 აგვისტოს შეთავაზებით, შეადგინა 59 200 ლარი.
მოპასუხის პოზიცია:
9. მოპასუხემ წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მისი წარმომადგენლის მიერ სადავო გენერატორის შემოწმებისას დაფიქსირდა ისეთი დაზიანებები, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ავარიულ რეჟიმში მუშაობაზე მიუთითებდა. როგორც მომსახურე კომპანიამ დაადასტურა, მათ დააფიქსირეს გენერატორში ზეთისა და წყლის კლება, თუმცა არ გამოუკვლევიათ აღნიშნულის მიზეზი. შესაბამისად, ტექნიკური მომსახურების გამწევ პირებს არ გააჩნდათ მაღალი კვალიფიკაცია. ამასთან, მოპასუხემ არ უარყო ტექნიკური შემოწმების ჩატარების ფაქტები, მაგრამ საეჭვოდ მიიჩნია მათი ხარისხი, რამდენადაც ვერც ერთხელ ვერ დაფიქსირდა, რომ, გენერატორის არასწორი ექსპლუატაციის გამო, მას ჰქონდა დაზიანებები. თავდაპირველად გენერატორს საერთოდ არ გამოცვლია ზეთი, ხოლო მეორედ, გენერატორს, გამოცვლის ნაცვლად, დაემატა დაკლებული ზეთი. აღნიშნული მიუთითებს ზეთის გამშვები ონკანის მექანიკურ მოშვებასა და არასწორ ექსპლუატაციაზე. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, იგი არასწორადაა ინტერპრეტირებული. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გენერატორის მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვია გადახურებამ, თუმცა რამ გამოიწვია გადახურება და რა სახის ექსპლუატაციას უწევდნენ მანამდე გენერატორს, ექსპერტს არ უმსჯელია.
10. 2018 წლის 13 ნოემბრის წერილით მოპასუხემ მოსარჩელეს განუმარტა, თუ რას შეიძლებოდა გამოეწვია გენერატორის დაზიანება და როგორ იყო ის დაკავშირებული არასწორ ექსპლუატაციასთან. ამასთან, 2020 წლის 17 ივნისის წერილით, მოპასუხემ დააფიქსირა გენერატორის მართვის პანელის შემოწმების აუცილებლობა, რადგან გენერატორის დაზიანებები მეტყველებდა დიდი ხნის განმავლობაში ავარიულ რეჟიმში მუშაობაზე, რაც აშკარად გამოწვეული იყო არასწორი ექსპლუატაციით, გენერატორის იძულებითი მუშაობით, ზეთისა და გამაგრილებელი სითხის ნაკლებობით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
11. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის - 59 200 ლარისა და ახალი გენერატორის მონტაჟთან დაკავშირებული ხარჯის - 1524.32 ლარის, ასევე ექსპერტიზის ხარჯის ანაზღაურება, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 18 დეკემბერს მოსარჩელემ მოპასუხისაგან მცხეთის რაიონული სასამართლოსათვის შეიძინა გენერატორი „AKSA APD70A“.
14. 2015 წლის 18 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N439 ხელშეკრულების მიხედვით, შესყიდული გენერატორის საგარანტიო ვადა განისაზღვრა 5 წლით.
15. 2018 წლის 6 ნოემბერს მითითებული გენერატორის ძრავი მწყობრიდან გამოვიდა, რაზეც მოსარჩელემ მიიღო შეტყობინება მცხეთის რაიონული სასამართლოდან იმავე დღეს.
16. გენერატორის მწყობრიდან გამოსვლისთანავე (საგარანტიო ვადაში) მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს, გენერატორის შეკეთების მიზნით, რაზეც მოპასუხემ უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ გენერატორი დაზიანებული იყო არასწორი ექსპლუატაციის გამო.
17. მოპასუხის უარიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მიმართა ტექნიკური მომსახურების განმახორციელებელ მეორე შპს-ს და მოსთხოვა განმარტება მოპასუხის წერილთან დაკავშირებით. მეორე შპს-მ განაცხადა, რომ დაზიანების ზუსტი მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდა და მისთვის უცნობია, რა ვითარებაში მოხდა გენერატორის ძრავის დაზიანება.
18. მოსარჩელემ კითხვით მიმართა მცხეთის რაიონული სასამართლოს მენეჯერს, საწვავის ავზის შევსების გარდა, ვინმეს ხომ არ ჰქონდა შეხება გენერატორთან, რასთან დაკავშირებითაც სასამართლოს მენეჯერმა განმარტა, რომ გენერატორის ექსპლუატაციას ახორციელებდნენ მხოლოდ მეორე შპს-ს წარმომადგენლები, სასამართლოს თანამშრომლები კი მხოლოდ ავსებდნენ ავზს საწვავით.
19. 2018 წლის 4 აგვისტოსა და 16 ოქტომბრის დეფექტური აქტების თანახმად, მეორე შპს-ს სადავო გენერატორის მიმართ განახორციელა შემდეგი სახის მომსახურება: ა) ტექნიკური დათვალიერება; ბ) „საწვავის შლანგები და ხამუტები“; გ) ტრანსპორტი; დ) ზეთის შეცვლა, რაც ასევე დადასტურდა 2018 წლის 9 ნოემბრის ტექნიკური მომსახურების აღრიცხვის N03-7495 ფორმით.
20. 2018 წლის 13 ნოემბრის მოპასუხის წერილით სააპელაციო სასამართლომ გამოარკვია, რომ გენერატორზე გარანტია ვრცელდებოდა 5 წელი სწორი ექსპლუატაციის პირობებში. მოპასუხის მითითებით, მათ დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება აღნიშნულ საკითხზე, ადგილზე მიავლინეს სპეციალისტები. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ გენერატორის დიზელის შიდა წვის ძრავა გადახურებულია (შეცვლილია კორპუსის ფერი), ძრავის ზეთში გადასულია გამაგრილებელი სითხე, რაც მიუთითებს, რომ გადახურებით დაიწვა ძრავის თავაკის შუასადები და სავარაუდოდ, სრიალის სადებებიც. ძრავის გადახურება ხდება იმ შემთხვევებში, თუ: 1) არ ხდება გამაგრილებელი სითხის ცირკულაცია; 2) აორთქლდა მაგრილებელი სითხე და სჭირდება დამატება; 3) აკლია და ესაჭირეობა დამატება ძრავის ზეთს. ბოლო მომსახურებისას მაგრილებელი სითხე, ანტიფრიზის ნაცვლად, ძრავს დაემატა 6 ლიტრი წყალი და 6 ლიტრი ზეთი. ასეთი რაოდენობის ზეთისა და მაგრილებელი სითხის დაკლება უცებ არ ხდება. ამდენად, შიდაწვის ძრავა მუშაობდა ავარიულ რეჟიმში, დიდი ხნის მანძილზე, მეთვალყურეობის გარეშე, მინიმუმ, 6-8 თვე. ზემოაღნიშნულის საფუძველზე კომპანიამ მოიხსნა გენერატორის შეკეთების ვალდებულება.
21. მცხეთის რაიონული სასამართლოს უწყვეტად მუშაობის უზრუნველსაყოფად მოსარჩელემ დაზიანებული გენერატორი საკუთარი ხარჯით შეცვალა სხვა გენერატორით, რომლის ოდენობამ 1524.32 ლარი შეადგინა.
22. მოსარჩელემ, გენერატორის დაზიანების გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით, მიმართა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“. მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 100 ლარი.
23. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2020 წლის 28 მაისის N5002686020 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზის წინაშე დაისვა კითხვა, თუ რა გახდა გენერატორის დაზიანების მიზეზი - არასწორი ექსპლუატაცია თუ ქარხნული წუნი. მითითებული დასკვნის თანახმად, ვინაიდან ძრავის ტემპერატურის მატების დროს გენერატორი ავტომატურად არ გაითიშა, გამორიცხული იყო, რომ მოცემული დაზიანება გამოწვეულიყო არასწორი ექსპლუატაციით. რაც შეეხება მეორე კითხვას, ქარხნულ წუნთან დაკავშირებით, ექსპერტმა მიუთითა, რომ იმის დადგენა, ზემოაღნიშნული გაუმართაობა წარმოადგენდა თუ არა ქარხნულ წუნს, იმჟამინდელი მდგომარეობით შეუძლებელი იყო.
24. ექსპერტიზის დასკვნის შინაარსიდან გამომდინრე, 2020 წლის პირველ ივნისს მოსარჩელემ კვლავ მიმართა მოპასუხეს და მოსთხოვა, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გარანტიის ფარგლებში საჭირო ღონისძიებების განხორციელება. მოპასუხემ დაზიანებული გენერატორის შეკეთებაზე უარი განაცხადა.
25. მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, მოსარჩელემ ჩაატარა ბაზრის კვლევა იმავე მახასიათებლების მქონე დიზელგენერატორის ღირებულების დასადგენად. ბაზრის კვლევაში დაინტერესება გამოთქვა სამმა კომპანიამ. მათ მიერ განხორციელებულ შეთავაზებებს შორის ყველაზე მაღალი ფასი, 2020 წლის 16 სექტემბრის შეთავაზებით, დაადგინა შპს „ქ–მა“ და იმავე მახასიათებლების მქონე გენერატორის ღირებულებად 59 200 ლარი მიუთითა.
26. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს (სახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურება), მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 490-ე (თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში), 394.1-ე (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება), 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლები.
27. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების წინაპირობებია, მხარეთა შორის ნამდვილი ხელშეკრულების არსებობა, ვალდებულების ბრალეული დარღვევა, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი ვალდებულების დარღვევასა და ზიანს შორის. დასახელებული შემადგენლობიდან რომელიმე ელემენტის არარსებობა გამორიცხავს იმ სამართლებრივ შედეგს, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურს.
28. სსკ-ის 394-ე მუხლის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის აუცილებელია დადასტურდეს მოვალის მიერ კანონის დანაწესების ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა, რაც კრედიტორისთვის ზიანის მიყენების პირდაპირი და უშუალო საფუძველი გახდა. ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის №ას-1322-2018 განჩინება).
29. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ, მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურების მიზნით, წარადგინა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნა იმის შესახებ, თუ რა გახდა გენერატორის დაზიანების მიზეზი - არასწორი ექსპლუატაცია თუ ქარხნული წუნი. დასკვნის თანახმად, ძრავის ტექნიკური შემოწმებით გაირკვა, რომ ძრავი გამოსული იყო მწყობრიდან, კერძოდ, გადახურებული იყო. ამასთან, გადახურების შედეგად ძრავის დაზიანების ხარისხი არ იძლეოდა საშუალებას, რომ დადგენილიყო კონკრეტულად ძრავის მაკომპლექტებელი რომელი დეტალი გამოვიდა მწყობრიდან, რამაც ძრავის ამგვარი დაზიანება გამოიწვია. დასკვნის მიხედვით, გენერატორის ტექნიკური მახასიათებლებისა და ოფციების ამსახველი დოკუმენტაციით ირკვეოდა, რომ გენერატორის დაცვით მექანიზმებში, გარდა სხვა ჩამოთვლილი გაუმართაობისა, რა დროსაც ავტომატურად უნდა გამორთულიყო გენერატორი, მითითებული იყო გაგრილების სისტემის დასაშვებზე მაღალი ტემპერატურა. ვინაიდან ძრავის ტემპერატურის მატების დროს გენერატორი ავტომატურად არ გაითიშა, გამორიცხული იყო, რომ მოცმული დაზიანება გამოწვეულიყო არასწორი ექსპლუატაციით.
30. რაც შეეხება კითხვას ქარხნულ წუნთან დაკავშირებით, ექსპერტმა მიუთითა, რომ იმის დადგენა, ზემოაღნიშნული გაუმართაობა წარმოადგენდა თუ არა ქარხნულ წუნს, დღევანდელი მდგომარეობით შეუძლებელი იყო.
31. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპებზე და საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი უფლება-მოვალეობების მხარეთა მიერ ეფექტიანად გამოყენების მნიშვნელობაზე.
32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (შემდგომ - სსსკ) ითვალისწინებს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპს, რომელიც მხარეთა თანასწორობის პრინციპთან ერთად, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო უფლების მნიშვნელოვან კომპონენტს.
33. ამავე კოდექსის მე-4 მუხლისა და 102-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე, ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის პრინციპისა (სსსკ-ის მე-3 მუხლი), რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც, გარკვეულწილად, დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.
34. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ სარჩელისაგან თავი დაიცვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ შემსყიდველმა დაარღვია ნივთის ექსპლუატაციის წესები, თუმცა მოპასუხემ ვერ წარადგინა რაიმე მტკიცებულება ექსპერტიზის დასკვნით იმპერატიულად დადგენილი იმ გარემოების გასაბათილებლად, რომ გენერატორის დაზიანება არ ყოფილა გამოწვეული მისი ექსპლუატაციის წესის დარღვევით.
35. საპირისპირო მტკიცებულების არარსებობამ სააპელაციო პალატას შეუქმნა საფუძველი, გაეზიარებინა მოსარჩელის მითითება, რომ ნივთი იყო ნაკლიანი.
36. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს სსკ-ის 490-ე მუხლის შესაბამისად (თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში), ხელშეკრულებით შეთანხმებულ საგარანტიო ვადაში წარმოეშვა მოთხოვნის უფლება.
37. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 496-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც, თუ გამყიდველი ნივთის ვარგისიანობის ვადას განსაზღვრავს, მაშინ ივარაუდება, რომ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი მყიდველს აძლევს მოთხოვნის უფლებას.
38. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვარგისიანობის ვადა გარანტიის ერთგვარი სახეა. ეს არის სახელშეკრულებო შეთანხმება, რომელიც მყიდველს კანონით გათვალისწინებულზე უფრო მეტ დაცვის გარანტიას ანიჭებს და მის უფლებებს აფართოვებს. შესაბამისად, ნივთის ვარგისიანობის ვადის განსაზღვრით არ შეიძლება მყიდველის უფლებრივი მდგომარეობის გაუარესება. ნივთის ვარგისიანობის ვადის განსაზღვრა ნივთის თვისებების, მისი ხარისხისა და ფიზიკური მონაცემების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ნივთის ვარგისიანობის ვადის განსაზღვრა გამყიდველის მიერ ნივთის თვისებების თაობაზე გარანტიის დაკონკრეტებაა, კერძოდ, გამყიდველი გარანტიას გასცემს ნივთის თვისებებთან დაკავშირებით გარკვეულ ვადამდე. ჩვეულებრივი გარანტიისაგან განსხვავებით, მოწესრიგების თავისებურება და მნიშვნელობა იმაში მდგომარეობას, რომ ნივთის თვისებებზე გარანტიას გამყიდველი გასცემს მიუხედავად იმისა, რომ ნივთის გადაცემის მომენტში ნივთი უნაკლო იყო. თვისობრიობის გარანტიის შემთხვევაში კი ის ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როდესაც ნაკლი რისკის გადაცემის მომენტში უკვე სახეზე იყო. გამყიდველის მიერ ვარგისიანობის ვადის განსაზღვრით გამყიდველი იღებს პასუხისმგებლობას, რომ ნივთი გათვალისწინებული ვადის ფარგლებში შეინარჩუნებს გარკვეულ თვისებებს. თუ ნაკლი ვარგისიანობის ვადაში გამომჟღავნდა, სახეზე იქნება ვალდებულების დარღვევა. ამ შემთხვევაში უმნიშვნელოა, იყო თუ არა ნივთი ნაკლიანი რისკის გადაცემის მომენტში.
39. ამასთან, ვარგისიანობის ვადის განსაზღვრის ფარგლებში გამყიდველის პასუხისმგებლობა არ უნდა გავრცელდეს ნაკლზე, რომლის წარმოშობაში მისი ბრალეულობა არ იკვეთება. ეს შესაძლებელია იყოს ნაკლი, რომელიც გამყიდველის პასუხისმგებლობისა (რისკის) და ზეგავლენის სფეროში არ ექცევა. გამორიცხულია გამყიდველის პასუხისმგებლობა საგარანტიო ვადაში გამოვლენილი ისეთი ნაკლის გამო, რომელიც მყიდველის ბრალეული ქმედების, ნივთისადმი შეუსაბამო მოპყრობის, ინსტრუქციის წესების დარღვევის ან მესამე პირების, მათ შორის ცხოველების ზემოქმედების შედეგად გამოვლინდა.
40. წინამდებარე დავის გადაწყვეტისათვის სააპელაციო სასამართლომ არსებითი მნიშვნელობის მქონედ მიიჩნია იმ გარემოების დადგენა, დიზელგენერატორის დაზიანება არასწორმა ექსპლუატაციამ გამოიწვია თუ მოპასუხემ შემსყიდველს მიაწოდა ნაკლის მქონე ნივთი. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სათანადო და განკუთვნადი მტკიცებულებით (ექსპერტიზის დასკვნით) დაადასტურა, რომ დაზიანება არ ყოფილა გამოწვეული ექსპლუატაციის წესების დარღვევით, რაც ქმნის საფუძველს დასაბუთებული ვარაუდისა, რომ გენერატორს გააჩნდა ქარხნული წუნი (სათანადოდ არ მუშაობდა გენერატორის დამცავი მექანიზმი, რის გამოც ძრავის ტემპერატურის მატების პირობებში, გენერატორი ავტომატურად არ გაითიშა) და სწორედ ამან განაპირობა მისი გადახურება და დაზიანება.
41. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხემ ვერ შეძლო საპირისპირო მტკიცებულებების წარმოდგენა (იგი შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტებით, რაც, მართალია, წარმოადგენს მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს, თუმცა სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სტანდარტის თანახმად, ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების მიჩნევა ეწინააღმდეგება 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპს).
42. შესაბამისად, მოსარჩელეს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება (სკ-ის 490-ე, 496-ე, 394.1-ე 408.1-ე 409-ე მუხლების საფუძველზე).
43. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ, მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, ჩაატარა ბაზრის კვლევა იმავე მახასიათებლების მქონე დიზელგენერატორის ღირებულების დასადგენად. ბაზრის კვლევაში დაინტერესება გამოთქვა სამმა კომპანიამ. მათ მიერ განხორციელებულ შეთავაზებებს შორის ყველაზე მაღალი ფასი (59 200 ლარი - რაშიც შედის გენერატორის ღირებულება - 54 400 ლარი და მისი მონტაჟის ფასი - 4800 ლარი) დაადგინა შპს „ქ–მა“.
44. რაც შეეხება, 1524.32 ლარის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნას (მეორე სასარჩელო მოთხოვნა), სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს იმ ხარჯს, რომელიც მოსარჩელემ უკვე გასწია, დროებითი ღონისძიების სახით, სხვა გენერატორის დამონტაჟებაში, სანამ ახალ გენერატორს შეიძენდა.
45. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის შედავება, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ზიანის განსაზღვრის მეთოდი არის არასწორი და გამოყენებული უნდა იქნეს არა ყველაზე მაღალი, არამედ დაბალი ფასები. მოპასუხეს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი კვლევის (ინვოისის) საწინააღმდეგოდ არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც გენერატორის ღირებულებასთან დაკავშირებით სხვაგვარ გაანგარიშებას შესთავაზებდა სასამართლოს. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარის შედავება ზიანის (გენერატორის ღირებულების) ოდენობის დაანგარიშების უსწორობასთან დაკავშირებით, საფუძველს მოკლებულია.
46. ამგვარად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ აპელანტმა ვერ წარადგინა კვალიფიციური სააპელაციო შედავება იმ არსებითი გარემოებების საპირისპიროდ, რაც საფუძვლად დაედო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, აღნიშნული კი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
47. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
48. კასატორმა მიიჩნია, რომ სადავო გენერატორი მცხეთის რაიონული სასამართლოს მფლობელობაში იყო და, სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აღნიშნულ დაწესებულებას ეკუთვნის. მოსარჩელე მხოლოდ ფორმალურადაა დეპარტამენტი, ფაქტობრივად, მცხეთის რაიონული სასამართლო მოცემული დავაში წარმოადგენდა დაინტერესებულ პირს, შესაბამისად, მან საქმე განიხილა სსსკ-ის 32-ე მუხლის დარღვევით. აღნიშნული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებასაც არღვევს.
49. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა ან/და არასწორად განმარტა სსკ-ის 352-ე მუხლის პირველი ნაწილი, 394-ე მუხლის პირველი ნაწილი, 316-ე, 405-ე, 408-ე და 415-ე მუხლები.
50. კასატორის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს მიკერძოების უტყუარი ფაქტია ის გარემოება, რომ მას არ უმსჯელია და ექსპერტიზას განზრახ არ წარედგინა მის მიერვე მიწვეული სპეციალისტების 2018 წლის 16 ოქტომბრისა და 2018 წლის 9 ნოემბრის აქტები, რომლებშიც მითითებულია, რომ ორივე შემთხვევაში ძრავს აკლდა 6-6 ლიტრი ზეთი, ნახევარზე მეტი გამაგრილებელი სითხე, რომელიც დაამატეს, რის შედეგადაც დანადგარი ამუშავდა. აღნიშნულ დროს მოპასუხემ უარი განაცხადა გენერატორის შეკეთებაზე. ამრიგად, ექსპერტს არ მიეცა შესაძლებლობა, ობიექტური პოზიცია დაეფიქსირებინა. დასახელებული აქტების გაცნობის შემდეგ იმავე ექსპერტმა 2021 წლის 14 ივლისს სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №004913521 დასკვნით ცალსახად დაადგინა, რომ გენერატორის დაზიანება გამოიწვია „არასწორმა ექსპლუატაციამ, კერძოდ, ძრავის ექსპლუატაცია ხდებოდა არასათანადოდ გაგრილების და შეზეთვის პირობებში, რამაც გამოიწვია ძრავის დაზიანება. ძრავის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ კაპიტალური შეკეთების გზით“. აღნიშნული დასკვნა სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ არ დაუშვა, როგორც მტკიცებულება, რაც ეწინააღმდეგება სსკ-ის 496-ე მუხლსა და სასამართლო პრაქტიკას. მეტიც, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ნაკლის გამოსწორება შეუძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლებით გათვალისწინებულია მტკიცების ობიექტური სტანდარტი. ნასყიდობის ხელშეკრულების ჯამური ღირებულების - 30 500 ლარის ნაცვლად, 60 724,32 ლარი აუნაზღაურდა და იმ პირობებში, როდესაც საქმეში არ არის წარმოდგენილი დასტური, რომ მოსარჩელემ ნივთობრივი ნაკლის გამოსწორებისათვის თანხა გადაიხადა. მოსარჩელის მითითებით, იგი მომავალში აპირებს ყველაზე მაღალი ღირებულების ანალოგიური გენერატორის შეძენას. სსკ-ის 411-ე და 412-ე მუხლების შესაბამისად კი, ანაზღაურდება მხოლოდ მოვალისათვის წინასწარ ცნობილი, სავარაუდო ზიანი.
51. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა, რომ დადასტურდა ნაკლის მქონე ნივთის ნასყიდობა და დააკისრა მოპასუხეს გაორმაგებული ზიანის ანაზღაურება, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლის შესაძლებლობაზე არ უმსჯელია, რითაც გამორიცხა რესტიტუციის შესაძლებლობა. გაყიდული ნივთი გამყიდველს არ დაბრუნებია და საკუთრებაში დარჩა მოსარჩელეს, რომელმაც, ნივთის ნაკლის გამო, ორმაგი ზიანის ანაზღაურება მიიღო.
52. კასატორმა სადავოდ გახადა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 დეკემბრის საოქმო განჩინება მტკიცებულების დაუშვებლობის შესახებ.
53. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
54. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნით 2023 წლის 17 ივლისს საკასაციო სასამართლოში მხარეთა დასწრებით ჩატარდა სხდომა, სადაც საკასაციო სასამართლომ მხარეებს შესთავაზა დავის მორიგებით დასრულება.
1. 2023 წლის 19 სექტემბერს მოდავე მხარეებმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინეს შეთანხმება საქმის წარმოების მორიგებით დასრულების შესახებ, სადაც აღნიშნულია: ჩვენ მხარეები, ერთი მხრივ, კასატორი (მოპასუხე) შპს „მ–ა“, ს/კ ..... წარმომადგენელი ადვოკატი - ბ.ხ–ი, პ/ნ ... და, მეორე მხრივ, მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი, ს/ნ ....., წარმომადგენელი - მ.კ–ძე, პ/ნ ........ თანხმდებიან შემდეგზე:
2. შეწყდეს №ას-735-2023 საქმის წარმოება, დავის მორიგებით დასრულებით.
3. კასატორი (მოპასუხე) შპს „მ–ა“ ვალდებულებას კისრულობს, მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მფლობელობაში არსებულ დიზელ გენერატორს, მარკა “AKSA APD70,” რომელიც მოსარჩელის მიერ შეძენილია მოპასუხისაგან, ჩაუტაროს კაპიტალური რემონტი, კერძოდ: თავისი ხარჯებით, დაზიანებული შიდაწვის ძრავი შეცვალოს სრულიად ახალი ძრავით, მოახდინოს დიზელ გენერატორის მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება. სამუშაოების ჩატარების შემდგომ შედგება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნულ დიზელ გენერატორზე გავრცელდება 2-წლიანი გარანტია, რომელიც აითვლება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან.
4. კასატორი (მოპასუხე) შპს „მ–ა“ კისრულობს ვალდებულებას, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს (მოსარჩელე) მორიგების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განჩინების ჩაბარებისთანავე, მიმდინარე წლის 01 ოქტომბრამდე გადაუხადოს სასარჩელო მოთხოვნით გათვალისწინებული 1624.32 ლარი და წარადგინოს დეპარტამენტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (აღნიშნული თანხიდან 1524.32 ლარი არის დეპარტამენტის მიერ გენერატორის მონტაჟთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო 100 ლარი არის დეპარტამენტის მიერ ექსპერტიზის ჩასატარებლად გაწეული ხარჯი). 1624.32 ლარის ჩარიცხვა უნდა განხორციელდეს შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღების დასახელება: სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22; ანგარიში/სახაზინო კოდი: 302003286.
5. კასატორი (მოპასუხე) შპს „მ–ა“ ამ შეთანხმების მეორე პუნქტის შესრულებას უზრუნველყოფს შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების ჩაბარებისა და სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მოთხოვნის (წერილის) მიღებიდან არა უგვიანეს 3 (სამი) კალენდარული თვისა. ამ ვადის უშედეგოდ გასვლის, ანუ წინამდებარე შეთანხმების მეორე პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეზე შეტყობინებით გაიცემა სააღსრულებო ფურცელი შპს „მ–ას“ წინააღმდეგ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სასარგებლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შესაბამისად.
6. სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი კისრულობს ვალდებულებას, დაუბრკოლებლად დაუშვას სპეციალისტები ობიექტზე გენერატორის შეკეთებისა და მონტაჟის მიზნით, მისთვის მოსახერხებელი დროს მიხედვით, წერილობით მოთხოვოს მოპასუხეს შეთანხმების შესრულების დაწყება. სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შპს „მ–ა“ პასუხს არ აგებს ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევაზე.
7. მხარეები თანხმდებიან, რომ სასამართლო ხარჯები მათ შორის განაწილდეს კანონის შესაბამისად სასამართლოს მიერ.
8. შეთანხმების მონაწილენი აცხადებენ, რომ მათ აქვთ შესაბამისი უფლებამოსილება დავის მორიგებით დასრულების შესახებ და აწერენ ხელს.
55. 2023 წლის 20 სექტემბერს საკასაციო სასამართლომ მხარეთა დასწრებით იმსჯელა წარმოდგენილი მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე. სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი იქნა კორექტირებული მორიგების აქტი (იხ. კორექტირებული მორიგების აქტი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
56. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი კორექტირებული მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
57. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
58. სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ) და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე) გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ.: სუსგ №ას-1329-2022, 20 მარტი, 2023 წ; №ას-1406-2020, 22 მარტი, 2022წ.; №ას-993-2021, 20 აპრილი, 2022წ.; №ას-715-2021, 27 დეკემბერი, 2021წ.; №ას-714-2019, 14 ივნისი, 2022წ.). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები.
59. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მორიგება, ერთი მხრივ, საზოგადოებრივ ურთიერთობებში არსებული სირთულეების დაძლევისა და მხარეთა შორის არსებული კონფლიქტების მოგვარების ეფექტური საშუალებაა, ხოლო, მეორე მხრივ, მორიგება სამოქალაქო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი და სასამართლო სისტემის მარეგულირებელი სამართლებრივი მოვლენაა. მორიგება სამართლებრივი შესაძლებლობაა, ფაქტია, სამართლებრივი პროცესია, უფრო ზუსტად კი - საპროცესო სამართლებრივი უფლების (მხარის უფლება საქმე მორიგებით დაასრულოს) განკარგვის აქტია საპროცესო სამართლებრივი შედეგით (საქმის წარმოების შეწყვეტა) (იხ.დამატებით: თამთა მამაიაშვილი. მორიგება, როგორც სამოქალაქო საქმის წარმოების დამთავრების საფუძველი. სადისერტაციო ნაშრომი სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი 2017, გვ.18, 25).
60. სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა უფლებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება შეწყდეს.
61. სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ხოლო იმავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
62. ამდენად, მხარეთა მორიგების საფუძველზე კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 15/06.2023 ელექტრონული საგადახდო დავალება №65071, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 3,036.00 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე მუხლით, 373-ე მუხლის მეორე ნაწილით, 372-ე მუხლით, 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით, მე-3, 83-ე, 218-ე მუხლებით, 49-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილებით და,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს მორიგების აქტი შპს „მ–ას“ ს/კ ........ და სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს (ს/ნ 2.......), შორის შემდეგი პირობებით:
ა). კასატორი (მოპასუხე) შპს „მ–ა“ კისრულობს ვალდებულებას, მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მფლობელობაში არსებულ დიზელ გენერატორს, მარკა “AKSA APD70,” რომელიც მოსარჩელის მიერ შეძენილია მოპასუხისაგან, ჩაუტაროს კაპიტალური რემონტი, კერძოდ: თავისი ხარჯებით, დაზიანებული შიდაწვის ძრავი შეცვალოს სრულიად ახალი ძრავით, მოახდინოს დიზელ გენერატორის მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება მცხეთის რაიონული სასამართლოში. სამუშაოების ჩატარების შემდგომ შედგება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნულ დიზელ გენერატორზე გავრცელდება 2 წლიანი გარანტია, რომელიც აითვლება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან.
ბ). კასატორი (მოპასუხე) შპს „მ–ა“ კისრულობს ვალდებულებას, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს (მოსარჩელე) მიმდინარე წლის 01 ოქტომბრამდე გადაუხადოს სასარჩელო მოთხოვნით გათვალისწინებული 1624.32 ლარი და წარადგინოს დეპარტამენტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. (აღნიშნული თანხიდან 1524.32 ლარი არის დეპარტამენტის მიერ გენერატორის მონტაჟთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო 100 ლარი არის დეპარტამენტის მიერ ექსპერტიზის ჩასატარებლად გაწეული ხარჯი). 1624.32 ლარის ჩარიცხვა უნდა განხორციელდეს შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღების დასახელება: სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22; ანგარიში/სახაზინო კოდი: 302003286.
გ). კასატორი (მოპასუხე) შპს „მ–ა“ ამ შეთანხმების პირველი და მეორე პუნქტის შესრულებას უზრუნველყოფს შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების ჩაბარებისა და სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მოთხოვნის (წერილის) მიღებიდან არა უგვიანეს 3 (სამი) კალენდარული თვისა. ამ ვადის უშედეგოდ გასვლის, ანუ წინამდებარე შეთანხმების პირველი და მეორე პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, შპს „მ–ას“ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრება 59200 ლარის, 1524.32 ლარისა და 100 ლარის, ჯამში 60824, 32 (სამოციათას რვაას ოცდაოთხი ლარისა და ოცდათორმეტი თეთრი) ანაზღაურება.
დ). სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი კისრულობს ვალდებულებას, დაუბრკოლებლად დაუშვას მოპასუხის მიერ შერჩეული სპეციალისტები ობიექტზე გენერატორის შეკეთებისა და მონტაჟის მიზნით, მისთვის მოსახერხებელი დროის მიხედვით, წერილობით მოთხოვოს მოპასუხეს შეთანხმების შესრულების დაწყება. სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შპს „მ–ა“ პასუხს არ აგებს ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევაზე.
3. მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს და გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება (განჩინება);
4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში დაუშვებელია სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით;
5. კასატორ შპს „მ–ას“ ს/კ ...... სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 15/06/2023 წელს ელექტრონული საგადახდო დავალება №65071, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 3,036.00 ლარი.
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე