Facebook Twitter

საქმე №ას-814-2023 21 სექტემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ ,,ბ.ბ–ი” (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ტ.მ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ქირის დავალიანების და პირგასამტეხლოს გადახდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სსიპ „ბ.ბ–მა“ (შემდეგში: მოსარჩელე ან კასატორი) სარჩელი აღძრა ტ.მ–ძის (შემდეგში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, რომლითაც მოითხოვა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ: 1. ქონების იჯარის შესახებ 2017 წლის 23 მაისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირა 9405 ლარი; 2. ქონების იჯარის შესახებ 2017 წლის 23 მაისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო დარიცხული პირგასამტეხლო 56 900.25 ლარი.

2. სარჩელის მიხედვით 2017 წლის 23 მაისს მხარეთა შორის დაიდო სსიპ ,,ბ.ბ–ის" სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების იჯარის შესახებ N84 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეს დროებით სარგებლობაში, 2019 წლის 30 ოქტომბრამდე, საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად, გადაეცა 750კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი რომელიც მდებარეობს ბ.ბ–ში, ბულვარის სანაპირო ზოლში, სექტორი N10 (ს/კ .......), რესტორან ,,ა–ის" გასწვრივ.

3. ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.3 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხეს მესამე წლის საიჯარო ქირის 9 405 ლარის გადახდა უნდა განეხორციელებინა 2019 წლის 1 ივლისამდე. აღნიშნული ვალდებულება მოპასუხემ არ შეასრულა.

4. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა წერილობით მოპასუხეს საიჯარო ქირისა და დარიცხული პირგასამტეხლოს უმოკლეს ვადებში გადახდის მოთხოვნით. მოპასუხემ 2020 წლის 13 მარტისა და 2021 წლის 25 თებერვლის წერილებით უარყო მის მიმართ მოთხოვნის არსებობა და მიუთითა, რომ 2019 წლის 29 ივნისს შეატყობინა მეიჯარეს ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, რადგან ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ქონება გახდა გამოუსადეგარი. აღნიშნული შეტყობინება არ შემოსულა მოსარჩელის ადმინისტრაციაში. მოსარჩელის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების იჯარის შესახებ N84 ხელშეკრულება არ შეწყვეტილა ვადაზე ადრე. ხელშეკრულების 5.5. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოიჯარე ჯარიმდება საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელი ქირის 5%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, აქედან გამომდინარე, 2019 წლის 01 ივლისიდან, მოპასუხეს ყოველდღიურად ერიცხებოდა პირგასამტეხლო დღიური - 470,25 ლარის ოდენობით, რამაც 2019 წლის 01 ივლისიდან 2019 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით (121 დღე) შეადგინა 56 900,25 ლარი.

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოთხოვნის გამომრიცხავ შესაგებელში აღნიშნა, რომ მან ხელშეკრულება შეწყვიტა 2019 წლის ივნისში ხელშეკრულების 5.4. პუნქტის "გ" ქვეპუნქტის საფუძველზე, რომელიც უფლებას ანიჭებდა მოიჯარეს შეეწყვიტა ვადამდე ხელშეკრულება, თუ საიჯარო ქონება გამოუსადეგარი გახდა იმ გარემოებათა გამო, რომლისთვისაც მოიჯარეს პასუხისმგებლობა არ ეკისრება, კერძოდ, 2018 წლის ზაფხულის სეზონზე, საიჯარო ფართით სარგებლობაში ხელი შეუშალა საიჯარო ფართის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ზღვაში შეჭრილი ხიდის აეროდრომის ფუნქციით გამოყენებამ. ვერტმფრენის მოძრაობით წარმოქმნილი ჰაერის ნაკადების გამო, დამსვენებლებს ექმნებოდათ პრობლემები (ადგილზე განთავსებული ქოლგები მიჰქონდა ვერტმფრენიდან მომავალ ქარს). ამგვარი ზემოქმედება საგრძნობლად დაეტყო დამსვენებელთა რაოდენობას. მითითებულ ფაქტს 2019 წელს დაემატა რუსი ტურისტების ნაკლებობა, რაც გამოწვეული იყო ქვეყანაში მიმდინარე და მხარისგან დამოუკიდებელი მიზეზებით. საიჯარო ქონება მოიჯარისათვის გამოუსადეგარი გახდა. მოპასუხემ საიჯარო ფართი დაუყოვნებლივ გამოათავისუფლა დასაწყობებული ინვენტარისგან, რითაც, 2019 წლის ივნისის თვის შემდეგ, მოსარჩელეს სრული შესაძლებლობა ჰქონდა ხელახლა გაექირავებინა საიჯარო ფართი, ვინაიდან სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ 3-4 თვე იყო დარჩენილი.

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩცა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

9. 2017 წლის 23 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა სსიპ „ბ.ბ–ის“ სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების იჯარის შესახებ ხელშეკრულება N84, რომლითაც მეიჯარემ გადასცა, ხოლო მოიჯარემ მიიღო დროებით სარგებლობაში მოსარჩელის სარგებლობაში არსებულ 750 კვ.მ არასასოფლო-სამეურენო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ:.......; ს/კ:.......) საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად, რომელიც მდებარეობს ბ.ბ–ში - სექტორი N910 (შემდეგში - იჯარის ხელშეკრულება). საიჯარო ქონება გადაეცა მოიჯარეს 2019 წლის 30 ოქტომბრამდე.

10. იჯარის ხელშეკრულების თანახმად, წლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 13 005 ლარით (ხელშეკრულების 3.2.); სარგებლობის საფასური უნდა გადახდილიყო ყოველწლიურად, ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი მიმდინარე წლის 01 ივლისამდე (ხელშეკრულების 3.3. პუნქტი); პირველი წლის 13 005 ლარის საიჯარო ქირის გადახდა უნდა განხორციელეულიყო 2017 წლის 01 ივლისამდე; მეორე წლის 13 005 ლარის საიჯარო ქირის გადახდა უნდა განხორციელდეს 2018 წლის 01 ივლისამდე; მესამე წლის 9 405 ლარის საიჯარო ქირის გადახდა უნდა განხორციელდეს 2019 წლის 01 ივლისამდე, რადგან გამარჯვებულს ელექტრონულ ქუციონში მონაწილეობის მისაღებად გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/,,ბე“ 3600 ლარი ეთვლება მესამე წლის ბოლო გადახდად.

11. იჯარის ხელშეკრულების 5.4. მუხლით, მოიჯარე უფლებამოსილი იყო, მოითხოვა ხელშეკრულების ვადამდე გაუქმება, თუ საიჯარო ქონება გამოუსადეგარი გახდებოდა, იმ გარემოებათა გამო, რომლისთვისაც მოიჯარეს პასუხისმგებლობა არ ეკისრება (ს.ფ. 18).

12. იჯარის ხელშეკრულების თანახმად, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, „მოიჯარეს" ეძლეოდა წერილობითი გაფრთხილება, სადაც მიეთითებოდა დარღვევის გამოსწორების ვადა ხელშეკრულების 7.2. მუხლის შესაბამისად და დაეკისრებოდა პრგასამტეხლო, საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში – გადაუხდელი ქირის 5%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ხელშეკრულების 5.5. პუნქტი, ს.ფ. 18, 19).

13. უდავოა, რომ მოპასუხეს გადახდილი აქვს პირველი და მეორე წლის საიჯარო ქირა. ასევე, მესამე წლის საფასურში ჩათვლილად (გადახდილად) ითვლება ელექტრონულ ქუციონში მონაწილეობის მისაღებად გამარჯვებულის მიერ წინასწარ გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/,,ბე“ 3600 ლარი.

14. მოპასუხის 2019 წლის 29 ივნისის წერილით (N01-11/466 წერილზე პასუხი) მოიჯარემ მეიჯარეს აცნობა, რომ სსიპ-ის მხრიდან ადგილი არ ჰქონდა ხელშეკრულების 5.3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის დარღვევას. ამავე წერილით მოპასუხემ შეატყობინა მოსარჩელეს, რომ ჯერ კიდევ წინა წელს (2018 წლის ზაფხულის სეზონზე) ხელი შეეშალა საიჯარო ფართით სარგებლობაში, ვინაიდან მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვაში შეჭრილი ხიდი გამოიყენებოდა ტურისტული ვერტმფრენის დაჯდომისა და აფრენის ადგილად, შესაბამისად ყოველ ჯერზე პრობლემები ექმნებოდათ დამსვენებლებს იქედან მომავალი ჰაერის ნაკადების გამო (ადგილზე განთავსებული ქოლგები მიჰქონდა ვერტმფრენიდან მომავალ ქარს), რაც საგრძნობლად დაეტყო დამსვენებელთა რაოდენობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საიჯარო ქონება მისთვის გახდა გამოუსადეგარი და იჯარის ხელშეკრულების 5.4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად სარგებლობდა ხელშეკრულების ვადამდე გაუქმების უფლებით (ს.ფ. 60-62).

15. მოიჯარემ ხელშეკრულება შეწყვეტა 2019 წლის 29 ივნისს მეიჯარისთვის გაგზავნილი შეტყობინებით (წერილით), მანამ, სანამ დადგებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული მესამე წლის საიჯარო საფასურის გადახდის ვადა, რის შესახებაც მოიჯარემ (მოპასუხემ) მეიჯარეს (მოსარჩელე) წერილობით შეატყობინა მეიჯარეს (მოსარჩელე)მითითებული წერილი ჩაბარდა (ს.ფ. 60-62).

16. მოსარჩელის მითითებით, მას 2019 წლის 29 ივნისის წერილი მას არ ჩაბარებია და მისთვის ცნობილი არ ყოფილა აღნიშნული წერილის შინაარსის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ კი, დადასტურებულად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნება მოსარჩელეს ჩაბარდა, კერძოდ, მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ფოსტის გზავნილის ამონაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს 2019 წლის 29 ივნისის წერილი გაუგზავნა საქართველოს ფოსტის მეშვეობით იმავე დღეს (გზავნილის ნომერი 0005100...). საქმეში ასევე წარმოდგენილია საფოსტოს გზავნილის ჩაბარების დასტური (გზავნილის ნომერი 01000059......), საიდანაც დგინდება, რომ გზავნილი ჩაბარდა ადრესატს - მოსარჩელეს, მისამართზე: ბათუმი, ....... (ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან). გზავნილი ჩაიბარა ი.შ–ძემ 2019 წლის 2 ივლისს (ს.ფ. 60-62). შესაბამისად, მოსარჩელის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მეიჯარემ სხვა შინაარსის (და არა ხელშეკრულების შეწყვეტის) წერილი მიიღო, დაუსაბუთებელია.

17. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მოპასუხის არაკეთილსინდისიერების დამადასტურებელი მტკიცებულება და არ მიუთითებია, რომ იჯარით გაცემული ფართის გამოყენების დამაბრკოლებელი გარემოება, რაც მოიჯარის წერილში იყო მითითებული, არ არსებობდა - მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება (იმის შესახებ, რომ საიჯარო ქონების მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვაში შეჭრილი ხიდი გამოიყენებოდა ტურისტული ვერტმფრენის დაჯდომისა და აფრენის ადგილად) არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. მოსარჩელეს აღნიშნული გარემოება სადავოდ არ გაუხდია და სააპელაციო საჩივარში მხოლოდ იმაზე მიუთითა, რომ სასამართლომ მტკიცებულების გარეშე მიიჩნია დადგენილად აღნიშნული გარემოება (პირველი ინსტანციის სასამართლოს 6.07.2022 წლის სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხული მოწმეების გ.წ–ისა (ოქმი 15:30:19 სთ) და დ.ჯ–ას (ოქმი 15:48:35 სთ) ჩვენებებით დადასტურებულია, რომ იჯარით აღებული ტერიტორიის მიმდებარედ - დახლოებით 20 მეტრის ფარგლებში, დღეში 5-8 ჯერ ხდებოდა ვერტმფრენის (შვეულმფრენის) აფრენა-დაფრენა. იმავე სხდომაზე დაკითხული მოწმე გ.ფ–ის ჩვენებით, დასტურდება, რომ ვერტმფრენიდან მომდინარე ჰაერის ნაკადები, აქცევდა საპლაჟო ქოლგებს, შეზლონგებს და თან მიჰქონდა, რითაც საფრთხე ექმნებოდა პლაჟზე ტურისტებს და აზიანებდა ინვენტარს (ოქმი 15:53:30).

18. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საიჯარო ქონება მოიჯარისათვის გამოუსადეგარი გახდა, საიჯარო ქონების გამოყენებას მოპასუხე (მოიჯარე) დანიშნულებისამებრ ვეღარ ახერხებდა, მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვაში შეჭრილი ხიდის ვერტმფრენის ასაფრენ სივრცედ გამოყენების გამო, ამ პროცესთან დაკავშირებული ჰაერის ნაკადებით წარმოშობილი დისკომფორტის გამო (ადგილზე განთავსებული ქოლგები მიჰქონდა ვერტმფრენისგან მონაბერ ქარს).

19. ასევე, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რომ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემდეგ მოიჯარემ საიჯარო ფართი გაათავისუფლა საპლაჟო ინვენტარისგან. აღნიშნული გარემოება დასტურდება პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული გ.ფ–ის ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა, რომ ტ.მ–ძის ნების შესაბამისად, პირადად შეკრა (,,დათაკრა“) შეზლონგები და გაიტანა პლაჟის მე-10 სექტორიდან (6.07.2022წ ოქმი 15:55:33).

20. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 581-ე მუხლის პირველი ნაწილით, 533-ე და 535-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ იჯარის ხელშეკრულება კონკრეტული მიზნით დადო - საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად, თუმცა სარგებლობა საიჯარო ვადის მესამე წელს ვერ შეძლო და ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გავიდა.

21. მხარეთა შორის სადავოა რამდენად არსებობდა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები და მიუვიდა თუ არა მოსარჩელეს, მოპასუხის ნება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

22. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საიჯარო ხელშეკრულების დადების დროს - 2017 წლის 23 მაისს, საიჯარო ქონების სარგებლობის დამაბრკოლებელი გარემოება (მომდებარე ტერიტორიაზე ტურისტთა შვეულმფრენით მომსახურება) არ არსებობდა. ეს გარემოება წარმოიშვა 2018-2019 წლებში.

23. მოწმე გ.ფ–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ხელშეშლა 2019 წელსაც გაგრძელდა და ტ.მ–ძემ მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რაც აცნობა კიდეც სსიპ ბ.ბ–ის ადმინისტრაციას, ახალი საიჯარო წლის დაწყებამდე 2019 წლის 1 ივლისში. ამავე მოწმის ჩვენებით, დასტურდება, რომ მან (გ.ფ–მა) სიტყვიერად არაერთხელ მიმართა სსიპ ბ.ბ–ის წარმომადგენლებს არსებული ხელისშემშლელი ფაქტორის აღმოფხვრის თაობაზე, თუმცა, მათი მხრიდან მის სიტყვიერ თხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია (პირველი ინსტანციის სასამართლოს 6.07.2022წ. ოქმი - 15:57:05).

24. ზემოთდადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, სააპელაციო სასამართლომ საიჯარო ფართის ნაკლის გამო მოიჯარისათვის მინიჭებული ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება განიხილა სსკ-ის 405-ე და 352-ე მუხლებთან მიმართებით.

25. ასევე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 541-ე მუხლზე, რომლის მიხედვით მოიჯარეს ანიჭებს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას თუ შემდგომში მას წაერთვა ქონებით სარგებლობის უფლება. უარი ხელშეკრულებაზე დაიშვება მხოლოდ მაშინ, თუ გამქირავებელი დამქირავებლის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ აღკვეთს სარგებლობისათვის ხელშემშლელ გარემოებებს.

26. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ უძრავი ქონების იჯარის შესახებ №84 ხელშეკრულების 5.4. პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს მოიჯარის უფლებას მოითხოვოს საიჯარო ხელშეკრულების ვადამდე გაუქმება, თუ საიჯარო ქონება გამოუსადეგარი გახდა იმ გარემოებათა გამო, რომლისთვისაც მოიჯარეს პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

27. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დადასტურებულია, რომ საიჯარო ქონების გამოყენება შეუძლებელი გახდა და ამის შესახებ მოიჯარემ მეიჯარეს შეატყობინა, რასაც შედეგი არ მოჰყოლია, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერი საფუძვლები.

28. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება სსკ-ის 405-ე მუხლზე (რომ მოიჯარემ ნივთობრივი ნაკლის გამოსასწორებლად ვადის დაწესების გარეშე შეწყვიტა ხელშეკრულება) ვინაიდან დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მეიჯარეს საიჯარო ქონების სარგებლობის შეფერხების (საიჯარო საგნის ნივთობრივი ნაკლის) თაობაზე ეცნობა და მეიჯარის მიერ არ იქნა მიღებული ზომები საიჯარო ქონების იმ მდგომარეობის შესანარჩუნებლად, რაც საიჯარო ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.

29. სსკ-ის 591-ე მუხლის თანახმად, თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს იჯარით აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს დაქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბუნების დაყოვნებისათვის; მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც.

30. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხის ნების შესაბამისად, 2019 წლის 1 ივლისიდან გ.ფ–მა უშუალოდ მოახდინა მოპასუხის კუთვნილი საპლაჟო ინვენტარისგან მე-10 სექტორის გათავისუფლება. გ.ფ–ის ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა, რომ მოპასუხის ნების შესაბამისად, პირადად შეკრა (,,დათაკრა“) შეზლონგები და გაიტანა პლაჟის მე-10 სექტორიდან (6.07.2022წ ოქმი 15:55:33). მოწმის ჩვენებით, მე-11 სექტორით მოსარგებლე ვინმე ი.ფ–ძესთან დასაქმდა, იმავე სამუშაოზე, რაზეც ტ.მ–ძესთან იყო დასაქმებული (ინვეტარზე ზედამზედველი პირი), (6.07.2022 წლის ოქმი, 15:54:48).

31. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ახალი საიჯარო წელი 1 ივლისს იწყებოდა და მოპასუხე, წლის დასაწყისშივე (01 ივლისამდე), წინასწარ იხდიდა მთლიანი წლის საიჯარო ქირას. მოპასუხის მიერ 2017 წლის 23 მაისის ხელშეკრულების დადებამდე გადახდილია 3600 ლარი (ელექტრონულ ქუციონში მონაწილეობის მისაღებად გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/,,ბე“, რომელიც ხელშეკრულების თანახმად, ჩაეთვლებოდა მესამე წლის ბოლო გადახდად), ხელშეკრულების დადების შემდეგ, 2017 წლის 30 ივნისს, მოპასუხის მიერ გადახდილია წლიური საიჯარო ქირა 13,005 ლარის ოდენობით და 2018 წლის 29 ივნისს - წლიური საიჯარო ქირა 13,005 ლარის ოდენობით.

32. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს საიჯარო ქირის ნახევარი მაინც უნდა გადაეხადა, ვინაიდან გასული იყო საიჯარო პერიოდის ნახევარი, უსაფუძვლოა.

33. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ (აპელანტმა) სათანადო მტკიცებულებებით ვერ შეძლო საკუთარი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამტკიცება, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, არ დადასტურდა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები 2019 წლის 1 ივლისიდან მოპასუხის მიერ იჯარის საგნით სარგებლობის თაობაზე.

34. აპელანტის (მოსარჩელის) მიერ მითითებული მოწმეების ჩვენებებით არ დადასტურდა, რომ სწორედ მოპასუხის კუთვნილი საპლაჟო ინვენტარი იყო განთავსებული საიჯარო ქონებაზე. მაშინ, როდესაც მოწმე გ.ფ–ი პირდაპირ მიუთითებს, რომ მოპასუხის ნების შესაბამისად, პირადად შეკრა მისი კუთვნილი ინვენტარი და გაიტანა ტერიტორიიდან.

35. ამდენად, სააპელაციო სასმართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა საიჯარო პერიოდის განმავლობაში გადაცემული ქონების ნივთობრივად უნაკლო პირობებით შენარჩუნება, რაც მოიჯარეზე არ იყო დამოკიდებული. პირიქით, მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს საიჯარო ქონებით სარგებლობაზე შვეულმფრენის ზემოქმედების ფაქტი. მოპასუხემ ასევე, ვერ დაამტკიცა, რომ საიჯარო ქონებაზე 2019 წლის 1 ივლისის შემდეგ განთავსებული იყო მოიჯარის კუთვნილი საპლაჟო ინვენტარი.

36. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა (მოსარჩელე) შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

37. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს უნდა დაედგინა, რამდენად მოხდა იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ნების გამოვლენა და მეორე მხარის მიერ მისი მიღება. კასატორი აღნიშნავს, რომ მას არ მიუღია წერილი (შეტყობინება) ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. შეტყობინება, რომლის მიხედვითაც მოიჯარე აცნობებდა მეიჯარეს, რომ საიჯარო ფართი გამოუსადეგარი აღმოჩნდა, ადმინისტრაციაში არ შემოსულა.

38. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ მოიჯარემ დაარღვია სსკ-ის 405-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა, რომელიც დამატებითი ვადის დაწესებას ითვალისწინებს. ვინაიდან ხელშეკრულებიდან გასვლა უკიდურესი ღონისძიებაა, დაუშვებელია ამ უფლების გამოყენება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ დამატებითი ვადის დაწესების გარეშე. ამასთან, აუცილებელი იყო მოპასუხის კეთილსინდისიერების შემოწმებაც. მოპასუხე აღნიშნავდა, რომ მას ხელი ეშლებოდა ჯერ კიდევ 2018 წლიდან, თუმცა ამის თაობაზე პრეტენზია გამოთქვა 2019 წელს, რა დროსაც იწურებოდა მესამე წლის საიჯარო თანხის გადახდის ვადა. აღნიშნული ეჭვს ბადებს მოპასუხის კეთილსინდისიერებაში.

39. კასატორის მითითებით იჯარის ხელშეკრულების 8.1 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების ვადის გასვლისა ან მისი გაუქმების შემთხვევაში საიჯარო ფართის მეიჯარისათვის დაბრუნება უნდა განხორციელებულიყი ხელშეკრულებაში აღწერილი ქონების ოქმის აღწერის საფუძველზე (იხ. საკასაციო საჩივარი).

40. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

41. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

42. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს წინამდებარე განჩინების პპ.9-23 გარემოებანი.

43. მოსარჩელის საკასაციო საჩივართან მიმართებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

44. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

45. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.

46. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. ( სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლები).

47. საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა, აგრეთვე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება და სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ არც სააპელაციო და არც საკასაციო სასამართლო არაა შებოჭილი სააპელაციო თუ საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევებით და ისინი ამოწმებენ გადაწყვეტილებას მატერიალურსამართლებრივი ნორმების სწორად გამოყენების თვალსაზრისით. თუ ასეთი შემოწმების შედეგად ზემდგომი ინსტანციის სასამართლო იმ დასკვნას გამოიტანს, რომ საჩივრის მოთხოვნა გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ არა საჩივარში მითითებული, არამედ მატერიალურსამართლებრივი ნორმის (კანონის) სხვა დარღვევის გამო, სასამართლომ უნდა გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

48. იმ შემთხვევაში კი, თუ არასწორი სამართლებრივი შეფასების შედეგად, ანუ კანონის (სსსკ-ის 393.2 მუხლის) დარღვევით მიღებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შესაძლებელია სხვაგვარი სამართლებრივი შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, თავისი განჩინებით ძალაში დატოვოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ან ამ გადაწყვეტილების შეცვლით მიიღოს ახალი გადაწყვეტილება (სსსკ-ის 386-ე მუხლი). ასეთივე შესაძლებლობითაა აღჭურვილი საკასაციო სასამართლოც, კერძოდ, მას შუძლია, არ გააუქმოს გადაწყვეტილება და ძალაში დატოვოს იგი (სსსკ-ის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) ან ახალი გადაწყვეტილებით დაადგინოს სხვა სამართლებრივი შედეგი (სსსკ-ის 411-ე მუხლი).

49. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. თავის მხრივ, მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ სარჩელის მოთხოვნის შინაარსს.

50. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ამ განჩინების პ.1-4-ში აღნიშნულ კასატორის მიერ სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებაზე და მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას სსკ-ის 581 მუხლის (იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც. იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული), სსკ-ის 531-ე (ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა, დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა), სსკ-ის 553-ე ( თუ ქირის გადახდა დროის მონაკვეთებით განისაზღვრება, მაშინ იგი გადახდილი უნდა იქნეს დროის ამ მონაკვეთების გასვლის შემდეგ) და 417-ე მუხლების (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) საფუძველზე.

51. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

52. განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საკასაციო პალატა საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს იჯარის ხელშეკრულების თავისებურებაზე.

53. იჯარა ორმხრივმავალდებულებელი, სასყიდლიანი და კონსესუალური ტიპის ხელშეკრულებაა. მეიჯარის ვალდებულებაა, დროებით სარგებლობაში გადასცეს მოიჯარეს იჯარის საგანი (ქონება) ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისგან სწორი სამეურნეო გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით ნაყოფის მიღება, ხოლო მოიჯარის ვალდებულება კი, შეთანხმებული საზღაურის გადახდაა. შესაბამისად, საიჯარო სამართლებრივი ურთიერთობის მიზანი არის არა მხოლოდ იჯარის საგნის სარგებლობა, არამედ იჯარის საგნის სარგებლობის გამო მიღებული შემოსავალი (შდრ: სუსგ №ას-1229-2022, 23 დეკემბერი, 2022 წ).

54. იჯარა ქირავნობის სამართლებრივი ურთიერთობის ნაირსახეობაა, მაგრამ ქირავნობისგან მას სწორედ იჯარის საგნის სარგებლობით შემოსავლის მიღების აუცილებლობა მიჯნავს. შემოსავლის მიღების შესაძლებლობის აუცილებლობის უზრუნველყოფა კი, მეიჯარის ვალდებულების ჯეროვნად შესრულების გამოკვეთილი პასუხისმგებლობაა, რასაც ეფუძნება მოიჯარის ვალდებულება საიჯარო ქირის გადახდის შესახებ (შდრ. სუსგ № ას- 823-823-2018, 06.11.2018წ.; სუსგ №ას-738-700-2015, 18 დეკემბერი, 2015 წელი). ქირავნობის დროს კონკრეტული, ინდივიდუალურად განსაზღვრული, მოუხმარებადი ნივთი გადაეცემა დამქირავებელს სარგებლობაში, ხოლო იჯარის შემთხვევაში გადაეცემა ქონება, რომელიც, არა მარტო ნივთებს, არამედ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთესაც აერთიანებს [სსკ-ის 147-ე მუხლი], ანუ იმ მოთხოვნებსა და უფლებებს, რომლებიც მოიჯარეს მისცემს შესაძლებლობას, მიიღოს ნაყოფი (მატერიალური სარგებელი). იჯარის შემთხვევაში ნაყოფია ის შემოსავლები, რაც მეურნეობის სწორი გაძღოლის გზით მიიღება სამართლებრივი ურთიერთობის (იჯარის) საფუძველზე („იურიდიული ნაყოფი“)] (იხ. სუსგ №ას-738-700-2015, 18.12.2015.წ.; №ას-849-2020, 3 დეკემბერი, 2020).

55. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხემ იჯარის ხელშეკრულება კონკრეტული მიზნით - საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად დადო, თუმცა სარგებლობა საიჯარო ვადის მესამე წელს ვერ შეძლო და ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა.

56. მოსარჩელის საკასაციო პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რამდენად არსებობდა მოიჯარის მიერ იჯარის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი და მიუვიდა თუ არა მოსარჩელეს, მოპასუხის ნება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე.

57. საქმეზე დადგენილია, რომ იჯარის ხელშეკრულების 5.4. მუხლით, მოიჯარე უფლებამოსილი იყო, მოითხოვა ხელშეკრულების ვადამდე გაუქმება, თუ საიჯარო ქონება გამოუსადეგარი გახდებოდა, იმ გარემოებათა გამო, რომლისთვისაც მოიჯარეს პასუხისმგებლობა არ ეკისრება (ს.ფ. 18).

58. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ევროპული კონვენციის 6.1 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები მოიცავს სასამართლოს ვალდებულებას, მიუთითოს გადაწყვეტილების მიღების საკმარისი საფუძვლები. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სასამართლო მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის და არგუმენტების შერჩევის დროს სარგებლობს შეფასების ფართო ფარგლებით, ის ვალდებულია, რომ საკუთარი ქმედებები გაამართლოს, გადაწყვეტილების მიღების შესაბამისი მიზეზების მითითებით (კარმელ სალიბა მალტის წინაღმდეგ - Carmel Saliba v. Malta, №24221/13, § 73, 29 ნოემბერი 2016; § 73). როდესაც მხარის არგუმენტს არსებითი მნიშვნელობა აქვს სამართალწარმოების შედეგზე, იგი საჭიროებს ნათელ და კონკრეტულ პასუხს (ჰირო ბალანი ესპანეთის წინააღმდეგ, Hiro Balani v. Spain, 9 დეკემბერი 1994, § 28, Series A №303-B; § 28). შესაბამისად, სასამართლოებს მოეთხოვებათ გამოიკვლიონ მხარეთა ძირითადი არგუმენტები (ბუზესკუ რუმინეთის წინააღმდეგ - Buzescu v. Romania, № 61302/00, § 67, 24 მაისი 2005, § 67. დონაძე საქართველოს წინააღმდეგ - Donadzé v. Georgia, №74644/01, § 35, 7 მარტი 2006;). სამართლიანი სამართალწარმოება მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლომ, რომელმაც, ქვედა ინსტანციის სასამართლოს არგუმენტების გამოყენებით ან სხვაგვარად არ წარმოადგინა გადაწყვეტილების დეტალური მიზეზები, უპასუხოს წამოჭრილი საკითხების არსებით ნაწილს და არ შემოიფარგლოს მხოლოდ ქვედა ინსტანციის დასაბუთების გაზიარებით (ელე ფინეთის წინააღმდეგ- Helle v. Finland, 19 დეკემბერი 1997, § 60, Reports of Judgments and Decisions 1997-VIII).

59. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

60. ფაქტების დამტკიცების პროცესი საკმაოდ დეტალურად რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, განსაზღვრულია მტკიცების საშუალებათა (მტკიცებულებათა) წრე, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, ამ მტკიცებულებათა დასაშვებობა და განკუთვნადობა, მტკიცების ტვირთის (მოვალეობის) განაწილება მხარეთა შორის, ანუ რომელმა მხარემ რა გარემოება უნდა დაამტკიცოს, მტკიცებულებათა გამოკვლევის წესი, მტკიცებულებათა შეფასების ზოგადი წესები და ა.შ.

61. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარისთქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება.მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის დადგომა, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურ სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზუსტად იგივე უნდა განსაზღვროს იმ ფაქტების წრე, რომლებსაც უკავშირდება მხარეთა მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი დასაბუთებულობა. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა.

62. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით, (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით) დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებას და ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს სამართლებრივი შესაგებლის დასაბუთებას და თუ მოსარჩელე არ ხდის სადავოს მის შესაგებელს, მაშინ სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ უარი უნდა ეთქვას სარჩელს საპირისპირო (მოთხოვნის გამომრიცხავი) ნორმის არსებობის გამო; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის არსებითი გარემოებების შედავებას და ასევე საპირისპირო ნორმის წინაპირობების საკმარისად დასაბუთებას, მაშინ მტკიცების სტადიაზე უნდა გაირკვეს, მტკიცდება თუ არა სადავო გარემოებები (მტკიცების ტვირთის გადანაწილების შესაბამისად). შემდეგ ეტაპზე უნდა შემოწმდეს, ახერხებს თუ არა მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების იმგვარ დასაბუთებას, რომელიც ასევე აქარწყლებს მოპასუხის მიერ დასაბუთებულ საპირისპირო მითითებებს (ნორმებს).

63. სამართლებრივი დავისას სამოქალაქო საქმის განმხილველ მოსამართლეს ორი ამოცანა აქვს დასაძლევი: პირველ რიგში, მან უნდა გამოარკვიოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. მეორე რიგში კი, მოსამართლემ სამართლებრივად უნდა შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და დაადგინოს, არსებობს თუ არა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას.თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას, მაშინ სარჩელი უკვე ამ საფუძველზევე არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასეთ შემთხვევაში მოსამართლეს არა აქვს უფლება, საკუთარი ინიციატივით მოიძიოს სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი გარემოებები და შეაგროვოს მტკიცებულებები. თუ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულია ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ადასტურებენ მოთხოვნის არსებობას, მაშინ უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, ამ გარემოებების არსებობის უარყოფა“ (იხ. თომას ჰერმანი, მტკიცებულებითი სამართალი, GIZ, თბილისი, 2016, გვ.3-4). „მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს“ (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, გვ.64). შეუძლია თუ არა სასამართლოს თავისი ინიციატივით შეიტანოს მტკიცების საგანში და საფუძვლად დაუდოს გადაწყვეტილებას ფაქტები,რომლებზეც მხარეებიარ მიუთითებენ? იურიდიულ დოქტრინაში გაბატონებული მოსაზრების თანახმად, სასამართლოს ეს არ შეუძლია (იხ. დამატებით:თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005, გვ. 87; ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, გვ.64).

64. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა ნამდვილი შეჯიბრება რეალურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ იყვნენ ამ შეჯიბრებაში მონაწილე მხარეები თანასწორნი. სასამართლო, ვერ გამოიტანს გადაწყვეტილებას, თუ მან არ მოუსმინა ორივე დაპირისპირებულ მხარეს ან არ მისცა მათ შესაძლებლობა გამოიყენონ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და მექანიზმი თავიანთი პოზიციის გასამართლებლად, თავიანთი უფლებების დასაცავად.

65. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე, ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.

66. საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამტკიცებს ის, ვინც ამტკიცებს და არა ის, ვინც უარყოფს.

67. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პაატას მაიჩნია, რომ მოპასუხემ კვალიფიციური შედავების პირობებში შეძლო სასარჩელო მოთხოვნების განხორციელების გამორიცხვა, მოსარჩელემ კი, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით, ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის დადასტურება.

68. საკასაციო პალატა საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მოპასუხის არაკეთილსინდისიერების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება და არ მიუთითებია, რომ იჯარით გაცემული ფართის გამოყენების დამაბრკოლებელი გარემოება, რაც მოიჯარის წერილში იყო მითითებული იმის შესახებ, რომ საიჯარო ქონების მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვაში შეჭრილი ხიდი გამოიყენებოდა ტურისტული ვერტმფრენის დაჯდომისა და აფრენის ადგილად, არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. მოსარჩელეს აღნიშნული გარემოება სადავოდ არ გაუხდია და სააპელაციო საჩივარში მხოლოდ იმაზე მიუთითა, რომ სასამართლომ მტკიცებულების გარეშე მიიჩნია დადგენილად აღნიშნული გარემოება.

69. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (სტრასბურგის სასამართლოს) განმარტებით, ნებისმიერ შემთხვევაში, მოწმეთა კომპეტენცია, პირველ რიგში ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად წესრიგდება (იხ. The Lüdi v. Switzerland, გადაწყვეტილება 15.06.1992, სერია A, №238, გვ. 20, პარაგრაფი 43 და the Schuler-Zgraggen v. Switzerland გადაწყვეტილება 24.06.1993. სერია №263, გვ.21. პარაგრაფი 66). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 140-ე მუხლების ანალიზიდან კი, გამომდინარეობს, რომ მოწმის ჩვენების მიღებისას ეროვნულმა სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორით, რაც ამ მტკიცებულების იურიდიულ ბუნებას ახლავს, მათ შორისაა მოწმის, როგორც სუბიექტის დამოუკიდებლობა მხარეთა შორის სადავო ფაქტებისა და მოვლენების მიმართ. სწორედ ამ კრიტერიუმებით განისაზღვრება ჩვენებაში გადმოცემული ფაქტების იურიდიული სანდოობა.

70. პირველი ინსტანციის სასამართლოს 6.07.2022 წლის სხდომაზე მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხული მოწმეების გ.წ–ისა (ოქმი 15:30:19 სთ) და დ.ჯ–ას (ოქმი 15:48:35 სთ) ჩვენებებით დადასტურებულია, რომ იჯარით აღებული ტერიტორიის მიმდებარედ - დახლოებით 20 მეტრის ფარგლებში, დღეში 5-8 ჯერ ხდებოდა ვერტმფრენის (შვეულმფრენის) აფრენა-დაფრენა. იმავე სხდომაზე დაკითხული მოწმე გ.ფ–ის ჩვენებით, დასტურდება, რომ ვერტმფრენიდან მომდინარე ჰაერის ნაკადები, აქცევდა საპლაჟო ქოლგებს, შეზლონგებს და თან მიჰქონდა, რითაც საფრთხე ექმნებოდა პლაჟზე ტურისტებს და აზიანებდა ინვენტარს (ოქმი 15:53:30).

71. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, გასაზიარებელია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ საიჯარო ქონება მოიჯარისათვის გამოუსადეგარი გახდა, რადგან საიჯარო ქონების გამოყენებას მოპასუხე (მოიჯარე) დანიშნულებისამებრ ვეღარ ახერხებდა, მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვაში შეჭრილი ხიდის ვერტმფრენის ასაფრენ სივრცედ გამოყენების გამო, ამ პროცესთან დაკავშირებული ჰაერის ნაკადებით წარმოშობილი დისკომფორტის გამო (ადგილზე განთავსებული ქოლგები მიჰქონდა ვერტმფრენისგან მონაბერ ქარს).

72. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულებისას ქართული სამოქალაქო კოდექსი იძლევა ინტერესთა მშვიდობიანი თანაარსებობის შესაძლებლობას. პატივსადები ინტერესი ხდება ვალდებულებითი ურთიერთობის როგორც ტრანსფორმაციის, ისე მისი შეწყვეტის საფუძველი. თავად ინტერესის მდგომარეობას განსაზღვრავს როგორც შესრულების პროცესი, ისე მის გარეთ არსებული გარემოებანი. ხელშეკრულების შეწყვეტა, შესაძლებელია, განხორციელდეს მხოლოდ მაშინ, თუ იგი ხელშეკრულების ადაპტაციასთან შედარებით უკეთესად უზრუნველყოფს მხარეთა ორმხრივ ინტერესებს და ამასთან, შეწყვეტით ზიანი არ ადგება საჯარო ან მესამე პირების ინტერესებს. სსკ-ის 399-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების ნებისმიერ მხარეს შეუძლია, პატივსადები საფუძვლიდან გამომდინარე, უარი თქვას გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობაზე ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის დაუცველად. პატივსადებია საფუძველი, როცა ხელშეკრულების მომშლელ მხარეს კონკრეტული ვითარების, მათ შორის, დაუძლეველი ძალისა და ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, არ შეიძლება მოეთხოვოს სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება შეთანხმებული ვადის ან ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის გასვლამდე. (დამატებით იხ., Lando O., Beale H., Principles of European Contract Law, part I and II, Kluwer Law International, The Hague/London/Boston, 2000, 327. 883 Ciematniece I., Contract Renegotiation and Adaptation, Concept of Contract Renegotiation and Adaptation in International Commercial Law Contracts, Lambert Academic Publishing, Saarbrücken, 2010, 11). გრძელვადიანი ხელშეკრულების შეწყვეტა მართლზომიერად იქნება მიჩნეული, თუ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა განპირობებულია პატივსადები საფუძვლით. პატივსადები საფუძვლის ნორმატიულ განმარტებას თავად დასახელებული ნორმა შეიცავს და ადგენს, რომ საფუძველი პატივსადებია, თუ სახეზეა დაუძლეველი ძალა ან სხვა რაიმე ორმხრივი და არა ცალმხრივი ინტერესი, რაც სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას შეუძლებელს ხდის. თუ ხელშეკრულების შეწყვეტა მხოლოდ ცალმხრივი ინტერესით არის განპირობებული, ასეთ შემთხვევაში, მხარეს სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება უნდა მოეთხოვოს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მხარე მაინც წყვეტს სახელშეკრულებო ურთიერთობას, აღნიშნული შეწყვეტით მეორე მხარეს ზიანი არ უნდა მიადგეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის წინასწარ განხორციელებული შესრულება უკან არ უნდა დაბრუნდეს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შესრულება წინასწარ განხორციელებული არ არის, ასეთ შემთხვევაში, მხარეს არამართლზომიერად სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლით დაკარგული შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს, რაც სხვა არაფერია, თუ არა ზიანი, რომელიც, თავისი არსით, არამართლზომიერად შეწყვეტილი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდისათვის მისაღები შესრულებაა.

73. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუზველზე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებობდა მოიჯარის მიერ იჯარის ხელშეკრულების 5.4. მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების ვადამდე ცალმხრივად შეწყვეტის პატივსადები საფუძველი.

74. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, ასევე არ დადასტურდა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები 2019 წლის 1 ივლისიდან მოპასუხის მიერ იჯარის საგნით სარგებლობის თაობაზე.

75. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია და კასატორს ამის საწინააღმდეგოდ არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემდეგ, მოიჯარემ საიჯარო ფართი გაათავისუფლა საპლაჟო ინვენტარისგან. აღნიშნული გარემოება დასტურდება პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული გ.ფ–ის ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა, რომ მოიჯარის ნების შესაბამისად, პირადად შეკრა (,,დათაკრა“) შეზლონგები და გაიტანა პლაჟის მე-10 სექტორიდან (6.07.2022წ ოქმი 15:55:33).

76. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ მას არ მიუღია მოიჯარის წერილი (შეტყობინება) ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, საკასაციო პალატა არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო, კერძოდ, საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხის 2019 წლის 29 ივნისის წერილით მოპასუხემ შეატყობინა მოსარჩელეს, რომ ჯერ კიდევ წინა წელს (2018 წლის ზაფხულის სეზონზე) ხელი შეეშალა საიჯარო ფართით სარგებლობაში, ვინაიდან მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვაში შეჭრილი ხიდი გამოიყენებოდა ტურისტული ვერტმფრენის დაჯდომისა და აფრენის ადგილად, შესაბამისად ყოველ ჯერზე პრობლემები ექმნებოდათ დამსვენებლებს იქედან მომავალი ჰაერის ნაკადების გამო (ადგილზე განთავსებული ქოლგები მიჰქონდა ვერტმფრენიდან მომავალ ქარს), რაც საგრძნობლად დაეტყო დამსვენებელთა რაოდენობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საიჯარო ქონება მისთვის გახდა გამოუსადეგარი და იჯარის ხელშეკრულების 5.4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად სარგებლობდა ხელშეკრულების ვადამდე გაუქმების უფლებით (ს.ფ. 60-62). დადგენილია, რომ მოიჯარემ ხელშეკრულება შეწყვეტა 2019 წლის 29 ივნისს მეიჯარისთვის გაგზავნილი შეტყობინებით (წერილით), მანამ, სანამ დადგებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული მესამე წლის საიჯარო საფასურის გადახდის ვადა, რის შესახებაც მოიჯარემ (მოპასუხემ) მეიჯარეს (მოსარჩელე) წერილობით შეატყობინა. მეიჯარეს (მოსარჩელე) მითითებული წერილი ჩაბარდა (ს.ფ. 60-62).

77. მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ფოსტის გზავნილის ამონაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს 2019 წლის 29 ივნისის წერილი გაუგზავნა საქართველოს ფოსტის მეშვეობით იმავე დღეს (გზავნილის ნომერი 01000....). საქმეში ასევე წარმოდგენილია საფოსტოს გზავნილის ჩაბარების დასტური (გზავნილის ნომერი 01000059....), საიდანაც დგინდება, რომ გზავნილი ჩაბარდა ადრესატს - მოსარჩელეს, მისამართზე: ბათუმი, ....... (ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან). გზავნილი ჩაიბარა ი.შ–ძემ 2019 წლის 2 ივლისს. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მეიჯარემ სხვა შინაარსის (და არა ხელშეკრულების შეწყვეტის) წერილი მიიღო, დაუსაბუთებელია.( ს.ფ.60-62).

78. საქმეზე დადგენილია რომ ახალი საიჯარო წელი 1 ივლისს იწყებოდა და მოპასუხე, წლის დასაწყისშივე (01 ივლისამდე), წინასწარ იხდიდა მთლიანი წლის საიჯარო ქირას. მოპასუხის მიერ 2017 წლის 23 მაისის ხელშეკრულების დადებამდე გადახდილია 3600 ლარი (ელექტრონულ ქუციონში მონაწილეობის მისაღებად გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/,,ბე“, რომელიც ხელშეკრულების თანახმად, ჩაეთვლებოდა მესამე წლის ბოლო გადახდად), ხელშეკრულების დადების შემდეგ, 2017 წლის 30 ივნისს, მოპასუხის მიერ გადახდილია წლიური საიჯარო ქირა 13,005 ლარის ოდენობით და 2018 წლის 29 ივნისს - წლიური საიჯარო ქირა 13,005 ლარის ოდენობით.

79. შესაბამისად, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, აპელანტის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს საიჯარო ქირის ნახევარი მაინც უნდა გადაეხადა, ვინაიდან გასული იყო საიჯარო პერიოდის ნახევარი, უსაფუძვლოა.

80. იჯარის ხელშეკრულების თანახმად, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, „მოიჯარეს" ეძლეოდა წერილობითი გაფრთხილება, სადაც მიეთითებოდა დარღვევის გამოსწორების ვადა ხელშეკრულების 7.2. მუხლის შესაბამისად და დაეკისრებოდა პრგასამტეხლო, საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში – გადაუხდელი ქირის 5%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ხელშეკრულების 5.5. პუნქტი, ს.ფ. 18, 19).

81. განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საკასაციო პალატა საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს პირგასამტეხლოს თავისებურებაზე.

82. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pactasuntservanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (შდრ. სუსგ №ას-1079-2019, 30 სექტემბერი, 2019).

83. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016).

84. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018; №ას-1158-1104-2014, 06.05.2015; №ას-1265-1187-2015, 10.02.2016). პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

85. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შეადრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).

86. პირგასამტეხლოს მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ,ვალდებულების დარღვევის როგორც იდენტიფიცირება, ისე მისი დადგენაა შესაძლებელი, ხოლო ასეთი მოთხოვნის დაყენება კი არ უნდა მოდიოდეს შეუსაბამობაში საკანონმდებლო დანაწესებთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26). პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას, სასჯელს მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ხოლო ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა, როგორც ვალდებულების არაჯეროვნად, არასრულად შესრულება, ასევე მისი შეუსრულებლობაც (შდრ: სუსგ №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი).

87. პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან/და დამატებითი ვალდებულების დარღვევისას (იხ. გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, თბილისი, 2010, გვერდი. 232). მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს ტაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 93).

88. პირგასამტეხლოს აქცესორული ბუნება განაპირობებს იმ ფაქტსაც, რომ მისი დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს მოვალის მიერ ვალდებულების ბრალეულად დარღვევა. პირგასამტეხლო უსაგნო იქნება, როცა მოვალის ბრალის გარეშე ვალდებულება ვერ შესრულდება ან ხელშეკრულება გაუქმდება. პირგასამტეხლოთი ვალდებულების უზრუნველყოფა სულაც არ ცვლის პასუხისმგებლობის საერთო საფუძველს. ამიტომაცაა, რომ თუკი ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, მაშინ მას არც პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრება (იხ. ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქლქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, მუხლი 417, თბილისი, 2001, გვ. 489-490; ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 89; სუსგ 31 მაისი, 2022 წ. საქმე №ას-1006-2021, პ.17).

89. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხემ კვალიფიციური შედავების პირობებში შეძლო სასარჩელო მოთხოვნის განხორციელების გამორიცხვა, მოსარჩელემ კი, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით, ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - დადასტურება, აღნიშნული კი უსაფუძვლოს ხდის მოთხოვნას საიჯარო ქირის თანხის და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. შესაბამისად, კასატორმა ვერ დარწმუნა საკასაციო პალატა, მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.

90. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესითსაკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

91. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

92. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

93. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ემუხლებითდა

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ „ბ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. სსიპ „ბ.ბ–ს“ (ს.კ:2......) (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 08.06.2023წ. საგადახდო მოთხოვნა N03596 გადახდილი 3,315.27 ლარის 70% – 2,320.68 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ეკატერინე გასიტაშვილი