Facebook Twitter

საქმე №ას-885-2023 03 ოქტომბერიი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „პ....“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „პ....-მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, მიწოდებული საქონლის ღირებულების - 48 335,00 ლარის ანაზღაურება, ასევე, აღიარებულ იქნას მოსარჩელის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №170 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტი: სულ - 48 335,00 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდების ფაქტი - პირადი დაცვის ქამარი 33 ცალი საერთო ღირებულებით - 11 550,00 ლარი, თოკი სტატიკური - 11 მმ, 3 000,00 მეტრი, საერთო ღირებულებით - 13 500,00 ლარი; თოკი სტატიკური 9მმ, 1000,00 მეტრი, საერთო ღირებულებით - 4 300,00 ლარი, თოკი სტატიკური 8მმ, 500,00 მეტრი, საერთო ღირებულებით - 2 250,00 ლარი; თოკი დინამიური 11 მმ, 200,00 მეტრი, საერთო ღირებულებით - 14 000,00 ლარი; თოკი (პრუსიკის) 250,00 მეტრი, საერთო ღირებულებით - 1 250,00 ლარი, სამკუთხრა ქამარი („აბვიაზკა“) 5 ცალი, საერთო ღირებულებით - 1 485,00 ლარი.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა ემყარება მხარეებს შორის 2018 წლის 3 დეკემბერს გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებას (62 835,00 ლარის ღირებულებით). ხელშეკრულებით მიმწოდებელმა (მოსარჩელემ) შემსყიდველს (მოპასუხეს) მიაწოდა მოთხოვნილი საქონელი, რაც მოპასუხემ მიიღო. მართალია, მიწოდებისას მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა, თუმცა მიღების ფაქტი დასტურდება შემსყიდველის 2019 წლის 15 ნოემბრის წერილითა და ანგარიშფაქტურებით. შემსყიდველმა მიწოდებული საქონლის ნაწილზე, 14 500,00 ლარის ღირებულების საქონელზე, გააფორმა მიღება-ჩაბარების აქტი. დარჩენილი ნაწილის მიღებაზე კი მიწოდებიდან 7 თვის შემდეგ მოპასუხემ უარი განაცხადა.

3. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ხელშეკრულების პირობები შეიცვალა ექვსჯერ, რომელთაგანაც ოთხი ცვლილება ეხებოდა ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას, რადგან შემსყიდველი ვერ უზრუნველყოფდა საქონლის დროულ შემოწმებას და ჩაბარებას. შემსყიდველმა შემოწმების პერიოდი გააჭიანურა და, საბოლოოდ, შემოწმების პროცესი დასრულდა 6-7 თვის დაგვიანებით. მოპასუხემ 2019 წლის 15 ნოემბერს მიმართა მხარეს მიწოდებული საქონლის უკან გატანის თაობაზე, თუმცა მას არ დაუსახელებია მიზეზი, თუ რატომ არ ჩაიბარა საქონელი. ამასთან, მოსარჩელეს არ გააჩნდა ინფორმაცია, გაუარესდა თუ არა საქონლის თვისობრივი მდგომარეობა არასათანადოდ შენახვის გამო.

4. ადმინისტრაციული ორგანის ზეპირსიტყვიერი განმარტების შედეგად, საქონლის უკან დაბრუნება ხდება მისი იდენტიფიცირების შეუძლებლობის გამო, თუმცა მოპასუხემ ვერ დაადასტურა კონკრეტულად, რისი იდენტიფიცირება ვერ მოხდა. მოსარჩელემ სრულად წარადგინა ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები, ექსპერტიზის დასკვნა, რაც ადასტურებს საქონლის ხარისხს. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის ვალდებულება მოსარჩელეს არც ჰქონია.

5. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 6.5 პუნქტი არ ითვალისწინებს საქონლის მიღებაზე უარის თქმას მისი იდენტიფიკაციის შეუძლებლობის გამო, თუმცა ეს საფუძველი მიღებაზე უარის თქმის წინაპირობა რომც ყოფილიყო, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს, თუ რატომ ამბობს უარს საქონლის მიღებაზე 6-7 თვის შემდეგ.

6. მიწოდებული საქონლის ღირებულება მოპასუხეს არ აუნაზღაურებია.

მოპასუხის პოზიცია:

7. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ხელშეკრულების 8.1 და 8.2 პუნქტების შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა მხოლოდ იმ საქონელზე, რომელიც შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნები არასაკმარისია და არ ადასტურებს ტენდერით მოთხოვნილ პირობებთან საქონლის შესაბამისობას.

8. 2019 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებით განსაზღვრული, ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით, შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის სხდომა. ინსპექტირების ჯგუფმა განიხილა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნები და დოკუმენტაცია. სამკუთხა ქამარსა და პირადი დაცვის ქამარზე, შესაბამისი მეთოდიკის არარსებობის გამო, ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ვერ შეძლო ტვირთამწეობის, დიმანიურ და სტატიურ თოკებზე კი - ტვირთამწეობისა და წელვადობის შემოწმება.

9. რაც შეეხება ტყავის ხელთათმანებს (თოკზე სამუშაოდ), მოპასუხემ განმარტა, რომ ექსპერტიის ბიუროს მიერ წარდგენილი დასკვნის თანახმად, წარდგენილი ნიმუში შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტექნიკურ მახასიათებლებს. სხდომაზე მიღებული გადაწყვტილების შესაბამისად, 2019 წლის 30 ოქტომბერს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი 50 წყვილ ტყავის ხელთათმანზე, რომლის ღირებულებამ შეადგინა 9 500, 00 ლარი.

10. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, 2019 წლის 15 ნოემბერს მოსარჩელეს გაეგზავნა შეტყობინება, რომლითაც მიმწოდებელს ეცნობა, რომ შემსყიდველი მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეღო დანარჩენი საქონელი. 2019 წლის 18 ნოემბერს სამსახურმა გაუგზავნა კომპანიას წერილი, რომლითაც ამ უკანასკნელს ეცნობა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით - 7 075,22 ლარის გადახდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა - 48 335 ლარის ანაზღაურება, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნაა, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შესრულება. ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 477-ე მუხლი. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა ნასყიდობის საგანი, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა თანხის ანაზღაურებაზე, რაც ნასყიდობის საგნის ნივთობრივ ნაკლს დაუკავშირა. ასეთ შემთხვევაში, ნივთის ნაკლის მტკიცების ტვირთი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 102-ე მუხლის შესაბამისად, შემსყიდველს ეკისრება, რომელმაც სსკ-ის 488-ე მუხლის წინაპირობების არსებობა უნდა დაადასტუროს.

14. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საპასუხო შესრულებისგან მოვალეს სამოქალაქო კანონმდებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ათავისუფლებს, თუ ის დაამტკიცებს, რომ მან ნასყიდობის საგანი ვერ მიიღო ან მიიღო შეთანხმებული ხარისხისგან განსხვებული ხარისხის ან რაოდენობის ნივთი. ამგვარ გარემოებათა არსებობა მოვალეს კრედიტორის მიმართ, ფასის შემცირების, წუნდებული ნივთის ახლით შეცვლის ან ხელშეკრულებიდან გასვლისა და ზიანის ანაზღაურების მეორად სახელშეკრულებო მოთხოვნებს წარმოუშობს, თუმცა მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში სწორედ მოვალის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს საპასუხო შესრულებისგან გათავისუფლების საფუძვლიანობის დადასტურება (შდრ: იხ. სუსგ, Nას-883-2021, 09.12.2021წ.).

15. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აპელანტის პრეტენზიაზე, რომ მოსარჩელემ არ მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის ნასყიდობის საგანი, რის გამოც სადავო ხელშეკრულების 3.2, 6.1. და 6.5 მუხლების შესაბამისად, შემსყიდველი უფლებამოსილია, უარი თქვას ნაკლიანი საგნის მიღებაზე.

16. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის ზემოხსენებული პრეტენზია და, უპირველესად, ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება მიმწოდებელს ავალდებულებდა, შესყიდვის ობიექტის ხარისხის დასადასტურებლად, შემსყიდველისათვის წარედგინა ე.წ. შესაბამისობის სერტიფიკატები. ეს ვალდებულება მიმწოდებელმა შეასრულა. შემსყიდველს წარუდგინა შემდეგი სახის შესაბამისობის სერტიფიკატები: საევაკუაციო სამკუთხა ქამარი (მოდელი E1, E2) შეესაბამებოდა პირადი დამცავი აღჭურვილობის დირექტივას, (89/686/EEC), სტანდარტი - EN: 1497:2007 (სერტიფიკატი №C-SA7868690); სტატიკური თოკი (მოდელი 8 მმ, 11 მმ) შეესაბამებოდა პირადი დამცავი აღჭურვილობის დირექტივას (89/686/EEC), სტანდარტი - EN:1891:2000 (სერტიფიკატი №C-SK0789136); პირადი დაცვის ქამარი (მოდელი A1, A2, A3, GR2, GR1) შეესაბამებოდა პირადი დამცავი აღჭურვილობის დირექტივას (89/686/EEC), სტანდარტი - EN: 12277:2015 (სერტიფიკატი №C-SD7567132); სამთო დინამიური თოკი (მოდელი 7მმ - 11მმ) შეესაბამებოდა პირადი დამცავი აღჭურვილობის დირექტივას (89/686/EEC), სტანდარტი - EN:892:2012 (სერტიფიკატი №C-SR1209889). ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მითითებული სერთიფიკატების საფუძველზე დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ მიმწოდებელმა შემსყიდველს მიაწოდა ხელშეკრულებით შეთანხმებული ხარისხის პროდუქცია.

17. შემსყიდველი ამ გარემოებას უარყოფს, მაგრამ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ექსპერტიზისა და საუწყებო კომისიის დასკვნა) მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ხარისხიანი საქონლის მიწოდების ფაქტს ვერ აქარწყლებს. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნების თანახმად, წარმოდგენილი ნივთების ტვირთამწეობას (კნ), შემცირებასა და დაგრძელებას ექსპერტიზა ვერ ადგენს. ამდენად, ექსპერტიზას არ დაუდგენია სადავო ნივთების ნივთობრივი ნაკლი. შესაბამისად, ამ დასკვნით მოსარჩელის მიერ მიწოდებული საქონლის ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობა არ დგინდება.

18. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ საექსპერტო კვლევა ვერ ჩატარდა შესაბამისი აპარატურის უქონლობის გამო, არ ადასტურებს სადავო ნივთების უხარისხობას და არ არის საკმარისი საფუძველი იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება (მოპასუხეს მიაწოდა უხარისხო პროდუქცია). ამასთან, მოპასუხემ კონკრეტულადაც ვერ მიუთითა, თუ რა მოთხოვნებს და პარამეტრებს არ შეესაბამებოდა მიწოდებული პროდუქცია და, საერთოდ, რა გზით იყო შესაძლებელი პროდუქციის შეთანხმებულ ხარისხთან შესაბამისობის შემოწმება. როგორც ითქვა, პროდუქციის ხარისხის შესამოწმებლად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ე.წ. შესაბამისობის სერტიფიკატების წარდგენა, რაც შეასრულა კიდეც მიმწოდებელმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ თუ შემსყიდველს ესაჭიროებოდა მიწოდებული შესყიდვის ობიექტის მოთხოვნილ პარამეტრებთან შესაბამისობის რაიმე ფორმით დადასტურება (გარდა სერთიფიკატებისა), აღნიშნული მოთხოვნა უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული სატენდერო/სახელშეკრულებო პირობებით და განსაზღვრულიყო მიმწოდებლის შესაბამისი ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში, სახელშეკრულებო პირობებით მიმწოდებლის რაიმე დამატებითი ვალდებულება (გარდა სერთიფიკატების წარდგენისა) გათვალისწინებული არ ყოფილა.

19. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არც საუწყებო კომისიის დასკვნით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ უხარისხო პროდუქციის მიწოდების ფაქტი, რადგან ხსენებული კომისიის დასკვნა ეყრდნობა ექსპერტიზის ზემოხსენებულ დასკვნებს, რომლებიც, როგორც ზემოთ მიეთითა, მიწოდებული საქონლის უხარისხობას არ ადასტურებს. ამდენად, რადგან მოპასუხემ მისი მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია და ვერ დაადასტურა მოსარჩელის მიერ ნაკლიანი ნივთის მიწოდების ფაქტი, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოპასუხისათვის ხელშეკრულებით შეთანხმებული ხარისხის საქონლის მიწოდება, რაც ამ უკანასკნელს ავალდებულებს, სსკ-ის 477-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელეს გადაუხადოს მიწოდებული საქონლის ღირებულება. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიმწოდებლის სარჩელი მართებულად დააკმაყოფილა.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია, აპელანტმა კი, ვერ დაამტკიცა ამ გადაწყვეტილების გაუქმების/შეცვლის კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა. ამდენად, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

22. კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ვალდებულების შესრულებულად მიჩნევა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით არ უნდა მოხდეს, მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მყიდველმა შესრულება მიიღო. პალატამ თავად მიუთითა, რომ მყიდველმა გამყიდველის მიერ ნივთის დაბრუნება მოითხოვა ხელშეკრულების 6.5 პუნქტზე მითითებით, რაც გულისხმობდა მყიდველის უფლებას, უარი ეთქვა მიწოდებული პროდუქციის მიღებაზე უხარისხო საქონლის ან მისი ნაწილის მიწოდებისას. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქონლის მიღებაზე უარის თქმის უფლების განხორციელება მყიდველს შეეძლო ხელშეკრულების შესრულების ადგილზე შესყიდვის ობიექტის მიღებამდე და ამ პუნქტით მოქმედება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებასთან დაკავშირებული ვერ იქნება, თუმცა სასამართლომ უდავოდ მიიჩნია, რომ მყიდველმა შესრულება მიიღო. იმ შემთხვევაშიც, თუ მიმწოდებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა და/ან მიწოდება ვადის დარღვევით განახორციელა, მიწოდებული საქონლის 6-7 თვის შემდეგ დაბრუნება არაკეთილსინდისიერია. სააპელაციო პალატის მითითებით, ამ პირობებში უკვე მიღებული პროდუქციის დაბრუნება მხოლოდ ხელშეკრულებიდან გასვლის მექანიზმის გამოყენებით იყო შესაძლებელი, თუმცა სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ხელშეკრულებით წინასწარ განსაზღვრული პირობების არსებობა, კერძოდ, 2018 წლის 3 დეკემბრის №170 ხელშეკრულების 3.2 მუხლის შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია, განახორციელოს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო შესყიდვის ობიექტის მიწოდება მოქმედი ყველა საჭირო ნორმის, სტანდარტისა და წესების მოთხოვნათა დაცვით, რაც გამომდინარეობს სსკ-ის 487-ე მუხლის იმპერატიული დათქმიდან.

23. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ მიმწოდებლის კუთვნილი მტკიცების ტვირთი შემსყიდველს არასწორად დააკისრა, როდესაც სერტიფიკატების წარდგენა საკმარის მტკიცებულებად შეაფასა და მხედველობაში არ მიიღო, რომ კასატორი სადავო ხდიდა სერტიფიკატებისა და პროდუქციის ხარისხის შესაბამისობას. მოსარჩელემ მხოლოდ შესყიდვის ობიექტი წარადგინა, ხოლო მიღება-ჩაბარებისათვის აუცილებელი პირობა იყო შესყიდვის ობიექტის ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენა, რაც არ მომხდარა, საქონლის სათანადო ხარისხთან შეუსაბამობის გამო.

24. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ დაარღვია „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის 38-ე მუხლი, როდესაც მიღებულად ჩათვალა საქონელი მხოლოდ შემსყიდველის ტერიტორიაზე ფიზიკურად არსებობის გამო.

25. ამავდროულად, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №170 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტის აღიარების თაობაზე.

26. მხარემ განმარტა, რომ არ არსებობს საექსპერტო კვლევა სამაშველო აღჭურვილობის ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად, რადგან სამკუთხა ქამრისა და პირადი დაცვის ქა,არზე შესაბამისი მეთოდიკის უქონლობის გამო, ასევე, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ არ დადასტურებულა ხარისხის შესაბამისობა, მიმწოდებელს უარი ეთქვა საქონლის მიღებაზე.

27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

28. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

29. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

30. 2018 წლის 3 დეკემბერს შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №170 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა №1 დანართით გათვალისწინებული სამაშველო აღჭურვილობის შესყიდვა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა - 62 835 ლარით. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს შემსყიდველისათვის უნდა მიეწოდებინა შესყიდვის ობიექტი №1 დანართით განსაზღვრულ ვადებში და ადგილზე. ხელშეკრულებაში, 28/03/2019 წლის, 31/05/2019 წლის, 31/07/2019 წლის, 27/09/2019 წლისა და 28/10/2019 წლის შეთანხმებებით, შევიდა ცვლილებები ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ და საბოლოოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით.

31. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, რომ შესყიდვის ობიექტის ხარისხი უპასუხებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებდა შემსყიდველის მოთხოვნებს; ხარისხი უნდა ყოფილიყო დადგენილი სტანდარტების შესაბამისი. ხელშეკრულების 6.5 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო განეცხადებინა უარი უხარისხო (წუნდებული), არასათანადოდ შეფუთული, საქონლის თანმხლები აუცილებელი დოკუმენტაციის გარეშე, დაგვიანებით მიწოდებული საქონლის ნაწილის ან დაგვიანებით მიწოდებული საქონლის მთლიანი მოცულობის მიღებაზე;

32. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, მისაწოდებელი საქონელი ან მისი ნაწილი ჩაითვლებოდა მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. საქონლის გადაცემა ხდებოდა მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მიწოდების ადგილის მიხედვით. ხელშეკრულების 5.4. პუნქტის მიხედვით კი, ხელშეკრულების მიზნებისათვის, მიწოდებად არ ჩაითვლებოდა წუნდებული ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო საქონლის წარმოდგენა, ასეთ შემთხვევაში მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმდებოდა.

33. 2019 წლის 9 იანვარს, მხარეებს შორის 2018 წლის 3 დეკემბერს გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №170 ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შემსყიდველმა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად მიწოდებული - 5 000 ლარის ღირებულების 5 ცალი სამთო კარავი. 2019 წლის 30 ოქტომბერს, მხარეებს შორის 2018 წლის 3 დეკემბერს გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №170 ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შემსყიდველმა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად მიწოდებული - 9 500 ლარის ღირებულების 50 წყვილი ტყავის ხელთათმანი.

34. მხარეებს შორის არ არის სადავო მიწოდებული და აუნაზღაურებელი შესყიდვის ობიექტის რაოდენობა და ღირებულება, სულ - 48 335 ლარი, კერძოდ: პირადი დაცვის ქამარი 33 ცალი, საერთო ღირებულებით - 11 550 ლარი; თოკი სტატიკური 11 მმ, 3 000 მეტრი, საერთო ღირებულებით - 13 500 ლარი; თოკი სტატიკური 9მმ, 1000 მეტრი, საერთო ღირებულებით - 4 300 ლარი; თოკი სტატიკური 8მმ, 500 მეტრი, საერთო ღირებულებით - 2 250 ლარი; თოკი დინამიური 11 მმ, 200 მეტრი, საერთო ღირებულებით - 14 000 ლარი; თოკი (პრუსიკის) 250 მეტრი, საერთო ღირებულებით - 1 250 ლარი; სამკუთხრა ქამარი („აბვიაზკა“) 5 ცალი, საერთო ღირებულებით -1 485 ლარი.

35. შემსყიდველმა მიიღო მიმწოდებლის მიერ მიწოდებული შესყიდვის ობიექტი ხელშეკრულების შესრულების ადგილზე (თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე). 15/11/2019 წლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ გარდა - 5 000 ლარის ღირებულების 5 ცალი სამთო კარავისა და 9 500 ლარის ღირებულების ტყავის ხელთათმანისა, შესყიდვის ობიექტის დარჩენილ ნაწილს - პირადი დაცვის ქამარი, სტატიკურ და დინამიურ თოკებს, ასევე „პრუსიკის“ თოკსა და სამკუთხა ქამარს 2018 წლის 3 დეკემბრის ხელშეკრულების 6.1 და 6.5 პუნქტების შესაბამისად, ვერ მიიღებდა; ამავე წერილის თანახმად, მოპასუხემ მოსთხოვა მიმწოდებელს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიიდან (რაც წარმოადგენდა ხელშეკრულების დანართის შესაბამისად ხელშეკრულების შესრულების ადგილს) გაეტანა აღნიშნული საქონელი. უდავოა, რომ შემსყიდველმა შესყიდვის ობიექტის უკან დაბრუნება მოითხოვა ობიექტის მიღებიდან (დასაწყობებიდან) 6-7 თვის შემდეგ.

36. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 23/09/2019 წლის №006420419 დასკვნის თანახმად, მოსარჩელის მიერ წარდგენილი თოკის (სტატიკური) მრღვევი დატვირთვა იყო 14,7 კ/ნ, დიამეტრი 9მმ, ხოლო ტვირთამწეობას (კნ), შემცირებასა და დაგრძელებას ვერ ადგენდა ექსპერტიზა. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 23/09/2019 წლის №006420219 დასკვნის თანახმად, მოსარჩელის მიერ წარდგენილი თოკის (სტატიკური) მრღვევი დატვირთვა იყო 18 კ/ნ, დიამეტრი 10,5 მმ, ხოლო ტვირთამწეობას (კნ) და შემცირებას ვერ ადგენდა ექსპერტიზა. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 23/09/2019 წლის №006420619 დასკვნის თანახმად, მოსარჩელის მიერ წარდგენილი თოკის (დინამიური) მრღვევი დატვირთვა იყო 16,6 კ/ნ, დიამეტრი 10,4 მმ, ხოლო ტვირთამწეობას (კნ) და შემცირებას ვერ ადგენდა ექსპერტიზა. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 02/10/2019 წლის №006879919 დასკვნის თანახმად, მოსარჩელის მიერ წარდგენილი თოკის (პრუსიკის) მრღვევი დატვირთვა იყო 8,2 კ/ნ, დიამეტრი 7 მმ, წონა (გრ/მ) - 3402 გრ/1მ, ხოლო ტვირთამწეობას (კნ) ვერ ადგენდა ექსპერტიზა.

37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

38. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამრთლოს უფლება მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს მხარისათვის განჭვრეტადი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, §59; Perez v. France, §80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ, ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; Niderost-huber v. Switzerland, §24; K.S. v. finland § 21).

39. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 477-ე მუხლის მეორე ნაწილი (მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება).

40. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

41. განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საკასაციო პალატა საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს ნასყიდობის ხელშეკრულების თავისებურებაზე.

42. სსკ-ის 477-ე მუხლის საფუძველზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

43. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ყველაზე ნათლად ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების თავისუფლება ეფუძნება მხარეთა სურვილს, დაამყარონ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების თავისუფლება ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ხელშეკრულების დადების თავისუფლება; ბ) ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება (შდრ: ირმა გელაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III მუხლი 319, ველი 8, თბილისი, 2019; სერგი ჯორბენაძე, ხელშეკრულების თავისუფლება სამოქალაქო სამართალში, თბილისი, 2017, გვ.103.; ეკატერინე ბაღიშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III მუხლი 327, ველი 3, თბილისი, 2019). ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად აუცილებელია მხარეთა ნამდვილი ნება და არსებით პირობებზე შეთანხმება საამისოდ გათვალისწინებული ფორმით (იხ. ზ. ძლიერიშვილი, ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებათა სამართლებრივი ბუნება, თბილისი, 2021 წ, გვ.19).

44. სსკ-ის 477-ე მუხლის ანალიზის საფუძველზე, ნასყიდობის ხელშეკრულება კონსესუალურია და იგი დადებულად ითვლება მის ყველა არსებით პირობაზე საამისოდ დადგენილი ფორმით მხარეთა შეთანხმების მომენტიდან. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალაში შესვლა ნივთის გადაცემაზე დამოკიდებული არ არის. ამასთან, ხელშეკრულების მიზანი და ინტერესი, რასაკვირველია, საკუთრების უფლების გადაცემაშია და იგი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, სწორედ უფლების გადაცემას ემსახურება. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულება მოიცავს როგორც ვალდებულებით (მხარეები თანხმდებიან ხელშეკრულების პირობებზე), ისე სანივთო (გარიგებით საკუთრების უფლების განკარგვა და გადაცემა ხდება) გარიგების ელემენტებს და იგი, როგორც ერთიანი ხელშეკრულება, ერთობლივად უნდა იქნეს განხილული.

45. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველზე, სახელდობრ, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხისგან მოითხოვს ნასყიდობის საფასურის გადახდის დაკისრებას. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია დადგენილი, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ.

46. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

47. დავის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კრედიტორი ითხოვს ხელშეკრულების შესრულებას (ე.წ. პირველადი მოთხოვნა) და არა მოვალის ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას (ე.წ. მეორადი მოთხოვნა). მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას, ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმებული ფასის გადახდის კანონით განსაზღვრული წინაპირობების არსებობის დადგენა წარმოადგენდა.

48. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარისთქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება. შესაბამისად, სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანია მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობის ფაქტები, რომლებზეც მიუთითებენ მხარეები თავიანთი მოთხოვნების (შესაგებლის) დასაბუთება–გამართლების მიზნით.

49. „სამართლებრივი დავისას სამოქალაქო საქმის განმხილველ მოსამართლეს ორი ამოცანა აქვს დასაძლევი: პირველ რიგში, მან უნდა გამოარკვიოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. მეორე რიგში კი, მოსამართლემ სამართლებრივად უნდა შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და დაადგინოს, არსებობს თუ არა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას, მაშინ სარჩელი უკვე ამ საფუძველზევე არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასეთ შემთხვევაში მოსამართლეს არა აქვს უფლება, საკუთარი ინიციატივით მოიძიოს სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი გარემოებები და შეაგროვოს მტკიცებულებები. თუ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულია ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ადასტურებენ მოთხოვნის არსებობას, მაშინ უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, ამ გარემოებების არსებობის უარყოფა“ (იხ. თომას ჰერმანი, მტკიცებულებითი სამართალი, GIZ, თბილისი, 2016, გვ.3-4). „მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს“ (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, გვ.64). შეუძლია თუ არა სასამართლოს თავისი ინიციატივით შეიტანოს მტკიცების საგანში და საფუძვლად დაუდოს გადაწყვეტილებას ფაქტები,რომლებზეც მხარეებიარ მიუთითებენ? იურიდიულ დოქტრინაში გაბატონებული მოსაზრების თანახმად, სასამართლოს ეს არ შეუძლია (იხ. დამატებით: თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005, გვ. 87; ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, გვ.64).

50. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა ნამდვილი შეჯიბრება რეალურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ იყვნენ ამ შეჯიბრებაში მონაწილე მხარეები თანასწორნი. სასამართლო, ვერ გამოიტანს გადაწყვეტილებას, თუ მან არ მოუსმინა ორივე დაპირისპირებულ მხარეს ან არ მისცა მათ შესაძლებლობა გამოიყენონ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და მექანიზმი თავიანთი პოზიციის გასამართლებლად, თავიანთი უფლებების დასაცავად.

51. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე, ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.

52. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“ (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIZ), 2013წ., გვ.19.). კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.

53. შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე. სსსკ-ის 102.1 მუხლის ზოგადი დათქმიდან გამომდინარე, უფლების შემწყვეტი, შემაფერხებელი და გამომრიცხველი შესაგებლის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს.

54. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის საფუძველია სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ჰ. ბოელინგი/ ლ.ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, 2004, 39.). მოთხოვნის საფუძველი მხოლოდ კანონშია მოცემული, ხელშეკრულება კი მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობაა.

55. მოთხოვნის საფუძველი შესაძლოა მიმართული იყოს შესრულების უფლების მინიჭებაზე. სსკ-ის 477-ე მუხლის დანაწესი, ნასყიდობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების ცენტრალური მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს. ამ სამართლებრივი ნორმის საფუძველზე აღმოცენებულ მოთხოვნას პირველადი მოთხოვნის უფლება ეწოდება. პირველადი მოთხოვნა მეორადი მოთხოვნისაგან იმით განსხვავდება, რომ უშუალოდ ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს და ხელშეკრულების მხარის მთავარი ინტერესია.

56. ნასყიდობის ხელშეკრულებასთან მიმართებით აღსანიშნავია მყიდველის შემდეგი მეორადი მოთხოვნის უფლებები, რომლებიც მას წარმოეშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი გამყიდველმა დაარღვია სსკ-ის 488-489-ე მუხლებით გათვალისწინებული ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნითის გადაცემის ვალდებულება: 1) ნივთის ნაკლის გამოსწორება; 2) ნაკლიანი გვაროვნული ნივთის შეცვლა; 3) ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლა; 4) ფასის შემცირება, თუკი მყიდველი არ ითხოვს ნაკლის გამოსწორებას, ან ახლით შეცვლას და არც ხელშეკრულებიდან გასვლას; 5) უარი თქვას საქონლის მიღებაზე, თუკი გამყიდველი მიაწვდის ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ნაკლები რაოდენობით; 6) მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

57. მეორადი მოთხოვნის უფლებათა კონკურენციის საკითხი თითქმის ყველა სამართლებრივ სივრცეში განსაზღვრულ იერარქიასა და ეტაპობრიობას ექვემდებარება, რაც გულისხმობს, რომ ვალდებულების დარღვევის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაძლებელია კონკრეტული მეორადი მოთხოვნის უფლება იყოს პრიორიტეტული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 490 I-ე მუხლის თანახმად, ნაკლის გამოსწორება მეორად მოთხოვნათა შორის უპირატესად გამოსაყენებელი მოთხოვნაა. იგი გამყიდველისათვის (მოვალისათვის) დამატებითი შანსია „გადაარჩინოს“ ხელშეკრულება და დააკმაყოფილოს შესრულების ინტერესი (იხ. დამატებით: ჰ.ბოელინგი/ლ. ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბილისი, 2004, 40.). ამ მოთხოვნის გამოყენების უპირატესობა განპირობებულია უშუალოდ ხელშეკრულების მხარეთა ინტერესებით. კერძოდ, გამყიდველი და მყიდველი ნასყიდობის ხელშეკრულებას შესრულების მიღების და არა მეორადი მოთხოვნების რეალიზების მიზნით დებენ. ნივთის ნაკლის გამოსწორება ან მისი ახლით შეცვლა განხილულ უნდა იქნეს იმგვარ მეორად მოთხოვნად, რომელიც პრიორიტეტული, უპირატესად გამოსაყენებელია სხვა დანარჩენ მეორადი მოთხოვნის უფლებებს შორის. კერძოდ, სანამ ნასყიდობის საგნის ნაკლის გამო, მყიდველი ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის უფლებას აამოქმედებდეს, ის ვალდებულია მიმართოს ნაკლის გამოსწორების ან ნაკლიანი ნივთის შეცვლის მოთხოვნის უფლებას იმ პირობით, თუ სახეზე არ არის გამომრიცხავი საფუძვლები. აღნიშნული მოტივირებულია კონტინენტური სამართლის სისტემის კონცეპტუალური მიდგომით, რომელიც ორიენტირებულია ხელშეკრულების შესრულებაზე, მოწოდებულია გადაარჩინოს შეთანხმება და უზრუნველყოს მხარეთა ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინტერესის განხორციელება თვით მეორადი მოთხოვნის უფლებების სამართლებრივ რეჟიმში.

58. ნაკლის გამოსწორების მოთხოვნა გამორიცხავს სხვა მეორად მოთხოვნას. ამ დროს ადგილი აქვს ე.წ. „მოთხოვნათა გამომრიცხავ“ კონკურენციას. მოთხოვნათა გამომრიცხავი კონკურენცია სახეზეა, როდესაც ერთი და იმავე ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად რამდენიმე მოთხოვნა არსებობს, თუმცა ერთი მოთხოვნის განხორციელება უპირატესია. უპირატესობა ვლინდება ერთი მოთხოვნის განხორციელების ვალდებულებაში სხვა ნებისმიერთან მიმართებით. სანამ არ განხორციელდება ეს მოთხოვნა, უფლებამოსილი პირი ვერ გამოიყენებს სხვა მოთხოვნებს. ნასყიდობის ხელშეკრულებაში ნივთის ნაკლის გამოსწორების ან ნაკლიანი ნივთის შეცვლის მოთხოვნა სხვა მეორად მოთხოვნებთან მიმართებაში, როგორც წესი, უპირატესად გამოსაყენებელი მოთხოვნაა და გამორიცხავს მყიდველის სხვა მეორად მოთხოვნებს.

59. გამყიდველის მიერ მყიდველისათვის ნაკლიანი ნივთის გადაცემისას, ნაკლის გამოსწორების ან ნაკლიანი ნივთის შეცვლის მოთხოვნის უპირატესი გამოყენება, უდავოდ გამომდინარეობს სსკ-ის 490-ე, 491-ე, 492-ე, 494-ე მუხლების დანაწესებიდან. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნაკლის გამოსწორების ან ნაკლიანი ნივთის შეცვლისათვის განსაზღვრული ვადა უშედეგოდ გაივლის, მყიდველს ეძლევა შესაძლებლობა განახორციელოს სხვა მეორადი მოთხოვნები, როგორიცაა ხელშეკრულებიდან გასვლა, ფასის შემცირება თუ ზიანის ანაზღაურება. ნასყიდობასთან მიმართებით, ნაკლის გამოსწორების ან ნაკლიანი ნივთის შეცვლის მყიდველის მოთხოვნა გამყიდველის მიმართ იწვევს იდენტურ სამართლებრივ შედეგს: მყიდველი ღებულობს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთს ანუ ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამის შესრულებას. ამ გზით ხელშეკრულების მიზანი, თუმცა მეორადი მოთხოვნის რეალიზების შემდეგ, მაინც მიღწეულია.

60. შესრულების შეუძლებლობის პირობებში კონტინენტურ სამართალში უპირატესად გამოსაყენებელი ნაკლის გამოსწორების მეორადი მოთხოვნის უფლება აზრს კარგავს და კრედიტორისათვის ხელშეკრულებიდან გასვლისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებებია პრიორიტეტული. ხელშეკრულებიდან გასვლის მეორადი მოთხოვნის უფლება ცენტრალურ ადგილს იკავებს, რამდენადაც აღნიშნულ შემთხვევაში ნაკლის გამოსწორების მოთხოვნა უბრალო ფორმალობად იქცევა (იხ. დამატებით: Markesinis S. B., Unberath H., Johnston A., The German Law of Contract – A Comparative Treatise, 2nd ed., Hart Publishing, Oxford and Portland, Oregon, 2006, 386.) და მისი გამოყენება ყოველგვარ მიზანს მოკლებულია სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით. სსკ-ის 405-ე II ,,ა” მუხლი გამორიცხავს ნაკლის გამოსწორების მოთხოვნის უფლების გამოყენებას, კერძოდ, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას შედეგი არ მოჰყვება. სსკ-ის 405-ე II ,,ა” მუხლი მოიცავს შესრულების შეუძლებლობის ინსტიტუტს, რომლის პირობებშიც ნაკლის გამოსწორების მოთხოვნა უბრალო ფორმალობად იქცევა (იხ. დამატებით: ნ. ჩიტაშვილი, შეცვლილი გარემოებებით წარმოშობილი შესრულების გართულება, თსუ-ს სამართლის ჟურნალი, თბილისი, 2011, 151).

61. სსკ-ის 491-ე მუხლის თანახმად, ნივთის ნაკლის გამო მყიდველს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში გამყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მყიდველს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები.

62. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იურიდიულ ლიტერატურაში გაბატონებული მოსაზრების თანახმად, ხელშეკრულების დადების მომენტიდან მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მათ არ შეუძლიათ ცალმხრივად თქვან უარი ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. მაგრამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების მხარეს უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან და უარი თქვას ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე (შდრ. სუსგ №ას1166-2019, 06 აპრილი, 2020). ხელშეკრულების ერთ-ერთი მონაწილის შესაძლებლობას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უარი თქვას ხელშეკრულების გაგრძელებაზე, ხელშეკრულებიდან გასვლა ეწოდება. იგი გერმანიის სამოქალაქო კოდექსიდანაა გადმოღებული და ბევრად ეხმაურება ევროგაერთიანების სამართალს (იხ. დამატებით: ბ. ზოიძე, ევროპული სამართლის რეცეფცია საქართველოში, თბილისი, 2009, 266).

63. სსკ-ის 405-ე და 352-ე მუხლების გაანალიზების საფუძველზე შეიძლება იმგვარი დასკვნის გაკეთება, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარისათვის მინიჭებული უფლებაა და მისი თავისებურება იმაშია, რომ ამისთვის არ არის აუცილებელი მეორე მხარის თანხმობა. ეს თავისებურება განაპირობებს იმასაც, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება არის აღმჭურველი უფლება და მოთხოვნის უფლებებისაგან განსხვავებით მასზე არ ვრცელდება ხანდაზმულობა. იგი შეიძლება ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნებისმიერ დროს იქნეს გამოყენებული, თუკი, არსებობს კანონით ამომწურავად განსაზღვრული ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლები და წესები (სამოქალაქო კოდექსის 405-ე, 352-359-ე მუხლები). (იხ: დამატებით: ლ. ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი 3, მუხლი 352-ე, თბილისი, 2001 წელი, 233; მ.თოდუა, ჰ. ვილემსი, ვალდებულებითი სამართ, თბილისი, 2006 წელი, 41; შდრ: სუსგ №ას-1361-2020, 11 მარტი, 2021; №ას-1565-2018, 30 აპრილი, 2020; №ას-38-38-2018, 08 ივნისი, 2018; №ას-1189-1119-2015, 23 მარტი, 2016.).

64. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი და სხვა კერძოსამართლებრივი კანონმდებლობა შეიცავს აგრეთვე ისეთ ნორმებს, რომლებიც გამოიყენება მოთხოვნის საფუძვლით გათვალისწინებული წინაპირობების შემოწმებისას და ამდენად, ასრულებს დამხმარე ფუნქციას. დამხმარე ხასიათის ნორმებს განეკუთვნება ასევე უშუალოდ სამართლებრივი შედეგის დამფუძნებელი უფლების მომწესრიგებელი ნორმები, ისინი პირს სამართლებრივი შედეგის მოდიფიცირების უფლებას ანიჭებს ხელშეკრულების მეორე მხარის თანხმობის არსებობის მიუხედავად. დამფუძნებელია უშუალო სამართლებრივი შედეგის წარმომშობი უფლება, რომელიც პირს ანიჭებს უფლებამოსილებას, ცალმხრივი ნების გამოვლენით წარმოშვას, შეცვალოს ან გააუქმოს სამართლებრივი შედეგი. დამფუძნებელი უფლების მარეგულირებელი ნორმების ძირითადი თავისებურება ისაა, რომ უფლებამოსილი პირის მიერ უფლება ხორციელდება ნამდვილი, მიღებასავალდებულო ნების გამოვლენით. ასეთ დამფუძნებელ უფლებათა რიცხვს მიეკუთვნება ხელშეკრულებიდან გასვლა, რომელიც სკ-ის 355-ე მუხლის თანახმად, ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით. დამფუძნებელი უფლება განხორციელებულია ანუ შესაბამისი ნების გამოვლენა ნამდვილია იმ მომენტიდან, როდესაც იგი ხელშეკრულების მეორე მხარეს მიუვა, კერძოდ, მოხვდება მიმღების ძალაუფლების სფეროში და ამ უკანასკნელს ექნება მისი შინაარსის რეალურად განხორციელების შესაძლებლობა (იხ. დამატებით: დ. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 246.). ამ უფლებათა განსხვავებული სტატუსი, ცხადია, არ გამორიცხავს მათ განხორციელებას სასამართლოსათვის მიმართვის გზით.

65. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება კანონით გათვალისწინებული უფლებაა. ამიტომ კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს, კერძოდ, იმას, თუ როდის შეუძლია ხელშეკრულების მხარეს მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა (სსკ-ის 405-ე, 352-359-ე მუხლები). თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებიდან გასვლის დამატებით პირობებზე. ხელშეკრულებიდან გასვლის, როგორც მეორადი მოთხოვნის უფლების საფუძვლები შეიძლება დაიყოს მატერიალურ და ფორმალურ ნაწილებად. მატერიალურში იგულისხმება ვალდებულების დარღვევა, ხოლო ფორმალურში - დამატებითი ვადის დაწესება( გაფრთხილება) და ხელშეკრულებაზე უარის თქმის შეტყობინება.

66. ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის კანონისმიერი წინაპირობებია: ა) ხელშეკრულების ნამდვილობა (უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის ზოგად პირობებს); ბ) ზოგადი წესის მიხედვით, მოვალის მხრიდან ხელშეკრულების მნიშვნელოვანი (არსებითი) დარღვევა (დარღვევა არსებითი ხასიათისაა, თუ მოვალის მხრიდან ძირითადი ვალდებულების დარღვევის გამო, ფაქტობრივი შესრულების დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი ხდება ან იკარგება მომავალში მისი შესრულების იმედი ანდა კრედიტორს ეკარგება შესრულებისადმი ინტერესი; გ) ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ განცხადების გაკეთებით მონაწილე მთლიანად გადის ხელშეკრულებიდან, რადგანაც კანონით დაუშვებელია ხელშეკრულებიდან ნაწილობრივი გასვლა; დ) მიუხედავად ვალდებულების მნიშვნელოვანი დარღვევისა, მოვალეს არ შეუძლია კრედიტორს მოსთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება; ე) ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად არ არის პასუხისმგებელი; ვ) მოთხოვნას არ უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც უკვე წარმოდგენილია ან წარდგენილი იქნება დაუყოვნებლივ მოვალის მიერ, თუკი კრედიტორი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე (მაგალითად, შესაგებელი ვალდებულების გაქვითვაზე); ზ) სახეზეა კრედიტორის მიერ შესაგებელი იურიდიული მოქმედება – ხელშეკრულებიდან გასვლისათვის მიცემული გონივრული ვადა, თუ ხელშეკრულებით ასეთი ვადა არ ყოფილა დადგენილი, ანდა, თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა – გაფრთხილება (იხ. დამატებით: მ.თოდუა /ჰ. ვილემსი, ვალდებულებითი სამართალი, თბილისი, 2006, 56; ჰ.ბიოლინგი/პ.ლუტრინგჰაუსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცალკეული მოთხოვნის საფუძვლების სისტემური ანალიზი, თბილისი, 2009, გვ.39; შდრ: სუსგ №ას-1003-924-2017, 01 დეკემბერი, 2017.პ.34).

67. სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა თავისთავად არ აფუძნებს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას. ვალდებულების დარღვევა ობიექტური მაშტაბით უნდა გაიზომოს. ზოგადად, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება წარმოიშობა, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის ვალდებულება დაირღვა. ვალდებულება, რომლის დარღვევაც ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველს წარმოადგენს, უნდა იყოს ნამდვილი, ვადამოსული და უპრეტენზიო. თუ ვალდებულება ჯერ კიდევ არ არის შესასრულებელი, მხარე ვერ გავა ხელშეკრულებიდან, რადგან მას არ ექნება ამის საფუძველი. გამონაკლისის სახით, სსკ-ის 405-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მხარეს შეუძლია შესრულების ვადის დადგომამდე განაცხადოს უარი ხელშეკრულებაზე. ხელშეკრულებიდან გასვლის პირობა ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულებაა. თუ მოვალემ ვალდებულება შეასრულა ან კრედიტორმა შეთანხმებულის ნაცვლად სხვა შესრულება მიიღო (datio pro solutio), კრედიტორი ხელშეკრულებიდან ვერ გავა. კრედიტორს ასევე ეზღუდება ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება, თუ მოვალემ წარადგინა ან დაუყოვნებლივ წარმოადგენს პრეტენზიას (შესაგებელს). ანალოგიური წესი გამოიყენება მაშინაც, როდესაც მოვალეს შეუძლია ვალდებულების გაქვითვა და იგი ამ უფლებას კრედიტორის მხრიდან ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის დაყენებისთანავე გამოიყენებს (dolo agit, qui petit, quod statim redditurus est).

68. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება ქარწყლდება იმ შემთხვევაში, თუ იგი სხვა მოთხოვნებთან ერთად ალტერნატიულ კონკურენციაში იმყოფება, უფლებამოსილი პირი კი ახორციელებს სხვა ალტერნატულ მოთხოვნას, როგორიცაა, მაგალითად, მყიდველის მიერ ფასის შემცირება. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება ქარწყლდება იმ შემთხვევაშიც, თუკი ხელშეკრულებიდან გასვლისათვის მეორე მხარემ დააწესა ვადა, ხოლო უფლებამოსილმა პირმა აღნიშნულ ვადაში არ განახორციელა ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ შეტყობინება სსკ-ის 405-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

69. ცალკეული მოთხოვნის განხორციელებისათვის აუცილებელია ადეკვატური მოთხოვნის საფუძვლის შერჩევა. ამასთან, შესაბამისი მოთხოვნის რეალიზებისათვის შეიძლება არ იყოს საკმარისი ერთი კონკრეტული მოთხოვნის საფუძვლის გამოყენება და აუცილებელი გახდეს რამდენიმე მოთხოვნის საფუძვლის ერთობლივი გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევში, მოთხოვნის მფლობელის ინტერესების რეალიზება შეუძლებელი იქნება. კონკრეტული მოთხოვნის საფუძვლის შერჩევისას, შესაძლებელია არსებობდეს მისი ფორმირების რამდენიმე ალტერნატივა ანუ რამდენიმე მოთხოვნის საფუძვლის სხვადასხვა კომბინაცია. ამ მოთხოვნის საფუძვლების ურთიერთმიმართება წარმოშობს კონკურენციის სხვადასხვა სახეს. ამასთან, მოთხოვნის მფლობელისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის მიღწევა შეიძლება დამოკიდებული იყოს სხვადასხვა მოთხოვნის ერთობლივ გამოყენებაზე ანუ კუმულაციაზე. მყიდველის მეორადი მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გასვლის სახით მხოლოდ სსკ-ის 491-ე მუხლზე დაყრდნობით ვერ განხორციელდება, ვინაიდან ამ ნორმაში უშუალოდ არის მითითებული სსკ-ის 405-ე მუხლის ზოგადი მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც თავის მხრივ სსკ-ის 352-359-ე მუხლებს უთითებს. ეს ცხადყოფს, რომ სსკ-ის 491-ე მუხლი არ არის მოთხოვნის დამოუკიდებელი საფუძველი. შესაბამისად, მყიდველის მიერ ნივთის ნაკლის გამო ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი იქნება სსკ-ის 491-ე მუხლი სსკ-ის 352-ე და 405-ე მუხლებთან ურთიერთკავშირში.

70. საკასაციო პალატა დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს ხელშეკრულებიდან ნაწილობრივ გასვლის უფლებას. თუ ამას დავუშვებდით, ეს იქნებოდა არა ხელშეკრულებიდან გასვლა, არამედ ხელშეკრულების შეცვლა, რადგან მისი ნაწილი კვლავ ძალაში დარჩებოდა და მხარეები ვალდებულნი იქნებოდნენ შეესრულებინათ იგი. ამიტომაც კანონმდებლობა უშვებს ხეშეკრულებიდან მხოლოდ სრულად (მთლიანად) გასვლას. გამონაკლისია გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობები, ისიც მხოლოდ მომავალში მისაწოდებელ საქონელთან მიმართებაში (შდრ. ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, მუხლი 352-ე, თბილისი, 2001, გვ. 233). თუ ვალდებულების ნაწილი შესრულდა, ხელშეკრულებიდან სრულად გასვლა კრედიტორს მხოლოდ იმ პირობით შეუძლია, თუ მან შესასრულებელი ნაწილის მიმართ ინტერესი დაკარგა. (შდრ: გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 405, ველი 54. თბილისი, 2019) (შდრ: სუსგ №ას-467-2020, 25 ივნისი, 2021წ, პ.198.).

71. განსახილველ საქმეზე სადავოა, შეესაბამებოდა თუ არა მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადაცემული ნივთები, მხარეთა შორის არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს.

72. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საპასუხო შესრულებისგან მოვალეს სამოქალაქო კანონმდებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ათავისუფლებს, თუ ის დაამტკიცებს, რომ მან ნასყიდობის საგანი ვერ მიიღო, ან მიიღო შეთანხმებული ხარისხისგან განსხვებული ხარისხის ან რაოდენობის ნივთი. თუმცა მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში სწორედ მოვალის (გამყიდველი) მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს საპასუხო შესრულებისგან გათავისუფლების საფუძვლიანობის დადასტურება.

73. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, მოსარჩელემ მოპასუხეს ნასყიდობის საგანი მიაწოდა, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა მის მიღებასა და თანხის ანაზღაურებაზე, რაც ნასყიდობის საგნის ნივთობრივ ნაკლს დაუკავშირა. ასეთ პირობებში, ნივთის ნაკლის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა სწორედ შემსყიდველს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი), რომელმაც სსკ-ის 488-ე მუხლის (ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე) წინაპირობების არსებობა ვერ დაადასტურა, კერძოდ, მოპასუხეს მოცემული სამართალწარმოების ფარგლებში სასამართლოსათვის არ წარუდგენია ის უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებები, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა გამყიდველის მხრიდან ხელშეკრულების ნაკლიან შესრულებაზე.

74. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის 2018 წლის 03 დეკემბერს დადებული დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №170 ხელშეკრულება მიმწოდებელს ავალდებულებდა, შესყიდვის ობიექტის ხარისხის დასადასტურებლად, შემსყიდველისათვის წარედგინა ე.წ. შესაბამისობის სერტიფიკატები. ეს ვალდებულება მიმწოდებელმა შეასრულა. შემსყიდველს წარუდგინა შემდეგი სახის შესაბამისობის სერტიფიკატები: საევაკუაციო სამკუთხა ქამარი (მოდელი E1, E2) შეესაბამებოდა პირადი დამცავი აღჭურვილობის დირექტივას, (89/686/EEC), სტანდარტი - EN: 1497:2007 (სერტიფიკატი №C-SA7868690); სტატიკური თოკი (მოდელი 8 მმ, 11 მმ) შეესაბამებოდა პირადი დამცავი აღჭურვილობის დირექტივას (89/686/EEC), სტანდარტი - EN:1891:2000 (სერტიფიკატი №C-SK0789136); პირადი დაცვის ქამარი (მოდელი A1, A2, A3, GR2, GR1) შეესაბამებოდა პირადი დამცავი აღჭურვილობის დირექტივას (89/686/EEC), სტანდარტი - EN: 12277:2015 (სერტიფიკატი №C-SD7567132); სამთო დინამიური თოკი (მოდელი 7მმ - 11მმ) შეესაბამებოდა პირადი დამცავი აღჭურვილობის დირექტივას (89/686/EEC), სტანდარტი - EN:892:2012 (სერტიფიკატი №C-SR1209889). ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მითითებული სერთიფიკატების საფუძველზე დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ მიმწოდებელმა შემსყიდველს მიაწოდა ხელშეკრულებით შეთანხმებული ხარისხის პროდუქცია. შემსყიდველი ამ გარემოებას უარყოფს, მაგრამ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ექსპერტიზისა და საუწყებო კომისიის დასკვნა) მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ხარისხიანი საქონლის მიწოდების ფაქტს ვერ აქარწყლებს. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნების თანახმად, წარმოდგენილი ნივთების ტვირთამწეობას (კნ), შემცირებასა და დაგრძელებას ექსპერტიზა ვერ ადგენს. ამდენად, ექსპერტიზას არ დაუდგენია სადავო ნივთების ნივთობრივი ნაკლი. შესაბამისად, ამ დასკვნით მოსარჩელის მიერ მიწოდებული საქონლის ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობა არ დგინდება.

75. გასაზიარებელია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ მოპასუხემ კონკრეტულადაც ვერ მიუთითა, თუ რა მოთხოვნებს და პარამეტრებს არ შეესაბამებოდა მიწოდებული პროდუქცია და, საერთოდ, რა გზით იყო შესაძლებელი პროდუქციის შეთანხმებულ ხარისხთან შესაბამისობის შემოწმება. როგორც აღინიშნა, პროდუქციის ხარისხის შესამოწმებლად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ე.წ. შესაბამისობის სერტიფიკატების წარდგენა, რაც შეასრულა კიდეც მიმწოდებელმა. თუ შემსყიდველს ესაჭიროებოდა მიწოდებული შესყიდვის ობიექტის მოთხოვნილ პარამეტრებთან შესაბამისობის რაიმე ფორმით დადასტურება (გარდა სერთიფიკატებისა), აღნიშნული მოთხოვნა უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული სატენდერო/სახელშეკრულებო პირობებით და განსაზღვრულიყო მიმწოდებლის შესაბამისი ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში, სახელშეკრულებო პირობებით მიმწოდებლის რაიმე დამატებითი ვალდებულება (გარდა სერთიფიკატების წარდგენისა) გათვალისწინებული არ ყოფილა. არც საუწყებო კომისიის დასკვნით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ უხარისხო პროდუქციის მიწოდების ფაქტი. ამდენად, რადგან მოპასუხემ მისი მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია და ვერ დაადასტურა მოსარჩელის მიერ ნაკლიანი ნივთის მიწოდების ფაქტი, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოპასუხისათვის ხელშეკრულებით შეთანხმებული ხარისხის საქონლის მიწოდება, რაც ამ უკანასკნელს ავალდებულებს, სსკ-ის 477-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელეს გადაუხადოს მიწოდებული საქონლის ღირებულება.

76. საკასაციო პალატას მაიჩნია, რომ მოსარჩელემ სამოქალაქო საპროცესო სამართალში დადგენილი მტკიცების სტანდარტით ჯეროვნად უზრუნველყო დავის საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - მყიდველისათვის (კასატორი) ნივთობრივად უნაკლო ნივთის გადაცემის დადასტურება. შესაბამისად, კასატორმა ვერ დარწმუნა საკასაციო პალატა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.

77. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

78. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

79. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

80. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

81. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე