Facebook Twitter

საქმე №ას-907-2023 10 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ.ქ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შ.ტ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა

დავის საგანი – ალიმენტისა და დამატებითი ხარჯების დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შ.ტ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.ქ–ძის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ არასრულწლოვანი შვილის - ქ.ქ–ძის სასარგებლოდ, მის სრულწლოვანებამდე სარჩელის შეტანის დღიდან ალიმენტის - 500 ლარისა და დამატებითი ხარჯის - 500 ლარის ყოველთვიურად გადახდის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2016 წლის 10 მაისს მათი ქორწინება შეწყდა განქორწინებით.

3. ქორწინების პერიოდში მათ შეეძინათ შვილები: რ.ქ–ძე და 2007 წლის 21 ნოემბერს დაბადებული ქ.ქ–ძე. შვილები ცხოვრობენ დედასთან და მას მარტო უწევს მათზე ზრუნვა და აღზრდა. მხარეთა არასრულწლოვან შვილს აღენიშნება ქრონიკული დაავადება (ორგანიზმი ვერ გამოყოფს ცილებს), რისთვისაც ესჭიროება სპეციალური კვება და საკვები დანამატები, მედიკამენტები, აგრეთვე, ყოველ ექვს თვეში - ექიმის მონიტორინგი. სარჩელის შემოტანამდე მოპასუხე ზრუნავდა შვილზე და იხდიდა სწავლის საფასურს, მაგრამ ამჟამად უარი განაცხადა ყოველგვარ მატერიალურ დახმარებაზე და ალიმენტის გადახდაზე.

4. მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხეს აქვს საკმარისი ფინანსური და მატერიალური შემოსავალი, არის შპს-ს დირექტორი და დამფუძნებელი, ასევე, გააჩნია სატვირთო ავტომობილები, რომლებსაც აქირავებს, ჰყავს ძვირადღირებული ავტომობილი და გააჩნია უძრავი ქონება. მის კმაყოფაზე არავინ იმყოფება.

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ თანახმაა, გადაიხადოს ალიმენტი 150 ლარი და დამატებით ხარჯი - 150 ლარი, რადგან „კოვიდ-19-ის“ ვირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შეუჩერდა სამეწარმეო საქმიანობა და იძულებული გახდა, ბანკიდან აეღო სესხი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს თავისი არასრულწლოვანი შვილის (დაბადებული - 21/11/2007 წელს) რჩენისათვის, მის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე, დაეკისრა ალიმენტის გადახდა თვეში 500 ლარის ოდენობით. ალიმენტის გადახდის ათვლა დაიწყო სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2021 წლის 25 მარტიდან. მოპასუხეს თავისი არასრულწლოვანი შვილის (დაბადებული - 21/11/2007 წელს) ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე, დაეკისრა დამატებითი ხარჯის გადახდა თვეში 500 ლარის ოდენობით, გადახდის ათვლა დაიწყო სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2021 წლის 25 მარტიდან, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. მხარეებს ჰყავთ ორი შვილი - რ.ქ–ძე, რომელიც სრულწლოვანია და ქ.ქ–ძე დაბადებული 2007 წლის 21 ნოემბერს. ისინი ერთმანეთს დაშორდნენ და დღეისათვის ფაქტობრივად ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ქ.ქ–ძე იზრდება დედასთან, მოსარჩელესთან.

9. არასრულწლოვან შვილს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ის არის ქრონიკულად მოავადე, დიაგნოზით ფენილკეტონურია (ნივთიერებათა ცვლის, კერძოდ, ამინომჟავა ფენილალანინის ცვლის დარღვევა), რისთვისაც ესაჭიროება სპეციალური კვება - სპეციალური პროდუქტები და საკვები დანამატები, მედიკამენტები, აგრეთვე, ყოველ ექვს თვეში ექიმის მონიტორინგი, ქ. თბილისში.

10. არასრულწლოვანი სწავლობს შპს „კ.ბ.ს–ის“ მე-8 კლასში. სწავლის წლიური გადასახადი მე-8-მე-9 კლასებში შეადგენს 2100 ლარს, მე-10-მე-11 კლასებში - 2900 ლარს, მე-12 კლასში 3200 ლარს. კვების გადასახადი კი ყოველთვიურად შეადგენს 50 ლარს.

11. 2007 წლის 23 თებერვლიდან მოპასუხე რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, 2020 წლის 29 ივნისიდან არის შპს-ს დირექტორი და 50% წილის მესაკუთრე, ხოლო 2022 წლის 11 იანვრიდან - ამავე საწარმოს 100% წილის მესაკუთრე. აპელანტის განმარტებით, მითითებული შპს, სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, ეწევა თურქეთიდან ხილის იმპორტს და რეალიზაციას, თუმცა შემოსავალი სამეწარმეო საქმიანობიდან შემცირდა პანდემიის პერიოდში არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე. ასევე, მოპასუხე დასაქმებულია სხვა შპს-შიც, სადაც 2022 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით დარიცხული აქვს ხელფასი 2100 ლარის ოდენობით.

12. 2019-2020 წელს მოპასუხე გადიოდა მკურნალობის კურსს დიაგნოზით - არასტაბილური სტენოკარდია (პროგრესირებადი), თანმხლები დაავადებით - ჰიპერგლიკემია, დაუზუსტებელი; სიმსუქნე.

13. მოპასუხის საკუთრებაში ირიცხება ასევე, ქ.ბათუმში მდებარე 62,20 კვ.მ საცხოვრებელი ბინა, ქობულეთში, სოფლად მდებარე 3420,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელიც საქმის წარმოების პროცესში მან 2021 წლის 23 დეკემბერს აჩუქა ედუარდ ქარცივაძეს.

14. 2020 წლის პირველ დეკემბერს მოპასუხემ სს „მ.ო.ს.კ–გან“ სესხად აიღო 6000 ლარი, 12 თვის ვადით, 2021 წლის პირველი ნოემბრის ჩათვლით, რაც, მისივე განმარტებით, ამჟამად დაფარულია. 2020 წლის 24 ივლისს მოპასუხემ სს „კ.ბ–აგან“ სესხად (განვადება) აიღო 3060 ლარი, 12 თვის ვადით, 2021 წლის 8 აგვისტომდე, რაც დღეის მდგომარეობით უკვე დაფარულია.

15. მოპასუხის სახელზე ირიცხება „TOYOTA PRADO 2.7” მოდელის ორი სატრანსპორტო საშუალება, რომელთაც, მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხე აქტიურად იყენებდა სამეწარმეო საქმიანობისათვის.

16. სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ არასრულწლოვნის დედა - მოსარჩელე დასაქმებულია ფეხსაცმელების მაღაზიაში (ე.წ. ხოფის ბაზრობაზე) და მისი ყოველთვიური ანაზღაურება მერყეობს 200-დან 300 ლარამდე.

17. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს შვილის მიმართ მშობლის უფლება-მოვალეობებიდან, რაც მდგომარეობს შვილის რჩენის მიზნით ალიმენტის დაკისრებასა და დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღებაში. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის ალიმენტისა და დამატებითი ხარჯების დაკისრების მოთხოვნა, სსკ-ის 1198.1 (მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით), 1212-ე (მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ), 1214-ე (თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას), 1215-ე (მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა) მუხლებიდან გამომდინარეობს.

18. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისა და მხარეთა პრეტენზიების მართებულობის შესამოწმებლად, მნიშვნელოვანია გაირკვეს, აქვს თუ არა ლ.ქ–ძეს შესაბამისი შემოსავალი, რომლიდან გამომდინარეც უნდა განისაზღვროს არასრულწლოვანი შვილისათვის ალიმენტის დაკისრების შესაძლებლობა. ასევე უნდა გაირკვეს, არსებობს თუ არა, რაიმე ისეთი განსაკუთრებული გარემოება, რაც იქნება მისთვის ალიმენტის გარდა, დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მოვალეობის დაკისრების საფუძველი.

19. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას მისთვის, არამარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.

20. მართალია, კანონმდებლობით დაწესებულია მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობა, რაც ალიმენტის გადახდის მოვალეობასაც მოიცავს, მაგრამ კანონმდებელი არასრულწლოვნის სასარგებლოდ დასაკისრებელი ალიმენტის ზღვრულ ოდენობას არ ადგენს. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მოქმედებს დისკრეციის ფარგლებში და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებათა შეფასებით, უნდა დაადგინოს ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა. საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ საქმეზე აქვს განმარტებული, რომ ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. ამასთან, ალიმენტის ოდენობის დადგენისას უნდა შეფასდეს მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა ობიექტური გარემოებები. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივნისის №ას-58-49-2011 გადაწყვეტილება, 2017 წლის 17 ოქტომბრის №ას-1141-1061-2017, 2020 წლის 25 თებერვლის №ას-1355-2019 და 2020 წლის 13 მარტის №ას-1301-2019 განჩინებები).

21. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წელს მიღებულმა კონვენციამ შეცვალა ბავშვების აღქმაც და მათდამი დამოკიდებულებაც. კონვენცია აღიარებს, რომ ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდებათ. კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია, იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. კონვენციის 27-ე მუხლით კი, აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

22. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვისათვის ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა ორივე მშობელთან თანაცხოვრების პირობებში. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

23. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას (სუსგ. ას-829-2019, 11.07.2019წ.). ამასთან, სსკ-ის 1214-ე მუხლის ფარგლებში სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვების ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მათი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა (სუსგ. Nას-619-619-2018, 12.09.2018წ.). სააპელაციო პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილის მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება, ინტენსიურად უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.

24. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საალიმენტო ვალდებულებათა მიზანია ბავშვისათვის აღზრდისა და რჩენისათვის ნორმალური პირობების შექმნა. საალიმენტო სახსრები შეიძლება არ იყოს საკმარისი იმ დამატებითი ხარჯების განსახორციელებლად, რაც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით. ეს არის განსაკუთრებული გარემოებების გამო დამატებით ხარჯებში მონაწილეობა და არა ბავშვის სარჩენი ხარჯების დამატებითი გადახდევინება, ამიტომ მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების (ან მომავალში აუცილებლად გასაღები ხარჯების) გათვალისწინებით, მყარი თანხებით და არ შეიძლება მისი წილობრივი დაკავშირება ხელფასის ან სხვა შემოსავლის ოდენობასთან. დამატებით ხარჯებში მოპასუხე მშობელი მონაწილეობს ერთჯერადი გადასახდელის სახით ან განსაზღვრული დროით განსაზღვრული თანხების გადახდით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 25.06.2009წ. #ას-180-507-09 გადაწყვეტილება).

25. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ არასრულწლოვანის სარჩენად ალიმენტის გადამხდელი მშობლისათვის, დამატებითი ხარჯის გადახდის დაკისრება დასაშვებია მხოლოდ ისეთი განსაკუთრებული გარემოებების დადასტურებისას, როგორიცაა ბავშვის მძიმე ავადმყოფობა, დასახიჩრება და სხვა ობიექტური ფაქტორები. სსკ-ის 1215-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით ხარჯებში მონაწილეობის თაობაზე, სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ასეთი ხარჯის ოდენობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს, რომელმაც თავისი პოზიციის დასამტკიცებლად, წარადგინა ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ მდგომარეობის და მისი მკურნალობის თაობაზე შესაბამისი მტკიცებულებები.

26. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ბავშვი არის ქრონიკულად მოავადე, დიაგნოზით - ფენილკეტონურია, რაც გამოიხატება ქრონიკული ნივთიერებათა ცვლის, კერძოდ, ამინომჟავა ფენილალანინის ცვლის დარღვევაში, აღნიშნულ მდგომარეობას გამწვავების შემთხვევაში შესაძლოა თან სდევდეს გონებრივი ჩამორჩენილობა და სხვადასხვა ნევროლოგიური სიმპტომები (კრაიგი, „განვითარების ფსიქოლოგია“; თ.გაგოშიძე, „ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები“) ძირითადი დახმარება მდგომარეობს ბავშვის ბალანსირებული კვების დიეტის შერჩევაში ცილოვანი საკვების მკვეთრი შემცირებით. სამედიცინო ჩვენებით, მუდმივი დიეტა არის ბავშვის ნორმალური განვითარების გარანტია, რაც წარმოადგენს წინაპირობას, რომ არ განვითარდეს გონებრივი ჩამორჩენილობა, ნევროლოგიური სიმპტომები. დიეტური დახმარება ქრონიკული ხასიათისაა და მისი შეწყვეტა არ შეიძლება. ასევე, აუცილებელია ბავშვის სისხლის რეგულარული შემოწმება ფენილალანინის დონის განსაზღვრის მიზნით. შესაბამისი ჩვენების შემთხვევაში კი, აუცილებელია სპეციალური ფსიქოლოგიური და პედაგოგიური დახმარება.

27. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი იმყოფება სპეციალურ დიეტაზე. ბავშვის კვებისთვის აუცილებელი პროდუქტების ნაწილს (მაგ. სპეციალურ პურის ფქვილს) დედა იძენს თურქეთის რესპუბლიკაში, ვინაიდან მისი შეძენა საქართველოში შეუძლებელია. კერძო სასწავლო დაწესებულება, სადაც ბავშვი სწავლობს, მორგებულია მის საჭიროებებზე, იგი სრულად ადაპტირებულია სასწავლო გარემოსთან, რის გამოც საჯარო სკოლაში სწავლის გაგრძელება, რაც შესაძლოა ნაკლებ ხარჯებთან იყოს დაკავშირებული, მიზანშეწონილი არ არის. დედის განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ბავშვს შენელებული აქვს აღქმის და შესწავლის პროცესი, რის გამოც საჭიროებს დამატებით მეცადინეობას სხვადასხვა საგანში - ინგლისურ ენასა და მათემატიკაში, ბავშვი მეცადინეობს მუსიკაში, სკოლაში დადის ავტობუსით, რაც დამატებით ყოველდღიურ და ყოველთვიურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ ამ გარემოებას სადავოდ არ ხდის აპელანტიც.

28. სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დამატებითი ხარჯის ოდენობას, თითოეული საქმის ფაქტობრივი საფუძვლების გათვალისწინებით, განსაზღვრა სასამართლოს მიხედულებაზეა დამოკიდებული, რომელიც ფასდება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე ბავშვის მკურნალობისათვის საჭირო აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, რომლის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

29. ალიმენტისა და დამატებითი ხარჯების ოდენობის გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე განსაზღვრის მიზნით, სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა შვილის რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელი მოთხოვნილებები და ალიმენტის/ დამატებითი ხარჯის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა, კერძოდ, რომ არასრულწლოვანი ბავშვი არის სასკოლო ასაკის (14 წლის), სწავლობს კერძო სკოლაში, ამასთან, აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, რაც სისტემატურ და შესაბამის სამედიცინო გამოკვლევებს, მკურნალობასა და კვების რეჟიმს მოითხოვს. ბავშვს სჭირდება სათანადო კვება, რისთვისაც ესაჭიროება სპეციალური და ძვირადღირებული საკვები (მაგ. ბრინჯი უცილო - 400 გრ. 16 ლარი; მაკარონი უცილო - 20 ლარი). აღსანიშნავია, რომ აუცილებელი პროდუქტების შეძენა გარკვეულ შემთხვევაში (მაგ. სპეციალური პურის ფქვილი) მხოლოდ საზღვარგარეთ არის შესაძლებელი. არასრულწლოვანს ესაჭიროება, ასევე, სეზონური ტანსაცმლითა და წამლებით უზრუნველყოფა, ასევე, სასწავლო ნივთები, შემეცნებითი ლიტერატურა და სათამაშოები. მხოლოდ დედის მინიმალური შემოსავლები საკმარისი არ არის ბავშვისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, რის გამოც აუცილებელია მამის მონაწილეობა ბავშვის რჩენა - აღზრდის პროცესში. მოპასუხე არის მეწარმე სუბიექტი, შპს-ს 50%-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორი. ასევე დასაქმებულია სხვა შპს-ში. საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება და ძვირადღირებული ავტომანქანები, ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სასესხო ვალდებულებები დღეის მდგომარეობით უკვე შესრულებული აქვს. გარდა არასრულწლოვანი შვილისა, კმაყოფაზე მყოფი სხვა პირები არ ჰყავს. ამდენად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხისათვის/აპელანტისათვის დაკისრებული ალიმენტისა და დამატებითი ხარჯის ოდენობა, 500-500 ლარის ოდენობით, აუცილებელია ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, კეთილდღეობისთვის და ჯანმრთელობისათვის. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

30. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ არ გააჩნია შემოსავლები, რაც მას ყოველთვიურად მისცემდა დაკისრებული ოდენობით ალიმენტისა და დამატებითი ხარჯის გადახდის საშუალებას. უდავოა, რომ მოპასუხე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და გააჩნდა საკმარისი შემოსავლებიც, რაც, მისივე განმარტებით, ბოლო პერიოდში შემცირდა ქვეყანაში არსებული პანდემიის გამო. სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ, პანდემიის გამო, დაწესებული შეზღუდვები ამჟამად გაუქმებულია, ამასთან, ყურადღება გაამახვილა მოპასუხის განმარტებაზე, რომლის მიხედვით მან წინსწრებით დაფარა საკრედიტო ვალდებულებები, ასევე, გააჩუქა უძრავი ქონება, რაც სასამართლოს არწმუნებს მოსარჩელე მხარის არგუმენტის სანდოობაში, რომ მოსარჩელეს გააჩნია საკმარისი შემოსავლები, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტისა და დამატებითი ხარჯების დასაფარავად.

31. სააპელაციო პალატამ კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ მშობლის ვალდებულება, არჩინოს შვილი და იზრუნოს მასზე, არ არის დამოკიდებული მის ფინანსურ მდგომარეობაზე. თუნდაც მშობელს არ გააჩნდეს საკმარისი სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის სრულყოფილად და გონივრულ ფარგლებში რჩენისა და ზრუნვის ვალდებულებისაგან. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, აპელანტის მითითება, რომ მას არ აქვს საკმარისი შემოსავალი, არ წარმოადგენს მშობლის უშუალო მოვალეობის - შვილს გაუწიოს სათანადო მატერიალური დახმარება, „შემსუბუქების“ საფუძველს, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით, ერთობლიობაში შეფასებით აპელანტის მიერ მითითებული გარემოება საკმარისი შემოსავლების არქონის შესახებ არ დასტურდება.

32. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა ალიმენტისა და დამატებითი ხარჯის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე. აპელანტის მატერიალურ მდგომარეობის, მისი ვალდებულებების, საყოფაცხოვრებო ხარჯების გათვალისწინებით, დადგენილი ალიმენტი და დამატებითი ხარჯი - ყოველთვიურად 500-500 ლარის ოდენობით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის, რაც არ სცილდება გონივრულობის ფარგლებს. ხოლო აპელანტის დაუსაბუთებელი პრეტენზია, ამ ოდენობით თანხის გადახდის შეუძლებლობის შესახებ, ვერ გახდება გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

33. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 ლარის გადახდისა და დამატებითი ხარჯის - ყოველთვიურად 500 ლარის ანაზღაურების ნაწილში შემდეგი საფუძვლებით:

34. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატას არ უმსჯელია სააპელაციო სჩივრის საფუძვლებზე და ვერ დაასაბუთა ალიმენტის ოდენობის მართლზომიერება მოპასუხის შემოსავალთან მიმართებით. მოპასუხის შემოსავალი მცირეა და მას ალიმენტის სახით ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდა მძიმე ტვირთად აწვება. ამდენად, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი.

35. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არსებულზე უფრო რთულად გადმოსცა არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარება. ყველა ბავშვს ესაჭიროება განსხვავებული კვება, თუმცა პალატას არ დაუდგენია, რას შეადგენს ან რა ღირებულებისაა აღნიშნული კვების რაციონი. თუ მისთვის ზედმეტად მარილიანი, ცხიმიანი, თუ ცხარე საკვებია აკრძალული, აღნიშნული რაიმე დამატებით ხარჯებთან დაკავშირებული ვერ იქნება.

36. კასატორი არ დაეთანხმა გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას ბავშვის სწავლის ხარჯებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ იმავე პირობებში შესაძლებელია საჯარო სკოლაში განათლების მიღება, შესაბამისად, აღნიშნული ხარჯი არ უნდა იქნეს მამისათვის დამატებით თანხის დაკისრების საფუძვლად.

37. მხარის მითითებით, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოპასუხის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებასა და ავტომანქანებზე, თუმცა არ გაუთვალისწინებია, რომ უძრავი ქონება მოპასუხისათვის შემოსავლის წყაროს არ წარმოადგენს, ავტომანქანები კი, ფაქტობრივად, არ გააჩნია. რაც შეეხება კომპანიებს, მათგან მიღებული შემოსავალი მიზერული რაოდენობისაა.

38. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

39. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

40. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

41. მხარეებს ჰყავთ ორი შვილი - რ.ქ–ძე, რომელიც სრულწლოვანია და 2007 წლის 21 ნოემბერს დაბადებული ქ.ქ–ძე. ისინი ერთმანეთს დაშორდნენ და დღეისათვის ფაქტობრივად ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ქ.ქ–ძე იზრდება დედასთან, მოსარჩელესთან.

42. არასრულწლოვან შვილს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ის არის ქრონიკულად მოავადე, დიაგნოზით - ფენილკეტონურია (ნივთიერებათა ცვლის, კერძოდ, ამინომჟავა ფენილალანინის ცვლის დარღვევა), რისთვისაც ესაჭიროება სპეციალური კვება - სპეციალური პროდუქტები და საკვები დანამატები, მედიკამენტები, აგრეთვე, ყოველ ექვს თვეში ექიმის მონიტორინგი, ქ. თბილისში.

43. არასრულწლოვანი სწავლობს შპს „კ.ბ.ს–ის“ მე-8 კლასში. სწავლის წლიური გადასახადი მე-8-მე-9 კლასებში შეადგენს 2100 ლარს, მე-10-მე-11 კლასებში - 2900 ლარს, მე-12 კლასში 3200 ლარს. კვების გადასახადი კი ყოველთვიურად შეადგენს 50 ლარს.

44. 2007 წლის 23 თებერვლიდან მოპასუხე რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, 2020 წლის 29 ივნისიდან არის შპს-ს დირექტორი და 50% წილის მესაკუთრე, ხოლო 2022 წლის 11 იანვრიდან - ამავე საწარმოს 100% წილის მესაკუთრე. აპელანტის განმარტებით, მითითებული შპს, სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, ეწევა თურქეთიდან ხილის იმპორტს და რეალიზაციას, თუმცა შემოსავალი სამეწარმეო საქმიანობიდან შემცირდა პანდემიის პერიოდში არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე. ასევე, მოპასუხე დასაქმებულია სხვა შპს-შიც, სადაც 2022 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით დარიცხული აქვს ხელფასი 2100 ლარის ოდენობით.

45. 2019-2020 წელს მოპასუხე გადიოდა მკურნალობის კურსს დიაგნოზით - არასტაბილური სტენოკარდია (პროგრესირებადი), თანმხლები დაავადებით - ჰიპერგლიკემია, დაუზუსტებელი; სიმსუქნე.

46. მოპასუხის საკუთრებაში ირიცხება ასევე, ქ.ბათუმში მდებარე 62,20 კვ.მ საცხოვრებელი ბინა, ქობულეთში, სოფლად მდებარე 3420,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელიც საქმის წარმოების პროცესში მან 2021 წლის 23 დეკემბერს აჩუქა ედუარდ ქარცივაძეს.

47. 2020 წლის პირველ დეკემბერს მოპასუხემ სს „მ.ო.ს.კ–გან“ სესხად აიღო 6000 ლარი, 12 თვის ვადით, 2021 წლის პირველი ნოემბრის ჩათვლით, რაც, მისივე განმარტებით, ამჟამად დაფარულია. 2020 წლის 24 ივლისს მოპასუხემ სს „კ.ბ–აგან“ სესხად (განვადება) აიღო 3060 ლარი, 12 თვის ვადით, 2021 წლის 8 აგვისტომდე, რაც დღეის მდგომარეობით უკვე დაფარულია.

48. მოპასუხის სახელზე ირიცხება „TOYOTA PRADO 2.7” მოდელის ორი სატრანსპორტო საშუალება, რომელთაც, მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხე აქტიურად იყენებდა სამეწარმეო საქმიანობისათვის.

49. სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ არასრულწლოვნის დედა - მოსარჩელე დასაქმებულია ფეხსაცმელების მაღაზიაში (ე.წ. ხოფის ბაზრობაზე) და მისი ყოველთვიური ანაზღაურება მერყეობს 200-დან 300 ლარამდე.

50. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოპასუხე არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ალიმენტის და დამატებითი ხარჯების ოდენობას და მიიჩნია, რომ მისი განსაზღვრა მოხდა მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის არასათანადოდ შეფასებისა და არასრულწლოვანი ბავშვის საჭიროებების არასრულად შესწავლის შედეგად.

51. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

52. მოცემულ შემთხვევაში, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1212-ე (შობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე, შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ), 1214-ე (თუ მშობლები ვერ შეთანხმდებიან ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა -აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლის, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას), 1198.2-ე (მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება) და 1202-ე (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ) მუხლები.

53. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

54. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საალიმენტო ვალდებულება სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ნაირსახეობაა და გულისხმობს ალიმენტის მიმღების უფლებასაც - მოითხოვოს ალიმენტის გადახდა. მშობლები ვალდებულნი არიან მატერიალურად დაეხმარონ არასრულწლოვან შვილებს (იხ. დამატებით: რ. შენგელია, ე. შენგელია, საოჯახო სამართალი, თბილისი, 2009, გვ. 252; Corden A., Meyer D.R., Child Support Policy Regimes in the United States, United KLingdom, and other Countrises: Similar issues, Different approaches, University of Wisconsin-Madison Institute for Research on Poverty, Focus, Volume 21, Number 1, 2000, Spring, 75.). ბავშვები განსაკუთრებით დაუცველები არიან მშობლების განქორწინების დროს. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც მათ შესაძლოა დაეხმაროს ამ სტრესული სიტუაციის დაძლევაში, არის ოჯახური და იმავე სოციალური გარემოს შენარჩუნება. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს პრინციპით - ბავშვს მაქსიმალურად შეუნარჩუნდეს ცხოვრების არსებული დონე, რომელიც მას მშობლების განქორწინებამდე ჰქონდა. სასამართლოს ამოცანაა, ბავშვის მატერიალური მდგომარეობა მშობლების განქორწინების გამო, რაც შეიძლება ნაკლებად გაუარესდეს (იხ. დამატებით: Kavacek-Stanic G., Child in Single (Absent) Parent family: Maintenance and Family Home: Family Finances, (Verschragen B (ed))., Jan Sramek Verlag, Vienna, 2009, P.637.; Stark B., Internacional Family Law, an Introduction, Ashgate Publishing Limited, Great Britain, Burlington, 2012, P.211.; Duncan W., Note on the desirability of revising the Hague Conventions on Maintenance Obligations, Hague Conferrence on Private International Law, January, 1999.

55. საკასაციო პალატა, სადავო საკითხის მართებულად შეფასებისთვის, მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამართლებრივ დანაწესებზე, კერძოდ, „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა გულისხმობს ოჯახის წევრებს შორის კონტაქტისა და ურთიერთობების დაცვას. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება.

56. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მონაწილე სახელმწიფოებიც აღიარებენ, რომ ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული ზრუნვისა და დახმარების უფლება. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან, ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას (იხ. ბავშვის უფლებების ევროპული სამართლის სახელმძღვანელო, ლაშა ლურსმნაშვილის თარგმანი, თბილისი, 2020, გვერდი 11.).

57. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტის რეკომენდაცის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესის ცნება არის სამგანზომილებიანი: (ა) მატერიალური უფლება: ბავშვის უფლება, მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და დაეთმოს უპირველესი ყურადღება, როდესაც ხდება სხვადასხვა ინტერესის განხილვა კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, და გარანატია, რომ ეს უფლება განხორციელდება ყოველთვის, როდესაც გადაწყვეტილებაა მისაღები ბავშვთან დაკავშირებით. (ბ) ძირითადი, სამართლებრივი პრინციპი: თუ სამართლებრივი ნორმა იძლევა ერთზე მეტი განმარტების შესაძლებლობას, გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი განმარტება, რომელიც ყველაზე ეფექტიანად ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. კონვენციასა და მის ფაკულტატურ ოქმებში ასახული უფლებები ქმნიან ჩარჩოს განმარტებისათვის. (გ) საპროცესო ნორმა: როდესაც ხდება ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეეხება კონკრეტულ ბავშვს, ბავშვთა დადგენილ თუ დაუდგენელ ჯგუფს ან ზოგადად ბავშვებს, გადაწყვეტილების მიღების პროცესი უნდა მოიცავდეს ამ გადაწყვეტილების შესაბამის ბავშვზე ან ბავშვებზე შესაძლო ზეგავლენის (დადებითი თუ უარყოფითი) შეფასებას. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება და განსაზღვრა მოითხოვს საპროცესო გარანტიებს. ამასთან, გადაწყვეტილების დასაბუთებაში უნდა ჩანდეს, რომ ეს უფლება ცალსახად იქნა გათვალისწინებული. ამ თვალსაზრისით, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განმარტონ, თუ როგორ იქნა გათვალისწინებული ეს უფლება გადაწყვეტილებაში, ე.ი. რა იქნა მიჩნეული ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებად, რა კრიტერიუმებს დაეფუძნა იგი და როგორ შეფასდა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები სხვა მოსაზრებებთან შედარებით, იქნება ეს პოლიტიკის ზოგადი საკითხები თუ ცალკეული შემთხვევები. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 31-ე მუხლის თანახმად, ბავშვის მოთხოვნები მოიცავს ფართო დიაპაზონს, ესენია: განათლების, კულტურული და სოციალური მოთხოვნები.

58. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლი განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები (შდრ. სუსგ №ას-1141-1061-2017, 10 ოქტომბერი, 2017 წ.; №ას-1347-2022, 08 ივნისი, 2023 წ.).

59. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ალიმენტის დაკისრებისას სასამართლომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების, მშობლის ფინანსური მდგომარეობისა და მისი სხვა საჭიროებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს ალიმენტის ოდენობა. ( შდრ: სუსგ-ები: №ას-767-2021, 18 ნოემბერი, 2021 წ., პ.24-26; №ას-1284-2020, 25 ნოემბერი, 2022 წ, პ.16.; №ას-1355-2019, 25 თებერვალი, 2020 წ, პ.28.).

60. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით, უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.

61. „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციით აღიარებული ბავშვის უფლებების სრულფასოვნად რეალიზაციისათვის, 2020 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში ამოქმედდა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რომლის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება. (იხ. სოფო კილაძე, პაატა ტურავა, ბავშვის უფლებათა კოდექსის სახელმძღვანელო კომენტარი, თბილისი, 2021, გვერდი 65.).

62. ალიმენტის გადახდის დაკისრების კონტექსტში საკასაციო პალატა მიუბრუნდება არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების კვლევის საკითხს და აღნიშნავს, რომ მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე - მამას, მიუხედავად იმისა, ისინი დაქორწინებული არიან თუ არა. მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში (შდრ: სუსგ-ები: №ას-733-733-2018, 11 ივლისი, 2018 წ, პ.128; №ას-541-509-2012, 30 აპრილი, 2021 წ.; №ას-1122-1069-2013, 10 თებერვალი, 2014 წ.; №ას-204-191-2014, 20 ოქტომბერი, 2014 წ.; №ას-495-469-2015, 01 ივლისი, 2015 წ.; №ას-1173-1128-2016, 30 ივნისი, 2017 წ.; №ას-861-2019, 03 დეკემბერი, 2019 წ.; №ას-148-2020, 20 მაისი, 2020 წ.). სსკ-ის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა იყოს ფორმალური და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, ანუ ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად. (შდრ: სუსგ-ები: №ას-358-2023, 27 ივნისი, 2023 წ. პ.16; №ას-767-2021, 18 ნოემბერი, 2021 წ.; №ას-1355-2019, 25 თებერვალი, 2020 წ.; №ას-463-463-2018, 14 იანვარი, 2020 წ; №ას-495-469-2015, 01 ივლისი, 2015 წ.; №ას-1610-1511-2012, 04 თებერვალი, 2013 წ).

63. სსკ-ის 1214-ე მუხლის ფარგლებში სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვის ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მისი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა, რამდენადაც უნდა დადგინდეს გონივრული ბალანსი არასრუწლოვანთა ინტერესებსა (რაც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს ბავშვების საჭიროებებს) და მშობელთა სოციალურ თუ სხვა პასუხისმგებლობას შორის საზოგადოებაში“ (იხ. სუსგ -ები: №ას-319-319-2018, 15 მაისი, 2018 წ.; №ას-619-619-2018, 12 სექტემბერი, 2018 წ; №ას-829-2019, 11 ივლისი, 2019 წ.).

64. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის უზრუნველყოფა და ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ალიმენტის დაკისრებას არ უნდა ჰქონდეს მხოლოდ ფორმალური ხასიათი, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას (იხ. სუსგ №ას-341-2022, 14 ივნისი, 2022წ.; №ას-1141-1061-2017, 17 ოქტომბერი, 2017 წ.). ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება ალიმენტის მიმღები პირის აუცილებლობისა და ალიმენტვალდებული პირის შესაძლებლობის გათვალისწინებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩო, რომლის მიღების უფლებაც არასრულწლოვანს მშობლისგან აქვს, უნდა წარმოადგენდეს სარჩენი პირის მოთხოვნილებათა მინიმალური დაკმაყოფილების საფუძველს მაინც. ამდენად, კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს გონივრული და სამართლიანი ოდენობით, ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა. (იხ. სუსგ-ები: №ას-58-49-2011, 27 ივნისი, 2011 წ.; № ას-1610-1511-2012, 04 თებერვალი, 2013 წ.; №ას-1128-1075-2013, 10 თებერვალი 2014 წ.; №ას-675-641-2013, 10 თებერვალი, 2015 წ.; №ას-298-283-2016, 26 სექტემბერი 2016 წ.; №ას-1194-1154-2016, 31 მარტი, 2017 წ.; № ას-319-319-2018, 15 მაისი, 2018 წ.; №ას-332-2019, 02 აგვისტო, 2019 წ.; №ას-463-463-2018, 14 იანვარი, 2020 წ.; №ას-148-2020, 20 მაისი, 2020 წ.; №ას-46-2023, 29 მარტი, 2023 წ., №ას-1347-2022, 08 ივნისი, 2023 წ.).

65. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის საკითხის განხილვისას, უპირატესად უნდა განისაზღვროს ალიმენტის გონივრული ოდენობა, რა დროსაც სასამართლო ხელმძღვანელობს სსკ-ის 1212-ე მუხლით, რომელიც ადგენს არასრულწლოვანი შვილების რჩენის მოვალეობას, იმავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლითაც დადგენილია მშობლების ვალდებულება შვილების აღზრდის, ზრუნვის, ფიზიკური, სულიერი თუ გონებრივი განვითარების ასპექტში და 1214-ე მუხლით, რომელიც შვილებზე ზრუნვის საკითხში მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ითვალისწინებს დავის სასამართლო წესით გადაწყვეტას, თუმცა ამოსავალ პრინციპს მაინც ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება და მისთვის ოჯახური გარემოს შექმნა წარმოადგენს და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია (იხ. სუსგ-ები: №ას-50-2121, 05 მარტი, 2021 წ.; №ას-177-2019, 23 მაისი, 2019 წელი; №ას-284-2019, 27 ივნისი, 2019 წელი).№ას-621-2019, 11 ივლისი, 2019 წელი).

66. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

67. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, მტკიცების ტვირთი – ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე.

68. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

69. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარისთქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება.

70. შესაბამისად, სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანია მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობის ფაქტები, რომლებზეც მიუთითებენ მხარეები თავიანთი მოთხოვნების (შესაგებლის) დასაბუთება–გამართლების მიზნით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება მტკიცების საგნის განსაზღვრის კრიტერიუმის შესახებ შემდეგი დასკვნის გაკეთება: მტკიცების საგანში შედიან მხარეთა მიერ მითითებული ფაქტები, რომლებიც სასამართლოს შეხედულებით სამართლებრივად ასაბუთებენ (ამართლებენ) მათ მოთხოვნებს და შესაგებელს.კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არაა,ესაა სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.

71. „სამართლებრივი დავისას სამოქალაქო საქმის განმხილველ მოსამართლეს ორი ამოცანა აქვს დასაძლევი: პირველ რიგში, მან უნდა გამოარკვიოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. მეორე რიგში კი, მოსამართლემ სამართლებრივად უნდა შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და დაადგინოს, არსებობს თუ არა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას, მაშინ სარჩელი უკვე ამ საფუძველზევე არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასეთ შემთხვევაში მოსამართლეს არა აქვს უფლება, საკუთარი ინიციატივით მოიძიოს სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი გარემოებები და შეაგროვოს მტკიცებულებები. თუ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულია ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ადასტურებენ მოთხოვნის არსებობას, მაშინ უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, ამ გარემოებების არსებობის უარყოფა“ (იხ. თომას ჰერმანი, მტკიცებულებითი სამართალი, GIZ, თბილისი, 2016, გვ.3-4). „მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს“ (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, გვ.64). შეუძლია თუ არა სასამართლოს თავისი ინიციატივით შეიტანოს მტკიცების საგანში და საფუძვლად დაუდოს გადაწყვეტილებას ფაქტები, რომლებზეც მხარეები არ მიუთითებენ? იურიდიულ დოქტრინაში გაბატონებული მოსაზრების თანახმად, სასამართლოს ეს არ შეუძლია (იხ. დამატებით:თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005, გვ. 87; ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, გვ.64).

72. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე (შდრ: შმიტი შ., რიჰტერი ჰ., მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში გვ.27).

73. საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამტკიცებს ის, ვინც ამტკიცებს და არა ის, ვინც უარყოფს.

74. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა ნამდვილი შეჯიბრება რეალურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ იყვნენ ამ შეჯიბრებაში მონაწილე მხარეები თანასწორნი.მხარეთა პროცესუალური თანასწორობის განმსაზღვრელი ძირითადი ნიშნები და მიმართულებანი ჩამოყალიბებულია სსსკ-ის4.1 მუხლში, რომლის თანახმად მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთიმოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.მხარეთა პროცესუალური თანასწორობის პრინიციპითაა გამსჭვალული საპროცესო კანონმდებლობის თითქმის ყოველი ნორმა, დაწყებული საქმის მომზადების სტადიით და დამთავრებული გადაწყვეტილების გამოტანით და მისი გასაჩივრებით.

75. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე, ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან. აქედან გამომდინარე, დავის გადაწყვეტაში სარჩელთან ერთად შესაგებლის, როგორც საპროცესო ინსტიტუტის როლი, უაღრესად მნიშვნელოვანია.

76. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს. მატერიალური შედავება მიმართულია სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის მიღწევის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მოპასუხის მხრიდან ისეთ ფაქტებზე (წინაპირობებზე) მითითებას, რომლებიც გამორიცხავენ, წყვეტენ ან აფერხებენ (განუხორციელებელს ხდიან) სარჩელით მოთხოვნილი შედეგის დადგომას.

77. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“ (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIZ), 2013წ., გვ.19.). კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.

78. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც მოსამართლე მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, განსაზღვრავს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებს (წინაპირობებს), ამ წინაპირობებს მიუსადაგებს მოსარჩელის მიერ მოხსენებულ ფაქტებს და თითეულ წინაპირობაზე გასცემს დადებით პასუხს, იგი ამოწმებს რომელ ფაქტებს ხდის მოპასუხე სადავოდ (მოპასუხის სტადია). თუ მოპასუხეს არ აქვს წარდგენილი კვალიფიციური (არსებითი) შედავება, არამედ მხოლოდ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების უარყოფით შემოიფარგლება, მოსამართლე გადადის მტკიცების სტადიაზე, რაც ნიშნავს სადავოდ გამხდარი ფაქტების დადგენის პროცესს. მოპასუხის მხრიდან არსებითი ხასიათის შედავების შემთხვევაში, მოსამართლემ ასევე უნდა მოიძიოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც გამორიცხავს, წყვეტს ან აფერხებს მოთხოვნის განხორციელებას, ხოლო ნორმის წინაპირობების შემოწმება იმავე წესით ხორციელდება. აქაც მნიშვნელოვანია რას პასუხობს მოსარჩელე მოპასუხის არსებით შედავებას, არ არის გამორიცხული მოსარჩელემაც კვალიფიციური პასუხი გასცეს მოპასუხის ამგვარ განმარტებას. ამდენად, მოსამართლე ასე უწვეტად გადადის მოსარჩელის სტადიიდან მოპასუხის სტადიაზე და პირიქით, ვიდრე არ დასრულდება მხარეთა განმარტებების ურთიერთგაცვლის პროცესი, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს უდავო და სადავო (მტკიცების საგანში შემავალი) ფაქტები.

79. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით, (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით) დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის არსებითი გარემოებების შედავებას და ასევე, საპირისპირო ნორმის წინაპირობების საკმარისად დასაბუთებას, მაშინ მტკიცების სტადიაზე უნდა გაირკვეს, მტკიცდება თუ არა სადავო გარემოებები (მტკიცების ტვირთის გადანაწილების შესაბამისად). შემდეგ ეტაპზე, უნდა შემოწმდეს, ახერხებს თუ არა მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების იმგვარ დასაბუთებას, რომელიც, ასევე, აქარწყლებს მოპასუხის მიერ დასაბუთებულ საპირისპირო მითითებებს (ნორმებს).

80. განსახილველ შემთხვევაში დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეფასდება კასატორის მითითება, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ყოველთვიური ალიმენტისა და დამატებითი ხარჯის ოდენობა – 500-500 ლარი მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობისათვის მძიმე ტვირთს წარმოადგენს

81. საკასაციო პალატა მიუთითებს, სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა, რომ მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, არასრულწლოვანი იმყოფება სპეციალურ დიეტაზე. ბავშვის კვებისთვის აუცილებელი პროდუქტების ნაწილს (მაგ. სპეციალურ პურის ფქვილს) დედა იძენს თურქეთის რესპუბლიკაში, ვინაიდან მისი შეძენა საქართველოში შეუძლებელია. კერძო სასწავლო დაწესებულება, სადაც ბავშვი სწავლობს, მორგებულია მის საჭიროებებზე, იგი სრულად ადაპტირებულია სასწავლო გარემოსთან, რის გამოც საჯარო სკოლაში სწავლის გაგრძელება, რაც შესაძლოა ნაკლებ ხარჯებთან იყოს დაკავშირებული, მიზანშეწონილი არ არის. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ბავშვს შენელებული აქვს აღქმის და შესწავლის პროცესი, რის გამოც საჭიროებს დამატებით მეცადინეობას სხვადასხვა საგანში - ინგლისურ ენასა და მათემატიკაში, ბავშვი მეცადინეობს მუსიკაში, სკოლაში დადის ავტობუსით, რაც დამატებით ყოველდღიურ და ყოველთვიურ ხარჯებთან არის დაკავშირებული (იხ. წინამდებარე განჩინების პ.27).

82. საკასაციო პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნება კასატორის პრეტენზია იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ალიმენტის ოდენობა, სამართლიანობის პრინციპის უგულებელყოფის შედეგად განსაზღვრეს. საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ შედავებას სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივი გარემოებების წინააღმდეგ (შდრ: სუსგ-ები: №ას- 341-2022, 14 ივნისი, 2022 წ.; №ას-1339-2018, 02 ნოემბერი, 2018 წ.).

83. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 1215-ე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით ( ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).

84. ალიმენტის ძირითადი დანიშნულებაა ბავშვის ნორმალური აღზრდის მატერიალური უზრუნველყოფა. ცალკეულ შემთხვევებში საალიმენტო სახსრები შეიძლება არ იყოს საკმარისი იმ დამატებითი ხარჯების განსახორციელებლად, რაც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით, მაგალითად, ბავშვის მძიმე ავადმყოფობა,სწავლის საფასურის გადახდის აუცილებლობა და სხვა. განსაკუთრებულ გარემოებათა წარმოშობის გამო გასაწევი ხარჯების განსაზღვრის შემდეგ, სასამართლო, ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, საზღვრავს აუცილებელ ხარჯებში მათი მონაწილეობის ხარისხს და იმ სახსრების ოდენობას, რომელიც მოპასუხეს უნდა დაეკისროს. დამატებით ხარჯებში მოპასუხე მშობელი მონაწილეობს ერთჯერადი გადასახდელის სახით ან განსაზღვრული დროითა და განსაზღვრული სახსრების გადახდით (იხ. დამატებით: რ. შენგელია, ე. შენგელია, საოჯახო სამართალი, თბილისი, 2009, გვ. 257).

85. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკანონმდებლო მოწესრიგებას საფუძვლად უდევს კონკრეტული სოციალური პროცესების მართვის სამართლებრივ-პოლიტიკური მოდელი ანუ, როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევას სავალდებულოდ ადგენს, ამით მას სურს განსაზღვრული მიზნების მიღწევა. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილებები ერთი მხრივ, დასახული მიზნის მიღწევასთან, ხოლო მეორე მხრივ, ამ მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი სამართლებრივი საშუალებების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. კანონის ინტერპრეტაცია უნდა ემსახურებოდეს ამ კანონის მიზანს. კანონის ცალკეული დებულებები გააზრებული უნდა იქნას სხვადასხვა დებულებათა ურთიერთდამოკიდებულებაში. კანონის ინტერპრეტაცია მთლიანობაში წარმოადგენს არგუმენტების შერჩევისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, რომელიც ხშირად სხვადასხვა, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფ მიზნებზე არის ორიენტირებული. სამართლებრივი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციებზე, რადგან განსხვავებულ, თუნდაც ტიპიურ სიტუაციებში, მიზნები და მათთან დაკავშირებული ინტერესები სხვადასხვა მოცულობითა და კონსტელაციაში გარკვეულ როლს თამაშობენ. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 1215-ე მუხლი წარმოადგენს საგამონაკლისო ნორმას, რომელსაც არ აქვს ალიმენტის მსგავსი განგრძობადი ხასიათი.

86. ალიმენტისაგან, როგორც მშობლის უპირობო ვალდებულებისაგან, განსხვავებთ, რომელიც არ მოითხოვს შვილის სპეციალური საჭიროების ადდასტურებას, დამატებით ხარჯებში მონაწილეობის ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. „ საალიმენტო სახსრები შეიძლება არ იყოს საკმარისი იმ დამატებით ხარჯების განხორციელებაში, რაც გამოწვეულია განსაკუთრებულ გარემოებებით. ეს არის ამ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო დამატებით ხარჯებში მონაწილეობა და არა ბავშვის სარჩენი ხარჯების დამატებითი გადახდევინება“ (შდრ: სუსგ №ას-180-507-2009, 25 ივნისი, 2009 წ.). დამატებით ხარჯებში მონაწილეობისათვის აუცილებელია, რომ მშობელს დაკისრებული ჰქონდეს შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა (შდრ: სუსგ №ას-763-714-2010, 02 დეკემბერი, 2010 წ.). მხარემ, რომელიც ითხოვს დამატებითი ხარჯების გაწევას, უნდა დაადასტუროს ამგვარი ხარჯების საჭიროება ან მათი ფაქტობრივი გაწევა. ამასთან, მართალია დამატებით ხარჯებში მონაწილეობა ალიმენტთან პირდაპირ დაკავშირებული არ არის, თუმცა სასამართლო ითვალისწინებს დაკისრებული ალიმენტის ოდენობასაც, ვინაიდან, თუკი ალიმენტის ოდენობა ფარავს განსაკუთრებულ ხარჯებს, აღარ არსებობს მშობლისათვის დამატებითი თანხის დაკისრების აუცილებლობა (შდრ: სუსგ №ას-605-579-2016, 17 თებერვალი, 2017 წ.). დამატებით ხარჯებში მონაწილეობა დადგენილ უნდა იქნას მყარი თანხით და არ შეიძლება მისი წილობრივი დაკავშირება ხელფასის ან სხვა შემოსავლის ოდენობასთან. მართალია, საერთო წესის მიხედვით, დამატებით ხარჯებში მონაწილეობას ერჯერადი ხასიათი გააჩნია, თუმცა საჭიროების მიხედვით, შესაძლებელია მშობელს დამატებით ხარჯებში მონაწილეობა დაეკისროს პერიოდული გადახდის სახით გარკვეული დროის განმავლობაში (შდრ: სუსგ №ას-180-507-2009, 25 ივნისი, 2009 წ.). თუკი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამას მოითხოვს, შესაძლებელია დამატებით ხარჯებში განისაზღვროს ყოველთვიურად, ბავშვის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე ან მანამდე მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე. (შდრ: სუსგ №ას-733-733-2018, 11 ივლისი, 2018 წ.)

87. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სსკ-ის 1215-ე მუხლის საფუძველზე დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მტკიცების ტვირთი, ეკისრებოდა მოსარჩელეს, რომელმაც თავისი პოზიციის დასამტკიცებლად, წარადგინა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მტკიცებულებები. კერძოდ, დადგენილია, რომ ბავშვი არის ქრონიკულად მოავადე, დიაგნოზით - ფენილკეტონურია, რაც გამოიხატება ქრონიკული ნივთიერებათა ცვლის, კერძოდ, ამინომჟავა ფენილალანინის ცვლის დარღვევაში, აღნიშნულ მდგომარეობას გამწვავების შემთხვევაში შესაძლოა თან სდევდეს გონებრივი ჩამორჩენილობა და სხვადასხვა ნევროლოგიური სიმპტომები. ძირითადი დახმარება მდგომარეობს ბავშვის ბალანსირებული კვების დიეტის შერჩევაში ცილოვანი საკვების მკვეთრი შემცირებით. სამედიცინო ჩვენებით, მუდმივი დიეტა არის ბავშვის ნორმალური განვითარების გარანტია, რაც წარმოადგენს წინაპირობას, რომ არ განვითარდეს გონებრივი ჩამორჩენილობა, ნევროლოგიური სიმპტომები. დიეტური დახმარება ქრონიკული ხასიათისაა და მისი შეწყვეტა არ შეიძლება. ასევე, აუცილებელია ბავშვის სისხლის რეგულარული შემოწმება ფენილალანინის დონის განსაზღვრის მიზნით. შესაბამისი ჩვენების შემთხვევაში კი, აუცილებელია სპეციალური ფსიქოლოგიური და პედაგოგიური დახმარება. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი იმყოფება სპეციალურ დიეტაზე. ბავშვს სჭირდება სათანადო კვება, რისთვისაც ესაჭიროება სპეციალური და ძვირადღირებული საკვები (მაგ. ბრინჯი უცილო - 400 გრ. 16 ლარი; მაკარონი უცილო - 20 ლარი). აღსანიშნავია, რომ აუცილებელი პროდუქტების შეძენა გარკვეულ შემთხვევაში (მაგ. სპეციალური პურის ფქვილი) მხოლოდ საზღვარგარეთ არის შესაძლებელი. არასრულწლოვანს ესაჭიროება, ასევე, სეზონური ტანსაცმლითა და წამლებით უზრუნველყოფა, სასწავლო ნივთები, შემეცნებითი ლიტერატურა და სათამაშოები. მხოლოდ დედის მინიმალური შემოსავლები საკმარისი არ არის ბავშვისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, რის გამოც აუცილებელია მამის მონაწილეობა ბავშვის რჩენა - აღზრდის პროცესში. მოპასუხე არის მეწარმე სუბიექტი, შპს-ს 50%-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორი. ასევე დასაქმებულია სხვა შპს-ში. საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება და ძვირადღირებული ავტომანქანები, ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სასესხო ვალდებულებები დღეის მდგომარეობით უკვე შესრულებული აქვს. გარდა არასრულწლოვანი შვილისა, კმაყოფაზე მყოფი სხვა პირები არ ჰყავს. ამდენად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, გასაზიარებელია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტისა და დამატებითი ხარჯის ოდენობა, 500-500 ლარის ოდენობით, აუცილებელია ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, კეთილდღეობისთვის და ჯანმრთელობისათვის.

88. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხეს შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, კანონით დადგენილი წესით, შედავება არ განუხორციელებია, თუმცა საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ სააპელაციო პალატას არ გამოუკვლევია, რა სახის სპეციალური კვება ესაჭიროება არასრულწლოვანს, შესაძლოა მისთვის საზიანო იყოს ისეთი საკვები, როგორიცაა ზედმეტად მარილიანი, ცხიმიანი ან ცხარე პროდუქტები.

89. კასატორის აღნიშნული არგუმენტი მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება, რადგან აღნიშნული პოზიცია სრულიად დაუსაბუთებელია იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო პალატის მიერ დადგინდა, რომ სწორი დიეტისათვის მოზარდს ესაჭიროება სპეციალური შემცველობის პროდუქტები - მაკარონი, ბრინჯი ცილის გარეშე. აღსანიშნავია, რომ აუცილებელი პროდუქტების შეძენა გარკვეულ შემთხვევაში (მაგ. სპეციალური პურის ფქვილი) მხოლოდ საზღვარგარეთ არის შესაძლებელი.

90. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის შეფასებას და მიაჩნია, რომ ამ უკანასკნელს, დაკისრებული თანხის ფარგლებში, თავისი გადახდისუუნარობის დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია (იხ. წინამდებარე განჩინების პ.30-31).

91. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს თავისი არასრულწლოვანი შვილის (დაბადებული - 21/11/2007 წელს) რჩენისათვის, დაეკისრა ალიმენტის და დამატებითი ხარჯების გადახდა თვეში 500 ლარის ოდენობით, მის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე. გადახდის ათვლა დაიწყო სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2021 წლის 25 მარტიდან.

92. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სსკ-ის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა. კანონის მოხმობილი ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა მუდმივი არ არის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის შემცირებას ან პირიქით, მის გაზრდას, ხოლო ამის საფუძვლად განიხილავს – ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლაში იგულისხმება ალიმენტის დაკისრების შემდეგ ისეთი ახალი გარემოებების წარმოშობა, რომლებიც აშკარა გავლენას ახდენს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობაზე, მაგალითად, შემოსავლების შემცირება/გაზრდა, ჯანმრთელობის გაუარესება, კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდა, ან შემცირება და სხვა (იხ. სუსგ-ები: №ას-303-290-2015, 13 მაისი, 2015 წ.; №ას-284-2019, 27 ივნისი, 2019 წ.). მითითებული საკანონმდებლო დანაწესი გამომდინარეობს თავად ალიმენტის მიზნიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1213-ე და 1214-ე მუხლებით კანონი ადგენს მშობლის ვალდებულებას, იზრუნოს თავის შვილზე, რაც გულისხმობს მისი მატერიალურად უზრუნველყოფის მოვალეობას. არასრულწლოვნის რჩენისათვის აუცილებელი მინიმალური ოდენობის დადგენისას გაითვალისწინება მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებები, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა. შესაბამისად, იმ მშობლის ფინანსური თუ ოჯახური მდგომარეობის შეცვლამ, რომელიც ალიმენტს იხდის, შესაძლოა, განაპირობოს სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობაში ცვლილების შეტანა (იხ. სუსგ-ები: №50-2021, 05 მარტი, 2021 წ.; №ას-617-585-2014, 30 დეკემბერი, 2014 წელი). მოპასუხე მშობელს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლება, თუ ბავშვის მდგომარეობა აღარ მოითხოვს დამატებითი ხარჯების გაღებას (იხ. დამატებით: რ. შენგელია, ე. შენგელია, საოჯახო სამართალი, თბილისი, 2009, გვ. 257).

93. საკასაციო პალატას მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით, უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის და დამატებითი ხარჯების გადახდევინების აუცილებლობის დადასტურება, ხოლო მოპასუხემ კი ვერ შეძლო სასარჩელო მოთხოვნის განხორციელების გამორიცხვა, შესაბამისად, კასატორმა (მოპასუხე) ვერ დარწმუნა საკასაციო პალატა, მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.

94. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

95. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

96. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

97. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

98. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

99. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ.გ–ძის მიერ 2023 წლის 20 ივლისს №17906424937 საგადახდო დავალებით გადახდილი 420 ლარის 70% – 294 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. .ქ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ლ.ქ–ძეს (პირადი №.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ.გ–ძის მიერ 2023 წლის 20 ივლისს №17906424937 საგადახდო დავალებით გადახდილი 420 ლარის 70% – 294 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე