საქმე №ას-975-2023 10 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქ.გ–ია (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო (მოპასუხე, აპელანტი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება კომპენსაციის სახით დაკისრებული 50 000 ლარის ნაწილში და კომპენსაციის განსაზღვრა 102 972 ლარის ოდენობით
დავის საგანი – დასციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქ.გ–იამ (შემდეგში: დასაქმებული ან მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (შემდეგში: დამსაქმებელი ან სააგენტო ან მოპასუხე ან კასატორი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: ა) დასაქმებულისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ 2019 წლის 18 ნოემბრის N02-3/დ ბრძანების ბათილად ცნობა; ბ) დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ 2020 წლის 10 თებერვლის N02-73/კ ბრძანების ბათილად ცნობა; გ) მოსარჩელის აღდგენა სააგენტოში, მონიტორინგის დეპარტამენტის წამლის ინსპექტირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე; გ) სააგენტოსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება, ყოველთვიურად 1300 ლარის ოდენობით (დაუბეგრავი), 2020 წლის 10 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (სამსახურში აღდგენამდე).
2. სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ გარემოებებზე: მოსარჩელე მუშაობდა სააგენტოში, სადაც მისი ანაზღაურება შეადგენდა თვეში 1300 ლარს (დაუბეგრავი). 2019 წლის 1 ნოემბერს, ნარკოტიკების ლეგალური ბრუნვის სამმართველო და ინსპექტირების სამმართველო გაერთიანდა და ახალი სამმართველოს უფროსად დაინიშნა ნ.შ–ი. 2019 წლის 18 ნოემბერს, მოსარჩელის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობა ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე. საქმე ეხებოდა შემდეგი პროდუქტების: Cleaning-5100 (48 ლიტრი) და Make-up A188 (25,6 ლიტრი) იმპორტს საქართველოში. დაშვებული იქნა მექანიკური შეცდომა, კერძოდ, ეწერა Cleaning-5100 - 25,6 ლიტრი და Make-up A188-48 ლიტრი. ეს წამალი არ იყო და პრეკურსორის იმპორტზე წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ფორმაც არ ითვალისწინებდა სავაჭრო დასახელებების მითითებას და შეიძლებოდა მხოლოდ პრეკურსორის დასახელების - მეთილ ეთილ კეტონის მითითება. არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა სავაჭრო სახელის მითითებას, რაც იყო მექანიკური შეცდომა და არ იყო ზიანის მომტანი, იყო ადვილად გამოსწორებადი და არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო შრომითი ვალდებულების არაკეთილსინდისიერ შესრულებად. შესაბამისად, ამ ქმედების გამო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება არამართლზომიერია. ამასთან, მოსარჩელე იყო ერთ-ერთი პირი ზემოაღნიშნული დოკუმენტის მომზადებისას. აღნიშნული პროცედურის დროს სხვა პირების მონაწილეობა ასახულია დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში, ხოლო დოკუმენტზე ხელმომწერი პირი არის სააგენტოს უფროსი.
3. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა NO2-73/კ ბრძანებით, რომელშიც გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ" ქვეპუნქტი (შემდეგში - სშკ-ი). მოსარჩელის გათავისუფლების მიზეზია მონიტორინგის დეპარტამენტის წამლის ინსპექტირების სამმართველოს უფროსის ნ.შ–ის მოხსენებითი ბარათი, რომელშიც მითითებულია, რომ ელ.ფოსტის - .....@moh.gov.ge.-ის საშუალებით, სააგენტოს და ზოგიერთ შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის სახელისა და გვარის გამოყენებით, მიმდინარეობდა მიმოწერა სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფიზიკურ პირებთან, ხოლო ელ.ფოსტაზე პასუხისმგებელ პირად მითითებულია მოსარჩელე. სარჩელის მიხედვით, ზოგიერთი შეტყობინება და წერილი არ გატარებულა დეს-ში და შესაბამისად, სააგენტოს სახელზე შემოსული ოფიციალური წერილისთვის არ მომხდარა კანცელარიის ნომრის მინიჭება.
4. ადმინისტრაციული დეპარტამენტის საორგანიზაციო საკითხთა სამმართველოს უფროსის, ს.ჯ–ის მოხსენებითი ბარათი ეფუძნება ნ.შ–ის მოხსენებით ბარათს. მასში აღნიშნულია, რომ მიზანშეწონილია მოსარჩელეს შეუწყდეს შრომითი ურთიერთობა სააგენტოს შინაგანაწესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად - სააგენტოს ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მიმოწერის და სააგენტოს დირექტორის სახელის უნებართვო გამოყენების გამო.
5. მოსარჩელის მითითებით, ბრძანებასა და მოხსენებით ბარათში მითითებული ფაქტები არ შეესაბამება სიმართლეს, იგი სამსახურის ელ.ფოსტას იყენებდა სხვადასხვა უწყებებთან კომუნიკაციისთვის, რაც ნ.შ–ისთვისაც ცნობილი იყო და რისი უფლებაც ჰქონდა, ელ.ფოსტა დირექტორის სახელით მას უნებართვოდ არ გამოუყენებია.
6. მოსარჩელემ მოითხოვა გადაეცათ მიმოწერა, რომელიც სააგენტოს მტკიცებით, შეიცავდა კორესპონდენციას სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურებთან და წერილებს, სადაც დირექტორის სახელი უნებართვოდაა გამოყენებული. სააგენტომ აღნიშნული მიმოწერა მოსარჩელეს არ გადასცა ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე მითითებით.
7. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველ შესაგებელში სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, მოსარჩელის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ სააგენტოს 2019 წლის 01 ნოემბრის ბრძანებით N02-68/კ მოსარჩელე 2019 წლის 01 ნოემბრიდან განუსაზღვრელი ვადით, დაინიშნა სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის წამლის ინსპექტირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. მისი სახელფასო კოეფიციენტი განესაზღვრა სააგენტოს 2020 წლის 10 თებერვლის N02-73/კ ბრძანებით.
8. სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებას საფუძვლად დაედო მონიტორინგის დეპარტამენტის წამლის ინსპექტირების სამმართველოს უფროსის ნ.შ–ის მოხსენებითი ბარათი (N02-412, 10.02.2020წ.) და საორგანიზაციო საკითხთა სამმართველოს უფროსის ს.ჯ–ის მოხსენებითი ბარათი (N02-420, 10.02.2020წ.), რომლითაც ირკვევა, რომ ელ.ფოსტის ...@moh.gov.ge. საშუალებით, სააგენტოს და ზოგიერთ შემთხვევაში სააგენტოს დირექტორის სახელის და გვარის გამოყენებით, მიმდინარეობდა მიმოწერა სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფიზიკურ პირებთან (იხ., შესაგებელი).
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 2019 წლის 18 ნოემბრის N02-3/დ ბრძანება მოსარჩელისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 2020 წლის 10 თებერვლის ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; მოსარჩელე აღდგენილ იქნა სააგენტოში, მონიტორინგის დეპარტამენტის წამლის ინსპექტირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 1300 ლარის ოდენობით (დაუბეგრავი), 2020 წლის 10 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (სამსახურში აღდგენამდე).
10. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელის სამსახურში აღდგენის ნაწილში და სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაცვლად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) ოდენობით; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
12. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო სააგენტოში, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის წამლის ინსპექტირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე, უვადოდ. მისი შრომითი ანაზღაურება შეადგენდა თვეში 1300 ლარს (დაუბეგრავი).
13. სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 18 ნოემბრის N02-3/დ ბრძანებით მოსარჩელეს შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დარღვევისთვის მიეცა შენიშვნა. ბრძანების საფუძვლად მითითებულია: წამლის ინსპექტირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის, ქ.გ–იას 2019 წლის 12 ნოემბრის N02-20385 განმარტებითი ბარათი.
14. დადგენილია, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 10 თებერვლის N02-73/კ ბრძანებით, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძელზე მოსარჩელე 2020 წლის 10 თებერვლიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ბრძანების საფუძვლად მითითებულია: 10.01.2020 წლის N02-412; N02/420 მოხსენებითი ბარათი.
15. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის 21 თებერვლის N02/2321 მომართვით, მოსარჩელეს N17529, 14.02.2020 წ. წერილის პასუხად ეცნობა, რომ 2020 წლის 10 თებერვლის N02-73/კ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ბრძანების საფუძველზე, 2020 წლის 10 თებერვლიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. წერილში განმარტებულია, რომ მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი (დამსაქმებელი უფლებამოსილია შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება თუ, დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა). ხოლო გათავისუფლებას საფუძვლად დაედო, 2020 წლის 10 თებერვლის წამლის ინსპექტირების სამმართველოს უფროსის N02-412 მოხსენებითი ბარათი და საორგანიზაციო საკითხთა სამმართველოს N02-420 მოხსენებითი ბარათი, სადაც აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ დაარღვია სააგენტოს შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები. ვინაიდან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მის მიმართ გამოყენებული იყო შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, კერძოდ, შენიშვნა, სააგენტომ საჭიროდ ჩათვალა მისი გათავისუფლება სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
16. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია სადავო პერიოდში მოქმედი სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა), რასთან დაკავშირებითაც სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ დისციპლინური ღონისძიების - შენიშვნის, გამოყენების უცილებლობა მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, კერძოდ, დისციპლინური ბრძანების საფუძვლად მითითებულია მოსარჩელის 2019 წლის 12 ნოემბრის N02-20385 განმარტებითი ბარათი, რომელშიც მოსარჩელემ დაადასტურა, რომ სსიპ წამლის სააგენტოს მიერ 2019 წლის 30 ოქტომბერს შპს ,,დ.“-ზე გაცემულ წინასწარ შეთანხმების დოკუმენტში N343/IMP- P/2019 დაშვებული იქნა მექანიკური შეცდომა, კერძოდ, ეწერა Cleaning-5100 - 25,6 ლიტრი და Make-up A188-48 ლიტრი და მითითებული უნდა ყოფილიყო Cleaning-5100 - 48 ლიტრი და Make-up A188- 25,6 ლიტრი.
17. მოსარჩელემ განმარტა, რომ წინასწარ შეთანხმების დოკუმენტის ფორმა სავაჭრო დასახელების მითითების ვალდებულებას არ ითვალისწინებდა და შესაძლებელი იყო მხოლოდ პრეკურსორის დასახელების - მეთილ ეთილ კეტონის მითითება.
18. „პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №304 დადგენილების 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე პრეკურსორების გადაადგილების საბაჟო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური). ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, კი ამ წესის დარღვევით საქართველოს საბაჟო საზღვარზე პრეკურსორის გადაადგილებისას, ასევე, როდესაც ვერ ხერხდება პრეკურსორის იდენტიფიცირება რისკის შეფასების გათვალისწინებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთან (შემდგომში - სააგენტო) შეთანხმებით, საქონელი ექვემდებარება საბაჟო ტერიტორიიდან გატანას (უკან გაბრუნებას) ან განადგურებას იმპორტიორის/ექსპორტიორის ხარჯით.
19. „პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №304 დადგენილებით დგინდება, რომ სსიპ წამლების სააგენტოს მიერ 2019 წლის 30 ოქტომბერს შპს ,,დ.“-ზე გაცემულ წინასწარ შეთანხმების N343/IMP-P/2019 დოკუმენტში პრეკურსორის დასახელების - მეთილ ეთილ კეტონის - Methyl ethyl ketone - უნიკალური კოდი (78-93-3) სწორად არის მითითებული. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ სსიპ წამლების სააგენტოს მიერ 2019 წლის 30 ოქტომბერს გაცემულ წინასწარ შეთანხმების დოკუმენტში N343/IMP-P/2019 დაშვებული იქნა მექანიკური შეცდომა, კერძოდ, ეწერა Cleaning-5100 - 25,6 ლიტრი და Make-up A188-48 ლიტრი და მითითებული უნდა ყოფილიყო Cleaning-5100 - 48 ლიტრი და Make-up A188- 25,6 ლიტრი. შესაბამისად, მექანიკური შეცდომა სავაჭრო დასახელებებში შეეხებოდა მხოლოდ მოცულობას, რაც ასევე დაადასტურა მოსარჩელემ 2019 წლის 12 ნოემბრის N02-20385 განმარტებით ბარათში და რაც გახდა მის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების საფუძველი. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ წინასწარ შეთანხმების N343/IMP-P/2019 დოკუმენტი ხელმოწერილია სააგენტოს უფროსის მიერ. 2019 წლის 14 ნოემბრის N02/575 მომართვით კი, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს 2019 წლის 8 ნოემბრის წერილის პასუხად აცნობა, რომ 2019 წლის 30 ოქტომბერს შპს ,,დ.“-ზე გაცემულ წინასწარ შეთანხმების N343/IMP-P/2019 დოკუმენტში არასწორად იყო მითითებული მეთილ ეთილ კეტონის სავაჭრო დასახელებები. შესაბამისად, უნდა ეხელმძღვანელათ მითითებული ინფორმაციით: Cleaning-5100 - 48 ლიტრი და Make-up A188- 25,6 ლიტრი.
20. ამდენად, ირკვევა, რომ წინასწარ შეთანხმების დოკუმენტში დაშვებული შეცდომა შესწორდა სააგენტოს დირექტორის მიერ, მან სათანადო ფორმით აცნობა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს. იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ დოკუმენტის დაყოვნებით, მითითებულ პერიოდში მოპასუხეს მიადგა ზიანი, საქმეში წარმოდგენილი არ არის. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ წინასწარ შეთანხმების დოკუმენტი ხელმოწერილია სააგენტოს უფროსის მიერ, შესაბამისად, მითითებულ დოკუმენტში დაშვებული შეცდომა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მოსარჩელის ბრალეულ ქმედებად. შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა და საჭიროება საქმის მასალებით არ დგინდება.
21. რაც შეეხება 2020 წლის 10 თებერვლის N02-73/კ ბრძანებას მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანება ბათილია (სსკ-ის 54-ე მუხლი).
22. მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა 2020 წლის 10 თებერვლის მონიტორინგის დეპარტამენტის წამლის ინსპექტირების სამმართველოს უფროსის N02-412 მოხსენებითი ბარათისა და საორგანიზაციო საკითხთა სამმართველოს N02-420 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. შესაბამისად, ბრძანების კანონიერებაზე მსჯელობისას უნდა შეფასდეს მოხსენებით ბარათებში აღნიშნული გარემოებები.
23. 2020 წლის 30 იანვარს სამინისტროს დეს-ში აიტვირთა drugcontrol@moh.gov.ge.- ზე 29.01.2020 წელს შემოსული წერილი, რომელიც ეხებოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სამუშაო შეხვედრაში სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის წამლის ინსპექტირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის მოსარჩელის მიწვევას. იგივე შინაარსის წერილი მოსარჩელემ 28.01.2020 წ. მიიღო პირად ელ.ფოსტაზეც. მოხსენებით ბარათში ნ.შ–ი აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მოწვევის შესახებ ქ.გ–იას მისთვის არ უცნობებია. მითითებული ფაქტის შესახებ მას აცნობა დეპარტამენტის უფროსმა დ.მ–მა, რომელმაც იუსტიციის სამინისტროში დაგეგმილი შეხვედრის და ქ.გ–იას მოწვევის შესახებ გაიგო დეს-ში ატვირთული კორესპონდენციის გაცნობის შედეგად.. მოსარჩელემ დაადასტურა მოწვევის მიღების ფაქტი, როგორც პირად მეილზე, ასევე სამმართველოს მეილზე ....l@moh.gov.ge. მისივე განმარტებით, მან სამმართველოს მეილზე შემოსული წერილი ამობეჭდა და დაარეგისტრირა ჯანდაცვის სამინისტროს კანცელარიაში, რის შემდეგ წერილს მიენიჭა ნომერი (ის ჩანს დეს-ში).
24. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიციას და მიაჩნია, რომ არ დასტურდება მოსარჩელის მიერ დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტი, ვინაიდან მოხსენებით ბარათში ნ.შ–ი თავად ადასტურებს, რომ იუსტიციის სამინისტროში დაგეგმილ შეხვედრაში მოსარჩელის მოწვევის შესახებ მისთვის ცნობილი იყო. დადგენილია, რომ .......@moh.gov.ge. საშუალებით, სააგენტოს და ზოგიერთ შემთხვევაში სააგენტოს დირექტორის სახელის და გვარის გამოყენებით, მიმდინარეობდა მიმოწერა სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფიზიკურ პირებთან.
25. 31.10.2019 მიღებულია შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნ.კ–ძის გადმოგზავნილი ოფიციალური წერილის ასლი თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსადმი. მოპასუხე/აპელანტი აღნიშნავს, რომ დასაქმებულმა არ მოახდინა რეაგირება და თურქეთის რესპუბლიკის წერილზე პასუხი არ იყო გაცემული.
26. მოსარჩელე განმარტავს, რომ 2019 ოქტომბერს (დეს-ში), მოსარჩელეს დაეწერა N136460 (2.10.2019) წერილი შესასრულებლად. წერილში თურქეთის რესპუბლიკის საელჩო ითხოვდა ინფორმაციას. ინფორმაციის დასაზუსტებლად მოსარჩელემ მიმართა ნ.კ–ძეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელმაც მიწერა, რომ იგივე წერილი თურქეთის რესპუბლიკის საელჩოდან მათაც მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში და უკვე გასცეს პასუხი. ის პასუხი, რაც გასცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ თურქეთს, ნ.კ–ძემ გამოაგზავნა. ელ. ფოსტაზე, რაც მოსარჩელემ ამობეჭდა, დაარეგისტრირა სამინისტროს კანცელარიაში და მიენიჭა კანცელარიის ნომერი N152529 (31.10.19). წერილის საფუძველზე მოხდა N136460 წერილის ჩამოწერა (სამინისტროს უკვე ჰქონდა გაგზავნილი წერილი თურქეთის საელჩოზე), რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (წერილით თურქეთის საელჩოს; ნ.კ–ძის წერილის მეილიდან ამონაბეჭდით და ელექტრონული მიმოწერებით).
27. ამასთან, სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ აღნიშნულ წერილზე პასუხის გაცემა მისთვის არ დაუვალებიათ. საწინააღმდეგო გარემოება აპელანტს არ დაუდასტურებია. წერილი ატვირთულია სააგენტოს საქმისწარმოების პროგრამაში, წერილზე ამომწურავად არის პასუხი გაცემული და დამატებით პასუხის გაცემას არ საჭიროებდა. ასევე არ დასტურდება, რომ მოსარჩელის აღნიშნული ქმედებით სააგენტოს მიადგა ზიანი.
28. დადგენილია, რომ 20.11.2019 მიღებულია წერილი კომპანია Kent-Athlone Pharma Group (ლონდონიდან) სს „გეფა“-ზე ნებართვასთან დაკავშირებით. მოსარჩელე განმარტავს, რომ ეს წერილი მას არ მიუღია და არც ინფორმაციას ფლობს, რაც მოპასუხის მიერ ვერ იქნა გაბათილებული.
29. 2019 წლის ნოემბრის თვეში გაგზავნილია მოთხოვნა „I. L. project”-ის სახელზე მ.წ–ას და ქ.გ–იას სამინისტროს და სააგენტოს სახელით დარეგისტრირებასთან დაკავშირებით და მიღებულია თანხმობა მათ რეგისტრაციაზე.
30. მოპასუხე/აპელანტი აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ელ.ფოსტიდან info-დან, ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით გადაგზავნილი იყო რეგულირების სააგენტოს ერთ-ერთ ელ.ფოსტაზე info dagency.-ზე. აღნიშნული გადაეგზავნა მ.წ–ას და ქ.გ–იას, თუმცა, მათ გაეროს ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო კომიტეტში რეგისტრაცია გაიარეს თავისივე მეილიდან, თავიანთი სახელით და არა როგორც სააგენტოს სახელით. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საქმისწარმოების ინსტრუქციის მესამე თავის მიხედვით, სააგენტოს ბრძანებებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს სააგენტოს დირექტორი. კონკრეტული პირების პროექტში ჩართვაზე და თანამშრომელთა მივლინებაზე სააგენტოს ხელმძღვანელის მხრიდან კი, აუცილებელი იყო ბრძანების გამოცემა, რაც მათ არ გაითვალისწინეს.
31. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასწავლო მოდულზე მოსარჩელის პირადი მეილით დარეგისტრირება არ მიუთითებს დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვან შესრულებაზე, ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის INCB მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამა განკუთვნილია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ქვეყნისათვის საჭირო ოდენობების უკეთ განსაზღვრის შესასწავლად. საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერით (ს.ფ. 27) ირკვევა, რომ კომიტეტი იწვევდა ეროვნული კომპეტენტური ორგანოების თანამშრომლებს, რომ დარეგისტრირებულიყვნენ და ესარგებლათ ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის ელექტრონული სასწავლო მოდულებით, რაც მოსარჩელის სწორედ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარეობდა. შესაბამისად, სასწავლო პროგრამის გავლა სწორედ დამსაქმებლის ინტერესებში შედიოდა და არ დგინდება, რა ზიანი მიადგა ამით სააგენტოს.
32. დადგენილია, რომ ფიზიკური პირის T. S. მიერ ფოსტიდან t.....@gmail. com. გამოგზავნილია წერილი და გაგზავნილია პასუხი სააგენტოს სახელით, სილდენაფილის შემოტანაზე. უდავოა, რომ გამოგზავნილია წერილი და პასუხი მოსარჩელის მიერ გაგზავნილია 2019 წლის 18 დეკემბერს სააგენტოს სახელით. მითითებულ დარღვევასთან დაკავშირებით მოსარჩელე განმარტავს, რომ სილდენაფილის საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებით წერილი შეეხებოდა საჯარო ინფორმაციას, რომლის შინაარსი შეთანხმებული იყო სამმართველოს უფროსთან. პირს აინტერესებდა რა კონტროლი იყო გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით ამ წამლის საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებით. მოპასუხე საჯარო ინფორმაციას სადავოდ არ ხდის, თუმცა უთითებს, რომ განცხადება არ იყო დარეგისტრირებული შესაბამისი წესით, არ ჰქონდა მინიჭებული ნომერი, რაც არ შეესაბამებოდა სააგენტოში დამკვიდრებულ პრაქტიკას. მოსარჩელემ საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებული პრაქტიკა უარყო, ხოლო მოპასუხეს იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელეს ევალებოდა მითითებული წერილის, საჯარო ინფორმაციის - შესაბამისი წესით დარეგისტრირება (ნომრის მინიჭება და სხვა) სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
33. 2019 წლის ბოლოს წარმოებს მიმოწერა Department of Narcotic Drugs Control, Directorate for Inspection (ბუდაპეშტი) ნიმუშების გამოგზავნასთან დაკავშირებით, პასუხები გაცემულია სააგენტოს სახელით. ფიქსირდება, ასევე, მიმოწერები Data Development and Dissemination Unit Research and Trend Analysis Branch Division for Policy Analysis and Public Affairs, United Nations Office on Drugs and Crime (ვენა). ,,Office of the Narcotics Commissioner, Central Bureau of Narcotice”- თან (ინდოეთი). ასევე სომხეთის კომპეტენტურ ორგანოსთან, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსთან. გარდა ამისა, ფოსტაზე ....l@moh.gov.ge. ფიქსირდება მიმოწერა კომპანია „ო. ლ.ჯ“-სთან, რომელიც არის პრეკურსორების იმპორტით დაინტერესებული პირი საქართველოში.
34. მოპასუხე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე (დირექტორის და სააგენტოს სახელით) ახორციელებდა მიმოწერებს. მოსარჩელე 2019 წლის ბოლოს უნგრეთის კომპეტენტურ ორგანოსთან და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსთან მიმოწერას არ უარყოფს. წერილის შინაარს მოპასუხე/აპელანტი არ შედავებია. შესაბამისად, არ დგინდება მოსარჩელის მიერ განხორციელებული (დირექტორის და სააგენტოს სახელით) მიმოწერებით სააგენტოსათვის ზიანის მიყენების ფაქტი.
35. რაც შეეხება Data Development and Dissemination Unit Research and Trend Analysis Branch Division for Policy Analysis and Public Affairs, United Nations Office on Drugs and Crime (ვენასთან); ,,Office of the Narcotics Commissioner, Central Bureau of Narcotice”- თან (ინდოეთთან) და „ო.ლ. ჯ“-სთან, მიმოწერებს მოსარჩელისათვის ცნობილი არ არის.
36. სააპელაციო პალატამ გაიაზარა მოსარჩელის მითითება, რომ არ არსებობდა ბრძანება, რომლის საფუძველზეც კონკრეტულ პირს სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაცია ევალებოდა. წერილებს არავინ არ ანაწილებდა, რაც ვერ იქნა გაბათილებული მოპასუხის მიერ.
37. მოხსენებითი ბარათის მიხედვით, რეორგანიზაციის შედეგად სსიპ წამლის სააგენტო გაერთიანდა ნარკოტიკებზე ლეგალურ ბრუნვის სამმართველოსთან, რომელიც რეორგანიზაციამდე არ შედიოდა მისი სამმართველოს დაქვემდებარებაში. შესაბამისად, მისთვის არ იყო ცნობილი სააგენტოს ოფიციალურ ფოსტის ............@moh.gov.ge. ადმინისტრირებასთან დაკავშირებით.
38. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააგენტოს ოფიციალურ ფოსტის .....l@moh.gov.ge. თაობაზე ნ.შ–ისთვის ინფორმაციის არცოდნაზე მოსარჩელეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, ვინაიდან მას ევალებოდა ოფიციალური ფოსტის წარმოების წესების გაცნობა და მოსარჩელისთვის აღნიშნული პასუხისმგებლობის დაკისრება არამართებულია.
39. ნ.შ–ი მოხსენებით ბარათში მიუთითებს, რომ მოკვლევის შედეგად ......l@moh.gov.ge. მეილის პასუხისმგებელ პირად მოსარჩელე არის მითითებული. საქმეში წარმოდგენილი სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 18.03.2020 წლის N02/3759 წერილით ირკვევა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ანალიტიკური დეპარტამენტიდან მოწოდებული ინფორმაციით, სააგენტოს თანამშრომლები: მოსარჩელე და მ.წ–ა 7.11.2013-დან 31.01.2020-მდე იყვნენ პასუხისმგებელი პირები .....@moh.gov.ge. მეილზე, რაშიც იგულისხმება „ელექტრონული მისამართის მომხმარებლისა და პაროლის ფლობა და მართვა“. წერილში ასევე მითითებულია, რომ ......@moh.gov.ge. მეილზე პასუხისმგებელი პირები 7.11.2013 წელიდან განისაზღვრა სააგენტოს ხელმძღვანელობის სიტყვიერი დავალებით და არ არსებობდა სააგენტოს ბრძანება.
40. მოსარჩელის განმარტებით, d.....@moh.gov.ge. მეილი არ არის პირადი მეილი, არამედ არის სამმართველოს მეილი და განკუთვნილია ნარკოტიკების სფეროში დადებული საერთაშორისო კონვენციების შესრულებაზე პასუხისმგებელი კომპეტენტური ორგანოს სათანადო წესით ფუნქციონირებისათვის. წლების მანძილზე სააგენტოს უფროსი და სამმართველოს უფროსი იყვნენ პასუხისმგებელი პირები ამ მეილის ფუნქციონირებაზე.
41. ზეპირი დავალების ფარგლებში მოსარჩელე არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ იგი იყო მეილზე პასუხისმგებელი პირი. მისი მითითებით, აღნიშნული იყო სამმართველოს მეილი, რომლის გამოყენება ხდებოდა სამმართველოში არსებული საჭიროებების მიხედვით. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება და მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წერილებზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს იმას, რომ იგი პასუხისმგებელია ელექტრონული ფოსტის გამოყენებაზე. ერთი მხრივ, პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის პასუხისმგებლობა არ დგინდება, მეორე მხრივ, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა ელექტრონული ფოსტა სამსახურებრივი საჭიროებებისთვის, რაც არ გულისხმობს მისთვის ამ ვალდებულების შესრულებაზე სრული პასუხისმგებლობის დაკისრებას. შესაბამისად, სააპელაციო პალატა დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებს მოსარჩელის სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ საორგანიზაციო საკითხთა სამმართველოს N02-420 მოხსენებითი ბარათში მითითებული მოსარჩელის პასუხისმგებლობის საფუძვლები არ დასტურდება.
42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ 2020 წლის 10 თებერვლის N02-73/კ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლები.
43. რაც შეეხება უფლებრივ რესტიტუციას, სადავო პერიოდში მოქმედი სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის (მოქმედი რედაქციის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტი), სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის, სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსარჩელე სამუშაოზე აღადგინა და აუნაზღაურა იძულებითი განაცდური. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის რამდენიმე შემთხვევა არსებობს. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია მოსარჩელე აღადგინოს სამსახურში იმავე ან ტოლფას პოზიციაზე და აუნაზღაუროს იძულებითი განაცდური ან სამუშაოზე აღდგენის ნაცვლად აუნაზღაუროს კომპენსაცია.
44. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვაკანტური პოზიციის არსებობის დადასტურება მოსარჩელის მტკიცების ტვირთია. შესაბამისად, მან უნდა წარმოადგინოს სათანადო მტკიცებულებები (მაგ: საშტატო ნუსხა), რომელიც დაადასტურებს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელია დასაქმებულის სამსახურში აღდგენა და პოზიცია ვაკანტურია. საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა გამოარკვიოს საკითხი, რათა არ გართულდეს გადაწყვეტილების აღსრულება.
45. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სააგენტოდან საშტატო ნუსხისა და ვაკანტური პოზიციების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 აპრილის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა და სააგენტოდან გამოთხოვილი იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია: 1. 2023 წლის 24 აპრილის მდგომარეობით არსებობს თუ არა ამავე სააგენტოში მონიტორინგის დეპარტამენტის წამლის ინსპექტირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის პოზიცია და არის თუ არა იგი ვაკანტური; 2. 2023 წლის 24 აპრილის მდგომარეობით არსებობს თუ არა ამავე სააგენტოში მონიტორინგის დეპარტამენტის წამლის ინსპექტირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ტოლფასი თანამდებობა და არის თუ არა იგი ვაკანტური; 3. ამავე სააგენტოს საშტატო ნუსხა 2023 წლის 24 აპრილის მდგომარეობით.
46. 2023 წლის 11 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მომართა სააგენტოს წარმომადგენელმა და წარმოადგინა 2023 წლის დებულება, 2023 წლის საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი. საშტატო ნუსხის მონაცემების მიხედვით, მოცემული დროისთვის არ არსებობს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური პოზიცია, სადაც აღდგება მოსარჩელე. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და მის სასარგებლოდ მოპასუხისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და სასამართლომ უნდა იმსჯელოს მოპასუხისთვის კომპენსაციის დაკისრებაზე. მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, კერძოდ, იძულებითი განაცდურის ოდენობის, დასაქმებულის სამუშაო გამოცდილების, ხელფასის ოდენობისა და დასაქმების პერიოდის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელის უფლებებში რესტიტუციის მიზნით მოპასუხეს კომპენსაციის სახით დაეკისროს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი.
47. სააპელაციო სასაამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით, მოითხოვა, რომ გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კომპენსაციის სახით დაკისრებული 50 000 ლარის ნაწილში და კომპენსაციის ოდენობა 102 972 ლარით განსაზღვროს.
48. კასატორის მოთხოვნა დასაბუთებულია იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მოსარჩელისათვის გადასახდელი კომპენსაციის ოდენობა. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადგილი აქვს დამსაქმებელის უკანონო წახალისებას, რადგან დამსაქმებელმა ჯერ მოსარჩელე გაათავისუფლა სამსახურიდან, შემდეგ სასამართლოში დავის მიმდინარეობისას დამალა ის გარემოება, რომ ვაკანტური თანამდებობა არ არსებობს და შემდგომ, სააპელაციო სასართლოს გადაწყვეტილებით ფინანსური სარგებლის მიღების შესაძლებლობა უჩნდება, რადგან შეუძლია არ აღადგინოს მოსარჩელე სამსახურში, არ გადაუხადოს იძულებითი განაცდური და მკვეთრად გაზრდილი ხელფასი და გადაიხადოს კომპენსაციის ის ოდენობა, რომელიც არ აღემატება იძულებით განაცდურს. კასატორს მიაჩნია, რომ თუკი დამსაქმებელი ვერ ახერხებს მოსარჩელის სამსახურში აღდგენას სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების უკანონოდ ცნობის პირობებში, მოსარჩელემ უნდა მიიღოს იმაზე მეტი თანხა, ვიდრე სამუშაოზე აღადგინოს შემთხვევაში, მიიღებდა იძულებითი განაცდურის სახით. მოცემულ შემთხვევაში, იძულებითი განაცდური 50700 ლარი (დაუბეგრავი) გამოდიოდა (1300*39 თვეზე) და აღდგენის შეუძლებლობის გამო, მიყენებული ზიანის ჯამი შეადგენს 102972 ლარს (დაუბეგრავი) (24 თვე, ხელფასი 2178 ლარი -52272 ლარი).
49. კასატორი მოითხოვს სასამართლოს გარეშე ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრებასაც, კერძოდ, მოპასუხეს დაეკისროს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გაწეული ხარჯი 1000 ლარის და საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაწეული ხარჯი - 1000 ლარის ოდენობით.
50. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძვლით (საკასაციო საჩივარი ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია თუ საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
51. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს კომპენსაციის სახით მიკუთვნებული თანხის განსაზღვრის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
52. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
53. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ კასატორმა (მოსარჩელე) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში, (კასატორის პრეტენზია არ შეეხება სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის საკითხს), კერძოდ, კასატორს არაგონივრულად მიიჩნია კომპენსაციის სახით დაკისრებული თანხის ოდენობა და მოითხოვს, რომ კომპენსაციის სახით მოპასუხეს (დამსაქმებელს) დაეკისროს 102 972 ლარის გადახდა, შესაბამისად, საკასაციო პალატა იმსჯელებს მხოლოდ დაკისრებული კომპენსაციის ოდენობის გონივრულობაზე და ამ ნაწილში შეამოწმებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას.
54. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
55. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
56. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
57. საკასაციო პალატა მოიხმობს საქართველოს შრომის კოდექსის ( შემდგომში - სშკ-ი) პირველი მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. ამდენად, ის ურთიერთობები, რომლებიც განსხვავებულად არ არის მოწესრიგებული სპეციალური სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი კანონით, ექცევა სშკ-ის მოქმედების სფეროში (იხ. დამატებით: ლეონიდე ადეიშვილი, დავით კერესელიძე, საქართველოს შრომის კოდექსის პროექტი და კონტინენტური ევროპის ქვეყნების შრომის სამართლის ზოგიერთი ძირითადი პრინციპი, ქართული სამართლის მიმოხილვა 6/2003-1, გვ.10; ზაქარია შველიძე, საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, 2017, გვ.25,26).
58. სშკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (წინამდებარე გადაწყვეტილებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები დავის წარმოშობის პერიოდში მოქმედი რედაქციით), შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
59. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობის ის სახელმძღვანელო პრინციპები, რაც ამ სამართლებრივ ურთიერთობას ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისაგან განასხვავებს. შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი და დასაქმებული (სშკ-ის მე-3 მუხლი), ამასთან, დასაქმებული ეწევა დაქვემდებარებულ საქმიანობას, ასრულებს დამსაქმებლის მითითებას სათანადო ანაზღაურების პირობით. ამ შემთხვევაში, გადამწყვეტია სამუშაო პროცესი, რომელიც ორგანიზებულად წარიმართება დამსაქმებლის მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით (შრომითი ხელშეკრულება, შინაგანაწესი, საკანონმდებლო რეგულაცია და სხვა) (იხ. სუსგ №ას-934-2018, 05.06.2020წ.; №ას-1432-1352-2017, 16.03.2018წ.; №ას-1132-1088-2016, 17.02.2017წ.).
60. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შრომითი ურთიერთობის სწორი სამართლებრივი რეგულაცია წარმოადგენს შრომის უფლების დაცვის გარანტს. შესაბამისად, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის უფლებათა წონასწორობას ემსახურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერი საფუძვლების არსებობა. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონისმიერ რეგულირებას აქვს შემაკავებელი ეფექტი, რომელიც ამ ურთიერთობის მონაწილეებს იცავს თვითნებობისა და სოციალური უსამართლობისაგან.
61. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (შდრ: სუსგ-ები №ას-941-891-2015, 2016 წლის 29 იანვრის განჩინება; №ას-1502-1422-2017, 20 თებერვალი, 2018 წელი, პ-14.4).
62. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფილია შრომის თავისუფალება. შრომის თავისუფლება და სხვასოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება და ძირითადი უფლებების განხორციელების წინაპირობაა. „შრომა თავისუფალია“, რაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო, ასევე, შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება,იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები. კონსტიტუციით დაცულია არა მარტო უფლება, არჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო“ (იხ., საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის გადაწყეტილება საქმეზე გადაწყვეტილება საქმეზე N2/2-389).
63. ვინაიდან საკითხი შეეხება დასაქმებულის კონსტიტუციურ უფლებას - „შრომის უფლება“ [კონსტიტუციის 26-ე მუხლის დისპოზიცია: შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით], დამსაქმებლის მხრიდან ამ უფლების შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს, რომ მიჩნეული იქნეს მართლზომიერად, კერძოდ: შრომის უფლების შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და იყოს პროპორციული. დასახელებული კრიტერიუმებიდან პირველი - „გათვალისწინებული იყოს კანონით“ ნიშნავს იმას, რომ ამ უფლების შეზღუდვა სშკ-ით გათვალისწინებულ კანონიერ საფუძველზე უნდა განხორციელდეს.
64. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა სადავო პერიოდში მოქმედი სშკ-ის 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) მუხლიდან გამომდინარეობს.
65. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება უნდა შემოწმდეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016წ; №ას-861-861-2018, 25.09.2018წ; სუსგ №ას-416-399-2016,29.06.2016წ.). სასამართლო ზედამხედველობის ფარგლებში ყოველთვის უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, რომლებზე დაყრდნობითაც განისაზღვრება დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების მოშლის შესახებ გამოვლენილი ცალმხრივი ნების კანონიერების, თანაზომიერების საკითხი (სუსგ№ას-887-854-2016, 08.02.2019წ.).
66. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის მოთხოვნებს წარმოადგენდა: ა) დასაქმებულისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ 2019 წლის 18 ნოემბრის N02-3/დ ბრძანების ბათილად ცნობა; ბ) დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ 2020 წლის 10 თებერვლის N02-73/კ ბრძანების ბათილად ცნობა; გ) მოსარჩელის აღდგენა სააგენტოში, მონიტორინგის დეპარტამენტის წამლის ინსპექტირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე; გ) სააგენტოსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება, ყოველთვიურად 1300 ლარის ოდენობით (დაუბეგრავი), 2020 წლის 10 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (სამსახურში აღდგენამდე). თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი 2019 წლის 18 ნოემბრის N02-3/დ ბრძანება მოსარჩელისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 2020 წლის 10 თებერვლის ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; მოსარჩელე აღდგენილ იქნა სააგენტოში, მონიტორინგის დეპარტამენტის წამლის ინსპექტირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 1300 ლარის ოდენობით (დაუბეგრავი), 2020 წლის 10 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (სამსახურში აღდგენამდე). თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა სამსახურში აღდგენის ნაწილში და სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაცვლად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) ოდენობით; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით. შესაბამისად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომისა და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ბათილად ცნობის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, ამიტომაც საკასაციო სასამართლო იმსჯელებს კასატორის იმ მოთხოვნაზე, რომელიც შეეხება სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრებაზე უარის თქმის ნაცვლად კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრას.
67. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა უფლებრივი რესტიტუციის ნაწილში ასახულია ამ გადაწყვეტილების პპ:43-46, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იძულებითი განაცდურის ოდენობის, დასაქმებულის სამუშაო გამოცდილების, ხელფასის ოდენობისა და დასაქმების პერიოდის გათვალისწინებით, მოსარჩელის უფლებებში რესტიტუციის მიზნით კომპენსაციის ოდენობა უნდა განისაზღვროს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარით. აღნიშნულს არ ეთანხმება კასატორი და მიაჩნია, რომ თუკი დამსაქმებელი ვერ ახერხებს მოსარჩელის სამსახურში აღდგენას, სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების უკანონოდ ცნობის პირობებში, მოსარჩელემ უნდა მიიღოს იმაზე მეტი თანხა, ვიდრე სამუშაოზე აღდგენის შემთხვევაში მიიღებდა იძულებითი განაცდურის სახით. მოცემულ შემთხვევაში, იძულებითი განაცდური 50700 ლარი (დაუბეგრავი) გამოდიოდა (1300*39 თვეზე) და აღდგენის შეუძლებლობის გამო, მიყენებული ზიანის ჯამი შეადგენს 102972 ლარს (დაუბეგრავი) (24 თვე, ხელფასი 2178 ლარი -52272 ლარი).
68. კასატორი მიუთითებს, სააპელაციო სასამართლომ კონპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ კასატორი გახლავთ 57 წლის. მასთან დადებული იყო უვადო შრომის ხელშეკრულება და 18 წლის განმავლობაში პირნათლად ასრულებდა უკიდურესად სპეციფიკურ საქმეს - ნარკოტიკული ნივთიერებების/პრეკუსორების კონტროლს. იმ პირობებში, როდესაც დამსაქმებელმა დამალა აღდგენის შეუძლებლობის ფაქტი, მოსარჩელემ იცოდა, რომ უნდა დაბრუნებულიყო სამსახურში, ხოლო ახალ სამსახურის მოძიებას კი დრო ჭირდება. ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა მოხდა არამართლზომიერად, რამაც მოსარჩელე მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობამდე მიიყვანა. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტიც, რომ მოსარჩელეს საპენსიო ასაკამდე დარჩენილი აქვს 3 წელი, ასევე მისი მეუღლე გახლავთ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და არცერთი მათგანი არ არის დასაქმებული (იხ. საკასაციო საჩივარი).
69. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ შედეგებს ადგენს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი (კანონის მოქმედი რედაქციით 48-ე მუხლი), რომლის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მოხმობილი ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, კანონმდებელი ითვალისწინებს დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის სამ საშუალებას, რომლებიც თანმიმდევრობით უნდა შეამოწმოს სასამართლომ (შდრ: სუსგ №ას-1210-2018, 15 თებერვალი, 2019 წ.). „ერთ-ერთ საქმეზე, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ როდესაც უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებული შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და უფლებებში აღდგენას ითხოვს, სასამართლომ თავად უნდა შეაფასოს მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის საუკეთესო გზა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით, კერძოდ, თუ მოსარჩელის ინტერესი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენაა, სასამართლომ დასაქმებულისა და დამსაქმებლის ორმხრივი პატივსადები ინტერესების დაცვით უნდა შეამოწმოს მითითებული მოთხოვნის საფუძვლიანობა და დაკმაყოფილების მიზანშეწონილობა. პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის მოთხოვნა საფუძვლიანია, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონოა, თუმცა, აღნიშნული ავტომატურად არ იწვევს დასაქმებულის პირვანდელ მდგომარეობის აღდგენას, ვინაიდან, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია მხარეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, მისი აღსრულების შესაძლებლობასა და ეფექტიანობაზე“ (იხ. სუსგ №ას-792-2019, 18 თებერვალი, 2021წ; საქმე №ას-1209-2021, 11 მარტი, 2022 წ.).
70. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სშკ-ი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის ჩანაწერი (არსებული რედაქციის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილი), სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, მიიღოს კომპენსაციის დაკისრების გადაწყვეტილება როგორც სამსახურში აღდგენის ალტერნატივა და საკმარისი რესტიტუცია. ასევე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1982 წლის N158 კონვენცის „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ მე-10 მუხლი ადგენს, „თუ კომპენტენტური ორგანოები დაასკვნიან, რომ შრომითი ურთიერთბის შეწყვეტა მოხდა არაკანონიერად და თუ სამსახურში აღდგენა არ არის შესაძლებელი, ეს ორგანოები უფლებამოსილნი უნდა იყვნენ, რომ დააკისრონ დამსაქმებელს ადეკვატური კომპენსაცია“. კომპენსაცია, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავდეს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონო დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონო დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა, ხელშეკრულების ვადა და ა.შ. (სუსგ №ას-1209-2021, 11 მარტი, 2022).
71. კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში, დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან. კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომაც, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და კომპენსაციის ოდენობამ უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა, რითაც კომპენსაცია განსხვავდება ზიანის ანაზღაურებისას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისგან (იხ. სუსგ-ები №ას-1208-2018, 18 თებერვალი, 2021 წ; №ას-727-680-2017, 15 სექტემბერი,2017 წ; №ას-353-338-2016, 03 მაისი,2016წ.).
72. კომპენსაციის ოდენობა ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ხორციელდება (იხ. სუსგ-ები: №ას-552-2023, 20 ივნისი, 2023 წ; №ას-146-2013, 11 აპრილი, 2023წ; №ას-1203-2022, 23 დეკემბერი, 2023 წ;).
73. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს სამართლიანი ბალანსის აღდგენას გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მხარეებს ხანგრძლივი შრომითი ურთიერთობა აკავშირებდათ; შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო განუსაზღვრელი ვადით და ამ კონტექსტით, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებით მიღებული მორალური წნეხის სიმძიმეს; მოსარჩელის გათავისუფლებიდან დავის საბოლოო გადაწყვეტამდე განვლილ ხანგრძლივ პერიოდს; საქართველოში შრომის ბაზარზე არსებულ მწვავე გამოწვევებს და, მიიჩნევს, რომ კომპენსაციის სამართლიანი და გონივრული ოდენობა 60 000 ლარით (დაბეგრილი, ხელზე ასაღები) უნდა განისაზღვროს. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის - 60 000 ლარის (დაბეგრილი, ხელზე ასაღები) გადახდა (შდრ. სუსგ-ები: №ას-1203-2022, 23 დეკემბერი, 2022 წ; №ას-980-2022, 28 თებერვალი, 2023 წ;).
74. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, რაც მისი გაუქმების საფუძველია, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ხოლო სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის ნაწილობრივი გაუქმებით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება და მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის - 60 000 ლარის (დაბეგრილი, ხელზე ასაღები) გადახდა.
75. საკასაციო პალატის მიერ საპროცესო ხარჯების განაწილება:
76. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
77. კასატორი მოითხოვს სასამართლოს გარეშე ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრებასაც, კერძოდ, მოპასუხეს დაეკისროს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გაწეული ხარჯი 1000 ლარი, ასევე საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაწეული ხარჯი - 1000 ლარის ოდენობით.
78. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გაწეული ხარჯის ანაზღაურების საკითხზე ნამსჯელი აქვს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში და ამ ნაწილში, არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, კერძოდ, დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) შუამდგომლობდა აპელანტისთვის იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრებას 1000 ლარის ოდენობით და სასამართლოსგარეშე ხარჯის დაკისრებას. სააპელაციო პალატამ იურიდიული მომსახურების ხარჯი მოწინააღმდეგე მხარეს (მოსარჩელე) აუნაზღაურა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ასევე სანოტარო წესით მინდობილობის შედგენაზე გაწეული ხარჯი - 26,24 ლარი.
79. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას საკასაციო ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის მომსახურებაზე გაწეული 1000 ლარის ოდენობით ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების შესახებ, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
80. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V-ე თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. სსსკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
81. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის მეორე მხარისათვის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის წესი მოცემულია სსსკ-ის 53-ე მუხლში. ნორმის პირველი ნაწილის დანაწესით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ისა. ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვნ ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთბელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულეობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. აღსანიშნავია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება წარმომადგენლის ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვ. (შდრ: სუსგ №ას-818-784-2016, 02 ნოემბერი, 2016 წ; №ას-279-2023, 18 მაისი, 2023 წ.). №ას-882-203, 12 სექტემბერი, 2023 წ.). გაწეული საადვოკატო ხარჯის დაკისრებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქმის სირთულით, სასამართლო სხდომებში მონაწილეობისათვის დახარჯული დროის, წარმოდგენილი მოსაზრებებისა თუ მტკიცებულებების სიმრავლით და სხვა ამგვარი გარემოებებით, რაც მეორე მხარისათვის დასაკისრებელი საადვოკატო ხარჯის გონივრულობას განაპირობებს (შდრ: სუსგ №ას-1125-2019, 31 ოქტომბერი, 2019).
82. მხარეებს არ უნდა შეეზღუდოთ პროცესის ხარჯების მოთხოვნის უფლება საქმის მომზადების დასრულების შემდგომ, ან საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, თუკი ხარჯების საკითხი სწორედ საქმის განხილვის ამ სტადიაზე წარმოიშვა და მანამდე მხარისთვის ამ ფაქტის შესახებ ობიექტურად ცნობილი ვერ იქნებოდა“ (იხ. სუსგ-ები: №ას-165-158-2013, 27 იანვარი, 2014 წ; №ას-279-2023, 18 მაისი, 2023 წ;) მხარეებს მათთვის კანონმდებლობით გარანტირებული გასაჩივრების უფლების ხელშეწყობისათვის უნდა შეექმნას ყველა წინაპირობა, მათ შორის საპროცესო სამართლებრივი თვალსაზრისით და ფინანსური ხარჯების ნაწილშიც. (შდრ: სუსგ №ას-936-886-2015, 15 ივლისი, 2016 წ.).
83. იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს (მოპასუხე) უნდა დაეკისროს კასატორის სასარგებლოდ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე ადვოკატისათვის გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით.
84. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე კასატორი კომპენსაციის მოთხოვნის ნაწილში გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
85. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
86. ვინაიდან საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკამყოფილდა, სსსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეს საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 500 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გადაწყვიტა:
1. ქ.გ–იას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ქ.გ–იას სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაცია - 60 000 (სამოცი ათასი) ლარის ოდენობით (დაბეგრილი).
3. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
4. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 500 ლარის გადახდა;
5. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ქ.გ–იას სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ეკატერინე გასიტაშვილი