Facebook Twitter

საქმე №ას-1105-2023 13 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ.მ–ძე (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში - მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.მ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების საკუთრებაში აღრიცხვა, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დადებულად ცნობა (ძირითად სარჩელში), უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ნ.მ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.მ–ძის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი 2019 წლის 22 ივლისს მხარეთა შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დადგინდეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების ფაქტი, სადაც სესხის თანხაა 60 000 ლარი, ხოლო მოსარჩელე აღირიცხოს ქ. ბათუმში, .......... მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ .........) მესაკუთრედ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, სადავო უძრავი ნივთი ერიცხებოდა საკუთრებაში. დის დასახმარებლად და მის სასარგებლოდ მან მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან აიღო სესხი, რომლის დასაფარად მოგვიანებით თანხა ისესხა კერძო პირისაგან.

3. მოსარჩელეს ჰყავს სმენადაქვეითებული მშობლები. ისინი ცხოვრობენ სადავო საცხოვრებელ ბინაში. იმ მიზნით, რომ მშობლები არ დარჩენილიყვნენ უბინაოდ, მოსარჩელე დაუკავშირდა მაკლერს ქალაქ თბილისში, რომლის საშუალებითაც გენერალური მინდობილობა გაუკეთა დას და უძრავი ქონების გაყიდვის/იპოთეკით დატვირთვის უფლება მიანიჭა.

4. აღნიშნული მაკლერის საშუალებით მოსარჩელე დაუკავშირდა მოპასუხეს, რომელიც დასთანხმდა ფული გასესხებაზე იმ პირობით, რომ მსესხებელი საკუთრებაში გადაუფორმებდა უძრავ ქონებას, გამოსყიდვის უფლებით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დადებდნენ ხელშეკრულებას 60 000 ლარის ოდენობით სესხის აღების მიზნით (თვეში 4%-იანი სარგებლით), სესხის ვადა განისაზღვრა 7 თვით, 2020 წლის 22 თებერვლის ჩათვლით.

5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში მაკლერმა შეადგინა ნასყიდობის ხელშეკრულება, მაგრამ მოსარჩელის დას განუმარტა, რომ ეს იყო ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ნასყიდობის თანხა განისაზღვრა 75 000 ლარით, სადაც სესხი იყო 60 000 ლარი, ხოლო 15 000 ლარი - 6 თვის სარგებელი. 2020 წლის თებერვალში მოპასუხემ მოსთხოვა მოსარჩელეს სესხის დაბრუნება ან უძრავი ქონების გამოთავისუფლება.

6. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ნასყიდობა წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას. მხარეებს შორის სინამდვილეში დაიდო არა ნასყიდობის, არამედ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. აღნიშნული დასტურდება რამდენიმე გარემოებით: 1. ნასყიდობის საგანი არის გაცილებით მეტი ღირებულების, ვიდრე ეს ხელშეკრულებაში დაფიქსირდა; 2. საცხოვრებელ ბინაში ცხოვრობენ მოსარჩელის სმენადაქვეითებული მშობლები და, ამ გარემოების გათვალისწინებით, მხარე გამორიცხავს ერთადერთი საცხოვრისის გაყიდვის ალბათობას; 3. სესხის ხელშეკრულების გაფორმების მიზანი იყო მოსარჩელის დის სასესხო ვალდებულებების გასტუმრება და არა უძრავი ქონების გასხვისება; 4. მოსარჩელე დღემდე ცხოვრობს სადავო უძრავ ქონებაში და მესაკუთრეს სასამართლო დავის დაწყებამდე მისი გადაცემა არ მოუთხოვია.

მოპასუხის პოზიცია:

7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, ასევე შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოსარჩელის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ. მან მიუთითა, რომ მხარეებს შორის ნამდვილად შედგა სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. მოპასუხემ საცხოვრებელი ბინა იყიდა ბანკიდან აღებული სესხის საფუძველზე საცხოვრებლად. გარიგების დადების დროს გამყიდველი - მოსარჩელე ინფორმირებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობებზე. მოპასუხის მეუღლემ ნასყიდობის ფასის ნაწილი - 42805 ლარი გადაიხადა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მოსარჩელის დის ვალდებულების დაფარვის მიზნით, რაც უდავოდ დგინდება სალაროს შემოსავლის ორდერით. ნასყიდობის თანხის დარჩენილი ნაწილი კი გადაეცა გამყიდველს.

8. მოპასუხემ მიიჩნია, რომ გარიგების ბათილად ცნობის არავითარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. სადავო უძრავი ქონება მის კანონიერ საკუთრებაში გადავიდა ნამდვილი გარიგების საფუძველზე, ხოლო მოსარჩელე მას ფლობს არამართლზომიერად, კანონიერი საფუძვლის გარეშე. ეს გარემობა ზიანს აყენებს მოპასუხეს, ვინაიდან, დღემდე ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში და იხდის ქირას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოპასუხეს, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 ივლისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი იყო ხარვეზიანი, არ შეიცავდა განმარტებას იმის თაობაზე, თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა; მითითებას გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს, სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებული არ იყო სააპელაციო საჩივრის ფასი და სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, გადახდილი არ იყო შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი, წარმოდგენილი არ იყო სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია შესრულებული word-ის ფაილში CD დისკის სახით.

12. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2023 წლის 20 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს დაევალა, განჩინების გადაცემიდან 10 დღის ვადაში, ხარვეზის შევსების მიზნით, წარედგინა: ა) დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი იმდენი ასლის ოდენობით, რამდენი მხარეც მონაწილეობს საქმეში, სადაც მითითებული იქნებოდა, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობა, კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი, მითითებას გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს, მიეთითებინა სააპელაციო საჩივრის ფასი, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა; ბ) სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟის თანხა, დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა და არაუმეტეს 5000 ლარისა, ჩაერიცხა შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300183150 და ამავე ვადაში (10 დღე) წარმოედგინა სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედნის სახით); გ) წარმოედგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია შესრულებული word-ის ფაილში CD დისკის სახით.

13. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა ხარვეზის შევსებისათვის ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა. აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა განჩინების ასლის აპელანტისათვის ჩაბარებიდან 20 დღით. მასვე განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

14. საქმეზე წარმოდგენილი სასამართლოს გზავნილით ირკვევა, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განჩინება აპელანტს ნ.მ–ძეს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე ქ. ბათუმში, ........ №27 ბინაში და 2023 წლის 31 მაისს ჩაბარდა წარმომადგენელს - ნ.დ–ძეს.

15. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განჩინების შესაბამისად, აპელანტს ხარვეზის შევსებისათვის ვადა ჰქონდა 2023 წლის 20 ივნისის 24:00 საათამდე, რაც არ შეუვსია.

16. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 372-ე, 374-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება მოსარჩელეს გაეგზავნა და ჩაბარდა წარმომადგენელ ნ.დ–ძეს ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, თუმცა აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

18. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ 2023 წლის 10 აგვისტოს ჩაიბარა განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რაც მისთვის მოულოდნელი იყო, რადგან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა განესაზღვრა აპელანტის და მისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მშობლების ბედი, რომლებიც წარმოადგენენ მეორე ჯგუფის ინვალიდებს (ყრუ-მუნჯი).

19. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება გამიგზავნა აპელანტის მისამართზე და ჩაბარდა წარმომადგენელს ნ.დ–ძეს. აპელანტი მიუთითებს, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგძელების შესახებ განჩინების ჩაბარების შესახებ მისთვის არ იყო ცნობილი, რადგან ჩაბარება არ მომხდარა დადგენილი წესით (იხ. კერძო საჩივარი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

20. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

21. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონშესაბამისობა.

22. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

23. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

24. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 დღის ვადაში მისი გამოსწორება, კანონით დადგენილი წესით შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა, დავის საგნის ღირებულების 4%-ის გათვალისწინებით (იხ. ს.ფ.256-261).

25. 2023 წლის 18 აპრილს აპელანტმა განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას და განმარტა, რომ მის წარმომადგენელს ნ.დ–ძეს არ აქვს სამოქალაქო საქმეში მონაწილეობის გაგრძელების უფლება, შესაბამისად, ესაჭიროება ახალი წარმომადგენლის მოძიება. აღნიშნული საფუძვლით მხარემ ითხოვა ხარვეზის ვადის გაგრძელება 20 დღით (იხ. ს.ფ. 295).

26. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 აპრილის განჩინებით, აპელანტის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის 20 დღით გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტმა მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ მის წარმომადგენელს ნ.დ–ძეს არა აქვს სამოქალაქო საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლება, ამიტომაც ესაჭიროება ახალი წარმომადგენლის მოძიება და ამისთვის სჭირდება დრო. სააპელაციო პალატა გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და მიიჩნია, რომ აპელანტის შუამდგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე უნდა დაკამყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებაში მითითებული გარემოებები იძლევა საკმარის საფუძველს ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გაგრძელებისათვის, რის გამოც აპელანტის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და აპელანტს გაუგრძელდეს ხარვეზის შევსების ვადა ამ განჩინების ასლის სააპელაციო საჩივრის ავტორისათვის ჩაბარებიდან 20 დღით (იხ. ს.ფ. 298).

27. მითითებული განჩინება გაეგზავნა აპელანტს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე ქ. ბათუმი, ......., რომელიც ადრესატს ვერ ჩაბარდა (იხ. ს.ფ 303-305).

28. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების დოკუმენტით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განჩინება 2023 წლის 31 მაისს ჩაბარდა ადვოკატ ნ.დ–ძეს, თუმცა საფოსტო ჩაბარების დასტურში მისამართად ფიქსირდება აპელანტის მიერ მითითებული მისამართი (იხ. ს.ფ 306).

29. საქმეში განთავსებულია შპს „ს.კ.ს–ის“ 29.06.2023 წლით დათარიღებული შეტყობინების ბარათი გზავნილების ჩაბარების შესახებ, სადაც მითითებულია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის განჩინება აპელანტ - ნ.მ–ძეს, მცხოვრები ბათუმი, .........., ვერ ჩაბარდა, რადგან მისამართზე არავინ იყო (იხ. ს.ფ.309).

30. მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისაგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით. აღნიშნული პრინციპი იმასაც გულისხმობს, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესხებ (იხ. Dilipak and Karakaya v Turkey, no. 7942/05 და 24838/05, 04/03/2014, § 77). თუ სასამართლო დოკუმენტები, მათ შორის სასამართლო სხდომის უწყებები მხარეს არ ჩაბარდა, მაშინ მას შეიძლება ხელი შეეშალოს სამართალწარმოების პროცესში საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში (იხ. Ozgur-Karaduman v Germany, no. 4769/02, 26/06/2007; Weber v Germany, no. 30203/03, 02/10/2007; Zavodnik v Slovenia, no.53723/13, 21/05.2015, § 70).

31. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს

32. დასახელებული ნორმა მხარისათვის ჩაბარებულად მიიჩნევს სასამართლოს გზავნილს იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საპროცესო დოკუმენტები გადაეცემა უშუალოდ მოდავე პირს და მაშინაც, თუ ისინი ჩაბარდა მის უფლებამოსილ წარმომადგენელს.

33. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სწრაფი, ეკონომიური და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება როგორც სასამართლო ხელისუფლების, ისე სამართალწარმოების მონაწილე პირთა პასუხისმგებლობაა და საამისოდ ყველა ლეგიტიმური შესაძლებლობის გამოყენებაა საჭირო, რაც თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორობას საქმის განხილვის ყველა ეტაპზე და ხელს შეუწყობს სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების არიდებას. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებულია პრინციპი, რომლის თანახმად მხარეებს (ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს), შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში როგორც პირადად, აგრეთვე წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლო წარმომადგენლობა დაიშვება უკლებლივ ყველა საქმეზე, რომელიც სასამართლოს ექვემდებარება უწყებრივად ( სსსკ-ის 93-ე მუხლი).

34. სსკ-ის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადვოკატის უფლებამოსილება დასტურდება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით (იხ. სუსგ №ას-1614-1608-2011, 21 მაისი, 2012 წ; №ას-517-2021, 17 დეკემბერი, 2021, პ.34; №ას-1226-2019, 23 დეკემბერი, 2019 წელი, პ.23;).

35. ამდენად, მხარის კანონიერი ინტერესების დაცვა სასამართლოში ხორციელდება კანონით დადგენილი წესით შედგენილი მინდობილობის ან ორდერის საფუძველზე, თუმცა კანონმდებელი აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მოსარგებლე პირთათვის, კერძოდ, სსსკ-ის 440-ე მუხლის თანახმად, პირებს, რომლებსაც არ გაუვლიათ ადვოკატთა ტესტირება და არ არიან გაწევრიანებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალებათ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლებისა – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე.

36. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 4-ე და 8-ე ნაწილებს, კეძოდ, ადვოკატების სპეციალიზაცია ხდება სამოქალაქო სამართლის და სისხლის სამართლის დარგებში. ადვოკატს, რომელსაც ჩაბარებული აქვს ადვოკატთა გამოცდა სპეციალიზაციის მიხედვით, უფლება ეძლევა საადვოკატო საქმიანობა შესაბამის დარგში განახორციელოს.

37. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო პალატის 2023 წლის 27 აპრილის განჩინება ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს, რომელსაც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სამოქალაქო წესით მიმდინარე საქმის წარმოებაში მონაწილეობის მიღებისა და მხარის სახელით საპროცესო მოქმედებების შესრულების უფლება არ გააჩნდა შემდეგ გარემოებათა გამო:

38. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარს ხელს აწერს მხოლოდ აპელანტი (იხ. ს.ფ.242). აპელანტმა ხარვეზის შევსების შესახებ ვადის გაგრძელების შესახებ 2023 წლის 18 აპრილის შუამდგომლობაში მიუთითა, რომ მის წარმომადგენელ ნ.დ–ძეს არ აქვს სამოქალაქო საქმეში მონაწილეობის გაგრძელების უფლება, შესაბამისად, ესაჭიროება ახალი წარმომადგენლის მოძიება. აღნიშნული საფუძვლით მხარემ ითხოვა ხარვეზის ვადის გაგრძელება 20 დღით (იხ. ს.ფ. 295). საკასაციო სასამართლოს მიერ ადვოკატთა ერთიან სიაში გადამოწმების შედეგადაც დასტურდება აპელანტის მითითება, რომ, მართალია ნ.დ–ძე ირიცხება ადვოკატთა ერთიან სიაში, თუმცა გააჩნია მხოლოდ სისხლის სამართლის სპეციალიზაცია და დამატებითი სპეციალიზაცია - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება. ამდენად, გასაზიარებელია კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ ნ.დ–ძე ვერ განახორციელებდა წარმომადგენელობით უფლებამოსილებას სააპელაციო სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე.

39. სააპელაციო სასამართლომ 2023 წლის 27 აპრილის განჩინებაში ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ, სრულად გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ აპელანტის წარმომადგენელს ნ.დ–ძეს არა აქვს სამოქალაქო საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლება, ამიტომაც აპელანტს ესაჭიროება ახალი წარმომადგენლის მოძიება და ამისთვის სჭირდება დრო. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებაში მითითებული გარემოებები იძლევა საკმარის საფუძველს ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გაგრძელებისათვის, რის გამოც აპელანტის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და აპელანტს გაუგრძელდეს ხარვეზის შევსების ვადა ამ განჩინების ასლის სააპელაციო საჩივრის ავტორისათვის ჩაბარებიდან 20 დღით (იხ. ს.ფ. 298).

40. აღნიშნულის მიუხედავად სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განჩინება ხარვეზის ვადის გარძელების შესახებ, 2013 წლის 31 მაისს ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს - ნ.დ–ძეს (იხ. ს.ფ. 306).

41. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტის წარმომადგენელს კანონით შეზღუდული ჰქონდა სააპელაციო სასამართლოში სამოქალაქო წესით განსახილველ საქმეებში წარმომადგენელობითი უფლებამოსილების განხორციელება, რის შესახებაც აპელანტმა შეატყობინა სასამართლოს და რაც გაზიარებული იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის ვადის გარძელების შესახებ 2023 წლის 27 აპრილის განჩინებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა აპელანტის არაუფლებამოსილი წარმომადგენლისათვის 2023 წლის 31 მაისს ჩაბარების მომენტიდან, არასწორად აითვალა.

42. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კი უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სააპელაციო სასამართლოს მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.მ–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივლისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე