Facebook Twitter

საქმე №ა-4569-2023 3 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ეკატერინე გასიტაშვილი, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – მ.ფ–ის კანონისმიერი მემკვიდრე მ.ღ–ძე

განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1991 წლის 16 ივლისის №3/26 გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1991 წლის 16 ივლისის №3/26 გადაწყვეტილებით: 1. ზ.გ. ძე დ–ძის სარჩელი მოპასუხეების: მ.გ. ასული ფ–ის და თ.გ. ძე ფ–ის მიმართ, მესამე პირი - ლ.ა. ასული მ–ი, სახლის ყიდვა-გაყიდვის შესახებ ხელშეკრულებების დადებულად ცნობის თაობაზე, უსაფუძლობის გამო არ დაკმაყოფილდა; 2. აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა: მოპასუხე მ.გ. ასულ ფ–ს მოსარჩელე ზ.გ. ძე დ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 92 000 მანეთის გადახდა, ხოლო მოსარჩელე ზ.გ. ძე დ–ძეს დაევალა, რომ გამოანთავისუფლოს და ჩააბაროს მოპასუხე მ.გ. ასულ ფ–ს ქ. თბილისში, ......... არსებული საცხოვრებელი სახლის მეორე სართული და სარდაფ-სართულის 28,50 კვ. მეტრის ფართი N1 სათავსო. 3. მოსარჩელე ზ.გ. ძე დ–ძეს დარჩა უფლება ცალკე სარჩელით იდავოს სახლის რემონტზე დახარჯული თანხების ანაზღაურების თაობაზე.

2010 წლის 14 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მიმართა მ.ფ–მა და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების იმ ნაწილზე სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა, რომლითაც ზ.დ–ძეს მის სასარგებლოდ დაევალა ქმედების განხორციელება. საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 9 მარტის სხდომაზე მ.ფ–მა დააზუსტა მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 9 მარტის განჩინებით მ.ფ–ის მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2023 წლის 17 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა მ.ფ–ის კანონისმიერმა მემკვიდრემ (შვილმა) - მ.ღ–ძემ და მოითხოვა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1991 წლის 16 ივლისის №3/26 გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა. მან ასევე წარმოადგინა 2013 წლის 29 ოქტომბერს გაცემული №131138181 სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც მ.ღ–ძემ, როგორც მ.ფ–ის პირველმა რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ სრულად მიიღო მ.ფ–ის სამკვიდრო ქონება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 13 ივლისის განჩინებით მ.ფ–ის კანონისმიერი მემვიდრე მ.ღ–ძის განცხადება, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1991 წლის 16 ივლისის №3/26 გადაწყვეტილებაზე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ( იხ. სუსგ №ას-2551-23, 13 ივლისი, 2023 წ.).

2023 წლის 11 სექტემბერს მ.ფ–ის კანონისმიერმა მემვიდრე მ.ღ–ძემ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასმაართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1991 წლის 16 ივლისის N3/26 გადაწყვეტილებაზე, სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა. განცხადებას დართული აქვს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2010 წლის 06 მარტს გაცემული ცნობა №01/10-02-2525, სადაც აღნიშნულია, რომ უზენაესი სასამართლოს 1991 წლის 16 ივლისის N3/26 გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, ვერ იქნა მოძიებული, ვინაიდან 1991 წლის მონაცემები თბილისის სააღსრულებო ბიუროს არ გააჩნია. აქვე გაცნობებთ, რომ დღეის მდგომარეობით თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმდინარე საქმეებში ზ/აღნიშნულ საქმეზე წარმოება არ მიმდინარეობს. (იხ. განცხადება).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ 2023 წლის 26 სექტემბერს გამართულ ზეპირ სხდომაზე მოისმინა განმცხადებლის ახსნა-განმარტება, შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნევს, რომ მ.ფ–ის კანონისმიერი მეკვიდრე მ.ღ–ძის განცხადება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1991 წლის 16 ივლისის №3/26 გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობა სამართლებრივი წესრიგის განმტკიცებასა და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნდამენტური წინაპირობაა. მართლმსაჯულების ეფექტურობა დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, სამართლიან და დროულ სამართალწარმოებაში პოვებს გამოხატულებას. (იხ. დამატებით: შმიტი შ., რიჰტერი ჰ., მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), თბილისი,2013, გვ. 3.; Beck’sche Kurz-Kommentare Zivilprozessordnung mit Gerichtsverfassungsgesetz und anderen Nebengesetzen. Begründet von Dr. A. Baumbach, Professor Dr. W. Lauterbach, Dr. J. Albers, Dr. P. Hartmann, 75.Aufl, 2016. Vorb. §704, 2046. ).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, არ შემოიფარგლება მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის, სასამართლოს პროცესის სრულყოფილად და კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისი პროცედურებით წარმართვის ან/და ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების უფლებით, რადგან როგორი სწრაფიც არ უნდა იყოს მართლმსაჯულება, როგორი სამართლიანი და კანონიერიც არ უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილება, მართლმსაჯულების მიზნები და ამოცანები განუხორციელებელი რჩება, თუ არ მოხდება გადაწყვეტილების აღსრულება.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ “სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება”. (იხ. „შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი no 28537/02, 27.09.2005; „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი no. 40765/02, 28.11.2006; „დადიანი და მაჩაბელი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი no.8252/08, 12.06.2012; Burdov v. Russia, no. 59498/00, 4.09.2002, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , 19.03.1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510; Romashov v. Ukraine, no. 67534/01, 27 July 2004; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, 03.12.2009, §129; Antonetto v. Italy, no. 15918/89, 20.07.2000, §28; Kryshchuk v. Ukraine, no. 1811/06, 19.02. 2009; Kosmidis and Kosmidou v. Greece, no. 32141/04, 8.11.2007; Rompoti and Rompotis v. Greece, no. 14263/04, 25.01. 2007; ).

შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტიანი აღსრულების შესაძლებლობა სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტია.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმისთვის, რომ პირმა სრულყოფილად ისარგებლოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით, სახელმწიფო ვალდებულია, შეიმუშაოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაბამისი პროცედურები/რეგულაციები, რომლებიც თანაბრად დაიცავს აღსრულების პროცესში მონაწილე ყველა მხარის უფლებებს ან/და კანონიერ ინტერესებს“. სასამართლოსადმი მიმართვა არ იქნება სრულყოფილი უფლებადაცვითი საშუალება, თუ პირს არ ექნება სათანადო საკანონმდებლო გარანტიები, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება დროულად და ჯეროვნად აღსრულდება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/2/596 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნ.ყ–ძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). „ყოველგვარი აზრი ეკარგება უფლების, მით უფრო - დარღვეული უფლების ნებისმიერ დონეზე აღიარებას, თუკი არ მოხდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის №1/14/184,228 გადაწყვეტილება საქმეზე „სააქციო საზოგადოებები – „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ (ყოფილი „თბილგაზოაპარატი“) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით უზრუნველყოფილია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ეფექტიანი, ქმედითი აღსრულებაც, რაც პირის უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტიაა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ი) მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს (იხ. სუსგ №ას-842-1056-08, 16 ივნისი, 2020 წ., პ. 6).

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელს გადაწყვეტილების გამომტანი ორგანო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადასცემს კრედიტორს. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი ამკვიდრებს რა სამართლიანი სასამართლოს პრინციპს, იგი არა მხოლოდ საქმის სამართლიანი განხილვის, არამედ, ამ განხილვის შედეგად მოპოვებული უფლების რეალიზაციასაც მოიცავს. ამავე კონვენციის მე-13 მუხლით რეგულირებულია ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის უფლება, რომელიც აღიარებულ ძირითად უფლებასთან, მათ შორის მე-6 მუხლთან შესაბამისობაში შემოწმებას ექვემდებარება და თუკი გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე დაირღვა კრედიტორის ინტერესები, მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გაუმართლებლად მიიჩნევა (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-684-638-2017, 07.07.2017წ. ).

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში ორგანოს, რომელმაც გასცა პირველი ეგზემპლარი, შეუძლია გასცეს დუბლიკატი. ( შდრ: სუსგ №ა-3082-შ-78-2016, 23 დეკემბერი, 2021 წ; №ა-5220-ა-6-2018, 30 დეკემბერი, 2020 წ.).

სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის სპეციალური წესის შემოღება განაპირობა კრედიტორის უფლებამ, იძულებითი აღსრულების დაწყებამდე, სააღსრულებო ფურცლის დედნის დაკარგვის შემთხვევაში მიიღოს სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი, რომელიც იმავე იურიდიული ძალის მატარებელია, როგორისაც დედანი და დუბლიკატის წარდგენით მოითხოვოს აღსრულების დაწყება. ისეთ ვითარებაში, როდესაც სააღსრულებო ფურცლის დედანი უკვე სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია, აღარ არსებობს მისი განმეორებით გაცემის წინაპირობა (შდრ: სუსგ-ები: №ას-11-11-2014, 05 მაისი, 2014 წ;№ას-170-170-2018, 02 მარტი, 2018 წ.).

სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი გაიცემა მხოლოდ დედანის დაკარგვის შემთხვევაში. სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი შინაარსობრივად უნდა ემთხვეოდეს დედანს და მას ისეთივე იურიდიული ძალა აქვს, როგორც დაკარგულ სააღსრულებო ფურცელს( დედანი) გააჩნდა. სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი გაიცემა კრედიტორის განცხადების საფუძველზე. განცხადების შეტანა კრედიტორის უფლებამონაცვლესაც შეუძლია. განცხადება შეტანილი უნდა იქნეს გადწყვეტილების გამომტან სასამართლოში. სასამართლო განჩინებით დააკმაყოფილებს კრედიტორის განცხადებას ან უარს იტყვის მის დაკმაყოფილებაზე. ( იხ. შალვა ქურდაძე, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის კომენტარი, მუხლი 23, თბილისი, 2018 წ., გვ.240-243.).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ესაა კანონით დადგენილი წესით საქმის განხილვის შედეგად სასამართლოს მიერ მიღებული მართლმსაჯულების აქტი, რომელიც პასუხობს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და რომლითაც საქმე არსებითად წყდება. „ნებისმიერი სასამართლო გადაწყვეტილება არის მართლმსაჯულების აქტი, რომლის მეშვეობითაც წესრიგდება მოდავე მხარეებს შორის სამართლებრივი ურთირთობები. გადაწყვეტილება სასამართლო საქმიანობის საბოლოო პროდუქტად მიიჩნევა“. (იხ. მ.სულხანიშვილი, სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც საპროცესო დოკუმენტი და მისი გასაჩივრების ფორმები მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, „მართლმსაჯულება და კანონი“ № 4(47), 2015, გვ.19.).

სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც მართლმსაჯულების აქტის დანიშნულებაა მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა შორის დავების გადაწყვეტა. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ესაა გადაწყვეტილების თვისება, რომელსაც იგი იძენს გარკვეული, კანონით ზუსტად განსაზღვრული პირობების საფუძველზე. ( იხ. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, თბილისი, 2005, გვ. 377).

საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ფუნქციური დატვირთვით ქვეყნის სახელით გამოტანილი მართლმსაჯულების აქტია, რომლის უმთავრესი ამოცანა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის რეალურად არსებობაა. სასამართლო გადაწყვეტილება, ობიექტური და სუბიექტური ფარგლების გათვალისწინებით, კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, სავალდებულოა მოდავე მხარეთათვის.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერი ძალის სუბიექტური ფარგლები გულისხმობს იმ პირთა წრის განსაზღვრას, რომლებზედაც ვრცელდება გადაწყვეტილების კანონიერი ძალა (მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საქმის განხილვაში მონაწილეობა წარმოადგენს მხარეებზე და მესამე პირებზე დამოუკიდებელი მოთხოვნით გადაწყვეტილების კანონიერი ძალის მოქმედების გავრცელების სავალდებულო პირობას.( იხ.: თ. ლილუაშვილი; გ. ლილუაშვილი; ვ. ხრუსტალი; ზ. ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, II ნაწილი, თბილისი, 2023, გვ. 197).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით.

საპროცესო უფლებამონაცვლეობა – ესაა მხარეების და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა მთლიანად ეფუძნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში. უფლებამონაცვლეობის საფუძველია არა საქმიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა (იხ. დამატებით: ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, 2005, 137.).

სსსკ-ის 92-ე მუხლის მიხედვით, უფლებამონაცვლეობა დასაშვებია პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, კერძოდ, სარჩელის წარმოებაში მიღებიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე, გადაწყვეტილების გამოტანიდან მის კანონიერ ძალაში შესვლამდე და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან მის აღსრულებამდე. თუ უფლებამონაცვლეობა წარმოიშვა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ -აღსრულების სტადიაზე, მაშინ მის მიმართ გადაწყვეტილების აღსრულების საკითხები შეიძლება მოგვარდეს გადაწყვეტილების განმარტების წესით ( სსსკ-ის 262-ე მუხლი) . (იხ. დამატებით: თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, თბილისი, 2005 წ, გვ. 386).

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ.გ. ძე დ–ძე გარდაიცვალა 1995 წელს. ( იხ. სუსგ № ას-1512-1427-2012, 01 დეკემბერი, 2014 წ).

საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, როგორც განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2010 წლის 9 მარტის განჩინებით დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1991 წლის 16 ივლისის N3/26 გადაწყვეტილებაზე თავის დროზე სააღსრულებო ფურცელი გაცემულია. აღნიშნულს ადასტურებს, საქმის მასალებში არსებული, მ.ფ–ის მიერ წარდგენილი იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 8.03.2010წ. წერილი, ასევე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს წევრის ვ. ხრუსტალის 29.07.1991 წლის წერილი, რომლიდანაც ჩანს, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1991 წლის 16 ივლისის №3/26 გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი თავის დროზე გაიგზავნა აღსასრულებლად. 1991 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით დამთავრებულ საქმეზე განხილვის საგანი იყო ზ.გ. ძე დ–ძის საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლება. ნივთის უკანონო მფლობელობა, რაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აღნიშნული გადაწყვეტილევბით დადასტურებულია ზ.გ. ძე დ–ძის მიმართ, ავტომატურად დადასტურებულად ვერ ჩაითვლება ზ.ნ. ძე დ–ძის მიმართაც და ვერ განაპირობებს მის საპროცესო უფლებამონაცვლედ მიჩნევას, რამდენადაც ეს უკანასკნელი სამართლებრივი საფუძვლით ფლობს თუ არა სადავო ფართს, ცალკე შემოწმების საგანია. განმცხადებელი სააღსრულებო ფურცლის გაცემას ითხოვდა ზ.ნ. ძე დ–ძისა და მისი თანმხლები პირების მიმართ. გადაწყვეტილება გამოტანილი კი იყო ზ.გ. ძე დ–ძის მიმართ და ზ.ნ. ძე დ–ძის საპროცესო უფლებამონაცვლეობა საქმის მასალებით არ დასტურდებოდა. რაც შეეხება ზ.ნ. ძე დ–ძის თანმხლები პირების მითითებას სააღსრულებო ფურცელში, საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ 1991 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ზ.გ. ძე დ–ძის გარდა სხვა პირების მიერ რაიმე ვალდებულების შესრულება არ განსაზღვრულა (ტომი 6, ს.ფ. 58-62). ( იხ. სუსგ №ას-161-868-03, 09 მარტი, 2010 წ.).

საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას გაამახვილებს ‘სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 84-ე მუხლის დანაწესზეც, კერძოდ, 1. სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეზე, როდესაც აღსასრულებელი გადაწყვეტილება ითვალისწინებს უძრავი ქონების კრედიტორის მფლობელობაში და სარგებლობაში გადაცემას ან/და უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლებას (გამოყვანას), აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კრედიტორისათვის გადაცემას. 2. სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონებიდან მოვალის და მასთან მყოფი პირების გამოსახლება (გამოყვანა) ხდება მათ კუთვნილ მოძრავ ქონებასთან ერთად. 3. აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით აბარებს მოვალეს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც აღინიშნება: ა) გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა – 10 კალენდარული დღე; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოსახლების (გამოყვანის) იძულების წესით განხორციელების შესახებ; გ) სააღსრულებო მოქმედების დღეს მოვალის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში გამოსახლების (გამოყვანის) მის დაუსწრებლად, იძულების წესით განხორციელების შესახებ; დ) იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) თარიღი და დრო.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1991 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ზ.გ. ძე დ–ძეს დაევალა, რომ გამოანთავისუფლოს და ჩააბაროს მ.გ. ასულ ფ–ს ქ. თბილისში, ნუცუბიძის ქუჩა N199-ში არსებული საცხოვრებელი სახლის მეორე სართული და სარდაფ-სართულის 28,50 კვ. მეტრის ფართი №1 სათავსო. 1991 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ზ.გ. ძე დ–ძის გარდა სხვა პირების მიერ რაიმე ვალდებულების შესრულება არ განსაზღვრულა (ტომი 6, ს.ფ. 58-62). ( იხ. სუსგ №ას-161-868-03, 09 მარტი, 2010 წ.). საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ.გ. ძე დ–ძე გარდაიცვალა 1995 წელს. ( იხ. სუსგ № ას-1512-1427-2012, 01 დეკემბერი, 2014 წ).

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 24-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი (დუბლიკატი) შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა.

განმცხადებლის მიერ არ არის წარმოდგენილი რელევანტური მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, თუ ვინ წარმოადგენენ ზ.გ. ძე დ–ძის (გარდაცვლილი მოვალის) უფლებამონაცვლეებს.

შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ.ფ–ის კანონისმიერი მემკვიდრე მ.ღ–ძის მოთხოვნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1991 წლის 16 ივლისის №3/26 გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 23-24-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ფ–ის კანონისმიერი მემკვიდრის მ.ღ–ძის განცხადება, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1991 წლის 16 ივლისის №3/26 გადაწყვეტილებაზე, სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

ვლადიმერ კაკაბაძე