Facebook Twitter

საქმე №ას-480-2023 20 სექტემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა.ს–ვა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ.ჯ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სესხის თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა.ს–ვამ (შემდეგში: მოსარჩელე ან კასატორი) სარჩელი აღძრა შპს „ნ.ჯ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე კომპანია ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, რომლითაც მოითხოვა 44 995 აშშ დოლარის და 53 835 ლარის, ასევე, პირგასამტეხლოს სახით 2020 წლის 01 იანვრიდან 44 995 აშშ დოლარის და 3150 ლარის 0.5%-ის (224.97 აშშ დოლარი და 15.75 ლარი) გადახდის დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. სარჩელის მიხედვით, მოსარჩელემ მოპასუხეს უნაღდო ანგარიშსწორებით სხვადასხვა დროს ასესხა თანხა, კერძოდ: 21.12.2015 წელს - 13995 აშშ დოლარი; 13.01.2016 წელს - 11900 აშშ დოლარი; 27.01.2016 წელს - 1100 აშშ დოლარი; 29.02.2016 წელს - 3000 აშშ დოლარი; 21.03.2016 წელს - 5000 აშშ დოლარი; 21.03.2016 წელს - 10 000 აშშ დოლარი; 01.05.2017 წელს - 3150 ლარი. საერთო ჯამში, თანხამ შეადგინა 44995 აშშ დოლარი და 3150 ლარი. თანხა ჩაირიცხა უშუალოდ მოპასუხე კომპანიის საბანკო ანგარიშზე, რაც დასტურდება წარმოდგენილი სს ,,ტ–ის“ საგადახდო დავალებების ქვითრებით.

3. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხე კომპანიისათვის ნასესხები თანხა აღიარებულია მოპასუხე კომპანიის 18.03.2016 წლის საგარანტიო წერილით შედგენილი რუსულ ენაზე, რაც ნათარგმნია ქართულ ენაზე და დამოწმებულია სანოტარო წესით, რომლის თანახმად, მოპასუხე კომპანიის გენერალურმა დირექტორმა დაადასტურა მოსარჩელისაგან 30 000 აშშ დოლარის სესხად მიღება და მოითხოვა სესხის გაზრდა 15000 აშშ დოლარით. შესაბამისად, მოსარჩელეს დაკმაყოფილებული აქვს მოპასუხის მოთხოვნა და 21.03.2016 წელს მოპასუხისათვის ჩარიცხული აქვს - 5000 აშშ დოლარი და 10000 აშშ დოლარი. 30.05.2017 წლის საგარანტიო წერილით მოპასუხეს აღიარებული აქვს მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანება 45 000 აშშ დოლარის და 3150 ლარის მოცულობის და აღებული აქვს ვალდებულება სესხის დაფარვაზე 2019 წლის 31 დეკემბრამდე. საგარანტიო წერილი შედგენილია რუსულ ენაზე, რაც ნათარგმნია ქართულ ენაზე და დამოწმებულია სანოტარო წესით. მხარეებს შორის ასევე 31.12.2019 წელს შედგენილია შედარების აქტი, რომლის თანახმად დაჯამებულია მოპასუხე კომპანიისთვის ნასესხები, საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხა, რაც შეადგენს 44 995 აშშ დოლარს და 3150 ლარს. შედარების აქტი შედგენილია ქართულ და რუსულ ენაზე. 05.06.2020 წლის მოპასუხე კომპანიის წერილით ასევე აღიარებულია ხსენებული დავალიანება მოსარჩელის მიმართ. ამასთან, მოპასუხე კომპანიას კიდევ გადაწეული აქვს სესხის თანხის გადახდის ვადა, რომლის თანახმადაც სესხი სრულად უნდა დაფარულიყო 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით, თუმცა, მოპასუხე კომპანიამ სესხი მოსარჩელეს არ დაუბრუნა.

4. მოსარჩელის განმარტებით, 16.06.2020 წელს მოახდინა სს ,,ტ–ში“ მოპასუხე კომპანიის სესხზე - 15980.86 ლარის და 34 704.14 ლარის გადახდა, რაც საერთო ჯამში შეადგენს 50685 ლარს. ხსენებული თანხა მოსარჩელის მიერ ჩარიცხულია უშუალოდ სს ,,ტ–ში“, მოპასუხე კომპანიის სესხის თანხის ნაწილის - პროცენტის დასაფარად, რაც დასტურდება თანხის გადახდის ქვითრებით.

5. მოსარჩელის მიერ მოპასუხე კომპანიისათვის ნასესხები თანხა აღიარებულია მოპასუხე კომპანიის 26.06.2020 წლის საგარანტიო წერილით, რომლის თანახმად მოპასუხე კომპანიას მოსარჩელის მიმართ აღებული აქვს ვალდებულება 50 685 ლარის დაბრუნებაზე 2020 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით, თუმცა მოპასუხე კომპანიამ მოსარჩელეს სესხი არ დაუბრუნა.

6. ამასთან, მოსარჩელე წარმოადგენდა მოპასუხე კომპანიის თავდებს იპოთეკურ სესხზე სს ,,ტ–ში“, რაზეც მოახდინა - 50685 ლარის გადახდა. მოპასუხემ, მოსარჩელეს რადგანაც დათქმულ დროში არ გადაუხადა ნასესხები თანხა, მოსარჩელემ 30.10.2020 წელს გამარტივებული სააღსრულებო წარმოებით მიმართა აღსრულების ბიუროს - განცხადებით დავალიანების გადახდევინების შესახებ, წარუდგინა ზემოხსენებული დოკუმენტები და მოითხოვა მოპასუხის მიმართ გადახდის ბრძანების გამოცემა არსებულ დავალიანებაზე - სესხის თანხაზე 44 995 აშშ დოლარზე და 3150 ლარზე, თუმცა, როგორც აღსრულების ბიუროს 2020 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ირკვევა, მოსარჩელეს უარი ეთქვა დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე, რომლის შინაარსიდან ირკვევა, რომ მოპასუხეს გამოთქმული აქვს პროტესტი გადახდის ბრძანების გამოცემაზე.

7. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ რადგანაც დათქმულ დროში არ გადაიხადა ნასესხები თანხა - 50 685 ლარი, მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა მოპასუხე კომპანიის იპოთეკურ სესხზე სს ,,ტ–ში“. ამის გამო, მოსარჩელემ 01.12.2020 წელს გამარტივებული სააღსრულებო წარმოებით მიმართა აღსრულების ბიუროს - განცხადებით დავალიანების გადახდევინების შესახებ, წარუდგინა ზემოხსენებული დოკუმენტები და მოითხოვა მოპასუხის მიმართ გადახდის ბრძანების გამოცემა არსებულ დავალიანებაზე - 50 685 ლარზე, თუმცა როგორც აღსრულების ბიუროს 2020 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ირკვევა, მოსარჩელეს უარი ეთქვა დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე, რომლის შინაარსიდან ირკვევა, რომ მოპასუხეს გამოთქმული აქვს პროტესტი გადახდის ბრძანების გამოცემაზე.

8. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველ შესაგებელში სარჩელი არ ცნო და სადავო გახადა მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა. მოპასუხემ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სესხის ხელშეკრულება. მოპასუხის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი საგადახდო დავალებები ადასტურებს არა თანხის გასესხების ფაქტს, არამედ იმას, რომ მოსარჩელემ ყოველგვარი ვადის დარღვევით შეასრულა 2013 წლის 09 დეკემბრისა და 2015 წლის 04 ივლისის პარტნიორთა კრებებით ნაკისრი ვალდებულებების მცირედი ნაწილი, რაც მითითებული იყო როგორც უშუალოდ პარტნიორთა კრებებში, ისე თავად გადახდის დანიშნულებებში.

9. მოპასუხის მოსაზრებით, საინტერესოა რატომ არ იქნა აღნიშნული დოკუმენტები/დავალიანებების თაობაზე ინფორმაცია წარმოდგენილი და ასახული კრედიტორული დავალიანებების ნუსხაში, რომელიც მოსარჩელემ წარადგინა აღსრულების ეროვნულ ბიუროში, მაშინ, როდესაც მიმდინარეობდა მოპასუხე კომპანიის აუქციონზე იძულების წესით გასხვისების პროცედურები. მიმდინარე აუქციონზე მოსარჩელემ წარადგინა მოპასუხე კომპანიის შეფასების დასკვნა, სადაც ასახულია კომპანიის, როგორც კრედიტორული, ასევე დებიტორული დავალიანებების ნუსხა. ამავე დასკვნის 21-ე გვერდზე მითითებულ კრედიტორულ დავალიანებებში არ არის ასახული კომპანიის ის ვალდებულებები, რომელზედაც პრეტენზიას ამყარებს მოსარჩელე. ხოლო „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლით პირდაპირ განსაზღვრულია, რომ „აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია დაავალდებულოს მოვალე, წარმოადგინოს თავისი ქონების ნუსხა და ინფორმაცია ამ ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ. ქონების ნუსხაში მოვალემ უნდა მიუთითოს აგრეთვე მესამე პირის მიმართ თავისი მოთხოვნის საფუძველი და მტკიცებულებები. ქონების ნუსხაში უნდა აღინიშნოს ასევე ის ქონება, რომლის მოთხოვნის უფლებაც აქვს მას მესამე პირის მიმართ“. ამასთან, ამავე კანონის მე-4 პუნქტით განსაზღვრულია, რომ „თუ მოვალე აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში არ წარუდგენს ქონების ნუსხას, ან უარს ამბობს წერილობითი გარანტიის მიცემაზე, ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეგნებულად წარუდგენს არასწორ ინფორმაციას, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“. მოპასუხე მიიჩნევს, რომ შეუძლებელია მოსარჩელეს მითითებული დოკუმენტის/დავალიანებების ნუსხის წარდგენისას გამორჩენოდა ვალდებულებები, რომელიც კომპანიას „თურმე“ გააჩნდა მის მიმართ. მოსარჩელეს სურს სესხად წარმოაჩინოს სადავო თანხა.

10. მოპასუხემ აღნიშნა, რომ კომპანიას ფაქტობრივად ფლობდნენ დები - ა.ს–ვა მოპასუხე კომპანიის დირექტორი და კომპანიის 100% წილის მფლობელი და ასევე, მოპასუხე კომპანიის დირექტორი ა.ს–ვა. მათ წინასწარი შეთანხმებით მოპასუხე კომპანიის სახელით ერთმანეთს შორის გააფორმეს ე.წ შედარების აქტები (აღნიშნული დაუმალეს მოპასუხე კომპანიას), ასევე თაღლითური სქემით მოხდა არარსებული ვალის აღიარება. დები წინასწარ შეთანხმდნენ, რომ ზემოაღნიშნული ფიქტიური ვალის აღიარების შეთანხმებები და სხვა დოკუმენეტები არ წარედგინათ სააღსრულებო ბიუროსთვის, რათა, შემდგომში იძულებით აუქციონზე გაყიდვისას მოპასუხე კომპანიის ახალ კეთილსინდისიერ მყიდველს და შესაბამისად, მოპასუხე კომპანიას მოსთხოვდნენ უკანონოდ თანხას.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის შესახებ.

13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

14. 2013 წლის 6 დეკემბერს შპს ,,ს.ც.ნ–ას“ პარტნიორმა გ.გ–ამ 2013 წლის 6 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაყიდა, ხოლო მოსარჩელემ, რომელიც ამ ხელშეკრულებაში მოხსენიებულია როგორც მყიდველი იყიდა, შპს ,,ს.ც.ნ–ას“ კაპიტალში გ.გ–ას კუთვნილი წილიდან 100%-დან 50%. ნასყიდობის საგანი გაიყიდა ნომინალური ღირებულებით - 1000 ლარად. მხარეთა განცხადებით, მყიდველი გამყიდველს ნასყიდობის საგნის ფასს გადასცემს ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურების შემდეგ.

15. შპს ,,ს.ც.ნ–ას“ 2013 წლის 9 დეკემბრის პარტნიორთა კრებას ესწრებოდა ორივე პარტნიორი: დამფუძნებელი: გ.გ–ა და მოსარჩელე. კრების თავმჯდომარე იყო გ.გ–ა. დღის წესრიგი განისაზღვრა შემდეგნაირად: შპს ,,ს.ც.ნ–ას“ კაპიტალის გაზრდა; საზოგადოების სადამკვირვებლო საბჭოს არჩევა; საზოგადოების წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება; საზოგადოების დირექტორის დანიშვნა. პარტნიორ-დამფუძნებლებმა ერთხმად მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება: პარტნიორისა და წილის 50%-ის მფლობელის მოსარჩელის მიერ საზოგადოების კაპიტალში 1 000 000 აშშ დოლარის ოდენობით ფულადი შენატანის საფუძველზე, განხორციელდეს კაპიტალის გაზრდა და საზოგადოების გაზრდილი კაპიტალი განისაზღვროს - 1 001 175 აშშ დოლარის ოდენობით; პარტნიორისა და წილის 50%-ის მფლობელის მოსარჩელის მიერ საზოგადოების კაპიტალის ფაქტიური შევსება განხორციელდეს ეტაპობრივად, შემდეგი გრაფიკისა და მიზნობრივი დანიშნულების თანახმად: 350000 აშშ დოლარი - 4 თვიან ვადაში წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან. მიზნობრივი დანიშნულება: საზოგადოების დავალიანების ნაწილის დაფარვა სს ,,კ.ს.ბ–ში“; 250 000 აშშ დოლარი - 8 თვიან ვადაში წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან. მიზნობრივი დანიშნულება: საზოგადოების საგადასახადო დავალიანების, ხელფასისა და საზოგადოების სხვა მიმდინარე დავალიანებების დაფარვა; 400 000 აშშ დოლარი - 12 თვიან ვადაში წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან. მიზნობრივი დანიშნულება: საზოგადოების სრული დავალიანების დაფარვა სს ,,კ.ს.ბ–ში“ და/ან საზოგადოების კუთვნილ მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) მიმდებარედ განლაგებული ონკოლოგიური ცენტრის მშენებლობის დაფინანსება. საზოგადოების პარტნიორების წერილობითი თანხმობით შენატანების ვადები და მიზნობრივი დანიშნულება შეიძლება შეიცვალოს. ამავდროულად, პარტნიორები თანხმდებიან, რომ 50/50 პარიტეტის პრინციპი დაცული იქნება საზოგადოების კუთვნილ მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) მიმდებარედ განლაგებული ონკოლოგიური ცენტრის მშენებლობისას და მოგების შემდგომი განაწილებისას.

16. შპს ,,ს.ც.ნ–ის“ 2015 წლის 4 ივლისის დამფუძნებელთა კრების მიერ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება: 1. 2014-15 წლების მანძილზე მომხდარი ეროვნული ვალუტის 30%-იანი დევალვაციისა და საბანკო საკრედიტო ანგარიშის (ოდენობით 1 050 000 აშშ დოლარი სს ,,კ.ს.ბ–ში“) ლარში არშემდგარი რეფინანსირების შედეგად გაზრდილი საკრედიტო ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით გაიზარდოს საწესდებო კაპიტალი, 50% წილის მფლობელი პარტნიორის მოსარჩელის მიერ 850 000 აშშ დოლარის ოდენობით. 2. ზემოხსენებული თანხის ოდენობიდან - 800 000 აშშ დოლარი საწესდებო კაპიტალში შეტანილ იქნა კრების ჩატარების მომენტში, ხოლო დარჩენილი - 50 000 აშშ დოლარი ეკვივალენტი ლარში 112 400 ლარი შეტანილი იქნება 2015 წლის 1 აგვისტომდე, შემდეგი მიზნობრიობით: 12000 აშშ დოლარით მოხდეს სს ,,კ.ს.ბ–ის“ მიმართ საკრედიტო დავალიანების ნაწილის დაფარვა; 25 000 აშშ დოლარი გაიხარჯოს კომპანიის შენობის მეორე სართულზე სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად. 13 000 აშშ დოლარით მოხდეს კომპანიისთვის ავტომატიზირებული ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნა.

17. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 აგვისტოს განჩინებით შპს ,,ს.ც.ნ–ას“ და სს ,,კ.ს.ბ–ს“ შორის დამტკიცდა მორიგება, კერძოდ, ბანკმა შეამცირა დავალიანების ოდენობა, ხოლო მოპასუხე დაეთანხმა შემცირებული დავალიანების გადახდის გრაფიკის შესაბამისად. განჩინების მიხედვით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოვალეს (კლინიკა), 2015 წლის 06 აგვისტოს მდგომარეობით გააჩნია საკრედიტო დავალიანება - 1 151 031.36 აშშ დოლარის ოდენობით, რომლიდანაც, ძირი თანხა შეადგენს - 1 050 827.50 აშშ დოლარი; პროცენტი - 50 663.25 აშშ დოლარი; ხოლო ჯარიმა - 49540.61 აშშ დოლარი. მხარეები თანახმა არიან, რომ ბანკმა შეამციროს დავალიანებაზე დარიცხული ჯარიმა სრულად და მორიგებულ თანხად განისაზღვროს - 1 101 490.75 აშშ დოლარი. იმავდროულად შეიცვალოს კრედიტის ვალუტა აშშ დოლარი ქართული ლარით და შემდგომი დაფარვები განხორციელდეს ეროვნულ ვალუტაში. შესაბამისად, მხარეთა მორიგების გამო შეწყდა სამოქალაქო საქმის წარმოება.

18. 21.12.2015 წლის საბანკო ქვითრის თანახმად, მოსარჩელის მიერ მოპასუხე კომპანიის ანგარიშზე 13 995 აშშ დოლარის ჩარიცხვის დანიშნულებაში მითითებულია: „ნაშთის გადატანა“. თანხა ჩაირიცხა სს „კ.ს.ბ–ში“ შპს „ნ.ჯ–ი“-ს ანგარიშზე. 13.01.2016 წლის საბანკო ქვითრის თანახმად, მოსარჩელის მიერ მოპასუხე კომპანიის ანგარიშზე 11 900 აშშ დოლარის ჩარიცხვის დანიშნულებაში მითითებულია: „FOR BUSINESS TRIP”, რაც ნიშნავს „საქმიანი მოგზაურობისთვის“. 27.01.2016 წლის საბანკო ქვითრის თანახმად, მოსარჩელის მიერ მოპასუხე კომპანიის ანგარიშზე 1 100 აშშ დოლარის ჩარიცხვის დანიშნულებაში მითითებულია: „increase of basic capital”, რაც ნიშნავს „საწესდებო კაპიტალის გაზრდას“. 29.02.2016 წლის საბანკო ქვითრის თანახმად, ა.ს–ვას მიერ შპს „ნ.ჯ–ის‘’ ანგარიშზე განხორციელებულია 3 000 აშშ დოლარის შეტანა, გადახდის დანიშნულებაში კი მითითებულია: „BALANCE TRANSFER”, რაც ნიშნავს „ნაშთის გადატანას“. 21.03.2016 წლის საბანკო ქვითრის თანახმად, ა.ს–ვას მიერ შპს „ნ.ჯ–ის‘’ ანგარიშზე განხორციელებულ იქნა 5 000 აშშ დოლარის შეტანა, გადახდის დანიშნულებაში მითითებულია: „BALANCE TRANSFER”, რაც ნიშნავს „ნაშთის გადატანას“. 21.03.2016 წლის საბანკო ქვითრის თანახმად, ა.ს–ვას მიერ შპს „ნ.ჯ–ი“-ს ანგარიშზე 10 000 აშშ დოლარის ჩარიცხვის დანიშნულებაში მითითებულია: „letter from 19.03.2016”, რაც ნიშნავს „19.03.2016-ის წერილი“. თანხა ჩაირიცხა სს „კ.ს.ბ–ში“ შპს „ნ.ჯ–ი“-ს ანგარიშზე. 01.05.2017 წლის საბანკო ქვითრის თანახმად, ა.ს–ვას მიერ შპს „ნ.ჯ–ი“-ს ანგარიშზე 3 150 ლარის ჩარიცხვის დანიშნულებაში მითითებულია „temporary financial assistancefrom the founder Salybekova Aiguli”, რაც ნიშნავს „მიმდინარე ფინანსურ დახმარებას დამფუძნებელ ა.ს–ვას მხრიდან“.

19. 2016 წლის 10 მაისის შპს ,,ს.ც.ნ–ას“ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით: საზოგადოების დამფუძნებელ-პარტნიორებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი, ერთხმად (ხმების 100%-ით) მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება: მოწონებული და დამოწმებული იქნას გ.გ–ას კუთვნილი ,,საზოგადოების“ კაპიტალში 50% წილის მიყიდვა მოსარჩელისათვის პირობებით, რომლებიც დათქმულია წილის ნასყიდობის ხელშეკრულებაში, რომლის პროექტიც თან ერთვის პარტნიორთა კრების წინამდებარე გადაწყვეტილებას. წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შედეგად მოსარჩელე გახდება ,,საზოგადოების“ კაპიტალში 100% წილის მესაკუთრე.

20. 2016 წლის 10 მაისის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ერთი მხრივ, გ.გ–ა (შემდგომში წილის გამსხვისებელი) და მეორე მხრივ, მოსარჩელე წარმოდგენილი მისი მინდობილი პირის ა.ს–ვას მიერ (შემდგომში ,,წილის შემძენი“) თანხმდებიან შემდეგზე: ,,წილის გამსხვისებელმა“ მისი კუთვნილი წილი 50%-ის ოდენობით მიჰყიდა ,,წილის შემძენს“ 300 000 აშშ დოლარად, გადახდის შემდეგი წესით: 100 000 აშშ დოლარის გადახდა განხორციელდება 2016 წლის 16 მაისამდე; 100 000 აშშ დოლარის გადახდა განხორციელდება 2016 წლის 29 ივნისამდე; 100 000 აშშ დოლარის გადახდა განხორციელდება 2016 წლის 16 აგვისტომდე.

21. 2016 წლის 19 მაისის შპს ,,ს.ც.ნ–ას“ ერთადერთი პარტნიორ - დამფუძნებლის მოსარჩელის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ იგი იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს საზოგადოება მიზნობრივი სესხით საბრუნავი (სამუშაო) კაპიტალის შევსების მიზნით - 500 000 ლარამდე 2016 წლის 31 დეკემბრამდე; სესხის დაფარვის ვადა 12 თვე - 2017 წლის 31 დეკემბრამდე.

22. გ.გ–ას მიერ 2016 წლის 18 მარტს შედგენილ საგარანტიო წერილში აღნიშნულია, რომ შპს ,,ს.ც.ნ–ა“ წარმოდგენილი მისი გენერალური დირექტორი და პარტნიორი 50%-იანი წილით გ.გ–ას სახით ადასტურებს, რომ მიიღო სესხი 30 000 აშშ დოლარი ა.ო. ასულ ს–გან, რომელიც უნდა დაბრუნდეს ა.ს–ვას საბანკო ანგარიშზე სს ,,კ.ს.ბ–ში“, ან საბანკო ანგარიშზე რომელსაც ის მიუთითებს ელექტრონული ფოსტით ან სკაიპით. საგარანტიო წერილის თანახმად, გ.გ–ა ითხოვს გაიზარდოს სესხის თანხა 15 000 აშშ დოლარით, შპს ,,ს.ც.ნ–ა“ იღებს ვალდებულებას დააბრუნოს სესხი 45 000 აშშ დოლარის ოდენობით არაუგვიანეს 2016 წლის 16 ივნისამდე.

23. გ.გ–ას 2020 წლის 15 დეკემბრის ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 18 მარტის საგარანტიო წერილი არის ფიქტიური, რადგან მას რაიმე სესხი და დავალიანება არ გააჩნდა მოსარჩელის მიმართ. საგარანტიო წერილის შედგენა განხორციელდა მისივე მოთხოვნის საფუძველზე. რადგან უთხრა, რომ ყაზახეთში სჭირდებოდა წარსადგენად, რათა კომპანიაში შემოეტანა თანხა 2016 წლის 9 დეკემბრის ,,პარტნიორთა შეთანხმების“ ვალდებულების შესასრულებლად, რომლის სანაცვლოდ მან მიიღო შპს ,,ნ.ჯ“-ის 50%-იანი წილი.

24. დადგენილია, რომ მოსარჩელე და ა.ს–ვა არიან დები.

25. ა.ს–ვას 2017 წლის 30 მაისის საგარანტიო წერილის თანახმად, რომელიც დაწერილია მოსარჩელის სახელზე დგინდება, რომ შპს ,,ს.ც.ნ–ამ“ აიღო ვალდებულება გადაეხადა მიღებული სესხი - 45 000 აშშ დოლარი 16.06.2016 წლამდე ვადაში. თუმცა, კომპანიაში შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, თქვენს წინაშე არსებული ვალდებულება არ იქნა შესრულებული მითითებულ ვადაში და არსებულით იძლეოდა გარანტიას გადმოერიცხა მიღებული ფულადი სახსრები 45 000 აშშ დოლარის ოდენობით სესხის სახით 2016 წლის 30 მარტამდე პერიოდში, ასევე დამატებით მიღებული ფულადი სახსრები სესხის სახით 2016 წლის 01 მაისიდან 2017 წლის 30 მაისამდე 3150 ლარის ოდენობით საბანკო ანგარიშზე 2019 წლის 31 დეკემბრამდე კომპანიის შემოსავლებიდან. წერილის ავტორი ასევე იძლეოდა გარანტიას გადაეხადა პირგასამტეხლო ვალის თანხიდან 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არსებული ვალდებულების ვადაში არშესრულების შემთხვევაში.

26. 2018 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ შპს ,,ს.ც.ნ–ის“ 100%-იანი წილის მფლობელმა - მოსარჩელემ მიიღო გადაწყვეტილება მეორე დირექტორის დანიშვნაზე ა.ს–ვას სახით. მანვე მიიღო გადაწყვეტილება კომპანიის სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით. შპს ,,ს.ც.ნ–ის“ სახელწოდებად განისაზღვრა შპს ,,ნ.ჯ–ი“, რაც ასევე დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

27. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხე ა.ს–ვას დაეკისრა მოსარჩელე გ.გ–ას სასარგებლოდ წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის გადახდევინება - 200 000 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება - 208 129 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 28 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა.ს–ვას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ.გ–ას სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ა.ს–ვას გ.გ–ას სასარგებლოდ დაეკისრა - 200 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა; სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის 208 129 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

28. 31.12.2019 წლის შედარების აქტის თანახმად, ერთი მხრივ, შპს ,,ნ.ჯ–ი“ მისი დირექტორის ა.ს–ვას სახით და მეორეს მხრივ, კრედიტორმა ა.ს–ვამ წინამდებარე აქტი შეადგინეს მასზედ, რომ 2015 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ა.ს–ვამ შპს ,,ნ.ჯ–ს“ ასესხა შედარების აქტში აღნიშნული თანხები. საერთო ჯამში, სესხის მოცულობა შეადგენს - 44 995 აშშ დოლარს და 3150 ლარს.

29. 05.06.2020 წლის წერილით ა.ს–ვა შპს ,,ნ.ჯ–ის“ კრედიტორს ა.ს–ვას უდასტურებს, რომ გააჩნია დავალიანება - 44 995 აშშ დოლარის და 3150 ლარის ოდენობით და იღებს ვალდებულებას არსებული დავალიანებების სრულ დაფარვაზე 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით. კომპანიამ ასევე აიღო ვალდებულება პირგასამტეხლოს თანხის დაფარვაზე.

30. 16.06.2020 წლის საბანკო ქვითრის თანახმად, ა.ს–ვამ განახორციელა სს ,,ტ–ში“ მოპასუხე შპს ,,ნ.ჯ–ის“ სესხზე - 15 980.86 ლარის ჩარიცხვა, ჩარიცხვის დანიშნულებაში მითითებულია: პროცენტის დაფარვა. 16.06.2020 წლის საბანკო ქვითრის თანახმად, ა.ს–ვამ განახორციელა სს ,,ტ–ში“ მოპასუხე შპს ,,ნ.ჯ–ის“ სესხზე - 34 704.14 ლარის ჩარიცხვა, ჩარიცხვის დანიშნულებაში მითითებულია: ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის დაფარვა. 26.06.2020 წლის საგარანტიო წერილით ა.ს–ვას სახელზე ა.ს–ვა ადასტურებს მიღებულ დამატებით სესხს - 50 685 ლარის ოდენობით. წერილში აღნიშნულია, რომ ამ თანხით ა.ს–ვას მიერ გადახდილ იქნა შპს ,,ნ.ჯ–ის“ სესხი ტ–ში 2020 წლის 16 ივნისს, როგორც კომპანიის თავდების მიერ. ამავე წერილით ა.ს–ვა გარანტიას იძლევა, რომ დააბრუნებს მითითებულ თანხას - 50 685 ლარს 2020 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით საბანკო ანგარიშზე ან სხვა გზით.

31. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით ა.ს–ვამ იკისრა ვალდებულება შპს ,,ნ.ჯ–ის“ მიერ 06.08.2015 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე - 1 386 000 ლარის ფარგლებში.

32. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 17.03.2020 თარიღის წერილით მოვალეს - მოსარჩელე მიეცა კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესასრულებლად. ამასთან, მოვალეს დაევალა წარმოედგინა შემდეგი სახის ინფორმაცია: გააჩნდა თუ არა საკუთრებაში უძრავ- მოძრავი ქონება; გააჩნდა თუ არა საბანკო ანგარიშები; გააჩნდა თუ არა საკუთრებაში ფასიანი ქაღალდები; გააჩნდათ თუ არა მესამე პირებს მის მიმართ რაიმე ფულადი ვალდებულება; ეკუთვნოდა თუ არა სხვა პირის ქონება. მასვე განემარტა ის სამართლებრივი შედეგები, რაც საქართველოსკანონმდებლობით მოჰყვება ინფორმაციის არწარდგენას ან/და შეგნებულად არასწორი ინფორმაციის წარდგენას.

33. 17.03.2020 წერილით განსაზღვრული კონკრეტული ვალდებულების შესასრულებლად, მოვალემ - მოსარჩელე აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარადგინა ქონების ნუსხა - მოპასუხე კომპანიის საკუთარი კაპიტალის 100%-იანი წილის საბაზრო ღირებულების შეფასების დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ შესაფასებელი ობიექტი არის მოპასუხე კომპანია. წინამდებარე დასკვნის შედგენის დამკვეთები არიან: მოსარჩელე - 100% წილის მფლობელი; მესაკუთრე - მოსარჩელე 100% წილის მფლობელი; დირექტრები ა.ს–ვა და მოსარჩელე.

34. შეფასების შედეგად დადგინდა, რომ 2020 წლის ივნისის მდგომარეობით მოპასუხე კომპანიის საკუთარი კაპიტალის 100% წილის საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 832 000.00 ლარს. აღნიშნული დასკვნაში ნათლად არის ასახული ინფორმაცია კრედიტორებისა და დებიტორების თაობაზე შეფასების თარიღისათვის ანუ 2020 წლის ივნისის მდგომარეობით.

35. 2020 წლის 11 აგვისტოს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულებით დგინდება, რომ მოვალის - მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული ქონების, კერძოდ: მოპასუხე კომპანიის 100%-იანი წილის შემძენი, 2020 წლის 29 ივლისს დასრულებულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა - დ.კ–ძე. დ.კ–ძემ ქონება შეიძინა - 566 400 ლარად. მან თანხა გადაიხადა სრულად, აღსრულება განხორციელდ აარაუზრუნველყოფილი კრედიტორის გ.გ–ას სასარგებლოდ.

36. 2013 წლის 23 სექტემბერს მომზადებული ამონაწერით სამეწარმეო რეესტრიდანდ გინდება, რომ შპს ,,ს.ც.ნ.კ–ას“ 100%-იანი წილის მფლობელი არის ნ.გ–ია, ხოლო დირექტორი დ.გ–ძე.

37. 2014 წლის 15 იანვარს მომზადებული ამონაწერით დგინდება, რომ შპს ,,ს.ც.ნ.კ–ას“ 50%-იანი წილის მფლობელი არის მოსარჩელე, ხოლო 50%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ნ.გ–ია.

38. 2016 წლის 13 სექტემბერს მომზადებული ამონაწერით სამეწარმეო რეესტრიდან დგინდება, რომ შპს ,,ს.ც.ნ.კ–ას“ 100%-იანი წილის მფლობელი არის - მოსარჩელე, ხოლო დირექტორი ქ.ნ–ი.

39. 2016 წლის 13 მაისს მომზადებული ამონაწერით სამეწარმეო რეესტრიდან დგინდება, რომ შპს ,,ს.ც.ნ.კ–ას“ 100%-იანი წილის მფლობელი არის მოსარჩელე, ხოლო დირექტორი ნ.გ–ია.

40. 2017 წლის 24 მარტს მომზადებული ამონაწერით სამეწარმეო რეესტრიდან დგინდება, რომ შპს ,,ს.ც.ნ.კ–ას“ 100%-იანი წილის მფლობელი არის მოსარჩელე, ხოლოდირექტორი ა.ს–ვა.

41. 2018 წლის 14 სექტემბერს მომზადებული ამონაწერით სამეწარმეო რეესტრიდან დგინდება, რომ მოპასუხე კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი არის მოსარჩელე, ხოლო დირექტორები ა.ს–ვა და მოსარჩელე.

42. 2020 წლის 13 ივლისს მომზადებული ამონაწერით დგინდება, რომ მოპასუხე კომპანიის 100%-იანი წილისმფლობელი და დირექტორი არის მოსარჩელე.

43. 2020 წლის 12 აგვისტოს მომზადებული ამონაწერით დგინდება, რომ მოპასუხე კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი არის დ.კ–ძე, ხოლო დირექტორი მოსარჩელე.

44. 2020 წლის 13 აგვისტოს მომზადებული ამონაწერით დგინდება, რომ მოპასუხე კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი არის დ.კ–ძე.

45. 2020 წლის 7 ოქტომბერს მომზადებული ამონაწერით სამეწარმეო რეესტრიდან დგინდება, რომ მოპასუხე კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი არის დ.კ–ძე.

46. 2021 წლის 02 მარტს მომზადებული ამონაწერით სამეწარმეო რეესტრიდან დგინდება, რომ მოპასუხე კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი არის დ.კ–ძე.

47. 2020 წლის 1 დეკემბერს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ........, ს/კ№……. მესაკუთრე არის მოპასუხე კომპანია.

48. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის/აპელანტის განმარტებით, მოსარჩელის ქონებრივი ნუსხა არ წარუდგენია აღსრულების ეროვნულ ბიუროსთვის. აღსრულების ეროვნულ ბიუროსთვის წარდგენილი არის შეფასების ანგარიში. აღსრულების ეროვნულ ბიუროსთვის განმარტებულია, რომ შეფასების ანგარიში იყო არასრული, თუმცა აშკარად განსხვავდებოდა გ.გ–ას მიერ შეგნებულად კიდევ უფრო დაბალ ფასად შედგენილ შეფასების დასკვნასთან. წარდგენის მიზანი იყო კვლავ ხელახლად სრულყოფილად შეფასება, რადგან აღნიშნული დოკუმენტი არწარმოადგენს ქონებრივ ნუსხას. ამასთან მიუთითებს, რომ აპელანტის მიმართ მოპასუხე კომპანიის მიერ სესხის ან/და ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობა დასტურდება საქმეში არსებული საბანკო გადახდის ქვითრებით, საგარანტიო წერილებით, კოპანიის დირექტორთან შეთანხმებით. აღნიშნული დოკუმენტებით უდავოდ დასტურდება მოსარჩელის მიერ მოპასუხე კომპანიისათვის თანხის სესხება, კომპანიის საბანკო იპოთეკურ სესხზე თანხის გადახდა - ბანკის მიერ ჩამოჭრა, თუმცა სასამართლო არასწორად ასახავს დადგენილ გარემოებებს. ამასთან, შესაძლოა ზოგი ქვითრის გადახდის დანიშნულება არასწორად იყოს ჩაწერილი, რადგანაც მოსარჩელე არ ფლობს ქართულენას, თუმცა თანხა ჩარიცხულია კომპანიის საბანკო ანგარიშზე. ზოგ ქვითარში აღნიშნულია „ნაშთის გატანა“, თუმცა თანხა არა გატანილი, არამედ შეტანილია კომპანიის საბანკო ანგარიშზე.

49. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა კომპანიის ამჟამინდელი მფლობელის მიერ მოყვანილი მოსაზრებები, რომელიც აცხადებდა,რომ მას რაიმე შემხებლობა არ ჰქონდა კომპანიასთან თანხების სესხების დროისთვის. სასამართლომ სწორედ არ შეაფასა მოსარჩელე მხარის არგუმენტები, სადაც აცხადებდა, რომ 2015 წლის 01 აგვისტოს შემდეგ კომპანიას არ მოუხდენია პარტნიორთა კრების ოქმის შესაბამისად თანხების შემოტანა და არც მოთხოვნა ყოფილა, რადგან შეტანილი თანხები გახარჯული იყო არამიზნობრივად. პარტნიორთა კრების 2015 წლის 04 ივლისის კრების ოქმით შემცირდა შენატანი, რადგან მოხდა კურსის აშკარა ცვალებადობა, თუმცა, ეს კრების ოქმში შეცდომით ან შეგენებულად არასწორად არი სასახული, თუმცა ამ მოთხოვნის საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა, წინააღმდეგ შემთხვევაში გ.გ–ა მოითხოვდა არა თანხების სესხებას, არამედ თანხების შეტანას. 18.03.2016 წლის საგარანტიო წერილით დგინდება, რომ კომპანიის იმდროინდელმა 50%-იანი წილის მფლობელმა მოითხოვა კომპანიისთვის თანხის სესხება, 2020 წლის ივნისის თვეში მოსარჩელეს, როგორც კომპანიის იპოთეკურ სესხზე თავდებს გადახდილი აქვს 50685 ლარი კომპანიის იპოთეკური სესხის თანხა ტ–ში. სესხის თანხები რომ დაუბრუნდა მოსარჩელეს, ამის მტკიცებულება მოპასუხეს თავად უნდა წარმოედგინა, რაც არ მოუხდენია, ამასთან არ გაუბათილებია სესხის ნამდვილობა, თანხის კომპანიის საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხვა და ვინაიდან უშუალოდ არ არსებობდა სესხის ხელშეკრულება, ამ მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არამართლზომიერია. საბანკო გადარიცხვის ქვითრებით უცილოდ დასტურდება მოწინააღმდეგე მხარეზე თანხის სესხება. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ აპელანტს მოწინააღმდეგე კომპანიაში 50% წილის სანაცვლოდ უნდა მოეხდინა 1 000 000 აშშ დოლარის შეტანაც და 850 000 აშშ დოლარის შეტანაც, მაშინ როდესაც კომპანიის საბანკო იპოთეკური სესხის მოცულობა თავისივე განმარტებით 06.08.2015 წლის სასამართლოს მორიგებით შეადგენდა 1 050 827.50 აშშ დოლარს, კომპანიის 100 % ღირებულება შეფასებული არის 2 832 000 ლარად, კომპანიის მე-2, 50% წილი კი ა.ს–ვას შეძენილი აქვს 300 000 აშშ დოლარად. ასეთ პირობებში სასამართლო უთითებს, რომ ა.ს–ვას თავდაპირველი 50% წილი შეუძენია 1 850 000 აშშ დოლარად, თანაც 1050 827,50 აშშ დოლარის იპოთეკური სესხის არსებობის პირობებში. მაშინ როდესაც კომპანიის 100 % წილი დ.კ–ძეს შეძენილი აქვს 566 400 ლარად, მით უფრო რომ იპოთეკური სესხი განახევრებული იყო. მოწინააღმდეგე მხარის კომპანიის დირექტორს 2015 წლის 01 აგვისტოს შემდეგ არასდროს მოუთხოვია 50% წილის მფლობელისათვის კომპანიაში დარჩენილი კაპიტალის შეტანა, რადგანაც კაპიტალი სრულად არის შევსებული, ამის შემდეგ კომპანიის სახელით კომპანიის იმდროინდელ დირექტორს არაერთხელ აქვს მოთხოვნილი თანხების სესხება ა. ს–აგან კომპანიის მიზნებისათვის, თუმცა ა. ს– თანხები მითვისებულია.

50. ზემოაღნიშნული სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2013 წლის 09 დეკემბრის შპს „ს.ც.ნ.კ–ას“ პარტნიორთა გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ 2013 წლის 9 დეკემბერს, როგორც კომპანიის 50% წილის მფლობელმა, იკისრა ვალდებულება ერთი წლის განმავლობაში (2014 წლის 09 დეკემბრამდე) კომპანიის საწესდებო კაპიტალში განეხორციელებინა 1 000 000 (ერთი მილიონი) აშშ დოლარის შენატანი. 2015 წლის 04 ივლისს, კვლავ გაიმართა შპს „ს.ც. - ნ. კ“-ს (ამჟამინდელი სახელწოდება შპს „ნ–ი“) დამფუძნებელთა კრება. აღნიშნული კრების ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენდა კომპანიის საწესდებო კაპიტალის ცვლილება. კრების ოქმის თანახმად, მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება: 2014-15 წლების მანძილზე მომხდარი ეროვნული ვალუტის 30%-იანი დევალვაციისა და საბანკო საკრედიტო ანგარიშის (ოდენობით 1 050 000 აშშ დოლარი) ლარში არშემდგარი რეფინანსირების შედეგად გაზრდილი საკრედიტო ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით გაიზარდოს საწესდებო კაპიტალი, 50% წილის მფლობელი პარტნიორი სა.ს–ვას მიერ 850 000 აშშ დოლარის ოდენობით.

51. სააპელაციო სამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან, 2013 წლის 09 დეკემბრის აქტით და 2015 წლის 4 ივლისის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების სრულად ან დანაწილობრივ შესრულების ფაქტი საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

52. მოსარჩელე/აპელანტი სადავოდ ხდის და ითხოვს შემდეგი ტრანზაქციების საფუძველზე გადარიცხული თანხების, როგორც სესხის სახით გაცემული თანხების დაბრუნებას: (1) 21.12.2015 თარიღში განხორციელებულ ჩარიცხვას 13 995 აშშ დოლარის ოდენობით; (2) 13.01.2016 თარიღში - 11 900 აშშ დოლარის ოდენობით; (3) 27.01.2016 თარიღში - 1 100 აშშ დოლარის ოდენობით; (4) 29.02.2016 თარიღში - 3 000 აშშ დოლარის ოდენობით; (5) 21.03.2016 თარიღში - 5 000 აშშ დოლარის ოდენობით; (6) 21.03.2016 თარიღში - 10 000 აშშ დოლარის ოდენობით; (7) 01.05.2017 თარიღში - 3 150 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ მან 16.06.2020 წელს გადაიხადა - 15 980 ლარიდა 34 704.14 ლარი, სს „ტ–ში“ შპს „ნ–ი“-ს ვალდებულების დასაფარად, როგორც თავდებმა და აღნიშნულიც წარმოადგენს სესხად გაცემულ თანხას.

53. მოსარჩელემ/აპელანტმა მიუთითა რომ აღნიშნული ტრანზაქციები/გადახდები წარმოადგენს მოპასუხე კომპანიისათვის სესხად გაცემულ თანხებს, რაც სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა, რადგან 21.12.2015 წლის საბანკო ქვითრის მიხედვით, მოსარჩელის მიე რმოპასუხე კომპანიის ანგარიშზე 13 995 აშშ დოლარის ჩარიცხვის დანიშნულებაში მითითებულია: „ნაშთის გადატანა“. ამასთან, თანხა ჩაირიცხა სს „კ–ში“ მოპასუხე კომპანიის ანგარიშზე, ხოლო 2013 წლის 9 დეკემბრის კრების ოქმის (შეთანხმების) თანახმად, კი მოსარჩელის მიერ განხორციელებული შენატანების დანიშნულებად პირდაპირ იყო განსაზღვრული „საზოგადოების დავალიანების ნაწილის დაფარვა სს „კ–ში“, ასევე, 2015 წლის 04 ივლისის კრების ოქმის თანახმად, მოსარჩელის მიერ განსახორციელებელი შენატანის ერთ-ერთ მიზნობრიობად განსაზღვრულ იქნა სს „კ–ის“ მიმართ არსებული საკრედიტო დავალიანების ნაწილის დაფარვა. 13.01.2016 წლის საბანკო ქვითრის თანახმად, მოსარჩელის მიერ მოპასუხე კომპანიის ანგარიშზე 11 900 აშშ დოლარის ჩარიცხვის დანიშნულებაში მითითებულია: „FOR BUSINESS TRIP”, რაც ნიშნავს „საქმიანი მოგზაურობისთვის“. დანიშნულებაში მითითებული კომპანიის მიერ განხორციელებული „საქმიანი მოგზაურობები“ თავისი შინაარსით ემსახურება მხოლოდ კომპანიის საუკეთესო მიზნებს, შესაბამისად, აღნიშნული დანიშნულებით განხორციელებული გადარიცხვაც გულისხმობს, რომ განხორციელდა კაპიტალში შენატანის სახით 2013 წლის 9 დეკემბრის კრების ოქმისა (შეთანხმების) და 2015 წლის 04 ივლისის პარტნიორთა კრების ოქმის თანახმად, კომპანიის საუკეთესო მიზნებისათვის. 27.01.2016 წლის საბანკო ქვითრის თანახმად, ა.ს–ვას მიერ შპს „ნ.ჯ–ი“-ს ანგარიშზე 1100 აშშ დოლარის ჩარიცხვის დანიშნულებაში მითითებულია: „increase of basic capital”, რა ნიშნავს „საწესდებო კაპიტალის გაზრდას“. 29.02.2016 წლის საბანკო ქვითრის თანახმად, არათუ ა.ს–ვას, არამედ ა.ს–ვას მიერ შპს „ნ.ჯ–ი“-ს ანგარიშზე განხორციელებულ იქნა 3 000 აშშ დოლარის შეტანა, გადახდის დანიშნულებაში კი მითითებულია: „BALANCE TRANSFER”, რაც ნიშნავს „ნაშთის გადატანას“. ასევე, 21.03.2016 წლის საბანკო ქვითრის თანახმადაც, არათუ ა.ს–ვა, არამედ ა.ს–ვას მიერ შპს „ნ.ჯ–ი“-ს ანგარიშზე განხორციელებულია 5 000 აშშ დოლარის შეტანა, გადახდის დანიშნულებაში კი მითითებულია: „BALANCE TRANSFER”, რაც ნიშნავს „ნაშთის გადატანას“. ამდენად, 29.02.2016 წლის საბანკო ქვითარი - 3 000 აშშ დოლარის გადახდისა და 21.03.2016 წლის საბანკო ქვითარი - 5 000 აშშ დოლარის გადახდის ნაწილში, აღნიშნული გადახდები განახორციელა არა ა.ს–ვამ, არამედ ა.ს–ვამ. უდავოა, რომ შენატანი განხორციელებულია მისი დის - ა.ს–ვას მიერ, მოცემულ დავაში კი ის მხარეს არ წარმოადგენს. 21.03.2016 წლის საბანკო ქვითრის თანახმად, ა.ს–ვას მიერ შპს „ნ.ჯ–ი“-ს ანგარიშზე 10 000 აშშ დოლარის ჩარიცხვის დანიშნულებაში მითითებულია: „letter from 19.03.2016”, რაც ნიშნავს „19.03.2016-ის წერილი“ და არა სესხის ხელშეკრულება. 01.05.2017 წლის საბანკო ქვითრის თანახმად, ა.ს–ვას მიერ შპს „ნ.ჯ–ი“-ს ანგარიშზე 3 150 ლარის ჩარიცხვის დანიშნულებაში მითითებულია „temporary financial assistance from the founder Salybekova Aiguli”, რაც ნიშნავს „მიმდინარე ფინანსურ დახმარებას დამფუძნებელ ა.ს–ვას მხრიდან“ და არა სესხის ხელშეკრულებას. 16.06.2020 წლის საბანკო ქვითრის თანახმად, ა.ს–ვამ განახორციელა სს ,,ტ–ში“ მოპასუხე შპს ,,ნ.ჯ–ის“ სესხზე - 15 980.86 ლარის ჩარიცხვა, ჩარიცხვის დანიშნულებაში მითითებულია: პროცენტის დაფარვა. 16.06.2020 წლის საბანკო ქვითრის თანახმად, ა.ს–ვამ განახორციელა სს ,,ტ–ში“ მოპასუხე შპს ,,ნ.ჯ–ის“ სესხზე - 34 704.14 ლარის ჩარიცხვა, ჩარიცხვის დანიშნულებაში მითითებულია: ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის დაფარვა. 16.06.2020 წლის გადახდის ქვითრებითაც არ დგინდება სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ ა.ს–ვას მიერ გადახდილი შპს ,,ნ.ჯ–ის“ სესხის პროცენტი და სესხის ძირითადი თანხის დაფარვა (ჯამში - 50 685 ლარის გადახდა) განხორციელდა, როგორც კომპანიის თავდები პირის მიერ და აღნიშნული თანხები, წარმოადგენს მოპასუხისათვის სესხის სახით გაცემულ თანხებს და მოსარჩელემ 2020 წლის 16 ივნისს გადახდილი თანხები (ჯამში - 50 685 ლარის ოდენობით) გაიღო დამატებით და აღნიშნული არ შედიოდა იმ თანხებში, რაც განსაზღვრულია 2013 წლის 9 დეკემბრის და 2015 წლის 04 ივლისის პარტნიორთა კრების ოქმის თანახმად და მიზნებისათვის.

54. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოდ მოყვანილი გადარიცხვის ქვითრებით არ დასტურდება სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოპასუხეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის - მოსარჩელის სასარგებლოდ რაიმე სახის ვალდებულების შესრულება აკისრია.

55. გარდა ზემოაღნიშნულისა პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება მასზედ, რომ შესაძლოა ზოგი ქვითრის გადახდის დანიშნულება არასწორად იყოს ჩაწერილი, რადგანაც მოსარჩელე არ ფლობს ქართულ ენას, თუმცა თანხა ჩარიცხულია კომპანიის საბანკო ანგარიშზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მითითებული გარემოება ვერ იქნება გაზიარებული, რადგან ზოგადად საბანკო ქვითრის დანიშნულების გრაფაში ინფორმაციის მითითება უშუალოდ თანხის გადამხდელის (მოსარჩელის) მიერ ან ბანკის თანამშრომლის მიერ მხოლოდ გადამხდელის ნების შესაბამისად ხდება და ამ დროს მიმღების ნება არ არის გათვალისწინებული.

56. შესაბამისად, მოსარჩელეს შეეძლო მიეთითებინა გადახდის დანიშნულება მისი სურვილისამებრ და ვინაიდან ინფორმაციის მითითება მის ინტერესებში შედიოდა, უზრუნველყო მისი სათანადო ფორმით მიწოდება ბანკის თანამშრომლისთვის.

57. გარდა ზემოაღნიშნულისა სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 17.03.2020 წლის წერილზე, რომლითაც მოვალეს- მოსარჩელეს მიეცა კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესასრულებლად. ამასთან, მოვალეს დაევალა წარმოედგინა შემდეგი სახის ინფორმაცია: გააჩნდა თუ არა საკუთრებაში უძრავ- მოძრავი ქონება; გააჩნდა თუ არა საბანკო ანგარიშები; გააჩნდა თუ არა საკუთრებაში ფასიანი ქაღალდები; გააჩნდა თუ არა მესამე პირებსმის მიმართ რაიმე ფულადი ვალდებულება; ეკუთვნოდა თუ არა სხვა პირის ქონება. აღნიშნულთან ერთად, ა.ს–ვას განემარტა ის სამართლებრივი შედეგები, რაც საქართველოს რელევანტური კანონმდებლობით მოჰყვება ინფორმაციის არწარდგენას ან/და შეგნებულად არასწორი ინფორმაციის წარდგენას.

58. 17.03.2020 წერილით განსაზღვრული კონკრეტული ვალდებულების შესასრულებლად, ა.ს–ვამ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარადგინა ქონების ნუსხა - შპს „ნ.ჯ–ი“-ს საკუთარი კაპიტალის 100%-იანი წილის საბაზრო ღირებულების შეფასების დასკვნა. შეფასების დასკვნაში მითითებულია, რომ შესაფასებელი ობიექტი არის შპს ,,ნ.ჯ–ი“; წინამდებარე დასკვნის შედგენის დამკვეთები არიან: ა.ს–ვა 100% წილის მფლობელი; მესაკუთრე ა.ს–ვა 100% წილის მფლობელი; დირექტრები ა.ს–ვა, ა.ს–ვა; შეფასების შედეგად დადგინდა, რომ 2020 წლის ივნისის მდგომარეობით მოპასუხე კომპანიის საკუთარი კაპიტალის 100% წილის საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 832 000.00 ლარს. აღნიშნული დასკვნაში ნათლად არის ასახული ინფორმაცია კრედიტორებისა და დებიტორების თაობაზე შეფასების თარიღისათვის ანუ 2020 წლის ივნისის მდგომარეობით (იხ. შესაფება, გვ. 21-22). აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე, ფიზიკური პირი - ა.ს–ვა, კომპანიის კრედიტორთა სიაში მოხსენიებული არ არის.

59. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ლოგიკურად შეუძლებელია მოსარჩელეს მითითებული დოკუმენტის წარდგენისას გამორჩენოდა ვალდებულება, რომელიც კომპანიას გააჩნდა მის მიმართ. შესაბამისად, თავად მოსარჩელის მიერ წარომდგენილი შეფასების აქტითაც კი არ დგინდება მოპასუხე კომპანიის რაიმე სახის სასესხო თუ სხვა სახის ვალდებულების არსებობა - ფიზიკურ პირის (მოსარჩელე) მიმართ.

60. ამასთან, უარყოფილი იქნა აპელანტის მიერ მითითებულ გარემოება მასზედ, რომ მათ მხრიდან აღსრულების ეროვნულ ბიუროსთვის განმარტებული იქნა, რომ შეფასების ანგარიში იყო არასრული, აშკარად განსხვავდებოდა გ.გ–ას მიერ შეგნებულად კიდევ უფრო დაბალ ფასად შედგენილ შეფასების დასკვნასთან და რომ მოითხოვეს დასკვნის ხელახლა შესწავლა და ქონებრივი ნუსხის დამატებით წარდგენა, რაც მათი მხრიდან ვერ განხორციელდა ქვეყანაში არსებული პანდემიის გამო (იხ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი), აღნიშნული უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რადგან აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმის მასალებით არ დასტურდება, ამასთან, აღსანიშნავია, რომ მითითებული გარემოებები აპელანტს სარჩელში არ მიუთითებია და იგი მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე იქნა გაჟღერებული.

61. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლებზე მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის/აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები საქმის მასალებით არ დადასტურდა.

62. რაც შეეხება საგარანტიო წერილებს, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 18.03.2016 წლით დათარიღებული საგარანტიო წერილი, გ.გ–ას 15.12.2020 განმარტებით, შედგა თავად მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, ვინაიდან აღნიშნული მას სჭირდებოდა ყაზახეთში წარსადგენად, რათა კომპანიაში შემოეტანა თანხა კომპანიის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. 2013 წლის 09 დეკემბრის, ასევე 2015 წლის 04 ივლისის პარტნიორთა კრებების თანახმად მოსარჩელის მიერ ნაკისრი იყო ჯამში 1 850 000 აშშ დოლარის შენატანის განხორციელების ვალდებულება, რომლის შესრულების საკითხიც სადავოა. აღნიშნულის პარალელურად კი კომპანია იმყოფებოდა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, რაც უდავოდ დასტურდება როგორც თავად პარტნიორთა კრებებით, ისე საქმეში არსებული მორიგების აქტით, რომლითაც კომპანიამ იკისრა ვალდებულება სს „კ.ს.ბ–ის“ მიმართ. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული წერილი შესაძლოა წარმოადგენდა კიდეც გ.გ–ას ერთადერთ საშუალებას მოსარჩელე ეიძულებინა შეესრულებინა კომპანიის წინაშე არსებული ვალდებულებების ნაწილი. იმის გათვალისწინებითაც, რომ თავად საგადახდო დავალებებით, რაიმე სახის სასესხო ვალდებულებაზე საუბარი არ არის, ხოლო დასკვნაში ასახული ინფორმაცია კრედიტორებისა და დებიტორების თაობაზე, 2020 წლის ივნისის მდგომარეობით, ფიზიკური პირი - მოსარჩელე, როგორც კომპანიის კრედიტორთა სიაში მოხსენიებულიც არ არის.

63. 30.05.2017 წლით დათარიღებული საგარანტიო წერილი შედგენილია ა.ს–ვას მიერ და წარმოადგენს 18.03.2016 წელს შედგენილი დოკუმენტის გაგრძელებას.

64. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ა.ს–ვა წარმოადგენს მოსარჩელის დას. იმ პირობებში, როცა კომპანიის პარტნიორს თავად გააჩნდა ვალდებულება კომპანიის მიმართ, არალოგიკურია რაიმე სახის ვალის აღიარება, როცა თავად საგადახდო დავალებებით რაიმე სახის სასესხო ვალდებულებაზე საუბარი არ არის, ხოლო დასკვნაში ასახული ინფორმაცია კრედიტორებისა და დებიტორების თაობაზე, შეფასების თარიღისათვის, ფიზიკური პირი - მოსარჩელე, კომპანიის კრედიტორთა სიაში მოხსენიებულიც არ არის.

65. 31.12.2019 წლით დათარიღებულია შედარების აქტი, რომლითაც ა.ს–ვამ აღიარა მოპასუხე კომპანიის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ - 44 995 აშშ დოლარისა და 3 150 ლარის ოდენობით. არსებობს ამავე თარიღის, კერძოდ, 31.12.2019 წლის მეორე შედარების აქტიც, რომელიც მსგავსი შინაარსისაა, თუმცა მოქმედი პირები ცვლიან ადგილებს, კერძოდ, 31.12.2019 წლის მეორე შედარების აქტით უკვე მოსარჩელემ, როგორც მოპასუხე კომპანიის დირექტორმა აღიარა მოპასუხე კომპანიის არარსებული ვალდებულება ა.ს–ვას მიმართ - 1 781 660.49 ლარის ოდენობით (ტ.3. ს.ფ.115-118).

66. ამდენად, კომპანიის ორმა დირექტორმა, რომლებიც პარალელურად ერთმანეთის დები არიან, კომპანიის სახელით ერთმანეთს უღიარეს ვალდებულებები. ასევე იმის გათვალისიწინებით, რომ თავად საგადახდო დავალებებით, რაიმე სახის სასესხო ვალდებულებაზე საუბარი არ არის, ხოლო შეფასების დასკვნაში ასახული ინფორმაცია კრედიტორებისა და დებიტორების თაობაზე, 2020 წლის ივნისის მდგომარეობით, ფიზიკური პირი - მოსარჩელე, კომპანიის კრედიტორთა სიაში მოხსენიებულიც არ არის. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც თავად მოსარჩელის მიერ 2013 წლის 9 დეკემბრის და 2015 წლის 04 ივლისის პარტნიორთა კრების ოქმებით ნაკისრი ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შესრულების ფაქტი სადავოა და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

67. 26.06.2020 წლის საგარანტიო წერილით მოსარჩელის სახელზე ა.ს–ვა ადასტურებს მიღებულ დამატებით სესხს - 50 685 ლარის ოდენობით. წერილში აღნიშნულია, რომ ამ თანხით ა.ს–ვას მიერ გადახდილ იქნა მოპასუხე კომპანიის სესხი სს „ტ–ში“ 2020 წლის 16 ივნისს, როგორც კომპანიის თავდების მიერ. 26.06.2020 წლის ე.წ. საგარანტიო წერილიც, რომელსაც ისევე, როგორც სხვა დოკუმენტებს ხელს აწერს ა.ს–ვა, რომელიც როგორც უკვე აღინიშნა - მოსარჩელის დაა და პარალელურად კი ა.ს–ვასთან ერთად მოპასუხე კომპანიის დირექტორი იყო.

68. 16.06.2020 წლის საბანკო ქვითრების თანახმად, მოსარჩელემ განახორციელა სს ,,ტ–ში“ მოპასუხე მოპასუხე კომპანიის სესხზე, ჯამში - 50 685 ლარის გადახდა. მხარეს წარმოდგენილი აქვს 12.06.2020 წელს სს „ტ–ში“ თავად მის მიერვე წარდგენილი განაცხადი და ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე ზემოაღნიშნულ თარიღში იყო მოპასუხე კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორი. ამასთან მას, როგორც კომპანიის პარტნიორს, პირდაპირ ჰქონდა ვალდებულება კომპანიის სახელით შეესრულებინა მოპასუხე კომპანიის ვალდებულებები 2013 წლის 9 დეკემბრისა და 2015 წლის 4 ივლისის პარტნიორთა შეთანხმებების ფარგლებში, რომლებიც მას კონკრეტული გადახდის პერიოდისათვის და არც მიმდინარედ სრულად არ აქვს შესრულებული, რომლის შესრულების ფაქტიც სადავოა და უცილოდ დადასტურებული არ არის. ცალსახაა, რომ მოსარჩელის მცდელობაა, ზემოაღნიშნული გადახდა, განხილულ იქნეს, როგორც კომპანიის სასესხო ვალდებულებად მის მიმართ, როგორც ფიზიკური პირის მიმართ. ამდენად, წარმოდგენილი ქვითრებით და მის საფუძველზე გაცემული 26.06.2020 წლის საგარანტიო წერილით არ დგინდება სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ 50 685 ლარის გადახდა განხორციელდა, როგორც კომპანიის თავდები პირის მიერ და აღნიშნული თანხები, წარმოადგენს მოპასუხისათვის სესხის სახით გაცემულ თანხებს და მოსარჩელემ 2020 წლის 16 ივნისს გადახდილი თანხები (ჯამში - 50 685 ლარის ოდენობით) გაიღო დამატებით და აღნიშნული არ შედიოდა იმ თანხებში, რაც განსაზღვრულია 2013 წლის 9 დეკემბრის და 2015 წლის 04 ივლისის პარტნიორთა კრების ოქმის თანახმად და მიზნებისათვის.

69. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 623-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია მოსარჩელეს (გამსესხებელს). მხოლოდ ამ შემთხვევაში მოქმედებს მსესხებლის (მოპასუხეს) მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე პრეზუმფცია. ამ პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი (ვალდებულების შესრულების ტვირთი) აკისრია მსესხებელს (მოპასუხეს) (იხ. სუსგ №ას-929-891-2014, 22.04.2015). პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ საქმეზე წარმოდგენილი გადახდის ქვითრებით, შედარების აქტით და საგარანტიო წერილებით უტყუარად არ დასტურდება სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოპასუხეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფიზიკური პირის - მოსარჩელის სასარგებლოდ რაიმე სახის ვალდებულების შესრულება აკისრია.

70. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით შედარების აქტი და საგარანტო წერილები არ წარმოადგენენ მოცემულ შემთხვევაში სარწმუნო მტკიცებულებებს იმ მოცემულობის გათვალისწინებით, როდესაც თავად მოსარჩელის მიერ 2013 წლის 9 დეკემბრის და 2015 წლის 04 ივლისის პარტნიორთა კრების ოქმებით ნაკისრი ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შესრულების ფაქტი სადავოა და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი აღნიშნული უცილოდ და ცალსახად არ დასტურდება. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად ასევე არ დასტურდება სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ ზემოდ მოყვანილი ქვითრებით გადახდილი თანხები წარმოადგენს კი მოპასუხისათვის სესხის სახით გაცემულ თანხებს და რომ მოსარჩელემ აღნიშნული თანხები გაიღო დამატებით და ჩარიცხული თანხები, ჯამში - 44 995 აშშ დოლარის და 53 835 ლარის ოდენობით, არ შედიოდა იმ თანხებში, რაც განსაზღვრულია 2013 წლის 9 დეკემბრის და 2015 წლის 04 ივლისის პარტნიორთა კრების ოქმის მიზნებისათვის.

71. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა (მოსარჩელე) შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

72. კასატორის მოსაზრებით, ქვემდომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორი შეფასება მისცეს საქმის მასალებს, არ შეეფასეს საქმისათვის არსებითი ხასიათის მტკიცებულებები, სანაცვლოდ შეაფასეს მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა სასამართლო დავების არსებითი ხასიათის მტკიცებულებები, სრულიად უგულვებელყო არსებული უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც უცილოდ ადასტურებდნენ სესხის არსებობას: საგარანტიო წერილი, გადახდის ქვითრები.

73. კასატორის მოსაზრებით, შესაძლოა ზოგ ქვითარში დანიშნულება არასწორად იყოს ჩაწერილი, რადგანაც მოსარჩელე არ ფლობს ქართულ ენას, თუმცა, თანხა ჩარიცხულია კომპანიის საბანკო ანგარისზე, მაგალითისთვის ზოგ ქვითარში აღნიშნულია „ნაშთის გატანა“, თუმცა, თანხა არა გატანილი არამედ შემოტანილი არის კომპანიის საბანკო ანგარიშზე, ასეთი ხასიათის უზუსტობა სასამართლომ შეაფასა მოპასუხის სასარგებლოდ, ესე იგი თუ თანხის სესხების დროს დანიშნულება არ იქნა ან არასწორად იქნა აღნიშნული, საქმის განმხილველი სასამართლოს მოსაზრებით, ამით არ დასტურდება თანხის სესხება, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა თანხების სესხების, რაიმეს სანაცვლოდ გადახდის გამაბათილებელი გარემოებები, სამაგიეროდ წარმოადგინა საქმესთან არაკავშირში მყოფი სხვა სადაო საქმის შესაგებლები, სარჩელები, რაც შეაფასა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ და გაიზიარა მოპასუხის დაუსაბუთებელი მოსაზრებები, მაშინ როდესაც კითხვაზე, თუ რაიმე შემხებლობა გააჩნდა კომპანიასთან 2013 -2020 წლის აგვისტოს თვემდე, განაცხადა, რომ არანაირი.

74. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა მოსარჩელის (აპელანტის) მითითებები, რომ 2015 წლის 01 აგვისტოს შემდეგ, მას არ მოუხდენია კომპანიაში პარტნიორთა კრების ოქმის შესაბამისად თანხის შემოტანა და არც მოთხოვნა ყოფილა, რადგანაც შემოტანილი თანხა გახარჯული იყო არამიზნობრივად. პარტნიორთა კრების 2015 წლის 04 ივლისის კრების ოქმით შემცირდა შენატანი, რადგანაც მოხდა კურსის აშკარა ცვალებადობა, ინფლაცია, თუმცა, ეს კრების ოქმში სავარაუდოდ შეცდომით ან შეგნებულად არასწორად არის ასახული, ნაცვლად შემცირებისა - გაზრდა, თუმცა ცხადია, რომ ამის მოთხოვნის საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დამდგარა. ეს რომ ასე ყოფილიყო, კომპანიის იმ დროინდელი დირექტორი და წილის მფლობელი გ.გ–ა მოითხოვდა არა თანხების სესხებას, არამედ დარჩენილი თანხების შემოტანას.

75. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ თანხა ასესხა კომპანიას, ამის უტყუარი მტკიცებულებაა გადახდის ქვითრები, რომ არაფერი ვთქვათ კომპანიის მიერ გაცემულ საგარანტიო არაერთ წერილზე, სწორედ ეს გარემოებები უნდა შეეფასებია სასამართლოს, აღნიშნული თანხები თუ დაუბრუნდა მოსარჩელეს, ამის მტკიცებულებები უნდა წარმოედგინა მოპასუხე მხარეს, რაც არ მოუხდენია. მოპასუხეს არ გაუბათილებია სესხის ნამდვილობა და არსებობა, თანხის კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვები. რადგანაც უშუალოდ არ არსებობს სესხის ხელშეკრულება, ამ მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არამართლზომიერია. კომპანიის საგარანტიო წერილი და გადახდის ქვითრები საკმარისი მტკიცებულებაა ვალის არსებობის დასადგენად. საქმისათვის არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს გადახდის ქვითარში ასახულ დანიშნულებას ასახულია „ნაშთის გატანა“, თუმცა ამ საგადახდო დავალებით თანხა ჩარიცხული არის კომპანიის საბანკო ანგარიშზე, რადგანაც კასატორი მხარე არ ფლობს ქართულ ენას, რითაც არის გამოწვეული გადახდის ქვითრებში გარკვეული უზუსტობები, ამით არ უნდა მიეცეს საშუალება მოწინააღმდეგე მხარეს უსაფუძვლოდ გადიდრების, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა (იხ., საკასაციო საჩივარი).

76. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

77. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

78. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს წინამდებარე განჩინების პპ.14-47 გარემოებანი.

79. მოსარჩელის საკასაციო საჩივართან მიმართებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

80. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

81. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.

82. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. ( სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლები).

83. საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა, აგრეთვე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება და სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ არც სააპელაციო და არც საკასაციო სასამართლო არაა შებოჭილი სააპელაციო თუ საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევებით და ისინი ამოწმებენ გადაწყვეტილებას მატერიალურსამართლებრივი ნორმების სწორად გამოყენების თვალსაზრისით. თუ ასეთი შემოწმების შედეგად ზემდგომი ინსტანციის სასამართლო იმ დასკვნას გამოიტანს, რომ საჩივრის მოთხოვნა გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ არა საჩივარში მითითებული, არამედ მატერიალურსამართლებრივი ნორმის (კანონის) სხვა დარღვევის გამო, სასამართლომ უნდა გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

84. იმ შემთხვევაში კი, თუ არასწორი სამართლებრივი შეფასების შედეგად, ანუ კანონის (სსსკ-ის 393.2 მუხლის) დარღვევით მიღებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შესაძლებელია სხვაგვარი სამართლებრივი შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, თავისი განჩინებით ძალაში დატოვოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ან ამ გადაწყვეტილების შეცვლით მიიღოს ახალი გადაწყვეტილება (სსსკ-ის 386-ე მუხლი). ასეთივე შესაძლებლობითაა აღჭურვილი საკასაციო სასამართლოც, კერძოდ, მას შუძლია, არ გააუქმოს გადაწყვეტილება და ძალაში დატოვოს იგი (სსსკ-ის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) ან ახალი გადაწყვეტილებით დაადგინოს სხვა სამართლებრივი შედეგი (სსსკ-ის 411-ე მუხლი).

85. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. თავის მხრივ, მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ სარჩელის მოთხოვნის შინაარსს.

86. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ამ განჩინების პ.1-7-ში აღნიშნულ კასატორის მიერ სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებაზე და მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას სსკ-ის 623-ე მუხლის პირველი ნაწილის (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს პირგასამტეხლო დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) და 417-ე მუხლების (მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) საფუძველზე.

87. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მიერ შეფასების საგანს წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის წინაპირობების არსებობა. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

88. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ჰ.ბოელინგი, ლ.ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა, მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილებაა. მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა.

89. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, სესხის (ძირი თანხა) დაბრუნების მოთხოვნა, თანმიმდევრობით განხორციელებული უნდა იყოს მოთხოვნის საფუძვლის განმაპირობებელი შემდეგი წინაპირობები: მსესხებელს გადაცემული უნდა ჰქონდეს განსაზღვრული (სადავო) თანხა საკუთრებაში და უნდა კისრულობდეს გადაცემული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას.

90. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება ხასიათდება შემდეგი თავისებურებებით: 1) სესხის ხელშეკრულება არის ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ხელშეკრულება, თუმცა, იგი განსხვავდება ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ისეთი ხელშეკრულებებისაგან, როგორიცაა ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, სამისდღეშიო რჩენა. 2) სესხის ხელშეკრულება არის ცალმხრივი ხელშეკრულება. ხელშეკრულებათა კლასიფიკაცია ცალმხრივ და ორმხრივ ხელშეკრულებებად დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რამდენი პირის ნებაა გამოვლენილი (რამეთუ ხელშეკრულება ზოგადად გულისხმობს ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენას), არამედ იმაზე, თუ როგორაა განაწილებული უფლება-მოვალეობები ხელშეკრულების მხარეებს შორის. სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს სესხად გადაცემულის დაბრუნება, ხოლო მსესხებელი კი, ვალდებულია დააბრუნოს უკან სესხად მიღებული იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 3) სესხის ხელშეკრულება არის რეალური ხელშეკრულება. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს(იხ. დამატებით:ზ.ძლიერიშვილი, ქონების საკუთრებაში გაადცემის ხელშეკრულებათა სამართლებრივი ბუნება, თბილისი, 2010 წ, გვ. 345).

91. ერთ-ერთ საქმეში, რომელშიც სადავო იყო მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საკითხი, საკასაციო პალატამ შემდეგი განმარტება გააკეთა: „სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება)“ (შდრ: სუსგ №ას-1245-1168-2015, 20 მაისი, 2016 წელი). სხვა საქმეშიც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას ანუ, იგი დადებულად ითვლება და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (შდრ: სუსგ №ას-71-2023, 24 ივლისი, 2023 წ; №ას -662-2022, 11 ნოემბერი, 2022 წ; №ას-301-2021, 25 ივნისი, 2021 წ. პ.48; №ას-361-343-2015, 14 დეკემბერი, 2015 წელი).

92. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მარტოოდენ სესხის შესახებ შეთანხმება ხელშეკრულების საგნის გადაცემის გარეშე, არ ნიშნავს სესხის ხელშეკრულების დადებას. რადგან სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისა და სამართლებრივი ძალის აუცილებელი პირობაა გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის მსესხებლის საკუთრებაში რეალურად გადაცემა, სადავოობის შემთხვევაში, მოსარჩელემ (გამსესხებელმა) უნდა ამტკიცოს არა მხოლოდ სესხზე შეთანხმების არსებობა, არამედ სესხის საგნის რეალურად გადაცემის შესახებაც ფაქტობრივი გარემოებაც (იხ. თამარ ზამბახიძე, სამოქალაქო კოდექსის ონლაინ კომენტარი, მუხლი 623, ველი 3, www.gccc.ge; თამარ შოთაძე, სესხის ხელშეკრულების მოდერნიზაციის აუცილებლობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, საიუბილეო კრებული: რომან შენგელია 70, თბილისი, 2012, გვ.361).

93. სსკ-ის 624-ე მუხლის თანახმად, სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფალი არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში (სსკ-ის 68-ე მუხლი), თუმცა, უდავოა, რომ ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი ხელშეკრულება პირდაპირ შეიცავს დათქმას თანხის მსესხებლისათვის გადაცემის თაობაზე. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას ისიც, რომ სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი დასაშვები მტკიცებულებით, მათ შორის, მოწმის ჩვენებით შეიძლება დადასტურდეს, თუმცა, ზეპირი სესხის დროს ნივთის გადაცემის დამტკიცების თვალსაზრისით, მხოლოდ ეს უკანასკნელი, კანონის თანახმად, არასაკმარისადაა მიჩნეული და საკასაციო პალატა გასესხებული თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს წერილობით საბუთს, მაგალითად, სავალო საბუთი, გადარიცხვის ქვითარი, სალაროს შემოსავლის ორდერი (შდრ: სუსგ №ას-398-371-2017, 06 ივნისი, 2017 წ; №ას-71-2023, 24 ივლისი, 2023 წ.).

94. საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველი საკასაციო პრეტენზია წარმოდგენილი იქნა, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეუფასებლობის საპროცესო სამართლებრივი საფუძვლით [სსსკ-ის 105-ე, 407.1, 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 396-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი].

95. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ, სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, §59; Perez v. France, §80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ, ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; Niderost-huber v. Switzerland, § 24; K.S. v. finland § 21;

96. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

97. ფაქტების დამტკიცების პროცესი საკმაოდ დეტალურად რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, განსაზღვრულია მტკიცების საშუალებათა (მტკიცებულებათა) წრე, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, ამ მტკიცებულებათა დასაშვებობა და განკუთვნადობა, მტკიცების ტვირთის (მოვალეობის) განაწილება მხარეთა შორის, ანუ რომელმა მხარემ რა გარემოება უნდა დაამტკიცოს, მტკიცებულებათა გამოკვლევის წესი, მტკიცებულებათა შეფასების ზოგადი წესები და ა.შ.

98. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარისთქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება. მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის დადგომა, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურ სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზუსტად იგივე უნდა განსაზღვროს იმ ფაქტების წრე, რომლებსაც უკავშირდება მხარეთა მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი დასაბუთებულობა. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა.

99. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით, (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით) დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებას და ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს სამართლებრივი შესაგებლის დასაბუთებას და თუ მოსარჩელე არ ხდის სადავოს მის შესაგებელს, მაშინ სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ უარი უნდა ეთქვას სარჩელს საპირისპირო (მოთხოვნის გამომრიცხავი) ნორმის არსებობის გამო; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის არსებითი გარემოებების შედავებას და ასევე საპირისპირო ნორმის წინაპირობების საკმარისად დასაბუთებას, მაშინ მტკიცების სტადიაზე უნდა გაირკვეს, მტკიცდება თუ არა სადავო გარემოებები (მტკიცების ტვირთის გადანაწილების შესაბამისად). შემდეგ ეტაპზე უნდა შემოწმდეს, ახერხებს თუ არა მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების იმგვარ დასაბუთებას, რომელიც ასევე აქარწყლებს მოპასუხის მიერ დასაბუთებულ საპირისპირო მითითებებს (ნორმებს).

100. სამართლებრივი დავისას სამოქალაქო საქმის განმხილველ მოსამართლეს ორი ამოცანა აქვს დასაძლევი: პირველ რიგში, მან უნდა გამოარკვიოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. მეორე რიგში კი, მოსამართლემ სამართლებრივად უნდა შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და დაადგინოს, არსებობს თუ არა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას, მაშინ სარჩელი უკვე ამ საფუძველზევე არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასეთ შემთხვევაში მოსამართლეს არა აქვს უფლება, საკუთარი ინიციატივით მოიძიოს სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი გარემოებები და შეაგროვოს მტკიცებულებები. თუ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულია ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ადასტურებენ მოთხოვნის არსებობას, მაშინ უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, ამ გარემოებების არსებობის უარყოფა“ (იხ. თომას ჰერმანი, მტკიცებულებითი სამართალი, GIZ, თბილისი, 2016, გვ.3-4). „მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს“ (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, გვ.64). შეუძლია თუ არა სასამართლოს თავისი ინიციატივით შეიტანოს მტკიცების საგანში და საფუძვლად დაუდოს გადაწყვეტილებას ფაქტები, რომლებზეც მხარეებიარ მიუთითებენ? იურიდიულ დოქტრინაში გაბატონებული მოსაზრების თანახმად, სასამართლოს ეს არ შეუძლია (იხ. დამატებით:თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005, გვ. 87; ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, გვ.64).

101. სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი არცერთი ნორმა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს არ გვთავაზობს, რის გამოც, გამოყენებულ უნდა იქნას სსსკ-ის ზოგადი ნორმა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილებისთვის [სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი], რომლის თანახმად თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება. ანუ გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება სესხის თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთი კი შემოიფარგლება სესხის თანხის დაბრუნებით (შდრ: სუსგ №ას-895-2021 23 დეკემბერი, 2021 წელი).

102. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა ნამდვილი შეჯიბრება რეალურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ იყვნენ ამ შეჯიბრებაში მონაწილე მხარეები თანასწორნი. სასამართლო, ვერ გამოიტანს გადაწყვეტილებას, თუ მან არ მოუსმინა ორივე დაპირისპირებულ მხარეს ან არ მისცა მათ შესაძლებლობა გამოიყენონ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და მექანიზმი თავიანთი პოზიციის გასამართლებლად, თავიანთი უფლებების დასაცავად.

103. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე, ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.

104. განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დფადგენილია, რომ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება წერილობით არ გაფორმებულა. მოსარჩელე აღნიშავს, რომ მან მოპასუხე კომპანიას უნაღდო ანგარიშსწორებით სხვადასხვა დროს ასესხა თანხა, კერძოდ: 21.12.2015 წელს - 13995 აშშ დოლარი; 13.01.2016 წელს - 11900 აშშ დოლარი; 27.01.2016 წელს - 1100 აშშ დოლარი; 29.02.2016 წელს - 3000 აშშ დოლარი; 21.03.2016 წელს - 5000 აშშ დოლარი; 21.03.2016 წელს - 10 000 აშშ დოლარი; 01.05.2017 წელს - 3150 ლარი. საერთო ჯამში, თანხამ შეადგინა 44995 აშშ დოლარი და 3150 ლარი. თანხა ჩაირიცხა უშუალოდ მოპასუხე კომპანიის საბანკო ანგარიშზე, რაც დასტურდება წარმოდგენილი სს ,,ტ–ის“ საგადახდო დავალებების ქვითრებით. ამასთანვე, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხე კომპანიისათვის ნასესხები თანხა აღიარებულია მოპასუხე კომპანიის საგარანტიო წერილებით (იხ., სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები ამ განჩინების პპ: 2 -7) .

105. დადგენილია, რომ 2013 წლის 09 დეკემბრის შპს „ს.ც.ნ.კ–ას“ პარტნიორთა გადაწყვეტილებით დადასტურდება,რომ მოსარჩელემ 2013 წლის 9 დეკემბერს, როგორც კომპანიის 50% წილის მფლობელმა, იკისრა ვალდებულება ერთი წლის განმავლობაში (2014 წლის 09 დეკემბრამდე) კომპანიის საწესდებო კაპიტალში განეხორციელებინა 1 000 000 (ერთი მილიონი) აშშ დოლარის შენატანი. 2015 წლის 04 ივლისს, კვლავ გაიმართა შპს „ს.ც.ნ.კ–ა“-ს (ამჟამინდელი სახელწოდება შპს „ნ–ი“) დამფუძნებელთა კრება. აღნიშნული კრების ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენდა კომპანიის საწესდებო კაპიტალის ცვლილება. კრების ოქმის თანახმად, მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება: 2014-15 წლების მანძილზე მომხდარი ეროვნული ვალუტის 30%-იანი დევალვაციისა და საბანკო საკრედიტო ანგარიშის (ოდენობით 1 050 000 აშშ დოლარი) ლარში არშემდგარი რეფინანსირების შედეგად გაზრდილი საკრედიტო ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით გაიზარდოს საწესდებო კაპიტალი, 50% წილის მფლობელი პარტნიორის- მოსარჩელის მიერ 850 000 აშშ დოლარის ოდენობით. დადგენილია, რომ მოსარჩელის მხრიდან, 2013 წლის 09 დეკემბრის აქტითდა 2015 წლის 4 ივლისის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების სრულად ან/და ნაწილობრივ შესრულების ფაქტი საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

106. მოსარჩელე/აპელანტი/კასატორი ითხოვს შემდეგი ტრანზაქციების საფუძველზე გადარიცხული თანხების, როგორც სესხის სახით გაცემული თანხების დაბრუნებას: (1) 21.12.2015 თარიღში განხორციელებულ ჩარიცხვას 13 995 აშშ დოლარის ოდენობით; (2) 13.01.2016 თარიღში - 11 900 აშშ დოლარის ოდენობით; (3) 27.01.2016 თარიღში - 1 100 აშშ დოლარის ოდენობით; (4) 29.02.2016 თარიღში - 3 000 აშშ დოლარის ოდენობით; (5) 21.03.2016 თარიღში - 5 000 აშშ დოლარის ოდენობით; (6) 21.03.2016 თარიღში - 10 000 აშშ დოლარის ოდენობით; (7) 01.05.2017 თარიღში - 3 150 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ მან 16.06.2020 წელს გადაიხადა - 15 980 ლარი და 34 704.14 ლარი, სს „ტ–ში“ მოპასუხე კომპანიის ვალდებულების დასაფარად, როგორც თავდებმა და აღნიშნულიც წარმოადგენს სესხად გაცემულ თანხას. კასატორი (მოსარჩელე) აღნიშნავს, რომ აღნიშნული ტრანზაქციები/გადახდები წარმოადგენს მოპასუხე კომპანიისათვის სესხად გაცემულ თანხებს.

107. საკასაციო პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა შეფასებებს და დასკვნებს, რომ მოსარჩელემ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით, ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - სადავო თანხის სესხად გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დადასტურება.

108. საკასაციო პალატა ყურდაღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე, კერძოდ,, რომ 21.12.2015 წლის საბანკო ქვითრის მიხედვით, მოსარჩელის მიერ მოპასუხე კომპანიის ანგარიშზე 13 995 აშშ დოლარის ჩარიცხვის დანიშნულებაში მითითებულია: „ნაშთის გადატანა“. ხოლო 2013 წლის 9 დეკემბრის კრების ოქმის (შეთანხმების) თანახმად, კი მოსარჩელის მიერ განხორციელებული შენატანების დანიშნულებად პირდაპირ იყო განსაზღვრული „საზოგადოების დავალიანების ნაწილის დაფარვა სს „კ–ში“; ასევე, 2015 წლის 04 ივლისის კრების ოქმის თანახმად, მოსარჩელის მიერ განსახორციელებელი შენატანის ერთ-ერთ მიზნობრიობად განსაზღვრულ იქნა სს „კ–ის“ მიმართ არსებული საკრედიტო დავალიანების ნაწილის დაფარვა. 13.01.2016 წლის საბანკო ქვითრის თანახმად, მოსარჩელის მიერ მოპასუხე კომპანიის ანგარიშზე 11 900 აშშ დოლარის ჩარიცხვის დანიშნულებაში მითითებულია: „FOR BUSINESS TRIP”, რაც ნიშნავს „საქმიანი მოგზაურობისთვის“. დანიშნულებაში მითითებული კომპანიის მიერ განხორციელებული „საქმიანი მოგზაურობები“ თავისი შინაარსით ემსახურება მხოლოდ კომპანიის საუკეთესო მიზნებს, შესაბამისად, აღნიშნული დანიშნულებით განხორციელებული გადარიცხვაც გულისხმობს, რომ განხორციელდა კაპიტალში შენატანის სახით 2013 წლის 9 დეკემბრის კრების ოქმისა (შეთანხმების) და 2015 წლის 04 ივლისის პარტნიორთა კრების ოქმის თანახმად, კომპანიის საუკეთესო მიზნებისათვის. 27.01.2016 წლის საბანკო ქვითრის თანახმად, ა.ს–ვას მიერ შპს „ნ.ჯ–ი“-ს ანგარიშზე 1100 აშშ დოლარის ჩარიცხვის დანიშნულებაში მითითებულია: „increase of basic capital”, რა ნიშნავს „საწესდებო კაპიტალის გაზრდას“. 29.02.2016 წლის საბანკო ქვითრის თანახმად, არათუ ა.ს–ვას, არამედ ა.ს–ვას მიერ შპს „ნ.ჯ–ი“-ს ანგარიშზე განხორციელებულ იქნა 3 000 აშშ დოლარის შეტანა, გადახდის დანიშნულებაში კი მითითებულია: „BALANCE TRANSFER”, რაც ნიშნავს „ნაშთის გადატანას“. ასევე, 21.03.2016 წლის საბანკო ქვითრის თანახმადაც, არათუ ა.ს–ვა, არამედ ა.ს–ვას მიერ შპს „ნ.ჯ–ი“-ს ანგარიშზე განხორციელებულია 5 000 აშშ დოლარის შეტანა, გადახდის დანიშნულებაში კი მითითებულია: „BALANCE TRANSFER”, რაც ნიშნავს „ნაშთის გადატანას“. ამდენად, 29.02.2016 წლის საბანკო ქვითარი - 3 000 აშშ დოლარის გადახდისა და 21.03.2016 წლის საბანკო ქვითარი - 5 000 აშშ დოლარის გადახდის ნაწილში, აღნიშნული გადახდები განახორციელა არა მოსარცელემ, არამედ ა.ს–ვამ. ამასთან, უდავოდაა დადგენილი რომ შენატანი განხორციელებულია მოსარჩელის დის - ა.ს–ვას მიერ, მოცემულ დავაში კი ის მხარეს არ წარმოადგენს. 21.03.2016 წლის საბანკო ქვითრის თანახმად, ა.ს–ვას მიერ მოპასუხე კომპანიის ანგარიშზე 10 000 აშშ დოლარის ჩარიცხვის დანიშნულებაში მითითებულია: „letter from 19.03.2016”, რაც ნიშნავს „19.03.2016-ის წერილი“ და არა სესხის ხელშეკრულება. 01.05.2017 წლის საბანკო ქვითრის თანახმად, მოსარჩელის მიერ მოპასუხე კომპანიის ანგარიშზე 3 150 ლარის ჩარიცხვის დანიშნულებაში მითითებულია „temporary financial assistance from the founder Salybekova Aiguli”, რაც ნიშნავს „მიმდინარე ფინანსურ დახმარებას დამფუძნებლის - მოსარჩელის მხრიდან“ და არა სესხის ხელშეკრულებას. 16.06.2020 წლის საბანკო ქვითრის თანახმად, მოსარჩელემ განახორციელა სს ,,ტ–ში“ მოპასუხის სესხზე - 15 980.86 ლარის ჩარიცხვა, ჩარიცხვის დანიშნულებაში მითითებულია: პროცენტის დაფარვა. 16.06.2020 წლის საბანკო ქვითრის თანახმად, მოსარჩელემ განახორციელა სს ,,ტ–ში“ მოპასუხის სესხზე - 34 704.14 ლარის ჩარიცხვა, ჩარიცხვის დანიშნულებაში მითითებულია: ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის დაფარვა. 16.06.2020 წლის გადახდის ქვითრებითაც არ დგინდება სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი მოპასუხე კომპანიის სესხის პროცენტი და სესხის ძირითადი თანხის დაფარვა (ჯამში - 50 685 ლარის გადახდა) განხორციელდა, როგორც კომპანიის თავდები პირის მიერ და აღნიშნული თანხები, წარმოადგენს მოპასუხისათვის სესხის სახით გაცემულ თანხებს და მოსარჩელემ 2020 წლის 16 ივნისს გადახდილი თანხები (ჯამში - 50 685 ლარის ოდენობით) გაიღო დამატებით და აღნიშნული არ შედიოდა იმ თანხებში, რაც განსაზღვრულია 2013 წლის 9 დეკემბრის და 2015 წლის 04 ივლისის პარტნიორთა კრების ოქმის თანახმად და მიზნებისათვის. კასატორის მიერ დასახელებული მიზეზი, რომ შესაძლოა ზოგი ქვითრის გადახდის დანიშნულება არასწორად იყოს ჩაწერილი, რადგანაც მოსარჩელე არ ფლობს ქართულ ენას, თუმცა, თანხა ჩარიცხულია მოპასუხე კომპანიის საბანკოა ნგარიშზე, არაა გასაზიარებელი, რადგან ზოგადად საბანკო ქვითრის დანიშნულების გრაფაში ინფორმაციის მითითება უშუალოდ თანხის გადამხდელის (მოსარჩელის) მიერ ან ბანკის თანამშრომლის მიერ მხოლოდ გადამხდელის ნების შესაბამისად ხდება და ამ დროს მიმღების ნება არ არის გათვალისწინებული.

109. ამდენად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიას, რომ ზემოდ მოყვანილი გადარიცხვის ქვითრებით დასტურდება სადავო ფაქტობრივი გარემოება რომ მოპასუხეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის - მოსარჩელის სასარგებლოდ რაიმე სახის ვალდებულების შესრულება აკისრია.

110. საკასაციო პალატა ყურდღებას ამახვილებს აგრეთვე მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მოთხოვნის გამომრიცხველ შესაგებელში მითითებულ გარემოებაზე, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 17.03.2020 წლის წერილით მოვალეს- მოსარჩელეს, მიეცა კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესასრულებლად. ამასთან, დაევალა წარმოედგინა შემდეგი სახის ინფორმაცია: გააჩნდა თუ არა საკუთრებაში უძრავ- მოძრავი ქონება; გააჩნდა თუ არა საბანკო ანგარიშები; გააჩნდა თუ არა საკუთრებაში ფასიანი ქაღალდები; გააჩნდა თუ არა მესამე პირებს მის მიმართ რაიმე ფულადი ვალდებულება; ეკუთვნოდა თუ არა სხვა პირის ქონება. მასვე განემარტა ის სამართლებრივი შედეგები, რაც საქართველოს რელევანტური კანონმდებლობით მოჰყვება ინფორმაციის არ წარდგენას ან/და შეგნებულად არასწორი ინფორმაციის წარდგენას.

111. დადგენილია, რომ 17.03.2020 წერილით განსაზღვრული კონკრეტული ვალდებულების შესასრულებლად, მოსარჩელემ (კასატორი) აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარადგინა ქონების ნუსხა - მოპასუხე კომპანიის 100%-იანი წილის საბაზრო ღირებულების შეფასების დასკვნა. შეფასების დასკვნაში მითითებულია, რომ შესაფასებელი ობიექტი არის მოპასუხე კომპანია. წინამდებარე დასკვნის შედგენის დამკვეთები არიან: მოსარჩელე 100% წილის მფლობელი; მესაკუთრე მოსარჩელე 100% წილის მფლობელი; დირექტრები ა.ს–ვა და და მოსარჩელე. შეფასების შედეგად დადგინდა, რომ 2020 წლის ივნისის მდგომარეობით მოპასუხე კომპანიის საკუთარი კაპიტალის 100% წილის საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 832 000.00 ლარს. აღნიშნული დასკვნაში ნათლად არის ასახული ინფორმაცია კრედიტორებისა და დებიტორების თაობაზე შეფასების თარიღისათვის ანუ 2020 წლის ივნისის მდგომარეობით (იხ. შესაფება, გვ. 21-22). აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე, ფიზიკური პირი კომპანიის კრედიტორთა სიაში მოხსენიებული არ არის.

112. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა შეფასებებს და დასკვნებს, რომ შეუძლებელია მოსარჩელეს მითითებული დოკუმენტის წარდგენისას გამორჩენოდა ვალდებულება, რომელიც კომპანიას გააჩნდა მის მიმართ. შესაბამისად, თავად მოსარჩელის მიერ წარომდგენილი შეფასების აქტითაც კი არ დგინდება მოპასუხე კომპანიის რაიმე სახის სასესხო ვალდებულების არსებობა - ფიზიკურ პირის (მოსარჩელე) მიმართ.

113. კასატორი მიუთითებს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ შეაფასეს საგარანტიო წერილები, რომლებიც ასევე ადასტურებენ მოპასუხე კომპანიის სასესხო ვალდებულების არსებობას მოსარჩელის (კასატორი) მიმართ.

114. საკასაციო პალატა კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას ასევე არ იზიარებს დაუსაბუთებლობის გამო, რადგან როგორც ეს საქმის მასალებითაა დადგენილი, 2013 წლის 09 დეკემბრის, ასევე 2015 წლის 04 ივლისის პარტნიორთა კრებების თანახმად მოსარჩელის მიერ ნაკისრი იყო ჯამში 1 850 000 აშშ დოლარის შენატანის განხორციელების ვალდებულება, რომლის შესრულების საკითხიც სადავოა. აღნიშნულის პარალელურად კი კომპანია იმყოფებოდა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, რაც უდავოდ დასტურდება როგორც თავად პარტნიორთა კრებებით, ისე საქმეში არსებული მორიგების აქტით, რომლითაც კომპანიამ იკისრა ვალდებულება სს „კ.ს.ბ–ის“ მიმართ. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, იმის გათვალისწინებითაც, რომ თავად საგადახდო დავალებებით, რაიმე სახის სასესხო ვალდებულებაზე საუბარი არ არის, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილ შეფასების დასკვნაში ასახულია ინფორმაცია კრედიტორებისა და დებიტორების თაობაზე შეფასების თარიღისათვის ანუ 2020 წლის ივნისის მდგომარეობით,( იხ. შეფასება, გვ.21-22) რომელშიც ფიზიკური პირი - მოსარჩელე, როგორც კომპანიის კრედიტორი, მოხსენიებული არ არის.

115. დადგენილია, რომ 30.05.2017 წლით დათარიღებული საგარანტიო წერილი შედგენილია ა.ს–ვას მიერ და წარმოადგენს 18.03.2016 წელს შედგენილი დოკუმენტის გაგრძელებას.

116. დადგენილია, რომ ა.ს–ვა წარმოადგენს მოსარჩელის დას. 31.12.2019 წლით დათარიღებულია შედარების აქტი, რომლითაც ა.ს–ვამ აღიარა მოპასუხე კომპანიის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ - 44 995 აშშ დოლარისა და 3 150 ლარის ოდენობით. არსებობს ამავე თარიღის, კერძოდ, 31.12.2019 წლის მეორე შედარების აქტიც, რომელიც მსგავსი შინაარსისაა, თუმცა მოქმედი პირები ცვლიან ადგილებს, კერძოდ, 31.12.2019 წლის მეორე შედარების აქტით უკვე მოსარჩელემ, როგორც მოპასუხე კომპანიის დირექტორმა აღიარა მოპასუხე კომპანიის არარსებული ვალდებულება ა.ს–ვას მიმართ - 1 781 660.49 ლარის ოდენობით (ტ.3. ს.ფ.115-118).

117. ამდენად, როგორც ეს გასაჩივრებულ განჩინებაშია აღნიშნული, კომპანიის ორმა დირექტორმა, რომლებიც პარალელურად ერთმანეთის დები არიან, კომპანიის სახელით ერთმანეთს უღიარეს ვალდებულებები. ამასთან, დადგენილია, რომ თავად მოსარჩელის მიერ 2013 წლის 9 დეკემბრის და 2015 წლის 04 ივლისის პარტნიორთა კრების ოქმებით ნაკისრი ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შესრულების ფაქტი სადავოა და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

118. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა მოსარჩელის მითითებები, რომ 2015 წლის 01 აგვისტოს შემდეგ, მას არ მოუხდენია კომპანიაში პარტნიორთა კრების ოქმის შესაბამისად თანხის შემოტანა და არც მოთხოვნა ყოფილა, რადგანაც შემოტანილი თანხა გახარჯული იყო არამიზნობრივად. პარტნიორთა 2015 წლის 04 ივლისის კრების ოქმით შემცირდა შენატანი, რადგანაც მოხდა კურსის აშკარა ცვალებადობა, ინფლაცია, თუმცა, ეს კრების ოქმში სავარაუდოდ შეცდომით ან შეგნებულად არასწორად არის ასახული, ნაცვლად შემცირებისა, გაზრდა, თუმცა ცხადია, რომ ამის მოთხოვნის საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დამდგარა, ეს რომ ასე ყოფილიყო კომპანიის იმ დროინდელი დირექტორი და წილის მფლობელი გ.გ–ა მოითხოვდა არა თანხების სესხებას, არამედ დარჩენილი თანხების შემოტანას. ( იხ. საკასაციო საჩივარი, წინამდებარე განჩინების პ.74).

119. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი).

120. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეში მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს სესხად გადაცემული თანხის დაბრუნება და არა 2015 წლის 04 ივლისის პარტნიორთა კრების ოქმის ნამდვილობა, ამიტომაც საკასაციო სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, იმსჯელოს წინამდებარე განჩინების პ. 74-ში მითითებულ კასატორის პრეტენზიაზე.

121. განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საკასაციო პალატა საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს პირგასამტეხლოს თავისებურებაზე.

122. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (შდრ. სუსგ №ას-1079-2019, 30 სექტემბერი, 2019).

123. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016).

124. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018; №ას-1158-1104-2014, 06.05.2015; №ას-1265-1187-2015, 10.02.2016). პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

125. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შეადრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).

126. პირგასამტეხლოს მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ,ვალდებულების დარღვევის როგორც იდენტიფიცირება, ისე მისი დადგენაა შესაძლებელი, ხოლო ასეთი მოთხოვნის დაყენება კი არ უნდა მოდიოდეს შეუსაბამობაში საკანონმდებლო დანაწესებთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26). პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას, სასჯელს მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ხოლო ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა, როგორც ვალდებულების არაჯეროვნად, არასრულად შესრულება, ასევე მისი შეუსრულებლობაც (შდრ: სუსგ №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი.) პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან/და დამატებითი ვალდებულების დარღვევისას (იხ. გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, თბილისი, 2010, გვერდი. 232). მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს ტაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა. იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 93).

127. პირგასამტეხლოს აქცესორული ბუნება განაპირობებს იმ ფაქტსაც, რომ მისი დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს მოვალის მიერ ვალდებულების ბრალეულად დარღვევა. პირგასამტეხლო უსაგნო იქნება, როცა მოვალის ბრალის გარეშე ვალდებულება ვერ შესრულდება ან ხელშეკრულება გაუქმდება. პირგასამტეხლოთი ვალდებულების უზრუნველყოფა სულაც არ ცვლის პასუხისმგებლობის საერთო საფუძველს. ამიტომაცაა, რომ თუკი ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, მაშინ მას არც პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრება (იხ. ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქლქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, მუხლი 417, თბილისი, 2001, გვ. 489-490; ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 89; სუსგ 31 მაისი, 2022 წ. საქმე №ას-1006-2021, პ.17).

128. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხემ კვალიფიციური შედავების პირობებში შეძლო სასარჩელო მოთხოვნის განხორციელების გამორიცხვა, მოსარჩელემ კი, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით, ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - სადავო თანხების სესხად გადაცემის დადასტურება, აღნიშნული კი უსაფუძვლოს ხდის მოთხოვნას სესხის დაბრუნებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. შესაბამისად, კასატორმა ვერ დარწმუნა საკასაციო პალატა, მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.

129. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

130. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

131. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

132. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ემუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.ს–ვას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. ა.ს–ვას (პ.ნ:.......) (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ზ.კ–ნის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 19.06.2023წ. საგადასახადო დავალებით N364 გადახდილი 6000 ლარის 70% – 4200 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ეკატერინე გასიტაშვილი