საქმე №ას-1167-2023 19 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.დ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება და და ამავე სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული სადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სს „ს.ბ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ა.დ–ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ა.დ–ს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა - 141 944.64 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა -125 263.13 ლარი, პროცენტი - 15 243.84 ლარი, საკომისიო - 437.67 ლარი და პირგასამტეხლო - 1 000 ლარი; ა.დ–ს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 54.90 ლარი; აღნიშნული თანხა წარმოადგენს სესხის ძირ თანხაზე დასარიცხ სარგებელს - წლიურ 16%-ს; ს.ბ–ის სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს.ბ–მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ხოლო ა.დ–მა შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება დავალიანების დაფარვის მიზნით იპოთეკის საგნის სარეალიზაციოდ მიქცევაზე უარის თქმის ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუქტი) და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს ,,ს.ბ–ის’’ სარჩელის მოთხოვნა იპოთეკის საგნის სარეალიზაციოდ მიქცევის შესახებ დაკმაყოფილდეს და დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა ა.დ–ის კუვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება - ქ.თბილისში, ვარკეთილი-3 დასახლებაში, ...... მდებარე ბინა 41, ს/კ ...... ამვე სასამართლო 2023 წლის 11 მაისის განჩინებით ა.დ–ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.დ–მა და მოითხოვა მათი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ა.დ–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოდგენა.
2023 წლის 13 ოქტომბერს ა.დ–მა წარმოადგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 500 ლარის ქვითარი და მოითხოვა დარჩენილი სახელმწიოფო ბაჟის გადახდის გადავადება ან ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა.დ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინების ასლი კასატორს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და კასატორის ოჯახის წევრს - ნ.მ–ას (მეუღლე) ჩაბარდა 2023 წლის 5 ოქტომბერს (იხ. ტ.2, ს.ფ.122). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 6 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 12 ოქტომბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
განსახილველ შემთხვევაში კასატორმა განცხადება და 2023 წლის 13 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის – 500 ლარის დამადასტურებელი ქვითარი წარმოადგინა 2023 წლის 13 ოქტომბერს (ტ.2, ს.ფ.123-126), ე.ი. სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს და კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 500 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.დ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. ა.დ–ს (პ/ნ .......) დაუბრუნდეს მის მიერ 2023 წლის 13 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 500 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი