Facebook Twitter

23 ივნისი 2023 წელი

№ას-350-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ შ.ს–ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ მ.ჩ–ძე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა, თანხის ოდენობის შემცირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შ.ს–ძემ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „კასატორი“, „მსესხებელი“, „მოვალე“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე მ.ჩ–ძის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „გამსესხებელი“, „კრედიტორი““) მიმართ და მოითხოვა, ცვლილებები შესულიყო ნოტარიუს ლ.ბ–ძის მიერ 01.05.2018 წელს გაცემულ №180483350 სააღსრულებო ფურცელში და 06.05.2015 წლის სესხისა და იპოთეკის №150454115 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შ.ს–ძის ფულადი ვალდებულება განსაზღვრულიყო შემდეგი ოდენობით: სესხის ძირითადი თანხა ნაცვლად 12 000 აშშ დოლარისა _ 3 100 აშშ დოლარით, პირგასამტეხლო ნაცვლად 3 500 აშშ დოლარისა _ 108 აშშ დოლარით.

სარჩელის საფუძვლები:

2.1. მ.ჩ–ძესა და შ.ს–ძეს შორის 2015 წლის 6 მაისს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. იპოთეკით დაიტვირთა შ.ს–ძის კუთვნილი უძრავი ქონება: მდებარე: ქ. თბილისი, ........, ს/კ ........ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, სესხი გაიცა 6 თვის ვადით, ყოველთვიური 2.5%–ის დარიცხვით. სესხის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით. სესხის ხელშეკრულების თანახმად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეთანხმდა პირგასამტეხლოს გადახდევინება სესხის 0.03%-ის ოდენობით. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, სესხის ვადის გასვლის შემდეგ იპოთეკარს მიეცა ნოტარიუსისგან სააღსრულებო ფურცლის აღების უფლება.

2.2. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, შ.ს–ძემ იპოთეკარ მ.ჩ–ძეს სესხის ხელშეკრულების გაფორმების მომენტში გადაუხადა 1 თვის პროცენტი, რაც შეადგენდა 300 აშშ დოლარს. შ.ს–ძეს სრულად აქვს გადახდილი სესხის ვადის განმავლობაში დარიცხული პროცენტი, რამაც 6 თვიანი ვადის განმავლობაში ჯამურად 1800 აშშ დოლარი შეადგინა.

2.3. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2015 წლის 6 მაისს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება არ გაგრძელებულა. სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე შ.ს–ძეს მ.ჩ–ძისათვის სესხის ძირი თანხის შესამცირებლად გადახდილი აქვს 8900 აშშ დოლარი, კერძოდ: 06.12.2015 - 300$ (იხ. სააღსრულებო ფურცლის ბოლო გვერდზე არსებული ხელწერილი); 2016 წელს _ 3600$: (06.01—300$, 06.02—300$, 06.03– 300$, 21.03–600$, 21.05–100$, 17.06– 500$, 17 ივნისი 600$, რაც ჯამში 2700$–ია, დანარჩენ 900$–ზე შედგენილია ხელწერილები, რაც ინახება შუამავალთან); 2017 წელს _ 2700$; 2018 წელს _ 1200$ (25.06.2018 – 300$, 30.11.2018– 298$, 602$–ზე შედგენილია ხელწერილები, რაც ინახება შუამავალთან); 2019 წელს _ 800$ (03.05.19 — 300$, 30.07.19– 200$, 20.11.19–200$, 27.12.19–100$); 2020 წელს _ 300$ (11.03.20–200$, 13.07.20–100$). შესაბამისად, მოვალეს ძირი თანხის სახით გადასახდელი აქვს 3100 აშშ დოლარი. ლიბერთი ბანკის გზავნილების ამონაბეჭდში მითითებული თანხის გადამხდელი პირი თ.ა–ძე არის მოსარჩელის მეუღლე. ძირი თანხის შესამცირებლად თანხის გადახდაში შ.ს–ძეს ეხმარებოდა სიდედრი - დ.კ–ია, რომელიც ამჟამად იმყოფება საზღვარგარეთ. მას მ.ჩ–ძისთვის როგორც გზავნილის, ასევე ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით გადახდილი აქვს თანხები.

2.4. 2015 წლის 6 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, მ.ჩ–ძემ 2018 წლის პირველ მაისს ნოტარიუს ლ.ბ–ძისგან აიღო სააღსრულებო ფურცელი. სანოტარო აქტის თანახმად, იპოთეკარის განცხადებით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა 12 000 აშშ დოლარი, აგრეთვე პირგასამტეხლო 2015 წლის 7 ნოემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.03% აღსრულებამდე. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით დადგენილია იპოთეკის საგნის, მდებარე: ქალაქი თბილისი, ........., ბინა 54, ს/კ ......,, აუქციონზე რეალიზაცია.

2.5. სააღსრულებო ფურცლის 2018 წლის პირველ მაისს აღების შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ წინადადების ჩაბარების შემდეგ. მ.ჩ–ძემ 2018 წლის პირველი მაისის სააღსრულებო ფურცელი სააღსრულებო ბიუროში წარადგინა 2020 წლის 10 ნოემბერს, ანუ სააღსრულებო ფურცლის აღებიდან წელიწადნახევრის შემდეგ. იძულებითი აღსრულების დაწყების შესახებ განცხადების თანახმად, მ.ჩ–ძე შ.ს–ძისგან ითხოვს ძირ თანხას 12 000 აშშ დოლარს და პირგასამტეხლოს 3500 აშშ დოლარს.

2.6. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია პირგასამტეხლო 0.03% ძირი თანხიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც 12 000 აშშ დოლარის გადახდის ვადის გადაცილებისთვის ერთ დღეზე შეადგენს 3.6 აშშ დოლარს, ხოლო 1 თვეზე - 108 აშშ დოლარს. პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი 3500 აშშ დოლარი უნდა შემცირდეს 108 აშშ დოლარამდე, რადგან აღებული სააღსრულებო ფურცლის წელიწადნახევრის დაგვიანებით შეტანით კრედიტორმა ხელოვნურად გაზარდა პირგასამტეხლო.

მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მსესხებელი გამიზნულად (იმისათვის, რომ შემდეგ მოეთხოვა პროცენტების ძირ თანხაში ჩათვლა) ეუბნებოდა უარს გამსესხებელს, მოეწერა ხელი ხელშეკრულების გაგრძელებაზე. მოსარჩელეს მოპასუხისათვის გადახდილი აქვს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი, შემდეგი ოდენობით: 1. 2015 წელს - 1 800 აშშ დოლარი; 2. 2016 წელს - 3 300 აშშ დოლარი; 3. 2018 წელს - 298 აშშ დოლარი; 4. 2019 წელს - 800 აშშ დოლარი; 5. 2020 წელს - 300 აშშ დოლარი.სარჩელს თან ერთვის ხელწერილი, რომლითაც დასტურდება, რომ კრედიტორისთვის მიცემულია პროცენტი და არა ძირი. სარჩელს დანართად ახლავს ლიბერთი ბანკის გზავნილების ამონაწერი. ბანკის ამონაწერიდანაც დასტურდება, რომ გზავნილები სარგებლის თანხის ოდენობისაა და არა ძირის.

3.2. 2018 წელს, სწორედ მას შემდეგ, რაც მოპასუხემ, წლების ლოდინის მიუხედავად, ვერ შეძლო კუთვნილი თანხის დაბრუნება, მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. მოვალის თხოვნით, კრედიტორს სააღსრულებო ბიუროში არ შეჰქონდა სააღსრულებო ფურცელი, ვინაიდან ის ჰპირდებოდა, რომ გადაიხდიდა დავალიანებას სრულად.

3.3. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში პირგასამტეხლო წინასწარ იქნა განსაზღვრული და ხელმოწერილი მხარეთა მიერ. ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თანახმად, სესხი გაიცა 6 თვის ვადით და მისი დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 6 ნოემბერი, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დადგინდა პირგასამტეხლო, სესხის 0.03%-ის ოდენობით. იმავე პუნქტის თანახმად, დავის შემთხვევაში, „მესაკუთრე“ არ მოითხოვს პირგასამტეხლოს რაოდენობის შემცირებას, რადგანაც, იგი მიაჩნია სამართლიანად და გამიზნულია სესხის დროული დაბრუნების უზრუნველსაყოფად. მხარეებმა, ნოტარიუსის თანდასწრებით და შესაბამისი განმარტების საფუძველზე მოაწერეს ხელი ამ ოდენობით პირგასამტეხლოს დაწესებას და იგი არ არის არაგონივრული. სააღსრულებო ფურცელში მითითებულია, რომ გადასახდევინებელი პირგასამტეხლო 2015 წლის 7 ნოემბრიდან აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.03%-ს შეადგენს, შესაბამისად, მხარის მიერ მოყვანილი 108 აშშ დოლარი ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ციფრია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: ცვლილება შევიდა ნოტარიუს ლ.ბ–ძის მიერ 01.05.2018 წელს გაცემულ №180483350 სააღსრულებო ფურცელში და შ.ს–ძესა და მ.ჩ–ძეს შორის 06.05.2015 წელს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის №150454115 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შ.ს–ძის ფულადი ვალდებულება მ.ჩ–ძის მიმართ ძირითადი თანხის ნაწილში ნაცვლად 12 000 აშშ დოლარისა, განისაზღვრა 7000 აშშ დოლარით, პირგასამტეხლო ნაცვლად 3 500 აშშ დოლარისა, განისაზღვრა 350 აშშ დოლარით.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

7. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. მ.ჩ–ძესა და შ.ს–ძეს შორის 06.05.2015 წელს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მოპასუხემ მოსარჩელეს ასესხა 12 000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა შ.ს–ძის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისში, ......., ს/კ ....... ხელშეკრულების თანახმად, სესხის ვადა განისაზღვრა 6 თვით - 2015 წლის 06 ნოემბრის ჩათვლით, ყოველთვიური 2.5% სარგებლის დარიცხვით. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაითქვა პირგასამტეხლოს გადახდევინება სესხის 0.03%-ის ოდენობით.

7.2. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2015 წლის 06 ნოემბერს. ხელშეკრულება მხარეთა შორის წერილობითი ფორმით არ გაგრძელებულა.

7.3. 2015 წლის 06 მაისს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 6 თვის სარგებელი, - 1 800 აშშ დოლარი, მ.ჩ–ძეს მიღებული აქვს.

7.4. ნოტარიუს ლ.ბ–ძის მიერ მ.ჩ–ძის მოთხოვნის საფუძველზე, 01.05.2018 წელს გაიცა სააღსრულებო ფურცელი №180483350, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შემდეგნაირად განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა - 12 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 2015 წლის 07 ნოემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.03% აღსრულებამდე, ასევე, სააღსრულებო ხარჯები და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯები.

7.5. მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კრედიტორისთვის 2015 წლის 6 დეკემბერს გადახდილი 300 აშშ დოლარი, 2016 წელს გადახდილი 3300 აშშ დოლარი, 2018 წელს გადახდილი 300 აშშ დოლარი, 2019 წელს გადახდილი 800 აშშ დოლარი და 2020 წელს გადახდილი 300 აშშ დოლარი, მიმართულია სესხის ძირი თანხის შესამცირებლად.

7.6. მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2017 წელს მოსარჩელეს კრედიტორისთვის თანხა არ გადაუხდია.

7.8. მ.ჩ–ძემ სააღსრულებო ფურცელი იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო ბიუროში წარადგინა 10.11.2020 წელს, აღნიშნულის თაობაზე მოვალე შ.ს–ძეს ეცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2020 წლის 24 ნოემბრის წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი შეფასება:

8.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ხოლო მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა

8.2. აპელანტი (მოსარჩელე) სესხის ძირი თანხის ნაწილში სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის განმაპირობებელ გარემოებად მიუთითებს მასზედ, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, მას არ გააჩნდა პროცენტის (სარგებლის) გადახდის ვალდებულება, შესაბამისად, მის მიერ გადახდილი თანხები (სადავო შემთხვევაში, დამატებით 3 900 აშშ დოლარი), ძირი თანხის ანგარიშში უნდა ჩაითვალოს.

8.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).

8.4. სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ვალდებულების შესრულების თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი მოვალეს აკისრია. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულება შეასრულა და ამით ვალდებულება შეწყდა. მოვალეს ესჭიროება სათანადო მტკიცებულება, რომ შეწყვეტის მიზნით ვალდებულების შესრულების ფაქტი დაამტკიცოს. კრედიტორი ასეთი დოკუმენტის გაცემით ადასტურებს, რომ მან შესრულება მიიღო, ვალდებულება შესრულდა და შეწყვეტილია. პრაქტიკაში ვალდებულების შესრულების ან/და მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის სხვადასხვა სახე არსებობს, როგორიცაა: ქვითარი, მიღება-ჩაბარების აქტი, სალარო გასავლის ორდერი, ხელწერილი, საბანკო გადარიცხვის ამონაწერი და სხვა. ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი, როგორც საპროცესო, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, მოვალის ვალდებულებას წარმოადგენს (სსსკ-ის 102-ე მუხლი და სსკ- ის 429-ე მუხლი).

8.5. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი საქართველოს სსკ-ს 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შედგენილი მოთხოვნის შესრულების შესახებ სათანადო მტკიცებულება სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარ (3 900 აშშ დოლარის) ნაწილში. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელირება მასზედ, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2016 წელს მ.ჩ–ძისთვის გარდა 3300 აშშ დოლარისა, ასევე გადახდილი იყო 300 აშშ დოლარი. ხელწერილები, რომელთა საფუძველზეც მოვალე ცდილობს, დაადასტუროს 3600 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი, შედგენილია მარტოოდენ 2700 აშშ დოლარზე, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ დაადასტურა 2016 წელს მოსარჩელისგან 3300 აშშ დოლარის მიღების ფაქტი, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2016 წელს მ.ჩ–ძისთვის 3300 აშშ დოლარის გადახდა.

8.6. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია მოვალის მიერ კრედიტორისთვის 2017 წელს 2700 აშშ დოლარის გადახდის შესახებ, რამეთუ ხსენებულ პოზიციას საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, გარდა მოსარჩელის განმარტებისა, არ ადასტურებდა.

8.7. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელირება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2018 წელს მ.ჩ–ძისთვის გარდა 300 აშშ დოლარისა, ასევე გადახდილი იყო 900 აშშ დოლარი, ჯამში 1200 აშშ დოლარი. პალატამ ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებას, რომ 2018 წელს გადახდილი თანხის მტკიცებულებად საქმეში წარმოდგენილი იყო მარტოოდენ 300 აშშ დოლარის გადარიცხვის ქვითარი, რომელაც მოპასუხე არ ედავებოდა. სხვა მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის მხრიდან მოპასუხისთვის 2018 წელს თანხის გადაცემას დაადასტურებდა, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, აპელანტი (მოსარჩელე) ვერ ადასტურებს 2018 წელს დამატებით 900 აშშ დოლარის მოპასუხისათვის გადახდის ფაქტს.

8.8. მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-2 მუხლით განსაზღვრული იყო სესხის მოქმედების ვადა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხზე დასამატებელი პირგასამტეხლო სესხის 0,03%-ის ოდენობით. დადგენილია, რომ მსესხებელ შ.ს–ძის მიერ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში, ფულადი ვალდებულება სრულად არ იქნა შესრულებული. დადგენილია ასევე ის გარემოება, რომ მოპასუხემ სააღსრულებო ფურცელი აიღო 2018 წლის 01 მაისს, ხოლო, სააღსრულებო ბიუროში წარადგინა იგი 2020 წლის 10 ნოემბერს. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, პირგასამტეხლო განსაზღვრულია შემდეგნაირად - 2015 წლის 07 ნოემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.03% აღსრულებამდე.

8.9. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით (სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი).

8.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

8.11. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.

8.12. კრედიტორის მიერ სააღსრულებო ბიუროში სააღსრულებო ფურცლის დაგვიანებით წარდგენის, ასევე სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის გადასახდელად განსაზღვრული საბოლოო ძირი თანხის ოდენობის, მოპასუხის მიერ დარღვევის მოცულობისა და ვადის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება ათჯერ, სრულად უზრუნველყოფს პირგასამტეხლოს მიზნებს. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების (108 აშშ დოლარამდე) საფუძველი.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ.ს–ძემ და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით. საკასაციო პრეტენზია დაფუძნებულია შემდეგ არგუმენტაციას:

9.1. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ კრედიტორმა სააღსრულებო ფურცელი უბრალოდ აიღო და შეინახა რამდენიმე წელი, მას აღსრულება არ დაუწყია სწორედ იმის გამო, რომ შ.ს–ძისგან იღებდა თანხების ძირის შესამცირებლად. სხვაგვარად აუხსნელია, რატომ არ მოითხოვა მოვალისგან მან თანხა სააღსრულებო ფურცლის აღებისთანავე. კრედიტორი მუდმივად ცდილობდა, თავი აერიდებინა იმის დადასტურებისგან, რომ შ.ს–ძისგან 3900 აშშ დოლარიც მიღებული აქვს, თუმცა ამ თანხის მიღებას ადასტურებს მისი უმოქმედობა.

9.2. კრედიტორმა სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად დაგვიანებით წარდგენით ხელოვნურად გაზარდა პირგასამტეხლოს ოდენობა და არსებობდა მისი 108 აშშ დოლარამდე შემცირების საფუძველი, ვინაიდან კრედიტორის უმოქმედობამ შექმნა იმგვარი წინაპირობები, რომ პირგასამტეხლომ არ შეასრულა მისი კანონისმიერი ფუნქცია.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14.1. სესხის ძირითად ნაწილში შეუსრულებელი ვალდებულების ოდენობის არასწორად განსაზღვრის საკასაციო პრეტენზიას კასატორი აყრდნობს იმ მოსაზრებას, რომ კრედიტორის უმოქმედობა, რაც სააღსრულებო ფურცლის აღების მიუხედავად, მის აღსასრულებლად წარუდგენლობაში გამოიხატა, მეტყველებს მოვალის მიერ სადავო 3900 აშშ დოლარის ოდენობით ვალდებულების შესრულების ფაქტზე. საკასაციო პალატის შეფასებით, ხსენებულ არგუმენტი მოკლებულია როგორც მატერიალურ, ისე საპროცესო საფუძვლიანობას.

14.2. მტკიცების ტვირთის განაწილების უზოგადესი, სამართლიანი სტანდარტი ასეთია _ თითოეული მხარე ვალდებულია, ამტკიცოს ის გარემოება, რომელზედაც იგი აფუძნებს საკუთარ სარჩელსა თუ შესაგებელს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი). ხსენებული საპროცესო პრინციპის შესაბამისად, რამდენადაც მოვალის სარჩელი ეყრდნობა იმ გარემოებას, რომ მას ვალდებულება შესრულებული აქვს, სწორედ მას მართებს ამავე გარემოების დამტკიცება სსსკ 102-ე მუხლის მეორე ნაწილით დაშვებული მტკიცებულებებით _ მხარის (მესამე პირის) ახსნა-განმარტების, მოწმის ჩვენების, ექსპერტიზის დასკვნის, წერილობითი ან ნივთიერი მტკიცებულებისა თუ ფაქტების კონსტატაციის მასალებით. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საკასაციო საჩივრით სადავო 3900 აშშ დოლარის გადახდის ფაქტობრივ გარემოებას მოსარჩელე აფუძნებს მხოლოდ საკუთარ ახსნა-განმარტებას, რომელსაც უარყოფს მისი პროცესუალური მოწინააღმდეგე როგორც შესაგებლით, ისე საქმის ზეპირი განხილვისას მიცემული ახსნა-განმარტებით. სასამართლოსათვის როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ახსნა-განმარტებას, თანაბარი მტკიცებულებითი ძალა გააჩნია, შესაბამისად, როდესაც სარჩელის დასასაბუთებლად მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას უარყოფს მოპასუხე, მარტოოდენ მოსარჩელის ახსნა-განმარტება საკმარისი ვერ იქნება სადავო გარემოების დასადასტურებლად, საამისოდ მოსარჩელეს სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ესაჭიროება სხვა მტკიცებულების წარდგენაც (იხ. სუსგ. №ას-1180-2022 03.05.2023წ; №ას-1121-2022. 15.02.2023წ).

14.3. ამავე სამართლებრივ ლოგიკას ეფუძნება შესრულების გზით ვალდებულების შეწყვეტის მარეგულირებელი ნორმები _ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). ამავე კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამრიგად, სსკ-ის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება (იხ. სუსგ. №ას-1241-2022, 18.01.2023წ).

14.4. კრედიტორის მიერ ფულადი ვალდებულების დადასტურების შემთხვევაში და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მისი მითითების პირობებში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მოვალეს ვალდებულება შესრულებული არ აქვს. სამართალწარმოებაში „პრეზუმციების“ არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება, უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება, პირიქით, უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი ვალდებულია დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-528-501-2015 04.11.2015წ). ამრიგად, კრედიტორის სასარგებლოდ მოქმედი პრეზუმფცია, რომ მოვალეს ვალდებულება შესრულებული არ აქვს, ამ ვარაუდის გაქარწყლების ტვირთს მოვალეს აკისრებს.

14.5. როგორც უკვე აღინიშნა, საქმეში არ მოიპოვება წერილობითი დოკუმენტი, რომელიც სადავო _ 3900 აშშ დოლარის ნაწილში ვალდებულების შესრულებას დაადასტურებდა. ამ გარემოებას არ მოწმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ისეთი მტკიცებულებებიც, როგორიც არის მოწმის ჩვენება, ნივთიერი მტკიცებულება ან ფაქტის კონსტატაციის მასალები. ამრიგად, სრულებით მართებულია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ საპროცესო ტვირთი, რომელიც მოვალეს აკისრებდა, აქტიური მოქმედებით, მტკიცებულებათა წარდგენის გზით, დაედასტურებინა სადავო ნაწილში ვალდებულების შესრულების ფაქტი, აპელანტმა (კასატორმა) ვერ დაძლია. კრედიტორის უმოქმედობას, რაც სააღსრულებო ფურცლის იძულებით აღსასრულებლად მიქცევისგან თავის შეკავებაში ვლინდება, არ ძალუძს, შექმნას ვარაუდი ვალდებულების შესრულების შესახებ, რამეთუ ამგვარი პრეზუმფციის დაშვების საფუძველს ვალდებულების შესრულების ინსტიტუტის მარეგულირებელი სამოქალაქო კოდექსის დებულებები არ იძლევა, რაც ამ ნაწილში წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიის უსაფუძვლოდ მიჩნევის საფუძველია.

15.1. რაც შეეხება პირგასამტეხლოს მოთხოვნილ ოდენობამდე შემცირების დასასაბუთებლად კასატორის მიერ მოხმობილ არგუმენტაციას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (იხ. სუსგ. №ას-1928-2018, 31.10.2019წ.).

15.2. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ. №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.).

15.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაც. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (იხ. სუსგ. №ას-1292-2019, 24.12.2020წ.; №ას-386-2019, 02.04.2021წ.; №ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.). პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ. №ას-1511-2018, 26.03.2019წ.).

15.4. პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს გადაჭარბებულად სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული (იხ. სუსგ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.).

15.5. დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ 2015 წლის 06 ნოემბრის ჩათვლით, მოვალეს ეკისრებოდა სესხის ძირითადი თანხის სრულად დაბრუნების ვალდებულება, ამავდროულად, მხარეთა შორის არ მიღწეულა შეთანხმება ვალდებულების ნაწილ-ნაწილ დაბრუნების შესახებ, შესაბამისად, 2015 წლის 07 ნოემბრიდან პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება წარმოშობილია.

15.6. პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს ათჯერ შემცირებისას, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ყოველი ეტაპი ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, ამცირებდა პირგასამტეხლოს გასაანგარიშებელ ბაზასაც; კრედიტორის არაკეთილსინდისიერებად და შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობად იქნა მიჩნეული სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენის დაყოვნება იმ პირობებში, როდესაც ყოველი დაყოვნებული დღე ზრდიდა პირგასამტეხლოს მოცულობას. ამავდროულად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს რეპრესიული ფუნქცია, რაც მოვალისთვის ვალდებულების დროული შესრულების გამო პასუხისმგებლობის დაკისრებაში გამოიხატება, არ უნდა გაანეიტრალოს პირგასამტეხლოს იმ მასშტაბამდე შემცირებამ, რომ მოვალისთვის ვალდებულების დროულმა შესრულება-შეუსრულებლობამ დაკარგოს აზრი. გაუმართლებელია, მხედველობის მიღმა დარჩეს ის გარემოება, რომ 2015 წლის 07 ნოემბრიდან მოყოლებული მოსარჩელე სოლიდურ ფულად ვალდებულებას არღვევს. საკასაციო პალატის შეფასებით, 350 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება, ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სამართლიანი და პროპორციულია, რამეთუ იცავს მოვალეს გადაჭარბებულად სანქცირებისგან და ამავდროულად, უზრუნველყოფს კრედიტორის პატივსადებ ინტერესსაც, რაც ვალდებულების ხანგრძლივი დროით შეუსრულებლობის გამო საკუთარ ფულად თანხებთან წვდომის შეუძლებლობის კომპენსირებაში გამოიხატება.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

17. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამრიგად, კასატორს უკან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი, რაც 365.75 ლარს შეადენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.ს–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შ.ს–ძეს (პ/ნ .......) დაუბრუნდეს ს.ქ–ის (პ/ნ .......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 522 ლარის და 49 თეთრის (საგადახდო დავალება № 2701, გადახდის თარიღი: 18.04.2023წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 365 ლარი და 74 თეთრი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი