15 თებერვალი 2023 წელი
№ას-842-2022 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ს.ს.ი.პ. ქონების მართვის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე _ დ.ყ–ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ს.ს.ი.პ. ქონების მართვის სააგენტომ (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამონაცვლე; შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „კასატორი“, „მეიჯარე“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე დ.ყ–ის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „მოიჯარე“) მიმართ, 2013 წლის 21 ივნისის QN1132535 ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის _ 4 623.29 ლარის, ამავე ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს _ 2018 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით 4 929 ლარისა და 2018 წლის 21 დეკემბრიდან საიჯარო ქირის სრულად გადახდამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის 0.1%-ის (რაც შეადგენს 3.00 ლარს) გადახდის დაკისრების მოთხოვნებით.
სარჩელის საფუძვლები:
2.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ს.ს.ი.პ. ქონების მართვის სააგენტოს 2013 წლის 21 ივნისის №QN1132535 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ.ყ–ის ელექტრონული განცხადება და მოპასუხეს პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის უფლებით გადაეცა თბილისში, თემქის დასახლებაში, მე-4 მ/რ-ში მდებარე 1015 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: .........). ამავე გადაწყვეტილებით, იჯარის ვადა განისაზღვრა 10 წლით. საიჯარო პირობების 3.1 პუნქტის თანახმად, ყოველწლიური საიჯარო ღირებულება განისაზღვრა 3 000 ლარის ოდენობით, რომლის გადახდაც, 3.2 პუნქტის თანახმად, განხორციელდებოდა თანაბარწილად, ყოველ 6 თვეში ერთხელ. გადახდის ვადა აითვლებოდა გადაწყვეტილების გაცნობიდან (გაცნობის თარიღია 21/06/2013 წელი).
2.2. ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 02 ივნისის წერილით დ.ყ–ს გაეგზავნა შეტყობინება დარიცხული საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს გადახდის შესახებ. 2015 წლის 08 ივნისს დ.ყ–მა განცხადებით მიმართა ს.ს.ი.პ. ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა იჯარის უფლების შეწყვეტა და ქირისა და პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლება. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 24 ივნისის განკარგულებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ.ყ–ის განცხადება, კერძოდ, იჯარის შეწყვეტის ნაწილში. ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის თანახმად, ქონების მართვის სააგენტოს დაევალა იჯარის უფლების შეწყვეტის აქტის გამოცემა და გადასახდელი საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაანგარიშება. ს.ს.ი.პ. ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილებით, შეწყდა იჯარის უფლება. ამავე გადაწყვეტილებით, დ.ყ–ს დაევალა აქტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში საიჯარო ქირისა და საიჯარო ქირის სრულად გადახდამდე დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა. მოპასუხე სააგენტოს გადაწყვეტილებას გაეცნო 2015 წლის 06 ივლისს.
2.3. მოიჯარის მიერ 21/12/2013 წელს გადასახდელი საიჯარო ქირა გადახდილი იქნა ვადაში (16/12/2013 წელს), ხოლო შემდგომ მას თანხა აღარ გადაუხდია. დ.ყ–ის მიერ 22/06/2014 წლიდან 06/07/2015 წლამდე გადაუხდელი საიჯარო ქირა შეადგენს 4 623.29 ლარს.
2.4. საიჯარო პირობების 12.1 პუნქტის თანახმად, საიჯარო ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ქირის 0.1%-ით (მაგრამ არანაკლებ ერთი ლარის ოდენობით), დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2.5.1. მოიჯარის მიერ 21/06/2014 წელს გადასახდელი საიჯარო ქირა არ იქნა გადახდილი, რის გამოც, შემდგომი გადახდის პერიოდამდე (21/12/2014 წელი), საიჯარო პირობების 12.1 პუნქტის შესაბამისად, დაეკისრა პირგასამტეხლო ქირის - 3000 ლარის 0.1%-ის ოდენობით, რაც 183 კალენდარულ დღეზე შეადგენს 549 ლარს.
2.5.2. მოიჯარის მიერ 21/12/2014 წელს გადასახდელი საიჯარო ქირა არ იქნა გადახდილი, რის გამოც შემდგომი გადახდის პერიოდამდე (21/06/2015 წელი), საიჯარო პირობების 12.1 პუნქტის შესაბამისად, დაეკისრა პირგასამტეხლო ქირის - 3000 ლარის 0.1%-ის ოდენობით, რაც 182 კალენდარულ დღეზე შეადგენს 546 ლარს.
2.5.3. მოიჯარის მიერ 21/06/2015 წელს გადასახდელი საიჯარო ქირა არ იქნა გადახდილი, რის გამოც შემდგომი გადახდის პერიოდამდე (06/07/2015 წელი), საიჯარო პირობების 12.1 პუნქტის შესაბამისად, დაეკისრა პირგასამტეხლო ქირის - 3000 ლარის 0.1%-ის ოდენობით, რაც 15 კალენდარულ დღეზე შეადგენს 45 ლარს.
2.5.3. მოპასუხემ დარიცხული საიჯარო ქირა - 4 623.23 ლარი არ გადაიხადა, რის გამოც ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2018 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით (დაანგარიშების პირობითი თარიღი), საიჯარო პირობების 12.1 პუნქტის შესაბამისად, დაეკისრა პირგასამტეხლო ქირის (3 000 ლარის) 0.1%-ის ოდენობით, რაც 1263 კალენდარულ დღეზე შეადგენს 3 789 ლარს.
2.5.4. ჯამში, დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა 2018 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, შეადგენს 4929 ლარს. ამასთან, გრძელდება პირგასამტეხლოს დარიცხვა 2018 წლის 21 დეკემბრიდან საიჯარო ქირის სრულად გადახდამდე.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხე შესაგებლით დაეთანხმა, რომ 21/06/2014 წელს და 21/12/2014 წელს საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო მოპასუხეს ეკისრება პირგასამტეხლო, თუმცა იგი არ დაეთანხმა პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნას 21/06/2015 წლის და 21/12/2015 წლის საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო, რადგან მან ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით სააგენტოს მიმართა 08/06/2015 წელს. მოპასუხის წარმომადგენელმა ცნო სასარჩელო მოთხოვნა 1500 ლარის ნაწილში (საიჯარო ქირა) და მიუთითა პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის - 4 623.29 ლარისა და პირგასამტეხლოს - 114 ლარის გადახდა.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ს.ს.ი.პ. ქონების მართვის სააგენტომ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ს.ს.ი.პ. ქონების მართვის სააგენტოს 2013 წლის 21 ივნისის №QN1132535 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ.ყ–ის ელექტრონული განცხადება (რეგისტრაციის ნომერი: QN1132535). თბილისში, ...... მდებარე 1015 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ: .......) დაიდო იჯარის ხელშეკრულება და აღნიშნული ქონება პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცა დ.ყ–ს. ამავე გადაწყვეტილებით, იჯარის ვადად განისაზღვრა 10 წელი.
7.2. ს.ს.ი.პ. ქონების მართვის სააგენტოს 2013 წლის 21 ივნისის №QN1132535 გადაწყვეტილების დანართის (საიჯარო პირობები) 3.1. პუნქტის თანახმად, ყოველწლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 3000 ლარის ოდენობით, ხოლო 3.2. პუნქტის თანახმად, მოიჯარეს საიჯარო ქირა უნდა გადაეხადა თანაბარწილად, ყოველ 6 თვეში ერთხელ. ამავე პუნქტის თანახმად, გადახდის ვადა აითვლებოდა გადაწყვეტილების გაცნობის მომენტიდან. მოცემულ შემთხვევაში, გაცნობის თარიღია 21/06/2013 წელი.
7.3. საიჯარო პირობების 12.1. პუნქტის თანახმად, საიჯარო ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში განისაზღვრა პირგასამტეხლო ქირის 0.1%, მაგრამ არანაკლებ 1 (ერთი) ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
7.4. მოსარჩელემ 21/12/2013 წელს გადასახდელი საიჯარო ქირა _ 1500 ლარი გადაიხადა 16/21/2013 წელს. მას შემდგომ, მოპასუხეს არ შეუსრულებია საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება.
7.5. საიჯარო პირობების 13.1 პუნქტის თანახმად, საიჯარო ურთიერთობა შესაძლოა შეწყვეტილიყო მოიჯარის განცხადებისა და ს.ს.ი.პ. ქონების მართვის სააგენტოს აქტის საფუძველზე, გარდა მეიჯარის მიერ ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტისა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში საკმარისია ქონების მართვის სააგენტოს მიერ მიღებული აქტი.
7.6. 2015 წლის 08 ივნისს დ.ყ–მა განცხადებით მიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის ს.ს.ი.პ. ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა 2013 წლის 31 მაისის დადგენილების შეწყვეტა.
7.7. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 24 ივნისის №25.26.752 განკარგულებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ.ყ–ის განცხადება, კერძოდ, შეწყდა თბილისში, ...... მდებარე 1015 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ: ......) იჯარის უფლება და ამავე განკარგულებით ქონების მართვის სააგენტოს დაევალა იჯარის უფლების შეწყვეტის გამოცემა და აქტის გამოცემის მდგომარეობით გადასახდელი საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაანგარიშება.
7.8. ს.ს.ი.პ. ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 06 ივლისის №QN13119577 გადაწყვეტილებით, შეწყდა თბილისში, ...... მდებარე 1015 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ: .....) იჯარის უფლება. ამავე გადაწყვეტილებით დ.ყ–ს დაევალა აქტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში საიჯარო ქირისა და საიჯარო ქირის სრულად გადახდამდე დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა. მოპასუხე სააგენტოს გადაწყვეტილებას გაეცნო 2015 წლის 06 ივლისს.
7.9. მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის გადასახდელი საიჯარო ქირა 21/12/2013 წლიდან ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღამდე - 06/07/2015 წლამდე შეადგენს 4623.29 ლარს (მოპასუხის მიერ ცნობილი 1500 ლარის ჩათვლით).
8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი შეფასება:
8.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
8.2. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 21/06/2014 წლიდან არ შეასრულა და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. ამასთან, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდა 2015 წლის 06 ივლისს. მოსარჩელე მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრებას ითხოვს როგორც იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ასევე შეწყვეტის შემდეგაც. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის გადასახდელი პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდი უნდა განსაზღვრულიყო 21/06/2014 წლიდან ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღამდე - 06/07/2015 წლამდე, ვინაიდან მხარეთა შორის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, მეიჯარე უფლებამოსილი არ არის, მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ პერიოდზე.
8.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარის ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებით, კერძოდ, ყურადსაღებია, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
8.4. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - ქირის 0.1% არის შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა და პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირებულიყო ხელშეკრულების ღირებულების 0.01%-მდე, რაც 21/06/2014 წლიდან 21/12/2014 წლამდე შეადგენს 54.9 ლარს, 21/12/2014 წლიდან 21/06/2015 წლამდე - 54.6 ლარს, ხოლო, 21/06/2015 წლიდან 06/07/2015 წლამდე - 4.5 ლარს, ჯამურად 114,00 ლარს. სასამართლოს აღნიშნული დასკვნა დაეფუძნა როგორც მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის სიმძიმეს, ასევე, ხელშეკრულების მხარეთა კეთილსინდისიერების პრინციპს და სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების სტანდარტს.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ს.ს.ი.პ. ქონების მართვის სააგენტომ და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით, შემდეგ გარემოებათა გამო:
9.1. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა პირგასამტეხლოს შემცირებაზე ზოგადია და არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ღიად არის დატოვებული, თუ რატომ იქნა მიჩნეული შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ მოთხოვნილი სანქცია.
9.2. იჯარის ხელშეკრულებაში ასახული ოდენობით საურავის დაწესების შესაძლებლობა გამომდინარეობდა ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი ნორმატიული აქტიდან, კერძოდ, „ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-65 გადაწყვეტილების მე-11 მუხლის მესამე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან, შესაბამისად, მისი შემცირების უფლებამოსილება სასამართლოს არ გააჩნდა.
9.3. დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ პერიოდზე კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება აღარ გააჩნია, რამეთუ აქცესორულ მოთხოვნაზე უფლება ძალაშია მანამ, სანამ არ შესრულდება ძირითადი ვალდებულება, მოცემულ შემთხვევაში, საიჯარო ქირის გადახდის მოვალეობა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორი სადავოდ არ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, არამედ სადავოა დადგენილ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საკითხი, კერძოდ, კასატორის პრეტენზიები მიემართება ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ“ სანქციად მიჩნევის საკითხს, სადავო სამართალურთიერთობაზე სსკ 420-ე მუხლის გავრცელების შესაძლებლობას და პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდს. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ წინამდებარე საქმეზე დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
15.1. პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ. №ას-1928-2018, 31.10.2019წ.).
15.2. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (სუსგ. №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.).
15.3. უწინარესად, საკასაციო პალატა მიუთითებს საკასაციო პალატის განმარტებებზე პირგასამტეხლოს წარმოშობის საფუძვლებთან მიმართებით (იხ. სუსგ. №ას-1307-1245-2014, 06.05.2013წ), რომ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს კანონისმიერი და სახელშეკრულებო პირგასამტეხლო. „კანონისმიერად ითვლება პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით). კანონისმიერი პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო პირგასამტეხლოსაგან განმასხვავებელ ერთ-ერთ ძირითად ნიშნად მისი კონკრეტული ხასიათი გვევლინება. ყოველი ასეთი კანონისმიერი პირგასამტეხლო გათვალისწინებულია იმ კონკრეტული შემთხვევისათვის, რომლისთვისაც არის იგი დადგენილი კანონმდებლის მიერ. მეორე განმასხვავებელ ნიშნად, მისი განსაზღვრულობა გვევლინება - კანონმდებელი ყოველთვის ადგენს მის კონკრეტულ ოდენობას, ან წესს, რომლის მიხედვითაც უნდა იქნას იგი განსაზღვრული... კანონისმიერი პირგასამტეხლო გათვალისწინებულია, მაგალითად, საქართვლოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსის“ 41-ე მუხლის მე-4 პუნქტით, რომელიც ითვალისწინებს დამსაქმებლის ვალდებულებას გადაუხადოს დასაქმებულს ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი...საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება გამოიყენება მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით...სასამართლოს არ შეუძლია შეამციროს კანონით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა (ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს მიერ შემცირების შეუძლებლობის შესახებ იხ. სუსგ. №ას-1171-1116-2014, 02.02.2015წ.; №ას-1284-1226-2013, 24.03.2014წ).
15.4. კანონისმიერ პირგასამტეხლოდ ჩაითვლება მხოლოდ იმგვარი სანქცია, რომლის ამოქმედების უფლებაც კრედიტორს მოპოვებული აქვს ნორმატიული აქტის პირდაპირი და უშუალო მოქმედების ძალით, მიუხედავად მოვალის ნებისა. აღნიშნულისგან განსხვავებით, პასუხისმგებლობის ზომა, რომლის დაწესების შესაძლებლობაც დამოკიდებულია მხარეთა ურთიერთმფარავი ნების გამოვლენაზე, მიეკუთვნება არა კანონისმიერი (ნორმატიული), არამედ სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს კატეგორიას, რომელზედაც შეუზღუდავად ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის ვალდებულებითი სამართლის კარში ასახული პირგასამტეხლოს ინსტიტუტის მომწესრიგებელი ნორმები, მათ შორის, პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობაც.
15.5. მხარეთა შორის მუნიციპალიტეტის ქონებით დროებითი სარგებლობის შესახებ იჯარის ხელშეკრულების დადებისას (2013 წლის 21 ივნისი) „ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-65 გადაწყვეტილების მე-11 მუხლის მესამე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ფორმულირებული იყო შემდეგნაირად: „ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მიმღებ პირს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ: ა) ქირის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში – ქირის 0,1%, მაგრამ არანაკლებ 1 (ერთი) ლარისა დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე“.
15.6. დასახელებული ნორმის შინაარსის გათვალისწინებით, საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს წარმოეშვებოდა არა ნორმატიული აქტის უშუალო მოქმედების ძალით, არამედ საამისოდ საჭირო იყო პირგასამტეხლოს დაწესების შესახებ პირობის ინტეგრირება მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში. ამდენად, იმის მიუხედავად, რომ ნორმატიული აქტით განისაზღვრა პირგასამტეხლოს განაკვეთი, მისი მოთხოვნის უფლების წარმოშობა სრულად განაპირობა მხარეთა შორის პირგასამტეხლოზე შეთანხმების არსებობამ, ამდენად, იგი განიხილება არა ნორმატიულ, არამედ სახელშეკრულებო პასუხისმგებლობის ზომად, რომელზედაც სრულად ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის მოქმედება, მათ შორის, ოდენობის გონივრულობის სასამართლო კონტროლისა და შემცირების შესაძლებლობა (სსკ 420-ე მუხლი).
15.7. რაც შეეხება საკასაციო პრეტენზიას ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ პერიოდზე პირგასამტეხლოს დაკისრების უფლებამოსილების არსებობის შესახებ, პალატა კვლავ მიუთითებს, რომ მოცემულ საიჯარო ურთიერთობაში, პირგასამტეხლოს გააჩნია სახელშეკრულებო გენეზისი, რომელიც აქცესორული ბუნებისაა, ესე იგი, მისი დაკისრებისათვის საჭიროა ნამდვილი, ძალაში მყოფი, მოქმედი ხელშეკრულება, რომელიც წარმოშობს იურიდიულ შედეგებს, მათ შორის, პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველს. საკასაციო პალატას მრავალჯერ განუმარტავს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება არ არსებობს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (იხ. სუსგ. №ას-222-211-2017, 05.05.2017წ.; №ას-1334-1372-2014 13.03.2015წ.; №ას-1025-967-2015 23.12.2015). სხვაგვარად რომ ითქვას, მხარეებს სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში გააჩნიათ შესაძლებლობა, დაარეგულირონ ხელშეკრულების შეწყვეტის (ან ხელშეკრულებიდან გასვლის) შედეგები, მათ შორის, პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებაც, თუმცა ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს მითითებას მასზედ, რომ ეს უფლება არსებობას აგრძელებს ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომაც. სხვა შემთხვევაში, დასრულებული სახელშეკრულებო ურთიერთობა აღარ არის ვარგისი საფუძველი იურიდიული შედეგების წარმოსაშობად.
15.8. მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულებაში არ არსებობს რაიმე ჩანაწერი მასზედ, რომ საიჯარო პირობების 12.1. პუნქტის მოქმედება ვრცელდება ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ პერიოდზედაც, ამდენად, პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ კრედიტორს 06.07.2015 წლის შემდგომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება არ გააჩნია.
16.1. დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობასთან მიმართებით პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაც. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (იხ. სუსგ. №ას-1292-2019, 24.12.2020წ.; №ას-386-2019, 02.04.2021წ.; №ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.). პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ. №ას-1511-2018, 26.03.2019წ.).
16.2. პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (იხ. სუსგ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.).
16.3. კასატორი აპელირებს მასზედ, რომ წინამდებარე საქმეში არ ვლინდებოდა პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობებიც. ხსენებულ მოსაზრებას საკასაციო პალატა არ იზიარებს. წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა აღემატებოდა ძირითად ვალდებულებას _ საიჯარო ქირა შეადგენდა 4 623.29 ლარს, ამავე ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის მოთხოვნილი პირგასამტეხლო _ 4 929 ლარს, ხოლო 2018 წლის 21 დეკემბრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე _ ყოველდღიურად დამატებით 3 ლარს. სხვაგვარად რომ ითქვას, მოთხოვნილი პირგასამტეხლო აღემატებოდა ვალდებულებას, რომლის უზრუნველსაყოფადაც დაწესდა იგი. ძირითადი მოთხოვნისა და პასუხისმგებლობის ზომის ამგვარი შეუსაბამობა კი პირგასამტეხლოს აკარგვინებს სანქციის ხასიათს და იგი კრედიტორის გამდიდრების საშუალებად გვევლინება, რაც არ წარმოადგენს პირგასამტეხლოს ინსტიტუტის მიზანს და მოითხოვს სასამართლო ჩარევას მის გონივრულ ოდენობამდე დასაყვანად.
16.4. საგულისხმოა, რომ პირგასამტეხლოს შემცირების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარდგენილია მოვალის ორი წერილი კრედიტორის მიმართ, სადაც იგი სწორედ მძიმე ქონებრივ მდგომარეობაზე დაყრდნობით ითხოვს იჯარის ურთიერთობის ვადაზე ადრე დასრულებას (იხ. ს.ფ. 82-83), ხოლო აკუმულირებული საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს განწილვალდებულად გადახდის უფლების მინიჭებას (იხ. ს.ფ. 84). მოვალის ქონებრივი მდგომარეობა კი, როგორც აღინიშნა, წარმოადგენს პირგასამტეხლოს შემცირების საკითხზე მსჯელობისას გასათვალისწინებელ ფაქტორს.
16.5. მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის შეფასების მიზნებისათვის, პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც, რომ 2014 წლის 21 ივნისიდან 2014 წლის 21 დეკემბრამდე დარღვეულ იქნა არა მთლიანი წლის საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება, არამედ მხოლოდ ნაწილის, თუმცა კრედიტორმა ხსენებულ პერიოდში პირგასამტეხლო დაიანგარიშა მთლიანი საიჯარო ქირიდან. დასახელებულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, სადაც განმარტებულია შემდეგი: ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, მართალია, იცავს კრედიტორის ქონებრივ ინტერესს, მაგრამ არღვევს სახელშეკრულებო წონასწორობას და ვერ ასრულებს ვალდებულების დარღვევის პრევენციის ნორმატიულ დანიშნულებას. დაუშვებელია, პირგასამტეხლო მხარეს ეკისრებოდეს იმ ვალდებულების პროპორციული ღირებულებიდანაც, რომელიც მას ჯერ არ დაურღვევია. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მოცულობიდან (იხ. სუსგ. №ას-971-2019, 28.10.2019; №ას-581-2019, 31.07.2019; №ას-164-160-2016, 28.07.2016).
16.6. ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშებული პირგასამტეხლოს მოცულობა დროის იმ პერიოდზე, როდესაც დარღვეულია ვალდებულების მხოლოდ ნაწილი, სანქციას იმთავითვე სძენს არაგონივრულად მკაცრი პასუხისმგებლობის შინაარსს, რა დროსაც, სასამართლოს ვალია, აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირგასამტეხლოს სამართლიან საწყისებთან შესაბამისობაში მოყვანის გზით.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
18. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ამრიგად, არ არსებობს სახელმწიფო ბაჟის დაბრუნებაზე მსჯელობის საპროცესოსამართლებრივი წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ს.ს.ი.პ. ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი