22 მაისი 2023 წელი
№ას-1042-2022 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - დ.მ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - ს.ს. „ს.ბ–ი“
თავდაპირველი მოსარჩელე - გ.მ–ძე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა, პირგასამტეხლოს შემცირება (ძირითად სარჩელში); თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. გ.მ–ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ს.ს. „ს.ბ–ი“-ს მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ნ.ბ–ძის მიერ 2017 წლის 10 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №170501773) და ამავე ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 31 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაცემის ცვლილება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №170592922);
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი გ.მ–ძეს და ს.ს. „ს.ბ–ს“ შორის 2015 წლის 30 სექტემბერს საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის მიმდინარე ვალდებულებების რესტრუქტურიზაციის №SBI063120 ხელშეკრულების 3.1.5. პუნქტი;
1.3. შემცირდეს გ.მ–ძეს და სს. „ს.ბ–ს“ შორის 2015 წლის 30 სექტემბერს საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის მიმდინარე ვალდებულებების რესტრუქტურიზაციის №SBI063120 ხელშეკრულების 3.1.8. პუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.02%-მდე და გადასახდელი პირგასამტეხლოს თანხა ნაცვლად 22 757.07 აშშ დოლარისა, განისაზღვროს 910.28 აშშ დოლარით.
სარჩელის საფუძვლები:
2.1. 2012 წლის 05 ივნისს მხარეებს შორის დაიდო საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების 4.1.13.1 პუნქტის თანახმად, კლიენტი ვალდებული იყო დაეზღვია იპოთეკის/გირავნობის საგანი. 2012 წლის 22 ოქტომბერს გაფორმდა საბანკო მომსახურების ხელშეკრულების დანართი, რომელიც წარმოადგენს დამოუკიდებელ ხელშეკრულებას, კერძოდ კი საბანკო ხელშეკრულების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული ბანკის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით/გირავნობით დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი შეთანხმება, რომლის რომლის 4.1.13.2 პუნქტის თანახმად, თუ კლიენტი არღვევდა 4.1.13.1 პუნქტის პირობებს, ბანკი უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა თანხის გადარიცხვა ზემოაღნიშნული კლიენტის ანგარიშზე არსებული თანხებიდან.
2.2. 2015 წლის 30 სექტემბერს მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის მიმდინარე ვალდებულებების რესტრუქტურიზაციის №SBI 063120 ხელშეკრულება. ხელშეკრულების 3.1.1 პუნქტის თანახმად, კრედიტის თანხაა - 175 000 აშშ დოლარი, ხოლო 3.1.3 პუნქტის მიხედვით, კრედიტის მოქმედების ვადაა 200 თვე - 2032 წლის 31 მაისამდე. 2015 წლის 30 სექტემბერს მხარეებს შორის ასევე გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №151081076), რომლის მიხედვითაც იპოთეკით დაიტვირთა მესამე პირის - დ.მ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ ........) მდებარე მისამართზე: თბილისი, ......
2.3. კრედიტის ამღები 2012 წლიდან ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. სარჩელის წარმოდგენამდე კრედიტორის სასარგებლოდ გადახდილი აქვს 72 972 აშშ დოლარი და 42 300 ლარი.
2.4. კრედიტორმა, 2017 წლის 08 მაისს, ისე, რომ მოვალისთვის არაფერი უცნობებია, მიმართა ნოტარიუს ნ.ბ–ძეს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. ნოტარიუს ნ.ბ–ძის მიერ 2017 წლის 10 მაისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №170501773); კრედიტორის დამატებითი მიმართვის საფუძველზე, ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 31 მაისს ასევე გაიცა სააღსრულებო ფურცლის გაცემის ცვლილების შესახებ სანოტარო აქტი (რეგისტრაციის ნომერი №170592922), რომლის თანახმადაც ცვლილებები შევიდა 2017 წლის 10 მაისს გაცემულ სააღსრულებო ფურცლის მე-5 პუნქტში და დაემატა შემდეგი შინაარსის ორი წინადადება: „1. საკრედიტო ხაზის იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება №SBI 063120-ის ვალდებულების ვადაზე ადრე დადგომის თარიღია 2016 წლის 04 აპრილი; 2) საბანკო კრედიტის ხელშეკრულების №1028906, დანართი 1028906-1297991, საბანკო მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ბანკის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად იპოთეკით/გირავნობით დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი შეთანხმების ვალდებულების შესრულების ვადაზე ადრე დადგომის თარიღია 2016 წლის 07 ნოემბერი“.
2.5. №170501773 სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, 2017 წლის 08 მაისის მდგომარეობით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა: მისაღები ძირი - 173 954.58 აშშ დოლარი, პროცენტი - 21 057.78 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 22 757.07 აშშ დოლარი, საკომისიო - 700.86 აშშ დოლარი. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, ჯამურმა მოთხოვნამ შეადგინა 218 470 აშშ დოლარი. სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი შეადგენს 145.60 ლარს.
2.6. 2017 წლის 10 მაისს გაცემული №170501773 სააღსრულებო ფურცლის მე-11 პუნქტში მითითებულია ნოტარიუსთან ე.წ. წარდგენილი დანართები. მიუხედავად აღნიშნული მითითებისა, რეალურად ნოტარიუსთან წარდგენილი არ ყოფილა 2012 წლის 05 ივნისის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, 2012 წლის 22 ოქტომბრის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დანართი - საბანკო ხელშეკრულებით განსაზღვრული ბანკის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით/გირავნობით დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი შეთანხმება, ასევე 2015 წლის 30 სექტემბრის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დანართი - საბანკო ხელშეკრულებით განსაზღვრული ბანკის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით/გირავნობით დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი შეთანხმება.
2.7. 2012 წლის 22 ოქტომბრის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დანართი საბანკო ხელშეკრულებით განსაზღვრული ბანკის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით/გირავნობით დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი შეთანხმების თანახმად, რომელიც ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია, „მხარე, რომელიც მიიღებს ხელშეკრულების ცალმხრვად სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტის გადაწყვეტილებას, ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი, რომელიც არ უნდა იყოს 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები. ნოტარიუსმა, ამ წესის უგულვებელყოფით, მხოლოდ კრედიტორის ზეპირი განმარტების მხედველობაში მიღებით, უსაფუძვლოდ მიუთითა ვალდებულების ვადაზე ადრე დადგომის თარიღად 2016 წლის 04 აპრილი, ხოლო საბანკო კრედიტის ხელშეკრულების №1028906, დანართი 1028906-1297991, საბანკო მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ბანკის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად იპოთეკით/გირავნობით დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი შეთანხმების ვალდებულების შესრულების ვადაზე ადრე დადგომის თარიღად _ 2016 წლის 07 ნოემბერი, ვინაიდან ნოტარიუსთან წარდგენილი განცხადება, თავისი არსით, არ წარმოადგენს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შეტყობინებას, თუმცა ასეთად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, მაშინ სულ მცირე, 1 თვე კიდევ უნდა გასულიყო აღნიშნულის გ.მ–ძისთვის ჩაბარებიდან სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე, ასეთს კი ადგილი არ ჰქონია.
2.8. სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მსესხებელი გ.მ–ძე 2016 წლის აპრილიდან მუდმივად არღვევდა საკრედიტო ხელშეკრულებას. ვალდებულების დარღვევისას ნოტარიუსთან მიმართვის საფუძველზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის პირობას ითვალისწინებდა მათ შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულება. შესაბამისად, ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცელი გაცემულია კანონიერად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის განჩინებით საქმეში მესამე პირად საქმეში ჩაერთო იპოთეკის საგნის მესაკუთრე დ.მ–ძე.
5. ს.ს. „ს.ბ–მა“ შეგებებული სარჩელი წარადგინა მოპასუხეების გ.მ–ძისა და დ.მ–ძის წინააღმდეგ შემდეგი მოთხოვნებით: 1) მოპასუხე გ.მ–ძეს ს.ს. ,,ს.ბ–ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 390 798.56 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 173 354.66 აშშ დოლარი, ვადის ბოლომდე მისაღები საპროცენტო სარგებელი - 200 206.92 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 17 236.98 აშშ დოლარი; 2) დაეკისროს მოპასუხე გ.მ–ძეს სს ,,ს.ბ–ის’’ სასარგებლოდ 2018 წლის 01 აგვისტოდან (შეგებებული სარჩელის წარდგენის თარიღი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, დავალიანების ძირითად თანხაზე - 173354.66 აშშ დოლარზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 0.5%- ის - ყოველდღიურად 866 აშშ დოლარის გადახდა; 3) დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული მოპასუხე დ.მ–ძის უძრავი ქონების (ს/კ .....) რეალიზაცია. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს სასარჩელო მოთხოვნას, აღსრულება მიექცეს გ.მ–ძის სხვა ქონებაზე.
6. მოპასუხეებმა _ გ.მ–ძემ და დ.მ–ძემ შეგებებული სარჩელი არ ცნეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
7.1. ცვლილება შევიდა ნოტარიუს ნ.ბ–ძის მიერ 2017 წლის 10 მაისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №170501773 და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა პირგასამტეხლოს ნაწილში ნაცვლად 22 757.07 აშშ დოლარისა განისაზღვრა 10 000 აშშ დოლარის ოდენობით;
7.2. მოსარჩელის მოთხოვნა ნოტარიუს ნ.ბ–ძის მიერ 2017 წლის 10 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №170501773), ამავე ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 31 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაცემის ცვლილების (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №170592922) და 2015 წლის 30 სექტემბრის რესტრუქტურიზაციის №SBI063120 ხელშეკრულების 3.1.5. პუნქტის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
7.3 შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა დ.მ–ძემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატს 2022 წლის 16 ივნისის განჩინებით, დ.მ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
10.1. 2012 წლის 05 ივნისს მოსარჩელე გ.მ–ძესა და მოპასუხე ს.ს. „ს.ბ–ს“ შორის გაფორმდა №GAI028906 საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ბანკმა კლიენტს გაუხსნა იპოთეკით უზრუნველყოფილი საკრედიტო ხაზი 300 000 აშშ დოლარის ოდენობით, 300 თვის ვადით. აღნიშნული ხელშეკრულების 4.1.15 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს ბანკის მოთხოვნებს, ბანკი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად და ჯეროვნად დაკმაყოფილების მიზნით.
10.2 2015 წლის 30 სექტემბერს აღნიშნულ მხარეთა შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ №GAI028906 ხელშეკრულების საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის №SBI063120 ხელშეკრულება, რომლის 3.1.1 პუნქტის მიხედვით, კრედიტის თანხა განისაზღვრა 175 000 აშშ დოლარით, ხოლო 3.1.3 პუნქტის მიხედვით, კრედიტის მოქმედების ვადა 200 თვით - 2032 წლის 31 მაისამდე. ამავე ხელშეკრულების 3.1.4 პუნქტის თანახმად, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 11.1%-ით. წინამდებარე ხელშეკრულების 3.1.5 პუნქტის თანახმად, კრედიტის მიზნობრიობად განისაზღვრა - მიმდინარე ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია 175 000. ხელშეკრულების 3.1.8 პუნქტის თანახმად, პირგასამტეხლო განისაზღვრა დღიურად ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის ოდენობით.
10.3 2012 წლის 05 ივნისის იპოთეკური კრედიტის გენერალური ხელშეკრულების №GAI028906 უზრუნველსაყოფად, 2015 წლის 30 სექტემბერს მხარეთა შორის დაიდო იპოთეკის №SAI063117 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კრედიტორის ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა დ.მ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ქუთაისის ქუჩა 30 (ს/კ ......). აღნიშნული ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, იპოთეკით სრულად უზრუნველყოფილია 2012 წლის 05 ივნისის იპოთეკური კრედიტის №GAI028906 გენერალური ხელშეკრულებიდან და მის ფარგლებში მოქმედი ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნა, მათ შორის და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე: საკრედიტო ხაზის ფარგლებში მოქმედი ცალკეული კრედიტების, სადებეტო და საკრედიტო ბარათებიდან წარმოშობილი ვალდებულებების, საბანკო გარანტიებისა და სამომხმარებლო კრედიტების ხელშეკრულებიდან და სრულად უზრუნველყოფს მსესხებლის მიერ ათვისებული ძირითადი თანხების, საპროცენტო სარგებლის, საკომისიოების, პირგასამტეხლოს, ზიანის ანაზღაურების, ასევე სასამართლოს, აღსრულების, იპოთეკის საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
10.4 იპოთეკის №SAI063117 ხელშეკრულების მე-15 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ იპოთეკის საგნის რეალიზაციის სხვა წესზე. კერძოდ, თუ სააღსრულებო ფურცლის, მათ შორის, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაცემიდან 10 კალენდარულ დღეში მესაკუთრე და იპოთეკარი არ შეთანხმდებიან სპეციალისტზე, რომელიც ამავე მუხლებით დადგენილი წესით ჩაატარებს აუქციონს, მაშინ აუქციონს ჩაატარებს სასამართლოს აღმასრულებელი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-307-ე მუხლებით დადგენილი წესების და ვადების დაცვით. ამასთან, მხარეები ადასტურებენ, რომ მათ ნოტარიუსისგან მიიღეს ჯეროვანი განმარტება ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის სამართლებრივი ინსტიტუტის (მისი არსისა და ძირითადი პრინციპების) შესახებ და მათთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი შეცვლის სასამართლოს სააღსრულებო ფურცელს. შესაბამისად, იპოთეკარს უფლება ექნება სასამართლოში მიმართვისა და სასამართლოს საქმისწარმოების გარეშე მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, მიიღოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი და იპოთეკარის მოთხოვნის დაკმაყოფილების აღსრულების პროცესი დაიწყოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
10.5 იპოთეკის №SAI063117 ხელშეკრულების 6.9 და 20.2 პუნქტების თანახმად, მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ დავაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
10.6 საგადახდო დავალებებისა და ანგარიშის ამონაწერების თანახმად, 2015 წლის 30 სექტემბერის საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის №SBI063120 ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 175 000 აშშ დოლარი გ.მ–ძეს ს.ს. „ს.ბ–ი“-სგან გადაეცა ამავე დღეს.
10.7 2016 წლის 04 აპრილის შემდეგ მსესხებელ გ.მ–ძის მიერ დარღვეულია 2015 წლის 30 სექტემბერის საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის №SBI063120 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება თანხის ყოველთვიურად, განსაზღვრული გრაფიკით გადახდის შესახებ.
10.8 ს.ს. „ს.ბ–ი“-ს, როგორც კრედიტორის მიმართვის საფუძველზე, 2017 წლის 10 მაისს ნოტარიუს ნ.ბ–ძის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №170501773), რომლის თანახმადაც კრედიტორს წარმოადგენს ს.ს. „ს.ბ–ი“, მოვალეს - გ.მ–ძე, ხოლო მესაკუთრეს - დ.მ–ძე. სააღსრულებო ფურცლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის საფუძველია 2015 წლის 30 სექტემბერს დადებული იპოთეკის ხელშეკრულება №SAI063117. სააღსრულებო ფურცლის მე-5 პუნქტის თანახმად, ვალდებულების შესრულების დროა: საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება №SBI063120, ვალდებულების შესრულების ბოლო ვადა - 2032 წლის 31 მაისი; ვადაგადაცილების თარიღი - 2016 წლის 04 აპრილი. საბანკო მომსახურების ხელშეკრულების №GAI028906 დანართი №GAI028906- 1297991, საბანკო მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ბანკის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად იპოთეკით/გირავნობით დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი შეთანხმება (სადაზღვევო სესხი); ვალდებულების შესრულების ბოლო ვადა - 2037 წლის 22 ივნისი; ვადაგადაცილების თარიღი - 2016 წლის 07 ნოემბერი.
10.9 სააღსრულებო ფურცლის მე-6 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა მოხდეს იპოთეკის საგნის რეალიზაცია. იპოთეკის საგანია: დ.მ–ძის კუთვნილი უძრავი ქონება 468 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა_ნაგებობებით მდებარე: ქ. თბილისი, ...... (ს/კ .........). სააღსრულებო ფურცლის მე-7 პუნქტის თანახმად, 2017 წლის 08 მაისის მდგომარეობით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა: მისაღები ძირი: 173 954.58 აშშ დოლარი, მისაღები პროცენტი 21 057.78 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 22 757.07 აშშ დოლარი, საკომისიო 700.86 აშშ დოლარი. ჯამური მოთხოვნა შეადგენს 218 470.29 აშშ დოლარს, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემით გამოწვეულ ხარჯს - 145.60 ლარს. სააღსრულებო ფურცლის მე-8 პუნქტის თანახმად, ვალდებულებით დატვირთული ქონების რეალიზაციის ფორმაა იპოთეკის საგნის რეალიზაცია აუქციონზე.
10.10 სააღსრულებო ფურცლის მე-11 პუნქტის თანახმად, წინამდებარე სააღსრულებო ფურცელი შედგა ორ ეგზემპლარად, ერთი გადაეცა კრედიტორს, მეორე ინახება სანოტარო ბიუროში. იმ ეგზემპლარს, რომელიც ინახება არქივში, თან ერთვის: 1) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; 2) 30.09.2015წ იპოთეკის ხელშეკრულება (დამოწმებული ასლი); 3) 05.06.2012წ საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (დამოწმებული ასლი); 4) 22.10.2012წ საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დანართი (დამოწმებული ასლი); 5)30.09.2015წ საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება (დამოწმებული ასლი); 6) სს „ს.ბ–ი“-ს განცხადება; 7) ს.ს. „ს.ბ–ი“-ს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; 8) მინდობილობა (დამოწმებული ასლი); 9) ცნობა ს.ს. „ს.ბ–ი“-დან.
10.11. ს.ს. „ს.ბ–ი“-ს მიმართვის საფუძველზე, 2017 წლის 31 მაისს ნოტარიუს ნ.ბ–ძის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცლის გაცემის ცვლილება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №170592922), რომლის თანახმადაც შევიდა ცვლილება/დამატება 2017 წლის 10 მაისის სააღსრულებო ფურცლის მე-5 პუნქტში, რომელსაც დაემატა შემდეგი შინაარსის ორი წინადადება: 1. „საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება №SBI063120-ის ვალდებულების შესრულების ვადაზე ადრე დადგომის თარიღია 2016 წლის 04 აპრილი“; 2. „საბანკო მომსახურების ხელშეკრულების №GAI1028906, დანართი GAI1028906-1297991, საბანკო მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ბანკის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად იპოთეკით/გირავნობით დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი შეთანხმების (სადაზღვევო სესხი) ვალდებულების შესრულების ვადაზე ადრე დადგომის თარიღია 2016 წლის 07 ნოემბერი“.
10.12. ნოტარიუს ნ.ბ–ძის მიერ 2017 წლის 10 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №170501773) და კრედიტორის - ს.ს. „ს.ბ–ი“-ს მიმართვის საფუძველზე, ს.ს.ი.პ. აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაწყებულია სააღსრულებო წარმოება.
11. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო სასამართლომ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:
11.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით. ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.
11.2 საქმეზე დადგენილია, რომ მოდავე მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2012 წლის 05 ივნისის №GAI028906 საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე 2015 წლის 30 სექტემბერს გაფორმებული საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის №SBI063120 ხელშეკრულებიდან გამომდინარე. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე კი 2017 წლის 10 მაისს ნოტარიუს ნ.ბ–ძის მიერ გაიცა №170501773 სააღსრულებო ფურცელი, ხოლო 2017 წლის 31 მაისს სააღსრულებო ფურცლის ცვლილება №170592922.
11.3 კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
11.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
11.5 იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს. „ხელშეკრულების ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, კონტრაჰენტები ვალდებულნი არიან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები განუხრელად დაიცვან და მათ შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად იმოქმედონ“.
11.6. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ ნოტარიუს ნ.ბ–ძის მიერ 2017 წლის 10 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №170501773) და ამავე ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 31 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაცემის ცვლილება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №170592922) არ წარმოადგენს ბათილ სანოტარო აქტებს. არ დასტურდება ასევე გ.მ–ძესა და ს.ს. „ს.ბ–ს“ შორის 2015 წლის 30 სექტემბერს საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის მიმდინარე ვალდებულებების რესტრუქტურიზაციის №SBI 063120 ხელშეკრულების 3.1.5. პუნქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
11.7 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არამარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი გარემოებები. სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის ზოგადი მითითება აღნიშნული სამართლებრივი ნორმის შემადგენლობის არსებობისთვის აუცილებელი შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დადგენის გარეშე, არ წარმოადგენს ხელშეკრულების სადავოდ გამხდარი პუნქტის ბათილად ცნობის სათანადო საფუძველს.
11.8 საქმეზე დადგენილია, რომ 2015 წლის 30 სექტემბერს საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის მიმდინარე ვალდებულებების რესტრუქტურიზაციის №SBI063120 ხელშეკრულების მე-15 პუნქტის თანახმად, მხარეები ადასტურებენ, რომ მათ ნოტარიუსისგან მიიღეს ჯეროვანი განმარტება ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის სამართლებრივი ინსტიტუტის (მისი არსისა და ძირითადი პრინციპების) შესახებ და მათთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი შეცვლის სასამართლოს სააღსრულებო ფურცელს. შესაბამისად, იპოთეკარს უფლება ექნება სასამართლოში მიმართვისა და სასამართლოს საქმისწარმოების გარეშე მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, მიიღოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი და იპოთეკარის მოთხოვნის დაკმაყოფილების აღსრულების პროცესი დაიწყოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
11.9. მსესხებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, კრედიტორმა მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, ხოლო ნოტარიუსმა 2017 წლის 10 მაისს გასცა სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №170501773), ხოლო 2017 წლის 31 მაისს სააღსრულებო ფურცლის გაცემის ცვლილება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №170592922).
11.10 იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული დოკუმენტებით ირკვევა ნოტარიუსის მიერ სადავო სამართლებრივი შედეგის განმარტება, მტკიცების ტვირთი საპირისპირო გარემოებისა, ამ გარემოების მიმთითებელ მხარეს - კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეს/აპელანტს ეკისრება, რომელმაც ამ გარემოების დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება სასამართლოში ვერ წარადგინა. შესაბამისად, აპელანტის მიერ წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი/პრეტენზია.
11.11 რაც შეეხება აპელანტის/მოსარჩელე მხარის მითითებას იმის თაობაზე, რომ 2017 წლის 10 მაისს გაცემულ სააღსრულებო ფურცლის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №170501773) აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად პირგასამტეხლოს ნაწილში მითითებული 22757.07 აშშ დოლარი შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია და უნდა შემცირდეს 910.28 აშშ დოლარამდე, პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კერძოდ, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ანუ ფულადი თანხის ოდენობა, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი ხელშეკრულებითაა შეთანხმებული, სასამართლო თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, მოკლებულია შესაძლებლობას პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი შეცვალოს. რაც შეეხება იმ გარემოებას, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ..
11.12. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. პირგასამტეხლოს შემცირებაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, მხარისვე მიერ მითითებულ ფარგლებში და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას გულისხმობს. ამდენად, პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს.
11.13. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან კრედიტის ამღებმა დაარღვია ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, მას მართებულად დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. პალატამ მხედველობაში მიიღო შესრულების ღირებულება, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების ხანგრძლივობა, ვალდებულების მოცულობა, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ხასიათი, გაითვალისწინა პირგასამტეხლოს ფუნქცია და მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო - 10 000 აშშ დოლარის ოდენობით გონივრულია და სრულად შეესაბამება განსახილველ შემთხვევაში მოვალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალი არ არის და შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით განმტკიცებული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს არ იძლევა.
12. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ.მ–ძემ, შემდეგი საფუძვლებით:
12.1. 2015 წლის 30 სექტემბერს, სესხის რესტრუქტურიზაციისას, მსესხებელს ფული არ აუღია და არც მისი მითითებით გადარიცხულა სადმე. მოსარჩელე 2012 წლიდან მოყოლებული ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და ჯამში გადახდილი აქვს 75 972 აშშ დოლარი და 42 300 ლარი, სააღსრულებო ფურცლის მიხედვით კი თურმე მას არაფერი გადაუხდია, აღნიშნულ დასკვნამდე კი ნოტარიუსი ისე მივიდა, რომ კრედიტორისთვის არ მოუთხოვია დოკუმენტების წარდგენა, რომელთა ანალიზის შედეგადაც უნდა გაცემულიყო სააღსრულებო ფურცელი.
12.2. რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება №SBI063120 დამოუკიდებელი ხელშეკრულებაა, ვინაიდან მისი პირობები _ კრედიტის მოქმედების ვადა, წლიური საპროცენტო განაკვეთი, სესხის საკომისიო, პირგასამტეხლო, აბსოლუტურად განსხვავებულია 2012 წლის 05 ივნისს მოსარჩელე გ.მ–ძესა და ბანკს შორის დადებული №GAI028906 საბანკო მომსახურების ხელშეკრულებისგან. ამავდროულად, ზემოაღნიშნული სესხის შინაარსი არ შეესაბამება რესტრუქტურიზებული სესხის საკანონმდებლო დეფინიციას, რომელიც მოცემულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000 წლის 29 დეკემბრის № 350 ბრძანებაში _ „კომერცული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესში“, ვინაიდან რესტრუქტურიზებულად განიმარტებას სესხი, რომლის დაფარვის პირობების შეცვლაზე მსესხებლის იურიდიული და ფინანსური მდგომარეობის გამო, არსებობს შეთანხმება ბანკსა და მსესხებელს შორის, რომლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შეცვლილია ერთ-ერთი ჩამოთვლილი საფუძვლის მიხედვით: საპროცენტო განაკვეთის შემცირებით ან დარიცხული პროცენტების მიღების უფლებაზე უარის თქმით; ძირითადი თანხის ან პროცენტის შემცირებით, რაც არ არის მსესხებლის მიერ გადახდის შედეგი; სესხის დაფარვის ვადის გაგრძელებით; ბანკის მიერ მსესხებლისთვის მინიჭებული ნებისმიერი სხვა უფლებით თუ პრივილეგიით, რაც ნორმალურ პირობებში არ მოხდებოდა. ამრიგად, 2015 წლის 30 სექტემბრის ხელშეკრულება ვერ ჩაითვლება რესტრუქტურიზებად, ვინაიდან პირობები არათუ გაუმჯობესდა, არამედ დამძიმდა მსესხებლისათვის. რესტრუქტურიზების ხელშეკრულების დადებით მსესხებელი მოატყუეს, რომ თითქოს ხდებოდა სესხის რესტრუქტურიზება და მსესხებელს გადაეცემოდა 175 000 აშშ დოლარი და შესაბამისად, პროცენტების და პირგასამტეხლოების დაკისრება დაიწყო ამ თანხიდან, რაც იმას გულისხმობს, რომ ბანკმა მოითხოვა პროცენტის პროცენტის დაკისრება, რაც სათანადო შეთანხმების გარეშე დაუშვებელია და არარა გარიგებაა.
12.3. 2015 წლის 30 სექტემბრის იპოთეკის ხელშეკრულება დადებულია არა 2015 წლის 30 სექტემბრის იპოთეკური კრედიტის №SBI063120 ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, არამედ 2012 წლის 05 ივნისის №GAI028906 იპოთეკური კრედიტის გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, შესაბამისად, დ.მ–ძის მიერ მოხდა რესტრუქტურიზაციამდე არსებული ვალის და არა რესტრუქტურიზაციის შედეგად განსაზღვრული ვალის _ 175 000 აშშ დოლარის უზრუნველყოფა, მაშინ, როდესაც, სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნილია სწორედ რესტრუქტურიზაციის №SBI063120 ხელშეკრულების შედეგად წარმოშობილი დავალიანების აღსრულება, მაშინ, როდესაც არც სააღსრულებო ფურცელში და არც იპოთეკის ხელშეკრულებაში მოხსენიებულიც არ არის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება.
12.4. 2017 წლის 31 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის ცვლილების შესახებ სანოტარო აქტი შედგენილია ბანკის წარმომადგენლის ზეპირი განმარტებების და არა წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე. ბანკის მოთხოვნის მოცულობის ამსახველი დოკუმენტი, რომელიც წარედგინა ნოტარიუსს, არ მიუთითებს ვალდებულების რეალურ ოდენობაზე და რაც მთავარია, ბანკის მიერ 2017 წლის 08 მაისის მიმართვა ნოტარიუსისთვის არ წარმოადგენს მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შეტყობინებას, თუმცა ასეთადაც რომ მივიჩნიოთ, იგი უნდა ჩაბარებოდა გ.მ–ძეს და უნდა გასულიყო სულ მცირე 1 თვე ჩაბარებიდან, რათა წარმოშობილიყო სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველი, თუმცა ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
12.5. სააპელაციო პალატას მხედველობაში უნდა მიეღო, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, მოვალე კეთილსინდისერად და ჯეროვნად ასრულებდა საკრედიტო ვალდებულებას და პირგასამტეხლო შეემცირებინა სარჩელში მოთხოვნილ ოდენობამდე.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
16.1. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორებს მოსაზრებას მასზედ, 2015 წლის 30 სექტემბრის ხელშეკრულება დამოუკიდებელი გარიგებაა და დადებული არ არის 2012 წლის 05 ივნისს მოსარჩელე გ.მ–ძესა და ბანკს შორის დადებული №GAI028906 საბანკო მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში.
16.2. 2012 წლის 05 ივნისის საბანკო მომსახურების შესახებ №GAI028906 ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, ბანკმა გამოხატა თანხმობა, ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით, საკუთარი შეხედულებისამებრ, კლიენტისთვის (გ.მ–ძე) მიეწოდებინა საბანკო მომსახურების პაკეტი, რაზედაც თანხმობა გამოხატა კლიენტმა. აღნიშნული პაკეტი მოიცავდა ამავე ხელშეკრულებების პირობებით საკრედიტო ხაზით დადგენილი ვადის, ასათვისებელი კრედიტის ლიმიტისა და შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთის ფარგლებში ხაზის მომსახურების მიზნით დადებული საბანკო კრედიტებით, მათ შორის, იპოთეკური კრედიტებით კლიენტის მიერ სარგებლობას, რაც გაფორმდებოდა შესაბამისი ხელშეკრულებებით (იხ. ტ.1, ს.ფ. 12; ხელშეკრულების 2.1. და 2.1.1. პუნქტები).
16.3. ამდენად, №GAI028906 ხელშეკრულება წარმოადგენდა არა ფულადი ვალდებულების წარმოშობის უშუალო საფუძველს, არამედ ე.წ. „ქოლგა ხელშეკრულებას“, რომელსაც უნდა დაერეგულირებინა ბანკსა და კლიენტს შორის შემდგომში წარმოშობილი საკრედიტო ურთიერთობის ძირითადი შინაარსი, შესაბამისად, მის ფარგლებში მიღებული ყველა კრედიტი წესრიგდებოდა არამარტო უშუალოდ ამ კრედიტის გაცემის მიზნით დადებული ხელშეკრულებით, არამედ №GAI028906, ე.წ. „გენერალური ხელშეკრულებით“, რომლის ფარგლებშიც კლიენტს გაეხსნა იპოთეკით უზრუნველყოფილი საკრედიტო ხაზი 300 000 აშშ დოლარის ათვისების შესაძლებლობით, 300 თვის (25 წელიწადი) ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთის მინიმალური და მაქსიმალური ნიშნული განისაზღვრა 0-დან 48 პროცენტის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 13; ხელშეკრულების 4.1.1.-4.1.1.5. პუნქტები). ამასთან, ამ ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული ყოველი იპოთეკური კრედიტის მიზნობრიობა დადგინდებოდა შესაბამისი საკრედიტო ხელშეკრულებით (პუნქტი 4.1.4).
16.4. პალატა ყურადღებას მიაპყრობს 2015 წლის 30 სექტემბრის ხელშეკრულების სათაურს _ „საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №GAI028906-ის საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური ხელშეკრულება №SBI063120“, ამავე ხელშეკრულების 21.1. პუნქტის თანახმად, წინამდებარე შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება დადებულია ამავე მხარეთა შორის 2012 წლის 05 ივნისს დადებული №GAI028906 საბანკო მომსახურების ხელშეკრულების 4.1. მუხლის საფუძველზე, საკრედიტო ხაზის მომსახურების მიზნით და შესაბამისად მისი განუყოფელი და შემადგენელი ნაწილია. ამ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება №GAI028906 საბანკო ხელშეკრულების ყველა პირობა და მისი 4.1.6. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება აღარ აწესრიგებს იმ პირობებს, რაც მოცემულია მითითებულ ხელშეკრულებაში. (ტ.1, ს.ფ. 23). ამავე ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად კი ამ ხელშეკრულებით ბანკი გასცემს საკრედიტო ხელშეკრულების შემადგენელ იპოთეკურ კრედიტს უზრუნველყოფის საგანზე ბანკის სასარგებლოდ იპოთეკის ჩანაწერის აღნიშვნით საჯარო რეესტრიდან ამონაწერის წარმოდგენის შემდგომ, კლიენტი თანახმაა მიიღოს კრედიტი ამ პირობებით და კისრულობს ვალდებულებას კრედიტი დაფაროს წინამდებარე ხელშეკრულებაზე თანდართული კრედიტის შესაბამისად. ამრიგად, 2015 წლის 30 სექტემბრის იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებაში, რომელიც მოცულობით ორ გვერდსაც არ შეადგენდა, არაორაზროვნად იყო მითითებული, რომ იპოთეკური კრედიტი გაიცემოდა 2012 წლის 05 ივნისის საკრედიტო ხაზის ფარგლებში და №GAI028906 ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რაც შეცნობადი იყო მსესხებლისათვისაც, რამეთუ ხელშეკრულება დადასტურებული აქვს ხელმოწერით. ამასთან, კრედიტის თანხა _ 175 000 აშშ დოლარი არ აღემატებოდა საკრედიტო ხაზის ფარგლებში დაშვებულ ლიმიტს, არც კრედიტის მოქმედების ვადა აჭარბებდა საკრედიტო ხაზის მოქმედების ვადას, ხოლო პროცენტი არ აღემატებოდა საკრედიტო ხაზის ფარგლებში დაშვებულ პროცენტის ზღვრულ ოდენობას.
16.5. ამდენად, საფუძველი არ გააჩნია საკასაციო არგუმენტს, რომ №SBI063120 ხელშეკრულება დამოუკიდებელია №GAI028906 ხელშეკრულებისაგან. პირიქით, 30.09.2015 წლის №SBI063120 ხელშეკრულება დადებულია ხსენებული გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში და მასზე სრულად ვრცელდება №GAI028906 ხელშეკრულების ყველა პირობა.
16.6. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2012 წლის 05 ივნისს დადებული №GAI028906 საბანკო მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში მხარეთა შორის საკრედიტო ურთიერთობა დაფუძნდა 2012 წლიდანვე დადებული კრედიტის ხელშეკრულების ძალით. მართალია, 2012 წლის კრედიტის ხელშეკრულება საქმის მასალებში არ მოიპოვება, თუმცა აღნიშნულს მოწმობს სესხის დაფარვის მიზნობრიობით გ.მ–ძის მიერ მოპასუხე ბანკში 2012 წლის ივნისიდან 2015 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში თანხების შეტანის დამადასტურებელი სალაროს შემოსავლის ორდერები (44-128). ამასვე ადასტურებს 2015 წლის 30 სექტემბრის 3.1.5. პუნქტში ასახული მიზნობრიობა _ მიმდინარე ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია. ამდენად, გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 2012 წლიდან წარმოშობილი საკრედიტო ვალდებულება დასრულდა 2015 წლის 30 სექტემბერს გაცემული კრედიტის მეშვეობით მისი გადაფარვის გზით, რასაც მოწმობს გ.მ–ძის საბანკო ანგარიშის ამონაწერი, კერძოდ, 2015 წლის 30 სექტემბერს შესრულებული საბანკო ოპერაციები (ტ.2, ს.ფ. 282-283). ლოგიკურია, რომ რამდენადაც სხვა საკრედიტო ვალდებულებათა გადაფარვის მიზნით აღებული კრედიტის გახარჯვა უნდა მომხდარიყო დანიშნულებისამებრ, საკრედიტო დავალიანებათა გადაფარვა მოხდა უნაღდო ანგარიშსწორებით და თანხის ნაღდი ფულის ფორმით მიღების შესაძლებლობა კლიენტს ვერ მიეცემოდა, თუმცა შეთანხმებული მიზნობრიობით გაცემული სესხით გ.მ–ძის კრედიტების უნაღდო წესით დაფარვა გულისხმობს ბანკის მიერ კლიენტის დავალების შესრულებას.
16.7. იმ გარემოებას, რომ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას და კლიენტის დავალებით თანხების უნაღდო განკარგვას ბანკის მხრიდან ადგილი ნამდვილად ჰქონდა, მოწმობს მოვალის მიერ 2015 წლის 30 სექტემბრის ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად გადახდების დაწყება 2015 წლის 02 ნოემბრიდან და პრეტენზიის განუცხადებლად ყოველთვიური გადახდის ვალდებულების ზედმიწევნითი ზუსტად შესრულება 6 თვის განმავლობაში, 2016 წლის 04 აპრილის ჩათვლით (გრაფიკი იხ .ტ.2, ს.ფ. 276-281; წარმოებული გადახდები იხ. ტ.2, ს.ფ. 303).
16.8. ამდენად, დასახელებული გარემოებების ერთობლიობა პალატას უქმნის ვარაუდს, რომ თანხის გაუცემლობისა და კლიენტის მოტყუების ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.
16.9. რაც შეეხება პრეტენზიას მასზედ, რომ სააღსრულებო ფურცელში გათვალისწინებული არ იქნა 2012 წლიდან მოყოლებული გადახდები, პალატა მიუთითებს, რომ რამდენადაც 2012 წლის ივნისიდან 2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით წარმოებული გადახდები მიემართებოდა კრედიტს, რომლის გადაფარვის მიზნითაც გაიცა 2015 წლის 30 სექტემბრის კრედიტი, ცხადია ხსენებული თანხები ვერ გამოაკლდებოდა იმავე საკრედიტო ხაზის ფარგლებში 2015 წლის 30 სექტემბერს დაფუძნებული საკრედიტო ურთიერთობის ძალით წარმოშობილი საკრედიტო ვალდებულების ძირითად თანხას _ 175 000 აშშ დოლარს. სააღსრულებო ფურცლის გაცემისას სესხის ძირიდან მოკლებას ექვემდებარებოდა მხოლოდ ის თანხები, რომლებიც გადახდილ იქნა 2015 წლის 02 ნოემბრიდან 2016 წლის 04 აპრილის ჩათვლით და გრაფიკის შესაბამისად, წარმოადგენდა სესხის ძირის შემცირებისკენ მიმართულ თანხას. დადგენილია, რომ სააღსრულებო ფურცელში კრედიტის ძირ თანხად მითითებულია 173 954.58 აშშ დოლარი, ესე იგი, იგი შემცირებულია გრაფიკით წარმოებული გადახდების შესაბამისად. ამდენად, პრეტენზიას მასზედ, რომ სააღსრულებო ფურცელში გათვალისწინებული არ იქნა კრედიტის ამღების მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე განხორციელებული შესრულებები, საფუძველი არ გააჩნია.
16.10. როგორც უკვე აღინიშნა, საფუძველს მოკლებულია მოსაზრება იპოთეკური კრედიტის №SBI063120 ხელშეკრულების დამოუკიდებელ ხელშეკრულებად მიჩნევის შესახებ, მხარეებს ცალსახად და არაორაზროვნად აქვთ გამოხატული ნება, რომ №SBI063120 ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტი გაიცეს სწორედ გენერალური საკრედიტო ხაზის ფარგლებში და დათქმული პირობებით. რამდენადაც გენერალური ხელშეკრულება ფულად ვალდებულებას წარმოშობს არა დამოუკიდებლად, არამედ საკრედიტო ხელშეკრულებასთან ერთობლიობაში, საკრედიტო ხაზის უზრუნველყოფა გულისხმობს მის ფარგლებში გაცემული კრედიტების უზრუნველყოფას. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ დ.მ–ძის მიერ მოხდა რესტრუქტურიზაციამდე არსებული ვალის და არა რესტრუქტურიზაციის შედეგად განსაზღვრული ვალის _ 175 000 აშშ დოლარის უზრუნველყოფა, საკასაციო პალატა მიუთითებს შემდეგს: რესტრუქტურიზების მიზნით გაცემული იპოთეკური კრედიტისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების თარიღები ემთხვევა ერთმანეთს; ორივე ხელშეკრულებას ხელს აწერს გ.მ–ძე _ იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებას როგორც კრედიტის ამღები, ხოლო იპოთეკის ხელშეკრულებას _ როგორც უძრავი ქონების მესაკუთრის წარმომადგენელი (ტ.2, ს.ფ. 287-294); 2015 წლის 29 სექტემბრით დათარიღებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მოწმობს, რომ 2012 წლის 05 ივნისს იპოთეკის საგანზე დარეგისტრირდა ს.ს. „ს.ბ–ი“-ს იპოთეკის უფლება NGAI 028906-ა იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, ამდენად, ლოგიკურია, 2015 წლის 30 სექტემბერს აღარ იარსებებდა რესტრუქტურიზებამდელი ვალდებულებების ხელახლა უზრუნველყოფის საჭიროება. ვინაიდან არსებული კრედიტების გადაფარვის მიზნით საკრედიტო ხაზის ფარგლებში გაცემულმა ახალმა კრედიტმა წარმოშვა ახალი საკრედიტო ვალდებულება 2015 წლის 30 სექტემბრიდან, საკრედიტო ხაზის ხელახალი უზრუნველყოფის მიზნით, ამავე თარიღში, იპოთეკის საგანზე კრედიტორის სასარგებლოდ წარმოიშვა ახალი იპოთეკის უფლება, ამჯერად №SAI063117 ხელშეკრულების ძალით.
16.11. კასატორი პრეტენზიას აცხადებს მასზედ, 2015 წლის 30 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულების დადების მიზანი არ ყოფილა სესხის რესტრუქტურიზაცია და კრედიტორმა იგი ამ შინაარსით გარიგების დადების მიზნით, მოატყუა. რესტრუქტურიზაციის მიზნის არარსებობის დასასასტურებლად კასატორი უთითებს, რომ 2015 წლის 30 სექტემბრის ხელშეკრულებამ დაამძიმა მსესხებლის პასუხისმგებლობა და რესტრუქტურიზაციისთვის არც ერთ ფორმას _ საპროცენტო განაკვეთის შემცირებას ან დარიცხული პროცენტების მიღების უფლებაზე უარის თქმას; ძირითადი თანხის ან პროცენტის შემცირებას, რაც არ არის მსესხებლის მიერ გადახდის შედეგი; სესხის დაფარვის ვადის გაგრძელებას; ბანკის მიერ მსესხებლისთვის იმგვარი უფლების ან პრივილეგიის მინიჭებას, რაც ნორმალურ პირობებში არ მოხდებოდა _ ადგილი არ ჰქონია.
16.12. პალატა მიუთითებს მტკიცების ტვირთის განაწილების ობიექტურ და სამართლიან წესზე, რომელიც რეგლამენტირებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილში და რომლის შინაარსიც მდგომარეობს შემდეგში _ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
16.13. კასატორის ინტერესშია დამტკიცება იმისა, რომ რესტრუქტურიზაციით მას რაიმე უფლება ან პრივილეგია არ მინიჭებია. იმ პირობებში, როდესაც მსესხებელს ხელმოწერით დადასტურებული აქვს სახელშეკრულებო პირობა კრედიტის რესტრუქტურიზაციის მიზნით გაცემის შესახებ, მოქმედებს ვარაუდი, რომ მსესხებელმა ამავე გარიგებით გარკვეული უფლება თუ პრივილეგია, რომელიც მას რესტრუქტურიზებამდელი გარიგების ძალით არჰქონია, ნამდვილად მიიღო. აღნიშნული კი განაპირობებს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის იმგვარ განაწილებას, რომ მოვალეს ეკისრება სარწმუნოდ დადასტურება იმისა, რომ მას 2015 წლის 30 სექტემბრის ხელშეკრულების ძალით არც საპროცენტო განაკვეთი შემცირებია, არც ძირის ან დარიცხული პროცენტის შემცირება მომხდარა; არც სესხის დაფარვის ვადა გაგრძალებულა და არც სხვა რაიმე პრივილეგია მინიჭებია. კასატორს, აღნიშნულის მტკიცება შეეძლო კრედიტის გადაფარვამდე მოქმედი ხელშეკრულების, დაფარვის გრაფიკისა და 2015 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით არსებული დავალიანების დამადასტურებელი ცნობის სასამართლოში წარდგენის გზით, თუმცა ამგვარი მტკიცებულება საქმეში არ წამოდგენილა.
16.14. საკასაციო პალატა არ იზიარებს მოსაზრებას, რომ თითქოს 2015 წლის 30 სექტემბრის ხელშეკრულებით, კრედიტორმა კრედიტის ამღებს დააკისრა პროცენტიდან პროცენტის გადახდა. როგორც უკვე აღინიშნა, წარსულში არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით კრედიტის ხელახალი დამტკიცებით და მისი საშუალებით მანამდე არსებული საკრედიტო ვალდებულებების გადაფარვით, იმავე საკრედიტო ხაზის ფარგლებში დაფუძნდა ახალი საკრედიტო ურთიერთობა 175 000 აშშ დოლარის ოდენობით ძირითად თანხაზე (იხ. სუსგ. №ას-525-2020 11.05.2022წ.), შესაბამისად, იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებისა და მისი გრაფიკის შესაბამისად, პროცენტი ერიცხებოდა მარტოოდენ ძირს და არა პროცენტს.
16.15. ამრიგად, კასატორი ვერ უთითებს რაიმე ისეთ ფაქტობრივ საფუძველზე, რომელიც სააღსრულებო ფურცლისა და სახელშეკრულებო დათქმის ბათილად ცნობის წინაპირობა შეიძლებოდა განხილულიყო.
17.1. რაც შეეხება ხელშეკრულების შეწყვეტის წესს _ კასატორი მოიხმობს არა გენერალური ხელშეკრულების ან/და 2015 წლის 30 სექტემბრის ხელშეკრულების დანაწესებს ხსენებული საკითხის რეგულირებისას, არამედ საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული ბანკის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად იპოთეკით/გირავნობით დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული შეთანხმება №1297991-ის დანართის (რომელიც ეხება იპოთეკის საგნის დაზღვევის პოლისის მისაღებად საჭირო თანხის ბანკის მიერ სესხად გაცემისა და მასზე პროცენტის დარიცხვის წესს) პუნქტს, რომლითაც არ შეცვლილა ძირითადი ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურა, არამედ დაზღვევისთვის გაცემული კრედიტის გადახდევინების მიზნებისათვის დაითქვა შეწყვეტის სპეციალური წესი (ტ.1, ს.ფ. 21-22). ამდენად, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეწყვეტამდე 30 დღით ადრე შეტყობინების ვალდებულება არ ვრცელდება იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულების შეწყვეტაზე, არამედ იგი შეწყვტას ექვემდებარება №GAI028906 საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების 4.1.22.2. (ა) პუნქტით დადგენილი წესით, რომლის თანახმადაც, გადახდის გრაფიკით დადგენილი კრედიტის ძირითადი თანხის ნებისმიერი ნაწილის ან მასზე სარიცხული პროცენტის ან პირგასამტეხლოს გადაუხდელობისას, თუ ასეთი გაგრძელდება 10 (ათი) სამუშაო დღე და ასეთი დარღვევა განმეორდება ორჯერ, ბანკი უფლებამოსილია, ცალხრივად შეწყვიტოს ხელშეკულება კლიენტისთვის წერილობითი შეტყობინების მიწოდების მეშვეობით და მოსთხოვოს კლიენტს კრედიტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის დაუყოვნებლივ გადახდა, რაც არ ნიშნავს ბანკისთვის ამ ხელშეკრულებით მინიჭებული ან მისი დარღვევით წარმოშობილი უფლების გაუქმებას და/ან სელახვას (ტ.1, ს.ფ. 24).
17.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
17.3. საგულისხმოა, რომ ხსენებულ მუხლთან მიმართებით საკასაციო პალატას მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკა გააჩნია. დასახელებული სამართლებრივი ნორმა წარმოადგენს კრედიტორის ინტერესების დამცავ, აღმჭურველ ნორმას და საბანკო კრედიტის გამცემს ანიჭებს უფლებას, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირობების დაცვით მოშალოს ხელშეკრულება, თუმცა თავად უფლების არსიდან გამომდინარე, იგი არ შეიძლება გაიგივდეს ვალდებულებასთან და მისი გამოყენება მხოლოდ უფლების მქონე პირის ნებაზეა დამოკიდებული - კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა ან გააგრძელოს სახელშეკრულებო ურთიერთობა (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-145-135-2015, 23.04.2015წ). მითითებული ნორმა ეხება საბანკო-საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტას კრედიტის არა მიმღების, არამედ გამცემის მიერ და ეს შესაძლებელია კანონიერი საფუძვლის არსებობისას. ასეთ საფუძვლად კი მიჩნეულია კრედიტის ამღების მხრიდან კრედიტის ნაწილის, სულ ცოტა, ორი ვადით გადახდის გადაცილება მაშინ, როცა ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაბრუნება განსაზღვრულ ვადაში (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-910-972-2014, 04.03.1015წ).
17.4. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, გადახდის ორ ვადას, რამაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლიდან გამომდინარე, ბანკს წარმოუშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების შეწყვეტის უფლებამოსილება.
17.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნოტარიუსისთვის მიმართვით კრედიტორმა/ბანკმა საკრედიტო ხელშეკრულებების შეწყვეტის ნება გამოავლინა, რომელიც ძალაში სწორედ განცხადების წარდგენის დროს შევიდა (სსკ-ის 873-ე მუხლი). უდავოა, რომ სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნის ეტაპზე ხელშეკრულების შეწყვეტის მატერიალურ-სამართლებრივი უფლება კრედიტორს უკვე გააჩნდა, ხოლო უფლების არსებობას ვერ გააქარწყლებდა პროცედურული წესის დაუცველობა (კრედიტის ამღებისთვის წერილობითი შეტყობინების გაუგზავნელობა), შესაბამისად, უფლება განხორციელებულად ითვლება ნოტარიუსის წინაშე სააღსრულებო პროცედურების დაწყების შესახებ ნების გამოვლენით.
18.1. რაც შეეხება პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნით გაცხადებულ არგუმენტაციას, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ბანკისთვის 2012 წლიდან მოყოლებული მოვალის მიერ საკრედიტო ვალდებულების კეთილსინდისერად და ჯეროვნად შესრულების ფაქტი, პალატამ წინამდებარე განჩინების 16.6. პუნქტში უკვე აღნიშნა, რომ 2012 წლიდან 2015 წლის 30 სექტემბრამდე განხორციელებული გადახდები წარმოებულია რესტრუქტურიზაციის გზით დასრულებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, რაც შეეხება 30.09.2015 წლის №SBI063120 იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებას, მის ფარგლებში ჯეროვნად შესრულებულია გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული გადახდიდან სულ 6 გადახდა, ამდენად, დასრულებული საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში გამოჩენილ კეთილსინდისიერებასა და ჯეროვანებას ზეგავლენა ვერ ექნება შემდგომი ურთიერთობის ფარგლებში გამოვლენილ დარღვევაზე პასუხისმგებლობის დადგენისას.
18.2. საკასაციო პალატას მრავალჯერ განუმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (იხ. სუსგ. №ას-1597-2019, 13.12.2019წ).
18.3. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო.
18.4. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ვალდებულების დარღვევის ხარისხის განსაზღვრა, პირგასამტეხლოს გონივრულობის დადგენის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა
18.5. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი.
18.6. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
18.7. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
18.8. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ვალდებულება დარღვეულია 2016 წლიდან; სესხის ძირითადი ნარჩენი თანხა აჭარბებს 173 000 აშშ დოლარს, რომელზედაც, სააღსრულებო ფურცლის ძალით, შეწყვეტილია პროცენტის დარიცხვა, ესე იგი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის შემდგომ მოვალე თანხით უსასყიდლოდ სარგებლობს; კრედიტორი მეწარმე სუბიექტია, რომლის პროფილურ საქმიანობას კრედიტის გაცემის გზით სარგებლის მიღება წარმოადგენს, თუმცა მოვალის მიერ ინიცირებული სასამართლო დავის გამო მას ამგვარი სარგებლის მიღება კრედიტის ძირი თანხიდან შეზღუდული აქვს. ამ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, პალატას პირგასამტეხლო (10 000 აშშ დოლარი) მიაჩნია სამართლიან ოდენობად, რომელიც ერთი მხრივ, „დასჯის“ მოვალეს ვალდებულების რღვევის გამო, თუმცა უსაფუძვლოდ არ გაამდიდრებს კრედიტორს, არამედ უზრუნველყოფს მინიმალური პრეზუმირებული ზიანის ანაზღაურებას, რომლის არსებობა საკრედიტო დაწესებულების მიმართ ყოველთვის ივარაუდება, როდესაც მას საბრუნავ საშუალებებს დათქმულ ვადაში არ უბრუნებენ.
19. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დავა გადაწყვეტილია არსებითად სწორად, ხოლო კასატორი ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დაშვებულ იმგვარ საპროცესო დარღვევებზე, რომლებსაც, შესაძლოა, ზეგავლენა ჰქონოდა საქმის საბოლოო შედეგზე. საკასაციო საჩივრიდან არ ვლინდება მისი დასაშვებობის არც სხვა რომელიმე საფუძველი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
20. კასატორი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამდენად, სახელმწიფო ბაჟის დაბრუნებაზე მსჯელობის საპროცესო საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.მ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი