22 მაისი 2023 წელი
№ას-1463-2022 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „მ–ი“
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შ.პ.ს. „მ–ი“-ს მიმართ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 116 280 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
2.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შ.პ.ს. „მ–ი“-ს შორის 2020 წლის 4 ოქტომბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №69, რომლის საფუძველზე, შ.პ.ს. „მ–მა“ აიღო ვალდებულება, გაეწია მომსახურება ამავე სამინისტროს ბალანსზე რიცხული NAT190021327 ტენდერის სატენდერო პირობებით განსაზღვრული „TOYOTA“-სა და „LEXUS“-ის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება (საჭიროების შემთხვევაში, ევაკუატორით მომსახურება), აღნიშნულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტით გათვალიწინებული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალების გამოყენებით. მომსახურების ვადად განისაზღვრა არაუმეტეს 8 კალენდარული დღე.
2.2. შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, სამინისტროს ბალანსზე მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება TOYOTA LAND CRUISER 70, სახელმწიფო ნორმით ..... (.......), 2020 წლის 21 მაისს შემოწმება/შეკეთების მიზნით შევიდა შ.პ.ს. „მ–ი“-ს სერვისცენტრში, სადაც დაუდგინდა მაჩვენებლების დაფის დაზიანება, იმავე დღეს შედგა დეფექტური აქტი. მიმწოდებელი, ხელშეკრულების მე-3 მუხლის მეორე და მესამე პუნქტების შესაბამისად, ვალდებული იყო, დეფექტური აქტით გათვალიწინებული მომსახურება გაეწია 2020 წლის 21 მაისიდან 8 კალენდარულ დღეში - არაუგვიანეს 2020 წლის 29 მაისისა.
2.3. შ.პ.ს. „მ–ი“-ს მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით დადგენილი მომსახურების ვადა, კერძოდ, ნაცვლად 2020 წლის 29 მაისისა, მომსახურება გაწეული იქნა 2020 წლის 13 აგვისტოს - 76 კალენდარული დღის დაგვიანებით.
2.4. ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს შესრულების ვადაგადაცილებისათვის და მისი ოდენობა შეადგენს ხელშეკრულების ღირებულების - 1 020 000 ლარის 0.15%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ ეკისრება 116 280 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხე შ.პ.ს. „მ–მა“ წარმოდგენილი შესაგებლით და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ ზეპირ მოსმენაზე დაფიქსირებული პოზიციით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 1500 ლარის ნაწილში. ის დაეთანხმა სარჩელში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით მიუთითა, რომ სამუშაოს საფასური, რომლის დროულად შეუსრულებლობის გამოც მოთხოვნილია პირგასამტეხლო, შეადგენს 150 ლარს. მოპასუხემ აღნიშნა, რომ არასწორად მოხდა პირგასამტეხლოს დაანგარიშება ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან. ამასთან, მისი ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული. სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი შ.პ.ს. „მ–ი“-ს მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 1500 ლარის ოდენობით.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
7. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შ.პ.ს. „მ–ს“ შორის 2020 წლის 4 ოქტომბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №69 ხელშეკრულება. ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტს წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული, NAT190021327 ტენდერის სატენდერო პირობებით განსაზღვრული „TOYOTA“-სა და „LEXUS“-ის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება (საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება), აღნიშნულ ტენდერში, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტით თვალიწინებული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალების გამოყენებით. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 1 020 000 ლარს და ძალაში იყო 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
7.2. 2020 წლის 4 ოქტომბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №69 ხელშეკრულების 3.2.1. პუნქტის თანახმად, სავალი ნაწილებისთვის მომსახურების გაწევის ვადად განისაზღვრა არაუმეტეს 2 კალენდარული დღე, ხოლო 3.2.6 პუნქტის თანახმად, სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადად განისაზღვრა არაუმეტეს 25 კალენდარული დღე.
7.3. შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთრებაში რიცხული ავტომანქანა TOYOTA LAND CRUISER 70, სახელმწიფო ნომრით ....., 2020 წლის 21 მაისს, შემოწმება/შეკეთების მიზნით შევიდა შ.პ.ს. „მ–ი“-ს სერვისცენტრში, სადაც დაუდგინდა მაჩვენებლის დაფის დაზიანება. ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2020 წლის 29 მაისისა, გაწეულ იქნა 2020 წლის 13 აგვისტოს - 76 კალენდარული დღის დაგვიანებით.
7.4. საქმეში წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს აქტის თანახმად, ავტომანქანაზე TOYOTA LAND CRUISER 70, სახელმწიფო ნომრით ...., გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 150.45 ლარი.
7.5. 2020 წლის 4 ოქტომბრის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის, შ.პ.ს. „მ–ს“ დაერიცხა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 1 020 000 (ერთი მილიონ ოცი ათასი) ლარის 0.15%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს 1530 (ათას ხუთას ოცდაათი) ლარს, ხოლო ჯამურად 116 280 ლარს.
8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი შეფასება:
8.1. სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამატეხლოს დაკისრება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-420-ე და 629-ე მუხლები.
8.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. დადგენილია მოპასუხე მხარის ბრალეულობა ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, რაც მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების დანაწესის შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი წინაპირობაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი.
8.3. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
8.4. მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა მიწოდების ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა.
8.5. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით (სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი).
8.6. მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. ამდენად, კანონმდებელმა დააწესა მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება.
8.7. ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის და დარღვევების გათვალისწინებით, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ და მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობის საფუძველზე სწორად განსაზღვრა იგი 1500 ლარის ოდენობით.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით. საკასაციო პრეტენზია დაფუძნებულია იმ გარემოებაზე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა და მის გამოთვლის წესი მხარეთა შორის თავისუფალი შეთანხმების საფუძველზე დათქმულ პირობას წარმოადგენდა და მისი შემცირების უფლებამოსილება სასამართლოს არ გააჩნდა, ამასთან, მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება იყო დარღვევის ხანგრძლივობის პროპორციული.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორი სადავოდ არ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, არამედ სადავოა დადგენილ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საკითხი, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეტენზია მიემართება ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ“ სანქციად მიჩნევის საკითხს. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ წინამდებარე საქმეზე დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
15.1. პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (იხ. სუსგ. №ას-1928-2018, 31.10.2019წ.).
15.2. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ. №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.).
15.3. სასამართლოს, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაც. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (იხ. სუსგ. №ას-1292-2019, 24.12.2020წ.; №ას-386-2019, 02.04.2021წ.; №ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.). პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ. №ას-1511-2018, 26.03.2019წ.).
15.4. პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (იხ. სუსგ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.).
16.1. პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, მომსახურების გაწევის ვადა დაირღვა მხოლოდ ერთი ავტომობილის მიმართ, თუმცა, მიუხედავად სახელშეკრულებო ვალდებულების მხოლოდ ნაწილობრივ დარღვევისა, პირგასამტეხლოს გაანგარიშების ბაზას წარმოადგენდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება და არა უშუალოდ ვადის დარღვევით გაწეული მომსახურების საფასური. დასახელებულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, სადაც განმარტებულია შემდეგი: ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, მართალია, იცავს კრედიტორის ქონებრივ ინტერესს, მაგრამ არღვევს სახელშეკრულებო წონასწორობას და ვერ ასრულებს ვალდებულების დარღვევის პრევენციის ნორმატიულ დანიშნულებას. დაუშვებელია, პირგასამტეხლო მხარეს ეკისრებოდეს იმ ვალდებულების პროპორციული ღირებულებიდანაც, რომელიც მას არ დაურღვევია. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მოცულობიდან (იხ. სუსგ. №ას-971-2019, 28.10.2019; №ას-581-2019, 31.07.2019; №ას-164-160-2016, 28.07.2016). ხსენებული პრინციპით პირგასამტეხლოს გამოთვლის ვალდებულებაზე საკასაციო პალატის მიერ არაერთ დავაზე განემარტა კასატორ შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი მონაწილეობით სასამართლოში წარმართულ იმ საქმეებზე, სადაც დავის საგანს პირგასამტეხლოს დაკისრება/შემცირება წარმოადგენს (მრავალთა შორის იხ.სუსგ. № ას-732-2022, 24.11.2022წ; №ას-1274-2022, 22.11.2022წ; №ას-1007-2021, 13.04.2022წ).
16.2. ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან აკუმულირებული პირგასამტეხლოს მოცულობა, როდესაც დარღვეულია ვალდებულების მხოლოდ ნაწილი, სანქციას იმთავითვე სძენს არაგონივრულად მკაცრი პასუხისმგებლობის შინაარსს, რა დროსაც, სასამართლოს ვალია, აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირგასამტეხლოს სამართლიან საწყისებთან შესაბამისობაში მოყვანის გზით.
16.3. კრედიტორს ხელშეკრულების დადების, ან, სულ მცირე, პირგასამტეხლოს გაანგარიშების ეტაპზე რომ გაეთვალისწინებინა სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა საურავის დარღვეული ვალდებულების ღირებულებიდან გამოთვლის შესახებ, გადასახდევინებელი პირგასამტეხლოს ოდენობა სასარჩელო მოთხოვნასთან შედარებით ბევრად მცირე - დაახლოებით 17.48 (150.45 X 0.15% = 0.23; 0.23 X 76 = 17.48) ლარი იქნებოდა, ამდენად, პირგასამტეხლოს ის ოდენობა, რომლის გადახდის ვალდებულებაც მენარდეს რეალურად ეკისრებოდა, მოთხოვნილ პირგასამტეხლოსთან შედარებით, რამდენიმე ათასჯერ ნაკლებია, რაც სწორედ მის არაგონივრულად მაღალ ოდენობაზე მეტყველებს. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება კრედიტორისა და მოვალის ინტერესების სამართლიანად დაბალანსების მიზანს და დარღვეული წონასწორობის აღდგენისათვის, წარმოშობს მხარეთა ნების თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევის საფუძველს. იმ პირობებში, როდესაც მენარდეს სასარჩელო მოთხოვნა აღიარებული აქვს 1500 ლარის ოდენობით და ამავდროულად, დაკისრებული თანხის ოდენობაზე მას საპელაციო და საკასაციო პრეტენზიები არ განუცხადებია (1500 ლარის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში), საკასაციო პალატა პირგასამტეხლოს კიდევ უფრო მეტად შემცირების გზით სანქციას რეალურად გონივრულ ოდენობამდე ვერ დაიყვანს, თუმცა ვერც კრედიტორის უსაფუძვლო საკასაციო პრეტენზიას გაიზიარებს.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
18. კასატორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ამრიგად, არ არსებობს სახელმწიფო ბაჟის დაბრუნებაზე მსჯელობის საპროცესოსამართლებრივი წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი