Facebook Twitter

22 მაისი, 2023 წელი

საქმე №ას-545-2023 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი - დ.ბ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - ს.ს. „მ.ქ.კ–ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განჩინება საჩივრის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასა და შუამდგომლობის განხილვის შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაშია ს.ს. „ქ.კ“-ს განცხადება დ.ბ–ის, მ.ს–ის, ზ.ვ–სა და ზ.ა–ის მიმართ, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შ.პ.ს. „ს.სლ“-ს 2023 წლის 11 იანვრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით.

2. 2023 წლის 23 მარტს მოწინააღმდეგე მხარე დ.ბ–მა ამავე საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას წარუდგინა საჩივარი ზემოაღნიშნული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. ამავე საჩივრით მოთხოვნილ იქნა არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შუამდგომლობის განხილვის შეჩერება და ს.ს. „მ.ქ.კ–ი“-სთვის დ.ბ–ის კუთვნილი უძრავი ნივთების (1. ყვარელი, სოფელი ....., ს/კ .....; 2. ყვარელი, სოფელი ......, ს/კ ......) რეალიზაციის მიზნით პირველი ქართული აუქციონისთვის განმეორებით მიმართვის აკრძალვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განჩინებით, განმცხადებელს უარი ეთქვა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასა და არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შუამდგომლობის განხილვის შეჩერებაზე, განემარტა, რომ უზრუნველყოფაზე უარის თქმის ნაწილში მხარეს შეეძლო განჩინების გასაჩივრება მისი ასლის ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში, ხოლო დანარჩენ ნაწილში განჩინება არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას.

4. ზემოაღნიშნული განჩინება დ.ბ–ს გაეგზავნა მის მიერ საქმის მასალებში მითითებულ მისამართზე: ყვარელი, სოფელი ..... როგორც საფოსტო უკუგზავნილით დგინდება, სასამართლო გზავნილი 2023 წლის 30 მარტს ჩაბარდა ლ.კ–ს (პ/ნ .......).

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კანცელარიაში 2023 წლის 07 აპრილს დარეგისტრირდა დ.ბ–ის საჩივარი ამავე სასამართლოს 2023 წლის 23 მარტის განჩინებაზე, რომელშიც საჩივრის ავტორი ადასტურებს, რომ განჩინება ჩაიბარა მისმა ოჯახის წევრმა, იგი (საჩივრის ავტორი) ყველანაირად ეცადა დადგენილ ვადაში გასაჩივრების მოსწრებას, ხოლო თუ ვადას ერთი ან ორი დღით გადააცილა, ითხოვს ვადის დარღვევის საპატიოდ მიჩნევას. საჩივარს დაერთვის საფოსტო კონვერტი, რომელზე დატანილი ინფორმაციის თანახმად, მისი ფოსტაში ჩაბარების თარიღია 2023 წლის 05 აპრილი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განჩინებით, საჩივარი 2023 წლის 23 მარტის განჩინებაზე დაუშვებლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული და გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612, 197-ე, 70-ე, 74-ე, 59-ე, მე-60, 61-ე, 65-ე მუხლებზე მითითებით მიიჩნია, რომ განჩინების გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი 5 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 31 მარტს და ამოიწურა 2023 წლის 04 აპრილს 24:00 საათზე, შესაბამისად, 2023 წლის 05 აპრილის საჩივარი წარდგენილია ვადის დარღვევით, რის გამოც იგი დაუშვებელია.

7. ამავე განჩინებაში სააპელაციო პალატამ შეაფასა მხარის მოთხოვნა გასაჩივრების ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევის შესახებ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილზე მითითებით დაასკვნა, რომ სასამართლო განჩინების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას საჩივარი განსახილველად გადმოეგზავნა 2022 წლის 01 მაისს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნით შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ საჩივარი დაუშვებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის, სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის ან ყადაღადადებული ქონების გამიჯვნაზე თანხმობის შესახებ განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა. განჩინების გასაჩივრების ვადა 5 დღეა. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მხარისთვის გადაცემის მომენტიდან.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს...უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

14. განსახილველ შემთხვევაში, თავად საჩივრის ავტორი ადასტურებს, რომ სასამართლოს განჩინების ასლი ჩაბარდა მის ოჯახის წევრს და ამავდროულად, არ უთითებს რაიმე ისეთ გარემოებაზე, რომელიც, საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლოა, განხილული ყოფილიყო გზავნილის მხარისადმი ჩაბარებულად მიჩნევის დამაბრკოლებელ გარემოებად. იმის მიუხედავად, რომ საფოსტო უკუგზავნილი (ს.ფ. 190) არ შეიცავს მითითებას საჩივრის ავტორსა და ლევან კოკორაშვილს შორის არსებული საოჯახო ურთიერთკავშირის შესახებ, უკუგზავნილის ნაკლოვანება აღმოფხვრილად ითვლება საჩივრის ავტორის მიერ აღნიშნული კავშირის არსებობის დადასტურებით.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო სამუშაო დღე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

18. დასახელებულ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ რამდენადაც 23.03.2023 წლის განჩინების ასლი საჩივრის ავტორის ოჯახის წევრს ჩაბარდა 2023 წლის 30 მარტს, გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი 5 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 31 მარტს და დასრულდა 2023 წლის 04 აპრილს 24:00 საათზე, შესაბამისად, მხარის მიერ საჩივრის ფოსტაში ჩაბარებისას (2023 წლის 05 აპრილს) საჩივრის წარდგენის ვადა უკვე ამოწურული იყო, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

19.1. რაც შეეხება თხოვნას, რომ საჩივრის დაგვიანებით წარდგენა მიჩნეული იქნეს საპატიოდ, თავისი არსით, ამგვარი შუამდგომლობა განიხილება საპროცესო ვადის აღდგენის მოთხოვნად.

19.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.

19.3. სწორედ კანონით დადგენილ იმ გამონაკლისს მიეკუთვნება სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადები, რომელზედაც გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენა, თუნდაც საპატიო მიზეზის არსებობისას, დაუშვებელია (სსსკ 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილი), ამდენად, მოთხოვნას ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევის შესახებ, საფუძველი არ გააჩნია.

19.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. სუსგ. საქმე №ას-470-438-2017,.02.06.2017წ; №ას-299-284-2016, 22.04.2016წ).

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად ცნო საჩივარი დაუშვებლად, ხოლო იმ პირობებში, როდესაც საჩივარი ვადის დარღვევით იქნა წარდგენილი და იგი სააპელაციო სასამართლოს არ განუხილავს, საკასაციო სასამართლო მოკლებულია მასზე არსებითად მსჯელობის შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 63-ე, 74-ე, 197-ე, 1971-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ.ბ–ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განჩინებაზე საჩივრის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასა და შუამდგომლობის განხილვის შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ, დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი