Facebook Twitter

10 ივლისი, 2023 წელი

საქმე №ას-616-2023 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ გ.გ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ.მ–ი

გასაჩივრებული განჩინებები _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განჩინება და ამავე სასამართლოს 2023 წლის 12 აპრილის განჩინება (აპელანტის განცხადების განუხილველად დატოვების ნაწილში)

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ნ.მ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე გ.გ–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ქ. თბილისში, ...... მდებარე უძრავი ქონება, ფართით: 35.46 კვ.მ (ს/კ N ......) და აღნიშნული ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.

2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, შემდეგი დასაბუთებით:

3.1. სააპელაციო პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი ან სახელმწიფო ბაჟის სახით 80 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, ასევე, დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის და მისი ელექტრონული ვერსიის წარდგენა. ხარვეზის გამოსასწორებლად აპელანტს განესაზღვრა 7-დღიანი ვადა.

3.2. ხარვეზის განჩინების შინაარსი აპელანტს სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, 2023 წლის 29 მარტს ეცნობა. ხარვეზის შევსების შვიდდღიანი ვადა ამოიწურა 2023 წლის 5 აპრილს, თუმცა აპელანტს განსაზღვრული ვადის დაცვით ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საფუძვლად დაედო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 აპრილის განჩინებით, აპელანტის მიერ ხარვეზის შევსების მიზნით 2023 წლის 11 აპრილს სასამართლოსათვის წარდგენილი განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა 2023 წლის 11 აპრილის განჩინებით, ხოლო აპელანტმა ხარვეზის შევსების თაობაზე განცხადება წარადგინა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემდეგ, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აპელანტის მიერ 2023 წლის 11 აპრილს (მოსამართლისათვის გადაცემის თარიღი - 2023 წლის 12 აპრილი) წარმოდგენილი განცხადება, როგორც ვადის დარღვევით წარმოდგენილი, განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

5. სააპელაციო საჩივრისა და განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაბრუნება. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შესახებ განჩინებით განსაზღვრული ვადის დაცვით, ფოსტის მეშვეობით გაუგზავნა განცხადება, რომელსაც თანდართული ჰქონდა შესაბამისი ცნობა, რომ იგი წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს (უვადოდ), მან ამ საფუძვლით ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება. აღნიშნული განცხადება ფოსტის მიერ სავარაუდოდ დაგვიანებით გადაეცა სააპელაციო სასამართლოს, რამაც განაპირობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, ხარვეზის აღმოუფხვრელობის მოტივით. ნიშანდობლივია, რომ საქმეში წარმოდგენილი საფოსტო ბილით, რომელზეც დატანილია მოპასუხის მიერ ხსენებული განცხადების გაგზავნის თარიღი, დასტურდება, რომ განცხადება გაგზავნილი იქნა ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადის დაცვით - 05.04.2023 წელს, შესაბამისად, იკვეთება გასჩივრებული განჩინებების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლებისა და საქმის მასალების შესწავლის, აგრეთვე, გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინებები უნდა გაუქმდეს, ხოლო საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მითითებული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

8. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრისა და ხარვეზის შევსების მიზნით წარდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებების მართლზომიერების საკითხი.

9. განსახილველ შემთხვევააში, სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 11 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ მოტივით, რომ აპელანტმა ხარვეზი დადგენილი ვადის დაცვით არ აღმოფხვრა. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, არ იკვეთებოდა, სახელდობრ:

9.1. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება (შდრ.: სუსგ Nას-1693-2019, 10.02.2020; სუსგ Nას-1594-2019, 30.03.2020წ.; Nას-320-2019, 24.04.2019წ. ; №ას-34-2021, 18.05.2021წ.).

9.2. დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.03.2023 წლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მიჩნეული იქნა ხარვეზიანად სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობისა და დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და მისი ელექტრონული ვერსიის წარმოუდგენლობის გამო. ხარვეზის აღმოსაფხვრელად აპელანტს განესაზღვრა 7 დღის ვადა და აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი მას სატელეფონო შეტყობინებით 2023 წლის 29 მარტს ეცნობა (იხ. ს.ფ. 66). ამრიგად, ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული 7 - დღიანი ვადის დენა, კონკრეტულ შემთხვევაში, 2023 წლის 30 მარტს დაიწყო და იმავე წლის 5 აპრილს ამოიწურა.

9.3. საქმეში წარმოდგენილია აპელანტის განცხადება, თანდართული დოკუმენტით (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ), რომლითაც დასტურდება, რომ აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება იშუამდგომლა (ს.ფ. 72-73). საქმეში არსებული საფოსტო ბილით (ს.ფ. 74) ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ ხსენებული განცხადება, აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს ფოსტის მეშვეობით ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის უკანასკნელ დღეს - 05.04.2023 წელს გაუგზავნა. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ აპელანტს დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და მიიჩნევს, რომ იკვეთება საქმის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

10. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 აპრილის განჩინებით, მოპასუხის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი ზემოაღნიშნული განცხადება, როგორც ვადის დარღვევით წარდგენილი, დარჩა განუხილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან სახეზეა საქმის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაბრუნების წინაპირობა, უნდა გაუქმდეს აპელანტის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაც, ვინაიდან ამ უკანასკნელი განჩინების გაუქმება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მიღებული განჩინების გაუქმების თანმდევია, რადგანაც სხვაგვარად სააპელაციო სასამართლო მოკლებული იქნება შესაძლებლობას, იმსჯელოს აპელანტის შუამდგომლობასა და, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების საკითხზე.

11. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. სამართლიან სასამართლოზე ყოველი პირის ხელმისაწვდომობის კონსტიტუციური უფლება, რომელიც დაცვის ღირს სამართლებრივ სიკეთედ არის აღიარებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით, სხვა უფლებათა თუ თავისუფლებათა დაუბრკოლებლად რეალიზების მექანიზმია, ამდენად, ხელისუფლების სამივე შტო უნდა იყოს ფრთხილი ამ უფლების ნებისმიერი შეზღუდვისას.

12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ თითოეულ საქმეზე უნდა უზრუნველყოს, რომ კონვენციის მნიშვნელობის ფარგლებში, „სამართლიანი სასამართლოს“ მოთხოვნები იყოს დაცული (იხ. Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27 ოქტომბერი 1993, § 33). ამასთან, სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება უნდა იყოს „პრაქტიკული და ეფექტური“ (იხ. Bellet v. France, 4 დეკემბერი 1995, §38). კონვენცია მიზნად ისახავს უფლებათა უზრუნველყოფას, რომლებიც არ არის თეორიული ან ილუზორული, არამედ არის პრაქტიკული და ეფექტიანი. აღნიშნული განსაკუთრებით ვრცელდება მე-6 მუხლში წარმოდგენილ გარანტიებზე, დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიანი სასამართლოს უფლების და ამ მუხლის ყველა გარანტიის განსაკუთრებული ადგილის გამო (იხ. Stanev v. Bulgaria [დიდი პალატა], 2012 წლის 17 იანვარი, N 36760/06, §231). სასამართლოსადმი მიმართვის და მასზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური უფლებები. ისინი შეიძლება შეიზღუდოს, თუმცა არ უნდა აიკრძალოს ან შემცირდეს პირის წვდომა იმ გზით ან იმ რაოდენობით, რომ უფლების მთავარი არსი დაირღვეს (იხ. Philis v. Greece (N 1), 27 აგვისტო 1991, §59; De Geouffre de la Pradelle v. France, 16 დეკემბერი 1992, §28; Stanev v. Bulgaria [დიდი პალატა], 2012 წლის 17 იანვარი, N 36760/06, §230; Baka v. Hungary [დიდი პალატა], 2016 წლის 23 ივნისი, N 20261/12, §120).

13. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გასაჩივრებული განჩინებები უნდა გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად უნდა დაბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 372-ე, 368-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.გ–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და გ.გ–ძის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2023 წლის 12 აპრილის განჩინების პირველი პუნქტი.

3. საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი