Facebook Twitter

07 სექტემბერი 2023 წელი

საქმე№ ა-3097-შ-81-2023 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - მ. ბ–ია

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე ფლორენციის სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმე №9636/22), რომელშიც შესწორება შევიდა 2022 წლის 05 ოქტომბერს

დავის საგანი – მამობის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ფლორენციის სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №9636/22), რომელშიც შესწორება შევიდა 2022 წლის 05 ოქტომბერს, სასამართლომ დააკმაყოფილა მ. ს–ის (დაბადებული ემპოლიში (ფლორენცია) 3.12.1964წ.) თხოვნა მ.ბ–ას (დაბადებული საქართველოში 17.09.2003წ.) შვილად აყვანის შესახებ. ამავე გადაწყვეტილებით ნაშვილები პირი მიიღებს მშვილებელი პირის გვარს.

გადაწყვეტილებით დგინდება, რომ საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ შვილად ამყვანი პირი - მ.ს–ი, შვილად ასაყვანი პირი - მ. ბ-ია და შვილად ასაყვანი პირის დედა, რომელმაც გამოთქვა თავისი თანხმობა საქმის კოლეგიისათვის განსახილველად გადაცემის შესახებ. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, თანხმობა გამოხატეს შვილად ამყვანმა პირმა, შვილად ასაყვანმა პირმა, შვილად ასაყვანი პირის დედამ და შვილად ასაყვანი პირის მამამ, რომელმაც თანხმობა გამოხატა საქართველოში ნოტარიუსთან.

შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

საქმეში წარმოდგენილი პასპორტის ასლის მიხედვით, მ.ბ–ა არის საქართველოს მოქალაქე. მ. ბ–ას დედად ამავე დოკუმენტში მითითებულია მ. ხ–ძე, ხოლო მამად - მ.ბ–ია.

2023 წლის 08 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დარეგისტრირდა მ. ბ–იას შუამდგომლობა ფლორენციის სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების (საქმე №9636/22), რომელშიც შესწორება შევიდა 2022 წლის 05 ოქტომბერს, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით, შუამდგომლობა ფლორენციის სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების (საქმე №9636/22) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, მიღებული იქნა განსახილველად.

შუამდგომლობა თანდართულ მასალებთან და 19.06.2023 წლის განჩინების ასლთან ერთად გაეგზავნა მ.ბ–ას მამას მ.ბ–ას და განემარტა, რომ გააჩნდა შუამდგომლობაზე აზრის გამოთქმისა და საქმის ზეპირი განხილვის მოთხოვნის უფლება ამავე გზავნილის ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში. გზავნილი განხორციელდა მისამართზე: ქ. ქუთაისი, ....... და როგორც ფოსტის თანამშრომლის შეტყობინებით დასტურდება, ჩაბარდა მიმღებს 2023 წლის 17 ივლისს. მოწინააღმდეგე მხარეს მოსაზრების გამოთქმის ან/და საქმის ზეპირი განხილვის მოთხოვნის უფლებით არ უსარგებლია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მიაჩნია, რომ მ.ბ–ას შუამდგომლობა ფლორენციის სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების (საქმე №9636/22), რომელშიც შესწორება შევიდა 2022 წლის 05 ოქტომბერს, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ფლორენციის სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №9636/22, შესწორება შევიდა 2022 წლის 05 ოქტომბერს), დააკმაყოფილდა მ. ს–ის (დაბადებული ემპოლიში (ფლორენცია) 3.12.1964წ.) თხოვნა მ.ბ–ას (დაბადებული საქართველოში 17.09.2003წ.) შვილად აყვანის შესახებ. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ნაშვილები პირი მიიღებს მშვილებელი პირის გვარს.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს, თუ რომელი სამართლებრივი წესრიგი გამოიყენება უცხო ქვეყნის სამართალთან დაკავშირებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, აგრეთვე განსაზღვრავს საპროცესო სამართლის იმ ნორმებს, რომლებიც გამოიყენება ასეთი საქმის წარმოებისას.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მოთხოვნით წარმოდგენილი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მხარე, მამად აღიარებული მოსარჩელე მ. ს–ნი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამავდროულად, შვილად ასაყვანი პირი - მ. ბ–ია საქართველოს მოქალაქეა. სადავო სამართალურთიერთობის ფაქტობრივი გარემოებები მჭიდროდ დაკავშირებულია უცხო ქვეყნის სამართალთან, რაც საქართველოს სასამართლოებს ასეთი საქმის წარმოებისას გამოსაყენებელი საპროცესო ნორმების განსაზღვრისას წარმოუშობს „,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“" საქართველოს კანონით ხელმძღვანელობის ვალდებულებას.

„,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“'' საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

„,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“'' საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

„„,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“'' “ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, მშობლებსა და შვილებს შორის პირადი ურთიერთობების, შვილების წარმოშობის, მამობის დადგენის და მათთან დაკავშირებული დავების საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ პროცესის ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.

შვილად აყვანის საქმეზე, როდესაც ასაყვანი პირი საქართველოს მოქალაქეა, საქართველოს სასამართლოებს გააჩნიათ საერთაშორისო კომპეტენცია, თუმცა არა განსაკუთრებული (გამომრიცხავი). მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს ფლორენციის სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების (საქმე №9636/22, რომელშიც შესწორება შევიდა 2022 წლის 05 ოქტომბერს), საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები, რომლებიც აღწერილია „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში. შესაბამისად, გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობა ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ'' საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ბ–ას შუამდგომლობა, ფლორენციის სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების (საქმე №9636/22, რომელშიც შესწორება შევიდა 2022 წლის 05 ოქტომბერს) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილი იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ფლორენციის სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმე №9636/22, შესწორება შევიდა 2022 წლის 05 ოქტომბერს), რომლითაც სასამართლომ დააკმაყოფილა მ. ს–ის (დაბადებული ემპოლიში (ფლორენცია) 3.12.1964წ.) თხოვნა მ.ბ–ას (დაბადებული საქართველოში 17.09.2003წ.) შვილად აყვანის შესახებ. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ნაშვილები პირი მიიღებს მშვილებელი პირის გვარს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

რევაზ ნადარაია