საქმე №ას-1397-2020 29 სექტემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ქ.ვ–ძე (მოპასუხე და შეგებებული სარჩელით მოსარჩელე თ.წ–ის უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.დ–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა (სარჩელში), კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ, საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ლ.დ–მა (შემდგომ - მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) 1971 წლის 9 დეკემბერს, მ.წ–თან დადო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება.
2. ზემოაღნიშნული გარიგებით მოსარჩელემ სარგებლობაში მიიღო, ამჟამად №...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთიდან 2/12 წილის შესაბამისი 22.78 კვ.მ ბინა, რომლითაც დღემდე სარგებლობს.
3. მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგად სადავო ბინა გაიზარდა 26.81 კვ.მ-მდე, მისი საბაზრო ღირებულება კი - 29 945.69 ლარია.
4. თ.წ–ი (შემდგომ - მოპასუხე და შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, მ.წ–ის მემკვიდრე, აპელანტი, კასატორი) სადავო ბინის მესაკუთრეა.
სარჩელის მოთხოვნა და საფუძვლები:
5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან (შემდგომ - სპეციალური კანონი) გამომდინარე თბილისში, .......... მდებარე მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების 2/12 ნაწილის (№.........) – 26.81 კვ.მ ფართის მოსარჩელის საკუთრებად ცნობა მოპასუხისათვის 3817 ლარის (საბაზრო ღირებულების 15%) გადახდის სანაცვლოდ.
მოპასუხის პოზიცია:
6. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და სადავოდ გადახა მოსარჩელის მიერ საცხოვრებელი სადგომის ღირებულების გადახდის ფაქტი.
შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:
7. შეგებებული სარჩელის ავტორმა მოითხოვა თბილისში, .......... მდებარე თავის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების 2/12-ზე (№.........) – 26.81 კვ.მ ფართზე შეგებებული სარჩელის მოპასუხის მფლობელობის შეწყვეტა საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის - 19 083 ლარის გადახდის სანაცვლოდ.
შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე:
8. შეგებებული სარჩელის მოპასუხემ მის წინააღმდეგ აღძრული შეგებებული სარჩელი არ ცნო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოსარჩელე ცნობილ იქნა თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში, ......... მდებარე მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონებიდან 2/12-ის (№.........) – 26.81 კვ.მ ფართის მესაკუთრედ მოპასუხისათვის 7 486.42 ლარის გადახდის სანაცვლოდ; შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
10. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ (შეგებებული სარჩელის ავტორმა) სააპელაციო წესით გაასაჩივრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირველი ინსტაციის სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და სპეციალური კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი.
13. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომლის თანახმად, სასამართლომ მოსარჩელეს მიაკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე იგი ითხოვდა. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ სადავო ბინის გამოსყიდვა 3 817 ლარად მოითხოვა, ანუ მისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში, 29945.69-3817=26128.69 ლარის ღირებულების ნივთი მას საკუთრებაში უსასყიდლოდ უნდა გადასცემოდა. ამის ნაცვლად, მოსარჩელეს საკუთრებაში უსასყიდლოდ, მხოლოდ 29945.69-7486.42=22459.27 ლარის ნივთი გადაეცა, შესაბამისად, მას იმაზე მეტი, ვიდრე ითხოვდა, არ მიჰკუთვნებია.
14. სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ მოსარჩელე სადავო ბინას 1971 წლის 9 დეკემბრიდან, ე.ი. 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უწყვეტად ფლობს. სპეციალური კანონის თანახმად, იმ პირის მიმართ, ვინც საცხოვრებელ სადგომს, სარგებლობის უფლების დათმობის გარიგების საფუძველზე, არანაკლებ, 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს, მესაკუთრეს მფლობელობის, უპირობოდ, შეწყვეტის მოთხოვნის უფლება არა აქვს. ზემოაღნიშნული კანონის მე-7 მუხლის თანახმად კი, მესაკუთრემ მოსარგებლეს, ჯერ კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ სადგომის გამოსყიდვა წერილობით უნდა შესთავაზოს და, თუ შეთავაზებიდან სამი წლის ვადის მიხედვით, მოსარგებლე ან სადგომს არ გამოისყიდის, ან შესაბამის სარჩელს არ აღძრავს, მესაკუთრეს, კანონით გათვალისწინებული წესით, მფლობელობის შეწყვეტის მოთხოვნის უფლება წარმოეშობა.
15. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით არ დგინდება და ამის თაობაზე არც აპელანტს არ მიუთითებია, რომ მან მოსარჩელეს სადავო ბინის გამოსყიდვა შესთავაზა. თავის მხრივ კი, მოსარჩელემ ქონების გამოსყიდვის მოთხოვნით სარჩელი აღძრა, რისი გათვალისწინებითაც, შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა და საქალაქო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობები არ არსებობს და იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, აპელანტმა (მოპასუხემ, შეგებებული სარჩელის ავტორმა) საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
18. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 248-ე მუხლი, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას ეწინააღმდეგება.
19. კასატორის მითითებით, სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის ნების საწინააღმდეგოდ სასარჩელო მოთხოვნის გარეშე დაავალდებულა ეს უკანასკნელი, ქონების მიკუთვნების ნაცვლად გადაეხადა მისი საბაზრო ღირებულების 25%. აღნიშნული ქმედება სასამართლოს მხრიდან ეწინააღმდეგება სსსკ-ის 248-ე მუხლის დანაწესს.
საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
20. საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 დეკემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაჩიო საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
21. საქართველოს უზენესი სასამართლოს განჩინებით, ქ.ვ–ძე ცნობილ იქნეს თ.წ–ის უფლებამონაცვლედ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
22. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
23. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
25. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
26. საკასაციო პალატის მითითებით, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარგებლე, რომელიც არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს და რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, უფლებამოსილია, მოითხოვოს საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25 პროცენტის კომპენსაციის გადახდის პირობით (საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის შესახებ სარჩელი). თუ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობისათვის მოსარგებლემ მესაკუთრეს გარკვეული საფასური გადაუხადა, სასამართლო უფლებამოსილია, ამ საფასურის ოდენობის გათვალისწინებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 15 პროცენტამდე შეამციროს (5.3 მუხლი).
27. მოსარჩელის მითითებით, მან საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობისათვის მესაკუთრეს გარკვეული საფასური გადაუხადა, რის გამოც ზემოაღნიშნული სპეციალური კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე უფლება აქვს მოითხოვოს ქონების მესაკუთრედ ცნობა მოპასუხისათვის 3817 ლარის (ქონების საბაზრო ღირებულების 15%) გადახდის სანაცვლოდ.
28. მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო, დაედასტურებინა სადავო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის სანაცვლოდ საფასურის გადახდა, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა გამორიცხეს მოხმობილი ნორმის საფუძველზე კომპენსაციის სახით ქონების საბაზრო ღირებულების მხოლოდ 15%-ის დაკისრება. ამასთან, ვინაიდან, ვლინდებოდა სპეციალური კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის (ნორმის დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების 26-ე პუნქტში) ყველა წინაპირობა (რაც მოცემულ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენს, კერძოდ, მოსარჩელე წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქონების მოსარგებლს. იგი 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს (1971 წლიდან). მას მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით) ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოსარჩელეს ქონების მიკუთვნების სანაცვლოდ მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების 25%. ამასთან, საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრისათვის გადასახდელი საფასურის ოდენობა უნდა განისაზღვროს უძრავი ნივთის გაზრდილი ფართის შესაბამისად, რომლის ღირებულება წარმოდგენილი შეფასების დასკვნის მიხედვით შეადგენს 29 945.6976 ლარს (26.81X1116.96), რომლის 25% - 7486.42 ლარია.
29. ზემოაღნიშნულ მსჯელობას კასატორი იმ გარემოებაზე მითითებით ხდის სადავოდ, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარე ითხოვდა ქონების საბაზრო ღირებულების 15%-ის გადახდის სანაცვლოდ ქონების მესაკუთრედ ცნობას, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი 25%-ის გადახდის ნაცვლად მიეკუთვნებინა მისთვის სადავო ქონება.
30. საკასაციო პალატა კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ სარჩელის მოთხოვნას სპეციალური კანონიდან გამომდინარე მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების მოსარჩელის საკუთრებად ცნობა მოპასუხისათვის 3817 ლარის (საბაზრო ღირებულების 15%) გადახდის სანაცვლოდ წარმოადგენდა, რაც, შესაბამისი წინაპირობების არარსებობის გამო მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და, ნაცვლად ქონების საბაზრო ღირებულების 15%-ისა, მოსარჩელეს (მოწინააღმდეგე მხარეს) ქონების საბაზრო ღირებულების 25%, ანუ 7486.42 ლარის გადახდა კასატორის სასარგებლოდ დაეკისრა, რაც სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სსსკ-ის 248-ე მუხლის (სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა) დარღვევად ვერ შეფასდება, რის თაობაზე მართებულად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომაც.
31. რაც შეეხება კასატორის შეგებებული სარჩელის მოთხოვნას საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 75%-ის გადახდის სანაცვლოდ მოსარგებლის მფლობელობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს, რომ ამ ნაწილში კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარუდგენია, რისი გათვალისწინებითაც, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიუთითებს, რომ შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნის წარმოშობისათვის შესრულებული არ არის სპეციალური კანონის მოთხოვნები (მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს წერილობით შესთავაზა საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა შესაბამისი კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ. ამასთან, მოსარგებლემ წარადგინა საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის შესახებ სარჩელი), შესაბამისად, მესაკუთრე არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს მფლობელობის შეწყვეტა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 75%-ის კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ. ამდენად, შეგებებული სარჩელი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილშიც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, ამიტომ გასაჩივრებული განჩინება ფაქტობრივსამართლებრივად დაუსაბუთებელია.
33. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
34. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
35. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
36. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-521-2020, 2022 წლის 5 ივლისის განჩინება; №ას-1104-2021, 2021 წლის 17 დეკემბრის განჩინება; №ას-983-2019, 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინება; №ას-957-2020, 2022 წლის 17 მაისისს განჩინება).
37. სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
38. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.ვ–ძის (თ.წ–ის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე