Facebook Twitter

საქმე №ას-1322-2022 27 ივნისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ე.პ–სი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „კ–ი“, შპს „ფ.“, შპს „ტ.“, შპს „კ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე.პ–სმა (შემდგომ - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „კ–ის“ (შემდგომ - კომპანია, საწარმო, საზოგადოება), შპს „ფ“-ის, შპს „ტ“-ისა და შპს „კ–ის“ (შემდგომ - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები

2. მოსარჩელე 1992 წლიდან კომპანიის პარტნიორი იყო, ფლობდა 150 000 რუბლის ეკვივალენტ აქციებს, რაც კომპანიის წილის 2.58% იყო. 1999 წლის 27 სექტემბერს მოსარჩელემ მიიღო კომპანიის წარმომადგენლის წერილი, რომლითაც შეატყობინეს კომპანიის მიერ 1999 წლის 24 სექტემბრის კრების შესახებ. მოსარჩელეს ეცნობა, რომ კრებაზე დადგინდა, თუკი თანხმობას განაცხადებდა კომპანიის წილის დატოვებაზე, სანაცვლოდ, მას აუნაზღაურდებოდა 1998 წლის დივიდენდი და წილის ღირებულება. პირობაზე დათანხმების შემთხვევაში კი, წერილობით უნდა დაედასტურებინა პასუხი იმავე წლის 30 სექტემბრამდე. მოსარჩელემ 1999 წლის 28 სექტემბერს მიიღო მეგობრის - ა.დ–ას წერილიც, რომელიც კომპანიის პარტნიორი იყო. წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ კომპანია გაკოტრების პირას იყო და დამფუძნებელთა რიგებიდან გასვლის შემთხვევაში, წილის კომპენსაციის სანაცვლოდ მიიღებდა 3-4 ათას აშშ დოლარს, როგორც ქონების წილს და წინა წლის დივიდენდს - 6 500 აშშ დოლარს. მოსარჩელემ 1999 წლის 24 სექტემბრის თარიღით შედგენილი წერილით თანხმობა განაცხადა კომპანიის დამფუძნებელთა რიგებიდან გასვლაზე იმ პირობით, რომ მიიღებდა დივიდენდსა და ქონების ღირებულების წილს, ხოლო, თუკი თანხას 1-ლ ნოემბრამდე გადაიხდიდა, მზად იყო, შეემცირებინა 10%-ით. ამავე წერილით მოითხოვა გადახდის ვადებისა და თანხის ოდენობის შესახებ დამატებითი ინფორმირება. ამ წერილზე კომპანიის პასუხი მოსარჩელეს აღარ მიუღია. მხარემ მოგვიანებით შეიტყო, რომ კომპანია თითქოს გაკოტრდა და თანხას ვერ გადაუხდიდა. 1995 წლიდან მოსარჩელე საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში, საქართველოში ჩამოვიდა 2017 წლის სექტემბერში, შეხვდა თავის ძველ პარტნიორებსა და მეგობრებს, რომელთაგანაც შეიტყო, რომ კომპანია არ გაკოტრებულა და განაგრძობდა საქმიანობას. მას გამოეყო სამი სამეწარმოეო სუბიექტი - დანარჩენი მოპასუხეები. ამდენად, რაკი მოსარჩელეს თანხა არ გადაუხადეს, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 10 500 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის - 11 837.28 აშშ დოლარის ანაზღაურება.

მოპასუხის შესაგებელი

3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე შპს-ს პარტნიორი იყო, რაც გულისხმობდა შესაძლებლობას, მიეღო საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია. შესაბამისად, პარტნიორთა კრების იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც დადგინდა საზოგადოებიდან გამსვლელ პარტნიორთა წილის საფასურის ვადები, მოსარჩელეს უნდა სცოდნოდა გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში, მით უფრო, რომ მხარემ იცოდა მისაღები თანხების ოდენობაც. ვინაიდან მოსარჩელის მიერ 18 წლის განმავლობაში უფლება არ რეალიზდა, სარჩელი ხანდაზმული იყო. ამასთან, 1999 წლიდან სარჩელის აღძვრამდე შეიცვალა კომპანიის დამფუძნებლები, დირექტორები, რომლებიც არ არიან ინფორმირებულები სარჩელის შეტანამდე მასში მითითებული გარემოებების შესახებ. მოძიებული ინფორმაციით კი გაირკვა, რომ ყველა დამფუძნებელმა მიიღო კრების ოქმით განსაზღვრული წესით სათანადო ანაზღაურება და, მათ შორის, მოსარჩელემაც.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ 10 500 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხე მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. მოსარჩელემ შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით, შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1-ლი ივლისის დამატებითი გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს დაეკისრა 400 ლარის გადახდა საწარმოს სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად.

8. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ კომპანიის 1999 წლის 24 სექტემბრის დამფუძნებელთა საგანგებო კრების ოქმის თანახმად, დადგინდა, რომ კომპანიის მძიმე ფინანსური სირთულეების გამო, დამფუძნებლები, რომლებიც 1999 წლის 1 ოქტომბრამდე კომპანიაში წარადგენდნენ დამფუძნებელთა შემადგენლობიდან გასვლის თაობაზე განცხადებას, მიიღებდნენ 1998 წლის დივიდენდებს და თავიანთი წილის შესაბამისი შენატანი და ქონების წილი უკან დაუბრუნდებოდათ 1999 წლის წლიური შედეგებიდან გამომდინარე შედგენილი წლიური ბალანსის მიხედვით, 1999 წლის წლიური ბალანსის ჩაბარებიდან ერთი წლის განმავლობაში.

9. 1999 წლის 28 სექტემბერს მოსარჩელემ, რომელიც საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში, ფაქსით მიიღო კომპანიის დამფუძნებელთა საგანგებო კრების გამართვისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კომპანიის გენერალური დირექტორის შეტყობინება. მოსარჩელეს ეცნობა ისიც, რომ პასუხი უნდა გაეგზავნა არაუგვიანეს 30 სექტემბრისა და, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, განცხადება უნდა დათარიღებულიყო 1999 წლის 24 სექტემბრით. 1999 წლის 28 სექტემბერს მოსარჩელემ მიიღო საზოგადოების წევრის - ა.დ–ას წერილიც, რომლის თანახმადაც 1-ლ ოქტომბრამდე დამფუძნებელთა რიგებიდან გასვლის შემთხვევაში, მოსარჩელე გარანტირებულად მიიღებდა 3-4 ათას აშშ დოლარს, როგორც ქონების წილს და წინა წლის დივიდენდს 6 500 აშშ დოლარს. 24.09.1999 წლის წერილით მოსარჩელემ კომპანიას გაუგზავნა შეტყობინება, რომლითაც თანხმობა განაცხადა დამფუძნებელთა რიგებიდან გასვლაზე და მოითხოვა 1998 წლის დივიდენდისა და ქონების ღირებულების წილის ანაზღაურება 1999 წლის 1 ოქტომბრის ვითარებით. მოსარჩელემ კომპანიას დამატებით შეატყობინა, რომ, თუკი 1998 წლის დივიდენდს 1999 წლის 1 ნოემბრამდე გადაიხდიდა, იგი თანახმა იყო, მიეღო კუთვნილი თანხის 90%, ხოლო 10%-ს დათმობდა უანგაროდ კომპანიის რესტრუქტურიზაციის შემსუბუქების მიზნით. ამავე წერილით მოსარჩელემ მოითხოვა მიღებული გადაწყვეტილებით გადახდის ვადებისა და ოდენობის თაობაზე ინფორმაცია, იმავდროულად, მიუთითა ანგარიშის რეკვიზიტები თანხის ჩასარიცხად.

10. პალატის მითითებით, მოსარჩელე თანახმა იყო საზოგადოების რიგებიდან გასვლაზე, რაზეც ნება გამოხატა 1999 წლის 24 სექტემბრის თარიღით შედგენილი წერილით. ამავე წერილით მან მოითხოვა დივიდენდისა და ქონების ღირებულების წილის ანაზღაურება. შესაბამისად, მის მიერ დადგენილი და გარკვეული უნდა ყოფილიყო დივიდენდისა და წილის ღირებულების გადახდის წესი და პირობები. მიუხედავად აღნიშნულისა, დადგენილია, რომ მოსარჩელე საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში და მხარეები ამ საკითხთან დაკავშირებით აღარ ურთიერთობდნენ. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, წლების განმავლობაში მოსარჩელის უცხოეთში ცხოვრების ფაქტი, მიუთითებს საკითხის გარკვევაზე ან მხარის მიერ ინტერესის დაკარგვაზე. ამდენად, მოსარჩელისათვის ცნობილი იყო გადახდის წესი, ვადა, ამასთან, მას არ წარმოადგინა არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ კანონით დადგენილი (სადავო პერიოდში მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 15.1. მუხლი) ხანდაზმულობის პერიოდში ვალდებულების შესრულებას ითხოვდა და მოპასუხეებმა უარი განუცხადეს. პალატამ მიუთითა, რომ დივიდენდისა და წილის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება პარტნიორს, როგორც წესი, აქვს მაშინვე, როგორც კი გადის საზოგადოებიდან. საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარუდგენია. ამდენად, სარჩელი სასამართლოში წარდგენილი იყო 2018 წელს, კანონით დადგენილი ხანდაზმულობის გასვლის შემდეგ.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

11. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

12. კასატორის მტკიცებით, მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს დასკვნა არასწორია. არ შეიძლება მოთხოვნა ხანდაზმულად გამოაცხადო ისე, რომ არ თქვა, თუ როდიდან დაიწყო ხანდაზმულობის ვადის ათვლა, რა ვადა იყო გამოყენებული და, შესაბამისად, როდის გახდა მოთხოვნა ხანდაზმული. მხოლოდ ლოგიკის საუძველზე იმის მითითება, რომ რადგან მოთხოვნა ძველია, ე.ი. ხანდაზმულია, არასწორია. სასამართლოს კონკრეტული თარიღები უნდა მიეთითებინა, როდის გაიგო ან უნდა გაეგო მოსარჩელეს თავისი უფლების დარღვევის შესახებ. მიუხედავად მოსარჩელის მიერ დასმული კითხვისა, ფაქტია, მისთვის არავის უთქვამს, როდის გადაუხდიდნენ დივიდენდისა და აქციის საფასურს. მეორე საკითხია, რომ მან წერილობით მიიღო კომპანიის გაკოტრების შესახებ ინფორმაცია, რის გამოც მიიჩნია, თავის წილ თანხას ვეღარ მიიღებდა. ამის გათვალისწინებით, მოსარჩელემ ვერ შეიტყო და ვერც შეიტყობდა თავისი უფლების დარღვევის შესახებ. შესაბამისად, ვერც ხანდაზმულობის ათვლა ვერ დაიწყებოდა 2017 წლამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

13. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

16. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

17. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

18. მოსარჩელის მოთხოვნა საზოგადოებიდან გასვლის შედეგად მისი წილის კომპენსაციაა. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ საზოგადოებიდან გასვლა პარტნიორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლებაა, რომელიც გულისხმობს პარტნიორის ნებაყოფლობით გასვლას საზოგადოებიდან. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე საზოგადოებიდან თავისი ნებით რომ გავიდა, სადავო არ არის. სადავოა წილის სანაცვლოდ კომპენსაციის მიკუთვნება, რომელიც მოპასუხის შესაგებლის მიხედვით ხანდაზმული მოთხოვნაა, უფრო ზუსტად კი, სადავოა კომპენსაციის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დრო.

19. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: „ერთადერთი შემთხვევა, სადაც საუბარია გამსვლელი პარტნიორისათვის მატერიალური აქტივის ანაზღაურების შესახებ მოცემულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლში. აღნიშნული მუხლის თანახმად, დანარჩენი პარტნიორები ვალდებული არიან, საზოგადოებიდან გამსვლელი პარტნიორი გაათავისუფლონ საზოგადოების ვალებისაგან და გადაუხადონ ის, რასაც იგი საზოგადოების ლიკვიდაციის შემთხვევაში მიიღებდა“ (იხ. სუსგ №ას-771-732-2013, 31.01.2014წ.). იმისათვის, რომ პარტნიორს წარმოეშვას წილის კომპენსაციის მოთხოვნის უფლება პარტნიორმა გასვლის ნება საზოგადოების მიმართ უნდა გამოხატოს, ხოლო საზოგადოებამ გასვლის ნება უნდა მიიღოს. გასვლის თაობაზე განცხადებას საზოგადოების საერთო კრება იხილავს, რადგან ამ დროს გადასაწყვეტია წილის კომპენსაციის საკითხი (შდრ: სუსგ №3კ/409-03, 07.05.2003წ.; №ას-201-201-2018, 8.10.2018წ.). აქედან გამომდინარე, პარტნიორის საზოგადოებიდან გასვლა ძალაში შედის კრების მიერ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღებით, შესაბამისად, პარტნიორს კომპენსაციის მოთხოვნის უფლებაც ამ დროიდან წარმოეშვება (თუ გადაწყვეტილებით სხვა ვადა არ დადგინდა).

20. განსახილველ შემთხვევაში, პარტნიორთა კრების 24.09.1999 წლის ოქმით დადგინდა „დაკმაყოფილდეს იმ დამფუძნებელთა თხოვნა, რომლებიც 1999 წლის 1 ოქტომბრამდე წარმოადგენენ განცხადებებს დამფუძნებელთა შემადგენლობიდან გასვლის შესახებ და ისინი ჩაითვალონ გასულად 1999 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით. დაევალოს ადმინისტრაციას მოახდინოს: ა) პირველ რიგში, კომპანიიდან გასული დამფუძნებლების 1998 წლის დივიდენდების დაფარვა; ბ) კომპანიიდან გასული დამფუძნებლებისათვის მათი წილის შესაბამისი შესატანისა და ქონების წილის უკან დაბრუნება, რომელიც განისაზღვრება 1999 წლის წლიური შედეგებიდან გამომდინარე შედგენილი წლიური ბალანსის მიხედვით; გ) შენატანისა და ქონების წილის უკან დაბრუნება 1999 წლის წლიური ბალანსის ჩაბარებიდან 1 წლის განმავლობაში“. დადგენილია ისიც, რომ მოსარჩელემ კრების ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, 1 ოქტომბრამდე წარადგინა განცხადება გასვლის შესახებ, კერძოდ, მან 24.09.1999 წლის გადაწყვეტილების შესაბამისად მოითხოვა საზოგადოებიდან გასვლა, რის შედეგადაც მას წარმოეშვა კომპენსაციის მოთხოვნის უფლება კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების სახის, ოდენობასა და გადახდის ვადის შესაბამისად. ამასთან, მართალია, ამ წერილშივე პარტნიორი საზოგადოებას მიმართავს თხოვნით, რომ „მისი წილის ანაზღაურება 1 ოქტომბრის მდგომარეობით მოახდინონ“, თუმცა წერილის შინაარსით დგინდება, რომ კომპენსაციის გადახდის ეს ვადა მას გასვლის წინაპირობად არ დაუთქვამს. ამდენად, პარტნიორს ანაზღაურების უფლება წარმოეშვა კრების გადაწყვეტილების შესაბამისად - „კომპანიის 1999 წლის წლიური ბალანსის ჩაბარებიდან 1 წლის გასვლის შემდეგ“.

21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხანდაზმულობა წარმოშობილი და გაუქარწყლებელი (შეუწყვეტელი) მოთხოვნის განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოებაა. მოთხოვნის ხანდაზმულობის შესამოწმებლად სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სადავო პერიოდში მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 15.1 მუხლით (ამ კანონის მიხედვით პრეტენზიების ხანდაზმულობის ვადა არის ხუთი წელი მათი წარმოშობიდან, საზოგადოების ლიკვიდაციიდან ან პარტნიორის გასვლიდან, თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს), რომელიც აწესებს ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას - 5 წელს, რომელიც აითვლება პარტნიორის საზოგადოებიდან გასვლიდან. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოთხოვნა წარმოიშვა, თუმცა განხორციელებადი არ არის, რადგან საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ის ხანდაზმულია.

22. არ არის გასაზიარებელი კასატორის პრეტენზია, რაკი მოსარჩელე აშშ-ში წავიდა საცხოვრებლად და ეგონა, რომ კომპანია გაკოტრებული იყო, 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა მისი საქართველოში დაბრუნებიდან, ანუ იმ პერიოდიდან უნდა აითვალოს, როდესაც შეიტყო, რომ კომპანია გაკოტრებული არ იყო (2017 წლიდან). პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 130-ე მუხლი (ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ) ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისის სუბიექტური ფაქტორის განსაზღვრისას პოზიტიურ ცოდნასთან ერთად ბრალეულ არცოდნასაც ითვალისწინებს - დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა ან გარემოებათა გათვალისწინებით უფლების დარღვევის ფაქტი უნდა შეეტყო. ამასთან, მნიშნველოვანია, რომ უფლების დარღვევის დაგვიანებით შეტყობის შესახებ მტკიცების ტვირთი უფლებადარღვეულ პირს ეკისრება. შესაბამისად, იმ გარემოების დამტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელემ უფლების დარღვევის თაობაზე 2017 წლამდე არ იცოდა და ვერც შეიტყობდა, მოპასუხეს ეკისრება. მოსარჩელის მტკიცება, რომ მან კომპანიის გაკოტრების შესახებ სხვისი ნათქვამი დაიჯერა და ვერც გადაამოწმა, რადგან ამის შემდეგ საზღვარგარეთ წავიდა საცხოვრებლად და მხოლოდ 17 წლის შემდეგ გაიგო კომპანიის კვლავ არსებობის შესახებ სიმართლე, ყოვლად დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და არადამაჯერებელია. ამასთან, ასეც რომ ყოფილიყო, პალატა მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი ბრალეულ არცოდნად მიიჩნეოდა, რამდენადაც გარემოებათა გათვალისწინებით, მოსარჩელეს უფლების დარღვევის ფაქტის შესახებ ინფორმაციის შეეტყობის შესაძლებლობა ჰქონდა. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს კომპენსაციის გადახდის პარტნიორის მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს დასკვნას.

23. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

24. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრების განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 3 098 ლარის 70% – 2168.6 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.პ–სის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. ე.პ–სს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ს.ს–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 3 098 ლარის (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 20.10.2022), 70% - 2168.6 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე