საქმე №ას-900-2020 31 მარტი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „ს.მ–ია“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „კ.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ს.მ–იასა“ (შემდგომ - მოსარჩელე, მეიჯარე, აპელანტი, კასატორი) და შპს „კ“-ს (შემდგომ - მოპასუხე, მოიჯარე, მოწინააღმდეგე მხარე) შორის, 2018 წლის 19 აპრილს, იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საგანსაც ქ. რუსთავში, ........ მდებარე მეიჯარის ბალანსზე რიცხული ბეტონის შემრევი სადგური „ZOOMLION HZS60P“ და მის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთიდან 2500 კვ.მ ფართი წარმოადგენდა.
2. ხელშეკრულების მოქმედება 2018 წლის 19 აპრილიდან 2019 წლის 19 აპრილამდე განისაზღვრა, იჯარის ღირებულება თვეში დღგს ჩათვლით კი - 3780 ლარით, რომელიც თვეში ერთხელ, წინასწარ, არაუგვიანეს საანგარიშო თვის 10 რიცხვამდე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მეიჯარის საბანკო ანგარიშზე უნდა ასახულიყო. პირველი თვის იჯარის საფასური კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 სამუშაო დღეში, ხოლო გადახდილი საგარანტიო თანხა - 1000 ლარი საბოლოო ანგარიშსწორებისას დაანგარიშდებოდა.
3. მხარეებმა, 2018 წლის 25 აპრილის №1 შეთანხმებით იჯარის ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანეს, რომლის თანახმად, პირველი თვის იჯარის საფასური ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღეში უნდა გადახდილიყო.
4. საიჯარო ხელშეკრულების მე-2 მუხლით განისაზღვრა, რომ მეიჯარე ვალდებული იყო, იჯარის საგანი მოიჯარისათვის დროებით სარგებლობაში გადაეცა, ასევე - ხელშეკრულების ძალაში შესვლისთანავე იჯარის საგნის სარგებლობისთვის საჭირო დოკუმენტები და ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში ხელი არ შეეშალა მოიჯარისათვის ხელშეკრულების საგნით სარგებლობაში.
5. ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარეს ხელშეკრულების საგანი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე უნდა გადასცემოდა, რომელშიც ხელშეკრულების საგნის მდგომარეობა დეტალურად აისახებოდა.
6. ხელშეკრულების 2.4 პუნქტით განისაზღვრა, რომ მოიჯარეს საიჯარო საგნის ექსპლუატაციისა და მიმდინარე რემონტის ხარჯები საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველეყო. ამასთან, მეიჯარეს, ხელშეკრულების მოშლის, შეწყვეტის ან ხელშეკრულების საგნით სარგებლობის ვადის გასვლისას, ხელშეკრულების საგანი, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლოდ უნდა დაბრუნებოდა (ხელშეკრულების 2.8 პუნქტი).
7. იჯარის ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, იჯარის საფასურის გადაუხდელობის ან დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში მოიჯარეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრებოდა პირგასამტეხლო - დავალიანების 0.2%.
8. 2018 წლის 8 მაისს, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა, რომლის მიხედვით, მეიჯარემ გადასცა მოიჯარეს, ხოლო ამ უკანასკნელმა მიიღო - ქ. რუსთავში, ....... მდებარე ბეტონის ქარხანა (3-განყოფილებიანი ქვიშა-ღორღის ბუნკერი; კონვეირი; კომპრესორი თავისი რეზერუარით; ქიმიური ნაერთების შემრევი რეზერვუარი, 2 ცემენტის ბუნკერი; წყლის რეზერუარი; სამართავი ჯიხური; ელექტროკარადა; მონიტორი DELL; პროცესორი Lenovo; პრინტერი BENQ; მართვის პულტი ZOOMLION და შემრევი მექანიზმი). მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ბეტონის ქარხანას აღენიშნებოდა უმოქმედობით გამოწვეული დეფექტები და საჭიროებდა აღდგენით სამუშაოებს.
9. მოსარჩელემ მოპასუხეს 2018 წლის 7 სექტემბრსა და იმავე წლის 10 ოქტომბერს წერილობით აცნობა, რომ 2018 წლის 6 სექტემბრიდან მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ცალმხრივად წყვეტდა.
10. მოიჯარეს იჯარის საგანი შესაბამისი დანიშნულებით არ გამოუყენებია, ქონებით არ უსარგებლია და მეიჯარესათვის არც საიჯარო ქირა არ გადაუხდია.
სარჩელის საფუძვლები:
11. მოსარჩელემ, სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელისათვის, საიჯრო ქირის - 15 632 ლარისა და პირგასამტეხლოს - 2 162.16 ლარის დაკისრება.
12. მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ მოიჯარემ ხელშეკრულებით ნაკისრი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც მეიჯარემ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება 2018 წლის 6 სექტემბრიდან შეწყვიტა.
13. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის 2018 წლის 8 მაისს გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტში ნათლად წერია, რომ ბეტონის ქარხანას უმოქმედობით გამოწვეული დეფექტები აღენიშნებოდა და აღდგენით სამუშაოებს საჭიროებდა. მოპასუხემ ამის შესახებ იცოდა და ქარხანა ასეთივე სახით მიიღო. ამასთან, ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო, ხელშეკრულების საგნის ექსპლუატაცია და მიმდინარე რემონტი საკუთარი ხარჯებით უზრუნველეყო.
მოპასუხის პოზიცია:
14. მოპასუხემ წარდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ხელშეკრულების გაფორმებისათვის მისთვის უცნობი იყო საიჯარო საგნის იმგვარი ნაკლის არსებობის შესახებ, რის გამოც შეუძლებელი გახდებოდა იჯარის საგნის გამოყენება.
15. მოპასუხემ, 2018 წლის 10 მაისის წერილით, მოსარჩელეს პრობლემის მოგვარების მიზნით მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
16. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 აგვისტოს განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
18. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) სსკ-ის 581.2 და 533-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ მეიჯარის ვალდებულებას წარმოადგენს მოიჯარისათვის იჯარის საგნის ისე გადაცემა, რომ შესაძლებელი იყოს მისი გამოყენება ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის.
19. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელემ ნივთობრივი ნაკლის მქონე ნივთი გადასცა მოპასუხეს, რაც, სსკ-ის 369-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს უფლებას ანიჭებდა მოსარჩელის მიერ ნივთის ნაკლის გამოსწორებამდე უარი ეთქვა შემხვედრი ვალდებულების შესრულებაზე. ამასთან, ვინაიდან მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევა არ დადასტურდა, აღნიშნული მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობასაც გამორიცხავს.
20. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისსაფუძვლები.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
22. კასატორის მითითებით, მოწინააღმდეგე მხარეს არ წარუდგენია შესაბამისი მტკიცებულება, რაც ქარხნის გამოსაყენებლად უვარგისობასა და მოიჯარის მიერ მის გამოუყენებლობას დაადასტურებდა. ამასთან, არ დასტურდება, რომ მოიჯარისათვის უცნობი იყო საიჯარო საგნის ნაკლის შესახებ, ვინაიდან, მხარეთა შორის, 2018 წლის 8 მაისს გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტში ნათლად წერია, რომ ბეტონის ქარხანას უმოქმედობით გამოწვეული დეფექტები აღენიშნებოდა და აღდგენით სამუშაოებს საჭიროებდა.
23. კასატორის განმარტებით, მეიჯარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულების შესაბამისად, მოიჯარეს ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლებლობა ჰქონდა, რაც ამ უკანასკნელს არ გამოუყენებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
24. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
25. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
27. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება გამოიკვლია.
29. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 581-ე (იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა, გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა, გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც; იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581 – 606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) და 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.
30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იჯარა ორმხრივმავალდებულებელი, სასყიდლიანი და კონსესუალური ტიპის ხელშეკრულებაა. მეიჯარის ვალდებულებაა, დროებით სარგებლობაში გადასცეს მოიჯარეს იჯარის საგანი (ქონება) ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისგან სწორი სამეურნეო გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით ნაყოფის მიღება, ხოლო მოიჯარის ვალდებულება კი, შეთანხმებული საზღაურის გადახდაა. შესაბამისად, საიჯარო სამართლებრივი ურთიერთობის მიზანი არის არა მხოლოდ იჯარის საგნის სარგებლობა, არამედ იჯარის საგნის სარგებლობის გამო მიღებული შემოსავალი. იჯარა ქირავნობის სამართლებრივი ურთიერთობის ნაირსახეობაა (საიჯარო ურთიერთობების დარეგულირებისთვის ქირავნობის ნორმები ბლანკეტურია), მაგრამ ქირავნობისგან მას სწორედ იჯარის საგნის სარგებლობით შემოსავლის მიღების აუცილებლობა მიჯნავს. შემოსავლის მიღების შესაძლებლობის აუცილებლობის უზრუნველყოფა კი, მეიჯარის ვალდებულების ჯეროვნად შესრულების გამოკვეთილი პასუხისმგებლობაა, რასაც ეფუძნება მოიჯარის ვალდებულება საიჯარო ქირის გადახდის შესახებ. ამდენად, საიჯარო ქირის თუ მისი გადაუხდელობით შეთანხმებული პირგასამტეხლოს შესახებ მეიჯარის მოთხოვნის პერსპექტიულობა დამოკიდებულია მეიჯარის მტკიცებაზე, საიჯარო ქონების ისეთ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ, რითაც ქონების სარგებლობით გარანტირებულია შემოსავლის მიღების შესაძლებლობა (შდრ. სუსგ №ას-823-823-2018, 06.11.2018წ.).
31. სსკ-ის 533–ე მუხლის თანახმად, გამქირავებელმა უნდა გადასცეს დამქირავებელს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთი.
32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, როგორც წესი, მხარეები ხელშეკრულების დადების დროს იშვიათად თანხმდებიან, თუ რა თვისებები უნდა ჰქონდეს ქირავნობის (იჯარის) საგანს, რათა ჩაითვალოს ნივთობრივად უნაკლოდ, თუმცა, სსკ-ის 535-ე მუხლის თანახმად, თუ ეს თვისებები არ არის დათქმული, მაშინ გაქირავებული ნივთი მიიჩნევა უნაკლოდ, თუ იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობისათვის ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.
33. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზიის საფუძვლებს წარმოადგენს ის გარემოებები, რომ მხარეთა შორის 2018 წლის 8 მაისს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მოიჯარისათვის ცნობილი იყო ქარხნის უმოქმედობით გამოწვეული დეფექტებისა და აღდგენითი სამუშაოების საჭიროების შესახებ, რაც მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების 2.4 პუნქტის საფუძველზე, მოიჯარეს საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველეყო.
34. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა შორის 2018 წლის 8 მაისს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტზე, რომლითაც დადგინდა, რომ მეიჯარემ გადასცა მოიჯარეს, ხოლო ამ უკანასკნელმა მიიღო იჯარის საგანი, რომელსაც (ბეტონის ქარხანას) აღენიშნებოდა უმოქმედობით გამოწვეული დეფექტები და საჭიროებდა აღდგენით სამუშაოებს. ასევე, მიუთითებს მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების 2.4 პუნქტზე (ხელშეკრულების საგნის ექსპლუატაციასა და მიმდინარე რემონტს საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფდა მოიჯარე) და განმარტავს, რომ იჯარის საგნის ფუნქციური დანიშნულებით გამოყენების მიზნით გაწეული აღდგენისა და შეკეთების ხარჯი უნდა განვასხვავოთ ნივთზე გასაწევი ისეთი მოქმედებებისგან, რომლის განხორციელების ვალდებულება ხელშეკრულებით ეკისრებოდა მოიჯარეს.
35. პალატის მითითებით, იჯარის საგანი ნაყოფის მიღებას ვერ უზრუნველყოფდა, შესაბამისად, საჭირო იყო იჯარის საგნის დანიშნულებით გამოყენების მიზნით შეკეთება, რაც არ შეიძლება, ხელშეკრულების 2.4 პუნქტის მიხედვით იმგვარად განიმარტოს, რომ მოიჯარეს საწყის ეტაპზევე წარმოეშვას იჯარის საგნის ფუნქციური აღდგენის სამუშაოების შესრულების ვალდებულება. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ მოიჯარისათვის ამგვარი ვალდებულების დაკისრება მხარეებს არც ხელშეკრულებითა და არც 2018 წლის 8 მაისის მიღება-ჩაბარების აქტით არ გაუთვალისწინებიათ.
36. პალატა მიუთითებს, რომ ექსპლუატაციის ხარჯების გაწევის ვალდებულება მოიჯარეს წარმოეშობოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი უკვე ექსპლუატაციისათვის ვარგისად გადაცემულ საგანს მიიღებდა, ამასთან, მიმდინარე რემონტზე ხარჯის გაწევა ის შემთხვევაა, რომელიც ნივთით ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობის ჩვეულებრივი შედეგია, შესაბამისად, კასატორის პრეტენზია, რომ მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული დეფექტებისა და აღდგენითი სამუშაოების შესრულება ხელშეკრულების 2.4 პუნქტის მიხედვით მოიჯარეს ვალდებულებას წარმოადგენდა, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან არ გამომდინარეობს და დაუსაბუთებელია.
37. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიებს, რომლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს არ წარუდგენია შესაბამისი მტკიცებულება, რაც ქარხნის გამოსაყენებლად უვარგისობასა და მოიჯარის მიერ მის გამოუყენებლობას დაადასტურებდა, ასევე, იმ გარემოებას, რომ მოიჯარისათვის უცნობი იყო საიჯარო საგნის ნაკლის შესახებ.
38. საკასაციო სასამართლო, ურთიერთსაწინააღმდეგო პრეტენზიებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მოიჯარემ მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ორ დღეში წერილობით მიმართა მეიჯარეს და აცნობა, რომ ქარხნის ამუშავება გაუმართაობისა და დაზიანების გამო ვერ მოხერხდა. შემოწმებით დადგინდა, რომ ცემენტის მიმწოდებელი („შნიკი“) დაზიანებული იყო დიდი ხნის უფუნქციობის გამო, მთლიან ქარხანას სჭირდებოდა საპოხი მასალით დამუშავება. მოიჯარემ ამავე წერილით განახლებული და ამუშავებული ქარხნის ჩაბარება მოითხოვა, ასევე მიუთითა, რომ შეთანხმების შემთხვევაში, შესაძლებელი იყო მოიჯარეს საკუთარი ხარჯებით შეეკეთებინა, თუ გაღებული ხარჯი მომავალში საიჯარო ქირაში ჩაითვლებოდა. ზემოაღნიშნული წერილის პასუხად, მეიჯარემ 2018 წლის 24 მაისის წერილით მოიჯარეს აცნობა, რომ საიჯარო საგნის შეკეთებასთან დაკავშირებით საკითხის განსახილველად, ამ უკანასკნელს ბეტონის შემრევი სადგურის ამუშავებისათვის საჭირო ღონისძიებათა ხარჯთაღრიცხვა წარედგინა.
39. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებით უდავოა, რომ მოიჯარემ იმ ნაკლის თაობაზე არ იცოდა, რაც იჯარის საგნის დანიშნულებით გამოყენებას გამორიცხავდა. ამასთან, ზემოაღნიშნული წერილიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია, თითქოს მოწინააღმდეგე მხარეს არ წარუდგენია შესაბამისი მტკიცებულება, რაც ქარხნის გამოსაყენებლად უვარგისობასა და მოიჯარის მიერ მის გამოუყენებლობას დაადასტურებდა.
40. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხემ კვალიფიციური შედავების პირობებში შეძლო სასარჩელო მოთხოვნების სრულად გაქარწყლება, მოსარჩელემ კი, ვერ უზრუნველჰყო დავის საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - მოპასუხისათვის საიჯარო ქონების ნივთობრივად უნაკლო, ვარგის მდგომარეობაში გადაცემის დამტკიცება, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს საიჯარო ქირისა და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოშობია.
41. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
42. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
43. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
44. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-1971-2018, 2019 წლის 27 მაისის განჩინება; №ას-797-764-2016, 2016 წლის 3 ოქტომბრის განჩინება, №ას-294-294-2018, 2018 წლის 8 მაისის განჩინება).
45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
46. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 889.70 ლარის 70% – 622.79 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს.მ–იის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. შპს „ს.მ–იას“ (ს/კ ..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 889.70 ლარის (საგადახდო დავალება №048 / გადახდის თარიღი 21.08.2020), 70% - 622.79 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე