Facebook Twitter

საქმე №ას-890-2023 27 სექტემბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „გ–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება (სარჩელში), ზიანის ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ - მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, მერია, აპელანტი, კასატორი) სარჩელი შპს „გ–ის“ (შემდგომ - მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე, კომპანია, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, პირგასამტეხლოს ჯამში 32 338.44 ლარის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს პირგასამტეხლო - 4 391.64 ლარი მერიის სასარგებლოდ დაეკისრა; შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; მერიას კომპანიის სასარგებლოდ ზიანის - 21 624 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მერიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განჩინებით, აპელანტის (მერიის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 629.1, 417-ე და 418-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება (67 ქოთნის ნაწილში) შესრულდა 110 კალენდარული დღის ვადაგადაცილებით, რისთვისაც მოპასუხეს დაეკისრა 21 958.20 ლარის პირგასამტეხლო, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ ვალდებულების დარღვევის ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით მართებულად შეამცირა 4391.40 ლარამდე.

5. სასამართლოს მითითებით, დაუსაბუთებელია აპელანტის პრეტენზია 41 ოვალური ქოთნის დაუმონტაჟებლობის გამო მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვის თაობაზე, ვინაიდან ამ ნაწილში ვალდებულების დარღვევა თავად დამკვეთის ბარილითაა გამოწვეული. ამასთან, ვინაიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა განაპირობა კომპანიის მიერ სწორედ ამ 41 ოვალური ქოთნის მიუწოდებლობამ, მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულების შეწყვეტის გამო ჯარიმის დაკისრების ნაწილშიც დაუსაბუთებელია და მართლებულად არ დაკმაყოფილდა.

6. რაც შეეხება შეგებებული სარჩელის მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის სსკ-ის 636-ე, 408-ე და 409-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დამკვეთის (მერიის) მიერ არასწორად მიწოდებული ტექნიკური მონაცემების გამო, სადავო ქოთნების ადგილზე დამონტაჟება ვერ განხორციელდა და ვერც მიმწოდებელი (კომპანია) იყენებს მათ, შესაბამისად, სადავო ქოთნების დამზდებაზე გაწეული ხარჯი წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებულ ზიანს, რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულება შეგებებული სარჩელით მოპასუხეს (მერიას) არ წარუდგენია სასამართლოსთვის, რისი გათვალისწინებითაც, შეგებებული სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მერიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

8. კასატორის მითითებით, ცალსახაა, რომ მხარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება სრულად არ შესრულებულა. ამასთან, ის ნაწილი რაც შესრულდა განხორციელდა ვადის დარღვევით.

9. კასატორის განმარტებით, სასამართლომ უპირატესობა არ უნდა მიანიჭოს ერთი მხრივ მეწარმე სუბიექტის კერძო ინტერესს და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სამართლებრივი დაცვის გარეშე არ უნდა დარჩეს საჯარო ინტერესი. ის პერიოდი, რაც ხელშეკრულების შეუსრულებლობით იქნა მოცდენლი, როგორც ეკონომიკური, ისე შედეგობრივი თვალსაზრისით საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესების წინაპირობა იქნებოდა, შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების დარღვევა საჯარო ინტერესების გათვალისწინებით დაკავშირებულია იმგვარ სანქციებთან, რომელიც მცირეოდენით მაინც აკომპენსირებს მიყენებულ ზიანს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა სრულად შესაბამისია მოცემულ ინტერესთან მიმართებით და არ არსებობდა მისი შემცირების საფუძველი.

10. კასატორის მითითებით, როდესაც უდავოდ დგინდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია ობიექტურმა გარემოებამ. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი ის მტკიცებულებები, რაც გამორიცხავდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალეულობას მოპასუხის მიერ. იმ ექსპერტიზის დასკვნით კი, რაც მოწინააღმდეგე მხარემ წარადგინა უტყუარად არ დასტურდება 41 ოვალური ქოთნის განსათავსებელი ადგილის სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული მახასიათებლების შეუსაბამობა რეალურ მდგომარეობასთან.

11. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ხელშეკრულების შეწყვეტის გამო ჯარიმის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილშიც და განმარტავს, რომ კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა როგორც შესრულებული სამუშაოს ვადაგადაცილებას, ასევე, ნაწილი სამუშაოების შეუსრულებლობას, რაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-9 მუხლის თანახმად, წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს. ამასთან, ხელშეკრულების მხარე შეზღუდული არ არის თუ როდის გამოიყენებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ზემოხსენებულ უფლებას.

12. შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით კასატორი მიუთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა მისთვის ზიანის მიყენების დადასტურება. საქმეში არ არის წარმოდგენილი იმ გარემოების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება, რომ 41 ქოთნის განთავსება რეალურად შეუძლებელი იყო მერიის მიერ გამოცხადებული სატენდერო დოკუმენტაციის უსწორობის გამო, შესაბამისად, არ არსებობს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის მხარის ბრალეულობის გამომრიცხავი გარემოება. ასევე, საქმეში წარმოდგენილი არ არის იმის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება თუ რა ხარჯი გასწია მოწინააღმდეგე მხარემ ხელშეკრულების შესასრულებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

17. პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული პირგასამტეხლო) და 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.

18. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2018 წლის 12 ოქტომბერს მერიასა და მოპასუხეს შორის გაფორმდა №03.01/30/465 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის შესყიდვის ობიექტს ქალაქ თბილისში განსათავსებელი დეკორატიული ქოთნების (თანმდევი მომსახურებით-მონტაჟი) სახელმწიფო შესყიდვა წარმოადგენდა. ხელშეკრულება ძალაში იყო მხარეთა მიერ ხელმოწერიდან 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით (მხარეთა 2019 წლის 1 მარტის შეთანხმებით ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2019 წლის 22 მარტის ჩათვლით). ხელშეკრულების საერთო ღირებულება კი განისაზღვრა 199 620 ლარით. მომსახურების გაწევის ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 კალენდარული დღე - 2018 წლის 1 დეკემბრამდე. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.2%-ის ოდენობით (ხელშეკრულების 8.2 პუნქტი), ხოლო, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის - პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით (ხელშეკრულების 8.3 პუნქტი). ამავე ხელშეკრულების 8.4 პუნქტით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით.

19. უდავოა, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება (67 ქოთნის ნაწილში) შესრულდა არაჯეროვნად, კერძოდ, მოპასუხემ 11 ცალი ოვალური დეკორატიული ქოთანი 26 კალენდარული დღის ვადაგადაცილებით, ხოლო 6 ცალი ოვალური და 50 ცალი ოთხკუთხა ქოთანი 84 კალენდარული დღის ვადაგადაცილებით დაამონტაჟა. მთლიანობაში, 67 ქოთნის ნაწილში ვალდებულება შესრულდა 110 კალენდარული დღის ვადაგადაცილებით, რაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველია.

20. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა 67 ქოთნის ვადაგადაცილებით მიწოდება/მონტაჟისათვის მოთხოვნილი პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების (199 620 ლარის) 0.1%, ჯამში 21 958.20 ლარი ვალდებულების დარღვევის ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით შეამცირეს 4391.40 ლარამდე, რასაც კასატორი სადავოდ ხდის და მიუთითებს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო დაუსაბუთებლად შეამცირეს.

21. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების კუთხით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, პირის ბრალეულობის ხარისხს. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, მასში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან“ (იხ. სუსგ, საქმე №ას-144-140-2016, 19.04.2016 წ.; საქმე №ას-327-2019. 27.05.2019 წ.; საქმე №ას-825-2019, 5.09.2019 წ.; საქმე №ას-1511-2018, 26.03. 2019 წ.).

22. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლო დაანგარიშებულ უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების დარღვევიდან (იხ. საქმე №ას-164-160-2016, 2016 წლის 28 ივლისის განჩინება, №ას-581-2019, 2019 წლის 31 ივლისის განჩინება).

23. პალატის შეფასებით, განსახილველ დავაზე 21 958.20 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაწესება არაგონივრულია, გამომდინარე ვალდებულების დარღვევის შინაარსიიდან, დარღვევის ხარისხიდან და დარღვევით გამოწვეული სამართლებრივი შედეგებიდან. პალატა დამატებით ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ გარდა პირგასამტეხლოს დარიცხვის ზემოაღნიშნული საფუძვლისა (ვადაგადაცილება), მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ სხვა პრეტენზია, მაგალითად, შესრულების ხარისხთან დაკავშირებით არ ჰქონია. საგულისხმოა ისიც, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლო დაერიცხა არა ვადის გადაცილებით შესრულებული ვალდებულების მოცულობის, არამედ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, რომელიც სახელშეკრულებო ვალდებულების კომპენსირებისათვის ადეკვატურ და გონივრულ ოდენობას არ წარმოადგენს, მით უფრო, ვალდებულების დარღვევის ხასიათის, დროში განგრძობადობისა და დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, ამიტომაც, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 4 391.64 ლარი ვალდებულების დარღვევის თანაზომიერია და სრულად უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას.

24. პალატა დამატებით მიუთითებს, რომ კასატორმა სათანადოდ ვერ დაასაბუთა, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრება ემსახურება კრედიტორის დანაკარგების კომპენსირებას და არ გამოიწვევს ამ უკანასკნელის გამდიდრებას, რაც ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და მიზანს, შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის თაობაზე კასატორის პრეტენზიას არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი.

25. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას 41 ოვალური ქოთნის დაუმონტაჟებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ, ამ ნაწილშიც საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი აუდიტორული კომპანია „ინტელექტ აუდიტის“ 2021 წლის 1 სექტემბრის №079 აუდიტორული დასკვნის თანახმად, მოპასუხის მხრიდან 41 ოვალური ქოთნის მიწოდება/დამონტაჟება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკური პირობების შესაბამისად შეუძლებელი იყო, რადგან 41 ერთეულ მზიდ კონსტრუქციაზე მათი მოწყობის შემთხვევაში კონსტრუქცია გადავიდოდა ავტომანქანების სავალ ნაწილზე, რითაც დაირღვეოდა დასაშვები ზღვარი. ამ ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. კასატორის პრეტენზია, რომ ამ ფაქტს არ ეთანხმება და სადავოდ ხდის, არასათანადო შედავებაა და მოპასუხის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს ვერ აბათილებს, რისი გათვალისწინებითაც, დგინდება, რომ 41 ოვალური ქოთნის მიწოდების ნაწილში ვალდებულების დარღვევა თავად დამკვეთის (მერიის) ბრალითაა გამოწვეული და ამ ნაწილში არ არსებობს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.

26. მერიის მოთხოვნა დაუსაბუთებელია ხელშეკრულების შეწყვეტის გამო ჯარიმის დაკისრების ნაწილშიც, კერძოდ, უდავოა, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულების მოქმედების უკანასკნელ დღეს 2019 წლის 22 მარტს მოპასუხესთან ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევაზე მითითებით და მოპასუხეს დააკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების (199 620 ლარი) 5%-ის ოდენობით, ჯამში - 9981 ლარი. პალატის მითითებით, მაშინ როდესაც მომსახურების გაწევის ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 კალენდარული დღე - 2018 წლის 1 დეკემბრამდე და ქოთნების ვადაგადაცილებით დამონტაჟების გამო ხელშეკრულების 9.5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე (ხელშეკრულების 9.5. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში) მერიას ჯერ კიდევ 2019 წლის 6 დეკემბრიდან გააჩნდა უფლებამოსილება ცალმხრივად შეეწყვიტა მოპასუხესთან ხელშეკრულება, რომელიც მას არ განუხორციელებია, კანონიერა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა არა 67 ქოთნის ვადაგადაცილებით მონტაჟი, არამედ 41 ოვალური ქოთნის მიუწოდებლობა. ამასთან, ვინაიდან დგინდება, რომ მოპასუხეს 41 ოვალური ქოთნის მიუწოდებლობაში ბრალი არ მიუძღვის და მათი დაუმონტაჟებლობის მიზეზი გახდა მოსარჩელის მიერ მიწოდებული შესყიდვის ობიექტის არასწორი ტექნიკური მახასიათებლები, მოპასუხეზე ხელშეკრულების შეწყვეტის გამო პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველი არ არსებობს და ამ ნაწილშიც კასატორის პრეტენზია უსაფუძვლოა.

27. პალატის მითითებით, ზიანის ანაზღაურების შესახებ მოპასუხის შეგებებული სარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სსკ-ის 636-ე, 408-ე, 409-ე მუხლები წარმოადგენს.

28. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი მოპასუხის მხრიდან 41 ოვალური ქოთნის მიუწოდებულობა/დაუმონტაჯებლობა გახდა. უდავოა, რომ ქოთნების მიუწოდებლობაში მოპასუხეს ბრალი არ მიუძღოდა და როგორც უკვე აღინიშნა მათი დაუმონტაჟებლობის მიზეზი მოსარჩელის მიერ მიწოდებული შესყიდვის ობიექტის არასწორი ტექნიკური მახასიათებლები გახდა. ასევე, აუდიტორული დასკვნით დადგენილია, რომ დაუმონტაჟებელი 41 ერთეული ოვალური ქოთნის დამზადებაზე შეგებებული სარჩელის ავტორმა გასწია ხარჯი - 21 624 ლარი, რომელსაც მათი დანიშნულებისა და ზომების გათვალისწინებით, ხელშეკრულების მიღმა ღირებულება არ გააჩნია, შესაბამისად, შეგებებული სარჩელის ავტორის მხრიდან სადავო 41 ქოთნის დამზადებაზე გაწეული ხარჯი წარმოადგენს ამ უკანასკნელისათვის ხელშეკრულების მოშლით მიყენებულ ზიანს, რაც მერიის მიერ უნდა ანაზღაურდეს, შესაბამისად, შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა.

29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.

30. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

31. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

32. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

33. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები: საქმე №ას-240-2023, 2023 წლის 21 მარტის განჩინება; №ას-1281-2020, 2021 წლის 28 იანვრის განჩინება; №ას-947-2019, 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინება; №ას-581-2019, 2019 წლის 31 ივლისის განჩინება; №ას-1926-2018, 2019 წლის 24 მაისის განჩინება; №ას-1930-2018, 2019 წლის 17 მაისის განჩინება; №ას-252-2019, 2019 წლის 8 მაისის განჩინება; №ას-123-2019, 2019 წლის 10 ივნისის განჩინება).

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

35. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე