Facebook Twitter

საქმე №ას-782-2023 29 სექტემბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ნ.შ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.გ–ვა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ნ.გ–ვამ (შემდგომ – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.შ–ძის (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა 340 000 ლარისა და 340 000 ლარის წლიური 17%-ის მოპასუხისათვის დაკისრება, 2017 წლის 1 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 1992 წლიდან 2011 წლის 5 ოქტომბრამდე დასაქმებული იყო სს „ი–ში“ (შემდგომ - საწარმო, სს), მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე. აღნიშნულ პერიოდში, საწარმოს გენერალური დირექტორი და აქციების 51%-ის მფლობელი იყო მოპასუხე. 2010 წლის 10 აგვისტოს, მოსარჩელემ მოპასუხეს სესხად გადასცა 300 000 ლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინა სს-ის ანგარიშზე თანხის შესვლისთანავე. სესხის მიღების დადასტურების მიზნით, მოპასუხემ გასცა ხელწერილი. სესხის თანხიდან 60 000 ლარი, მოპასუხის მითითების საფუძველზე, მოსარჩელემ შეიტანა საწარმოს საბანკო ანგარიშზე. 2011 წლის 7 ივნისს მოსარჩელემ მოპასუხეს დამატებით ასესხა 40 000 ლარი, რომელიც ასევე მოპასუხის მითითებით შეიტანა საწარმოს სალაროში. მოსარჩელის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხეს სესხის თანხა არ დაუბრუნებია. 2015 წლის 30 ივლისს, მოპასუხემ გასცა ვალის აღიარების დოკუმენტი, რომლითაც აღიარა მოსარჩელის მიმართ 340 000 ლარის ვალდებულების არსებობის ფაქტი და იკისრა 2016 წლის ბოლომდე დაბრუნების ვალდებულება.

3. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხის მიერ შეთანხმებულ ვადაში ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მან დაკარგა შემოსავალი, კერძოდ, თანხა, რომელსაც საბანკო ანაბარზე განთავსების შედეგად მიიღებდა.

მოპასუხის შესაგებელი:

4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელისგან 300 000 ლარი არ უსესხებია. თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2010 წლის 10 აგვისტოს ხელწერილის შინაარსიდანაც დგინდება, რომ მან მოსარჩელეს, როგორც ბუღალტერს, კომპანიის საბანკო ანგარიშზე შეტანის მიზნით, გადასცა თავის მიერ მოძიებული თანხა, რათა არ შეფერხებულიო საწარმოს საქმიანობა. მოპასუხემ უარყო 2011 წლის 7 ივნისს მოსარჩელისგან 40 000 ლარის სესხების ფაქტიც და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი კომპანიის სალაროს შემოსავლის ორდერი, რომელსაც თავად ხელს არ აწერს, ვერ დაადასტურებს თანხის სესხების ფაქტს.

5. მოპასუხე მხარემ სადავო გახადა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2015 წლის 30 ივლისით დათარიღებული ხელწერილების ნამდვილობა. ამასთან, მიუთითა, რომ მოსარჩელისთვის გადაცემული ჰქონდა წინასწარ ხელმოწერილი ცარიელი ფურცლები, რის გამოც მისთვის უცნობია, თუ როდის მოეწერა მათ ხელი ან უკვე ხელმოწერილ დოკუმენტზე დაეტანა ტექსტი.

6. მოპასუხემ უარყო მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილშიც. მისი განმარტებით, საბანკო ანაბრისთვის წლიური საპროცენტო განაკვეთი 17% არ არის, მხარეს კი არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რამდენს შეადგენს საბანკო ანაბრისთვის საპროცენტო განაკვეთი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 340 000 ლარისა და 340 000 ლარის წლიური 8%-ის გადახდა, 2017 წლის 1 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

10. წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 30 ივლისით დათარიღებული ვალის აღიარების ორივე დოკუმენტი ნამდვილი იყო. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 15 აპრილის დასკვნა უდავოდ ადასტურებდა ორივე დოკუმენტზე აპელანტის მიერ ხელმოწერის შესრულების ფაქტს. აპელანტი მიუთითებს, რომ აღნიშნული დოკუმენტები გაყალბებულია, თუმცა კანონით დადგენილი წესით დოკუმენტის სიყალბის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ აქვს. შესაბამისად, არ არსებობს ვალის აღიარების დოკუმენტების მტკიცებულებიდან გამორიცხვის შესაძლებლობა. ამასთან, აღნიშნულ დოკუმენტებს ძალას ვერ დაუკარგავს ის გარემოება, რომ შედგენილია ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთ-ერთი დამოწმებულია კომპანიის ბეჭდით, მეორე კი - არა. ვალის აღიარების თაობაზე დოკუმენტთა სიმრავლე იმ პირობებში, როდესაც ისინი ერთი და იმავე შინაარსის მატარებელია, და ამასთან, მეორე დოკუმენტის შედგენის მიზეზი გადმოცემულია თავად ამავე აქტში, არ წარმოადგენს მათი ნამდვილად მიჩნევის დამაბრკოლებელ გარემოებას. რაც შეეხება მოპასუხის განმარტებას, რომ ვალის აღიარების შესახებ ტექსტი ჩაბეჭდილია მის მიერ ხელმოწერილ ცარიელ ქაღალდზე, აღნიშნული წარმოადგენს ვარაუდს და სასამართლოს მიერ მხოლოდ მისი ახსნა-განმარტების საფუძველზე გაზიარებული ვერ იქნება. ამდენად, პალატის დასკვნით, ვალის აღიარების დოკუმენტებზე მოპასუხის ხელმოწერის არსებობა, საკმარისი საფუძველია აღნიშნული დოკუმენტის იურიდიული ძალის მქონედ მიჩნევისათვის.

11. პალატამ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ წარადგინა 2015 წლის 30 ივლისის ვალის აღიარების დოკუმენტები, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენდა ხელშეკრულებას, ხოლო მოპასუხემ ვერ შეძლო ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დამტკიცება და თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა, არსებობდა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისთვის 340 000 ლარის გადახდის დაკისრების საფუძველი.

12. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება მიუღებელი შემოსავლის სახით მოსარჩელის სასარგებლოდ 2017 წლის 1 იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე 340 000 ლარის წლიური 8%-ის გადახდის დაკისრების ნაწილშიც საფუძვლიანი იყო სსკ-ის 411-ე მუხლიდან გამომდინარე, რამდენადაც ვალდებულება 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით უნდა შესრულებულიყო.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა.

14. კასატორის მტკიცებით, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად სასამართლომ მიიჩნია ერთადერთი დოკუმენტი - 2015 წლის 30 ივლისის ვალის აღიარების საბუთი, რომელიც ერთ შემთხვევაში კომპანიის ბეჭდითაა დამოწმებული, ხოლო მეორეში - კი ბეჭდის გარეშე. ორივე ერთი შინაარსისაა და ისინი არცერთი არ შეიძლება ჩაითვალოს ნამდვილად. აპელანტის მოსაზრებით, არ შეიძლება ვალის არსებობა დადასტურდეს, ვინაიდან მას თანხა არ მიუღია მოსარჩელისგან და შესაბამისად, არც ვალის აღიარების საბუთი შეუდგენია. მოსარჩელე იყო კომპანიის მთავარი ბუღალტერი, რომელსაც მიცემული ჰქონდა ცარიელი ფურცლები მისი ხელმოწერით, რადგან კომპანია ეწეოდა სამშენებლო საქმიანობას რეგიონებში და იგი ხშირად იყო მივლინებებში. ამ დროს ბუღალტერი ახორციელებდა მისი სახელით მოქმედებას. აღნიშნული ხელწერილის შესახებ თუ რა პერიოდში მოხდა ფურცელზე ხელის მოწერა და მასზე ტექსტის დატანა მოპასუხემ მოითხოვა ექსპერტიზის დანიშვნა, თუმცა სასამართლომ განუმარტა, რომ აღნიშნული ხასიათის ექსპერტიზა ტექნიკური პირობიდან გამომდინარე ვერ ჩატარდებოდა. ამასთან, ვალის აღიარება საწარმოს ბეჭდით არ შეიძლება დამოწმებულიყო, აღნიშნული ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელეს მართლაც გადაცემული ჰქონდა ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული ცარიელი ქაღალდი, რითაც ისარგებლა და ჩაბეჭდა ტექსტი. ამდენად, საბუთები ყალბია.

15. ვალის აღიარების დოკუმენტში მითითებულია 2010 წლის 10 აგვისტოს წერილზე, რომლითაც კომპანიის დირექტორი აძლევს დავალებას ბუღალტერს იმოქმედოს მისი მოთხოვნის შესაბამისად, კერძოდ, ავალებს, რომ მისი თანხა შეიტანოს საწარმოს ანგარიშზე, რათა არ შეწყდეს საწარმოს საქმიანობა. სალარო შემოსავლის ორდერი ეკუთვნის საწარმოს, რომელიც ინახებოდა მოსარჩელესთან, აპელანტი მასზე ხელს არ აწერს. ამდენად, ვალის დადასტურების საბუთად იგი არ შეიძლება მივიჩნიოთ, ვინაიდან მოსარჩელეს შეეძლო ნებისმიერი რამ ჩაეწერა სალარო შემოსავლების ორდერში. იგი, როგორც კომპანიის დირექტორი ენდობოდა საწარმოს ბუღალტერს, რომელმაც ბოროტად გამოიყენა აღნიშნული ფაქტი. თუ მან თანხა შეიტანა საწარმოს ანგარიშზე, მოთხოვნა უნდა წარადგინოს კომპანიის წინააღმდეგ. ამასთან, სალარო შემოსავლების ორდერი არის საფინანსო სახის მკაცრი აღრიცხვის საბუთი, რომელიც ადასტურებს საწარმოს სალაროში თანხის ბრუნვას, რის გამოც ფიზიკური პირის ვალის არსებობა არარსებობის დასადგენად არ გამოდგება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

16. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

19. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

20. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

21. მოსარჩელე მოპასუხისათვის თანხის დაკისრების საფუძვლად სესხის ხელშეკრულებაზე (სსკ-ის 623-ე მუხლი) მიუთითებდა, რის დასადასტურებლადაც წარადგინა მტკიცებულებები, მათ შორის, ორივე მხარის მირ ხელმოწერილი 2015 წლის 30 ივლისის შეთანხმება. მოპასუხის შედავება დიდწილად ეფუძნებოდა იმას, რომ დოკუმენტი მისი ხელმოწერილი არ არის, კერძოდ, ხელმოწერა გაყალებეულია, ან მის მიერ ხელმოწერილ ცარიელ ფურცელში შემდგომ არის ჩასმული ტექსტი. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის ამ შედავებას რამდენადაც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 15 აპრილის დასკვნით დადგინდა, რომ ხელმოწერები ეკუთვნის მოპასუხეს. ამასთან, დოკუმეტის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველს არ იძლევა არც მოპასუხის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება, რომ მან ცარიელ ფურცელს მოაწერა ხელი და შემდგომ არის ტექსტი დატანილი ფურცელზე, მით უფრო, რომ სესხის არსებობის ფაქტი გამყარებულია საქმეში წარმოდგენილი სხვა მტიცებულებებითაც, კერძოდ, თანხის საწარმოს სალაროში შეიტანის დამადასტურებელი მტკიცებულებებით (სალაროს შემოსავლის ორდერი, ამონაწერი საწარმოს საბანკო ანგარიშიდან). ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას დოკუმენტის ნამდვილობის თაობაზე.

22. რაც შეეხება 30.07.2015 წლის შეთანხმების შინარსის სამართლებრივ შეფასებას, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ ამ დოკუმენტით მოპასუხემ ვალი აღიარა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ არც სააპელაციო და არც საკასაციო სასამართლო არაა შებოჭილი სააპელაციო თუ საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევებით და ისინი ამოწმებენ გადაწყვეტილებას მატერიალურსამართლებრივი ნორმების სწორად გამოყენების თვალსაზრისით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, მოვალის მიერ ვალის აღიარება, სსკ-ის 341-ე მუხლით (1. იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას; 2. თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი) განმტკიცებულ, ვალის არსებობის აღიარებად რომ დაკვალიფიცირდეს, ის ვალდებულების შესრულების დამოუკიდებელ საფუძველს უნდა ქმნიდეს, რამდენადაც ვალის აღიარება დამოუკიდებელ გარიგებად განიხილება და მისი დანიშნულება სწორედ ახალი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობაა.

23. არაერთ საქმეზე უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად, ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ მოქმედებების შესრულებას და, ამდენად, საკმარისია ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა. თუ მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ, ვალის აღიარებად არ მიიჩნევა. ვალის არსებობის აღიარება მხოლოდ მაშინ ვლინდება, თუ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან და ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს. ამდენად, იგი არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას (შდრ. სუსგ №ას-839-890-2011, 8.11.2011წ.; №ას-392-371-2013, 8.11.2013წ.; №ას-1083-1040-2016, 26.04.2018წ.; №ას-758-2019, 22.10.2019წ.; №ას-634-2022, 16.09.2022წ.).

24. ხელწერილში, რომლითაც მსესხებელმა გამსესხებლის წინაშე 340 000 ლარის ვალის არსებობა დაადასტურა, პირდაპირ არის მითითებული, რომ ეს ვალდებულება 10.08.2010 წლისა და 7.06.2011 წლის სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობდა, აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ 30.07.2015 წლის შეთანხმება სსკ-ის 341-ე მუხლით განმტკიცებული ე.წ. ვალის აბსატრაქტული აღიარება კი არა, უკვე არსებული სამართალურთიერთობის ფარგლებში დამატებითი შეთანხმებაა, რომლითაც მხარეებს სურდათ „მტკიცებულების შექმნა“, რათა აეცილებინათ ყოველგვარი გაუგებრობა ვალის არსებობის თაობაზე.

25. ამდენად, საკასაციო პალატა მოსარჩელისა და მოპასუხის ხელმოწერილი საბუთის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მოპასუხე, როგორც საწარმოს დირექტორი, ადასტურებს საწარმოს ვალის არსებობას მოპასუხის წინაშე, ამასთან, მიუთითებს, რომ „ამ ვალს გადაიხდის პირადად საკუთარი ქონებით“. შესაბამისად, მეორე ფაქტი, რომელიც 30.07.2015 წლის შეთანხმებიდან დგინდება ისაა, რომ მოპასუხემ საწარმოსაგან გადაიკისრა 340 000 ლარის მოთხოვნის მფლობელისათვის გადახდის ვალდებულება. შეთანხმება ვალის გადაკისრების თაობაზე მიღწეულია: მას ხელს აწერს მოთხოვნის მფლობელი და მესამე პირი - მოპასუხე (სსკ-ის 203-ე მუხლის მიხედვით, მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება, თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს. 2. თავდაპირველ მოვალეს უფლება აქვს, არ დაეთანხმოს მოთხოვნის მფლობელისა და მესამე პირის ამ შეთანხმებას და თვითონ გადაიხადოს ვალი). სსკ-ის 203-ე მუხლი აწესრიგებს ისეთ შემთხვევას, როდესაც ვალის გადაკისრებას ადგილი აქვს კრედიტორსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულების (და არა ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა) საფუძველზე, სადაც ცალსახაა კრედიტორის ნება მესამე პირის მიერ ვალდებულების საკუთარ თავზე აღების თაობაზე და იგი, როგორც წესი, არ საჭიროებს მოვალის თანხმობას (იხ. დამატებით: თ. შოთაძე, სანივთო სამართალი, თბილისი, 2014, გვ. 198-199). აღნიშნული ხელშეკრულების სამართლებრივი შედეგია ის, რომ მესამე პირი იკავებს მოვალის ადგილს, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდაპირველი მოვალის მიმართ ვალდებულება წყდება და შესაბამისად, კრედიტორს თავდაპირველი მოვალის მიმართ მოთხოვნის უფლება აღარ გააჩნია. შესაბამისად, მესამე პირსა და კრედიტორს შორის ურთიერთობის ვალის გადაკისრებად კვალიფიკაციის მიზნებისათვის, აუცილებელია ცალსახად და არაორაზროვნად დადგინდეს კრედიტორის ნება მასზედ, რომ მესამე პირმა მოვალის ადგილი დაიკავოს. 30.07.2015 წლის შეთანხმება ექცევა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 203-ე მუხლის მოწესრიგების ფარგლებში, რამდენადაც შეთანხმებით ცალსახად და არაორაზროვნად განისაზღვრა მოპასუხის ნება საწარმოს დავალიანების გადაკისრების თაობაზე.

26. რაც შეეხება მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრებას, ამ მიმართებით კასატორს პრეტენზია არ წარმოუდგენია, შესაბამისად, ამ ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე საკასაციო პალატა არ იმსჯელებს.

27. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.

28. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

29. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

31. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ივლისის განჩინებით კასატორს გადაუვადდა საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის დასრულებამდე. აქედან გამომდინარე, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.შ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. ნ.შ–ძეს დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 31 ივლისის განჩინებით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - (6 000 ლარის) 30%-ის - 1 800 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე