საქმე №ას-777-2021 30 ივნისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „გ.ს.მ–ე“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - საიჯარო თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ (შემდგომ - სააგენტო, მეიჯარე, მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „გ.ს.მ–ის“ (შემდგომ - მოიჯარე, მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ საიჯარო ქირის - 54 160 ლარის, პირგასამტეხლოს - 43 140 ლარისა და ერთჯერადი ჯარიმის - 100 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები
2. სააგენტოს 2014 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით მოპასუხეს პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის უფლებით 5 წლის ვადით გადაეცა ქ. თბილისში, გოძიაშვილის ........ შენობა-ნაგებობის სარდაფ-სართულზე - 1320 კვ.მ. ხელშეკრულებით სარგებლობის წლიურ საფასურად განისაზღვრა 30 000 ლარი, რომელიც მხარეს უნდა გადაეხადა 6 თვეში ერთხელ არაუგვიანეს ყოველი ექვსთვიანი პერიოდის გასვლის უკანასკნელი დღისა. 2019 წლის 10 თებერვალს ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის გამო მოიჯარეს შეუწყდა იჯარის უფლება. ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში მოპასუხეს დაერიცხა საიჯარო ქირა 150 000 ლარი, საიდანაც ვადის დარღვევით გადაიხადა 95 840 ლარი და დარჩა 54 160 ლარი, რომელიც დღემდე არ გადაუხდია.
3. ხელშეკრულების თანახმად, საიჯარო ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო განსაზღვრულია ქირის 0.1%-ით, მაგრამ არანაკლებ 1 ლარი დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შესაბამისად, მოპასუხეს ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის ეკისრება პირგასამტეხლო 43 140 ლარი. საიჯარო პირობებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების (გარდა საიჯარო ქირის გადახდასთან დაკავშირებული ვალდებულებებისა) დარღვევის შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო 100 ლარი.
მოპასუხის შესაგებელი
4. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და პირგასამტეხლოსთან მიმართებით მიუთითა, რომ არის შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვა მისი შემცირება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობივ, მოპასუხეს დაეკისრა საიჯარო ქირის - 54 160 ლარის, ერთჯერადი ჯარიმის - 100 ლარისა და პირგასამტეხლოს - 8628 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. მოპასუხეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 1886.64 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოიჯარეს გადასახდელი 150 000 ლარიდან დავალიანებად რჩება 54 160 ლარი, ხოლო პირგასამტეხლოს სახით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია 43 140 ლარი, რაც დავალიანებული თანხის დაახლოებით 80%-ია. პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასება, რომ მითითებული ოდენობით პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების ოდენობის მხედველობაში მიღებით, შეუსაბამოდ მაღალი იყო. პირგასამტეხლოს დანიშნულება, როგორც ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენციის მეთოდი, კარგავს თავის ამგვარ დანიშნულებას და იქცევა მოვალის დასჯის ერთ-ერთ მექანიზმად, რაც დაუშვებელია. სასამართლოში მყარად ჩამოყალიბებული პრაქტიკის შესაბამისად, ყოველდღიურად დასარიცხი პირგასამტეხლოს 0,1%-ით განსაზღვრა, რაც არ უნდა იყოს 1 ლარზე ნაკლები, უმეტეს შემთხვევაში, შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნევა და, განსახილველ შემთხვევაში, რაიმე საგამონაკლისო გარემოება არ ვლინდებოდა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის 5-ჯერ შემცირების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
9. ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
10. კასატორის მტკიცებით, უძრავი ქონება სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გაიცა „ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-65 გადაწყვეტილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, რომლითაც სარგებლობის პირობების გარდა გათვალისწინებულია ქონების მიმღები პირის პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში. ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქირის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა არის ქირის 0.1%, მაგრამ არანაკლებ 1 (ერთი) ლარისა დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მითითებულ დათქმას ითვალისწინებს “ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-78 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტიც.
11. მოიჯარისათვის ხელშეკრულების დადებისას ცნობილი იყო ხელშეკრულების პირობები და ის შედეგები, რომლებიც ხელშეკრულების დარღვევას მოჰყვებოდა, რასაც მხარე დასთანხმდა და არ შესდავებია. მოპასუხისათვის ცნობილი იყო საიჯარო ქირის საფასური და მისი გადაუხდელობის გამო განსაზღვრული პირგასამტეხლო. შესაბამისად, მას ჰქონდა რეალური შესაძლებლობა, განესაზღრა ქირის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა, რაც გულისხმობს, რომ მხარეს გათვითცნობიერებული ჰქონდა მოსალოდნელი შედეგი ვალდებულების დარღვევისას. პირგასამტეხლო არის ერთგვარი გარანტია კრედიტორისთვის, რათა მოვალის მიერ კეთილსინდისიერად იყოს შესრულებული სახელშეკრულებო პირობები და პასუხისმგებლობას თავი არ აარიდოს. როდესაც მხარე გარიგების დადების თაობაზე ნებას ავლენს, ის აცნობიერებს ყველა შესაძლო შედეგს, რაც შეიძლება მოჰყვეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას ან შეუსრულებლობას.
12. სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ, ზოგადი განმარტებით და მიუთითა, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლოს სათანადოდ არ დაუსაბუთებია რომელი საფუძვლით იყო განპირობებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების აუცილებლობა. ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომ, როდესაც სასამართლო ერევა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, სასამართლომ უნდა დაასაბუთოს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების აუცილებლობა, მითუმეტეს, რომ პირგასამტეხლო შემცირდა ხუთჯერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოიჯარემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში საიჯარო ქირა არ გადაიხადა, რის გამოც კასატორმა 43 140 ლარის პირგასამტეხლოს გადახდა მოსთხოვა.
16. პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ-ის) 581.1 (იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა, გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა, გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება, განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც) და 417ე-418-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.
17. საკასაციო საჩივრით სადავოა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ დავაზე განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა 8 628 ლარი, რაც სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა.
18. კასატორის პრეტენზიის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი არ არსებობდა. შესაბამისად, მოსარჩელის საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლო მსჯელობს მხოლოდ პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერებაზე.
19. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არაპროპორციულად შემცირდა.
20. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და, ამავდროულად, დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ Nას-1928-2018, 31.10.2019წ.).
21. სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაც. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის, პირის ბრალეულობის ხარისხს. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, მასში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან“ (იხ. სუსგ №ას-144-140-2016, 19.04.2016 წ.; №ას-327-2019. 27.05.2019 წ.; №ას-825-2019, 5.09.2019 წ.; №ას-1511-2018, 26.03. 2019წ.).
22. პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.).
23. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის მოთხოვნის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო არაგონივრულია, თუმცა, მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არაპროპორციულად შემცირდა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოიჯარეს გადასახდელი 150 000 ლარიდან დავალიანებად რჩება 54 160 ლარი, ხოლო პირგასამტეხლოს სახით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია 43 140 ლარი, რაც დავალიანებული თანხის დაახლოებით 80%-ია. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლო გამოანგარიშდა არა მხოლოდ ამჟამად დარჩენილი საიჯარო ქირის დავალიანებიდან, არამედ - ვადაგადაცილებით გადახდილი 95 840 ლარიდანაც (იხ. დავალიანების გაანგარიშების 04.03.2019 წლის ცხრილი). საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს რა საქმის კონკრეტულ გარემოებებს, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების ხანგრძლივობას, დარღვევის მოცულობას, დამრღვევის ბრალის ხარისხისა და შედეგებს, მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 0.5%-ით - 21 570 ლარით. ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ მსგავს შემთხვევებში პირგასამტეხლოს ოდენობად 0.5%-ის გადახდა შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასაც (შდრ. სუსგ. №ას-951-2018 25.09.2018წ). როგორც აღინიშნა, პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა დაკომპენსირდეს კრედიტორის დანაკარგები და არა - გამდიდრდეს. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა სათანადოდ ვერ დაასაბუთა, რომ 43 140 ლარის მოიჯარისათვის დაკისრება ემსახურება კრედიტორის დანაკარგების კომპენსირებას და არ გამოიწვევს ამ უკანასკნელის გამდიდრებას, რაც ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და მიზანს. ამასთან, პალატა ითვალისწინებს კრედიტორის მოლოდინს ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და დარღვევის ხასიათისა და ხანგრძლივობის პირგასამტეხლოს ოდენობად 21 570 ლარს მიიჩნევს (შდრ. სუსგ №ას-933-2020, 20.01.2022წ).
24. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო აშკარად შეუსაბამოა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან. შეუსაბამობა გამომდინარეობს პირგასამტეხლოს მაღალი პროცენტიდან ვალდებულების დარღვევის შედეგთან მიმართებით. მეორე მხრივ, პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციების მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 8 628 ლარი ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი არ არის, ხოლო 21 570 ლარი სრულად უზრუნველყოფს დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას.
25. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს - 21 570 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
26. სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, დაეკისრება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. განსახილველ შემთხვევაში, რაკი მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და, ამასთან, მისი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე (დაემატებით პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებულსახელმწიფო ბაჟს - 1886.64 ლარის), სააპელაციო და საკასაციო საჩივრისათვის (სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები) განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის - - 1 553.04 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება შპს „გ.ს.მ–ესათვის“ პირგასამტეხლოს - 8 628 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „გ.ს.მ–ეს“ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 21 570 ლარის გადახდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სასარგებლოდ;
4. შპს „გ.ს.მ–ეს“ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 1553.04 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
5. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად;
6. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
გიორგი მიქაუტაძე
ვლადიმერ კაკაბაძე