Facebook Twitter

საქმე №ას-599-2023 20 ივლისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია, თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდეგ - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ–ის“ (შემდგომ - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს - 37 920 ლარის დაკისრება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს პირგასამტეხლოს - 2721.55 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.

3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მარტის განჩინებით, აპელანტის (მოსარჩელის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 629.1, 417-ე-418-ე და 420-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ მხარეთა შორის 2019 წლის 19 დეკემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №925 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ აიღო ვალდებულება, მოსარჩელისათვის გაეწია, სამინისტროს ბალანსზე რიცხული, სხვადასხვა მარკის აზიური წარმოების სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება, აღნიშნულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტით გათვალისწინებული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალების გამოყენებით. ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება შეადგენდა - 320 000 ლარს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით. ხელშეკრულების 9.3 პუნქტით მხარეთა მიერ შეთანხმებულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით. სასამართლოს მითითებით, უდავოა, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ №925 ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების „HYUNDAI SUPER AERO CITY“ სახელმწიფო ნომრით ......... შეკეთება განხორციელდა - 79 დღის ვადაგადაცილებით.

6. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა საქმის კონკრეტული გარემოებები, შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო - ხელშეკრულების ღირებულების 0.15% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში დათქმული პირობის მიუხედავად, არაგონივრულია, მაღალია და ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების სტანდარტს. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ პირგასამტეხლოს გამოანგარიშება უნდა მოხდეს ხელშეკრულების შეუსრულებელი ნაწილიდან, კერძოდ, იმ სამუშაოების ღირებულებიდან, რომლის მიწოდების ვადაც დაარღვია მოპასუხემ, შესაბამისად, სასამართლოს მითითებით, დაანგარიშებული პირგასამტეხლო როგორც შეუსაბამოდ მაღალი უნდა შემცირდეს და მისი, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციის, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის ხასიათის, ხარისხისა და ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, უნდა განისაზღვროს - 2721.55 ლარით.

7. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

9. კასატორის მითითებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირება. პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს როგორც სხვადასხვა სუბიექტური, ასევე - ობიექტური გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში, სუბიექტურად გარემოებად შეიძლება იქნეს მიჩნეული ის ფაქტი, რომ მეწარმე სუბიექტი წინასწარ, გაცნობიერებულად დათანხმდა იმ პირობას, რომ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების შემთხვევაში, გადაიხდიდა შეთანხმებულ პირგასამტეხლოს. რაც შეეხება ობიექტურ გარემოებას, ობიექტურად უნდა იქნეს მიჩნეული ის, რომ მოპასუხე არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, მან დაარღვია ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება/მიწოდების ვადები. ამ ობიექტური და სუბიექტური გარემოებების გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს შემცირება არაპროპორციულია.

10. კასატორის მითითებით, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე შემცირებულ უნდა იქნეს მხოლოდ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ ვლინდება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

15. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხემ დროულად ვერ უზრუნველყო ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება, რომელიც 79 კალენდარული დღის დაგვიანებით შეაკეთა, რის გამოც მოსარჩელემ (კასატორმა) მოპასუხეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 320 000 ლარის 0.15%-ის, ჯამში - 37 920 ლარის პირგასამტეხლოს გადახდა მოსთხოვა.

16. პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და 417ე-418-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.

17. საკასაციო საჩივრით სადავოა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ დავაზე განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა 2721.55 ლარი, რაც სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა.

18. საკასაციო სასამართლო მოცემულ შემთხვევაში იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან მიმართებით და კასატორის ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაზე, რაც ვალდებულების შეუსრულებლობასა ან ვალდებულების დარღვევაში მდგომარეობს.

19. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შეადრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).

20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებაა (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას.

21. პირგასამტეხლოს მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარღვევის საკითხი წინაწარაა განსაზღვრული, კერძოდ, ვალდებულების დარღვევის როგორც იდენტიფიცირება, ისე მისი დადგენა უნდა იყოს შესაძლებელი, ხოლო ასეთი მოთხოვნის დაყენება კი არ უნდა მოდიოდეს შეუსაბამობაში საკანონმდებლო დანაწესებთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26).

22. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისათვის ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებითი ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები: ბ) დარღვევის სიმძიმესა და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, რომელიც მოიცავს ზიანის ანაზღაურებას. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

23. პალატა ასევე მიუთითებს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს. ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმით ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა. ის ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

24. საკასაციო სასამართლომ არაერთ სამოქალაქო დავაზე განმარტა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც მთავარია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ.“ (იხ. სუსგ-ები: №ას-708-678-2016, 2017 წლის 27 იანვრის განჩინება; №ას-1199-1127-2015, 2016 წლის 13 აპრილის განჩინება; №ას-222-209-2015, 2015 წელი 6 მაისის განჩინება). ამდენად, მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, მაგრამ სსკ-ის 420-ე მუხლი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

25. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, შესრულებულია ზემოხსენებული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წინაპირობები, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არაა, რომ მოპასუხემ დაარღვია ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება - შეთანხმებული სამუშაო მოსარჩელეს მიაწოდა ვადის დარღვევით. შესაბამისად, მოპასუხეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რომელიც წერილობით იყო შეთანხმებული მხარეთა მიერ. პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობა, კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო არაა (მოპასუხეს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია). სადავოა მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა.

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლო დაანგარიშებულ უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების დარღვევიდან (იხ. საქმე №ას-164-160-2016, 2016 წლის 28 ივლისის განჩინება, №ას-581-2019, 2019 წლის 31 ივლისის განჩინება).

27. პალატის შეფასებით, განსახილველ დავაზე 37 920 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაწესება არაგონივრულია, გამომდინარე ვალდებულების დარღვევის შინაარსიიდან და დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე. პალატა დამატებით ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ გარდა პირგასამტეხლოს დარიცხვის ზემოაღნიშნული საფუძვლისა, მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ სხვა პრეტენზია, მაგალითად, შესრულების ხარისხთან დაკავშირებით არ ჰქონია. საგულისხმოა ისიც, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლო დაერიცხა არა შეუსრულებელი (დაგვიანებული) ვალდებულების მოცულობის, არამედ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, რომელიც სახელშეკრულებო ვალდებულების კომპენსირებისათვის ადეკვატურ და გონივრულ ოდენობას არ წარმოადგენს, მით უფრო, ვალდებულების დარღვევის ხასიათის, დროში განგრძობადობისა და დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით.

28. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ პირგასამტეხლოს გამოანგარიშება უნდა მოხდეს ხელშეკრულების შეუსრულებელი ნაწილიდან, კერძოდ, იმ სამუშაოების ღირებულებიდან, რომლის მიწოდების ვადაც დაარღვია მოპასუხემ. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 79 დღის ვადაგადაცილებით შესრულდა 22969.55 ლარის სამუშაო, რის გამოც პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს სწორედ ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან და არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან - 320 000 ლარიდან.

29. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა.

30. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.

31. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

32. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

32. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

33. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები: №ას-186-2021, 2021 წლის 25 მარტის განჩინება; №ას-1281-2020, 2021 წლის 28 იანვრის განჩინება; №ას-947-2019, 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინება; №ას-581-2019, 2019 წლის 31 ივლისის განჩინება; №ას-1926-2018, 2019 წლის 24 მაისის განჩინება; №ას-1930-2018, 2019 წლის 17 მაისის განჩინება; №ას-252-2019, 2019 წლის 8 მაისის განჩინება; №ას-123-2019, 2019 წლის 10 ივნისის განჩინება).

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

35. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

რევაზ ნადარაია

თეა ძიმისტარაშვილი