საქმე №ას-574-2023 20 ივლისი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია, თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ა.რ. პოლიციის დეპარტამენტი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ა.რ. პოლიციის დეპარტამენტმა (შემდეგ - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა–ის“ (შემდგომ - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს - 3250 ლარის დაკისრება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს პირგასამტეხლოს - 500 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა; პირგასამტეხლოს სახით 2750 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განჩინებით, აპელანტის (მოსარჩელის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 477-ე, 417-ე-418-ე და 420-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ 2021 წლის 4 თებერვალს, მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №10 ხელშეკრულება, საქონლის (აკუმულატორების) მიწოდების (დემონტაჟი/მონტაჟი) თაობაზე. ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, მოპასუხეს აკუმულატორები მოსარჩელისთვის უნდა მიეწოდებინა ამ უკანასკნელის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში. მოსარჩელემ მოპასუხეს 2021 წლის 23 მარტს მოსთხოვა 100 ამპერიანი აკუმულატორის მიწოდება. მოპასუხემ კი მოთხოვნილი აკუმულატორი მოსარჩელეს დაუმონტაჟა 2021 წლის 4 ივნისს, 65 დღის ვადაგადაცილებით, რისი გათვალისწინებითაც დგინდება, რომ მოპასუხე კომპანიამ ჯეროვნად არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, შემსყიდველს აკუმულატორი მიაწოდა (დაუმონტაჟა) 65 დღის ვადაგადაცილებით.
6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო დაანგარიშებილია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 10.1 პუნქტის მიხედვით, რომლის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, საქონლის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს დააკისროს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მისაწოდებელი საქონლის ღირებულების 0.2%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ დღეში 50 ლარისა.
7. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა საქმის კონკრეტული გარემოებები, შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა დარღვევების გათვალისწინებით და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული და სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მისაწოდებელი საქონლის ღირებულების 0.2%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ დღეში 50 ლარისა, პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო სასამართლოს დაკვნით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად განხორციელდა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ჯამში 3250 ლარის შემცირება 500 ლარამდე.
8. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
10. კასატორის მითითებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირება. მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეესაბამება როგორც ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობებს, ასევე - დარღვევის ხარისხს.
11. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ლეგიტიმური მიზანი ხელშეკრულერბის დროული შესრულების მიმართ, რამეთუ მოსარჩელის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხელშეკრულება ემსახურება მისი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება-მოვალეოებების ჯეროვან შესრულებას, ხოლო ხელშემკვრელი მხარის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით ფერხდება იმ ორგანოს ეფექტიანი ფუნქციონირება, რომელის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის კუთხით მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
12. მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს შემცირება აზრს უკარგავს ამ ინსტიტუტის არსს, მის ქმედითობას და ამგვარი პრაქტიკის დამკვიდრება ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების წახალისებაა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
13. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის„ დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
17. პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 477-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი; მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) და 417ე-418-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.
18. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 2021 წლის 23 მარტს, მოსარჩელემ მოპასუხეს მოსთხოვა ერთი ერთეული, 100 ამპერიანი აკუმულატორის მიწოდება, რომლის ღირებულება 230 ლარია (მიწოდების ვადა ხელშეკრულების 7.1 პუნქის თანახმად განსაზღვრული იყო შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში). უდავოა, რომ მოპასუხემ დროულად ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ, მოპასუხემ მოსარჩელეს მოთხოვნილი აკუმლატორი მიაწოდა (დაუმონტაჟა) 2021 წლის 4 ივნისს, 65 დღის ვადაგადაცილებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელემ (კასატორმა) მოპასუხეს მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების 10.1 პუნქტის საფუძველზე (ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, საქონლის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს დააკისროს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მისაწოდებელი საქონლის ღირებულების 0.2%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ დღეში 50 ლარისა), პირგასამტეხლოს - 3250 ლარის გადახდა მოსთხოვა.
19. საკასაციო საჩივრით სადავოა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ დავაზე განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა 500 ლარი, რაც სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა.
20. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან მიმართებით და კასატორის ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაზე, რაც ვალდებულების შეუსრულებლობასა ან ვალდებულების დარღვევაში მდგომარეობს.
21. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შეადრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).
22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებაა (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
23. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისათვის ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებითი ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები: ბ) დარღვევის სიმძიმესა და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, რომელიც მოიცავს ზიანის ანაზღაურებას. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
24. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პალატა ასევე მიუთითებს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმით ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა. ის ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
25. საკასაციო სასამართლომ არაერთ სამოქალაქო დავაზე განმარტა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც მთავარია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ.“ (იხ. სუსგ-ები: №ას-708-678-2016, 2017 წლის 27 იანვრის განჩინება; №ას-1199-1127-2015, 2016 წლის 13 აპრილის განჩინება; №ას-222-209-2015, 2015 წელი 6 მაისის განჩინება). ამდენად, მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, მაგრამ სსკ-ის 420-ე მუხლი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
26. საკასაციო პალატა, მოცემულ შემთხვევაში, ითვალისწინებს საქმის კონკრეტულ გარემოებებს, დარღვევის სიმძიმესა და ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობას, ასევე, დარღვევის მოცულობას, რომელიც გამოიტახება მხოლოდ ერთი ერთეული 230 ლარის ღირებულების აკუმულატორის მიწოდების (დამონატჟების) ვადის დარღვევაში და მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ვალდებულების შესრულების დაგვიანების შედეგად დამდგარი ზიანის არსებობაზე მოსარჩელეს არ მიუთითებია.
27. რაც შეეხება კასატორის მითითებას, ხელშეკრულების დროული შესრულების ლეგიტიმურ მიზანთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სამოქალაქო კოდექსისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად შეამცირეს, რაც საფუძველს აცლის კასატორის ხსენებულ პრეტენზიას.
28. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლომ უნდა დაიცვას ის ბალანსი, რომელიც, ერთი მხრივ, სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა, ხოლო, მეორე მხრივ, შენარჩუნებულ უნდა იქნეს მოვალის ინტერესებიც, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც ეს უკანასკნელი მეწარმე სუბიექტია. პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ბალანსი სააპელაციო სასამართლომ დაიცვა და მართებულად იმსჯელა სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
29. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორის პრეტენზიებს არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი, მან სასამართლოს ვერ წარუდგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რაც გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივ დაუსაბუთებლობას დაადასტურებდა, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მართებულად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა.
30. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
31. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
32. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
33. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები: საქმე №ას-1258-2019, 2021 წლის 30 მარტის განჩინება; საქმე №ას-186-2021, 2021 წლის 25 მარტის განჩინება; საქმე №ას-1281-2020, 2021 წლის 28 იანვრის განჩინება; საქმე №ას-947-2019, 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინება; №ას-581-2019, 2019 წლის 31 ივლისის განჩინება; საქმე №ას-1926-2018, 2019 წლის 24 მაისის განჩინება; №ას-1930-2018, 2019 წლის 17 მაისის განჩინება; №ას-252-2019, 2019 წლის 8 მაისის განჩინება; №ას-123-2019, 2019 წლის 10 ივნისის განჩინება).
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
35. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ა.რ. პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
რევაზ ნადარაია
თეა ძიმისტარაშვილი