Facebook Twitter

საქმე №ას-552-2020 27 ივლისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია, თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სპს „ნ–ა“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - გარიგებების ბათილად ცნობა, ქონების მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სპს „ნ–ამ“ (შემდგომ - სპს, მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა (შემდგომ - სამინისტრო, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო, მოპასუხე, აპელანტი) მიმართ გარიგებათა ბათილად ცნობისა და ქონების მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით (იხ. დაზუსტებული სარჩელი).

სარჩელის საფუძვლები

2. სამინისტროს 2006 წლის 13 ნოემბრის №1104 ბრძანებით, სააგენტოს 2009 წლის 30 მარტის №1-3/143 ბრძანებითა და სამინისტროს 2012 წლის 13 თებერვლის №20 ბრძანებით ქ. ბათუმში, ....... მდებარე 21 247,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული 8 439,55 კვ.მ შენობა-ნაგებობა შეტანილ იქნა შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ (შემდგომ - საწარმო, საავადმყოფო) კაპიტალში, მათ შორისაა, მოსარჩელის კუთვნილი 20,05 კვ.მ საერთო ფართის №15 შენობა-ნაგებობა (შემდგომ - სადავო უძრავი ქონება), შესაბამისად ამ ნაწილში ბრძანებები ცნობილ უნდა იქნეს ბათილად. ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სამინისტროს 2012 წლის 16 თებერვლის №01-10/884 წერილიც, რომლითაც მოთხოვნილ იქნა ქ. ბათუმში, ........ მდებარე 21 247,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული 8 439,55 კვ.მ შენობა-ნაგებობის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია; ქ. ბათუმში, ......... მდებარე 20,05 კვ.მ საერთო ფართის №15 შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდით № .......) მესაკუთრედ ცნობილ იქნეს მოსარჩელე.

3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სადავო უძრავი ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაციაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი. აღმოჩნდა, რომ ქ. ბათუმში, ........ მდებარე 21 247,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 8 439,55 კვ.მ შენობა-ნაგებობები საჯარო რეესტრში (ს/კ №......) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელზე ზემოხსენებული ბრძანებების შესაბამისად. საჯარო რეესტრის მიერ 2014 წლის 3 დეკემბერს მომზადებული №ტტ-2014070713 ცნობა-დახასიათებით დგინდება, რომ ქ. ბათუმში, ........... მდებარე ლიტერი „ა“ და „კ“ ყოფილი ტექნ–ური აღრიცხვის სამსახურში რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე, ხოლო რეგისტრაციის საფუძვლად/უფლების დამდგენ დოკუმენტებს წარმოადგენს ქ. ბათუმის მერიის ტექ-კომისიის 1994 წლის 22 ნოემბრის №14 ოქმი და ამავე კომისიის 2000 წლის 20 ივლისის №6 ოქმი. მოპასუხემ დაარღვია მოსარჩელის საკუთრების უფლება. რაკი სადავო ქონება ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო მოსარჩელის სახელზე, ამ უკანასკნელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოითხოვოს ყოფილი ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში რეგისტრირებული უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. შესაბამისად, სადავო აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სამოქალქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 54-ე მუხლის შესაბამისად და სადავო უძრავი ქონება აღირიცხოს მოსარჩელის საკუთრებად.

სამინისტროს შესაგებელი

4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მიწის ნაკვეთი თავდაპირველად სახელმწიფო საკუთრება იყო, ხოლო შემდგომ, საავადმყოფოს და ბოლოს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის. მასზე არსებული შენობა-ნაგებობიც ამჟამად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა. მოსარჩელეს სახელმწიფოსაგან საკუთრებაში არასოდეს გადასცემია სადავო ქონება. შესაბამისად, საჯარო რეესტრი სადავო ქონების რეგისტრაციისას მოქმედებდა კანონის ფარგლებში და მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება შეესაბამება კანონმდებლობას. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომ ტექბიუროს ცნობა-დახასიათებაში მოხსენიებული ფირმა „ნ–ა“ და მოსარჩელე სპს ერთი და იგივე საწარმოა. გარდა ამისა, სამინისტრო არასათანადო მოპასუხეა, რადგანაც სადავო უფლება დაარეგისტრირა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა და სწორედ მან უნდა აგოს პასუხი ამ გადაწყვეტილების გამო. ამავდროულად, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.

სააგენტოს შესაგებელი

5. სახელმწიფოს, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა მესაკუთრეს უფლება აქვს, საკუთარი ქონება, კანონით დადგენილი წესით, შეიტანოს საწარმოს კაპიტალში. საავადმყოფო სახელმწიფოს 100% წილით დაფუძნებულ საწარმოა, შესაბამისად, სააგენტო უფლებამოსილი იყო, მიეღო სადავო ქონების საწარმოს საწესდებო კაპიტალში შეტანის შესახებ გადაწყვეტილება. 2009 წლის 30 მარტის №1-3/143 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან გასაჩივრებული ბრძანების გამოცემისას საჯარო რეესტრში მოსარჩელის უფლება სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით არ ფიქსირდება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო ბრძანებები ბათილად იქნა ცნობილი და მოსარჩელე ცნობილ იქნა სადავო ქონების მესაკუთრედ.

7. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მარტის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

9. სააპელაციო პალატის განმარტებით, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა სანივთო უფლებიდან, კერძოდ, უძრავი ნივთის მესაკუთრის უფლებიდან, რომლის სამართლებრივი განმარტება მოცემულია სსკ-ის 170-ე, 172-ე მუხლებში. მოსარჩელემ, სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების დასადასტურებლად წარმოადგინა ტენიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული მასალები, მათ შორის, უძრავ ნივთებზე ცნობა-დახასიათება, ქ. ბათუმის მერიის ტექ-კომისიის 1994 წლის 22 ნოემბრის №14 ოქმი, ამავე კომისიის 2000 წლის 20 ივლისის №6 ოქმი და ტექნიკური აღრიცხვის პასპორტი. სსკ-ის 1515-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებდნენ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროები. პალატამ მიიჩნია, რომ 2000 წელს მოსარჩელის სახელზე გაცემული არასაცხოვრებელი ფართის ტექნიკური პასპორტი, რაც რეგისტრირებული იყო შესაბამის ბიუროში, ადასტურებდა, რომ სადავო ფართი, 2000 წელს და 2006 წელსაც, სახელმწიფოს მიერ ქონების განკარგვისას, მოსარჩელის საკუთრება იყო.

10. ამდენად, დადასტურებულად მიიჩნევა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2006 წლის 13 ნოემბრის №1104 ბრძანებით, სადავო უძრავი ქონების საავადმყოფოს კაპიტალში შეტანით, ხოლო შემდგომ სახელმწიფო უწყებათა უფლებამოსილი პირების შესაბამისი გადაწყვეტილებებით გან–არგა და საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდა 20,05 კვ.მ საერთო ფართის №15 შენობა-ნაგებობის ნაწილი, რომელიც ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში მოსარჩელის საკუთრებად იყო რეგისტრირებული და რისი უფლებაც მოსარჩელის უნებართვოდ არ არსებობდა. მითითებული ბრძანებებით სახელმწიფომ განკარგა არა მხოლოდ კუთვნილი, არამედ კერძო სუბიექტის საკუთრებაც, რომელიც სსკ-ის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილი გარიგება იყო.

11. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტთა მოსაზრება, რომ ტექინვენტარიზაციის ბიუროში მოსარჩელის სახელზე სადავო ფართის რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული დოკუმენტები არ შეიცავდა სადავო ფართის გადაცემის თაობაზე კანონით გათვალისწინებულ რომელიმე საფუძველს და ამ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლებას არ ადასტურებდა. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოპასუხეს სასარჩელო წესით ტექინვენტარიზაციის ბიუროში მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის საფუძვლების გაუქმება/ბათილობაზე სათანადო წესით არ უდავია და მხოლოდ შესაგებელში დაფიქსირებული პრეტენზიით ასეთი ჩანაწერის უზუსტობა დადგენილი ვერ იქნებოდა.

12. სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელისათვის ქონების განკარგვის თაობაზე ცნობილი გახდა 2014 წელს. სსკ-ის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. ამდენად, 2014 წლის დეკემბერში სარჩელი წარდგენილ იქნა ვადის დაცვით, რაც გამორიცხავდა ამ საფუძვლითაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

13. ზემოაღნიშნული განჩინება სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

14. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელემ საქმეში მართლაც წარმოადგინა ტექნიკური აღრიცხვის პასპორტი და ცნობა-დახასიათება, მაგრამ დოკუმენტებში არსადაა მითითებული, რომ სადავო ქონება მოსარჩელეს სახელმწიფომ გადასცა. ამ დოკუმენტებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება არ განიკარგებოდა.

15. სასამართლო არასწორად განმარტავს, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით სადავო ქონება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად არ ირიცხებოდა, რის გამოც მას ქონების განკარგვის უფლება არ ჰქონდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად სადავო ქონება 2012 წლის 13 თებერვლამდე ვერ იქნებოდა, რადგან ქონება თავდაპირველად სახელმწიფოს ეკუთვნოდა, ამიტომ სასამართლოს იმაზე უნდა ემსჯელა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკამდე, ვის ეკუთვნოდა სადავო ქონება, რა სამართლებრივი საფუძვლით და რომელ წელს გახდა სახელმწიფოს საკუთრება.

16. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა გამოიყენეს ძალადაკარგული კანონი, კერძოდ, „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქცია მიღებული იყო „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, რომელიც „საჯარო რეესტრის“ შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ძალადაკარგულად არის გამოცხადებული. ამავე კანონის მე-17 მუხლი განსაზღვრავს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლებს, რომლის თანახმადაც საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად არ განიხილება მოსარგებლის შესახებ ტექბიუროს ჩანაწერები. უფრო მეტიც, მოსარჩელე სადავო ქონების მართლზომიერი მოსარგებლეც არ არის, რადგან საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომ მოსარჩელე საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათებაში მოხსენიებული ფირმა „ნ–ას“ სამართალმემკვიდრეა.

17. სასამართლოს უნდა შეეწყვიტა საქმისწარმოება სსსკ-ის 272-ე მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, რადგან სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად მოსარჩელეს უნდა ემოქმედა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. არ არსებობდა სადავო ქონებაზე მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი გარემოებები, რადგან საკუთრების უფლების აღიარება სასამართლოს კომპეტენციაა. ამასთან, სასამართლო გასცდა დავის საგნის ფარგლებს და მოსარჩელე ცნო მესაკუთრედ, მაშინ, როდესაც მას ეს არ მოუთხოვია.

18. ამდენად, საწარმოს დამფუძნებელმა თავისი ქონება თავისი შეხედულებისამებრ განკარგა და თავისავე საწარმოს საწესდებო კაპიტალში შეიტანა, რაც ცალმხრივი გარიგებაა და მესამე პირები სადავოდ ვერ გახდიან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

19. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

22. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

23. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

24. განსახილველ შემთხვევაში, სადავო უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოპასუხეებმა, მოსარჩელის კუთვნილი ქონება ბათილი გარიგებების საფუძველზე, მისი ნების საწინააღმდეგოდ განკარგეს.

25. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, რომ 2006 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით, როდესაც სამინისტრომ გამოსცა №1104 ბრძანება და უძრავი ნივთი შეიტანა საწარმოს კაპიტალში, უძრავ ნივთს ჰყავდა მესაკუთრე - მოსარჩელე.

26. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები (სსსკ-ის მე-4 მუხლი). შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი. შეჯიბრებითობის პრინციპის კონკრეტული გამოვლენაა სსსკ-ის 102-ე მუხლის დებულება, ამავე მუხლით განსაზღვრულია მტკიცებულებათა სახეები, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არცერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. საბოლოოდ კი, მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო ერთობლივად სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, მტკიცებულებათა შეფასება უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ დასკვნა.

27. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მის მოთხოვნას ადასტურებს. არ არის გასაზიარებელი კასატორის პრეტენზია, რომ მოსარჩელის მიერ ტექნიკური აღრიცხვის ბიუროდან წარმოდგენილი დოკუმენტები სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლებას არ ადასტურებს, რამდენადაც მათში არ არის მითითებული სადავო ქონების მოსარჩელისათვის სახელმწიფოს მიერ გადაცემის შესახებ. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება ამ უკანასკნელის მიერ წარმოდგენილი ტენიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული მასალების, მათ შორის, უძრავ ნივთებზე ცნობა-დახასიათების, ქ. ბათუმის მერიის ტექკომისიის 1994 წლის 22 ნოემბრის №14 ოქმის, ამავე კომისიის 2000 წლის 20 ივლისის №6 ოქმისა და ტექნიკური აღრიცხვის პასპორტის საფუძველზე დაადგინა. შესაბამისად, მოსარჩელის საკუთრების უფლების დადგენის საფუძველი გახდა ტექბიუროში დაცული მონაცემები და კასატორის პრეტენზია, რომლითაც სადავოდ ხდის მოსარჩელის საკუთრების უფლებას სადავო ქონებაზე, უსაფუძვლოა.

28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ქვეყნის უზენაესი კანონით - საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული საკუთრების უფლება სრულად იზიარებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროკონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დადგენილი საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის სულისკვეთებას და მიმართულია ამ უფლების დაცვის ხელშეწყობისაკენ. სახელმწიფოს პოზიტიური მოვალეობაა, ხელი შეუწყოს საკუთრებით სარგებლობის იმგვარ შესაძლებლობას, რომელიც უფლების არსს არ გააუარესებს. ევროკონვენცია საკუთრების წარმოშობის მიმართ ადგენს შეფასების ფართო ზღვარს და უფლების ნამდვილობის საკითხის გადაწყვეტა წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობით მოწესრიგებას ექვემდებარება. სწორედ სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით წარმოშობილი უფლება ექვემდებარება ნაგულისხმევ დაცვას.

29. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის დანაწესზე, რომლითაც განსაზღვრულია საკუთრების უფლების შინაარსი. „ფასეულობათა კონსტიტუციური სისტემა დაფუძნებულია ძირითადი უფლებების პრიორიტეტსა და პატივისცემაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის გადაწყვეტილება, საქმეზე №2/3/423.).

30. „საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება არა მარტო ინდივიდის არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება, საქმეზე №1/2/384). ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალქო ბრუნვას“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №3/1/512). „უნდა ითქვას, რომ მეწარმეობის თავისუფლება არ არსებობს თავისუფალი და გარანტირებული საკუთრების უფლების გარეშე. იმდენად მჭიდროა მათი კავშირურთიერთობა, რომ ერთი სამართლებრივი სიკეთის ყოფიერებას განსაზღვრავს მეორე სიკეთე, საკუთრების თავისუფლებაში ასოცირდება მეწარმეობის თავისუფლება. საქართველოს კონსტიტუცით დაცვის სუბიექტია კერძო პირთა საკუთრება, როგორი ფუნქციური დატვირთვაც არ უნდა ჰქონდეს მას, სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად იქნება გამოყენებული თუ არასამეწარმეო მიზნებისათვის. საკუთრება უპირობოდ დაცული ფასეულობაა, იმის მიუხედავად, თუ რა ღირებულების მფლობელობაა სახეზე და რა სოციალური ტვირთის მატარებელია იგი.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/411). სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა.

31. „საქართველოს კონსტიტუციით დაცულია არა მხოლოდ საკუთრება, არამედ მისი შეძენაც და გასხვისებაც. საკუთრების შინაარსა და ფარგლებს განსაზღვრავს არა კანონი, არამედ სამართლებრივი წესრიგი“. (ბ.ზოიძე, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, თბილისი, 2007, გვ.97). „საკუთრების განკარგვის თავისუფლებასთან გვაქვს საქმე, როცა ეს განკარგვა მესაკუთრის თავისუფალი ნების შედეგად ხდება და იგი წარმოადგენს სუვერენული უფლების რეალიზაციის გამოვლინებას.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/384). „საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მხოლოდ კანონიერი გზით მოპოვებული საკუთრება. საკუთრება კანონიერად მაშინ ჩაითვლება, თუ ის შეძენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №2/5/309).

32. საკუთრება ექვემდებარება სანივთოსამართლებრივ (აბსოლუტურ) დაცვას (სსკ-ის 170-ე მუხლი). სხვისი ქონების განკარგვა მესაკუთრის თანხმობის გარეშე, როგორც კანონსაწინააღმდეგო გარიგება, ბათილია სსკ-ის 54-ე მუხლიდან გამომდინარე. ძირითადი გარიგების ნამდვილობა კი, საკუთრების უფლების გადაცემის აუცილებელი პირობაა. შესაბამისად, ამ გარიგების საწყისი ან შემდგომი ბათილობა განაპირობებს იმას, რომ საკუთრების უფლება თავიდანვე ვერ გადადის შემძენზე. მიიჩნევა, რომ შემძენი არასოდეს გამხდარა მესაკუთრე, რადგან თავად გარიგების ბათილობის სამართლებრივი შედეგის არსი ისაა, რომ ის თავიდანვე არარსებულად მიიჩნევა. შესაბამისად, არც მოსარჩელეს არ დაუკარგავს საკუთრება. ამდენად, საფუძვლის ბათილად ცნობის შემთხვევაში, კაუზალური სისტემის დროს, შემძენი ვერ იძენს ნივთზე საკუთრებას. თავდაპირველ მესაკუთრეს შეუძლია, გამოითხოვოს შემძენის მიერ გასხვისებული ნივთი მესამე პირებისგანაც (გამონაკლისია კეთილსინდისიერი შემძენი).

32. არ არის გასაზიარებელი კასატორის პრეტენზია, რომ იგი არასათანადო მოპასუხეა, რამდენადაც სწორედ მისი გადაწყვეტილების საფუძველზე აღირიცხა სადავო ქონება საწარმოს სახელზე, ამჟამად კი, ქონება საჯარო რეესტრში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად არის აღრიცხული.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.

34. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

34. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

რევაზ ნადარაია

თეა ძიმისტარაშვილი