Facebook Twitter

საქმე №ას-317-2020 20 იანვარი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასა (შემდგომ - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) და შპს „ა–ს“ (შემდგომ - მოპასუხე, კომპანია, მოწინააღმდეგე მხარე) შორის, 2008 წლის 31 დეკემბერს, დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ამ უკანასკნელმა იკისრა ვალდებულება, ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება: ა) დროულად გადაეხადა საპრივატიზებო თანხა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ხუთი დღისა; ბ) აეშენებინა საპრივატიზებო ქონებაზე თანამედროვე ტიპის ა–ისა და სავაჭრო, გასართობ-დასასვენებელი კომპლექსი 2012 წლის ბოლომდე; გ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის შემდეგ არანაკლებ 400 0000 (ოთხი მილიონი) აშშ დოლარი დაებანდებინა.

2. ხელშეკრულების თავდაპირველ ტექსტში პირგასამტეხლოს ოდენობად მითითებულია 5 000 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მხარეთა განმარტებით, ამ ხელშეკრულების რამდენიმე ეგზემპლარზე ნოტარიუსმა მიაწერა, რომ შესწორდა პირგასამტეხლოს ოდენობა და განისაზღვრა 50 ლარით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

3. კომპანიამ წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებით ( „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები) ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა. მოპასუხეს არც დამატებითი ვადის (60 დღე) განმავლობაში არ შეუსრულებია ვალდებულება.

4. მოსარჩელეს მოპასუხისთვის ხელშეკრულების შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს - 3 373 000 ლარის (2012 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 16 იანვრამდე) დაკისრების მოთხოვნით აღძრული ჰქონდა სარჩელი სასამართლოში, თუმცა პირგასამტეხლოს მოთხოვნის გამოხმობის გამო, ამ ნაწილში სარჩელი 2015 წლის 25 ივნისს განუხილველად დარჩა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით, მხარეთა შორის 2008 წლის 31 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება მოიშალა. ზემოაღნიშნული განჩინება და გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

სარჩელის საფუძვლები:

.

5. მოსარჩელემ 2019 წლის 11 მარტს სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელისათვის მის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 3 730 000 ლარის დაკისრება.

6. მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს შორის 2008 წლის 31 დეკემბრიდან არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ აქვს შეუსრულებელი ვალდებულებები, რაც იმავე ხელშეკრულების მიხედვით პირგასამტეხლოს დარიცხვის წინაპირობაა.

მოპასუხის პოზიცია:

7. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მერია არასათანადო მოსარჩელეა.

8. მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც მიუთითა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

9. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის განჩინებით, აპელანტის (მოსარჩელის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.

11. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 128.1, 130-ე, 138-ე, 139.1, 141-ე მუხლები მოიხმო და განმარტა, რომ 2008 წლის 31 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების ხანდაზმულობის ვადის ათვლა ხელშეკრულების 2.1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისათვის 2009 წლის 6 იანვრიდან დაიწყო (ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-6 დღე), „ბ“ ქვეპუნქტისათვის 2013 წლის იანვრიდან (ვალდებულების შესრულების ბოლო ვადა იყო 2012 წლის ბოლომდე - 31 დეკემბრამდე), ხოლო „გ“ ქვეპუნქტისათვის 2009 წლის 1 ივლისიდან (ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის შემდეგ).

12. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ პირველი სარჩელი სასამართლოში 2015 წლის 16 იანვარს წარადგინა, რომელიც პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში განუხილველად დარჩა 2015 წლის 25 ივნისს. მოსარჩელემ პირგასამტეხლოს მოთხოვნით ახალი სარჩელი 2019 წლის 11 მარტს (პირველი სარჩელის წარდგენიდან 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ) წარადგინა სასამართლოში, რისი გათვალისწინებითაც, პირველი სარჩელის წარდგენით სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ შეწყვეტილა და სასარჩელო მოთხოვნა სსკ-ის 129-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე ხანდაზმულია.

13. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სსკ-ის 144–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, რის გამოც აპელანტის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა (მოსარჩელემ) საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

15. კასატორის განმარტებით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით, მოპასუხის მიმართ 2008 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლის შესახებ მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში მოსარჩელემ სარჩელი გაიხმო შემდგომი დაზუსტების მიზნით, რითაც მას არ ერთმევა უფლება, კვლავ აღძრას იგივე სარჩელი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 277-ე მუხლის შესაბამისად.

16. კასატორი სსკ-ის 139-ე, 140-ე და მუხლებსა და სსსკ-ის 278-ე მუხლებზე მითითებით მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.

17.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

18. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

21. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

22. კასატორი სადავოდ ხდის ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის წინაპირობები არ არსებობს, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, არსებობს სასარჩელო მოთხოვნის გამომრიცხველი (მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი გარემოების) - ხანდაზმულობის დამადასტურებელი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

23. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2008 წლის 31 დეკემბერს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები: ა) დროულად გადაეხადა საპრივატიზებო თანხა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ხუთი დღისა; ბ) მყიდველს დაევალა საპრივატიზებო ქონებაზე თანამედროვე ტიპის ა–ისა და სავაჭრო, გასართობ-დასასვენებელი კომპლექსის აშენება 2012 წლის ბოლომდე; გ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის შემდეგ არანაკლებ 400 0000 (ოთხი მილიონი) აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება, თუმცა მოპასუხემ ზემოაღნიშნული ვალდებულებები არ შეასრულა.

24. უდავოა, რომ მხარეებს შორის 2008 წლის 31 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების ხანდაზმულობის ვადის ათვლა ხელშეკრულების 2.1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისათვის 2009 წლის 6 იანვრიდან დაიწყო (ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-6 დღე), „ბ“ ქვეპუნქტისათვის 2013 წლის იანვრიდან (ვალდებულების შესრულების ბოლო ვადა იყო 2012 წლის ბოლომდე - 31 დეკემბრამდე), ხოლო „გ“ ქვეპუნქტისათვის 2009 წლის 1 ივლისიდან (ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის შემდეგ). საქმეზე გამორკვეული ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ მოსარჩელემ თავდაპირველად მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ 2015 წლის 16 იანვარს მიმართა სასამართლოს, თუმცა სარჩელი პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით გაიხმო და ამ ნაწილში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 ივნისის განჩინებით, სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული. მოსარჩელემ 2019 წლის 11 მარტს, სასამართლოს ხელმეორედ მიმართა პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ სარჩელით, რომელიც ამჟამად საკასაციო სასამართლოს განსჯის საგანია.

25. სსკ-ის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა - სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება, შესაბამისად, გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები. სსკ-ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე ან სასამართლო კანონიერ ძალაში შესრული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან.

26. სსკ-ის 140-ე მუხლის კონტექსტით, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის რეგისტრაციაზე უარის თქმის ან განუხილველად დატოვების შემთხვევაში, პირს შეუზღუდავად შეუძლია, ახალი სარჩელის აღძვრა, თუ აღმოიფხვრება სარჩელის წარმოებაში მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები. ამასთან, სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის დენა არ შეწყდება, მაგრამ, თუ პირი განუხილველად დატოვებიდან 6 თვის განმავლობაში აღძრავს ახალ სარჩელს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს და განიხილავს, ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის წარდგენის მომენტიდან (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-1586-1489-2012, 22 აპრილი, 2013 წელი).

27. საკასაციო პალატის მითითებით, ვინაიდან მოსარჩელემ წინამდებარე სარჩელი 2019 წლის 11 მარტს წარადგინა და ამ უკანასკნელის მიერ წარდგენილ სარჩელებს შორის ინტერვალი 6 თვეს აღემატება (როგორც უკვე აღინიშნა პირველი სარჩელი წარდგენილი იყო 2015 წლის 16 იანვარს), წინამდებარე სარჩელით სსკ-ის 140-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი არ ამოქმედებულა, (რომლის საფუძველზეც, ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან), შესაბამისად, სარჩელებს შორის არსებული დროის შუალედი (პირველი სარჩელი 2015 წლის 16 იანვარს აღიძრა), ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება (იხ. წინამდებარე განჩინების 24-ე პუნქტი) და სახელშეკრულებო ვალდებულებისათვის გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები (მოთხოვნის წარმოშობა და მისი განხორციელების ვადები) და იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ ისარგებლა სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული უფლებით, სწორად არ დააკმაყოფილეს მოსარჩელის სარჩელი მოპასუხისათვის 3 730 000 ლარის დაკისრების ნაწილში.

29. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ საქმეზე სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, სამართლებრივად სწორად შეაფასა და არ არსებობს საკასაციო საჩივრის ფარგლებში წარდგენილი საკასაციო პრეტენზიის გაზიარების წინაპირობები, რის გამოც დაუსაბუთებელ შედავებად უნდა იქნეს მიჩნეული.

30. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.

31. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

32. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

33. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

34. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-161-2019, 2019 წლის 24 მაისის განჩინება; №ას-1586-1489-2012, 2013 წლის 22 აპრილის განჩინება; საქმე №ას-291-2021, 2021 წლის 29 აპრილის განჩინება).

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

36. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებლია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე